როგორც წინა წლებში, ამჯერადაც უერთგულეს ქართველებმა პატრიარქის მოწოდებას - შობა ღამეს 12 საათზე ყველა ფანჯარაში აინთო სანთლები! ამით ერთხელ კიდევ დადასტურდა, რომ, როცა საჭიროა, ქართველებს შეუძლიათ ჰქონდეთ სიყვარულზე დაფუძნებული ერთობა. ამჯერად ეს იყო ღვთაებრივი სიყვარულის განცდა. მაგრამ, გარდა საღვთო სიყვარულისა, ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდევ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჩვენ ერთად ყოფნის სიხარული გვაგრძნობინოს? უნდა მოხდეს - ძალიან საყოველთაო და ძალიან მნიშვნელოვანი! პირველი, რაც მახსენდება, გახლავთ ფაქტი, რომელიც 1981 წლის 13 მაისის ღამეს უკავშირდება - თბილისის ”დინამოელებმა” ევროპის თასი მოიპოვეს და თამაშის დამთავრების შემდეგ სიხარულით აღტაცებული მთელი თბილისი დაიძრა სტადიონისაკენ: შეღამებულზე აივსო ტრიბუნები, სარბენი ბილიკები და მოედანი - ბოლო არ უჩანდა ერთმანეთის ხვევნა-კოცნასა და მილოცვებს. უეცრად ტაბლოზე დაიწერა: ”გულშემატკივრებს ვთხოვთ, გაათავისუფლონ ფეხბურთის მოედანი - ჩვენს ღირსეულ სპორტსმენებს შევუნარჩუნოთ ბალახის საფარი”. და რა მოხდა? რამდენიმე წუთში დაიცალა ფეხბურთის მოედანი! აი, ეს არის სიყვარულზე დაფუძნებული ერთობა ყოფით ცხოვრებაში! 1988 წელს სპიტაკში, ჩვენს მეზობელ სომხეთში მოხდა მიწისძვრა. სრულიად ქართველობა ნებაყოფლობით ჩადგა რიგში ვნებულთათვის სისხლის ჩასაბარებლად! ეს იყო მოყვასისადმი ერთობლივი თანადგომის განცდა! 1989 წლის აპრილში ხომ მთელი საქართველო ათენ-აღამებდა მთავრობის სასახლესთან - მოჰქონდათ მოშიმშილეებისთვის ლეიბები, საბნები, ბალიშები, თბილი ტანსაცმელი - აი, ეს იყო, თუ იყო ერთობა! მერე დადგა ტრაგიკული 9 აპრილი და თბილისი ერთიან სამგლოვიარო პროცესიად იქცა, ზუსტად განმეორდა ის სურათი, რომელიც 1921 წლის 26 თებერვალსაც ყოფილა დაფიქსირებული, როდესაც საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს თბილისელებმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გამართეს და, როდესაც წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, სადაც ქართველი ჭაბუკების ცხედრები ესვენა, ხოლო უკან მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. თბილისი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაღუპულ იუნკრებს გლოვობდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია, ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა”, - იხსენებდა გერონტი ქიქოძე. ხალხის ერთობა რიგ ქვეყნებში, ერთი შეხედვით, ბანალური ქმედებებითაც გამოიხატება - იტალიაში მაგალითად არსებობდა შეთანხმება მთელ მოსახლეობაში - შუაღამისას, სადღაც 2 თუ 3 საათზე მთელ ქვეყანაში 5 წუთით ქრებოდა შუქი და მთელი დღის მანძილზე უკვე აღარ სჭირდებოდათ ენერგიის დაზოგვა; ლატვიაში (ან, იქნებ ლიტვაში) 90-იან წლებში მიუღიათ დადგენილება: ვიდრე მთელი მოსახლეობა სიღარიბის გარკვეულ ზღვარს არ ასცილდებოდა, ქვეყნის არცერთ მცხოვრებს არ მიეცა საკუთარი თავისთვის განსაკუთრებულად ძვირადღირებულ მანქანაზე ჯდომის უფლება! გვაქვს ჩვენც ასეთი ერთობის უნარი? შობა ღამეს ანთებული სანთლები მოწმობენ, რომ გვაქვს. დღეს მსგავსი ერთობა განსაკუთრებულად საშურია ჩევნი ქვეყნისათვის, რადგან საქართველო, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ პერმანენტულად სულ დამარცხების პირას დგას - დაცემული და განადგურებული: ჯერ ხომ შევარდნაძის ძალისხმევით სულიერად დაჩიავდა და ფიზიკურად დაკარგა დე ფაქტო ტერიტორიები, მომდევნო ხელისუფლებამ მოუმატა სულიერი და ფიზიკური დანაკარგები და დღევანდელმა ხომ - ეკონომიკურად მოუთავა ხელი. რა გვაქვს სასიხარულო? გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: ქართველები დღეს ფარულ დეპრესიაში იმყოფებიან - უცხოეთში გადახვეწილი მილიონობით ემიგრანტი, ოლიგარქის იმედად ჩარიგებული ამომრჩევლები და თვით დაპირისპირებულ პარტიათა და პარლამენტართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ ფარული დეპრესიის ნიშანია. დღეისათვის ჩვენს ქვეყანას დაკარგული აქვს ყოველივე სულიერი და მატერიალური, რისი დაკარგვაც კი შესაძლებელია ქვეყნისათვის! ამიტომ, ერის ასაღორძინებლად საჭიროა ყველამ ერთად დავისახოთ ის უპირველესი მიზანი, რომელიც ხალხს გამოიყვანს დეპრესიიდან. ოღონდ, ყველაფერს ერთად ვერ დავიბრუნებთ - საქართველოები უნდა დავიბრუნოთ სათითაოდ! დავიწყოთ კითხვით - აბა, რა გვაქვს დღეს ისეთი საერთო საზრუნავი, რაშიც ერი და ბერი, დიდი და პატარა ვთანხმდებით? რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის დაბრუნება! მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უახლოესი მომავლის საქმე არ გახლავთ - საჭიროა, რომ ჯერ ბოროტების იმპერიას მორალურ-მატერიალური საყრდენი გამოეცალოს და იმ მორალურ-მატერიალური ძალით ჩვენი ლტოლვილები აღიჭურვონ! ამას კი დრო სჭირდება! ეს ერში - ანუ რაც შეეხება ჩვენს ახლად დაკარგულ ტერიტორიებს. სამაგიეროდ უფრო დიდი გვაქვს შანსი იმ სფეროში, რაც ჩვენს სულიერებას შეეხება და რაც დღეისათვის უცხოთა ანაბარა დაგვრჩენია: ”ივერონი”ათონის მთაზე, ”პეტრიწონი” ბულგარეთში და ჯვრის მონასტერი იერუსალიმში. ბულგარელებთან და ბერძნებთან მათ საკუთარ ქვეყნებში ჯერჯერობით დავა ალბათ გაგვიჭირდება, რადგან ასე იოლად მართლმადიდებელი ქვეყნები მათ არ დაგვიბრუნებენ, მაგრამ, რაც შეეხება ჯვრის მონასტერს, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ავტორი შენიშნავს: ”ის იერუსალიმშია და ამ ებრაულ სახელმწიფოში უფრო იოლი უნდა იყოს ბერძნებთან გამკლავება, რომლებიც ჩვენს ტაძარს დაუფლებიან. მათთან შებმამ იურიდიულადაც უნდა გაგვამარჯვებინოს, რადგან ოდითგანვე ჩვენ გვეკუთვნოდა და თუ ასეთი საბუთები არ გაჭრის, მაშინ - ფულითაც შეიძლება ბერძნებისგან მისი გამოსყიდვა!” ქართველებო, ხომ ავანთეთ ყველამ საშობაო სანთლები ღამის 12 საათზე? ჰოდა, მოდით ახლა ერთად დავისახოთ ყველაზე ახლო ”მდგომი” მიზანი - ჯვრის მონასტრის დაბრუნება! იმავე ავტორის მოთხოვნისამებრ, მივმართოთ კათალიკოს-პატრიარქს - თუ იურიდიულად ვერ მივაღწევთ წარმატებას, მოუწოდოს სრულიად საქრართველოს ფულის შესაგროვებლად და დავდოთ ყოველმა ქართველმა თითო დოლარი მონასტრის გამოსასყიდად - გამოვა 3 მილიონ ნახევარი დოლარი; არ ეყოფა? დავდოთ ყველამ 10-10 დოლარი. თუ არც ეს ეყოფა - გაიმეტონ ძლიერთა ამა ქვეყნისათა და მქონებელთა და გადავავსოთ 100 მილიონამდე. კიდევ არ ეყოფა? განა რამდენი უნდა დაჯდეს საკუთარი მონასტრის ერთმორწმუნეთაგან გამოხსნა მათთვისაც და ჩვენთვისაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე? და თუ არც იურიდიული და არც მატერიალური საშუალება არ გაჭრის, გავკადნიერდეთ და შევაწუხოთ ჩვენი მფარველი დედა ღვთისმშობელი - თუ 3 მილიონ ნახევარი ქართველი ერთობლივად აღვავლენთ ლოცვას, დედა ღვთისა მრისხანედ მოჰკითხავს ბერძენ მოწესეებს და დაგვიბრუნებს მონასტრის გასაღებს ამჟამინდელი მეპატრონეების ხელიდან! ჯვრის მონასტრის დაბრუნება იქნება საქართველოს პირველი გამარჯვება და ერის აღორძინების პირველი ნაბიჯი ივერიის უეჭველი გაბრწყინების გზაზე!
|