საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლეონ II აფხაზი
ლოვარდ ტუხაშვილი

,,საქართველო'' ქართველთა არსებობის დროის არსებობის ღერძზე საკმაოდ გვიან გაჩნდა. ერთობა, გამოხატული გრიგოლ ხანძთელისა თუ გიორგი მერჩულეს ფორმულით: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების'', ბარემც გაცილებით უხნესია.

,,სა-ქართ-ველ-ოს'' საფუძველი ,,ქართ-უელი'' მოდის საკრალური ,,ქართიდან''. ათასწლეული სიღრმიდან ამოზიდული ეს განმაზოგადებელი ცნება კი დაახლოებით ასე ლაგდება: თარგამოსი-ქართლოსი-ფარნავაზი-მეფე მირიანი და მოციქულთა სწორი ნინო კაბადოკიელი-ვახტანგ გორგასალი -არჩილ წამებული და IX საუკუნე. აქედან უკვე დიდი ტეხილია ახალი თვისებრიობისა. შორეული ლეგენდების ბურუსიდან იგრძნობა საოცარი სიდიადე გენეტიკური ერთარსობისა. ჩვენი ისტორიის თავისებურება ის იყო, რომ გამაერთიანებელი სწრაფვა ,,ინდუქციურია'', ცალკეული ილტვის ზოგადისაკენ; განაპირა მხარეთა სრბოლა ურთიერთისაკენ, ქმნის ერთიანს. ხომ არსებობს კიევის, ვლადიმირ-სუზდალის, მოსკოვის რუსეთი, სადაც ცენტრია შემკრები. ერთმა ქალაქმა – რომმა მსოფლიო იმპერია ჩამოაყალიბა. ასეთივეა კართაგენი, ვენეცია, გენუა და ა.შ. ანალოგიურად აღმოცენდა აზიისა თუ ევროპის უმთავრესი სახელმწიფოები. მომთაბარეთა მოძრაობაც ცენტრიდანულია ან სწორხაზოვნად მიმართული. საერთო ფონზე თითქოს მოულოდნელია ,,საქართველოს'' განვითარება. ერთი შეხედვით, აქ ყველაფერი საპირისპიროა.

არაბობამ ქართული ქვეყნები სპარსელებსა და ბიზანტიელებს გამოგლიჯა, შეუნარჩუნა კომპრომისული ,,ავტონომია'' (ერისმთავრის სტატუსი). არც დაქვემდებარება აღუქვიათ ქართველებს პესიმისტურ სასოწარკვეთად. იცოდნენ, დადგებოდა უკეთესი მერმისი, არ შეჩერდებოდა ,,ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა''. განივლტო ეროვნული სული ,,გაარაბებული'' დედაქალაქიდან. 400 წელი თბილისში ისლამი ბატონობდა. ამიტომაც არა გვყავს თბილისელი გმირი ადრეულ საუკუნეებში, ერთადერთი წმინდანი – აბო თბილელი არაბი ჭაბუკია. სამაგიეროდ ბობოქრობდა ქართული გენი პროვინციაში. იყო ქრისტიანულ-მაჰმადიანური ანტაგონიზმი, მონოფიზიტიზმის შემოღწევა ორთოდოქსალური დიოფიზიტიზმის წიაღში, ბერძნულ-ქართული ენობრივი მეტოქეობა, კულტურული დეგრადაციის საფრთხე, და მაინც დაიბადა ,,სა-ქართველ-ო''! სისხლსავსე კათოლიკე ძარღვი აღორძინებისა განაპირა მხარეების ვიწრო ხეობებში იღებდა სათავეს. მოხდა გარეგნულად აუხსნელი: ჩრდილო-დასავლეთიდან ,,აფხაზთა სამთავრო'', ჩრდილო-აღმოსავლეთიდან წანარეთი, აღმოსავლეთიდან კახეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჰერეთი, სამხრეთიდან მონოფიზიტური რწმენის ლორე-ტაშირი, სამხრეთ-დასავლეთიდან ,,ქართველთა სამეფოები'' (ტაო-კლარჯეთი) იწყებენ ,,რეკონკისტას''. თითქოს ბევრი რამ ანსხვავებთ ერთმანეთისაგან: ,,საშინაო ენა'', დინასტიური ინტერესები, სოციალური დონე, საგარეო ორიენტაციაც. საბოლოო მიზანი კი ყველას ერთი აქვს – ,,ყოველი საქართველოს'' აღდგენა-გამოხსნა.

შუა საუკუნეებში ქართველი (,,ნათესავით ქართველი'') აღნიშნავდა ქართლელსაც, ეთნიკურად ქართველსაც და კულტურულად ქართველსაც.

კულტურულად ქართველი იყო ის, ვისაც უჩნდებოდა საერთო-ქართული თვითშეგნება. კულტურულად ქართველობა არც ენობრივ, არც ეთნიკურ, არც რელიგიურ ნიველირებას არ საჭიროებდა. ადგილებზე შენარჩუნებული იყო ქართველური და კავკასიური ენები (,,საშინაო'' ანუ ,,გულის ენები''), ადათ-წესები, სამართალი, ტრადიციები, რელიგიური რწმენა. მაგალითად, მხარგრძელთა გვარის ერთმა შტომ დიდხანს შეინახა ,,სომხური სარწმუნოება'', თუმცა ყოველთვის ქართველი იყო. ასევე ქართველი იყო ცნობილი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი, წარმოშობით ებრაელი. ქართველი იყო ალანის უფლისწული დავით-სოსლანი, თუმცა მისი მამა-პაპა კარგა ხანია ოსეთში დამკვიდრებულიყო. დავით-სოსლან-ბაგრატიონ-ეფრემისძის ქართველობა ხელს არ უშლიდა იგი ოსეთის შვილად დარჩენილიყო. თვით ორი სახელი: დავითი და სოსლანი უკვე მიუთითებდა ამ უებრო რაინდის ორმაგ თვითშეგნებას. გაორმაგებული ონომასტიკოსი შეინიშნება სხვა არისტოკრატებშიც: მაგალითად, ჭაჭას-ძე ჩაჩბა, იოანე-აბუხუასრო და ა.შ.

ქართული სახელმწიფო უნიკალური ქრისტიანული პოლიტიკური ორგანიზმია, სადაც გარანტირებული იყო სრული რჯულთშემწყნარებლობა-ტოლერანტობა. იგი თავიდანვე აღიარებდა უცხო ტომელთა მოქალაქეობას. ეს უკეთ გამოჩნდა გვიან, დაშლის ეპოქაში. სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში მოგზაურობისას ყოველთვის ზუსტად მიუთითებდა, როდის ხვდებოდნენ მას ქართველები და როდის საქართველოს მოქალაქენი. მოქალაქეებს იგი უწოდებდა ებრაელებს (,,ურიას'') და სომხებს, ქართველებს – გურულებს, მეგრელებს, იმერლებს და აფხაზებს. ოღონდ აფხაზებში საბა სვამდა ერთგვარი სხვაობის ნიშანს. მას უკვირს, რომ აფხაზები კვლავ მშვენიერი ქართულით ლაპარაკობენ. ,,აფხაზმა რატომ იცოდა ქართული, ეს გამიკვირდა''. აქ დიდი გულისტკივილია გამოხატული. მან, ვითარცა სასულიერო პირმა, უწყოდა ,,მცნება სასჯულო'', რომლის მიხედვით 1470-1474 წლებიდან ,,აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყვნეს, ქრისტეს მცნებისაგან განშორებულ იყუნეს''. ეს იყო საერთო-კავკასიური იმპერიის ,,ყოველი საქართველოს'' მძაფრი კრიზისის ეპოქაში, როდესაც დაქვეითდა დიდი ქართული კულტურა და დაირღვა ეთნიკური სიმბიოზების იდეოლოგიური საყრდენები. რასაკვირველია, არც XV-XVIII საუკუნეებში გაწყვეტილა მთლიანად ერთიანობის ხაზი... აფხაზური არისტოკრატია, განსაკუთრებით აფხაზი ქალიშვილები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სანიმუშო ქართული განსწავლულობით, ხოლო აფხაზმა მამაკაცებმა არაჩვეულებრივი სიმაღლით დაიცვეს რაინდული კოდექსი ზნეობრივი სისპეტაკისა... ვახუშტი მიუთითებდა, რომ მის ეპოქაში აფხაზებს თავისი ენა შენარჩუნებული ჰქონდათ, ოღონდ წარჩინებულებმა ყველამ კარგად იცოდა ქართული. ეს მოგვიანებთ.

