2000 წლის 10 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას ასე მიმართა: ,,იწურება XX საუკუნე და ისტორიის კარს აღებს ახალი ათასწლეული. ჩვენ და ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას წილად გვხვდა მონაწილენი ვყოფილიყავით მეტად იშვიათი მოვლენისა, – მოვსწრებოდით არა მარტო საუკუნეთა, არამედ ათასწლეულთა შესაყარს. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის წინაშე დგება კითხვა – რა ვაკეთოთ, რით აღვნიშნოთ ეს თარიღი? ერთ-ერთ საშუალებად მიმაჩნია ხეების დარგვა. ხეს დიდი ძალა აქვს, ამასთან იგი არის სიჯანსაღის და სიცოცხლის სიმბოლო. ბიბლიაში არაერთხელ არის საუბარი ურთხელის, კედრის, ნაძვის, ფიჭვის, მუხის და სხვა მცენარეთა შესახებ, რომელთაც სხვა ფუნქციური დატვირთვაც აქვთ. ხეები მგრძნობიარენი არიან. ისინი ჩვენი თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ რეალურად არსებულ სიყვარულს ამჟღავნებენ მათ მიმართ, ვინც ზრუნავს, უვლის, პატრონობს მათ. შევნიშნავთ იმასაც, რომ საოცარ ძალას იჩენენ ის ნერგები, რომელნიც დიდი გრძნობითა და სიყვარულით არიან დარგულნი. დიდი სიხარულიცა და დიდი მწუხარებაც ადამიანს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს: ამ გრძნობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ უნდა იქცეს ხეების დარგვა. ვფიქრობთ, ცალკე უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანები – ახლადდაქორწინებული წყვილები და ახლადდაბადებული ბავშვების მშობლები დარგავენ ხის ნერგებს მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღის აღსანიშნავად. ასევე ცალკე უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ხეების დარგვა ჩვენს გარდაცვლილ ახლობელთა სახელზე. ეს ხეები სახელობითი უნდა იყოს და ჩვენგან იმქვეყნად წასულთა ერთგვარ სიმბოლოდ უნდა იქცნენ. ვფიქრობთ, ასე შეიძლება გავაშენოთ უჩვეულო ტყეები, რადგანაც აქ გახარებული ხეები ლოცვით, სიყვარულითა და იმედით სავსე გულით იქნება დარგული და ამასთან იქნება სიმბოლო ჩვენი უფაქიზესი და უძვირფასესი გრძნობებისა. გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ხე-ტყის მოჭრასთან და მის საზღვარგარეთ გატანასთან არის დაკავშირებული, უკვე ბოროტებად და დანაშაულად იქცა საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ. თუ ეს პროცესი არ აღიკვეთა, ჩვენ მოწმენი გავხდებით დიდი ეკოლოგიური კატასტროფისა. არავის აქვს უფლება, დაუნდობლად გაანადგუროს ბუნება. არავის აქვს უფლება, გაანადგუროს ერის სიმდიდრე და ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ტყეების გაჩეხვა უნდა შეჩერდეს! იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენი ხელისუფლებისა და სათანადო სტრუქტურების აქტიური ჩარევით მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა ამ დიდ და კეთილ საქმეთა აღსასრულებლად. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 10 ოქტომბერი, 2000 წელი საქართველომ ჯერჯერობით ეკოლოგიური კატასტროფა არ იცის. ეს შედეგია იმ ღვთაებრიობისა და უდიდესი ცოდნა-გამოცდილებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა – ბინადარი ცხოვრებისა და მიწათმოქმედების პატრიარქმა, ათასწლეულთა მანძილზე დააგროვა. უაღრესად რთული, მთიანი რელიეფი განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ ქარველობამ ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ემპირიულად შეიცნო ვერტიკალური ზონალობის თავისებურებანი, ტერიტორიის მცირე მონაკვეთზე ბუნებრივ-კლიმატური ზონების საოცარი მრავალფეროვნება და გარემოს მოვლის, საარსებო საცხოვრისის უმტკივნეულოდ ათვისების მაღალი კულტურა გამოიმუშავა. დროთა განმავლობაში ხალხის ეს გამოცდილება ქურუმულ ცოდნად გარდაისახა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. XVIII საუკუნის შუა ხანებში გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა ვახუშტი ბაგრატიონმა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცოდნა-გამოცდილება განაზოგადა და საქართველოში ხუთი ბოტანიკურ-სამეურნეო არე გამოჰყო (ნარინჯ-თურინჯის, ბრინჯ-ბამბის, ვენახოვან-ხილიანი, უვენახო-ხილიანი და მთამაღალი-ალპური სათიბ-საძოვრები). თავის დროზე სულმნათი ივანე ჯავახიშვილი სიამაყით აღნიშნავდა, რომ ვახუშტი ბაგრატიონმა მცენარეთა ზონალობის დადგენით ევროპულ მეცნიერებას მთელი ასი წლით გაასწროო. ვახუშტის ეს აღმოჩენა ჩვენი წინაპრების რაციონალური საქმიანობის მეცნიერული კვლევის ნაყოფი იყო. ასევე ხალხური დაკვირვება-მიგნებებიდან აიღო ვახუშტიმ მთისა და ბარის გამყოფ მცენარედ ვაზი. ვერტიკალურ ზონალობაში კულტურულ მცენარეთა განლაგების ძველქართული ცოდნა თანამედროვე მეცნიერების მიღწევებითაა დადასტურებული და განმტკიცებული. საქართველო აღიარებულია ხორბლეულის, ვაზის, ხეხილის, კულტურული მესაქონლეობის ერთ-ერთ უმთავრეს კერად. ამ საშვილიშვილო საქმეში მრავალ გვარს გამოუჩენია თავი. მარტო კვარაცხელიების ღვაწლი რად ღირს!.. ხუთასზე მეტ ვაზის აბორიგენული ჯიშიდან ბევრი ატარებს გვარის სახელს. საქართველოში, როგორც ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში, ძალიან ადრე მოხდა შრომის დანაწილება და მცხოვრებთა დასპეციალება. დღეს ჩვენში 25 ათასზე მეტ ქართულ გვარს ითვლიან, ამათგან თითქმის ყველას აქვს თავისი შთამომავლობითი დასპეციალება-საქმიანობის უტყუარი გადმოცემები, ბევრი კვლავ მამაპაპურ ხელობას მისდევს. ჩვენი წინაპრები ტყის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. საერთოდ, მცენარეებთან დამოკიდებულება ყოველთვის ღვთაებრივ საქმედ ითვლებოდა. მცენარეთა კულტი მარადჟამს ქართული ტრადიციული სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი იყო. უკვდავების სიმბოლოს სიცოცხლის ხეს – ქართულ ეროვნულ ჩუქურთმებსა და ორნამენტებში საპატიო ადგილი ეჭირა. მისი სტილიზებული თუ რეალისტური გამოსახულებანი მნახველს უდიდეს ესთეტურ სიამოვნებას ანიჭებდა. ქართველებმა დაწვრილებით იცოდნენ ხის მერქნის თვისებები და მისი მოხმარება-დამუშავების მაღალ კულტურას ფლობდნენ. ყველა სოფელს თავისი ტყეები გამოყენების თვალსაზრისით ჰქონდა დაყოფილი. წარსულში ტყეს არანაკლებ მოიხმარდნენ, ვიდრე დღეს. საქართველოში ესოდენ განვითარებული მევენახეობა უამრავ სარს, ხარდანს, ჭიგოს, ხალახინს და მისთანათ საჭიროებდა. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ვაზის შესაყელავი და ასახვევი მასალა ხის წკეპლებისა და ქერქისგან მზადდებოდა, მაშინ ნათელია, თუ რა საფრთხე ელოდებოდა განუახლებელ ტყეს. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძველად გათბობისა და საჭმლის დამზადების ერთადერთი საშუალება შეშა იყო, თანაც ჩვენთან ნაგებობათა უმეტესობა ხისგან კეთდებოდა, ასევე ნაირნაირი ჭურჭლეული, ავეჯი, შარაგული (წნული ჭურჭელი), ღობეები, ლასტები და ა.შ. მიუხედავად ასეთი მოთხოვნილებისა, საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ტყეები სიცოცხლისუნარიანი და მოქმედი, გამოსაყენებელი იყო. საქართველოს ისტორიამ არ იცის ტყეების მასობრივი მოსპობა, პირიქით, უღრან ტყეთა მასივებმა დღემდე მოაღწიეს, დღეს კი სამწუხაროდ, ისინი ხელაღებით ნადგურდება. ეს უბედურება, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს, ქვეყნის ხელისუფლებამ, ასევე ჩვენი ღრმა რწმენით, ყოველმა გვარმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. უტყეო საქართველო ღვარცოფების და მკვდარი ხრიოკების უდაბნოდ გადაიქცევა. საქართველოს ტყეებისა და საზოგადოდ მცენარეული საფარის მარადიულობა მისი მოვლისა და გამოყენების იდეალურ შეთანაწყობაში მდგომარეობდა. უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავს, მცენარის დარგვა და მოვლა დიდი ღვთაებრივი საქმეა. ამას ყოველთვის კეთილმორწმუნენი და მაღალზნეობრივი ადამიანები აკეთებდნენ. გარდაცვლილთა სახელზე ხეების გაშენება და მყნობა, ისევე როგორც გზისპირებზე წყაროსთვლების აშენება და შემკობა, ხალხურ ჩვეულებად იყო ქცეული და სულის უპირველეს საცხონებელს წარმოადგენდა. რგავდნენ ხეებს თითოეული გარდაცვლილის სახელზე, გვარის სახელზე. ასე შემოინახა საგვარეულო ტყეები, რაც გვარის ღირსებას გამოხატავდა. ტრადიციულ ოჯახებში უხსოვარი დროიდან მომდინარეობდა და ახლაც მისაბაძია ასეთი ჩვეულება: კარმიდამოში მოხუცი გამოუყენებელ, მიგდებულ მიწაზე ძვირფასმერქნიან ხეებს რგავდა (ურთხელი – უთხოვარი, ძელქვა, ბზა, ცაცხვი, მუხა, თელა, წაბლი, კოპიტი-იფანი, ნეკერჩხალი, ნაძვი, ქართული ფიჭვი, სოჭი-ჩიხრი, განსაკუთრებით ვერცხლისფერი სოჭი, კედარი, კვიპაროსი და ა.შ.). ასე იქმნებოდა დიდებული კორომები არა მარტო საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, არამედ კარმიდამოებშიც, მეწყროვან და დახრამულ, სრულიად გამოუყენებელ ნაკვეთებზე. ამ ხეთა დამრგველ-გამშენებელი მის ნერგებთან ერთად ცოცხლობდა, მისი სახელი და მოსაგონარი ხეებთან ერთად იზრდებოდა და საყოველთაო მადლიერებით გვირგვინდებოდა. ამ სტრიქონების ავტორს რაჭა-ლეჩხუმსა, ზემო იმერეთსა და სხვაგანაც ოჯახებში უზარმაზარი ხორგო-ხაპი-საწნახელი უნახავს, რომელიც ტყიდან კი არ მოუტანიათ, არამედ წინაპართა მიერ დარგული, ეზოში მოუჭრიათ და გამოუყენებიათ. ხატის ტყეებს და საგვარეულო კორომებს ხშირად იქ აშენებდნენ, სადაც ზვავები, ღვარცოფები ან წყლის მოვარდნა იყო მოსალოდნელი. მათი ნაშთები აქა-იქ დღესაც შემორჩენილა. სამწუხაროდ, მათ ახლად გაშენებაზე არავინ ფიქრობს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ასეთი ტყიდან ხის მოჭრა მკრეხელობად ითვლებოდა და ტაბუ-ვაშინერსის დარღვევას ვერავინ გაბედავდა. თუ ვინმე ამას ჩაიდენდა, მაშინ სიცოცხლით აგებდა პასუხს. ღმერთის ყოვლისმხილველი თვალი ყველაფერს ხედავდა. ასევე უხსოვარი დროიდან მოდიოდა მეტად კეთილშობილური ჩვეულება წმინდა ადგილებში წმინდა ხეების დარგვისა. ზემოთ მათი ნაწილი უკვე ჩამოვთვალეთ. ვის არ უნახავს მარტვილის მონასტერთან გასაოცარი ძელქვები – რკინისებური მერქნით, რომელიც ისე მძიმეა, წყალში იძირება როგორც რკინა და მისგან დამზადებული ნივთები საუკუნეებს უძლებს. ან ურთხელი – წითელი ხე, ხეთა მეფე მუხა – საქართველოს სიმბოლო, მარადიულად მტრების სახით მუმლი რომ ეხვევა და ვერაფერს აკლებს; ან ცაცხვი – მისი ნაზი მერქანი საუკეთესოა ჭურჭლეულის დასამზადებლად, საქართველოში ხის ჭურჭელთა უმრავლესობა, თვით საწნახლებიც ცაცხვისგან იყო დამზადებული. სხვათა შორის, წმინდა საეკლესიო ადგილებში ამ ხეებს გამოყენების მიზნით არ რგავენ, მათ მერქანს იშვიათად საეკლესიო საჭიროებისათვის თუ გამოიყენებდნენ, პირადი მოხმარებისთვის კი – არავითარ შემთხვევაში. გადაბერებული და წაქცეული ხეების შეშა შესაძლოა საზოგადო საკირეში კირის გამოსაწვავად გამოეყენებინათ, მეტადრე თუ ეკლესიას აშენებდნენ. ამ შეშას ზამთრობით ეკლესიის გასათბობადაც იყენებდნენ. შინ, ოჯახში, წკეპლის წაღებაც კი არ შეიძლებოდა – ,,არ ვარგა'', ღმერთი გაწყრებოდა და შეიძლება მიმტანს სიცოცხლით ეგო პასუხი. ყოფილა ასეთი შემთხვევაც: მუშა კაცი, რომელმაც ,,წმინდანიან ალაგში'' წაქცეული წმინდა ხე ამოკაფა, დამორა და იქვე დაასაჟენა, სახლში მივიდა და მძიმედ გახდა ავად. მას ვერანაირმა წამალმა ვერ უშველა. მიზეზს ცოლმა მიაგნო – ქალამანს და წინდას შუა ერთი პატარა ნაფოტი ჩავარდნილიყო და ის ღუპავდა საწყალს. ნაფოტი როგორც კი უკან მიიტანეს, ავადმყოფი მაშინვე მორჩა. როგორც ასეთ ვითარებაში უყვართ თქმა – კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია... წმინდა ხეების კორომი ეკლესიას და მის გარემოს მეტ დიდებულებას ანიჭებდა და მორწმუნეთა რწმენის განმტკიცებას უწყობდა ხელს. ასევე წესად იყო მამაკაცის საფლავზე მუხის დარგვა, ქალის საფლავზე კი ცაცხვისა. ეს ჩვეულება, სამეგრელოში, მეტადრე მარტვილის შემოგარენში, ახლაც შემონახულია. როგორც წესი, ახალი მიცვალებულის პატრონი წმინდა ადგილებში, ეკლესია-მონასტრებთან და სალოცავებთან გზა-შარაზე წყაროებთან, საჯვარეებთან, სასვენებლებთან, გადასასვლელებთან, ყელთან, მისაქციელთან, საბრუნავთან, საყელავთან და ა.შ. გადაბერებული ხეების ნაცვლად ახალ ნერგებს რგავდნენ. დღეს კი 70 წლის ათეიზმის ზეობამ თაობათა კავშირი დაარღვია და ჩვენი სოფლების ძველ ეკლესიებზე, ერთი პიესის სათაურისა არ იყოს – ,,ხეები ზეზეურად კვდებიან'', ბევრი მათგანი ძირს ენარცხება და საფლავებს აზიანებს. დადგა ჟამი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწოდება პრაქტიკულად განვახორციელოთ და თითოეულმა პიროვნებამ, თითოეულმა გვარმა ჩვენი ადგილის დედის საგვარეულო ტაძრები წმინდა ხეების კორომებით შევამკოთ. ეს ეკლესიის აშენება-აღდგენა-განახლებაზე არანაკლები მადლია. წმინდა ხე ხომ მისი დამრგველის საგვარეულო სიმბოლოცაა. ქართველი კაცი ტყეს ისე უვლიდა, როგორც ვენახს. ვენახის ირგვლივ საბელავები – ნერგები – ჰქონდა გაშენებული და ვენახისთვის საჭირო სარს, ჭიგოს, ასევე ღობის მარგილებს და წნელს იქვე ამზადებდა. საბელავების – (ნერგების კულტურა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ტყეებს დიდ შეღავათს ანიჭებდა. დასანანია, რომ დღეს მამა-პაპათაგან მომდინარე ეს ჩვეულება დავიწყებას ეძლევა. ჭიგოს, წნელს და ფიჩხს უხვად მოიპოვებდნენ. ,,ნამაშვარ ტყეებში'', რომლებიც ვენახების მსგავსად შეღობილი და დაცული იყო. ეძახდნენ – ,,დაცულსაც'', ყოველ სამ-ხუთ წელიწადში ნამაშვარი ტყე ძირზე იკაფებოდა და ჭიგოდ, წნელად და ფიჩხად მოიხმარებოდა. ასეთი ტყე მოწყივ მოვლილი და უბერებელი გახლდათ. ბუნებრივია, იქ ხის ჯიშებიც გამოყენების თვალსაზრისით ჰქონდათ შერჩეული. ტყეების უმრავლესობა სასოფლო-სათემო საკუთრებაში იყო და მას სოფელი, თემი იხმარდა და უვლიდა. ტყეთა გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში ჰქონდათ ნასყიდი ან სანაშენო იჯარით შეძენილი. დიდი, უღრანი ,,თეთრი'' (ფოთლოვანი) და ,,შავი'' (წიწვოვანი) ტყე ჩვეულებრივ სოფლიდან მოშორებით იყო და ის მეფეს – სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ახლაც ასეა, მაგრამ ახალი კანონმდებლობით ტყის მიზანმიმართული გაჩანაგება წარმოებს. ხალხს, სოფელს ტყეზე ყოველგვარი უფლება წართმეული აქვს და ამ ეროვნული საუნჯით ვიღაც ვიგინდარები ხელაღებით სარგებლობენ და ჯიბეს ისქელებენ. მორების უცხოეთში ჩალის ფასად გატანამ კატასტროფული სახე მიიღო, ამიტომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რისხვა სრულიად კანონზომიერია და ქართული ტყის დასაცავად ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს. ყველა მოქალაქის ვალია უწმინდესისა და უნეტარესის მოწოდებას გულმხურვალედ გამოეხმაუროს და ამ ბოროტების წინააღმდეგ რაიმე იღონოს. საგვარეულო კავშირებს ამ მხრივ ბევრი პრაქტიკული საქმის გაკეთება შეუძლიათ. ყველა გვარმა უნდა მოიძიოს თავისი საგვარეულო ტყეები, ნახოს, შეამოწმოს, რა მდგომარეობაშია ისინი, დასაცავი დაიცვას და გასაშენებელი გააშენოს. ასევე თბილისთან და საქართველოს ყველა ქალაქთან უნდა შეირჩეს ადგილი, სადაც თითოეული მრავალრიცხოვანი ორგანიზებული გვარი თავის ტყეს გააშენებს. პირველი ნერგი მუხა იქნება როგორც საქართველოსი, აგრეთვე ფიცის კაცთა მიერ ფიცის შეკვრის მარადიული მოწმე და სიმბოლო. სწორად წარმართული საგვარეულო მოძრაობის შესაძლებლობანი ამოუწურავია. |