როდესაც ტელევიზიები დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის საქორწინო ცერემონიას ღია ეთერში აჩვენებდნენ, ბატონი გია ჭანტურია გამახსენდა. ის ხომ ერთადერთი ქართველია, რომელსაც იმ დონეზე უყვარს ბრიტანეთის სამეფო კარი, რომ წლებია, არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამოუტოვებია. ახლაც სამეფო ქორწილს ესწრებოდა და ერთადერთი ქართული დროშა, რომელიც ეთერშიც გამოჩნდა, გია ჭანტურიას ეკავა. თავად პედაგოგი და თვრამეტამდე სასკოლო წიგნის ავტორი და თანაავტორი გახლავთ. ინტერვიუზე ლონდონიდან დაბრუნების მეორე დღეს ვესტუმრეთ. ბატონი გია ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ გახლდათ, თუმცა სიამოვნებით გვიამბო სამეფო კარის მიმართ თავისი სიყვარულის ამბავი და უილიამისა და ქეითის ქორწილის საინტერესო დეტალებიც გაგვიზიარა. - ბატონო გია, როდის დაიწყო თქვენი სიყვარული ბრიტანეთის სამეფო კარის მიმართ? - 1966 წელი იყო... მე პირველი კლასის მოსწავლე გახლდით. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ინგლისში ტარდებოდა და პირველად სწორედ მაშინ ვნახე ტელეეკრანზე დედოფალი ელისაბედ მეორე. აი, აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული მონარქიის მიმართ. - როგორც ვიცი, დედოფალი განსაკუთრებულად გიყვართ... - დიახ, ელისაბედი ჩემთვის გამორჩეულია, თუმცა დედა-დედოფლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემით ვარ გამსჭვალული. ის 2002 წელს გარდაიცვალა. ჯერ კიდევ სიცოცხლეში, თავის დაბადების დღეზე კლარენსის სასახლის წინ მე მას დაახლოებით შვიდჯერ შევხვდი. პირველი წერილი დედოფალ ელისაბედს 1989 წელს გავუგზავნე. ამ დროს გორბაჩოვი სახელმწიფო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. მას თან ედუარდ შევარდნაძე ახლდა. წერილში დავწერე, როგორ მიყვარდა სამეფო კარი და საქართველოს შესახებაც მოვუყევი. ძალიან მალე სასახლიდან ის სურათი მომივიდა, სადაც დედოფალი სტუმრებთან ერთად იყო გადაღებული. ეს იყო დედოფლის პირველი ფოტო და ჩემი პირველი წერილის პასუხი. ამის შემდეგ ჩვენი მიმოწერა დაიწყო. ვცდილობდი, მისთვის ყველა მნიშვნელოვანი დღე და სამეფო თარიღი მიმელოცა და პასუხი ყოველთვის მომდიოდა. პირველად ელისაბედ მეორე 2002 წელს საკუთარ ოქროს იუბილეზე ვნახე.
- სანამ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო გაიხსნებოდა, როგორც ვიცი, დედოფალს დაბადების დღესაც უხდიდით. - დიახ, 1977 წლიდან ყოველ წელს ვუხდიდი. ჩემი ახლობლები მოდიოდნენ და ოთახის შუაგულში ტორტის გაჭრის ცერემონიას ვაწყობდი. ეს ტრადიცია 1996 წელს დამთავრდა, როცა საელჩო გაიხსნა. ახლა უკვე იქ იხდიან და მეც ყოველ წელს მიწვევენ.
- დედოფალი განსაკუთრებულად რატომ შეგიყვარდათ? - ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი მეფობის თითქმის 60 წლის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალებისას, როდესაც ერთი კვირა შოტლანდიიდან ლონდონში არ ჩამოვიდა, ბევრი აკრიტიკებდა, მისი გამოსვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გასვენების წინა დღეს სასახლესთან საკუთარი "როლს-როისით" მივიდა, მაგრამ არ შესულა. ხალხს შეხვდა და ესაუბრა. - დაიანას გასვენებაზე თუ ჩახვედით? - არა, არავითარი სურვილი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კარგი ადამიანი და ქველმოქმედი იყო. მან თავისი ქმედებებით მხოლოდ უარყოფითი მოუტანა სამეფო ოჯახს.
- ახალდაქორწინებულ პრინც უილიამზე ვისაუბროთ... - უილიამისა და ქეითის ურთიერთობა შვიდ წელს გრძელდებოდა, რაც, ბოლოს და ბოლოს, უარყოფითად ან დადებითად უნდა დასრულებულიყო. კრიზისული პერიოდიც ჰქონდათ, მაგრამ მერე ურთიერთობა აღადგინეს. უილიამი კარგი პიროვნებაა და მუდამ მოდაშია, უფრო კარგი გოგოს არჩევაც შეეძლო (იცინის), მაგრამ ქეითიც არ არის ცუდი. ის საშუალო ფენას ეკუთვნის. დაიანა ელიტური ოჯახიდან იყო, მაგრამ მაინც ვერ გაამართლა.
- მათ ქორწილზე წასვლა როდის გადაწყვიტეთ? - როგორც კი გავიგე, მაშინვე დავგეგმე, რომ აუცილებლად გავფრინდებოდი. თან ჩემი რამდენიმე მოსწავლე მახლდა, რომლებიც ამ საკითხში მიგებენ. სულ შვიდი ადამიანი წავედით. ყველაზე სერიოზული პრობლემა სასტუმროს შოვნა იყო, რადგან ლონდონში 600 ათასი ტურისტი ჩავიდა. ბოლოს მაინც ვიშოვეთ. ქორწილის წინა ღამეს ლონდონს, ფაქტობრივად, არ ეძინა. ჩვენც იმ ფანებს შევუერთდით. მალე ნაცნობებიც ვნახე კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და დერბაშის საგრაფოდან. ერთად ვიყავით, ვსაუბრობდით სამეფო ოჯახზე. ისეთი დეტალები ვიცოდი, რომ ისინი შოკში ჩავაგდე.
- ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გაიხსნეთ. - როდესაც წყვილის ჯვრისწერა დამთავრდა და სასახლეში ბრუნდებოდნენ, ჩვენ წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა. ჯერ ღია კარეტით ახალდაქორწინებულები მოდიოდნენ, შემდეგ უამრავი ცხენი მოჰყვებოდა, მერე დედოფლის კარეტამ ჩაიარა, ისევ ცხენების რიგი... პრინცი ჩარლზი და კამილა და ისევ ცხენები... ზღაპრული სანახაობა იყო და მე ამისი მონაწილე ვიყავი. დღესაც მიჭირს ამ ემოციების სიტყვიერად გადმოცემა. მე მქონდა ბედნიერება, ერთადერთს მეფრიალებინა საქართველოს დროშა. ყველა გაოცებული იყო. "ბიბისი" და კანადის ტელევიზია დაინტერესდა, საიდან ჩამოხვედით, ეს რომელი ქვეყნის დროშა არისო. ზოგმა იცნო, მეკითხებოდნენ, თქვენი პრეზიდენტი ხომ სააკაშვილიაო. მინდა გითხართ, ქართველები არ შემხვედრიან, ერთადერთი ზაზა შენგელიას ქალიშვილი მოვიდა, რომელიც დიდი სიხარულით გავიცანი.
- ლონდონს უამრავი ტურისტი სტუმრობდა, ცერემონიას სანახავად ადგილის დაკავება არ გაგიჭირდათ? - მართლაც ძალიან რთული იყო. ჩვენ წინა დღეს შვიდ საათზე წავედით და უკვე კარვების ტყე დაგვხვდა. ყველას კარგი ადგილის დაკავება უნდოდა. კანადელი ნაცნობი დამეხმარა, ჩვენთან მოდითო. მათთან მოვეწყვეთ და მერე ქართულად გავფართოვდით (იცინის). - თაყვანისმცემლები ალბათ განსაკუთრებულად აივანზე გამოჩენილი წყვილის კოცნას ელოდებოდით. - დიახ და მათ ორჯერ აკოცეს ერთმანეთს. მერე სამეფო ოჯახიც გამოვიდა. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო. - სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, მითხარით, რომ დედოფლის ყველა კოსტიუმი ზეპირად იცით. მოგეწონათ მისი ჩაცმულობა? - ელისაბედი ძალიან კარგ ფორმაში იყო, უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ცოტა ღია ყვითელი კოსტიუმი შეერჩია, მაგრამ ესეც ძალიან უხდებოდა. ქეითზეც გეტყვით, ჩვენმა ტელევიზიებმა რაღაცები შეცდომებით გააშუქეს, ტიარა, რომელიც მას ეკეთა, დედოფლის კოლექციიდან იყო, საყურე მშობლებმა აჩუქეს, როდესაც ის 18 წლის გახდა. მძივი არ ეკეთა.
- რა მანძილიდან ადევნებდით თვალს ცერემონიას? - სამეფო ეტლებმა ორიოდე მეტრში ჩაგვიარეს. იმ წუთებში ვყვიროდი, უილიამ, უილიამ! დედოფალმა რომ ჩაგვიქროლა ქუინ, ქუინ! თან საქართველოს დროშას ვაფრიალებდი.
- რაზე საუბრობდით თაყვანისმცემლებთან? ყველას მოსწონდა პატარძალი? - დიახ, იქ მყოფი ყველა ადამიანი მონარქიას უჭერდა მხარს და ქეითიც ძალიან მოსწონდათ. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ეს იყო კოსმოპოლიტიზმის ტრიუმფი. ყველა რჯულის, რელიგიის, რანგის ხალხი იყო და მონარქიას მხარს უჭერდნენ. ერთი პრობლემა და ჩხუბი არ ყოფილა, საუკეთესოდ შევეგუეთ ერთმანეთს. ის სცენა არ დამავიწყდება, როდესაც ჰიმნის შესრულება დაიწყო, ხალხი გასწორდა და ცოცხლად ასრულებდნენ. რაღაც ზღაპარი იყო და მეც ამ ცერემონიის მონაწილე ვიყავი.
- ქეითმა და უილიამმა თაყვანისმცემლებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს და სამეფო კარი გაიღო... - დაუგეგმავი და ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. მე ისევ იქ ვიყავი და ხალხთან ერთად ვზეიმობდი. უცებ გაიღო ბუკინგემის სასახლის კარი და ქეითი და უილიამი, პრინც ჩარლზის "ასტონ მარტინით" გამოვიდნენ. ქეითს იგივე კაბა ეცვა და სასახლიდან საკუთარ სახლში წავიდნენ. ხალხი გაგიჟდა, სასწაული ხდებოდა. - როგორ გაგრძელდა სამეფო ქორწილი გარეთ? - ბევრი ქუჩა გადაიკეტა და ქუჩის წვეულებები მოეწყო. ხალხი სადღეგრძელოს ამბობდა, გაუმარჯოს უილიამს, ქეითს, დედოფალს. ამერიკაშიც აღნიშნეს, ავსტრალიაშიც, კანადაშიც, საქართველოს საელჩოშიც, სადაც ოფიციალურად მიმიწვიეს, მაგრამ ელჩს დავურეკე და ვუთხარი, რომ ლონდონში მივდიოდი. - დღეს ყველაფრის მოყოლა ვერ მოასწარით, თუმცა ცნობილია, რომ ძალიან ბევრჯერ სტუმრობდით სამეფო დღესასწაულებს. არაფერი გითქვამთ, რაზე ესაუბრებოდით ხოლმე დედოფალს პირისპირ შეხვედრისას? - ამას საიდუმლოდ ვტოვებ, რადგან, წლების შემდეგ, როდესაც ჩემი წიგნი, "ყველაფერი გიაზე" გამოვა - იქ ამ დეტალებზეც ვისაუბრებ. ამიტომ ჩემთვის შევინახავ (იცინის). - ინტერვიუს დასასრულს ქართულ მონარქიაზეც გკითხავთ, რადგან ორიოდე წლის წინ ჩვენ გვქონდა მისი აღდგენის მცდელობა. - რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, მაგრამ ამას მძლავრი საზოგადოებრივი და ეკონომიკური ბაზა სჭირდება. მივესალმები ახალშექმნილ ოჯახს (დავით და ანა ბაგრატიონები, ავტ.). - მათ ქორწილსაც ხომ არ ესწრებოდით? - არა, მაგრამ ინტერესი და სიმპათიები მქონდა. მეწყინა, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდა.
- რატომ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მემკვიდრეს ელოდებიან. - დიახ, ეს ყველაფერი ისევ აღდგა, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში სახელს გაიტეხ, ვინც უნდა იყო, მისი აღდგენა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, პირველ ოჯახს ეს არასოდეს ეპატიება. მონარქიის აღდგენა კარგია. ჩვენ მეფე არ ჩამოგვიგდია და ყოველთვის ერთგულები ვიყავით. ეს ხელოვნურად მოხდა. მონარქიის ინსტიტუტი ძლიერი და ძვირად ღირებულია, ის, რაც კარგია, ხომ ძვირად ფასობს. მონარქს თავისი სიამაყე უნდა მოჰყვებოდეს.
- პირადად იცნობთ ქართველ მეფე-დედოფალს? - დედოფალს არა, მაგრამ მეფის მსგავსს ვიცნობ (იცინის). - მათი მემკვიდრე რომ გაამეფონ, თანახმა იქნებით? - იყოს, მერე რა. შვედეთში, საერთოდ, საფრანგეთიდან ჩაიყვანეს ის კაცი და მერე შვედი გახდა. ეს ხომ ნამდვილი ბაგრატიონი იქნება.
- მათი ცხოვრება დახურულია და საინტერესო დეტალები მხოლოდ ყვითელი პრესიდან ხდება ცნობილი. - ჯერჯერობით დახურულია და მე მგონი, ასეც უნდა იყოს. ბავშვი გაჩნდება და გაიზრდება, როგორც მომავალი მეფე და ვნახოთ... ეს მეც ჭორის დონეზე გავიგე, ძალიან გამიხარდება, თუ ყველაფერი კარგად იქნება და მონარქია აღდგება. თუმცა მე პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგიც არ ვარ. ნინო გიგიშვილი ჟურნალი "რეიტინგი" http://www.ambebi.ge/article/35952-vin-aprialebda-samepo-korcilshi-kartul-droshas/ |