საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (+107)

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს,  სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3).

მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმიდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას.

ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელ ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ.

107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.

ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმიდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.

ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან. ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს, შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq