|
რა ეღირება მეფის "შენახვა" (თუ "რჩენა"), სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქიის პროექტიდან გაიოზ მამალაძე
| შეიძლება ახლა საქართველოსთვის მონარქიის აღდგენა არ არის უპირველესი, სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა. სამეფო კლუბის წევრებმა და საერთოდ ქართველი მონარქისტების დიდი უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. საზოგადოების ერთ ნაწილში, პოლიტიკური ელიტების მიერ დათესილი სიძულვილის დაცხრობა. ხალხის უდიდესი ნაწილისათვის უმთავრესი პრობლემაა სოციალური გაჭირვების დაძლევა. შრომის, დასვენების, სწავლის, ჩაცმა-დახურვის, მკურნალობის, საცხოვრებლის, და საერთოდ ლუკმა-პურის შოვნის პრობლემა... გარდა ამისა, ქართველი ხალხის წინაშე დგას არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები - ეროვნული სახის, კულტურის შენარჩუნება, დემოგრაფიული პრობლემა, დემოკრატიული, ტრადიციული საზოგადოების შექმნის აუცილებლობა. ჩვენ უნდა შევუქმნათ მომავალ თაობებს ღირსეული, ეკონომიკურად ძლიერი, ტრადიციული, დემოკრატიული სახელმწიფო და რაც მნიშვნელოვანია, ეს პროლემები უნდა გადავჭრათ რაც შეიძლება მალე... რა თქმა უნდა, ამ ამოცანების დაძლევა უმთავრესია, და სულაც არ ვფიქრობთ და არც ვაპირებთ, რომ რაიმე პრობლემა უნდა დაემატოს ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს, რაიმე ხარჯი თუ თავსატეხი, თუნდაც მომავალში. თუმცა, ხაზს ვუსვამთ - მომავალში, შეიძლება ახლო მომავალშიც, შეიძლება რამდენიმე წელიწადში, თუ აღდგება მონარქია და დადგინდება მისი თანამედროვე სახალხო კონსტიტუციური, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქიის სახით, ეს ხელს შეუწყობს ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტას. სახალხო, კონსტიტუციური, რესპუბლიკური მონარქია ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის დასაწყისი შეიძლება გახდეს, ამაზე სხვა დროს. დღეს, მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე მოგახსენებთ, ძალიან მოკლედ. სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქიის ქვეყნებში მეფე ასრულებს ზუსტად იმ მოვალეობებს, რაც რესპუბლიკური მმართველობის შეთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობაა - სახელმწიფოს სიმბოლური მეთაურობა, სახელმწიფო ცერემონიები, უცხოელთა მიღება და სხვა. და ეს არ არის უფროს ძვირი, ვიდრე პრეზიდენტის შენახვა. მაგალითად, იაპონიაში და ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში მეფეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან, ვიდრე ევროპის საპრეზიდენტო ქვეყნები პრეზიდენტების ხელფასზე და მათ პენსიებზე, მათი ოჯეხების დაცვაზე და უზრუნველყოფაზე. მეფეს ერთხელ დავადგენთ და არ დაგვჭირდება უამრავი ნაპრეზიდენტალი პერსონებისთვის საპრეზიდენტო პენსიის გადახდა და მათი დაცვითა და ფინანსებით უზრუნველყოფა. მეფეს გადავუხდით ზუსტად იმ ხელფასს, რასაც დღეს იღებს პრეზიდენტი, მეტს არა. შეიძლება ნაკლებსაც.მეფე იცხოვრებს იქ, სადაც დღეს ცხოვრობს პრეზიდენტი.არ იქნება არავითარი სამეფო კარი, არანაირად. სამეფო კანცელარია კი დაკომპლექტდება პროფესიონალებისაგან, როგორც საქმე მოითხოვს და როგორც დღესაა პრეზიდენტის კაბინეტი. არავითარ შემთხვევაში წარმოშობისა და გვარიშვილობის მიხედვით.მეფეს დაცვა არ ეყოლება იმაზე მეტი, რაც ჰყავს პრეზიდენტს, პირიქით, შეიძლება ნაკლებიც. არც მეფის ძმებს და დებს, არც მოგვარეებს და ნათესავებს, არც თავადების შთამომავლებს არ ექნებათ არანაირი პრივილეგიები, არანაირი პენსია და ხელფასი სახელმწიფოსგან, არავითარ შემთხვეში. არც იურიდიულად და არც რეალურად არ იარსებებს რაიმე განსხვავება საქართველოს მოქალაქეებს შორის მათი წინაპრების სოციალური წარმოშობის გამო. და ქართველი მეფის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო განმტკიცდება აზრი, რომ ყოველი ქართველი, ყოველი მოქალაქე დიდებულია და საქართველოს ყოველი გვარი კეთილშობილია. სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე |
|