ეროვნული ხელისუფლების დამარცხება - 1991 წლის დეკემბერი (წერილი მესამე) სამშობლოსათვის წამებული რაინდი – ზვიად გამსახურდია და ჯვარზე გაკრული საქართველო
უკვდავ თანამემამულეთა პირველ სამეულში 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს ტელევიზიაში განხორციელდა ბრიტანული პროექტი “გამოჩენილი თანამემამულეების შესახებ”, სადაც ქართველმა ერმა ყველა დროის გამოჩენილ შვილთა შორის ღირსეული ადგილი მიანიჭა თავის პირველსა და ერთადერთ ჭეშმარიტ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას – დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით დაუმკვიდრა ადგილი! ხალხმა გულწრფელად გასცა პასუხი თანამედროვე პოეტის ნატვრას, რომელიც თავის ერთ ლექსში ქართველთა ისტორიულ ორ დედაბოძად, ორ სვეტად, სწორედ დავითსა და ილიას გულისხმობდა და მესამისკენ ჰქონდა მოლოდინის თვალი მიპყრობილი: „ღმერთო, გვაღირსე მესამე სვეტი!“ მიუხედავად იმისა, რომ თვით პოეტს არ ეყო გულისხმა ამ მესამე სვეტის შესაცნობად, ქართველმა ერმა უპირობოდ შერაცხა თავის „მესამე სვეტად“ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და სამშობლოს ორსაუკუნოვანი მონობისაგან დამხსნელი რაინდი – ზვიად გამსახურდია! 2009 წლის 31 მარტს, დაბადებიდან 70 წლის აღსანიშნავად, მადლიერმა თანამემამულეებმა ღირსეული საჩუქარი მიუძღვნეს თავიანთ პრეზიდენტს – ჩარიცხეს საქართველოს ყოველი დროის უკვდავ შვილთა პირველ სამეულში! მებრძოლი სულით – სიჭაბუკიდან სიჭარმაგემდე (ორი ფრაგმენტი ბიოგრაფიიდან) ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, მამა რევაზი იგონებს: „მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემს გვერდით, 12–13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება, – რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევა – ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ „კ.გ.ბ.“ –ში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათ „დამნაშავესთან“, მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია – ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!“ კიდევ ერთი მოგონება, იმავე ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ნიკოლოზის: „ზვიად გამსახურდიას თავგანწირული სულისკვეთება საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ მას საკუთარი ოჯახიც არ ეზოგებოდა. ერთ ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: ბათუმში ბაპტისტური ეკლესიის დაბრუნების მცდელობა გვქონდა. ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდი გახლდათ და მთელი აჭარის მილიცია იყო ამ საქმეზე მობილიზებული. მოთავეებს დარბევის აშკარა საფრთხე ელოდათ. როცა შევიტყვე, ზვიადი ოჯახთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას, გავაფრთხილე, რომ ეს მთლად უხიფათო არ იყო. მან მშვიდად მომიგო: – ქრისტეს სადიდებელ საქმეში ჩემი ოჯახი როგორ დავინდო, დაგვხოცავენ და დაგვხოცონ, ქრისტესათვის შეწირულნი არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნიო!“ საქართველოს სულიერი მისია ქრისტესთვის თავშეწირვა ისევე იყო უპირველესი მცნება ზვიად გამსახურდიასათვის, როგორც მისი დიდი წინაპრის – ვახტანგ გორგასლისათვის, რომელიც ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“! და მეორეს მხრივ, სამშობლოსთან მიმართებაში, ზვიადსაც იმავე ღირსებით შეეძლო ეთქვა: „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“, როგორც მისმა წინაპარმა პოეტმა თქვა. აქედან გამომდინარე, ყოველი მისი ქმედება განსახილველი ხდება იმ იდუმალი ღვთაებრივი ფიქალის მსახურებაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ დააწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“! ქრისტეს სამსახურში გაღებული ღვაწლის მიხედვით ზვიად გამსახურდია საგანგებო როლს ანიჭებდა თავის სამშობლოს. მას მიაჩნდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას საგანგებო სულიერი მისია ეკისრებოდა უფლისა და კაცობრიობის წინაშე. იგი თამამად აცხადებდა: „სახარების მიხედვით, სულიწმინდის მისია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვების მხილება. იგივე მისია ეკისრება ქართველ ერს მომავალში, რადგან საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა“. ამდენად, გამსახურდიასთვის მთავარი იყო, არ დაეჩლუნგებინა ხმალი სულიერ ბრძოლაში, ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად! მან თავისი ერის სახელით თქვა უარი კონფესიური პროზელიტიზმის იმპორტზე და მთელი მოწინავე კაცობრიობის წინაშე აღიარა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95 პროცენტი მართლმადიდებლობის აღმსარებელია და არ საჭიროებს სხვა „ქრისტიანული“ კონფესიებისა და სექტების სამისიონერო დახმარებას და უარი უთხრა მათ მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე“. ის უშიშრად აღიარებდა, რომ ანტიქრისტიანულ ძალთა „ მიზანია გაანადგურონ ერის ცნება საერთოდ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ამ მსოფლიო მთავრობამ უნდა დააყენოს ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგი…რელიგიას ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას“! დინების საწინააღმდეგოდ რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისანი არა მარტო რელიგიას, ეთნოსსაც არ ანიჭებდნენ არავითარ მნიშვნელობას, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ზოგადქრისტიანული იდეალები და არანაკლებ ძვირფასი – ეროვნული, ორმაგი ძალისხმევა მართებდა, რათა საქართველო გამოეხსნა რუსეთის იმპერიული დაქვემდებარებისაგან. მაგრამ ეს საკითხიც უკვე გადაწყვეტილი იყო გორბაჩოვ–შევარდნაძისა და ბუშ–ბეიკერის 1989 წლის დეკემბრის მალტის შეხვედრაზე, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირელებს აენთოთ „მწვანე შუქი“ (რასაც გრომიკომ მოგვიანებით „პოლიტიკური და დიპლომატიური ჩერნობილი“ უწოდა), ხოლო დანარჩენი რესპუბლიკები „პერესტროიკულად“ გადაკეთებულ საბჭოთა კავშირში უნდა დარჩენილიყვნენ. გამსახურდია საქართველოს თავისუფლების ლოზუნგით „კრემლსა“ და „თეთრ სახლს“ერთდროულად დაუპირისპირდა. ცხადია, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მესვეურებს არ მოეწონებოდათ ზვიად გამსახურდიას თამამი განცხადებები და აშშ–ის პრეზიდენტმა მამა–ბუშმა მის ქმედებას „დინების საწინააღმდეგო ცურვა“ უწოდა, რაზეც გამსახურდიამ არანაკლები სითამამით უპასუხა: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“ გარე თუ შიდა ძალებთან წარმოუდგენელი წინააღმდეგობის ფასად, არ მოაწერა ხელი მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამის საპასუხოდ საქართველოსთვის თავს დატეხილი დიდი ომის ჟამს, მაინც მიაღწია იმას, რომ ტყვიების ზუზუნში, ეგრეთ წოდებულ ბუნკერში ჩამწყვდეული საქართველოს თავისუფლება ცნო 33–მა ქვეყანამ! საპრეზიდენტო სტრატეგია ისინი, ვინც ასე თუ ისე, აღიარებდნენ გამსახურდიას სამეცნიერო ღვაწლს, ხშირად უწუნებდნენ მას პოლიტიკურ თვალსაწიერს და მიიჩნევდნენ, რომ იგი არ უნდა შედგომოდა პოლიტიკოსის გზას, რადგან პოლიტიკა თურმე სხვაგვარ მომზადებას ითხოვს ადამიანისაგან. უმრავლესობამ, ცხადია, არ უწყოდა, რომ ზვიად გამსახურდია საქართველოს სახვალიო დღეს აგებდა ისტორიის სვლასთან სრული შესატყვისობით, რადგან მას გარკვეული ჰქონდა საბჭოთა ქვეყნის მომავალი აღსასრული დროსთან სრული შესატყვისობით. ამის საუკეთესო დასტურია ისტორიული ფაქტი: 60–იანი წლების ბოლოს მასთან „კოლხურ კოშკში“ სტუმრობდა ცნობილი დისიდენტი ანდრეი ამალრიკი, რომელმაც 1969 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი : „იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე“, სადაც დიდი სიზუსტით იყო აღწერილი ქვეყნის დაშლის სურათი, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე. ამალრიკი სულ რამდენიმე წლით შეცდა და ამ ფაქტების მიხედვით, ყველაზე სკეპტიკოსი ოპონენტისთვისაც კი სრულიად გასაგები უნდა იყოს, რომ გამსახურდიას წლების კი არა, თვეების მიხედვით ექნებოდა გამოთვლილი პოლიტიკური სტრატეგია იმპერიის ნანგრევებში მოყოლისაგან საქართველოს გადასარჩენად! დამოკიდებულება ეროვნულ უმცირესობებთან გარეშე და შინაური მტრები ზვიად გამსახურდიას ხშირად აბრალებდნენ ნაციონალურ შეუწყნარებლობას – თითქოს მას ეკუთვნოდა ლოზუნგი: „საქართველო ქართველებისთვის“, ვიდრე არ გაირკვა ამ სიტყვების პირველწარმომთქმელის – გენერალ–პოლკოვნიკ როდიონოვის ავტორობა, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, გაზეთ „ლენინსკოე ზნამიაში“ 1989 წლის 16 ივლისს მიაწერა გამსახურდიას მსგავსი ლოზუნგის მიტინგზე გამოტანის ბრალდება. არადა, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ: პრეზიდენტად არჩევიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ თავის კაბინეტში მიღება გამართა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის. ერთ–ერთ ასეთ დელეგაციას – საქართველოში მცხოვრები რუსების ჯგუფს – წინ მიუძღოდა რუსი საეკლესიო პირი, არქიმანდრიტი რაფაელი. აი, მისი მონათხრობი, შეხვედრის შთაბეჭდილებებზე: პრეზიდენტმა ძალიან გულთბილად მიგვიღო, ჩემთან ერთად იყვნენ აქაური რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლები: პედაგოგები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები… მასპინძელმა ყველას გამოჰკითხა – რა ულხინთ, რა უჭირთ, ხომ არავის ავიწროვებენ; რით შეუძლია, რომ დაეხმაროს. იმან კი უთხრა, მაგრამ ამათ რა უპასუხეს?! ამათი აზრები სულ მიწიერს უტრიალებდა: საბინაო პრობლემებიდან დაწყებული, პირადი მოხმარების საგნებით დამთავრებული…არცერთი სათხოვარი კუჭის დონეს არ გასცილებია. განა შეიძლება პრეზიდენტის შეწუხება ამგვარი საკითხებით? გამსახურდია დიდი მოთმინებით და გულისხმიერებით უსმენდა მათ, გულთბილადაც გამოეთხოვა და კეთილი დაპირებებითაც გამოისტუმრა, მაგრამ მე ყურადღებით ვაკვირდებოდი და მისი გამომეტყველება იერსახით მამცნობდა, რომ მას ებრალებოდა ეს პატარა ადამიანები!” ვისაც მამა რაფაელის ქადაგებები წაუკითხავს ან მოუსმენია, უწყის, რომ მამა რაფაელს ზერელე დასკვნების გაკეთება არ სჩვევია და განუსჯელად არასოდეს აფასებს პიროვნებასა თუ მოვლენებს! უმადური კომუნისტები 1991 წლის ცნობილი აგვისტოს პუტჩის შემდგომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რათა გაეუქმებინა კომუნისტური პარტია, მის მიერ წარსულსა და უახლოეს აწმყოში (9 აპრილი, ვილნიუსი, ბაქო) ჩადენილ ქმედებათა გამო, რასაც, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა კომუნისტური პარტიის სიით არჩეული დეპუტატების დათხოვნა მაშინდელი საკანონმდებლო ორგანოდან – უზენაესი საბჭოდან. მაგრამ დახეთ გამსახურდიას – დადგენილების მიღებიდან მეორე დღესვე მან დაიბარა კომუნისტური სიით გასული დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მცირე დარბაზის ტრიბუნიდან დაუყვავა მათ და სთხოვა, პირად ანგარიშსწორებად არ მიეღოთ ეს ნაბიჯი. საგანგებოდ განუმარტა მათ, რომ მან კარგად უწყოდა – ისინი იდეური მარქსისტები კი არ იყვნენ, არამედ პარტბილეთი ჯიბეში პურის წიგნაკის მნიშვნელობით ედოთ და თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოს; და რომ თანხმობის შემთხვევაში არცერთი მათგანი არ დარჩებოდა სახელმწიფო მართვის სადავეებს მოწყვეტილი – რა სამსახურსაც ხელს დაადებთ, იმ სამსახურში ჩაგაყენებთო – დააიმედა ისინი პრეზიდენტმა. იმ დღეს სტუმრებმა სიტყვებით გამოხატეს კმაყოფილება, მაგრამ მოგვიანებით არცერთ ნაკომუნისტარს არ უხსენებია მადლიერებით ეს შემთხვევა; პირიქით, მომავალში მათი უმეტესობა გადაბარგდა იმ ოპოზიციის რიგებში, რომელმაც შევარდნაძეს გაუკვალა გზა საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. „არმაგედონი“ ზვიად გამსახურდიამ ჯერ კიდევ 1978 წლის მაისში გააკეთა ტაქტიკური სვლა მას შემდეგ, რაც იმავე წლის აპრილის თვეში, ახალგაზრდების მოძრაობამ ქართული ენის დასაცავად დაანახა მას, რომ ქვეყანა მზად არის ეროვნული იდეალებისათვის საბრძოლველად და რომ მას ლიდერი სჭირდება წინ გასაძღოლად, რათა არ ჩაუვარდნენ ფსევდოლიდერს და გზიდან არ გადაიჩეხონ! მას შემდეგ ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უცვლელი ლიდერი და ხელმძღვანელია. მაგრამ პრეზიდენტი, რომლის ბადალსაც ნებისმიერი დიდი და ძლევამოსილი ქვეყანა ინატრებდა, ვერ შეიღირსია ქართველობამ და 1991 წლის 21 დეკემბერს, ზუსტად 20 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც მან არ გააგზავნა ელჩები ყაზახეთში ახალ ბატონყმურ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, საკუთარმა მე–5 კოლონამ თავს მოახვია სიუზერენისაგან წაქეზებული ომი. მაგრამ ვერც ამ ომმა შეცვალა პრეზიდენტის გულისთქმა – ის გულშემატკივრულად არიგებდა თანამემამულეებს: „…თუკი მოყვასი ზარბაზანს გვესვრის, ჩვენ ნუ ავიღებთ მახვილს, სიყვარული შევაგებოთ მის სიძულვილს და ყვავილები ვესროლოთ.“ მხოლოდ მან უწყოდა, რომ საქართველოში დიდი არმაგედონი დაიწყო – ანტიქრისტიანულ ძალთა გამძვინვარებული ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის, ქართველი მართლმადიდებელი ერის წინააღმდეგ, და რომ ეს ბრძოლა უმთავრესად სულიერი ბრძოლა იყო და არის დღესაც! პრეზიდენტის მოწინააღმდეგენი დღემდე სამოქალაქო ომად ხმობენ ამ დაპირისპირებას, მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციონერი, ქართველი სამხედროცა და საერო პირიც, კრემლის დავალებას ასრულებდა, რის მიხედვითაც ომი იყო სამამულო – სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის! ომის შედეგების ზვიად გამსახურდიასეული წინასწარმეტყველება: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს: „სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება – შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…“ ეს სიტყვები სრულად აუხდა ქართველობას – მარტო სისხლიანი მიტინგები რომ ჩამოვთვალოთ: დაიხვრიტა 3 და 7 იანვარს – „დიდუბისა“ და „დელისის“ მეტროსთან, 2 თებერვალს – 200000–იანი მიტინგი ცირკთან; 5–ჯერ დაატყდა რეპერსიები სამეგრელოს, მთლიანად გადაითელა და გაპარტახდა საქართველო კახეთიდან აფხაზეთამდე – შევარდნაძის დიდი ღამე დადგა საქართველოში! პიროვნული და იდეოლოგიური მტრის, ედუარდ შევარდნაძის, პირისპირ წინა წერილში(„ეროვნული ხელისუფლების დამარცხების მეოცე წლისთავი – წერილი მეორე: „მთავარი მანქურთი და მსხვერპლად შეწირული საქართველო“ აღვნიშნე და აქ აღარ გავიმეორებ, იდეოლოგიურთან ერთად რა პიროვნული მოტივები გააჩნდა ედუარდ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საბრძოლველად – აქ მხოლოდ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოგახსენებთ მათი შედარებითი ბიოგრაფიის ფრაგმენტებს იმის სამხილებლად, თუ კრემლისგან ათეულ წლობით მხარდაჭერილ რა ძალასთან უხდებოდა ზვიად გამსახურდიას დაპირისპირება: ა) ზვიად გამსახურდია აღმერთებდა ქართულ ენას, ავითარებდა იოანე ზოსიმეს მიერ გამოთქმულ ქართული ენის მისიის ღვთივგანპირობებულობის თვალსაზრისს, იბრძოდა ქართული ენის სიწმინდისათვის; ედუარდ შევარდნაძე ნერგავდა ქვეყანაში რუსულ ენას; საქართველოს, როგორც ლაბორატორიას იყენებდა ამ ენით ერთაშორისი ურთიერთობის დასამყარებლად, და 1978 წლის 14 აპრილს იღვწოდა ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის ჩამოსართმევად. ბ) ზვიად გამსახურდია იდგა სსრკ–ის დაშლის საძირკველში – საქართველო არ შეიყვანა განახლებული რუსული იმპერიის შემადგენლობაში – დსთ–ში; ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში დაბრუნების უმთავრეს მოვალეობად დაკისრებული ჰქონდა საქართველოს დსთ–ში შეყვანა, რაც წარმატებით განახორციელა! გ) ედუარდ შევარდნაძემ დადგა საქართველოს მოღალატის – სერგო ორჯონიკიძის ძეგლი; ზვიად გამსახურდიამ აიღო საქართველოს მოღალატის – სერგო ორჯონიკიძის ძეგლი. დ) ზვიად გამსახურდიას დროს დაკანონდა ქართული საფეხბურთო გუნდებისთვის ეროვნული სახელწოდებები; ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაუბრუნა გუნდებს პირვანდელი საბჭოთა სახელწოდებები. ე) ზვიად გამსახურდიამ გააუქმა უკანონო წარმონაქმნი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ეს ცვლილება აღიარებინა რუსეთს; ედუარდ შევარდნაძემ დაგომისის ხელშეკრულებით გაასხვისა ისტორიული შიდა ქართლი. ზ) ედუარდ შევარდნაძემ გაიყვანა როკის გვირაბი და ნაღმი ჩაუდო საქართველოს სუვერენიტეტს; ზვიად გამსახურდიამ სცადა როკის გვირაბის აფეთქება, მაგრამ ისე მყარად აეშენებინა ის შევარდნაძეს, რომ ვერაფერს გახდა. ვ) ზვიად გამსახურდიამ აფხაზეთში საფუძველი ჩაუყარა მშვიდობიანი ერთობლივი თანაცხოვრების პოლიტიკას, ამასთანავე, 1993 წელს ხელი არ მოაწერა რუსეთთან ერთად აფხაზეთის გაკონტროლებას, რის ფასადაც შეეძლო მშვიდობიანად დაებრუნებინა პოლიტიკური ხელისუფლება; ედუარდ შევარდნაძემ მკვიდრი ქართველები 300000 კაცის ოდენობით დევნილებად აქცია საკუთარ სამშობლოში და მშობლიურ მიწა–წყალზე დასაბრუნებელი ფეხი ამოუკვეთა. თ) ზვიად გამსახურდიამ თქვა შინაურ მტერზე: „ვესროლოთ ყვავილები“! ედუარდ შევარდნაძემ იარა გვამებზე, ვიდრე სულ მთავარ სამიზნემდე არ მივიდა: ხოცა ჯერ შინაური წრიდან – კობახიძეები, პატარიძეები, ხაბეიშვილები; მერე თვითმფრინავის ბიჭები და სატანას მსხვერპლად მიუტანა საქმეში გაურეველი უდანაშაულო მღვდელი; 9 აპრილს მომიტინგეთა დასასჯელად თვითმფრინავიდან გასცა ბრძანებები; დაუკვეთა გია ჭანტურიას მკვლელობა; იყო ხობში კვირაიას მიერ ჩადენილი დახვრეტის თანამონაწილე; ჟიული შარტავა მძევლად დაუტოვა მტარვალებს ხელში და ბოლოს თვით ზვიად გამსახურდია მოაკვლევინა! მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? დღეს ზვიად გამსახურდიას კეთილისა და ავის მოსურნენი ერთნაირად ცდილობენ გარკვევას – მკვლელობით დასრულდა პრეზიდენტის სიცოცხლე თუ თვითმკვლელობით. ცხადია, მრავალი სამხილი მკვლელობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი წუთით რომ დავუშვათ, ის უზარმაზარი „სტეჩკინი“ თავად მიებჯინა პირისახეზე და იმ წარმოუდგენელი ტრაექტორიით გაესროლა კიდეც – არავის უცდია გარკვევა, თვით ასეთ შემთხვევაშიც კი აგებდა თუ არა ის უფლის წინაშე პასუხს თვითმკვლელობისათვის?! ცნობილია, როდესაც ქალი საკუთარი ღირსების შენარჩუნებისთვის იკლავს თავს, ის სასოწართმეულ თვითმკვლელად არ ითვლება – ასე მოიკლა გმირმა ქართველმა ქალმა შუშანმა თავი, ხაზართა მეფის თანამეცხედრე რომ არ გამხდარიყო – ბეჭდის თვლიდან დალია საწამლავი; იგივე ქმედება არ ეთვლება ცოდვაში კაცს, როდესაც სხვათა გადასარჩენად იკლავს თავს – საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იხსნა ამ გზით ფორე მოსულიშვილმა 16 კაცი და ეს იყო გმირობა და არა სულმოკლეობა; რაზმის მეთაურის ნაცვლად იგი წარუდგა ფაშისტებს სიტყვებით: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია!“ და მათ წინაშე მოიკლა თავი, რითაც 16 კაცს შეუნარჩუნა სიცოცხლე! ამდენად, სავსებით ზედმეტია, მკვლელობისა და თვითმკვლელობს ვერსიების მტკიცებისათვის თავგამოდება – ზვიად გამსახურდიას თავიც რომ მოეკლა, ეს იქნებოდა არა თვითმკვლელობა, არამედ ყველა მისი თანამდგომის – მოკიდებული დაცვის ბიჭებიდან, უბრალო ადეპტამდე – გადარჩენა, რომელთაც პრეზიდენტის თანადგომისა და თანახლებისთვის დღითა და ღამით იარაღით ხელში სდევდა შევარდნაძის ხელისუფლება. ლხინი ჟამიანობის დროს საზეიმო თარიღის აღნიშვნაში აისახა ავბედითი სიმბოლო – შობის წინა დღით განიდევნა პრეზიდენტი სამშობლოდან და შობის წინა საღამოსვე დაიწყო ამ მოვლენის საზეიმოდ აღნიშვნა. მამა ვახტანგი (მარგიანი) იგონებს ამ განსაკუთრებული დღის მოვლენებს: „შაბათს, 6 იანვარს, წავედი, რათა მიმეღო მონაწილეობა საშობაო წირვა–ლოცვაში. მოვიდა ილია მეორე ძალიან კარგ ხასიათზე სამღვდელოებასთან ერთად, მაგრამ სიონს აშკარად დაეტყო ხალხის ნაკლებობა. თვალში საცემი გახდა – ხალხმრავალი სიონი აღარ იყო …7 იანვარს ილია მეორემ დამპატიჟა ბანკეტზე. ის ბანკეტს აკეთებს დღესასწაულის დღეებში. თითქმის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ უკვე მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული…ულოცავდნენ ილია მეორეს, ვინაიდან ილია მეორეს ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან…ერთი სიტყვით, ილია მეორეს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას. (“ახალი თაობა” 1999წ. 13. 04.) ეს იყო მხოლოდ დასაწყისი – დასაწყისი ანტიეროვნულ ძალთა ზეობისა საქართველოში. ამ დღიდან გაგრძელდა ლხინი ჟამიანობის დროს. ეს ვითარება ძალიან წააგავდა ორი საუკუნის წინანდელ ხანას, რომლის ფსიქოლოგიური სურათი ხატოვნად აქვს აღწერილი სანდრო ახმეტელს ბარათაშვილზე დაწერილ ესსეში: „… საქართველო, როგორც საქართველო, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, მოკვდა, როცა საქართველოს მზე ჩაესვენა და ერს მისი უმაღლესი წმიდათაწმიდა უფლება, მისი დამოუკიდებლობა ხელიდან გამოეცალა. მოიგონეთ იმ დროის ქართველნი… განა ჩვენ გვესმის მათი კვნესა, ვაება და ტანჯვა. განა მაშინდელი ქართველნი მოსთქვამდნენ და სტიროდნენ, ვითარცა ებრაელნი მდინარეთა ბაბილონისათა. განა ამ საშინელ, ულმობელ დროს ქართველი ცრემლითა რწყავდა დაობლებულს, მიწასთან გასწორებულს სამშობლო მიწა–წყალს?.. მოიგონეთ ბარათაშვილის დროს სიცილი და ხარხარი, ლხინი და კისკისი, გეგონებათ, საქართველო სტკბება უბედნიერესი წამებით. მხოლოდ მგოსანი გულჩათხრობილი გლოვობს. მისი სული, ვით სპეტაკი სული მთელი ერისა, მოსთქვამს მწარედ, გულსაკლავად“. განსხვავება კი ამ ორ დროს შორის გახლავთ ის, რომ დღევანდელ საქართველოს აღარ ჰყავს ბარათაშვილი, რომელსაც შეეძლებოდა დაეტირა სულიერებას მოკლებული ერის მიერ თავისუფლების განსყიდვა, უმადურობა, უნუგეშობა, უდარდელობა, დაცემა, დაკნინება, დამდაბლება, მოყვრის ვერმცნობელობა და მტრის გალაღება! სოლომონ ლიონიძის სადარი დატირება ერეკლე მეფე სასიკვდილო სარეცელზე მთელი ერის სახელით ცხარედ დაიტირა საქართველოს ერთგულმა მეციხოვნემ – სოლომონ ლიონიძემ. ზვიად გამსახურდიას საქართველოში მისი ღირსების შესაფერისი დამტირებელიც არ ერგო. მთელი კავკასიის სახელით ეს გააკეთა ცნობილმა ვაინახმა სამართალდამცველმა, ისა ქაძოევმა – მისი სამძიმრის დეპეშა: “სიტყვა მეგობარზე”, დღემდე ხელიდან ხელში გადადის საქართველოში, სადაც ზვიად გამსახურდიას საკაცობრიო ღვაწლია შეფასებული და, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ: “ზვიად გამსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა.… ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სახელმწიფოს სრული უფლებების აღდგენისათვის, ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე: 1. ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან; 2. დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე; 3. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა; 4. – კავკასიელ ხალხთა ძმობა. საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვის. აი ის დოქტრინა, რომელიც გაუნათებს გზას მომავალ პატრიოტებს საქართველოს თავისუფლებისათვის, სრულიად კავკასიის თავისუფლებისათვის.. ღმერთი იყოს მათი შემწე! დაე, მათი ხვედრი იყოს წარმატებული და საბედნიერო, ვიდრე ჩვენია! არა! ზვიად გამსახურდიას იდეაზე ჯვრის დასმა არ გამოუვათ. ზვიადი დაიღუპა ფიზიკურად, იდეა ზვიადისა კი იცოცხლებს“. ტაბუ სიკვდილის შემდეგ 1907 წელს წიწამურთან მკვლელობის შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელზე 30 წლის მანძილზე იყო ტაბუ დადებული – არ შეიძლებოდა მისი არც სახელის ხსენება, არც მისი ნაწარმოებების ციტირება. ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ ჯერ ოცდაათი წელი არ გასულა. ამიტომ არც სახელია მისი ჯეროვნად შეფასებული და მის შემოქმედებით ნააზრევს რომ აგრეთვე აძევს ტაბუ, ამის მაგალითად მოვიყვანთ დამოკიდებულებას მის უდიდეს შემოქმედებით ნააზრევთან – ნაშრომთან რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ. უღმერთობაში მყოფ კრიმინალურ ინტელექტუალ ქართველთა უმადური ნაწილი დღეს ამ ეგზეგეტიკურ ნაშრომს საერთოდ არ ცნობს, რადგან ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მასწავლებლები არ ასწავლიან სკოლაში, პუბლიცისტები არ ციტირებენ, მეცნიერები გვერდს უვლიან. ისეთი შთაბეჭილება რჩება, თვით „ვეფხისტყაოსანზეც“ იტყოდნენ უარს, ეს პოემა ზვიად გამსახურდიას რომ დაეწერა! ანტონ პირველის მსგავსად იტყოდნენ: „საწუხ არს ესე, ამაოდ დაშვრაო!“ ასე გასინჯეთ, ინტერნეტის „ვიკიპედიაში“, სტატიაში სახელწოდებით „რუსთველოლოგია“, პოემის თანამედროვე მკვლევარ 50 დიდსა და მცირე ავტორთა შორის ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ზვიად გამსახურდია – ქართველი კაცის უმადურობა და გულღრჯოობა ამაზე შორს ვეღარ წავა. კიდევ მეტი – საკმარისია მოიწადინოთ ოფიციოზისა თუ ოპოზიციის საიტებზე შესვლა, თუ ზომაზე მეტად და ღირსებით არის ნახსენები „გამსახურდია“, დიდად მოსალოდნელია, რომ თქვენი „პოსტები“ ამოაგდოს ადმინის ავტომატმა „უცენზურო ტექსტის“ ბრალდებით! ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ძვირფასო მკითხველო, შეგიძლია გააკეთო დასკვნა, თუ რატომ არ უდგას ძეგლი ზვიად გამსახურდიას თბილისში. აბრძანდი მთაწმინდაზე და მიიღებ პასუხს! ახვალ და ნახავ, რომ მთელ პანთეონში ოდენ მისი საფლავია მუდამჟამს ცოცხალი ყვავილებით სავსე! რა არის ეს – სიყვარული უფრო მეტი, ვიდრე თუნდაც ილიასი, ექვთიმესი ან ქაქუცასი?არამც და არამც – ეს არის დიდი მონატრება და ხალხის მოლოდინი ზვიადის იდეების ხელახალი აღორძინებისა და განვითარებისა! შესაბამისად – წარმოიდგინეთ, ქალაქში რომ იყოს ზვიად გამსახურდიას ძეგლი, ის მუდამ სავსე იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით, როგორც უხმო ყვედრება თანამედროვე მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა მიმართ; ხოლო, გეკითხებით და მიბრძანეთ ერთი, რომელ ხელისუფლებას აწყობს ასეთი გაცხადებული არავერბალური პროტესტი? პირველი პუბლიკაცია - „იბერიანა“, 19.12.2011, ნიკოლოზობას P.S. ზემოთ ზვიად გამსახურდიას რუსთველოლოგიურ ღვაწლსა და „ვეფხისტყაოსანზე“ მოტანილმა ცნობამ, არ არის გამორიცხული, უკმარისობის გრძნობა აღძრას რიგ თანამემამულეებში, ვისთვისაც, შესაძლოა, უცნობი იყოს ზვიად გამსახურდიას ნაშრომი. არადა, დაუშვებელია ქართველ კაცს არ ჰქონდეს „ვეფხისტყაოსნის“ სწორად წაკითხვის საშუალება, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, რადგან საღვთისმეტყველო ნაწარმოების ნაცვლად, ფსევდომკვლევარები ხან გეოგრაფიულ–სათავგადასავლო პოემად აკითხებენ მას, ხან სამიჯნურო ლექსად და ხან – ისტორიულ ეპოსად! ამიტომ, მკითხველს ვთავაზობთ მცირე დაიჯესტს ნაშრომიდან, რომლისთვისაც გამსახურდიას მიენიჭა ჰონორის კაუზა – – „ვეფხისტყაოსნის“ ეგზეგეტიკაში! ზვიად გამსახურდიამ თავის „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებაში“ ეგზეგეტიკურად გაანდო თანამემამულეებს შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილების საღვთისმეტყველო საიდუმლო და მიახვედრა, თუ რატომ აქვთ ქართველებს პოემა მეხუთე სახარებად! იგი აღნიშნავს, რომ, როდესაც რუსთაველმა პოემაში გვამცნო: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“, ამით თავად მიგვითითა იმ იგავსიტყვიერ ხერხზე, რომლითაც მისი ქარაგმების ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია, ვთარგმნოთ პოემის გმირების სპარსული და არაბული აღმოსავლური სახელები, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც მივაკვლევთ – „ვეფხისტყაოსანი“ ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთობის აღდგენის პოემაა: ნესტან–დარეჯანი (სპარსულად „ნესტ–ან–დარე–ჯაჰან“ – „ის, რაც არსად არ არის“) საღმრთო სიბრძნე და მადლი – რაც ადამიანმა თავისი ცოდვების გამო დაკარგა, ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ქვენა ზრახვებს: ბოროტებას, შურს, სიავეს, უკეთურებას, სიბილწეს – და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული (რასაც თარგმანში ნიშნავს „ტარიელი“), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს „ავთანდილი“) და იმედი (რასაც გადმოგვცემს სახელი „ნურადინ ფრიდონი“), ისე, როგორც ამისაკენ, სრულყოფილების მისაღწევად, მოგვიწოდებს პოემაში გონება („თინათინი“), ხოლო „ახალ აღთქმაში“ – პავლე მოციქული: სარწმუნოების, იმედისა და სიყვარულის მეშვეობით“ (იხ. 1კორ. 13, 13). ამდენად, რუსთაველი გვმოძღვრავს, თუკი ადამიანი შეძლებს საკუთარ პიროვნებაში მოუყაროს თავი რწმენას, იმედსა და სიყვარულს – დაამარცხებს მიწიერ ვნებებს და მოიპოვებს ზენაარ მადლს – შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი შეერთება; ამ გზით ადამიანი დაიბრუნებს უფალთან მისასვლელ გზას! მხოლოდ ზვიად გამსახურდიას უტყუარ ჰუმანიტარულ ალღოს შეეძლო რუსთაველის გენიალური საღვთისმეტყველო ნააზრევის ასე მკაფიოდ და ლაკონურად ამოცნობა და ჩამოყალიბება! ხოლო მისმა ყველა ღირსეულმა თანამემამულემ ჯერ არს, იცოდეს – ზვიად გამსახურდიას სახელს მარტო ეს ერთი ნაშრომი – „რუსთაველის სახისმეტყველება“ ეყოფოდა უკვდავებისთვის, სხვაც რომ არაფერი დაეტოვებინა! |