VIII-IX საუკუნეებში აფხაზები ,,ყოველი საქართველოს'' ყველაზე აქტიური მაშენებლები იყვნენ. აფხაზთა მთავარმა ლეონ II-მ პირველმა იშიშვლა მახვილი საქართველოს გაერთიანებისათვის.

,,ხოლო რაჟამს მიუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელსაც მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი, ვიდრე ლიხამდე. სახელი იდვა მეფე აფხაზთა''... (,,მატიანე ქართლისა'').

,,ლეონიდების'' ან ,,ანოსიდების'' (ლეონ I-ის, ლეონ II-სა და მათი ჩამომავლების) საგვარეულოს წარმოშობა საბოლოოდ გარკვეული არაა. მათ ზოგნი აფხაზებად მიიჩნევენ (ზ. ანჩაბაძე, შ. ინალიფა), ზოგნი – ქართველებად (პ. ინგოროყვა), და ზოგნიც – ბერძნებად (ექვ. თაყაიშვილი).

ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ამ საკითხის გარკვევას. მთავარია ლეონ II-ის მოღვაწეობის პოლიტიკური შედეგი. მან მოიხმო ხაზართა ძალა (დედამისი ხაზართა ხაკანის – ,,იმპარატორის'' ასული იყო) და ,,დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი''. ,,დაპყრობა'' დაუფლებას ნიშნავს. ეს მოხდა დაახლოებით 786 წელს. აქ ძალდატანებითი აქტი მხოლოდ ბერძენთა ხელისუფლების მიმართ იგულისხმება. სწორედ ამიტომ მიუთითებს ,,მატიანე ქართლისას'' ავტორი, რომ მან ,,დაიპყრნა აფხაზეთიც'', ე.ი. საკუთარი სამემკვიდრეო სამთავრო. ასე ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი სახელმწიფო – ,,აფხაზთა სამეფო'', ანუ მეორენაირად – ,,ეგრის-აფხაზეთის'' სამეფო. ამიერიდან ცნება ,,აფხაზეთი'' აღნიშნავს საკუთრივ აფხაზეთსაც (სამთავროს ტერიტორიას), დასავლეთ საქართველოსაც და გაერთიანებულ საქართველოსაც. აქედანვე მოდის ძველი რუსული სახელწოდება ,,ობეზ''-ი, რაც ყოველთვის ნიშნავდა ,,საქართველოს''.

,,აფხაზთა სამეფოში'' შევიდა აფხაზეთის სამთავრო (მაშინ გაცილებით ჩრდილოეთით მდებარეობდა), სამეგრელო, სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, იმერეთი, გურია, აჭარა, ე.ი. ქვეყანა ნიკოფსიიდან ჭოროხამდე, შავი ზღვიდან ლიხის ქედამდე. ლეონ II-მ რეზიდენცია ანაკოფიიდან ქუთაისში გადმოიტანა. ,,აფხაზთა სამეფო'' სამი იმპერიის: ბიზანტიის, არაბთა სახალიფოსა და ხაზართა სახაკანოს ურთიერთქიშპობის საგანი გახდა. აიღო რა ორიენტაცია ჩრდილოეთზე, ლეონ II-მ უარყო ბერძნები და შეუტია არაბთა მფლობელობას აღმოსავლეთ საქართველოში.

,,აფხაზთა სამეფო'' პოლიტიკურად და კულტურულად ქართულ-ქრისტიანული ქვეყანა იყო. მის ოფიციალურ ენაზე – ქართულზე – იქმნებოდა სახელმწიფო დოკუმენტები, აღესრულებოდა წირვა-ლოცვა, მუშაობდა სამეფო კარი, სკოლა, ქართული იყო მწიგნობრობა და ეპიგრაფიკა. ლეონ II-ის დროს უნდა გარდაქმნილიყო ბიჭვინთის სამიტროპოლიტო ანდრია მოციქულის საპატრიარქო საყდრად. აფხაზეთის საკათალიკოსო გახდა დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის სულიერი მწყემსი. აფხაზეთის საკათალიკოსოს ემორჩილებოდა ალანთა ეკლესიაც. მისი გავლენა აღწევდა ყირიმამდე და რუსთა საზღვრებამდე. დიდ მისიონერულ მისიას ასრულებდა ენობრივად ქართული ბიჭვინთის ეკლესია, რომელიც შემდეგში მცხეთის საპატრიარქოს დაექვემდებარა. აფხაზი მეფეების გავლენით ბიჭვინთის საკათალიკოსოდან სრულიად განიდევნა ბერძნული ენა უკვე VIII საუკუნიდან.

ლეონ II უდიდესი სახელმწიფოებრივი მოღვაწეა. მისი დიპლომატია ემყარებოდა ბიზანტია-ხაზარეთის ურთიერთწინააღმდეგობიდან გამომდინარე წონასწორობას. ეს მეთოდი უცხო არ იყო ძველი ლაზიკა-ეგრისის მეფეებისათვის, რომლებიც მტრებს მტრების ხელითვე ამარცხებდნენ. სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ,,აფხაზთა მეფე'' გაცილებით ძლიერი იყო. მან მოახერხა ერთ მუჭად შეეკრა ჩრდილო კავკასიის მოუსვენარი ტომების გაუხარჯავი ენერგია და შეენივთებინა ქართული შინაარსის იდეოლოგიასთან. ,,ხაზარული პოლიტიკა'' დროებითი მანევრი აღმოჩნდა. ჩრდილოეთის დიდი იმპერია ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ქართველთა ხსნის მარჯვე მეთოდად. ლეონ II-ის აფხაზურ-ქართული სიმბიოზი სრულიად ბუნებრივად გადაიზარდა სოციალურ-პოლიტიკურ და იდეოლოგიურ-კულტურულ უნიფიცირებულ ორგანიზმად, რომელიც შემდგომში ,,ყოველი საქართველოს'' წამყვან ბირთვად იქცა. ლეონ II-მ ჩადო ყველაზე დიდი ქვა ქართველთა სახელმწიფოებრივი ზეობის ბალავარში. ლეონ II არის ,,აფხაზთა სამთავროს'' უძლიერესი მმართველი. იგი ამავე დროს ამ სამთავროს ,,ჰაე''-ცაა (ე.ი. დასასრული). მან გამოიხურა პატარა, შედარებით ერთსახოვანი აფხაზეთის კარები. სამაგიეროდ გახსნა ახალი თვისებრიობის – ქართული სახელმწიფოს ,,აფხაზთა სამეფოს'' ფართო ჭიშკარი. იგი ეგრის-აფხაზეთის ,,ანი''-ა (ე.ი. დასაწყისი). რა მოუვიდა საკუთრივ აფხაზეთს VIII-IX საუკუნეების შესაყარზე? იგი ,,აფხაზთა სამეფოს'' ბირთვი დარჩა და გარდაიქმნა ,,აფხაზი მეფეების'' საუფლისწულოდ, სადაც თანდათანობით დაწინაურდა შერვაშიძე-ჭაჭასძე-ჩაჩბათა საგვარეულო. რა მოუვიდათ ლეონ II-ის პირველ აფხაზ მოლაშქრეებს? მათ შეინარჩუნეს პრეროგატივები, საკუთარი ენა, არ დაუკარგავთ ნაციონალური ,,ეგო'', ეროვნული ,,მე''. ოღონდ კლასიკურ პერიოდში ,,მე'', როგორც წესი, მაღლდებოდა ,,ჩვენად''. აფხაზი არისტოკრატიის ,,ჩვენი'' იყო ზოგად-ქართველობა. საპირისპირო მოვლენებს ნაკლებად ვხედავთ. კლასიკურ პერიოდში თითქმის არა ჩანს ტრაიბალიზმი, ე.ი. ტომობრივი შუღლი. აფხაზური წარმოშობის ფეოდალები (ისე, როგორც ,,სვანური'', ,,ეგრისული'' და ა.შ.) აქტიურობდნენ მთელი კავკასიის ასპარეზზე. ნიშანდობლივია, რომ უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვარზე, ქართულ პროვინცია კაბადაში, XII საუკუნეში ჩნდება ქალაქი ,,აფხაზი''. 978 წელს ქუთაისში შეწყდა ,,აფხაზური დინასტიის'' არსებობა. ,,აფხაზი მეფეების'' ტახტი დაიკავა ბაგრატ III ბაგრატიონმა (გურგენ II-ე ქართველთა მეფისა და აფხაზთა მეფის ქალიშვილის ძემ). საგანგებო მანიფესტით ბაგრატიონებმა თავი ,,აფხაზი მეფეების'' მემკვიდრეებად გამოაცხადეს და დასავლურ-ქართულ არისტოკრატიას დაუტოვეს აშკარა უპირატესობანი. XII საუკუნის 80-იან წლებში მეფეთ-მეფე თამარმა მოახდინა ,,ყოველი საქართველოს'' სრული უნიტარიზაცია, რასაც მოჰყვა ,,იმიერის'' (აფხაზეთის) აჯანყება ,,ამიერის'' (აღმოსავლეთ საქართველოს) წინააღმდეგ. დასავლეთელი და მათთან მიმხრობილი სამხრეთელი არისტოკრატები დამარცხდნენ; ამ დროიდან გაქრა ,,აფხაზთა სამეფოს'' (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) ფორმალური და ფაქტობრივი ჰეგემონობა ერთიან ქართულ მონარქიაში.

ლეონ II-მ ძველი კოლხეთის პოლიტიკური ტრადიციების საფუძველზე აღადგინა ქართველი და აფხაზი ხალხების მარადიული სახელმწიფოებრივი ერთიანობა. იგი ისეთივე ეროვნული გმირია, როგორც ქუჯი, გუბაზი, ადარნასე I, აშოტ I, დავით კურაპალატი, კვირიკე დიდი კახთა მეფე და ა.შ. ,,აფხაზთა სამეფოს'' წარმოქმნით დაედო სათავე ,,ყოველი საქართველოს'' აღზევებას, რასაც ფეოდალური ეპოქის ,,ოქროს ხანა'' მოჰყვა. ,,აფხაზეთის სამთავროს'' ძლიერების ზენიტი აღმოჩნდა ქართული იმპერიის იმპულსიც და სუბსტანციაც. ერთიანობა გახდა ჯერ ხსნის, შემდეგ კი შეუჩერებელი აღმავლობის საფუძველი. ერთიანობის რეალური ძალა გამოჩნდა გათიშვის პერიოდში. აშკარა გახდა, რომ ,,საქართველოებად'' დაშლილი ცალკეული ერთეულები: ოდიშ-აფხაზეთი, გურია, იმერეთი, სვანეთი, ქართლი, კახეთი, სამცხე-საათაბაგო ვეღარ ახერხებდნენ თავი დაეღწიათ საერთო კრიზისისაგან. აფხაზეთში თანდათან ეცემოდა საქალაქო ცხოვრება, კულტურა, უკან იხევდა ქრისტიანიზმი, ფერმკრთალი ხდებოდა კოლექტიური მეხსიერება. ლეონ II ,,აფხაზთა მეფისა'' და იოანე აბაზგის მშობლიური კუთხე, განმანათლებელი იდეებით რომ კვებავდა ჩრდილო კავკასიას, კინაღამ თვითონ გახდა ახალგაზრდული ტემპერამენტით აღსავსე ფეოდალური ყაბარდოს ნახევრად მეფის და ნახევრად ბელადის – ვინმე ინალის ექსპანსიის ობიექტი.

რთულ XIX საუკუნეში, რომანოვების რკინის მარწუხებმა, რუსი კოლონიზატორების დაწოლამ, პანთურქისტულმა წამქეზებლურმა ქადაგებამ და ტრაიბალიზმის რეციდივებმა ხელი შეუწყო დამღუპველ მუჰაჯირობას. სანახევროდ დაიცალა ჩვენი სიამაყე, საქართველოს ჭეშმარიტი მარგალიტი – აფხაზეთი. ახლო აღმოსავლეთის ცხელ მიწაზე დაქცეული აფხაზური სისხლი თავიდან ბოლომდე სტამბოლის სერალისა და პეტერბურგის ჯალათი იმპერატორების კისერზეა. არც თურქ, არც რუს და არც ქართველ ხალხს არავითარი ბრალი არ მიუძღვის. ჩვენ არც უკანასკნელი რეპრესიების თანამონაწილენი ვართ. 20-30-50-იანი წლების ,,პოლიტიკას'' ქართველი ხალხი არ ქმნიდა.

თორმეტი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ლეონ II-მ გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო და ეგრის-აფხაზეთის სამეფო შექმნა. 1200-მა წელმა დაკეცა ფრთები. იყო მაჟორული ზარების რეკვაც, იყო რეკვიემიც საკუთარი შეცდომებისა. უცვლელი დარჩა ერთადერთი და მარადიული: თანაცხოვრების უგრძესი გზა გამოვიარეთ. უნდა გვახსოვდეს: რაც გავიარეთ, დასაწყისად თუ ჩაითვლება, ბევრზე ბევრი გასავლელი გვაქვს.   

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq