საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან
გაიოზ მამალაძე

ქართული სახელმწიფოებრიობის შესახებ ცნობები, – მითებსა და ლეგენდებს რომ თავი დავანებოთ, რაც სინამდვილის სიმბოლური გადმოცემაა, – უცხოური წერილობითი წყაროებით  ძველი წელთაღრიცხვით მეთორმეტე საუკუნიდან დასტურდება. ამ დროს ზემო ქართლის ტერიტორიაზე, ჭოროხის აუზში, ჯავახეთის, შავშეთის, კლარჯეთის (და ზღვისპირა კლარჯეთის), ტაოს, სპერის, ბასიანისა და არზრუმის მიწებზე, აღმოსავლეთ ევფრატამდე (კარა-სუმდე) ტაოხებს, ჯავახებსა და სხვა ქართულ ტომებს, უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული ძლიერი სახელმწიფოებრივი გაერთიანება – დიაოხი (ასურულად დაიაენი). ძველი წელთაღრიცხვით 1112 წელს ამ სახელმწიფოში ულაშქრია ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ პირველს. სამიოდე წლით ადრე, ძველი წელთაღრიცხვით 1115 წელს ტიგლათფალასარ პირველმა იომა დიაოხზე ცოტა უფრო სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მუშქების (მესხების) გაერთიანებასთან.

სამხრეთდასავლურ ქართულ სახელმწიფოს – დიაოხს ომები ჰქონდა ჯერ ასურეთთან,  მოგვიანებით ურარტუს სახელმწიფოსთან და ასევე, შემდეგში,  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფო – კოლხასთან. კოლხასა და ურარტუს ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში მოუხერხებიათ და დიაოხის სახელმწიფოს ტერიტორია დაუნაწილებიათ.

მერე კოლხეთის სახელმწიფო ხან ურარტუს ებრძოდა და ხან ჩრდილოეთიდან შემოსეულ ბარბაროს კიმირიელებს. კიმირიელები და ურარტუელები მესხთა გაერთიანებასაც ებრძოდნენ.

ძველი წელთაღრიცხვით 590 წელს მიდიელების შემოტევის შედეგად დაეცა ურარტუ. ურარტუელების დიდი ნაწილი ჩრდილოეთით დაიძრა, შეერია ქართველებს, ვაინახებს, ნაწილი დარჩა ადგილზე და იმ პერიოდში მოსულ არმენებში გაითქვიფა. 

ამ დროს მესხებმაც (მუშქებმა, მოსოხებმა) ჩრდილოეთისკენ დაიხიეს და მოვიდნენ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. დიაოხის ტერიტორიებს დიდი მესხეთი ეწოდა. ამ მიწას, როგორც ვთქვით, ზემო ქართლსაც უწოდებენ. მესხებმა დააარსეს ქალაქები – მცხეთა, უფლისციხე და სხვა.

სამხრეთ-დასავლეთ ქართლსა (ზემო ქართლში) და აღმოსავლეთ ქართლში სახელმწიფოებრივი გაერთიანება ამის მერეც არსებობდა. მის სათავეში მამასახლისი იდგა. ხშირად ადგილობრივი მამასახლისები ნაკლებად ემორჩილებოდნენ მცხეთის მთავარ მამასახლისს. თუმცა, ტრადიციით, მას მაინც უფროსად მიიჩნევდნენ და მამამთავრების,  „თავთა მათ ქართლისათა“ უპირველეს მემკვიდრედ თვლიდნენ. დასავლურქართული სახელმწოფოს, კოლხეთის (ეგრისის) მესვეურებიც ცნობდნენ ამ უპირატესობას, როგორც ეს ქვემოთ გამოჩნდება. 

ძველი წელთაღრიცხვის 336 წელს ერთ-ერთი ბერძნული სახელმწიფოს, მაკედონიის ტახტზე ავიდა მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი მხედართმთავარი და ხელმწიფე, 20 წლის ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონელებმა შეძლეს თითქმის მთელი ბერძნული პოლისების გაერთიანება, მოირთვეს სხვებიც და ძველი წელთაღრიცხვით 334 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე მაკედონელმა 50 000-იანი კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი და მობილური არმიით გადალახა დარდანელი და მცირე აზიაში, აქემენიდური სპარსეთის უზარმაზარ იმპერიაში შეიჭრა.

ალექსანდრემ მცირე აზიაში რამდენიმეჯერ დაამარცხა სპარსეთის შაჰის, დარიოს მესამის ჯარი და „აზიის მეფედაც“ იქცა. 

მაკედონელი საქართველოში არ შემოსულა. თუმცა, მეთერთმეტე საუკუნეში ლეონტი მროველი, – ძველი წყაროებისა და გადმოცემების საფუძველზე შექმნილ-დამუშავებული „ქართლის ცხოვრების“ დასაწყისში, „მეფეთა ცხოვრებაში“, წერს, რომ ალექსანდრე მაკედონელი იყო შემოსული ქართლში. 

უფრო ძველი, მეცხრე საუკუნის ძეგლი „მოქცევაჲ ქართლისაჲ  ამას ადასტურებს. მეცნიერები „მოქცევაჲ ქართლისაჲ “ სხვადასხვა დროის ზეპირი თუ წერილობით გადმოცემების კრებულად მიიჩნევენ. თხზულების პირველი ნაწილი მეშვიდე საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა („ქართული მწერლობა“). მეტიც, მეცნიერებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მეშვიდე საუკუნის შუა ხანები „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ შექმნის კი არა, არამედ მისი ერთ-ერთი რედაქტირების დროა და მეხუთე საუკუნის მიწურულისთვის აღნიშნული ძეგლი უკვე არსებობდა (მარიამ ჩხარტიშვილი).

„მოქცევაჲ  ქართლისაჲს“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელს ქართლში თან ახლდა აზო, ძე არიან ქართლის მეფისა. თხზულების მიხედვით, ქართლის ციხეებში ისხდნენ ბუნ-თურქნი და ჰონნი, რომლებიც გაყარა ალექსანდრე მაკედონელმა, წესრიგი დაამყარა და ქართლი დაუტოვა აზოს, არიან ქართლის მეფის ძეს. მცხეთა მას უბოძა საჯდომად და თვითონ გაემგზავრა. საზღვრად დაუდგინა დასავლეთით ეგრის წყალი (ენგური ან ღალიძგა), აღმოსავლეთით – ჰერეთი, ჩრდილოეთით – კავკასიონი და   სამხრეთით – სომხეთი (ბამბაკის მთები). ამგვარად, აზო შეიქმნა მთელი საქართველოს ხელმწიფედ. 

ჩვენი აზრით, შეიძლება, ალექსანდრეს შეტევამ სპარსეთის აქემენიდების იმპერიაზე, დადებითი გავლენა იქონია ქართლში, სახელმწიფოებრივი განვითარების მხრივ. სპარსეთის იმპერიას მიტაცებული ჰქონდა სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, ზემო ქართლი. დასავლეთ საქართველო, კოლხეთი კი, ხარკს უხდიდა. სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოზეც რაღაც გავლენა ჰქონდა სპარსეთს. ბუნ-თურქებში და ჰონებში, რომლებიც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, გამაგრებული იყვნენ ციხე-ქალაქებში,  შესაძლოა, აქემენიდთა გარნიზონები იგულისხმებოდეს, რომლებიც გაყარა ალექსანდრე მაკედონელმა (ან მისმა რომელიმე სარდალმა). ანდა ქართველებმა გაყარეს, ისარგებლეს რა ალექსანდრეს მიერ სპარსეთის იმპერიის დამხობით.

ამის შემდგომ აზო წავიდა მამამისის სამკვიდროში, არიან ქართლში, წამოიყვანა იქიდან რვა სახლი და ათი სახლი მამამძუძეთანი. ეს მთელი თემებისა და საგვარეულოების გადმოსახლებას ნიშნავს. თან, მოიყვანა თავისი ღმერთები – გაც და გა. 

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, აზო იყო პირველი მეფე ქართლისა, ხოლო მეორე – ფარნავაზი. თხზულების მიხედვით, აზო გარდაიცვალა თავისი სიკვდილით. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ არაფერს ამბობს ფარნავაზის წარმომავლობის შესახებ. ის უბრალოდ, მეორე მეფედ არის დასახელებული და მორჩა. თუმცა, ასევე, არც საურმაგის წარმომავლობაზეა რამე ნათქვამი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით კი საურმაგი ფარნავაზის ძეა.

არიან ქართლის ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს. მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს სამხრეთში (ან სამხრეთ-დასავლეთში) არსებული ქართული ტერიტორია, რომელიც ალექსანდრეს ლაშქრობამდე სპარსეთის იმპერიის სატრაპიაში (დაპყრობილ ქვეყანათა რეგიონში) შედიოდა. ზოგიერთი დაკონკრეტებით – არსიანის (არ(ს)იან-ის) ქედის გარშემო არსებული ქვეყანაა. ეს ძველი დიაოხის მხარეა. 

არსებობს სხვა მოსაზრებაც. ძველი წელთააღრიცხვის მერვე საუკუნეში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა მანას სამეფო. მანას სამეფო მოქცეული იყო ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, მისი ნაწილი გახლდათ. წყაროებში იხსენიება მანას მეფე – ბაგადატი. ეს ბაგადატი შესაძლებელია, იყოს ბაგრატიონთა საგვარეულოს წინაპარი. მანას სამეფო სახლში, დინასტიაში გავრცელებული იყო სახელი აზა. შეიძლება აქედან იყოს „მოქცევაè ქართლისაèს“ აზო.

მეცნიერებაში გამოითქვა, ასევე ვარაუდი, რომ „არიან ქართლი“ შეიძლება იყოს პირინეის იბერია, ბასკეთის ქვეყანა, რადგან ქართველი მწერლები, ყველგან, იბერიის მაგიერ, მათ შორის დასავლეთის, პირინეის იბერიის ნაცვლად, წერენ ქართლს ან საქართველოს. არიანი კი პირინეის აღმნიშვნელი შეიძლება იყოს. 

მეთორმეტე საუკუნეში არსენ ბერი (ალბათ, არსენ იყალთოელი) წერდა: ჩვენ, ქართველები, იმ არიან ქართლელების შთამომავლები ვართ და მათ ენაზე ვლაპარაკობთო.

„ქართლის ცხოვრებაში“, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვითაც, ალექსანდრე მაკედონელი შემოვიდა ქართლში. აქ დამკვიდრებული უცხო ნათესავი (ბუნ-თურქნი და ყივჩაღნი) გაყარა ან დახოცა და ქართლოსიანებს, ანუ ქართველებს დაუმკვიდრა ქვეყანა. შემდეგ ქართველებს დაუტოვა  მთავრად აზონი, ძე იარედოსისი, მისი ნათესავი მაკედონიიდან და მისცა აზონს ასი ათასი კაცი რომის ქვეყნიდან, რომის ქვეშევრდომებიდან („ფროტათოსელნი“), მეომრებად. 

აქაც უცხო ნათესავისგან ქართლის გაწმენდაზეა საუბარი, წესრიგის დამყარებაზე, ხელმწიფის (ერისთავის, პატრიკის) დანიშვნასა და რელიგიური კულტის დადგინებაზე (ან ალექსანდრეს სპარსეთზე გალაშქრებით სასარგებლო ვითარების შექმნაზე). მხოლოდ, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აზონი (სახელი იგივეა აზო–აზონი) არის მაკედონელი, ევროპელი, ანუ სხვა ეროვნების და მასთან დატოვებული 100 000 ადამიანიც ქართველი არ არის.

ორივე ცნობაში ჩანს, რომ ალექსანდრე მაკედონელს გაუჭირდა ქართლის გაწმენდა უცხო ტომებისგან. ორივე წყაროს მიხედვით, თერთმეტ თვეზე მეტხანს იბრძოდა მაკედონელი ქართლში. ამ ორ წყაროს შორის მრავალი მსგავსებაა. შესაძლოა, რაიმე სხვა წყაროდან იყოს ორივე, ან „ქართლის ცხოვრების“ ავტორს კიდევ, დამატებით სხვა წყაროდან ესარგებლა. 

შესაძლოა, „მეფეთა ცხოვრების“ ავტორი ფარნავაზისა და მისი შთამომავლების მემკვიდრეობის ლეგიტიმურობის განმტკიცებას ცდილობს და ამიტომ, გამოჰყავს აზონი მაკედონელი და მისი მხლებელი 100 000 კაცი კი – რომაელი, ანუ უცხო. 

„ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ აზომ ქართლთან ერთად დაიპყრო ეგრისი, ანუ კოლხეთი. ილაშქრა და ხარკი დაადო ჩრდილოეთ კავკასიაში ოსებს, ლეკებსა და ხაზარებს. 

მას ტირანული რეჟიმი დაუმყარებია ქართლში. ქართლოსიანებს აკრძალული ჰქონდათ იარაღის ტარება. აზონის რომაელი, ანუ უცხოელი ჯარისკაცები თუ ვინმეს დაუნახავდნენ იარაღს, კლავდნენ. კლავდნენ გამორჩეულ ვაჟკაცებსაც, რომლებიც მეფისთვის საშიშად მიიჩნეოდნენ. აზონის ტირანულ ხასიათს შეეწირა მრავალი რომაელი ჯარისკაცის სიცოცხლეც. ასეთ ჭირში ცხოვრობდნენ ქართველები აზონის მეფობისას, გვიამბობს „მეფეთა ცხოვრება“. ამგვარად, ავტორი გვამზადებს, რომ ლეგიტიმურად მივიღოთ ამ რეჟიმის, ანუ აზოს წინააღმდეგ მებრძოლი გმირი.

ამ დროს მცხეთაში იზრდებოდა ქართველი ჭაბუკი, სახელად ფარნავაზ. ის იყო მცხეთოსის ძის, უფლისის შთამომავალი, ანუ ქართველთა მამამთავრის – ქართლოსის პირდაპირი მემკვიდრე. მისი მამა, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმა, მოკლა აზონმა, სამარასთან ერთად. დედა სპარსელი ჰყავდა ჭაბუკს, ასპანიდან. ფარნავაზის დედის სპარსელობა მიუთითებს ალექსანდრემდე პერიოდში ქართლში სპარსელთა გავლენას. ეს შესაძლოა, დინასტიური ქორწინებაც ყოფილიყო, ან ალექსანდრეს მეფობის წინა წლებში, ქართლში, სპარსელები ბევრი იყვნენ, მათ შორის წარჩინებულები, რადგან ქართლის მამასახლისის ძმა უბრალო სპარსელს არ შეირთავდა. სამი წლის რომ იყო ფარნავაზი, დედამ ჩრდილოეთ კავკასიაში წაიყვანა და იქ გადამალა, რათა ისიც არ მოეკლა უცხოელ აზონს, დამპყრობელს, „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის თქმით.

როცა წამოიზარდა ფარნავაზი, ოჯახთან ერთად დაბრუნდა მცხეთაში. თუმცა, ცდილობდა, არ მოხვედრილიყო აზონის თვალთახედვაში, რათა ეჭვიანი მმართველის რისხვა არ გამოეწვია. მაგრამ, ფარნავაზის ტალანტი არ დაიმალა და აზონმა მაინც შეიტყო მის შესახებ. შეიყვარა იგი მისი ნიჭისა და ვაჟკაცობის გამო, რადგან აზონი ნადირობის მოყვარული იყო, ხოლო ფარნავაზი კარგი მონადირე.

ფარნავაზის დედამ კარგად იცოდა, რომ ეჭვიანი ტირანის სიყვარული დროებითია და კვლავ ურჩია შვილს, ნუ გამოიჩენ თავს აზოს თვალწინ, რათა არ მოგკლასო. ასე შიშში ცხოვრობდნენ. ბოლოს დედამ შესთავაზა, გამგზავრებულიყვნენ მის სამშობლოში, ასპანს, სპარსეთში. ასეც გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართლოსის შთამომავალს ძალიან ეძნელებოდა მამულის დატოვება.

იმ ღამეს ფარნავაზმა ნახა სიზმარი. იყო რაღაც უკაცრიელ შენობაში და ვერ გამოდიოდა. უცებ შემოვიდა სარკმლიდან მზის შუქი, შემოერტყა წელზე ჭაბუკს, ასწია და გაიყვანა სარკმლიდან. რომ გამოვიდა ველად, დაინახა მზე დაბლა ჩამოსულიყო, მიუწვდინა ხელი ქართლოსის მემკვიდრემ, მოჰხოცა ცვარი მზის პირს და იცხო სახეზე.

გაეღვიძა ფარნავაზს, და გაიფიქრა: წავალ ასპანს და ბედნიერებას ვეწევიო. 

იმ დღეს ფარნავაზი სანადოროდ წავიდა, მარტო. დიღმის ველზე ირმებს დაედევნა. მირბოდნენ ირმები ოღროჩოღრო აღმართზე. ერთს ისარი სტყორცნა. ცოტა გაიარა დაჭრილმა ირემმა და კლდის ძირას დაეცა. მიუახლოვდა ფარნავაზი და ჩამოხდა ცხენიდან. საღამო იყო, ბნელდებოდა. მონადირე ქართლოსიანმა გადაწყვიტა, იქვე გაეთენებინა ღამე.

კლდის ძირში გამოქვაბული იყო, ქვით ამოშენებული. სიძველის გამო უკვე ირღვეოდა კედელი. გაწვიმდა. წვიმისგან თავშესაფარი და ღამის გასათევი სჭირდებოდა ფარნავაზს. ჭაბუკმა მონადირემ ამოიღო ჩუგლუგი, გამოანგრია ამოშენებული და შევიდა გამოქვაბულში. 

... და დაინახა უძვირფასესი განძი, ოქრო და ვერცხლი, უამრავი. ჯერ გაოცდა ფარნავაზი, მერე კი სიხარულით გაახსენდა თავისი სიზმარი. კვლავ ამოგმანა გამოქვაბულის კედელი და სწრაფად სახლისკენ გაეშურა. 

სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ამბავი მართალი იყოს. შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე შემოჭრილმა ტომის ბელადებმა სამალავი გააკეთეს, სადაც ნაძარცვი განძი შეინახეს. შემდეგში კი ან დაიხოცნენ, ან მსწრაფლ მოუწიათ გასვლა ჩვენი ქვეყნიდან, ხოლო განძი დარჩა.

ღამით მოადგებოდნენ ხოლმე ფარნავაზი, მისი ორი და და მათი დედა განძით სავსე გამოქვებულს და დილამდე გამოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სხვა ადგილას გადაჰქონდათ და მარხავდნენ. გამთენიისას ისევ ამოგმანავდნენ კარს და კვლავ დაღამებას ელოდნენ. ხუთი ღამე მოუნდნენ განძის გამოტანას გამოქვაბულიდან. 

გამდიდრებულმა ფარნავაზმა სამშობლოზე დაიწყო ზრუნვა. კოლხეთის მთავარს, ქუჯის კაცი გაუგზავნა და შეუთვალა: „მე ვარ მცხეთოსის ძის, უფლოსის შთამომავალი, სამარა მამასახლისის ძმისწული, მაქვს აურაცხელი სიმდიდრე. მოვალ შენთან, ვიყოთ ძმები, გამოვიყენოთ ეს ქონება და შევებრძოლოთ აზონს“.

ეგრისის გახარებულმა მთავარმა უპასუხა: „შენი ქონებით გაგიმრავლებ ჯარს, მერე შევებრძოლოთ აზონს. მაშინ გაიხარებენ ქართველნი მისგან დაჩაგრულებიც და მისგან მოკლულებიც. შემოგვიერთდება არაერთი აზოს ჯარისკაციც, მასზე განაწყენებული“.

და ფარნავაზიც გაემართა ქუჯის სამფლობელოში. 

აზოს მეფობის დღეები მთავრდებოდა...

საქართველოში დაიწყო ახალი სამეფო დინასტიის აღზევების ხანა, რომელსაც მერე ფარნავაზიანები ეწოდა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq