საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

ლაზეთი

შე ლაზურო აფრავ -

ჩემო საპერანგე,

ლეგენდად თუ ზღაპრად

საით დამეკარგე.

სიზმარო თუ ზღაპარო,

გიცნობ ლაზისტანად,

მაგრამ ვიღამ ახაროს

ე მაგ ვაზისთანა?!*

 

შოთა ნიშნიანიძე  (*"მზე შუბის ტარზე", უსათაურო, 1971 წ.)

 

ვახუშტის საისტორიო ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ვკითხულობთ: "ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და ან უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავის ზღვის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპიზონის სამზღვრამდე"** (**ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 689).

ძველი კოლხეთის ბინადარი ორი მონათესავე ტომიდან ჭან-ლაზებს მთელი ჭოროხის ხეობა ეჭირათ ტრაპიზონამდე, მანლარ-მეგრელებს (ეგრისელებს) კი რიონის ხეობა.

კოლხეთში თავდაპირველად ჰეგემონია მანრალ-მეგრელებს ჰქონიათ, ძველი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში რომაელების შემოსევის შემდეგ ლაზები წამოწეულან წინა პლანზე. რომალებს კოლხეთისათვის სახელწოდებაც შეუცვლიათ და ლაზიკა ან ლაზიკი შეურქმევიათ.

აი როგორ ახასიათებს ლაზებს ანტიკური ეპოქის მოაზროვნე აგათია სქოლასტიკოსი: "იმ ტომებს შორის, სხვა სახელმწიფოს რომ ემორჩილებიან, არ მეგულება არც ერთი სახელგანთქმული და დიდებული ტომი, რომელსაც შეეძლოს შეედაროს მას (ე.ი.  ლაზებს - გ. მ.) როგორც ბარაქა-სიმდიდრით, ისე ქვეშევრდომთა მრავალრიცხოვნობით, როგორც ვრცელი მიწებითა და უხვი მოსავლით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით..."* (*ი. სულეიმანოვი, იშვიათი ნაპოვნი, გაზ. "ლიტ. საქართველო", თბ., 9.02.73 წ.)

ლაზიკის სატახტო ქალაქი არქეოპოლისი (დღევანდელი ნაქალაქევი ცხაკაიას რაიონში) ყოფილა, ხილო ლაზთა ციხეებს შორის ისტორიულ წყაროებში უპირველესად ქალაქ პეტრას (პეტრას ციხე, დღევანდელი ციხისძირი) იხსენიებენ.

დიდი ზიანი მიაყენეს ლაზიკას სპარსეთსა და ბიზანტიას შორის პოლიტიკური ურთიერთობის გამწვავებამ, რადგან იგი პოლიტიკური ზეგავლენისათვის ბრძოლის სფეროში მოექცა. ამას დაერთო რელიგიური პირველობისათვის ბრძოლაც: სპარსეთი ცდილობდა მაზდეანური სარწმუნოების გავრცელებას, ბიზანტია - ქრისტიანულისას.

337 წელს იბერიაში ქრისტიანობა აღიარებულ იქნა ოფიციალურ რელიგიად, რაც ბიზანტიის არა მარტო რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ გამარჯვებასაც მოასწავებდა იბერიასა და აგრეთვე ლაზიკაშიც.** (**მ. ვანილიში, ა. თანდილავა, "ლაზეთი", თბ., 1964 წ., გვ.8).

VII-VIII საუკუნის მიჯნაზე ლაზეთმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება და აფხაზთა ერისთავების ხელში გადავიდა. ამასთან ერთად, ლაზიკამ ტერიტორიული მთლიანობაც დაკარგა, ორ ნაწილად გაიყო: სამხრეთ-დასავლეთით მოექცნენ დასავლეთის ქართული მოდგმის ტომები - ჭან-ლაზები, ჩრდილო-დასავლეთით - ჩრდილოეთის ქართული მოდგმის ტომები - მეგრელები.* (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ. 29).

არაბების მიერ შევიწროებულმა და დევნილმა ქართულ ენაზე მოლაპარაკე ტომებმა ქართლიდან თავშესაფარი ლაზიკაში პოვეს. მათ დაუკავებიათ ლაზიკის ტერიტორიის შუა ნაწილი, ჭოროხისა და რიონის ხეობა.

ლაზეთი შავი ზღვის სანაპიროს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული - ჭოროხის ხეობიდან ტრაპიზონამდე, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ნაწილი (ვიწე-ხოფა-გონიოს ფარგლებში) სამცხის საერისთავოს შემადგენლობაში შერჩა საქართველოს, ხოლო ლაზეთის უდიდესი ნაწილი, ტრაპიზონის ჩათვლით, ბიზანტიის მფლობელობაში მოექცა.** (**ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტება აქვს მოცემული ინგლისელ დენის სესილ ჰილზს, რომელმაც ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში (1959 და 1962 წლებში) ორჯერ იმოგზაურა ლაზეთში: "ძველი ქალაქი (ტრაპიზონი, - გ. მ.) აშენებულია პლატოს კონუსისებურად წაგრძელებულ ენაზე, რომელიც ციცაბოდ ეშვება ზღვაში (აქედან მისი სახელწოდება ტრაპეზუს - სასადილო მაგიდა)" იხ. სამეცნ. ბიბლ. კრებული "მიმომხილველი" თბ. სახ. უნივერ. 6-9, გვ. 123, 1972 წ.).

ბიზანტია გაშლილი ფრონტით უტევდა ჩვენს ქვეყანას და თვით გაერთიანებული საქართველოს მეფეებსაც კი არ შეეძლოთ ყველგან გაწვდომოდნენ მოძალებულ მტერს.

საჭირო ოყო მომენტის შერჩევა და ასეთი მომენტიც დაუდგა XIII საუკუნის დასაწყისშივე: როცა ჯვაროსნებმა 1204 წელს კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს, თამარ მეფემ შეურაცხმყოფელი საქციელი საბაბად გამოიყენა (ბერძენთა მეფემ ქართველ ბერებს თამარ მეფის ნაჩუქარი ოქრო ჩამოართვა), გაათავისუფლა ლაზეთი, ცალკე სამეფო - ტრაპიზონის სამეფო შექმნა და მეფედ თავისი ახლობელი ნათესავი, საქართველოში გაზრდილი ბერძენი უფლისწული, ალექსი კომნენოსი დასვა.

შემდგომი პერიოდისთვისაც დამახასიათებელია გაბატონებული მდგომარეობისათვის ბრძოლა, ერთი მხრივ, საქართველოს მომხრე ჭან-ლაზებსა და, მეორე მხრივ, - ბიზანტიელთა მომხრე ჯგუფებს შორის. უფრო ხშირად ლაზ-ქართველთა ჯგუფები იმარჯვებდნენ. ასე გაგრძელდა 1453 წლამდე, ვიდრე საქართველოს დაუძინებელი მტრები - ოსმალები კონსტანტინოპოლს აიღებდნენ და ბიზანტიის საკეისროში თურქ-ოსმალთა ბატონობას დაამყარებდნენ. 1461 წელს ტრაპიზონს დიდი ჯარით მიადგა ძლიერი სულთანი მუჰამედ მეორე. ტრაპიზონის უკანასკნელმა მთავარმა დავითმა ვერ გაბედა ძლიერ მტერთან შებრძოლება და უომრად ჩააბარა ტრაპიზონი. სულთანმა დავითი და მისი რვა შვილი ჩამოახრჩობინა.* (*მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ.37).

1801 წელს ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა. დაიწყო შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალების განდევნა - 1809 წლის ბოლოს რუსეთის ჯარმა ფოთის ციხე აიღო, 1810 წელს კი იმერეთის სამეფოც შემოიერთა.

1828 წლის აგვისტოში რუსთა ჯარმა გენერალ პასკევიჩის სარდლობით, ახალციხის მახლობლად, სოფელ კლდესთან დაამარცხა ოსმალები და სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის (ახალციხის საფაშო) განთავისუფლების ჯერიც დადგა - 1829 წელს ადრიანოპოლის ხელშეკრულებით ოსმალეთმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრა რუსეთს დაუთმო.** (**იქვე, გვ. 47).

1877 წელს ახალი ძალით იფეთქა სამხედრო კონფლიქტმა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. სამშობლოს განთავისუფლებისათვის გაჩაღებულ ცხარე ბრძოლებში ქართველთა ლაშქარიც მონაწილეობდა.

ომის დამთავრებას, 1878 წელს, ბერლინის ტრაქტატი მოჰყვა, რომლის ძალითაც რუსეთს გადაეცა ყარსი, არტაანი და ბათუმი. ამგვარად, სამაჰმადიანო საქართველოს დიდი ნაწილი, კერძოდ აჭარა, საქართველოს შემოუერთდა.

ამ ტრაქტატით რუსებს ლაზეთის მხოლოდ მცირე ნაწილი ერგო – ჩხალის ხეობა, სულ 16 სოფელი. ლაზეთის ამ ნაწილს ეჭირა ზღვის სანაპირო სოფ. სარფიდან კოფმიშამდე (ლიმანთან)*. (*მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი გვ. 57).

1964 წელს, თბილისში დაისტამბა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი "ლაზეთი", რომელიც ლაზეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მთლიანობაში გაშუქების პირველ ცდას და, პროფ. ს. მაკალათიას აზრით, ქართულ საისტორიო მწერლობაში წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ნარკვევში მოცემულია საკმაოდ მდიდარი მასალა ლაზეთისა და თვით ლაზების შესახებ.

ნარკვევის ავტორებს - სარფელ ლაზებს მ. ვანილიშსა და ა. თანდილავას, XVIII საუკუნის მიწურულის ლაზეთის და ლაზების დასახასიათებლად მოჰყავთ სამი ნაშრომი: ოსმან-ბეის Лазистан (ოსმან-ბეიმ ლაზეთში 1864 წელს იმოგზაურა), ინგლისელი კონსულის ვ. ჯიფორდ პალგრევის "Отчет о береге Лазистана" (1872 წ.) და "Три  месяца в Турецкой  Грузии" გ. ყაზბეგისა,** (**გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაიბადა 1840 წელს. იგი იყო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმ. ყაზბეგის ძმა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი.

სამხედრო სამსახურში განვლო გზა პორუჩიკობიდან გენერალ-ლეიტენანტობამდე. მონაწილეობდა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში.

რუსეთ-იაპონიის ომის დამთავრების შემდეგ, 1905 წლის დასაწყისში გადაიყვანეს ვლადივოსტოკის კომენდატად, მაგრამ მალე რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორეს რისხვა დაატყდა თავს, რადგან უარი თქვა სასტიკად გასწორებოდა ამბოხებულ ჯარისკაცებს. მეფის მთავრობამ ლიბერალობა დასწამა და 1906 წელს მცირე პენსიით დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან.

