საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

„თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს, ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ...“
ლელა ჩხარტიშვილი

თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს,

ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ...“

 

ლელა ჩხარტიშვილი

 

სამოციანი წლების დასაწყისში საქართველოში დაიბეჭდა ანა ფრანკის დღიურების ქართულად ნათარგმნი წიგნი. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა. დიდსა და პატარას გულთან ახლოს მიჰქონდა ებრაელი მოსწავლის ტრაგედია, რომელიც ომის დამთავრებამდე ორი თვით ადრე გამოასალმეს ფაშისტებმა სიცოცხლეს. მკითხველი თავიდანვე იმსჭვალებოდა სიბრალულითა და თანაგრძნობით 15 წლის ავტორის მიმართ, რაკი წინდაწინვე იცოდა, თუ რას უმზადებდა ბედისწერა სიცოცხლეზე უსაზღვროდ შეყვარებულ გონიერებითა და მომხიბვლელობით აღსავსე პატარა გოგონას.

ჩემმა მეგობარმა, უაღრესად პატრიოტმა და მამულიშვილმა ადამიანმა, ზურაბ ასკანელმა  9 აპრილის შემდგომ დღეებში ოჯახებში მოიძია და შეინახა საბჭოთა ჯალათების მიერ შეუბრალებლად დახოცილი ანას თანატოლი სამი მოსწავლის ჩვეულებრივი სასკოლო თემები, ნახატები და დღიურები, რომელთა შესახებაც დღემდე არავინ იცის. რადგან ისინი  ჯერაც არ  გამოქვეყნებულა. ანა ფრანკისგან განსხვავებით, რომელიც თავშესაფარში ორი წლის მანძილზე გამიზნულად ადგენდა დღიურებს, რათა შემდეგ რომანი დაეწერა თავს გადახდილ საშინელებათა შესახებ, თამრიკო ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი და ეკა ბეჟანიშვილი  საკუთარ ნაწერებს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. ისინი უბრალოდ გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იყვნენ და ხან მასწავლებელთა დავალებითა და ხანაც გულის კარნახით ავსებდნენ თავიანთ რვეულებს.

თამრიკო ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი ერთ კლასში სწავლობდნენ. გაკვეთილებსაც ერთსა და იმავეს ესწრებოდნენ და თავისუფალსა და საპროგრამო თემებსაც ერთნაირს წერდნენ. ცხადია, ჩვეულებრივი, ორდინალური სათაურების მქონე საპროგრამო თემების წერის დროს გოგონების მიერ მოხმობილი ზოგიერთი დებულებები შესაძლოა ნასესხებიც იყოს რომელიმე კანონიკური სახელმძღვანელოდან, მაგრამ თვით ამ შემთხვევაშიც ციტირებული ტექსტის ხასიათი წარმოდგენას იძლევა ავტორთა პიროვნულ შეხედულებებზე.

მაგრამ უფრო ხშირად თამრიკოსა და ნათიას თხზულებებში დამოუკიდებელი მიგნებები გვხვდება. რაღა თქმა უნდა, რიგი საღვთისმეტყველო შეხედულებებიდან არის ნასესხები თამარ მეფის თამრიკო ჭოველიძისეული შეფასება: „თუ მანამდე საქართველოში იყო სამება: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, ქართველისათვის მათ შეემატა მეოთხე, ღმერთ-ქალი თამარის სახით“. ასევე ღირსებაზე  საკუთარი წარმოდგენიდან ცდილობს იგი იმ მოთხოვნათა არსში წვდომას, რომელიც ნესტან-დარეჯანს შეეძლო წამოეყენებინა თავისი მიჯნურისათვის: „დაუშვებელია, რომ ინდოეთის მეფის ქალიშვილს ჰყავდეს შეყვარებული, რომელიც არ დაიცავს რაინდულ წესს და ჭეშმარიტ მამულიშვილობას არ გამოავლენს“.

დაბოლოს, ალბათ აუღელვებლად ვერავინ წაიკითხავს აკაკი წერეთლის პატრიოტულ ლირიკაზე დაწერილი თემიდან იმ ადგილებს, სადაც თვით თამრიკოსათვის საბედისწერო წინასწარმეტყველებად იკითხება აკაკის ცნობილი სტრიქონები:

„თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს,

ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ.

მოდი, ჯალათო, შენი მახვილი,

შეუბრალებლად ზედ გულზე დამკარ“.

ასეთივე ფატალურობის ნიშნით არის აღბეჭდილი თამრიკო ჭოველიძის თანაკლასელის, ნათია ბაშალეიშვილის შემოქმედებაც. მის ნახატებზე გამოსახულია ჩამოცვენილი ფოთლები, გატეხილი სურა, თვალებდახრილი და თავჩაღუნული ქალიშვილი. ქალიშვილის სევდიანი იერი სრულიად შესაძლებელია ნათიას საკუთარი, პირადული განცდებითაც იყოს პირობადებული, ისევე, როგორც მისსავე შინაგან განწყობილებას ეფარდებოდეს პოეტზე წარმოდგენა გალაკტიონისადმი მიძღვნილ ესსეში, იმდენად გრძნობიერად არის დახატული გალაკტიონის მარტოსულობა და მიუსაფრობა („ბავშვობიდანვე იყავი მარტო

ჯვარზე გაკრული,

შენ სული გქონდა მეტად ფაქიზი

და დაჩაგრული.

ვიღაცამ ალბათ გაიარა

შენს სპეტაკ სულში,

აღზრდილმა შენებრ მარტოობით

და სინანულში“ (გალაკტიონი).

მაგრამ საკუთარ თავში ჩაღრმავებულ ნათიას ერთი წუთითაც არ ტოვებს რეალობის განცდა ეროვნულ პრობლემებთან დამოკიდებულებაში.

თუ ორი თანაკლასელის პიროვნებას მეტად თუ ნაკლებად წარმოაჩენენ მათი სასკოლო რვეულები, ეკა ბეჟანიშვილის შესახებ წარმოდგენას გვიქმნიან მისი პირადი დღიურები. პირველი დღიური 1989 წლის 20 იანვრითაა დათარიღებული. დღიურები წყდება 3 აპრილს...

ეკას ჩანაწერები ცოცხლად გვიხატავენ მათი ავტორის სახეს: ერთდროულად ზარმაცსა და ბეჯითს, ხალისიანსა და უხალისოს; ზოგჯერ უმიზეზოდ მოწყენილს, უფრო ხშირად კი ცელქობისა და ონავრობის ხასიათზე მოსულს; ზოგჯერ კონფლიქტებში ჩართულს მშობლებთან და ამხანაგებთან, უფრო მეტად კი - დამთმობსა და მოსიყვარულეს... ყველა პატარა სუფრის გაშლას ეკა „წაქეიფებას“ ეძახის, მეგობრებთან გულითად საუბარს - „ჭორაობას“, უყვარს გაკვეთილების გაცდენა და ბებიას გაბრაზება. მისთვის უცხო არ არის არც პირველი სიყვარულით მოგვრილი ვნებათაღელვა. მაგრამ თავისი გრძნობების გამჟღავნებას ერიდება, რადგან ერთხელ დედას წაუკითხავს მისი დღიურები და ეშინია, კიდევ არ წაიკითხოს.

იგივე მოსაზრებით უნდა იყოს გამოწვეული, რომ დღიურებში თავის მონაწილეობას არ ამხელს ეროვნულ აქციებში, მაგრამ თუ ბებიის მონათხრობს ყურს მივუგდებთ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ სად დადის იგ

ი, როცა დღიურში წერს: „მასწავლებელი გაგვიცდა და კაფეში წავედითო“:

„აპრილის მოვლენები რომ დაიწყო, ეკას ხასიათი რომ ვიცოდი, სულ დარდი მქონდა, ყოველდღევაფრთხილებდი, სკოლიდან არსად გაუხვიო-მეთქი. მაინც მეპარებოდა მიტინგებზე და მერე აქეთ მიტევდა ხოლმე:

- რას ამბობ, ბებია; ეხლა ვჭირდებით ჩვენ საქართველოს და მე აბა სად უნდა ვიყო - თუ საჭირო გახდება, თავსაც დავდებ საქართველოსთვის! ადრეც არაერთგზის უთქვამს: - ბიჭი რომ ვიყო, სამშობლოს გასანთავისუფლებლად იარაღით ხელში ვიბრძოლებდი!

ალბათ ამიტომ იმ დღესაც შარვალი ჩაიცვა. „ფიზიკაზე“ იყო წასასვლელი. ვკითხე: - რად გინდა, ბებო, შარვალი-მეთქი?

- ცივა, ბებია, გარეთო-მითხრა. რას წარმოვიდგენდი, რომ „ფიზიკაზე“ წასვლის მაგიერ მიტინგზე მიდიოდა. სახლში რომ მოგვისვენეს მკვდარი, ჩანთაში თბილი წინდები ვუნახეთ, ისინი მოემარაგებინა.

8 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. ამის ნაცვლად ქაშუეთის ეკლესიაში წასულა. მორწმუნე იყო უსაზღვროდ, მარხულობდა. სანთლები დაუნთია, ულოცია და ისევ მოშიმშილეებთან ასულა. ბოლო წუთამდე ეხმარებოდა, წყალს აწვდიდა თურმე.

რა ვიცოდი, თუ ასეთი ბოლო ექნებოდა, თორემ იქნებ მისი ბოლოდროინდელი განწყობილებებისათვის მიმექცია მეტი ყურადღება. დილაობით მეუბნებოდა: - ბებო, ღამე ერთია და 16-ჯერ მეღვიძებაო. - ალბათ იღლები - მეთქი, ვპასუხობდი. იქნებ ეს რაღაცის ნიშანი იყო... ვერ მოესწრო თავის მეთექვსმეტე წელიწადს“.

ვერც თამრიკო მოესწრო... ვერც ნათია... - ვერც სიჭაბუკის ასაკსა და ვერც სანუკვარ მიზანს - საქართველოს თავისუფლებას!

წერილის დასაწყისში ანა ფრანკის დღიურები ვახსენეთ. თავშესაფარში ანას მალვით ცხოვრება მუდმივ ფსიქოლოგიურ მზადყოფნასაც გულისხმობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლებოდა მიეგნოთ მისთვის და სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელი იყო. თამარს, ნათიას და ეკას, როგორც მათი ბიოგრაფიები ცხადყოფენ, თავი არ ეზოგებოდათსამშობლოს სამსხვერპლოზე მისატანად, მაგრამ იმას ისინიც ვერ წარმოიდგენდნენ ალბათ, რომ შეიძლებოდა დაეხოცათ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, ოღონდ იმათთაგანნი, ვისაც წინანდებურად მონობაში აღარ სურდა ცხოვრება.

მათ თავიანთი სიკვდილით გზა გაუკაფეს საქართველოს თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე. ისინი ერმა თავის წმინდანებად შერაცხა. და თუ ანას დღიურები კაცობრიობას სჭირდება გასაფრთხილებლად - კაცთა შორის სიძულვილის მთესველთა წინააღმდეგ, დაე, თამარ ჭოველიძის, ნათია ბაშალეიშვილისა და ეკა ბეჟანიშვილის თითოეული სტრიქონი გაფრთხილებად დარჩეს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ახალ თაობებს, რათა არასდროს არ დათმონ სისხლით მოპოვებული თავისუფლება!

 

ფრაგმენტი თამუნა ჭოველიძის სასკოლო თემიდან: „ვარსქენის დახასიათება“

„... 337 წელს, მირიანის მეფობის დროს ქართლში დამკვიდრდა ქრისტიანობა. ქრისტიანული რელიგია სწრაფად გავრცელდა ხალხში, მაგრამ სპარსელები ყოველნაირად ცდილობდნენ აეძულებინათ ქართველი მეფეები უარეყოთ ქრისტიანობა და მიეღოთ მაზდეანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა. იყვნენ ისეთი ადამიანები საქართველოში, რომლებიც სპარსთა მეფეების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რწმენას უარყოფდნენ და ცეცხლს სცემდნენ თაყვანს. ამათთაგანი იყო ვარსქენ პიტიახშიც.

... ვარსქენი დაუნდობელია ხალხის მიმართ. პიტიახშის შიშით ხალხი ვერ ბედავს მხარი დაუჭიროს შუშანიკს, დაიტიროს სარწმუნოებისთვის მებრძოლი ქალი.

... თავისი აღზევების მიზნით იგი მზად არის მთელ ერს უღალატოს და მიდის ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰონები იყვნენ მომთაბარე ტომები, რომლებიც თავს ესხმოდნენ სპარსეთის საზღვრის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას და არბევდნენ მათ. იმის მაგიერ, რომ ვარსქენი გაერთიანებულიყო ჰონებთან და სპარსეთის წინააღმდეგ ებრძოლა, იგი თავისი მოსისხლე მტრის მოკავშირე ხდება.

... ვარსქენის სახით ავტორმა დაგვიხატა სახიფათო და ამაზრზენი პიროვნება, სამშობლოს მოღალატე, რომელიც განდიდების სურვილმა სპარსეთის მეფის კარამდე მიიყვანა, უყოყმანოდ დაათმობინა მამა-პაპათა რჯული, რითაც სამუდამოდ დაუმკვიდრდა ერისა და ქვეყნის გამყიდველის სახელი.

 

ფრაგმენტი  საკონტროლო  წერის  რვეულიდან:  („ჰე,  მამულო,  გრძნობა სასურველოვ“, -  გ. ტაბიძის შემოქმედების მიხედვით)

... სამშობლო, ალბათ, ადამიანის შეგნებაში ყველაზე ძვირფასი ცნებაა. სამშობლოს სიყვარულია კაცის სულის მასაზრდოებელი. ქართველებისათვის სამშობლოს სიყვარული ფიზიკურ ტკივილამდე აყვანილი განცდაა. საუკუნეების მანძილზე მახვილით ხელში იცავდა ქართველი კაცი თავის სამშობლოს და უმკლავდებოდა ურიცხვ, უთვალავ მტერს.

მოდიოდნენ მურვან-ყრუ, და შაჰ-აბასი, თემურ ლენგი და ჯალალ-ედ-დინი. მოდიოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ გაწბილებულები და ვერ გაეგოთ რითი, რა ძალით სულდგმულობდა მიუვალ მთების ქარაფებში თუ თვალწარმტაც მინდორ-ველებში დასახლებული ეს უცნაური ხალხი. ვერ ხვდებოდნენ უცხო ქვეყნიდან მოსული მოთარეშეები, რომ ხალხიც დასაქართველოც იმ უცნაურმა და დიდმა გრძნობამ გადაარჩინა, სამშობლოს სიყვარული რომ ჰქვია სახელად!

 

ნათია ბაშალეიშვილის მიერ დაწერილი თავისუფალი თემა:

„ვის მივულოცავდი სახელს?“

„სახელს მივულოცავდი ჩვენს დიდ მამულიშვილს დავით აღმაშენებელს, რომელმაც ერი განადგურებისაგან იხსნა. აგრეთვე ყველა ქართველ მეფეს, ვინც საქართველოს სიძლიერისთვის იბ

რძოდა.

მივულოცავდი, აგრეთვე, ჩემს უსაყვარლეს მწერალს კონსტანტინე გამსახურდიას და მის სანიმუშო შვილს, ზვიად გამსახურდიას: ერთი ხალხის განათლებისთვის იბრძოდა, მეორე ხალხის გაცოცხლებისთვის იბრძვის, იმისთვის, რომ არ დამუნჯდნენ და შედედებული სისხლი ისევ ამოძრავდეს. სახელს ვულოცავ, აგრეთვე, მის მარჯვენა ხელს, მერაბ კოსტავას.

მივულოცავდი იმ წმინდა კაცს, რომელსაც ილია ჰქვია, რომელმაც ხალხი სულიერი დეგრადირებისგან იხსნა და ეკლესიამაც იგი წმინდანად შერაცხა. მის ხატს „წმინდა ილია მართალი“ ჰქვია.

ქართველი პოეტებიდან ვაჟა-ფშაველას, პოეტების მეფეს - გალაკტიონს, აგრეთვე ლადო ასათიანს.

ვის მივულოცავდი სახელს? სახელს მივულოცავდი  ყველა კარგ ადამიანს, ვისაც საგულეში გული უძგერს, ვისაც სინდისი აწუხებს და პატიოსნად გაუტარებია თავისი ცხოვრება.

სახელს მივულოცავდი, აგრეთვე, იმ ქართველ დედებს, რომლებმაც სამშობლოს სასიქადულო შვილები გაუზარდეს.

 

ფრაგმენტები ეკა ბეჟანიშვილის დღიურებიდან:

„ზუსტად 2 საათზე ჩავედით „დავითგარეჯაში“. ნაწვიმარი იყო, ბურუსი იდგა და ძლივს ჩანდა ციხე. ინდაურების ჭყიპინმა ყურები წაიღო. იქვე ფაცხაში ცოტა გავილუკმეთ და წავედით სამუშაოდ. სანამ დაგვასაქმებდნენ, მოვიარეთ მთელი ციხე-კოშკი, ყველა სენაკში შევედით, იყო თუ არა საჭირო, ყველგან ვძვრებოდით და ვფორთხიალობდით. „ფერიცვალების“ ეკლესია ვნახეთ. გაუკეთებიათ ძალიან ლამაზად. ხატებიც იყო, სანთლები და ყველაფერი, როგორც წესი და რიგია“. 

„სახლში რომ მოვდიოდი, ნაყინი ვიყიდე. ამ სეზონზე პირველად ვჭამე და სურვილიც ჩავიფიქრე. „ნეტა...“

„რა კარგია მარტოობა... მაგრამ გარეთ კარგი ამინდია. მე კი წვიმა მიყვარს, წვიმას ვანდობ ხოლმე ჩემს გულისთქმას. მის მეტი ჭირის გამზიარებელი არავინ მყავს. თუმცა არა, სიმღერა. სიმღერა ხომ ისევ ჩემთან არის!“

„ვნატრობ ყოველთვის... როდის მოვა წვიმა, რომ ყველაფერი ვუთხრა და მეც ამოვისუნთქო. ძალიან მიხარია, მაგრამ მიჭირს ზაფხულის მოახლოება. მან ხომ წვიმა არ იცის.“

***

ეს ბოლო  ჩანაწერია, თარიღდება 1989 წლის 3 აპრილით.

 „დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ რა, არაფერი... მერე ისევ ისე მოხდა როგორც ყოველთვის, ვიმეცადინე და დავიძინე.

მაგრამ ვაი ამ ძილს: ღამე ერთია და მე კი თექვსმეტჯერ ვიღვიძებ და ვიძინებ. ყოველ გამოღვიძებაზე ისევ ვფიქრობ...“

 

p. s. იმ დროს მეც სკოლაში ვსწავლობდი და  ეს გოგონები ჩემი თანატოლები იყვნენ. სულ ვფიქრობ ხოლმე იმ გაზაფხულზე...„ყველასია გაზაფხული, ყველას სამყოფია.“  „და დავინახე ...გაზაფხულების მთელირიგი, წლების ძაფებით ნემსივით რომ გაძვრნენ ჩემს სხეულში“ (ხარანაული). რამდენი გაზაფხული გამიცილებია, მაგრამ არასდროს მავიწყდება ოცდაათი გაზაფხულის წინანდელი „ჩემი გაზაფხული“, პირველი აფეთქება,  ამღელვარება... ახლად ამოსული ბალახის წვენის მძაფრი სურნელი. ხეების  ფოთლებში გახირული მოცინარი  მზე. მახსოვს მისი ფერი...ხაკისფერი....შუშისთვალება რუსი სალდათების ფარაჯის, ტანკების ფერი. ჩვენი გაზაფხული და ყვავილობა, ახალფურცლობა   ეროვნული  გამოფხიზლების, მინავლებული ეროვნული ენერგიის ვულკანივით ამოფრქვევისა და აზვირთების  პერიოდს დაემთხვა.   9 აპრილამდე რაც ხდებოდა რუსთაველის პროსპექტზე, ყველაფრის თანადამსწრე და აქტიური მონაწილე  ვიყავი. დედას  ვუმალავდი, მიტინგებზერომ დავდიოდი და სულ ვატყუებდი, ხან ერთ მეგობართან ვარ-მეთქი და ხან მეორესთან...8-ში ნაშუადღევსაც, სახლიდან გასვლისას მოვიგონე, მეგობართან დავრჩები-მეთქი და დედამ მითხრა, მეგონა რაღაც გასწავლე, მეგონა გაგზარდე, ვერ გამიზრდიხარ, თუ ახლა შენ დაქალებში საჭორაოდ მიდიხარო. ძალიან გამიხარდა.  სიმართლე ვუთხარი, დედამ ღრმად ამოისუნთქა და თვალცრემლიანმა გამაცილა...

ძირითადად მხატვრის სახლთან ვიკრიბებოდით მეგობრები. მახსოვს, 9 აპრილის ღამეგამოვლილი   რუსთაველის პროსპექტი, გორებად  დახვავებული ფეხსაცმელი, პლედები.... შლანგებით რეცხავდნენ ქუჩას...რეცხავდნენ ჩვენი მეგობრების სისხლს. რუსი ჯარისკაცები დაქროდნენ „ვილისებით“. მიწისქვეშა გადასასვლელთან საშინელი სისხლის სუნი იდგა...

ბევრი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მოიწამლა... მერე ვხედავდი,  სიმწრისგან და უმწეობისგან როგორ ტიროდნენ და სლუკუნებდნენ ტუჩებმოკვნეტილი ქართველი კაცები. მაშინ მე და არა მარტო მე, მრცხვენოდა, რომ ცოცხალი ვიყავი... ასეა თუ ისე, მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში 1989 წლის გაზაფხული იყო. იყო იდეალები, რომანტიზმი, სანატრელი ერთიანობა, ყვავილების ტბორი რუსთაველის გამზირზე. ის გაზაფხულიც დაცხრა და  წავიდა უმალ. გაიძარცვა  გულები, ჩაქრა ცეცხლი, გაცივდა და დანაცრდა საკურთხევლები...„ხედავ, ზამთრის ძონძები ხეებს ჩამოეკონა, მე კი ეს გაზაფხული ისევ ჩემი მეგონა“ (გალაკტიონი). მართლა, სად მიდიან გაზაფხულები? რატომ აღარ ბრუნდებიან შინ? რატომ არ ძალუძთ  აფეთქებულ  ატმის ხეებს, თავიანთი შტოებით წინ აღუდგნენ  მიმავალ გაზაფხულს, დააკავონ და  აღარ გაუშვან. ძნელია, გჯეროდეს, რომ ისევ ისე გაგახარებს გაზაფხულის სიცილი, შეგძრავს მისი ნაზი ფეხის გულზე დაბიჯება.  ძნელია გჯეროდეს, რომ  დაგიბრუნდება. და მაინც არ გვტოვებს რწმენა...„მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება. ყოველივე იგი ისევ, ისევ განმეორდება “ (გალაკტიონი).

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq