|
საქართველოს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი – ომარ მხეიძე georoyal.ge
ომარ მხეიძე,დაიბადა 1935 წლის 25 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში.
1953-1984 წლებში ცეკვავს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში წამყვან მოცეკვავედ.
1971 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. ცხოვრობს ქ. თბილისში. საქართველოს სახალხო არტისტის ომარ მხეიძის ბიოგრაფია 30 წელი საქართველოს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთანაა დაკავშირებული. როგორც მოცეკვავემ, ანტონ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით ფეხი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიული წრიდან აიდგა.
1953 წლიდან ის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო ანსამბლის (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი) სოლისტია. იმავე წელს სწორედ აქ შეამჩნიეს იგი და მიიწვიეს სუხიშვილების ანსამბლში. ბრწყინვალე ქართული გარეგნობა, ინდივიდუალიზმი და არტისტიზმი, პლასტიკურობა, პროფესიის სიყვარული და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა მუდამ გამოარჩევდა ამ უზადო ხელოვანს.
ომარ მხეიძემ უზარმაზარი როლი ითამაშა ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. "ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა"; "მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე"... "ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები"... "მფრინავი ვეფხვი", "ანსამბლის არწივი" - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი.
1984 წელს მან დატოვა მშობლიური ანსამბლი.
ამჟამად ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტია.ასევე ომარ მხეიძე ითვლება საქართველოს ჩოხოსანთა მოძრაობის ერთეთ თვალსაჩინო ლიდერად.
2004 წლიდან ომარ მხეიძე არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი.
2015 წლის 23 მაისს აირჩიეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად. |
|