საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > ჰიპოთეზების სამყაროში

ქართველები ინდოსტანის სუბკონტინენტზე
ლოვარდ ტუხაშვილი

უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში ერთობ პოპულარულია ჰიპოთეზა ინდოსტანის სუბკონტინენტზე ქართველთა კომპაქტური განფენის შესახებ. ზოგჯერ სერიოზულად ეძებენ ინდურ ეროვნულ ჯგუფებში უშუალო შთამომავლებს თუ არა, შორეულ მონათესავეებს მაინც. განსაკუთრებით მოდაშია გუჯარების გურჯებთან გაიგივება.

გუჯარები ადგილობრივი წარმოშობის წმინდა ინდოევროპული ხალხია, – მცირეოდენი ფარსული მინარევებით. სხვათა შორის, ქართველებზე 8-10-ჯერ მრავალრიცხოვანი.

ანალოგიურ გატაცებას არა აქვს მყარი მეცნიერული საფუძველი. მაგრამ როგორ უნდა აიხსნას გასაოცარი ენობრივი, ტოპონიმიკური, ონომასტიკური მსგავსებანი, მითოლოგიური შეხვედრები, რომლებიც უამრავ დაშვებათა საყრდენს ჰქმნის?

ჩვენი აზრით, ასეთი მოვლენის განმაპირობებელი წყაროა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ა)საქართველო-ინდოეთის ხანგრძლივი ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობა, ბ)ქართველთა რეალური შეღწევა ინდისა და განგის ნაპირებზე, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ მხარეებში.

დამტკიცებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენი წინაპრები რამდენიმეჯერ მართლაც მოხვდნენ ამ ზღაპრულ მიწაზე ცალკეული პირებისა თუ ეთნიკური ,,ნოტოს'' სახით! არსებობს შემთხვევითი დამთხვევების ვრცელი მწკრივიც. მათ მხედველობაში არ ვიღებთ, თუმცა ბევრი სენსაციური დასკვნის საცთურს კი გვაძლევს. ასეთებია: ბევრი სიტყვის ერთნაირი მნიშვნელობა: ,,პური'', ,,დუნია'' და ა.შ. აგრეთვე ლაშარის ტომის არსებობა ბელუჯებში, ღვთაების სახელი ,,ქალი''.

მსგავსებანი უამრავია. უფრო მეტად ტოპონიმიკურ ქსოვილში. საფრანგეთში დიდხანს მცხოვრებმა რუსთველოლოგმა გ. ციციშვილმა ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის პროვინციებში ,,ვეფხისტყაოსნის'' გეოგრაფიული არეალიც კი ,,დააზუსტა''. ,,მოძებნა'' შოთა რუსთაველის გმირების ონომასტიკური მასალაც და მათი მოქმედების ასპარეზის მანიშნებელი ტოპონიმებიც.

ქართულ-ინდურ ურთიერთობებზე საუბარი შორს წაგვიყვანდა. იგი ელის საგანგებო მკვლევარს. თუმცა რამდენიმეჯერ სცადეს ამ საკითხის დამუშავება (ზ. ჭიჭინაძე, ს. იორდანიშვილი, ა. იოსელიანი, გ. ლეონიძე და სხვ.). თემა ამოუწარავია, შრომატევადი. ჯერ მარტო რად ღირს გახსენება ,,ქართლის ცხოვრების'' ცნობებისა ვახტანგ გორგასალის ინდოეთში შეჭრის შესახებ; გადმოცემანი შაჰ-აბას I-ისა და ნადირ-შაჰის ქართველ თანამოლაშქრეებზე.

შაჰ-აბას I-ს ინდოეთში ათასობით ქართველი შეჰყვა. ამ ქვეყანაში იყვნენ გ. სააკაძე და ჭაბუკი ერეკლე II-ე. ერეკლეს ინდოეთიდან გამოგზავნილი წერილებიცაა შემონახული, სადაც ჩანს ახალგაზრდა ბატონიშვილის გაოცება ინდური ეგზოტიკით. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანისა და დიდი მოგოლის იმპერიის სადავო სასაზღვრო ტერიტორიები დაკავებული ჰქონდათ ქართულ სამხედრო რაზმებს. ისინი თავზარს სცემდნენ ბელუჯისტანს, ქირმანს, ავღანეთს. XIII საუკუნის I მესამედში ინგლისელმა ჯ. ჰანვეიმ თავისებური თეორიაც კი შექმნა ავღანელი ხალხის ეთნოგენეზისზე: ,,ეს ხალხი, ავღანთა საერთო სახელწოდების, იყოფა სამ მთავარ ტომად, რომელთაც აღმოსავლეთის ბევრი სხვა ერის მსგავსად, საკუთარი გენეალოგია გამოყავთ ნოედან. მათი გადმოცემის თანახმად, იაფეტს ჰყავდა სამი ვაჟი, არმენი, ავღანი და ქართველი. აქედან ორი პირველი ცხოვრობდა სომხეთში, რომლის სახელწოდებაც მოდის უფროსი ვაჟიდან, ხოლო ქართველი წარმოიშვა უმცროსი ვაჟისაგან, დაფუძნდა ამ კუთხეში. დროთა განმავლობაში არმენისა და ავღანის შთამომავლობა ისე ძლიერ გამრავლდა, რომ მათმა მემკვიდრეებმა დატოვეს თავიანთი სამშობლო და დამკვიდრდნენ სულეიმან კუხის მოსადგომებში, კანდაგარის შორეული პროვინციის მთებში, დიდი მოგოლის იმპერიის მახლობლად''. (ჯ. ჰანვეი, რუსული თარგმანი, გვ. 128-129). ადვილი მისახვედრია ინგლისელი მოგზაურისა და ნეგოციანტის ვერსიის წყარო. შეცდომას იწვევდა ის, რომ ავღანეთის სახელი ,,აღუანქი'' წააგავდა ავღანს.

ანალოგიური გადმოცემა აქვს შეტანილი XVIII საუკუნის 60-იანი წლების სომეხ პატრიარქს სიმონ ერევანცის თავის ნაშრომში ,,ჯამბრი''. მისი თვალსაზრისით, აღუანქში ადრინდელ ხანაში სომხები არ ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ავღანელები-აღუანქელები კავკასიიდან იძულებით გაასახლეს ავღანეთში და მათი ადგილი მე-15 საუკუნიდან შეავსეს სომხებმა. ავღანეთის ეკლესია, განძასარის საკათალიკოსო არ ეპუებოდა ეჩმიაძინს. სიმონ ერევანცი ცდილობდა ეჩმიაძინის უფლების გავრცელებას გარძასარზე (ე.ი. ყარაბაღზე, ძველ აღუანქზე) და ეჭიდებოდა ისტორიულ დასაბუთებას. სურდა დაემტკიცებინა მისი თანამედროვე ყარაბაღელების სომხობა.

პატრიარქის პოზიცია გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, როგორ გავრცელდა ესოდენ იოლად აღუანქ-ავღანეთის იგივეობის ამბავი? საქმე ისაა, რომ XVII-XVIII საუკუნეებში თანამედროვე ავღანეთისა და ბელუჯისტანის სანახებში თვალში მოსახვედრი იყო ქართველთა და სომეხთა სიმრავლე. ჩვენ მხოლოდ იმ პერიოდს არ ვგულისხმობთ, როდესაც ინდოეთის მოსაზღვრე ავღანურ ოლქებში ბრძანდებოდნენ ქართველი მმართველები: ჯერ ორბელიანი, ციციშვილი, შემდეგ კი გიორგი XI, ქაიხოსრო I და ა.შ. ეს მოვლენა საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული (ი. ტაბაღუა). როგორც ჩანს, ირან-საქართველოს თავისებური ,,კოოპერაციის'' დროს ავღანეთში ქართველთა სამხედრო ფუნქციონერობა არსებულ ტრადიციას ემყარებოდა. დიდი ხნის შექმნილი ჩანს ირანის ,,ცოცხალი საზღვარი'', გასამხედროებული ქართული დასახლებანი. ქართველთა ,,ღობე'' პერიოდულ განახლებას განიცდიდა. იგი ტალღური წარმოშობისაა. შაჰ-აბას I-სა და ნადირ-შაჰის საქმიანობა ამ მხრივ თითქმის ახალი დროის თვალწინ მოხდა. იგი მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად დაფიქსირებულია და ასევე ნაწილობრივ შესწავლილიც. ავღანეთში სავარაუდოა რამდენიმე სხვა უფრო ძველი მძლავრი ნაკადიც. XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თემურ-ლენგის შემოსევების დროს ხალხთა დიდ გადაადგილებას უნდა ჰქონოდა ადგილი კავკასიიდან ინდოეთისაკენ. რა თქმა უნდა, ეს გადაადგილებაც არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს. ვფიქრობთ, ამ საკითხში სანდოა საერთოდ ფანტაზიორი მწიგნობარის რეპუტაციის მქონე მკვლევარის – ზ.ჭიჭინაძის მტკიცებანი. იგი ავღანეთში ქართველთა მოხვედრას ვარაუდობდა სწორედ თემურ-ლენგის ეპოქიდან. მისი აზრით, ქართული წარმოშობისაა სამხრეთ თურქმენეთის ოლქი ახალთექაც. ავღანეთი თავისებურ სატრანზიტო მხარეს წარმოადგენდა. ეგებ ამითაცაა გამოწვეული მისი ამჟამინდელი ეთნიკური სიჭრელე. აქედან მასობრივად ხდებოდა ინდოეთში შეჭრა. მწერალ ლევან ასათიანს ცნობილი ალპინისტის, კაპიტან ვახტანგ ჯავრიშვილისაგან ჩაუწერია გადმოცემა, თუ როგორ შეხვდა იგი ირანში დიდი სამამულო ომის დროს, 1944 წელს, უცნობ ჯარისკაცს. მისი ცნობით, მაშინდელი ინდოეთის ბელუჯისტანში, ე.ი. დღევანდელ პაკისტანში, არსებობს 20-25 ქართული წარმოშობის სოფელი, – გურჯების სოფლები. ჩვენთვის ამ ცნობის შემოწმება ამჟამად შეუძლებელია. ასეთი ცნობა სხვაც გვაქვს. სამწუხაროდ, ობიექტური პირობების გამო ძნელია დადგენა რა იგულისხმება გურჯებში, მოხსენიებულია ეთნიკური თუ გადატანითი მნიშვნელობით.

გურჯი აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქვეყნებში ნიშნავდა საქართველოდან წაყვანილ ყველა ხალხსა თუ ტომს. მაგ., ნადირ-შაჰმა ივრისპირეთიდან გაასახლა 7 000 თარაქამა ელის ოჯახი. ზოგჯერ მათაც გურჯებს უწოდებდნენ. გურჯი გახდა სიმამაცის, მხედრული შემართების, სილამაზის სიმბოლოც. ასე რომ, ცნება გურჯი ყოველთვის არ უდრის წმინდა ქართველს. საერთოდ კი, ბელუჯი ჯარისკაცის ნაამბობი, გადმოცემული ვახტანგ ჯავრიშვილისაგან, თეორიულად დასაშვებია.

შეიძლება დაისვას კითხვა: როგორ დარჩა უცნობი აქამდის 20-25 ქართული (,,გურჯული'') სოფელი? ინდოსტანის ნახევარკუნძულზე მოსახლეობის ეს რაოდენობა უმნიშვნელოა, შეუმჩნეველია. ამ მხარეში ხალხმრავლობას თავის დროზე ძალზე გაუოცებია რუსი მოგზაური ათანასე ნიკიტინი. ...თანაც, აღმოსავლეთში თითოეული ხალხი თუ ტომი სხვებისაგან გამოირჩევა რელიგიური სახით. ამიტომაა, რომ ირანის დემოგრაფებს არაერთგზის გამორჩათ აღწერებში ქართველები. მით უფრო მოსალოდნელია ასეთი გამოტოვება ინდოსტანში.

ინდოსტანი მაჰმადიანი ავანტიურისტებისათვის ნამდვილი სამოთხე იყო. ამ უზარმაზარ, უმდიდრეს ქვეყანაში ადვილი იყო სამხედრო კარიერის გაკეთებაც. შუა საუკუნეებში მთიელი პუშტუნები (ერთ-ერთი ავღანური ტომი, რომელიც დღეს ცხოვრობს ავღანეთშიც და პაკისტანშიც) ფიცულობდნენ: ,,დაე, ნუ გავხდები ნურასოდეს ფადიშაჰი დელიში, თუ ვტყუოდე!'' აქ მხოლოოდ პუშტუნების ბაქია ბუნება როდი ჩანს, იგი რეალიზმის ანარეკლია.

ჯერ კიდევ XII-ე საუკუნის ბოლოს ინდოსტანში იქმნება ისლამური სამფლობელოები. ქ. ღაზნის მმართველმა მუჰამედ გურიმ ჩრდ. ინდოეთში დააარსა დელის სასულთნო. XIV-ე საუკუნეში მაჰმადიანებმა დაიპყრეს ინდოსტანის ცენტრალური ნაწილიც – დეკანი. 1398 წელს დელის სასულთნო შეიერთა თემურ-ლენგმა. სწორედ მან შეიყვანა დატყვევებული, ძალად გამაჰმადიანებული ეროვნული ჯგუფები პენჯაბში.

თემურ-ლენგის სიკვდილის შემდეგ ცვალებადი წარმატებით ებრძოდნენ ერთმანეთს ისლამური და ინდუსური სამთავროები. მაჰმადიანები ახალ-ახალ ტერიტორიებს იკავებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ქართული ტალღა ავღანეთ-ინდოეთში გაჩნდა ბელუჯისტან-ავღანეთ-პენჯაბში თემურის მახვილის მეოხებით. განახლებული ქართველობის უმეტესობა შეიწოვა ვრცელმა გზამ, დაილექა უმთავრესად ავღანეთში. მაგრამ ცალკეული ჯგუფები უდავოდ მოხვდნენ ინდის ნაპირზე. შემდეგში ასეთი მოვლენები პერიოდულად მეორდებოდა სხვადასხვა მასშტაბით.

შემონახული გვაქვს გვიანდელი წყარო, საიდანაც ჩანს, რომ XV საუკუნის I ნახევარში ქართველი ტყვეების უბედურების ამბავმა ქ. დელიმდე მიაღწია. სხვათა შორის, ქ. დელის XVII ს-ში ეწოდა შაჰ-ჯეხან-აბადი, ე.ი. შაჰ ჯეხანის ქალაქი. შემოკლებით ჯეხან აბადი. ქართველებში ეს სახელი გადმოვიდა, როგორც ჯანდაბა! ქართველებმა ეს მშვენიერი ქალაქი იქ ჩაღწევის სიძნელისა და გზაზე არსებული საშიშროების გამო ჯოჯოხეთს დაუკავშირეს. ამიტომაც ,,ჯანდაბაში მივდივართ'', ან ,,ჯანდაბამდის გზა გქონია'' ყოველთვის ჯოჯოხეთს როდი გულისხმობდა. არაიშვიათად საუბარი ეხება ქ. დელის.  განვიხილოთ ერთი ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველები XV საუკუნეში აღწევდნენ ინდოეთამდე.

1449 წელს ბიზანტიის უკანასკნელმა იმპერატორმა კონსტანტინე XI-მ საცოლის ამოსარჩევად ელჩი გიორგი სფრანძესი გაგზავნა ტრაპიზონსა და საქართველოში. ქორწინებას უნდა მოეტანა ფული და გაეფორმებინა საიმედო პოლიტიკური კავშირი თურქთა აგრესიის აღსაკვეთად. ელჩმა არჩევანი ქართველ ასულზე შეაჩერა, მაგრამ განზრახული დინასტიური ქორწინება არ შედგა – 1453 წელს თურქებმა აიღეს ქ. კონსტანტინოპოლი, პირისაგან მიწისა აღგავეს ბიზანტიის იმპერია. სასიძო ბრძოლაში დაიღუპა. გიორგი სფრანძესმა აღწერა თავისი ამაო მისიის ამბავი. საქართველოში მისთვის წარუდგენიათ ინდოეთიდან დაბრუნებული მოხუცი, სახელად ეფრემი, რომელიც: ,,ბავშვობაში ტყვედ იქნა წაყვანილი ბარბაროსი და იქაური უღვთო ტომების მიერ. იგი გაყიდეს სპარსეთის უშიგანეს მხარეებში. მისი ბატონი ვაჭარი იყო. სხვა მრავალ ვაჭართან ერთად მასაც სურდა მისულიყო ინდთა მხარეებში, რათა ეწარმოებინა მათთან ჩვეულებრივი ვაჭრობა. რამდენიმე დღე რომ იარეს, მიუახლოვდნენ ინდთა ქვეყანას. თვითონ ეფრემმა განიზრახა მოეშორებინა ტყვეობის უღელი და ეძებდა ხელსაყრელ შემთხვევას და ერთ მთვარიან ღამეს მის ბატონს რომ ჩაეძინა მგზავრობისაგან დაღლილს, მან ისარგებლა შემთხვევით, ადგა, გაიპარა და ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. იხეტიალა კარგა ხანს უდაბურსა და უვალ ადგილებში''. მან მიაღწია იმ კუნძულებს, სადაც ცხოვრობდნენ მაკრობიები. მაკრობიებს უწოდებენ მათ, რადგან თითოეული მათგანი ცოცხლობს ასორმოცდაათ წელზე მეტს და ეს ხდება, როგორც ამბობენ, ჰავის ზომიერებისა და სისუფთავის წყალობით, რის გამოც იმ მხარეებში უკლებლივ არის მთელი წლის განმავლობაში ყოველგვარი ხილი, რომელთაგან ერთნი ყვავიან, მეორენი მწიფდებიან, ხოლო სხვების რთველი იმართება. იქვე ხარობს მსხვილი ინდური კაკალი და ჩვენთვის სანუკვარი სურნელებანი და მარგალიტის ქვა.

ეს ადამიანები წარმოადგენენ სათნო ტომს, ეწევიან ზომიერ ცხოვრებას და ღმერთს ადიდებენ. აქაური მხარეებიდან დასაბამი აქვს მდინარე ნილოსს. მიზეზი იმისა, რომ ეს მდინარე ივლისსა და აგვისტოში დიდდება და არა სხვა დროს, როგორც დანარჩენი მდინარეები, ამბობენ ის არის, რომ ეს ორი თვე იმ მხარეებში უფრო გრილია, ვიდრე სხვა თვეები, რადგან მზე მაშინ ჩვენსკენ არის და ჩრდილოეთისაკენ. შუა ზაფხულში დიდდება ნილოსი და ეგვიპტეს წყლით ფარავს. აქ, ამ მაკრობიებთან რომ მისულიყო, მან გადაიარა ერთი სხვა მდინარეც, ძალიან სახიფათო, ძალიან დიდი ამფიბიო ცხოველის გამო, რომელიც ცხოვრობს იმ მდინარის წყალში და რომელსაც მათ ენაზე ეწოდება ,,კბილმტარვალი'', რადგან მას შეუძლია სპილოც კი მთლიანად ჩაყლაპოს. იმ უდაბურ ადგილებში მოიპოვება აგრეთვე სხვა მრავალი უსაზარლესი ცხოველები და მხეცები, რომელთა შორის არიან ძალიან ბევრი და ძალიან დიდი დრაკონები, დაახლოებით სამოცდაათი წყრთის სიგრძისა, სიდიდითაც და სისქითაც ძალიან უსაზარლესი, სკორპიონები... ხოლო ჭიანჭველები ნახევარი იდაყვის სიგრძისა და მეტისაც, ღამურები როგორც ზაფხულის ყვავები, ასევეა თაგვები, ბეღურები''... ძნელია ამ აღწერით რომელიმე ქვეყნის გამოცნობა. აშკარაა, ეფრემმა მოახერხა ინდოეთიდან ცეილონის ან სხვა უცნობი კუნძულით ეთიოპიაში მოხვედრა. გიორგი სფრანძესმა კი მონათხრობი სწორად ვერ ჩაიწერა. ერთ-ერთ სანაპიროზე ეფრემმა ნახა იბერიის გემი, ეგონა ქართული, მიაშურა სიხარულით, მაგრამ გემი აღმოჩნდა პორტუგალიისა, ჩაჯდა და გადავიდა ქრისტიანულ მხარეებში. შესაძლოა, არეულობა ეფრემის ნაამბობში აიხსნას იმით, რომ ღრმად მოხუცი ჰყვება ბავშვობის, ნახევარი საუკუნის ადრინდელ ამბავს (გ. სფრანძესის თხზულება თარგმნა ს. ყაუხჩიშვილმა. იხ. ,,გეორგიკა'', ტ.8).

ეფრემის მონაყოლში ბევრია აუხსნელი, ზოგი რამ საეჭვოა, გადაჭარბებული, ფანტასტიკური. არანაკლებია გაუგებარი თვით ავტორის – გიორგი სფრანძესის თხზულებაშიც. მაგრამ ეს არის ბერძნულ წყაროში დაცული გადმოცემა, რომლის მიხედვით XV-ე საუკუნეში ტყვე ქართველები ინდოეთშიც სახლობდნენ.

ძალზე ცოტა ახერხებდა უკან დაბრუნებას, – უმეტესობა სამუდამოდ შორდებოდა მშობელ მიწას.

ინდოსტანში ქართველები არ რჩებოდნენ უბრალო მონებად. მოგვიანებით ფრანგი მისიონერი ჟან ბატისტ დე ტავერნიე მიუთითებდა, რომ დიდი მოგოლის იმპერიაში ქართველებს უპირატესობას აძლევდნენ. იგი წერდა: ,,ქართველებს ძალიან უყვართ მოგზაურობა და დიდი სოვდაგრებიც ჰყავთ. ისინი არაჩვეულებრივად მოხერხებულად ისვრიან შვილდ-ისარს. ცნობილნი არიან როგორც საუკეთესო ჯარისკაცები მთელს აზიაში. სპარსეთის შაჰი თავის კავალერიის ნაწილს ჰქმნის მათგან, ნაწილი ჰყავს სასახლესთან, ენდობა რა მათ თავდადებას და ვაჟკაცობას, მამაცობას. ბევრნი არიან დიდი მოგოლის სამსახურშიც'', ვფიქრობთ, ამ ფრანგულ წყაროში ერთად არიან წარმოდგენილი ქართველები და საქართველოდან გამოსული სომეხი ვაჭრები.

ჟ. ტავერნიეს ცნობა საშუალებას იძლევა მიახლოებით მაინც გავარკვიოთ ქართველთა ინდოეთში შეღწევის გზები და მათი ბედი. როგორც ჩანს, მათ იგივე როლი დაეკისრათ, რაც თურქეთში – იანიჩარები, არაბულ ქვეყნებში: ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში, ტუნისში – მამლუქი, ირანში – ყორჩი, ყული. მამაკაცები შეჰყავდათ პირად დაცვაში, გვარდიაში, ქალები კი ჰარემებს ამშვენებდნენ.

ინდოეთში ქართველები მხოლოდ მაჰმადიანებს უერთდებოდნენ. ინდუსები არ იყვნენ დაინტერესებულნი სხვა ხალხების რელიგიური გადაბირებით. ჯერ დელის სასულთნოს და მის დაშლილ სამფლობელოებში, შემდეგ კი შაჰ-აკბარის მიერ შექმნილ დიდი მოგოლის იმპერიაში ქართველებს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მათ პატივს სცემდნენ სიმამაცის, ერთგულების, გარეგნობის გამო.

ინდოეთში განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ სახის სითეთრეს. უცხოელებს პატივს სცემდნენ. ამიტომაც მოგოლი ერქვა სპარსელს, თურქს, ავღანელს... ე.ი. ყველას, ვისაც სახის კანი თეთრი ჰქონდა და აღიარებდა ისლამს. ,,სხვადასხვა თანამდებობანი და მაღალი წოდებანი, თვით არმიაშიც კი, ყოველთვის როდის უჭირავს მოგოლურ რასას. ხშირად ისინი ხელში უვარდება სხვა ხალხების წარმომადგენლებს, სხვადასხვა ქვეყნიდან მოსულებს, განსაკუთრებით სპარსელებს, ზოგჯერ თურქებს და არაბებს. ახლანდელ დროში მოგოლად ჩათვლისათვის საკმარისია იყო თეთრსახიანი უცხოელი და მაჰმადიანი'' (ფრანსუა ბერნიე, რუს. გამოცემა, გვ. 56).

ქართველთა ინდოეთში აქტიურობის შესახებ ყველაზე საინტერესო ცნობები შემოგვინახა ფრანგმა მოგზაურმა ფრანსუა ბერნიემ. ბერნიემ ინდოეთში 12 წელი დაჰყო. აქედან 9 წელი დიდი მოგოლის – აურანგზების (1658-1707 წ.წ.) კარის ექიმია.

მარქსი შენიშნავდა: ,,აღმოსავლეთში ქალაქების წარმოქმნის შესახებ არაფერია უფრო ბრწყინვალე, თვალსაჩინო და ძნელად უარსაყოფი, ვიდრე ფრანსუა ბერნიეს ძველი წიგნი''. (იხ.მარქსის წერილი ენგელსისადმი, 2/VI-1853. XXI, გვ.489). ენგელსის შეფასებით: ,,მოხუცი ბერნიე ნამდვილად ძალზე კარგია, ყოველთვის გიხარია, როცა წააწყდები ასეთ ხანიერ, ფხიზელი გონების ჭკვიან ფრანგს, ყოველთვის ზუსტად რომ ახვედრებს საჭირო წერტილში'' (ენგელსის წერილი მარქსისადსმი, VI, 1853 წ. XX, გვ.495). აღებულია ფრ. ბერნიეს რუსული გამოცემის წინასიტყვაობიდან.

ფრანსუა ბერნიე დაიბადა 1625 წელს კონოკორდში. 1652 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა მონპელიეს უნივერსიტეტში, ფილოსოფიაში. შემდეგ მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხიც.

1654 წელს ბერნიემ მოინახულა პალესტინა და სირია. 1656-1658 წლები გაატარა ეგვიპტეში. 1659 წელს მიაღწია სურატს. ეს იყო თავისებური სამოქალაქო ომის პერიოდი ინდოეთში. 1659 წლის მარტ-აპრილში, როდესაც ფრ. ბერნიე მიემგზავრებოდა სურატიდან აგარაში, იგი ტყვედ ჩაუვარდა დარას. შაჰ-ჯეხანის ერთ-ერთ ვაჟს. დარა დანარჩენ სამ ძმას მამის ტახტს ეცილებოდა. მან ტყვე ფრანგი თავის ექიმად გაიხადა. დარას დამარცხების შემდეგ ბერნიე გაიქცა სინდში, აქედან ახმედაბადში. 1663 წელს უკვე დამშვიდებულ დელიში ჩავიდა, სადაც შაჰ-აურანგზების კარზე პირად ექიმად მიიღეს. ექიმის პრივილეგირებული მდგომარეობა მას ეხმარებოდა კარგად გაცნობოდა ინდოეთის მთელ ცხოვრებას, ადათ-წესებს, ისტორიას, იმოგზაურა დაჰორში, ქ. ქაშმირში. 1665 წელს ბერნიე ბენგალიაში, ალახაბადში შეხვდა თანამემამულე ჟან ტავერნიეს, 1666 წელს გოლკონდაშია, 1667 წელს –შირაზში, 1669 წელს კი საფრანგეთში დაბრუნდა. მალე მან გამოაქვეყნა შესანიშნავი თხზულება, ძირითადად ინდოეთზე. ფრ. ბერნიეს თავის ნაშრომში ქართველები პირველად მოხსენიებული ჰყავს პრინცი აურანგზების მიერ გოლკონდის მეფის დატყვევების ეპიზოდში. იგი მოულოდნელად ეწვია გოლკონდის მეფეს, თავი წარუდგინა შაჰ-ჯეხანის ელჩად.

,,...გოლკონდის მეფე გამოვიდა ბაღში, რომ ჩვეულების თანახმად მიეღო იგი შესაფერი პატივით, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, თავის საუბედუროდ, მტრის ხელში. 10-12 ქართველი მონა უკვე აპირებდა მის შეპყრობას, როგორც იყო განსაზღვრული, რომ ერთმა ემირმა, შეშფოთებულმა მისი მდგომარეობით, ვერ მოითმინა და დაიძახა''.

არაფერმა გასჭრა, გოლკონდა დაეცა! მეფე თავისსავე დედაქალაქში დოულეთაბადში დაატყვევეს.

ფრ. ბერნიემ იცის, რომ აღმოსავლეთის მბრძანებელთა ბავშვები იზრდებიან მონებს შორის და ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. ამ ბავშვებს ჰკრებენ ,,რუსეთში, ჩერქეზეთში, სამეგრელოში''.

გოლკონდის აღებისას ახალგაზრდა აურანგზები დაინიშნა დეკანის ვიცე-მეფედ. შესაძლოა, ამიტომაც ჰყავდა მას ქართველი მონა, რომლებიც ამ მხარეში ტრადიციულად ბევრნი იყვნენ.

ამის შესახებ ვიგებთ ისევ ფრანსუა ბერნიეს ნაშრომიდან. აი, რას წერს იგი: ,,ინდოსტანის მთელი უზარმაზარი ნახავარკუნძული, თუ გავავლებთ ხაზს კამბეის ყურედან ბენგალიის ყურემდე ქალაქ ჯაგანატას მახლობლად და იქიდან კომორინის კონცხამდე, ზოგიერთი მთიანი ადგილის გამოკლებით, დაახლოებით ორასზე ცოტათი უფრო ნაკლები წლის უკან იმყოფებოდა, ერთი ძალზე ძლიერი ხელმწიფის მფლობელობის ქვეშ. აწინდელ დროში იგი გაყოფილია სხვადასხვა რელიგიის მაღიარებელ რამდენიმე ხელმწიფეს შორის. ასეთი დაყოფის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ რაჯამ ანუ მეფემ რამრასმა, მთელი ნახევარკუნძულის უკანასკნელმა გამაერთიანებელმა მფლობელმა, ძალზე აამაღლა მასთან სამსახურში მყოფი სამი მონა ქართველი, სამივე დანიშნა გუბერნატორებად: – პირველი იმ მიწების უმეტეს ნაწილზე, რომელიც უჭირავს ამჟამად დეკანში დიდ მოგოლს – ბადარის დაულეთაბადიდან, ფარანდიდან და სურატიდან ნარბადარამდე; მეორე – ყველა დანარჩენ მიწებზე, რომლებიც დღეს შედიან ბიჯაპურის სამეფოში და ბოლოს მესამე – ყველა იმ მიწებზე, რომლებიც შედიან გოლკონდის სამეფოში.

ეს სამი მონა გახდნენ ძალზე მდიდრები და ძალზე ძლიერები; მათ მხარს უჭერდა ბევრი მოგოლი, რომლებიც იმყოფებოდნენ რამრასთან სამსახურში, იმიტომ რომ ისინი სამივენი იყვნენ მაჰმადიანები შიიტური სექტის, როგორც სპარსელები. (მათ არ შეეძლოთ მიეღოთ წარმართების სარწმუნოება, იმ შემთხვევაშიც კი თვითონვე რომ მოენდომებინათ, იმიტომ, რომ წარმართებს სწამდათ, რომ მათი რჯული-კანონი ღვთის მიერ მიცემული აქვთ მხოლოდ მათ. ისინი, (სამი ქართველი გუბერნატორი) ბოლოს და ბოლოს აჯანყდნენ საერთო შეთანხმებით, მოკლეს რამრასი და დაბრუნდნენ თავიანთ პროვინციაში, მიიღეს შაჰის ანუ მეფის ტიტული. რამრასის მემკვიდრენი, არ გრძნობდნენ რა თავიანთ თავს საკმარისად ძლიერად მათ წინააღმდეგ, დაკმაყოფილდნენ იმით, რომ გამაგრდნენ ერთ მხარეში, სახელდობრ, იმ ოლქში, რომელსაც უბრალო ხალხი ეძახის კარნატიკს, ხოლო ჩვენს რუკებზე აღნიშნულია, როგორც ბიზნაგერი. აქ ისინი არიან რაჯები დღემდის, ხოლო მთელი დანარჩენი სახელმწიფო დაიშალა მაშინვე ყველა ამ რაჯებს, ნაიკებს და მეფუკებს შორის, რომელთაც ჩვენ ახლაც ვხედავთ. ის სამი ქართველი მონა და მათი შთამომავლები მთელი ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალაუფლებას საკუთარ სამეფოებში იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ მტკიცე მუდმივი კავშირი ერთმანეთს შორის და უჭერდნენ ერთმანეთს მხარს მოგოლთა წინააღმდეგ წარმოებულ დიდ ომებში. მაგრამ, როგორც კი მათ დაიწყეს ზრუნვა თითოეულმა მხოლოდ საკუთარ სამფლობელოზე, ძალზე სწრაფად იგრძნეს ასეთი დაყოფის შედეგები. ისარგებლა რა ამით დიდმა მოგოლმა 35-40 წლის უკან მოასწრო მოკლე დროში დაეკავებინა მთელი ოლქი ნეზამ შაჰის, ანუ მეფე ნეწამისა, პირველი ქართველი მონის მეხუთე თუ მეექვსე შთამომავლისა, ჩაიგდო თვითონაც ტყვედ, ჩაამწყვდია საკუთარსავე დედაქალაქში დაულეთაბადში, სადაც მოკვდა კიდევაც''.

ძალზე ძნელია ჩვენს ხელთ არსებული მასალით ინდოსტანის უზარმაზარ სუბკონტინენტზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ლაბირინთებში გარკვევა. იძულებულნი ვართ შემოვიზღუდოთ ჰიპოთეზებით. XIV-XVI საუკუნეებში დეკანში აღმოცენდა დიდი ინდუსური სახელმწიფო ვიჯაიანაგარი. მისი შინაგანი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. სახელწოდება მოდის დედაქალაქიდან, რაც ,,გამარჯვების ქალაქს'' ნიშნავს. მას მართავდა რამდენიმე დინასტია, რომლის წარმომადგენლები ატარებდნენ რაია-ზე დამთავრებულ სახელებს: დევარაია (1422-46 წ.წ.), კრიშნადევი რაია (1509-22 წ.წ.) და ა.შ. როგორც ჩანს, ამ დაბოლოებიდან აიღეს ევროპელებმა, კერძოდ ვ. ბერნიემ, რამ-რასი. ვიჯაიანაგარი იყო ტელეგების, ტამილების, კანნარასა და ტუღუს ხალხების პოლიტიკური ორგანიზაცია (იხ. პალიკანდა სასტარი და ვენკატა ჩატარაია, ,,ვიჯაიანარის ისტორიის წყაროები'', ტ. I-III, ინგლისურ ენაზე).

ინდუსური ვიჯაიანაგარი სასტიკად ებრძოდა ჯერ დელის სასულთნოს, შემდეგ მის ნანგრევებზე აღმოცენებულ ბახმანიდების სახელმწიფოს, უფრო გვიან კი დიდი მოგოლის იმპერიას. ბოლოს დაიშალა, მისი ცალკე ნაწილები ჩაყლაპეს დელის ფადიშაჰებმა. ვიჯაინაგარი ქირაობდა უცხოელ მაჰმადიანთა სამხედრო შენაერთებს. არ არის გამორიცხული, ფრანსუა ბერნიე გულისხმობს სწორედ ამ პოლიტიკურ ერთეულს, კონკრეტულად მისი უკანასკნელი მმართველის – კრიშნადევი რაიას პერიოდს.

1564 წელს ვიჯაიანაგარი დაამხეს ახმადნაგარის, ბიჯაპურის, გოლკონდისა და ბიდარის მაჰმადიანურმა სამთავროებმა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სამთავროების მმართველებიდან სამი მაინც ქართული წარმოშობისა იყო. (ასე გამოდის ფრანგი მოგზაურის ჩანაწერების მიხედვით). შესაძლოა, ქართველები ჯერ ბაჰმანიდთა სახელმწიფოში დაწინაურდნენ. ბაჰმანიდთა სამეფო წარმოიქმნა 1347 წელს. არსებობდა 1527 წლამდე. გაძლიერდა მე-15 საუკუნის დასაწყისიდან. ამ დროს ბევრი უცხო ელემენტი შეერწყა ახლო აღმოსავლეთიდან (სპარსი, თურქი). სამეფოში დაიწყო მწვავე კონფლიქტი მოსულ მაჰმადიანებსა და ადგილობრივ მოგოლებს შორის. ამ კონფლიქტმა ბაჰმანიდების სახელმწიფოს ,,წირვა გამოუყვანა''. როდესაც დაიშალა, ადგილობრივი დინასტიები ბაჰმანიდთა ყოფილი მოხელეების ჩამომავლებად მიიჩნევდნენ თავს. წარმოიშვა 5 დინასტია: ბიჯაპური-ადილ-შაჰები (ე.ი. სამართლიანი შაჰები). ბერარა-ბარიდ-შაჰები (ბარიდე ნიშნავს სამხედრო სამსახურის უფროსს). აჰმად-აბადი-ნუზამი-შაჰები (მომწესრიგებლები) და დიულეთ-აბადი-ნეზამ-შაჰები ვარანგალა, შემდეგში გოლკონდა – იმად-შაჰი (სახელმწიფოს საყრდენი).

აქედან სამი შიიტური რწმენისაა: ადილ-შაჰები და ნეზამ-შაჰები (იხ. პ.ა. გრიაზნევიჩის თარგმანი და შენიშვნები). ეს სასულთნოები ზოგჯერ აღიარებდნენ ვიჯაიანაგარის სუვერენიტეტს, მაგრამ უფრო ხშირად ებრძოდნენ მას. დაამხეს კიდეც 1527 წელს. XVII-ე საუკუნის ბოლოს კი თვითონაც შთაინთქნენ მოგოლთა მიერ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის საცთური დავუშვათ, რომ სამივე შიიტურ სასულთნოს სწორედ ,,ქართული'' წარმოშობის დინასტიები განაგებდნენ. მითუმეტეს, რომ ადილ-შაჰები და ნეზამ-შაჰები მოგვიანებით დიდ ყურადღებას და მეგობრობას იჩენდნენ მამლუქთა სამფლობელოებისადმი. მამლუქებში კი ცნობილია ქართველთა მაღალი ავტორიტეტი. მათ დაქვემდებარებულ ქვეყნებში საგანგებოდ გამოყოფდნენ ყველაფერს ქართულს. შესაძლოა ინდოელი ნეზამ-შაჰების მეგობრობა მამლუქებთან სწორედ ეროვნული კუთვნილების ნიადაგზე იყო წარმოშობილი. მამლუქთა ქართველებისადმი დამოკიდებულების საუკეთესო ილუსტრაციაა XVI საუკუნის დასაწყისში მომხდარი ინციდენტი იერუსალიმის სიწმინდეების გარშემო. მამლუქებმა ერთბაშად შეავიწროვეს კათოლიკეები, დაჩაგრეს მართლმადიდებლებიც, აქცენტი აიღეს მონოფიზიტური ეკლესიის მფარველობაზე, – გადასცეს მათ ყველა ცნობილი ტაძარი. საქმეში ჩაერია ევროპა, საფრანგეთის იმპერატორიც. მაგრამ ამაოდ. მაშინ ქართველებმა (ქართლმა, კახეთმა, იმერეთმა) გაგზავნეს ერთობლივი ელჩობა, რაც წარმატებით დამთავრდა. მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ადრინდელი პრივილეგიები მშვიდობიანად დაუბრუნდათ. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა ქართულ თქმულებას ქ. იერუსალიმის ქართველთა მიერ ბრძოლით აღების შესახებ.

ფრ. ბერნიეს ცნობები მყარი დასკვნის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, ავტორი სანდოა, სადაც კი ხერხდება მისი შემოწმება, თითქმის არასოდეს სცდება, არ ტყუის.

ინდოეთში ქართველთა მოღვაწეობა სხვა ფაქტებითაც დასტურდება. ქართული თემა, ქართველი მეომრები, ქართველი ქალები ძალზე პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში... მაჰმადიანებშიც და ინდუსებშიც. ეს თემა შევიდა ფოლკლორში, გადავიდა მხატვრულ ლიტერატურაში. სამწუხაროდ ჯერჯერობით შეუსწავლელია ინდოეთის უძველესი წიგნთსაცავების საარქივო მასალა.

ამჯერად ვისაუბრებთ მხოლოდ ერთი რომანის შესახებ. ესაა ბონ იმჩონდრო ჩოტტოპად დახაის ,,რაჯა სინგჰი''. ავტორი (1838-1839 წ.წ.) ბენგალური ლიტერატურის კლასიკოსია. ასპარეზზე გამოვიდა ინდოეთის ნაციონალური ინტელიგენციის აღორძინების პერიოდში. სურდა აემაღლებინა ბენგალიელთა ეროვნული თვითშეგნება. ამ მიზნით დაწერა რამდენიმე ისტორიული რომანი. ამ მწერლის ასპარეზზე გამოსვლამდე ინდოეთის ლიტერატურამ არ იცოდა ისტორიული რომანი.

,,რაჯა სინგჰი'' დაიბეჭდა ორჯერ, – მოკლე – 1882 წელს, გაფართოებული – 1893 წელს. იგი ბევრ ენაზე ითარგმნა. რუსულად გამოვიდა 1960 წელს. რუსულ თარგმანს (მთარგმნელი ს. ცირინი) ახლავს კ. ანტონოვის სტატია, სადაც შესანიშნავად არის ნაჩვენები ,,რაჯა სინგჰის'' განსაკუთრებული მნიშვნელობა ბენგალიელი და საერთოდ ინდოეთის ყველა ხალხის ნაციონალური თვითშეგნების აღმავლობისათვის.

რომანი საგანგებო მოვლენა იყო. მოქმედება ვითარდება მე-17 საუკუნის 80-იან წლებში, დიდი მოგოლის იმპერიის მზის ჩასვენების მომენტში. იმპერიაში იგრძნობოდა საერთო მღელვარება. დასავლეთში დაიწყო მარათხების მოძრაობა შივაჯის მეთაურობით. იარაღი აისხეს რაჯპუტანებმაც. 1672 წელს დაცარიელებული ხაზინის შესავსებად აურანგზებმა აღადგინა ,,ჯიზია'' – სპეციალური გადასახადი არამუსულმან მოსახლეობაზე. შივაჯიმ და რაჯა სინგხმა მერვაშის მაჰარაჯას პროტესტის წერილი გაუგზავნეს. აურანგზებმა დემონსტრაციულად დაიწყეს ინდუსური ტაძრების ძარცვა, ინდუსი ვაჭრების ქონების კონფისკაცია. დიდი მოგოლის ასეთ ქმედებას მოჰყვა აჯანყება რაჯპუტებში.

რაჯპუტები ცხოვრობდნენ ცენტრალურ ინდოეთში მთიან მხარეში. იყოფოდნენ ცალკეულ სამთავროებად. ყველაზე ძლიერი მათგან იყო ორი პოლიტიკური ერთეული: მარვარი და მევარი, ანუ უდაიპური. მერვარი XVI საუკუნის შუა ხანებიდან გახდა მოგოლთა ვასალი, უდაიპური დიდხანს ებრძოდა მომხდურს. რაჯპუტები იყვნენ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული სულის ხალხი. ტრადიციით ბავშვს უკვე ყრმობისას აკვანში უდებდნენ მახვილს, ,,ჯიზიამ'' აამხედრა რაჯპუტანთა ყველა სამთავრო... აურანგზებმა 1678 წელს დაძრა მათ წინააღმდეგ არმია. ბრძოლა გაგრძელდა 1691 წლამდე. ომმა სახალხო ხასიათი მიიღო, აისახა ფოლკლორშიც.

რაჯპუტანული გადმოცემით, აურანგზებთან ომი რაჯა რუპნაგარას ქალიშვილის ჩანჩალ-კუმარის მიზეზით მოხდა. ჩანჩალ-კუმარმა არ მოისურვა ფადიშაჰის ჰარემში შესვლა. თავი რომ გამოეჩინა, ბრაჰმანის მეშვეობით წერილი გაუგზავნა მევარას მთავარს რაჯა სინგჰს და დახმარების სანაცვლოდ ცოლობა აღუთქვა. რაჯა სინგჰი ჩაუსაფრდა აურანგზების ლაშქარს, რომელსაც რუპნაგარას პრინცესა მიჰყავდა დელიში. მან გაიტაცა ქალი. ეს გაუგონარი თავხედობა იყო ინდუსთა მხრიდან. შეურაცხყოფილმა დიდმა მოგოლმა რაჯა სინგჰის დასჯა და ჩანჩალ-კუმარის დაბრუნება განიზრახა, ასე დაიწყო ომი.

მოგოლურ ისტორიულ ქრონიკებში ამ ომის სხვა ვერსიაა დაცული. ამ ვერსიით, რაჯა სინგჰი მერვარის სამთავროში აურანგზების მოწინააღმდეგეებს ეხმარებოდა. რასაკვირველია, ამ გრანდიოზული ომის მთავარი მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ერთი ქალიშვილი. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჟინიანმა მოგოლმა პირადი სურვილი საბაბად გამოიყენა.

მწერალმა რაჯპუტანული გადმოცემა სიუჟეტის განვითარებისათვის გამოიყენა. ლეგენდას მიჰყვება იგი დეტალებშიც. ომის მსვლელობა, ხასიათების გამოძერწვა, ინდური გმირების კეთილშობილებაზე ხაზგასმა – ყველაფერი მოდის ხალხში დარჩენილი პოეტური თქმულებებიდან. რომანში რაჯა სინგჰის სახე რაინდულია, საპირისპიროდ, მთლიანად ,,გათახსირებულია'' აურანგზების სასახლე. ავტორი მშრომელი, უბრალო ადამიანების მხარეზეა. რომანში ძალზე მკვეთრადაა ხაზგასმული ქალთა აქტიურობა, რაც თითქმის მოულოდნელია აღმოსავლურ რომანებში. რომანის ქალთა პორტრეტები არა ჰგვანან ჰარემის მორჩილ, გარინდებულ ლამაზმანებს, არც უფრო თვინიერ ინდუს ასულებს, მუდამ სასიკვდილოდ მზადმყოფ არსებებს.

