საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ადამის მემკვიდრეობა
მერაბ ონიანი

ადამის მემკვიდრეობა

„მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ“

(იეზეკიელი 18,2)

დაეცა ადამი და ადამიანთა მოდგმისათვის ცრემლი ბუნებრივი გახდა, ის იქცა საჭმელ-სასმელად მისთვის; ადამის შემდგომ, ვერავინ განვლო ცხოვრება ცრემლის, კვნესის და ქვითინის გარეშე. ზღვა ცრემლი დაღვარა კაცობრიობამ. მწუხარე აღმოსუნთქვებითაა გადავსებული მთელი დედამიწა.

ცრემლთა მიზეზი სულიერი და სხეულებრივი სიკვდილია, სიკვდილის მიზეზი - ცოდვა, ყოველი ადამიანი ისახება უსჯულოებაში, იბადება ცოდვით და ჯერ ვერ დაუწყია რა ცხოვრება, კვდება. „რა საიდუმლოა - ადამიანის დაბადება ცოდვათა შინა? ცხოვრების ჯერ ვერ დამწყები უკვე როგორ კვდება? არ მავალი - დაეცა, არაფრის მოქმედმა - შესცოდა? პირველ წინაპრის შვილები მისგან ათასწლეულებით დაშორებულნი როგორ არიან თანამონაწილენი მისი ცოდვისა? (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ტ. 1. ასკეტური გამოცდილებანი, გვ. 551).

გონებით მოიხიბლა ადამი, ვერ დაიცვა რა მისი შემოქმედის ბრძანება და ღვთის ტაძრად ქმნილმა (2 კორ. 6.16) ღალატი დაუშვა თავის თავში. მისი ღალატის მეშვეობით უცხოტომელები შეიჭრნენ ღვთის ტაძარში, მის უწმინდეს ნაწილში და უტიფარი ხელი გაიწვდინეს ღვთისადმი მიძღვნილი ჭურჭლისა და მსხვერპლისაკენ. ღვთის ტაძარს მთელი ადამიანი წარმოადგენს, საკურთხეველს მისი გული, ჭურჭელი და მსხვერპლი - აზრები და შეგრძნებებია (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ტ. 5. თანამედროვე მონოზონთა შესაწირავი. ერის ცრემლები. 1 სტატია, გვ. 395).

უწმინდურმა სულებმა ფეხქვეშ გათელეს ღვთის ტაძარი, დაამხეს საკურთხეველი, სულიერი და მადლიანი ზრახვა-შეგრძნებანი შებილწეს, მათ ხორციელ ქვენა გრძნობებთან და ბოროტ სიმყრალესთან აღრევით. დაცემულმა ანგელოზმა ესოდენ დამანგრეველ ქმედებათა განხორციელება შესძლო ტყუილის მეშვეობით. სწორედ ამის გამო დაარქვა ღმერთმა ეშმაკს სიცრუის მამა და კაცისმკვლელი დასაბამიდან. (იოანე. 44). ტყუილის მეშვეობით ეშმაკმა მარადიული სიკვდილით განგმირა კაცობრიობა საფუძველშივე. ცდუნდა ადამი, ანუ სიცრუე ჭეშმარიტებად მიიღო, დაიზიანა თავი უკურნებელი ცოდვით. ამ დროიდან მისთვის ბუნებრივი გახდა ბოროტებისაკენ სწრაფვა სიკეთის საფარველით.

პირველწინაპრის დანაშაული (შეცოდება) დამღუპველად აისახა მის ბუნებაზე, მაგრამ ცოდვის დამღუპველი შედეგი არ შემოიფარგლა მხოლოდ მისით, ის გავრცელდა მთელ მის შთამომავლობაზე. ადამის დაცემის შემდეგ, მთელი ადამიანური  მოდგმა არის დაცემული, არის ხიბლში. „როგორც მცნების დარღვევით დასნებოვნდა ბოროტი ვნებებით - ამბობს ღირსი მაკარი დიდი - ასევე მისგან დაბადებულნი და მთელი მოდგმა ადამისა შთამომავლობით გახდა თანაზიარი ამ ვნებათ დასნებოვნებისა (ღირსი მაკარი ეგვიპტელი. თხზულებათა საუბარი. 24. 2. გვ. 377). ვიწყებთ რა ჩვენს არსებობას, ვიღებთ რა ყოფიერებას ადამისაგან მემკვიდრეობითად, ჩვენ ამავდროულად ვიღებთ ჩვენი პირველწინაპრის ადამის სახეს - ხატს.

როგორც უკვე ვიცით, „ადამი ღვთის ყოვლადწმინდა ხატის მსგავსად შეიქმნა რა, უნდა შეექმნა შესაბამისი შთამომავლობა. შებილწა რა ხატი, მოსპო მსგავსება, შექმნა შთამომავლობა შებილწული ხატის მაგვარი და განადგურებული მსგავსების შესაბამისი, წმინდა წერილი რომელიც ამოწმებს, რომ ადამიანი ღვთის ხატადაა ქმნილი (შესაქმე 1:27) ართმევს ამ დამოწმებას ადამის შვილებს (შესაქმე 5:3). წერილი ამბობს მათზე, რომ ისინი დაიბადნენ ადამის ხატისამებრ (5:3), ანუ ისეთებად, როგორადაც იქცა ადამი დაცემის გამო (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ. 2. ასკეტური გამოცდილება, გვ. 329).

ჩვენ უკვე ჩასახვიდანვე და დაბადებიდან, ვიღებთ სხეულს, რომელიც დაავადებული და დაშლილია, და რაც მთავარია, ცოდვით დასნებოვნებულ სულს, რომლის შხამიც მიღებული აქვს სულისა და სხეულის ყველა ნაწილებს, მოაკვდინებს რა მათ. როგორიცაა ფესვი, ისეთივეა რტონიც (რომ. 11:16), ხოლო როგორიცაა რტო, ისეთივეა მისი ნაყოფი (მათე 7, 16-18). კაცობრიობა თავის ფესვშივე, პირველ წინაპარშივე დაზიანდა, დაზიანებულ ფესვს არ შუძლია არ აღმოაცენოს რტო და ნაყოფი შესაბამისი დაზიანების გარეშე, ადამიანთა მდგომარეობა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, არის მდგომარეობა დაზიანების. იგი ხიბლის, დაღუპვისა და მარადიული სიკვდილის მდგომარეობაა.

ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ ასეთები, ჩვენ ვიბადებით ასეთებად, ვინ შექმნის წმინდას არაწმინდებისაგან? - არავინ (იობი 14,4), რადგან ცოდვით იბადება. ასეთ დაბადებას წმინდა მამები თვლიან უბედურებად, თვით არყოფნაზე უარესად (წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი. ასკეტური გამოცდილება. გვ. 552). ამგვარად, მიღებული ყოფიერება იღებს ამასთანავე ბოროტებას, რომელიც მის ბუნებას შეეზaრდა. „ბოროტება გარკვეულ წილად თანააშეერწყმება ბუნებას მათი მეშვეობით, რომელთაც თავდაპირველად დაუშვეს საკუთარ თავში ვნება და ურჩებით დაიმემკვიდრეს ავადმყოფობა და როგორც მემკვიდრეობით გადაეცემა და გრძელდება ცოცხალ არსებათა ბუნება, ისე რომ ბუნების კანონისამებრ დაბადებული, დამდაბლებისნაირია, ასევე ადამიანისაგან ადამიანი იბადება, ვნებიანისაგან ვნებიანი, ცოდვილისაგან ცოდვილი“. (წმ. გრიგოლ ნოსელი. ნეტარებათა შესახებ, სიტყვა 6, გვ. 94).

ამგვარად, „სიკეთემ კეთილზნეობრიობა ვერ შეიწყნარა, ის მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანის ბუნებისათვის, როგორც ცეცხლი სინოტივისათვის“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. თხზულებანი, ტ. 1, სიტყვა 3, გვ. 28). ადამიანის ბუნება ბოროტების მიმართ უფრო მიდრეკილი აღმოჩნდა, ვიდრე სიკეთისადმი. „თავად სიკეთე დაცემული ბუნებისა შეერია რა ბოროტებას, სიკეთედ ვეღარ დარჩა, მსგავსად ჯანსაღი და გემრიელი საჭმლისა, რომელიც კარგავს სარგებლიანობას, თუ მას შხამს შეურევენ“. (წმ. ეგნ. ბრიანჩანინოვი. ტ. 5. თანამედროვე მონაზვნობისათვის, თავი 7, გვ. 45).

„რამეთუ უწყი - ამბობს მოციქული პავლე, - ვითარმედ არა რაი დამკვიდრებულ არს ჩემთანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მას არად ვჰპოვებ“ (რომ. 7. 18). მაშ რაა დამკვიდრებული ადამიანში? - უკეთურება. სად? - ხორცში. ეს არ ეხება თავად ადამიანურ არსს, რადგან იგი ღვთის ქმნილებაა და შეუძლებელია იგი არ იყოს კეთილი, არამედ ხორცს, რომელიც ერთი მამის სიტყვების მიხედვით: „გახდა უკეთური დაცემის შედეგად“. ეს უკეთურება იწოდება ფშვინვიერ ხორციელებად, ანუ ძველ ადამიანად, ცოდვილი სხეულის მქონედ, გარკვეული თვალსაზრისით ცოდვის კორპუსად. თავად სული და ხორცი, როგორც ღვთის ქმნილებანი კეთილია - წმინდაა, მაგრამ დაცემის შედეგად იქცნენ უკეთურების მატარებლად. მათში დაემკვიდრა ვნებები და ვნებათა თავნებობანი და წარმოიქმნა ადამიანის არსი, გახდა ვნებიანი, თავნება და თავის მაამებლური“ (წმ. თეოფანე დაყუდებული. თარგმანება მოც. პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლესი, 7:18, გვ. 433). სწორედ ასეთ ადამიანურ არსში არ ცოცხლობს სიკეთე, მასში დამკვიდრებულია ცოდვა - სწორედ ის ბატონი, რომელსაც მონად მიეყიდა მთელი კაცობრიობა. როგორია მისი პიროვნება? ესაა  „პიროვნება, რომლის სულიც წარმოადგენს სიტკბოების მოყვარულ, თვით მაამებლობას, ხოლო სხეული კი - ყველა ვნებას მათი მასაზრდოებელი ყველა თვისებებით, სული და სხეული იქცა ამ ძალთა იარაღად“.

ამგვარად, ძველი ადამიანი შედგება უწესოდ და უცერემონიოდ მოქმედი ვნებებისაგან, სადაც უწესრიგოდ ირევიან აზრები, სურვილები და გრძნობები, რომლებსაც წმინდა მამები ათავსებენ სულსა და ხორცს შორის და ამით წარმოაჩენენ, რომ ვნებები არ მიეკუთვნებიან ადამიანურ არსს, რომ ისინი არიან რაღაც შემთხვევითნი, დამკვიდრებულნი ადამიანურ არსში და მისი გამანადგურებელნი (წმ. თეოფანე დაყუდებული. რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ მივდიოთ მას. წერილი 53, გვ. 190).