დაბრუნდა თუ არა საქართველოში, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. დიდი ილიას დაღუპვის შემდეგ გ. ყაზბეგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" უცვლელი ხელმძღვანელი.

საყოველთაოდ ცნობილია გ. ყაზბეგის ნაყოფიერი კვლევითი მოღვაწეობა გეოგრაფიის სფეროში და მისი საინტერესო მოგზაურობანი, რაც XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე გრძელდებოდა. 1873 წელს არჩეული იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილ წევრად.

გ. ყაზბეგი, 81 წლის ასაკში, ევროპაში სამკურნალოდ მიმავალი გარდაიცვალა სტამბოლში (დოც. ნ. ნაჭყებია, გაზ. "კომუნისტი", 23.01.71 წ.) რომელმაც ლაზეთში XIX საუკუნის 70-იან წლებში იმოგზაურა სამხედრო-სტრატეგიული დავალებით.

მოვიყვანთ ზოგიერთ მონაცემებს დასახელებული ნაშრომებიდან:

ოსმან-ბეი

ლაზეთმა თავისი სახელწოდება მიიღო ლაზებისაგან, რომლებიც ქართველთა წარმოშობისანი არიან. ლაზეთი ეწოდება შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს, საზღვრებით: ჩრდილოეთით - შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით - მდ. ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - მდინარე სამანსუ; ტერიტორია ფართობით 7 000 კვ. კილომეტრი.

მთავარი ქალაქია ტრაპიზონი (ვანილიში და თანდილავა მიუთითებენ, რომ ლაზურად მას ეწოდება "ტრამტრა", ძველად ქართველები კი "ხალდეს" უწოდებდნენ. - გ. მ.), რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ლაზეთის სატახტო ქალაქს წარმოადგენს.

ლაზებს აქვთ თავიანთი ენა (განსაკუთრებული დიალექტი), რომელიც ქართულის მონათესავეა.

თავისი ტიპიურობით ლაზი ქართველს ემსგავსება.

ლაზები შრომისმოყვარენი არიან და მისდევენ სოფლის მეურნეობას, უმთავრესად მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ქერი, თხილი, თამბაქო, თაფლი. ლაზური სელი მაღალი ხარისხისაა და იქაურები სელისაგან ქსოვენ ტილოს, რომელიც სახელმოხვეჭილია აღმოსავლეთში. როგორც ვაჭრები და მეზღვაურები დიდ მეტოქეობას უწევენ ყველა სხვა ტომებს, კარგი გემთშენებლებიც არიან (აკი ვახუშტიც შენიშნავდა: "კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა". - გ.მ.). ოსმალეთის ფლოტში მეზღვაურთა სამ მეოთხედს ლაზები შეადგენენ.

ლაზები დახელოვნებული არიან აგრეთვე სპილენძისა და თითბრის ჭურჭლის კეთებაში.

ომიანობის დროს ლაზები მედროშეებად არიან, მსახურობენ აგრეთვე პოლიციაშიც (ბაში-ბუზუკში).

ლაზების ტანთჩაცმულობა თითქმის არ განსხვავდება აჭარულ-გურული ჩაცმულობისაგან - დაწყებული შარვლიდან, დამთავრებული ყაბალახით.

 

ვ. ჯიფორდ პალგრევი

ლაზისტანის (ტრაპიზონის) ვილაიეთის (პროვინციის) მოსახლეობის რაოდენობა ოფიციალური ცნობებით 850 000 აღწევს, მათში 56. 000 ქრისტიანია. მუსლიმანური მოსახლეობის უმრავლესობას ლაზები შეადგენენ. ეს მშვენიერი რასაა. ისინი არიან კარგი მიწათმოქმედნი და გამოცდილი მეზღვაურები.

არქაბეში უმრავლესობას მეთევზეები შეადგენენ.

ამ უბანში 51 სოფელია 19. 551 მცხოვრებით, მათ შორის 18. 115 მუსლიმანია და 1. 436 ბერძენი. აქაური ე.წ. "ბერძნები" იგივე ლაზები არიან, რომლებსაც ბიზანტიის ბატონობის პერიოდში ქრისტიანობა მიუღიათ. არქაბი ამარაგებს თურქეთის ფლოტს საუკეთესო მეზღვაურებით.

 

გ. ყაზბეგი

ლაზეთს უჭირავს მეტად ვიწრო ზოლი შავი ზღვის სანაპიროზე ქემერის კონცხიდან მაკრიელამდე.

ლაზების ენა მცირედ განსხვავდება მეგრულისაგან (ლაზეთზე ზემოხსენებული ნარკვევის ლაზი ავტორებიც აღნიშნავენ, რომ ზუგდიდისა და გალის მეგრულ სიტყვებსა და ლაზურს შორის დიდი მსგავსებაა და თითქმის მთლიანად გვესმოდაო მათი ენა - გ.მ.) და დღეს არსებობს ლაზურის სამი კილო: ხოფური (თითქმის ეტოლება მეგრულს), ათინური (ბერძნულისა და თურქულის გავლენით დაშორებულია საერთო ძირიდან) და არქაბული (საშუალოა ხოფურსა და ათინურს შორის).

ხოფელი ლაზები წმინდა სისხლის ლაზები არიან, ლაპარაკობენ ლაზურად, მათი ტანსაცმელი გურულსა და აჭარულს ემსგავსება, ყველანი გამაჰმადიანებული არიან.

ხოფას (განსაკუთრებით ორთა-ხოფას) მიდამო ულამაზესი კუთხეა. აქაური მოსახლეობაც სილამაზითა და კოხტა ტანსაცმლით გამოირჩევა.

ზღვისპირა* (*ლაზები თავიანთ კუთხეს ორ მხარედ ყოფენ - მთისა და ზღვისპირის მხარედ. მთავარი ქალაქები და დაბები - ხოფა, ვიწე, არქაბი (არჰავე) და ათინა - ზღვისპირად არის განლაგებული. ზემო ანუ მთის ლაზეთის მთავარი პუნქტებია ჩხალა, დუთხუ და ორჭა (ზ. თანდილავა, "ლაზური ხალხური პოეზია", შესავალი, 1972 წ.) ლაზების სილამაზე ადამიანს თვალში ეცემა. ისინი გონებრივი განათლებითა და გარეგნული სიფაქიზით გამოირჩევიან.

აქაური ქალები ლამაზნი, ტანადნი არიან და ჩვეულებრივ ცისფერი თვალები და თეთრი პირისახე აქვთ. ამასთანავე, ლაზი ქალები არაჩვეულებრივი ენერგიით, გულადობითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან.

1873 წლის სტატისტიკური ცნობით. ლაზეთის მოსახლეობა შეადგენდა: კომლობრივად - 9 205 კომლს, სულადობრივად - 55 350 კაცს.

ლაზების მოწინავე პირებს ჯერ კიდევ ხსომებიათ თავიანთი ქვეყნის ისტორიული წარსული, საქართველოსთან, სახელდობრ, მეგრელებთან თავიანთი ენობრივი და ტომობრივი ნათესაობა.

"ლაზეთის" ავტორებს მოჰყავთ წარჩინებული ლაზის ხასან აღა მურად-ოღლის (მურავიშვილი) საუბარი გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსთან, რუსეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან დიმიტრი ბაქრაძესთან, რომელსაც 1860 წლიდან იცნობდა თურმე:

ლაზური ენა წმინდად არის დაცული მხოლოდ სოფლებში. იგი მეტად ახლოა მეგრულთან. ლაზებსა და მეგრელებს ერთმანეთის ენა კარგად ესმითო. ჩვენებური გადმოცემით, ჩვენ - ლაზები და მეგრელები - ერთ ტომს შევადგენდითო, უთქვამს ხასან-აღას. ამბობენ, რომ ამ ტომს ძველად ეკავა მთელი შავი ზღვის სანაპირო, დაწყებული ქემერიდან (ლაზურად "გამოკვეთილი ქვა", - გ.მ.) ბიჭვინთამდე.

ხასან-აღას თქმით, ლაზეთის ბეგების საგვარეულონი ყოფილან: ზუმბაია და მანელიშვილი - მაკრიელასა (XVII საუკუნემდე ამ სოფელს ნოღედი ერქვა. შემდეგ ოსმალებმა მაკრი-იალი უწოდეს, ამჟამად კი ქემალ-ფაშად იწოდება. ლაზები დღესაც ნოღედის ეძახიან - გ.მ.) და ლიმანში. მურად-ოღლი ანუ მოურავიშვილი - ბუჯალიში, ორტა-ხოფაში, დიმიტრეთსა და სუნდურაში; აქვე, სუნდურაშივე ცხოვრობს შალ-ოღლი ანუ შალიკაშვილი; ჟორდანია - ქისეში, პერნონითსა და არქაბეში; პოტური ანუ პოტურია - კაპისარში; ბალთაშვილი - ბელევსა და ათენას შორის.

ლაზეთში საკმაოდ ბევრიაო ძველი ეკლესიები, მაგრამ უმეტესობა დანგრეულია.* ((*ჩვენთვის უკვე ცნობილი ინგლისელი დ.ს. ჰილზი წერს. რომ "თურქ სიძველეთა მოყვარულებს არ აინტერესებთ შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ქრისტიანული ძეგლები". (სამეცნ. ბიბლ. კრებული "მიმომხილველი", თბ. სახ. უნივერსიტეტი, 1972 წ., გვ. 136)) სარფის ტყეში შემორჩენილია თლილი ქვით ნაგები ერთი ტაძარი. მაკრიალში ზუმბაიას სახლთან, დაბლობზე დაცულია გუმბათიანი ტაძარი მაღალი გალავნით.** (ამ ეკლესიის მთლიანად დანგრევისათვის ხელი შეუშლია ამავე სოფლის თავადს ზუმბაიას, რომლის გვარის შთამომავალნი ახლაც ცხოვრობენ ნოღეთში (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, "ლაზეთი", გვ. 105) პერონითში ჟორდანიას მამულში არისო გუმბათმორღვეული ეკლესია. მისი ყველას ეშინია და ვერავინ ბედავს თურმე ახლოს მისვლას. სხვა ეკლესიებიც ყოფილა, ზოგიერთი მხატვრობითაც კი. ლაზეთის ზოგიერთ ეკლესიაში ქვის საწნეხლები და მიწაში ჩაფლული დიდი ქვევრებიც ყოფილა.

ბათუმის შემოერთების შემდეგ გაცხოველდა ურთიერთობა ლაზებსა და საქართველოს სხვა კუთხეებს შორის. მით უმეტეს, რომ ლაზეთის ნაწილი ადმინისტრაციულად და პოლიტიკურ-ეკონომიკურად რუსეთის ფარგლებში შედიოდა და ლაზებსაც ფართო გასაქანი ეძლეოდათ საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა მხარეში ვაჭრობისა და ხელოვნებისათვის, რაც ხელს უწყობდა ლაზებისა და ქართველების დაახლოებას.*** (***მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 58).

XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ლაზეთისა და ლაზების შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის ავტორებს მოჰყავთ მონაცემები ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და გამომცემლის ზაქარია ჭიჭინაძის "ლაზისტანიდან" (1927 წ.)

 

გ. ჭიჭინაძე

ლაზისტანი* (*ლაზეთის ტერიტორიას მდ. ჭოროხიდან ქ. ტრაპიზონის ჩათვლით 1925 წლამდე თურქეთის რუკაზე ლაზისტანად წერდნენ (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 76) ემორჩილება ტრაპიზონის ფაშას (გუბერნატორს). ტრაპიზონი საგუბერნიო ქალაქია, სადაც ირჩევა ლაზთა ყველა საქმეები. ორივე სქესის ლაზთა რიცხვი არ აღემატება 150 000.** ((**თურქეთის მფლობელობაში მყოფი ლაზური მოსახლეობა, ამჟამად არ აღემატება 240 000 სულს. მათ შორის ლაზურ ენაზე მეტყველებს არა უმეტეს 160 000 სულისა.

საბჭოთა საქართველოში გარდა სოფ. სარფისა (ერთადერთი სოფელი ჩვენში, რომელიც მხოლოდ ლაზებით არის დასახლებული), ლაზები მოსახლეობენ ბათუმში, გონიოს სასოფლო საბჭოს სოფლებში - თხილნარში, მახოსა და სიმონეთში; აფხაზეთში (სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, აგრეთვე გულრიფშის მიდამოებში) მცხოვრებ ლაზთა რიცხვი 2. 500 სულს აღემატება (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 76-77).

სხვა ცნობით, ლაზები აგრეთვე ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, ქობულეთში. სოფლებში ახალშენში, ურეხში და სხვა (ზ. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, 1972 წ.)) ლაზური ენა მტკიცედ არის დაცული ლაზისტანში. ყველა ლაზი სახლობაში ლაზურად ლაპარაკობს, განსაკუთრებით ქალებმა იციან სუფთა ლაზური.

სოფლები, სადაც ლაზები ძირითადად ცხოვრობენ: დაკვარა, ოხორდია, კორტანეთი, ბეღლევანი, პანჩურეთი, სუჯუნა, მამანათი, სკური, მაკრეთი, მაღრავეთი, მაჭათი, გაბრიელა, დუსქოი, სარფი, ლიმანი, მაქრიალნი (ნოღედი).

ჩხალის ხეობიდან (ანუ რუსეთის გამგებლობაში მყოფი ლაზისტანიდან, რომელიც ლივანის ანუ მარადიდის საბოქაულოზეა მიწერილი) ოსმალოს ლაზისტანში მშვენიერი გზები გადის.

ლაზურ ანუ ქართულ სახელს თითქმის არც ერთი ლაზი არ ატარებს, გვარებიც გადაკეთებული აქვთ. მაგალითად, ქურდიანი - ქურდოღლად, მარგიანი - მარგოღლად, მარიამიძე - მარიოღლად, პაპასკირი - პაპოღლად და ა.შ.* ((*ახალგაზრდა მკვლევარი რ. გაჩეჩილაძე მიუთითებს, რომ მუსლიმანური ტრადიციის მიხედვით თურქეთში კაცს იცნობდნენ სახელით, მეტსახელით და შესაძლოა წოდებითაც ("კარა მუსტაფა" - შავი მუსტაფა", "ჯემალ ფაშა" და სხვა) ბუნებრივია, ერთნაირი სახელები ბევრი იქნებოდა და ასეთი სიმრავლე არეულობას შექმნიდა. და აი, 1934 წლის 25 ივნისს მიუღიათ კანონი გვარების შესახებ, მაგრამ ახალი გვარები, თურმე უნდა გაფორმდეს მხოლოდ თურქული სიტყვებისა და სიტყვათწარმოების ბაზაზე. "ამიტომ ყველა მუსლიმანს და მათ შორის ქართველსაც, - წერს რ. გაჩეჩილაძე, - რომელთა უმრავლესობას თავისი ნამდვილი გვარები (თევზაძე, ბოლქვაძე, ერისთავი, თავდგირიძე, ხიმშიაშვილი და სხვა) ჯერაც ახსოვთ, მოუხდათ თურქული გვარების მიღება, ზოგმა თარგმნა გვარი და მას "ოღლუ" (ძე) დაამატა, მაგრამ უფრო მომრავლდა ასეთი გვარები "ასლანი (ლომი), შაჰინი (შევარდენი), ქართალი (არწივი) და სხვა მსგავსნი, რომელიც ჩერქეზსაც შეიძლება ჰქონდეს, ლაზსაც და თურქსაც" (იხ. ქართული მოსახლეობა თანამედროვე თურქეთში, "მიმომხილველი", თბ. სახ. უნივერსიტ.; 6-9, გვ. 537-38, 1972 წ.))

ლაზები იყვნენ კარგი ხელოსნები, დურგალ-კალატოზები, ხუროები, ოქრომჭედლები, მეჩუქურთმენი. სამუშაოდ ლაზი ოსტატები უმთავრესად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოდიოდნენ: სამეგრელოში, იმერეთში, გურია-აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთში და სხვაგან. ცხადია, ეს გარემოება ხელს უწყობდა ლაზებისა და ქართველების ურთიერთდაახლოებას და ლაზების გათვითცნობიერებას.

ლაზები ლამაზი ხალხია: ოსმალნი ძალიან მისდევენ მათ ნათესაობას. ლაზთა შვილებს ფულითაც ყიდულობენ.

ლაზები მისდევენ მებაღეობას, ლეღვის ჩირის კეთებას, ზეთისხილის დამზადებას, რაც მუდამ ქებულია ყველგან.* (*დ.ს. ჰილზი შენიშნავს: "საჩაიეში წამიყვანეს და მოძველებული აქცენტით მომიყვნენ თბილსსა და ვარშავაში გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე: იქ ისინი მისდევენ ლაზების ტრადიციულ ხელობას - პურის ცხობას და მეშაქარლამეობას ("მიმომხილველი", თბ. სახ. უნივერსიტ., 6-9 გვ. 127, 1972 წ.) ლაზური ზეთისხილი ართვინისას ბევრად სჯობია. ფუტკრის მოვლა-მოშენებაშიც დიდად არიან დახელოვნებული.

ღვინის დაყენებაშიც ოსტატები ყოფილან (გაიხსენეთ საწნეხლები და მიწაში ჩაფლული ქვევრები შემორჩენილ ეკლესიებში - გ.მ.), მაგრამ გამუსლიმანების შემდეგ ლაზებს სასტიკად აუკრძალეს ღვინის სმა. მთავრობის ბრძანებით, ლაზისტანის ტყეებში ვაზი გაკაფეს. ესეც არ აკმარეს, მთავრობის განკარგულებით ლაზური ენა აკრძალეს არა მარტო სახელმწიფო-საზოგადოებრივ დაწესებულებებში, არამედ ოჯახებშიც.** (** - მე მუდამ ჩემს მიწაზე ვიყავი, მაგრამ თურქები გვაიძულებდნენ მათ ენაზე გვესწავლა. პირველ გაკვეთილზე ლაზ მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ: - ვინა ხარ შენ? - მოსწავლეს უნდა ეპასუხნა: - თურქი ვარ და თურქის შვილი, - ამბობს ა. თანდილავა. (გაზ. "კომუნისტი", 16.12.71 წ.).

დამახასიათებელია ლექსი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ლაზეთის მკვიდრ ერთ-ერთ მთქმელს ჩაუწერინებია იოსებ ყიფშიძისათვის:

ა-ჟურ ნენა გიწუმერ, დოჭარი, ჯუმა ჩქიმი!

ბერე-ბარი ეჭკოდეს, მუჭო პათ, ჯუმა ჩქიმი?

ნანაქ ბერეს უჯოხოფს, ვარ ძიროფს, ჯუმა ჩქიმი!

აშო დარმა-დაღანი დოვიყვით, დუმა ჩქიმი!

ნე ოხორი, ნე კერა, სო ვიდათ, ჯუმა ჩქიმი!

ჩქინ აშო მგარინერი გოვულეთ, ჯუმა ჩქიმი!

ჩქინ იმდათი მი მაყვან, ვარ, მიჩქინ, ჯუმა ჩქიმი!***

((***ერთ-ორ სიტყვას გეტყვი და დასწერე, ჩემო ძმაო!

ბავშვები სულ ამოწყდნენ, როგორ ვქნათ, ჩემო ძმაო?

დედა შვილს უძახის და ვერ ხედავს, ჩემო ძმაო!

დაშლილი, დაფანტული - ასე ვართ, ჩემო ძმაო!

არც სახლი და არც კერა არა გვაქვს, ჩემო ძმაო!

ჩვენ ამგვარი მტირალი დავდივართ, ჩემო ძმაო!

მხარში ვინ მოგვიდგება, არ ვიცი, ჩემო ძმაო! (ზ. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, ბათუმი, 1972 წ., გვ. 143)).

მთელ ლაზისტანში ლაზთა რიცხვი, ოსმალეთისვე მთავრობის სტატისტიკური ცნობებით, 1810 წელს 600 000-ზე მეტი ყოფილა. აქედან 400 000 მეტი ლაზი მთელს ქვეყანაში დაუფანტავთ.

1910 წლიდან, ლაზების გათვითცნობიერებულმა ერთმა ჯგუფმა დაიწყო ქადაგება, რომ ლაზები ქართველების ნათესავები არიან და მათი ანბანიც ქართული ანბანი არისო. კოლექტიური თხოვნაც გაუგზავნიათ მინისტრებთან, ნება მოგვეცეს ჩვენს სკოლებში ჩვენი ენა, გურჯული (ქართული) წიგნი ვასწავლოთ ჩვენს შვილებსო.

ნ. მარი მიუთითებს, რომ ადგილობრივი ქართული გართობებიდან შემონახულია ჯგუფური ცეკვა გაშაირებით. ლაზურად ამ ცეკვას "ობირუს" (სასიმღერო) უწოდებენ.

"ლაზეთის" ავტორებს მოჰყავთ პროფ. ს. მაკალათიას მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლაზური ფერხული "ობირუ" - თითქმის იგივეა რაც მეგრული "ოხოხოია", ლაზურად "ვახახაია".

ლაზები რომ კარგი ოსტატები და დურგლები არიან, ზემოთაც ბევრჯერ ითქვა. ისინი წინათ ხის სახლებს აგებდნენ, ახლა კი ქვისას აშენებენ.* ((* - თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, - წერს დოც. ნ. ნაჭყებია, - გავრცელებულია ხის ოდა-სახლები. აქ ჭარბობს გაფანტული სოფლის ტიპი, ისევე, როგორც გურია-აჭარაში, სახლები გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი ერთიმეორისაგან მეტ-ნაკლები დაცილებით ("თურქეთი", გვ. 32-33).

შედარებისათვის მოვიყვანოთ თურქული სოფლის სურათიც:

- თურქული სოფელი - ეს არის გამოუმწვარი აგურით - ალიზით ნაგები სახლების გროვა. ნაწილი ბანიანია; ზოგიერთს კრამიტით გადაუხურავს სახლი - ეს უკვე შეძლებულობის ნიშანია. სახლები თიხისავე კედლებით გამოყოფილია მტვრიანი მიწის ქუჩისაგან (რ. გაჩეჩილაძე, ანატოლიის მიწაზე, გაზ. "კომუნისტი", 11.12.66 წ.)). ოთახებს ჩუქურთმიანი არშიებით ამკობენ, ჩუქურთმების ორნამენტაცია ქართულს წააგავს.* ((*XIX საუკუნემდე ლაზეთში უმთავრესად "ჯარგვალა" (მრგვალი ხეების) სახლებს აშენებდნენ. სახლის სახურავის აწევისას, ლაზები ახლობლებს და მეზობლებს მოიწვევდნენ პურ-მარილზე, სახლის პატრონის დასალოცად. ახალ სახლში კერაზე ცეცხლი პირველად დედ-მამიანმა ქალიშვილმა ან ახლო ნათესავმა უნდა დაანთოს. ლაზური ჩუქურთმები მცენარეებს (მაგალითად, ვაზს) გამოსახავენ. ლაზი ოსტატების ნაგებ სახლებს ვხვდებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც: აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ზოგან ლაზი ოსტატების წარწერაც კი აქვს სახლებს შერჩენილი. (მ. ვანილიში, ა. თანდილავა, დასახელებული ნაშრომი, გვ. 100-101)).

ლაზები მთლიანი ხისაგან აკეთებენ დაბალ და მრგვალ მაგიდას, რომელსაც "ტეფური" ეწოდება. ლაზები წნავენ სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კალათებს.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ თურქეთში მოსახლეობის აღწერის მასალები უჩვენებენ რელიგიას და მშობლიურ ენას (აკად. პ. გუგუშვილი). მონაცემებს ეროვნული შემადგენლობის შესახებ ცვლის სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია მოსახლეობის დაყოფა დედაენისა და მეორე სალაპარაკო ენის** ((**ზოგჯერ მოსახლეობის აღწერის ამ სისტემასაც ღალატობენ. დოც. ო. გიგინეიშვილი მიუთითებს, რომ 1950 წლის აღწერის მასალებში მეორე სალაპარაკო ენის მიხედვით თურქეთის მოსახლეობა მოცემული არ არის ("ჩვენებურები", გაზ. "კომუნისტი", 8.03.67 წ.) მიხედვით (დოც. ნ. ნაჭყებია)).

მოსახლეობის 1960 წლის აღწერის, ან უფრო ზუსტად - დაყოფის (როგორც უწოდებს დოც. ნ. ნაჭყებია) მიხედვით, 42 ათასი ლაზი აღირიცხება, რაც ისევე არასრული და არაზუსტია, როგორც ქართველთა (ლაზთა ჩათვლით) რიცხვი - 104 ათასი. აკად. პ. გუგუშვილი წერს, რომ პირველი მსოფლიო ომისდროინდელ მონაცემების მიხედვით, თურქეთის სამფლობელოებში მცხოვრებ ქართველთა საერთო რიცხვი 700 ათასს შეადგენდა. მასვე მოჰყავს ბ. დანციგის მიერ შესწავლილი ცნობები იმის შესახებ, რომ 1945 წელს თურქეთში ცხოვრობდა არანაკლებ 200 000 ლაზისა* (*"შორეულ გზებზე", წიგნი მესამე, გვ. 120) (აღწერის მასალების, თურქული პრესის  მონაცემების და მოგზაურთა მასალების გულდასმით შესწავლის საფუძველზე, დოც. ო. გიგინეიშვილი 1967 წლის დასაწყისში წერდა, რომ თურქეთში იმ ქართველთა რიცხვი, რომელთა მშობლიურ ენად კვლავ ქართული რჩება, ნახევარ მილიონ კაცს აღემატებაო).

ინგლისელი რობენ ფედენის უახლესი მონაცემებით (ფედენმა ლაზეთში იმოგზაურა ჩვენი საუკუნის 60-იან წლებში, თვით ლაზისტანში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და მთელ თურქეთში 60 000-ზე მეტი ლაზი ცხოვრობს.* (*გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 19.04.68 წ.)

ქართველთა (მათ შორის ლაზთა) განსახლების დახასიათება მოცემულია დოც. ნ. ნაჭყებიას საინტერესო ნაშრომში "თურქეთი".

"სახნავ-სათესი მიწების სიმცირე ლაზებს აიძულებდა გარე სამუშაოზე წასულიყვნენ, - წერს მკვლევარი, - წლების განმავლობაში ლაზების გარკვეული ნაწილი სამუშაოს საძებნელად მიეშურება თურქეთის მსხვილ ქალაქებში და ქვეყნის ეკონომიურად უფრო ძლიერ რაიონებში. ამჟამად მეჩაიეობის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ლაზების მიგრაცია"** (**ნ. ნაჭყებია, "თურქეთი", თბ., 1970 წ., გვ. 36-37).

და ბოლოს, უკვე მოხსენებული ინგლისელი მოგზაურის რობენ ფედენის ცნობების შესახებ.

ლაზეთში მოგზაურობის შესახებ წერილი სათაურით "არგონავტების ნაკვალევზე" რ. ფედენმა 1964 წელს გამოაქვეყნა ინგლისურ სამეცნიერო-პოპულარულ გეოგრაფიულ ჟურნალში (ლონდონი). წერილის ქართული თარგმანის ავტორია რ. გაჩეჩილაძე. თარგმანი შენიშვნით და დედნიდან ამოღებული რამდენიმე ფოტოსურათით 1968 წელს დაისტამბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ კრებულში "მიმომხილველი" (N 4-5).

წერილში დახასიათებული არიან აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები ლაზები. ისინი მემკვიდრენი ყოფილან კოლხებისა, რომელთა სახელმწიფოც ბრინჯაოს ხანაში ჰყვაოდა; მათი ენა ნამდვილად უნათესავდება ქართულს.

ლაზისტანის ჰავა, - აღნიშნულია წერილში, - ასევე განსაცვიფრებელია, როგორც მისი ხალხი, რომელიც თურქებმა დაიმორჩილა და ისლამი მიაღებინა XV საუკუნეში. ლაზისტანში კარგად ხარობს ჩაის ბუჩქი. ჩაი აქ მას შემდეგ მოაშენეს, რაც დაირღვა საუკუნოვანი სატრანზიტო ვაჭრობა რუსეთთან.

ლაზების სახლები ტროპიკული ტყის ნაპირას ყოფილა განლაგებული. ესენია ხისაგან მტკიცედ ნაგები საზამთრო ბინები, რომლებიც ალპების შვეიცარულ სახლებს (შალე) მოგვაგონებს. ფედენი გაკვირვებასა და აღფრთოვანებას გამოთქვამს ლაზეთის ტყის გამო, რომელშიც აფრაგაშლილი გოლიათური ხომალდებივით იშლება წიფელა, წაბლი, რცხილა, ნაძვი. პონტური შქერი და დაფნაც არ ჩამოუვარდება ამ ხეებს სიმაღლეში. გაოცებას იწვევს აგრეთვე ხეთა განშტოებაში 50-60 ფუტის სიმაღლეზე ჩამოკიდებული ველური ფუტკრის სკები.* (*ლაზისტანი ძველთაგანვე თაფლის ქვეყანა ყოფილა... სანთლისაგან ლაზებს არაყიც უხდიათ, რაც გურულებსაც გადაუღიათ ("ლაზეთი", 64, გვ. 16).

ტყესა და მწვერვალებს შორის საძოვრებია, სადაც ლაზები თავის ფარას აძოვებენ. მთიან სოფლებში ისინი მხოლოდ ზაფხულის სამ თვეს ცხოვრობენ.

ლაზები ბუნებით არისტოკრატები არიან, არავითარ შემთხვევაში ტვირთს არ აიკიდებენ. ისინი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. თუ კი პატივისცემისათვის სამაგიეროს შესთავაზებ, შეურაცხყოფილნი რჩებიან.

გარეგნობით ლაზები სანაპიროს მცხოვრებლებს ჩამოგვანან ოღონდ შედარებით თხელი, გამძლე და წვრილძვლიანნი არიან, სახეც უფრო მოგრძო აქვთ. ქალების უმრავლესობა ძალზე ლამაზია. ყურადღება არ მიუქცევიათ ათათურქის რეფორმისათვის ერთფეროვანი ტანსაცმლის შესახებ და თავიანთ ჭრელ, ფერადოვან სამოსში სამოთხის ჩიტებს წააგვანან. ისინი ეტყობა ნაყოფიერნიც არიან, "აიალებში" (საზაფხულო სადგომები) ათობით მკვირცხლი და ჯანმრთელი ბავშვი იზრდება. საერთოდ აქაურ მთიელ გლეხობას განსაკუთრებული ჯანმრთელი იერი აქვს.

ლაზეთის შესახებ საუბარი გვსურს დავასრულოთ ნაწყვეტით პოეტ კარლო კალაძის ცნობილი პოემიდან "ფიქრები":

სხვა საქართველო სად არის!

აჰა, გახედე მთაგორებს -

ხან რომ თან მოგვდევს გზადაგზა,

ხან რომ სიშორით გაღონებს,

ხედავ? ხეს ვაზი ეხვევა,

დგას ოდა-სახლი, ნალია,

და კერის პირად ბავშვების

ქართულიც ჩაუმქრალია.

...ო, ამ სასწაულს, ამ სოფელს

გუმანიც აღარ ელოდა...

სხვა საქართველო შორსაა,

შორსაა საქართველოდან!         


გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

                                                                   

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პროკლე და მარტინიანე
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პროკლესი და მარტინიანეს (I) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ანტიპას, პერღამის ეპისკოპოსის (+68) ხსენების დღეს.
gaq