ინდური ისტორიული რომანი თავისი ეპოქისათვის მეტად თანამედროვე აღმოჩნდა. იგი გამოვიდა ბენგალიაში ანტიინგლისური მოძრაობის გაძლიერებისას. 1876 წელს წარმოიქმნა ინდოეთის პატრიოტული ორგანიზაცია – ინდოეთის ასოციაცია, 1885 წელს კი ნაციონალური კონგრესი. ახალი მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა პროგრესული ინტელიგენცია. მათ შორის გამოირჩეოდა ბონკიმჩონდრო ჩოტტოპადჰაი. მწერლის შემოქმედება მთლიანად დაექვემდებარა ანტიკოლონიური მოძრაობის ამოცანებს. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ავტორი ანტიმოგოლური განწყობილების მიუხედავად, არ გამოდის მკვეთრად ისლამის მიმდევართა წინააღმდეგ. ავტორმა შეარბილა, ნაკლებად დრამატიზებული გახადა ინდუსურ-ისლამური დაპირისპირება. რომანის შექმნის მომენტში ეს მეტოქეობა სერიოზული პოლიტიკური ფენომენი ხდებოდა, ასუსტებდა საერთო-ინდურ გამათავისუფლებელ ბრძოლას. შემდეგში რელიგიურმა ფაქტორმა გათიშა კიდეც ინდოსტანი, წარმოქმნა ინდოეთი (უმთავრესად ინდუსური) და პაკისტანი (მაჰმადიანური ,,წმინდა ქვეყანა'').

ავტორმა სხვა ნაწარმოებში თავი ვერ დააღწია ანტიმაჰმადიანურ განწყობილებას. თუმცა პუბლიცისტიკაში ყოველთვის გამოდიოდა ბენგალიის ერთიანობის იდეით... მოგვიანებით ისლამურ-ინდუსურმა წინააღმდეგობამ არამარტო მთელი ინდოეთი, თვით ბენგალიაც ორად გაჰყო. დღეს ინდუსური ბენგალია ინდოეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი დიდი ნაწილია, ისლამური ბენგალია – ბანგლადეში ჯერ პაკისტანს შეურთდა, შემდეგში კი დამოუკიდებელ ქვეყნად იქცა.

რომანში ერთ-ერთი მთავარი გმირი, სამწუხაროდ, უარყოფითი, არის ქართველი ქალი. ავტორს იგი შემოჰყავს V თავში (გვ. 52, თავი V, ,,უდიპური’').

დიდი მოგოლის იმპერიის დამაარსებლის – აკბარიდან მოყოლებული, ფადიშაჰები პირველ ცოლად სვამდნენ რაჯპუტანელი მთავრების ასულებს. ამით უზრუნველყოფდნენ ამ მეომარი ხალხის ლოიალობას. აურანგზების პირველი ცოლი იყო ჯოპურის პრინცესა, ანუ ჯოპური. (გვ. 53). ავტორი წერს: ,,ფადიშაჰის მთავარი ცოლი არ ყოფილა ყველაზე სასურველი. საყვარელ ცოლად ითვლებოდა ქრისტიანი ქალი, ისტორიაში ცნობილი უდიპურის სახელით. მას უდიპური ეწოდებოდა არა იმიტომ, რომ რაიმე ურთიერთობა ჰქონოდა უიდიპურთან (იგულისხმება რაჯპუტანული სამთავრო), მისი სამშობლო მდებარეობდა შორეულ დასავლეთ აზიაში – ეს იყო საქართველო, რომელიც ეხლა შედის რუსეთის შემადგენლობაში. ერთმა მონათმოვაჭრემ ჩამოიყვანა იგი ჯერ კიდევ ბავშვი ინდოეთში გასაყიდად. იგი იყიდა აურანგზების უფროსმა ძმამ – დარამ. წლების მომატებასთან ერთად გოგონა გარდაიქმნა მზეთუნახავად. დარა დაატყვევა მისმა სილამაზემ, იგი მზად იყო შეესრულებინა გოგონას ყველა სურვილი''.

უდიპურმა აიძულა შეყვარებული ქმარი დარა გადასულიყო ქრისტიანობაზე. მალე დაუწყო ბრძოლა თრიაქს, – სვამს ღვინოს, რომელიც შეაქვთ პორტუგალიიდან. ამავე დროს საკმაოდ განათლებულია, გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი, ამაყი. უდიპური შესანიშნავად ფლობს ფარსიის ენას, (სასახლის ენას). გასჭრა ჩანჩალ-კუმარის ხერხმა. შეურაცხყოფილმა აურანგზებმა დაიწყეს ომი. რაჯპუტანებმა რაჯა სინგჰის სარდლობით იგი დაამარცხეს. უდიპური დაატყვევეს, – გაგზავნეს ჩანჩალ-კუმართან, რეპნაგარას პრინცესასთან. აქ გატეხეს მისი ამაყი სული. აიძულეს თავი დაემცირებინა, მომსახურებოდა ინდუს ქალიშვილს.

ათასწლოვანმა ძნელბედობამ არაერთი ქართველი ქალი გატეხა. ისტორია აიტანს კიდევ ერთ გვემას, მითუმეტეს, რომანის ფურცლებზე. ავტორმა სცადა უარყოფითი ფერებით დაეხატა უბედური უდიპური, მაგრამ მისმა რომანმა უფრო პოპულარული გახადა იგი. დღესაც ინდოეთში აღფრთოვანებით ლაპარაკობენ ქართველი ქალის ლეგენდარულ სილამაზეზე. ჩასულ ტურისტებს დაწვრილებით უყვებიან დარასა და აურანგზების სიყვარულზე უდიპურისადმი.

ინდოეთში ქართველთა მოღვაწეობის არაერთი ფაქტია ცნობილი. განგებ ავარიდეთ თავი უკვე დამუშავებულ საკითხებს: რაფაელ დანიბეგაშვილის მოგზაურობას: წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილების გადასვენებას ქ. გოაში, არაფერს ვილაპარაკებთ ერეკლე II ინტენსიურ კავშირზე ინდოეთის სომხურ ბურჟუაზიასთან; აქ აღმოცენებულ ქართულ-სომხური დუალისტური სახელმწიფოს შექმნის იდეაზე; უკანასკნელ ბაგრატიონთა ცდებზე, პოლიტიკური კავშირი შეეკრათ ოსტ-ინდოეთის ინგლისურ კომპანიასთან, რიგვედას ცნებების შემოჭრაზე ქართულ სააზროვნო ყოფაში.

ვიმეორებთ, ქართულ-ინდური ურთიერთობა ამოუწურავი თემაა. საკუთარ მკვლევარს ელის ამ უზარმაზარი ქვეყნის წიგნთსაცავები, არქივები, ლიტერატურა, ფოლკლორი; შემოწმებას საჭიროებს ათასგვარი ლეგენდა, გადმოცემა. ერთი სიტყვით, გრანდიოზული პერსპექტივები აქვს მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას. ეს პრობლემა ისევე უშრეტია, როგორც თვით ინდოეთის ათასწლოვანი ისტორია.     

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq