წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი თავიდან წარმართი იყო. 1265 წელს ლიტველ თავდთა შორის ძმათა შუღლს გარიდებული 300 ლიტვურ ოჯახთან ერთად აღმოჩნდა ფსკოვში. აქ მან მთელ ამალასთან ერთად მიიღო წმიდა ნათლისღება ტიმოთეს სახელით და უკვე ერთი წლის შემდეგ კეთილგონიერებისა და ქრისტიანული ღვთივსათნოებისათვის ფსკოველებმა თავის მთავრად აირჩიეს. 33 წელი მართავდა ის ფსკოვს. იყო სამართლიანი, უხვი მწყალობელი, ეკლესიებისა და მონასტრების მფარველი და თვით დააარსა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. 1268 წელს დოვმონტი ერთი იმ გმირთაგანი იყო, ვინც რაკოვორის ისტორიულ ბრძოლაში რუსულ ლაშქარს გაამარჯვებინა დანიელ და გერმანელ მოწინააღმდეგეებზე. წმიდა დოვმონტმა ფსკოვის ციხე-სიმაგრე შეუვალქმნა. წმიდანს ჰქონდა ჩვეულება: ქალაქის კრემლის გარშემო აგებდა ტაძრებს იმ წმიდანის სახელზე, ვისი ხსენების დღესაც აღწევდა გამარჯვებას. მტერთაგან დაუმარცხებელმა მცირე ტერიტორია ირგვლივ სულ ტაძრებით აავსო. დოვმონტის წმიდა ნაწილები მადლიერმა თანამოქალაქეებმა დაასვენეს ფსკოვის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. |