ცნობილი მართლმადიდებელი ბლოგერი, პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი დაითხოვეს მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან ”ეპატაჟური პუბლიკაციების” გამო. რა დააშავა ამ ადამიანმა, რომელმაც ყველაზე ახალგაზრდა ასაკში (35 წ.) დაიმსახურა ღვთისმეტყველების პროფესორის წოდება რუსეთში და აღიარებულია ასევე ყველაზე ახალგაზრდა პერსონაჟად ლექსიკონში ” XIX–XX ასწლეულების რუსი ფილოსოფოსები”? რა პუბლიკაციებზეა საუბარი? დავიწყოთ იმით, რომ კურაევი ითვლება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებათა პირმოუფერებელ კრიტიკოსად. ჩამოვთვალოთ: სულ ბოლო მისი ”დანაშაული” ოყო ჰომოსექსუალიზმის მხილება ყაზანის სასულიერო სემინარიაში; მანამდე კი: გასული წლის ოქტომბერში აფხაზები აღიარა ქართულ მიწაზე თურქების მიერ ჩამოსახლებულ ხალხად; Pussy Riot.-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი მიიჩნია ქრისტიანული ეკლესიისათვის გაუმართლებლად მკაცრად; ჯერ კიდევ 2012 წელს ამხილა პუტინის მომხრეები სიწმინდეთა შეურაცხყოფაში. გავიხსენოთ თითოეული ეს შემთხვევა: 1.კურაევმა გამოააშკარავა ყაზანის სასულიერო აკადემიაში არსებული სოდომიის ფაქტები - იგი გამოეხმაურა სემინარიის მოსწავლეთა წერილს, რომლებიც უჩიოდნენ სემინარიის პრორექტორს სასწავლო-აღმზრდელობით ნაწილში - კირილ ილიუხინს სექსუალურ ძალადობაში. ეს ისტორია შეიძლებოდა მიეჩქმალათ, რომ არა ანდრია კურაევი, რომელმაც მოვლენათა დეტალები გაახმაურა საკუთარ ბლოგში. სემინარიის მოსწავლეების ჩვენებით სასწავლო დაწესებულების ყველა ხელმძღვანელი აღმოჩნდა სოდომიტი! ”რაც შეეხება ყაზანში მხილებულ ილიუხინს, მისი გადაყვანა სცადეს სხვა ეპარქიაში, - დანანებით აღნიშნავდა კურაევი - რადგან, სამწუხაროდ”, ”ცისფერმა ლოჟამ” ძალიან ღრმად გაუშვა თავისი მეტასტაზები. მათ აქვთ ერთმანეთთან ”ცისფერი სოლიდარობა”. 2. აფხაზეთში გარკვეული დროით ცხოვრებისა და იქაური ვითარების გაცნობის შემდეგ კურაევმა დაადგინა დღევანდელ მცხოვრებთა არაავტოქტონურობა. აი, მისი დასკვნა: ”ეს არის სერიოზული საკითხი - რა მიმართება აქვთ აფხაზეთთან იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ დღეს ვეძახით აფხაზებს? აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს გამაოგნებელი ქრისტიანული ტაძრები. არსებობდა უძველესი აფხაზური სამეფო. იყო აფხაზური ეკლესია. ეს სიმართლეა. საკითხი მხოლოდ ის გახლავთ: რა დამოკიდებულება აქვთ მათთან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ? პარადოქსი მდგომარეობას იმაში, რომ თავის თავს ისინი უწოდებენ ”აფსუას”, თავის ქვეყანას უწოდებენ ”აფსნის” და არა ”აფხაზეთს”; ხოლო ”აფხაზეთი” ქართული სიტყვაა. ანუ, ისინი, ვინც ოდესღაც იწოდებოდნენ აფხაზებად, წარმოადგენდნენ ქართულ ეთნოსს, როგორც მაგალითად მეგრელები და სხვანი. ქართველი მეცნიერებიც მიიჩნევენ, რომ, აუთენტური აფხაზები იყვნენ მართლმადიდებლები - ერთიანნი ქართველ ხალხთან ეკლესიურად და ასე შემდეგ... ისინი ამოწყვიტეს და განდევნეს ზღვის პირიდან თურქებმა XVI-XVII საუკუნეებში, ისინი გაქრნენ ან გაიხიზნენ საქართველოს ღრმა მთიანეთში, აღმოსავლეთში. ხოლო დაცარიელებულ სანაპირო მიწებზე თურქებმა მთებიდან ჩამოასახლეს ჩერქეზები და უთხრეს - იცხოვრეთ ამიერიდან აქ. გამოდის, რომ აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობა სულ ახალი ჩამოსახლებულია. მაგრამ მათ სიამოვნებთ იმ უძველესი ტაძრების მშენებლებად იგრძნონ თავი, ისევე, როგორც ვალახები ნეტარებენ იმით, რომ თავს ძველი რომაელების მემკვიდრეებად მიიჩნევენ და თავს რუმინელებს უწოდებენ”. 3. კურაევს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის გამოდის მადონას კონცერტების წინააღმდეგ; სუროგატული დედობის წინააღმდეგ - ფილიპ კირკოროვის და ალა პუგაჩოვას მაგალითზე და ამ დროს ქომაგად უდგება ” Pussy Riot”-ის ჯგუფს. პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი მართლაც არ თვლიდა Pussy Riot"-ის პანკ-ლოცვას ღვთის გმობად და სიწმინდეების შეურაცხყოფად და ზომაზე მეტად მკაცრად მიიჩნევდა მათ დატუსაღებას: ”მათი გამოხდომა, ცხადია, ხულიგნობა იყო, - აღნიშნავდა იგი - მაგრამ, მხოლოდ იურიდიულ ენაზე. ეკლესიურად ეს ღვთის გმობა არ არის. იმიტომ, რომ, მათ ტაძარი არც გაუძარცვავთ და არ შეურაცხუყვიათ; ისინი მღეროდნენ - ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი”. პუტინი კი ღმერთი არ არის... ისიც დავუშვათ, რომ გოგონები ვერ აცნობიერებდნენ, რას სჩადიოდნენ - მაგრამ განა ამის გულისათვის ისინი უნდა მოათავსონ სატუსაღოში, იქ, სადაც მრუდდება ადამიანთა ბედისწერა?” 4. ანდრია კურაევმა 2012 წლის 4 თებერვალს ”პოკლონნაია გორაზე” გამართული პუტინის მომხრეთა მიტინგი მიიჩნია იქაურობის წაბილწვად. აი, რას წერდა ის: ”იქ იყო პანკ-სტალინისტების ფეერიული კრება. პროხანოვი, შევჩენკო, ბაგიროვი (კაცი, რომელსაც პეტერბურგისთვის კიდევ ერთი ბლოკადის გადატანა აქვს ნასურვები), კურგინიანი, დუგინი. ამ უკანასკნელმა ბრძანა, რომ ”მაცხოვრის ტაძრში პანკ-ლოცვის ჩატარებისთვის ” Pussy Riot”-ის გოგონები იმსახურებდნენ ”კოცონზე დაწვას”! სწორედ ამ სიტყვების პასუხად მიიჩნევდა კურაევი თავყრილობას წმინდა ადგილის წაბილწვად და დაასკვნიდა: ”ხომ გასაგებია, რა მოხდება, ეს მწერლები ხელისუფლებაში რომ აღმოჩნდნენ?” მკითხველი იოლად დარწმუნდება, რომ ზემოთ მოყვანილი მხილებანი შეუთავსებადია დღევანდელი რუსული ეკლესიის შიდა და საგარეო კურსთან და, ამდენად, მართლისმთქმელი პროტოდიაკვანი სრულიად დამსახურებულად აღმოჩნდა ამ ეკლესიის სასულიერო აკადემიის გარეთ! P.S. სხვათა შორის, საინტერესოა კურაევის კომენტარი ცნობილი ვეტერანი სპორტსმენის, შავარშ კარაპეტიანის ხელში ჩამქრალ ოლიმპიურ ჩირაღდანთან დაკავშირებითაც: ”ეს ჩირაღდანი ანთებული იყო მავანი ”უმაღლესი ქურუმი ქალის” ლოცვით ზევსისა და აპოლონისადმი. და ჩაქრა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იგი გაჰქონდა კარაპეტიანს კრემლის მაცხოვრის კარიბჭეში (სადაც ახლახან აღდგენილია სმოლენსკის ხატი) და შემდეგ ჩამქრალი ჩირაღდანი აანთეს ჩვეულებრივი ”ზაჟიგალკიდან”! |