თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ. 16 (29) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს თაყვანისცემას პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი, რომელთაგან განთავისუფლებულ იქნა საპყრობილეში ანგელოზისა მიერ. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში ჩასვეს. „ლოცვაჲ გულსმოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა შინა ღმრთისა მიმართ მისთჳს“. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი და ჴელთაგან მისთა“. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გაიყვანა მოციქული (საქმე 12, 1-11). ქრისტიანებმა შეძლეს, მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმინდე. ჯაჭვებთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სნეულებებისგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას, აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინოპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას, გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძა რი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმინდე იქ გადააბრძანა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვიც, რომლითაც მოციქულთა თავი თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 (29) იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად. |