თვით სიტყვა „ვნება“ იტევს თავის თავში მწუხარების, ტანჯვის აზრს იმ მონობის თვალსაზრისით, რომელსაც თავისი ნებით თან ხმდება ადამიანი, სიამოვნების სანაცვლოდ, აგრეთვე განადგურების აზრს, რაც ასევე შედეგია ცოდვითი ტკბობისა და რაც მთავარია სული დასნებოვნებულია ცოდვით, რომლის შხამი სულისა და ხორცის ყველა ნაწილზე არის მოდებული, და მოაკვდინებს მას. როგორიცაა ფესვი, ისეთივეა რტონიც (რომ. 11:16) და „უკეთუ ძირი იგი წმინდა არს, და რტონიცა მისნი“. ხოლო როგორიცაა რტო, ისეთივეა ნაყოფი მისი (მათე 7:16, 18), „ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან, ნაყოფი ხენეში გამოიღოს“. კაცობრიობა თავის საფუძველშივე დაზიანდა, დაზიანებულმა ფესვმა შეუძლებელია შესაბამისად დაზიანებული ნაყოფი არ მოისხას. ადამიანის მდგომარეობა, გამონაკლისის გარეშე, ხასიათდება დაზიანებულობით და ხიბლით. ესაა დაცემისა და მარადიული სიკვდილის მდგომარეობა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ არ ვიყოთ ასეთნი, ჩვენ ვიბადებით ასეთებად. მართლმადიდებელ ასკეტიკაში ვნებითი მდგომარეობა არანორმალურ, ბუნების საწინაღმდეგო მდგომარეობად ითვლება „ეს რომ ბუნებრივი იყოს, ტანჯვას და წამებას არ გამოიწვევდა ჩვენში. რაც ბუნებრივია - ცხოვრების სიხარულს წარმოადგენს, ხოლო რაც ბუნებას ეწინააღმდეგება - ტანჯავს და აწამებს მას. მეორეს მხრივ, ეს ვნებითობა ბუნებრივი რომ იყოს, მაშინ მისგან თავისუფალი და წმინდა არ იქნებოდა ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვიცით, ადამიანი რომელიც სრულიად სუფთა და თავისუფალი იყო ამ მდგომარეობისაგან და მაინც იყო ადამიანი - ნამდვილი ადამიანი“ (წმ. თეოფანე დაყუდებული. რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ მივაღწიოთ მას, წერილი 19, გვ. 70).

ღმერთკაცი იესო ქრისტე იყო უცხო ყოველგვარი ცოდვისაგან (იოანე 3:5) „და იცით რამეთუ იგი გამოჩნდა, რათა ცოდვანი ჩვენნი აღიხვნეს და ცოდვაი მისთანა არა არს“. რატომაა უცხო? ცოდვამ რატომ ვერ მოიცვა იგი? და რატომ ვერ მოიძებნება ვერცერთი ადამიანი, რომელიც ცოდვის ტყვეობას გაექცა? რაშია ამის მიზეზი? აღმოსავლური ეკლესიის მართმადიდებელი მამები ამ მდგომარეობის მთავარ მიზეზს ხედავენ ადამიანური მოდგმის ჩასახვის წესში. შემთხვევით არ მომხდარა, რომ ღმერთმა ერთ-ერთი ჰიპოსტასით ყოვლად წმინდა სიტყვით მიიღო რა ადამიანური ბუნება, განიშორა თავისგან ჩვეულებრივი ჩასახვა, მამაკაცის თესლისაგან, ცოდვითი დასნებოვნების გადამცემი  ყველა ამგვარად დაბადებულისათვის. „ღმერთკაცი, - ამბობს წმ. ეგნ. ბრიანჩანინოვი, - ჩაისახა წმინდა სულის მოქმედებით! სიტყვა ხორციელ იქმნა, ყოვლადწმინდა ქალწულის წიაღში! ღმერთმა შექმნა თავისი ხორცი, ღვთაებრივი, ერთადერთი, სულიერი და ღვთაებრივ შეგრძნებათა შემძლე, ჩასახვის მეშვეობით, თუმცა, ღმერთკაცის სხეულის თვისებები იყო ადამიანური, მაგრამ ამასთანავე განღმრთობილი, როგორც ერთი პირის, ღმერთისა და კაცის კუთვნილება. ამ მიზეზით ღმერთკაცის ადამიანური თვისებები იყვნენ ერთდროულად ბუნებრივი და ზებუნებრივიც ადამიანის ბუნებასთან მიმართებით, ღვთის სხეულებრიობის სიწმინდე უსასრულოდ მაღლა იდგა მისგან ქმნილ ადამიანურ ხორციელ სიწმინდეზე.

ცხადია, რომ ყოველი ადამიანისათვის დამახასიათებელია ავადობა, რომელიც მომდინარეობს ადამის დაცემისგან, ცხოველთა და პირუტყვთა მსგავსი დამამცირებელი ჩასახვის წესის მეშვეობით. ღვთის შემთხვევაში შეუძლებელია იგივეს ჰქონოდა ადგილი, თავად ჩასახვის განსხვავებულობის გამო, ანუ ადგილი არ ჰქონდა იმ წესს, რომლის მეშვეობითაც გადაეცემა ცოდვითი დაზიანებულობა“ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ასკეტური ქადაგება, ტ. 4, გვ. 405-406). ჩასახვა და დაბადება ხდება ცოდვით და ცოდვიანობა გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეწყვილდებიან ვნებით, გულისთქმით, რადგან მისგან წარმოიქმნება ცოდვა (იაკობი 1:15). „მერმე გულისთქმა იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკვდილი და ის აერთიანებს, იტევს თავის თავში დაცემული ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელ ყველა ცოდვით მოძრაობებს, ვნება - გულისთქმა - აღმძვრელი ადამიანის შვილთმწარმოებელი ძალისა (გონითი, აზროვნებითი ძალების მონაწილეობთ) თავს უყრის მიწიერი სიცოცხლის განმსაზღვრელ ვნების ყველა სახეს: ხორციელ გულისთქმას, „გულისთქმაი თვალთა და სილაღე ამის ცხოვრებისაი“ (იოანე 1, 2:16). საფუძველი და მისი განმასხვავებელი ნიშანია თავმოყვარეობა, რომლისგანაც წარმოიქმნება ყველა ვნება, არცერთი ადამიანი არ იბადება რაღაც გარკვეული ვნებით, ყოველი ჩვენთაგანი მოდის ამ ქვეყნად ყველა ვნებათა თესლით - თავმოყვარეობით. ეს თესლი შემდგომ ცხოვრებაში ადამიანის თავისუფალი ქმედებებით ვითარდება, იზრდება და იფურჩქნება დიდ ხედ, რომელიც თავისი ტოტებით ფარავს მთელ ჩვენ ცოდვილებას ანუ მთელ სპექტრს ჩვენი ცოდვებისას, რადგან ყოველი ცოდვა უდაოდ თავს აფარებს მას ან ჰკიდია მის რომელიმე ტოტზე. თავმოყვარეობის უმთავრესი შტოებია: სიამაყე, თავმომწონეობა, სიტკბოებისმოყვარეობა. აქედან კი წარმოსდგება ყველა სხვა ვნება“ (წმ. თეოფანე დაყუდებული, ქრისტიანული ზნეობრივი სწავლების მონახაზი, ტ. 1. ნაწ. 1. გვ. 169).

ამგვარად, ცოდვის და ვნების საფუძველს წარმოადგენს ხორციელი გულისთქმანი, მეუღლეობრივი თანაცხოვრების სიტკბოება. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა ღმერთკაცი ამ მეუღლეობრივი ტკბობის გარეშე შვა, წმინდა ეკლესია თავის საგალობლებში ღვთისმშობლის ბაგეთ განუკუთვნებს ასეთ სიტყვებს: „არა შემცნობი სიტკბოსი, ქორწინების სიამის არა თანაზიარი“. (ღვთისმშობლის ხარების 2 სტიქ. „უფალო ღაღადყავსა“) და რადგან ჩასახვა უვნებოდ, გულისთქმათა გარეშე მოხდა, ისევე როგორც შობა იყო უცოდველი, ასევე შობილიც უცოდველი იქმნა.

გულისთქმები, ვნებები ადამიანში ცოდვითი დაცემის შემდგომ გაჩნდა და წარმოადგენს თითქოს და ცოდვითი სხეულის თესლს, საფუძველს, რაც ძველი აღთქმის ადამიანს გააჩნია, „განხრწნილი გულისთქმისა მისებრ საცდურისა“ (ეფეს. 4:21) და შესაბამისად „საქმით მისითურთ (კოლას. 3:9) და ცხოვრების წესით. ყოველი ადამიანი ჩაისახება რა ცოდვათა შინა, გულისთქმის გამო, და იბადება რა იგივე მიზეზით, ცოდვით, იღებს მემკვიდრეობად იმავე გულისთქმებს, ყველა ვნებათა წარმომშობს. გულისთქმათა წარმოქმნაში მონაწილეობს გონება და ნება, რომელთა მიმართულება არ შეესაბამება თავის მიზანს და დანიშნულებას. გონება და ნება თავისი ბუნების მიხედვით, რომ უნდა ისწრაფოდეს თავისი შემოქმედისაკენ, მიემართება ქმნილებისაკენ და ცვლის მისთვის დამახასიათებელ თვისებებს, მისთვის არადამახიასეთებელი მოსურნეობითობის თვალსაზრისით. და ზუსტად შეგნების ამ არადამახასიათებელ მიმართულებას და თავისუფლებას გადასცემენ მშობლები შვილებს და ამით მათ უღმერთო უბედური ცხოვრებისათვის წირავენ.

მაგრამ, მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, დაბადებისას მშობლები შვილებს გადასცემენ არა მხოლოდ ნებელობით ცოდვას გულისთქმის სახით, არამედ ბუნებით ცოდვას, ხრწნილების სახით. (ეპიფანოვიჩი ს.ლ. „ღირსი მაქსიმე აღმსარებელი და ბიზანტიური ღვთისმეტყველება“ გვ. 406) ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლები გადასცემენ არა მხოლოდ „არაბუნებრივი ვნებების“ ცოდვით თესლს, არამედ უბიწო „ბუნებრივ“ ვნებებს, რაც ხრწნადს ბუნებას ახასიათებს. შიმშილი, წყურვილი, ძილი, ავადყოფობანი და სხვა. არ გადასცემენ ისინი მხოლოდ პირად ცოდვებს, თუმცა შეუძლიათ გადასცენ განწყობა მათ მიმართ, მიმბაძველობის და მემკვიდრეობითობის კანონის შესაბამისად. ყველა ადამიანი პასუხს აგებს მხოლოდ თავის მოქმედებებზე და არ არის პასუხისმგებელი სხვათა საქციელზე, როგორც გვაუწყებს წმ. წერილი „დაე ნუ მოკვდებიან მამები შვილების მაგივრად და შვილები მამების ნაცვლად. ყოველი თავისი ცოდვისთვის მოკვდება (2 სჯული 4:16) და ამიტომ გვეკრძალება ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ შვილები პასუხს აგებენ მშობელთა ცოდვებზე. ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? (იეზეკ. 18, 1:2).

ხოლო მათ, ვინც წმინდა წერილის სიტყვების დამოწმებით ცდილობს დაასაბუთოს, რომ ცოდვები მაინც შეიძლება გადავიდეს მშობლებიდან შვილებზე, რადგან ღმერთი არის მამათა ცოდვის მომკითხავი შვილთაგან და შვილიშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში (გამოსვლათა 34:7), ვუპასუხებთ ნეტარი თეოფილაქტეს სიტყვებით: „შეხედე განაჩენის საზრისს, მასში არაფერია ნათქვამი, რომ შვილები მამათა ჩადენილი ცოდვების გამო ისჯებიან, მაგრამ მამათა ცოდვების გამო სასჯელი გადადის შვილებზე, როცა ისინი მსგავს ცოდვას ჩადიან. ეგვიპტიდან გამოსულებმა, რომ არ იფიქრონ, რომ არ დაისჯებიან იმავე სასჯელით, რომლითაც მათი მამები დაისაჯნენ, თუმცაღა მათზე უარესად შესცოდეს, ეუბნება მათ: „არა, არა იმგვარად. მამათა ცოდვები, ანუ სასჯელი გადმოვა თქვენზე, რადგან თქვენ არ გახდით უკეთესნი, არამედ იგივე ცოდვით და კიდევ უფრო უარესად შესცოდეთ“.

ყოველ ადამიანს აქვს თავისი ვნებები და ცოდვები, რომელნიც ქმნიან იმ ძველი აღთქმის კაცს, რომელსაც მოციქული პავლე მოუწოდებს: „ნუ უტყუვით ერთიერთს, განიძარცვეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ (კოლას 3:9) და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმინდითა - ჭეშმარიტებისათა (ეფეს. 4:24). ამ „ძველი კაცის“ სული შედგება თვითტკბობისა და თვითმაამებლობისაგან, ხოლო სხეული  კი არის ვნებათა ერთობა, რომელნიც ცალ-ცალკე წარმოადგენენ ამ ცოდვითი სხეულის ნაწილებს. როგორც უკვე თქმულა, სული ქმნის შესაბამის სხეულს, სულის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული სხეულის ორგანიზების თავისებურებები. სული აღბეჭდავს სხეულზე თავის ბეჭედს. სხეული განუწყვეტლად შეიძლება იცვლებოდეს სულის ცვალებადი მოძრაობების შესაბამისად. იმის მიხედვით, თუ საითაა მიმართული სიამოვნებისმოყვარული სწრაფვანი, შესაბამის ხასიათს იძენს ძველი ადამიანის ცოდვითი სხეული.

ყოველი ადამიანი, არის რა პიროვნება, ფლობს ინდივიდუალურ შეგნებას და არჩევანის თავისუფლებას. ცხადია, ის დამოუკიდებლად აძლევს მათ მიმართულებას, რის გამოც ხდება პასუხისმგებელი მათ მოქმედებებზე. შეგნება-ცნობიერება და თავისუფლება „ძველი ადამიანისათვის“ წარმოადგენს სიტკბოთმოყვარულ სურვილთა - ვნებათა ერთგვარ „სულს“, რომელიც ქმნის და აფორმირებს „სამშვინველსა“ და სიამეთმოყვარულ „სხეულს“ -  სურვილთა და ვნებათა შენობას. თუმცა ეს გავლენა არაა ცალმხრივი - იგი ორმხრივია. „სულის“ მიმართულება იქმნება და ვითარდება „სამშვინველის“ და „სხეულის“ ზემოქმედებით და თავის მხრივ, წარმოქმნილი „სული“ გავლენას ახდენს „სამშვინველსა“ და „სხეულზე“. ამგვარად, თითოეული ადამიანი აფორმირებს თავის „ძველ ადამიანს“, იღებს რა მშობლებისაგან მხოლოდ ნებისა და შეგნების ცოდვით მიმართულებებს.

წმინდა თეოფანე დაყუდებულის სიტყვით, „ყოველი ადამიანი იბადება ამქვეყნად დაზიანებული ყველა ვნებათა მქონე თესლით. ზოგი ამ ჩანასახს გამორჩეულად ერთი მიმართულებით ავითარებს, სხვა - სხვა მიმართულებით. ეს უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია მშობლებისაგან მიღებულ ტემპერამენტზე, შემდგომ აღზრდაზე, უმეტესად კი მიბაძვაზე, რაც იკვებება წინამდებარე მაგალითებით, წეს-ჩვეულებებით, მიმართვებითა და საზოგადოებით. როგორც ახალგაზრდა ხე, ამ გარემოებათა შორის მყოფი ადამიანიც უნებურად იხრება რომელიღაცა ერთი მიმართულებით, ხოლო შემდგომ შეუდგება რა ცხოვრების გზას და მოქმედებს რა იმავე მიმართულებით, განმტკიცდება მასში თვისებებით, რომელიც როგორც ამბობენ იქცევა მის მეორე ბუნებად“ (წმ. თეოფანე დაყუდებული. ქრისტიანული ზნეობრივი სწვლება. ტ. 1, ნაწ. 1, გვ. 291).

მშობლებს არ შეუძლიათ გადასცენ თავისი ცოდვები შვილებს, რადგან ეს უკანასკნელნი სუფთა ცნობიერებასა და თავისუფლებას უშუალოდ ღვთისაგან იღებენ. მშობლები კი გულისთქმებით გადასცემენ მხოლოდ ცოდვით მიმართულებებს და გადასცემენ თავის მემკვიდრეთა სულსა და სხეულს მათ ბუნებრივ უცოდველ ვნებებს, რაც წარმოადგენს იმ წყეულ მიწას, რომელიც აღმოაცენებს არაბუნებრივ ცოდვათა - ვნებათა ყლორტებს.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq