საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

საქართველოს პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის პასუხი რუსეთის პატრიარქ ტიხონ ბელავინს
უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე

მდაბალი ლეონიდე, წყალობითა ღვთისაითა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უსაყვარლეს მეუფესა და უპატიოსნეს ქრისტესმიერ ძმასა და თანამსახურს, უწმინდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს.


შენი წრფელი სარწმუნოების (2 ტიმოთე, 1, 5), აგრეთვე წმინდა გულისა და კეთილი სინდისისაგან (1 ტიმოთე, 1, 5) გამომავალი სიყვარულის გახსენებისას დიდი სიხარულით გაიხარა ივერიის ეკლესიამ, როცა გაიგო, რომ შენ ჩაუდექ სათავეში რუსეთის ეკლესიას და ამით აღადგინე მასში სჯულისმიერი წესრიგი. მაგრამ როდესაც მივიღეთ შენი წერილი, დათარიღებული 1917 წლის 29 დეკემბრით, ეს ჩვენი უდიდესი სიხარული ღრმა მწუხარებით შეიცვალა, რადგან ამ წერილში ვერ ვპოვეთ შენთვის ჩვეული “მშვიდობისა და სიყვარულის სიტყვა”, არამედ მხოლოდ ქართველ ეპისკოპოსთა მხილება იმის გამო, რომ “შეწყვიტეს რა კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მათ საჩქაროდ გამოსთხოვეს დროებით მთავრობას 1917 წლის 27 მარტის დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”, “დაარღვიეს რუსეთის ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის მიერი ერთობა” და დასტოვეს მასთან “ყოველგვარი ურთიერთობა სჯულის კანონის საწინააღმდეგოდ”. მაშინ როცა (ირწმუნები შენ, უსაყვარლესო):

1) “ერთმორწმუნე საქართველო ას წელზე მეტი ხნის წინათ შეუერთდა რუსეთს ერთიანი საეკლესიო მმართველობის ქვეშ” და იმ დროიდან საქართველოში უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.

[...]
3) როცა “1905 წელს აღმოაჩინეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მცდელობები”, წმინდა სინოდმა 1906 წელს დაადგინა “მოცემული საკითხის” განხილვა დაევალებინა რუსეთის ეკლესიის მალე ჩასატარებელი ადგილობრივი კრებისათვის, სწორედ ამ კრების “სამსჯავროზე” უნდა გამოგვეტანა ჩვენ ჩვენი სურვილები და მისწრაფებები და “მის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით”.
აქედან დავასკვენი, რომ შენი უწმინდესობა საკმარისი სიზუსტით არ ფლობს ჭეშმარიტებას და საჭიროდ მივიჩნიე, შენს სიყვარულს შევთავაზო წმინდა სიმართლის სიტყვა ივერიის ეკლესიის შესახებ.

I.

ერთმორწმუნე საქართველო (ირწმუნები შენ, უნეტარესო) შეუერთდა რუსეთს ერთი საერთო საეკლესიო ძალაუფლების ქვეშ და იმ დროიდან უზენაესი საეკლესიო ძალაუფლება საქართველოში “უეჭველად ეკუთვნოდა რუსეთის უწმინდეს სინოდს”.
როგორც შენი უწმინდესობისათვის ცნობილია, ას წელზე მეტი ხნის წინათ საქართველო მართლაც შეუერთდა რუსეთს “ერთი საერთო საერო ძალაუფლების ქვეშ”, მაგრამ მას არანაირად და ნამდვილად არაფრით არ გამოუხატავს, რომ სურდა საეკლესიო მხრივ შეერთება.

ამგვარი აზრები, შესაძლოა, იბადებოდა მისი ზოგიერთი საერო მმართველის გონებაში, მაგრამ ეკლესიის კანონიერ საჭეთმპყრობელთა კრებული ამ საკითხის გარკვეულ გადაწყვეტას ემხრობოდა: საერო ცხოვრების ახალი პირობებისას უნდა შენარჩუნებულიყო საეკლესიო დამოუკიდებლობა. თვით რუსეთის უწმინდესი სინოდიც კი არ ამჟღავნებდა თავდაპირველად საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევის სურვილს: მსგავსი აზრი პირველ ხანებში მთლიანად იმ “საერო ხელისუფალთა” მხრიდან მოდის, რომლებიც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სახელის მიღმა აფარებდნენ თავს. მეტი სიზუსტისათვის მოვუსმინოთ ისტორიის ხმას, რომელიც მოვლენებს ერთგულად აღწერს. სინოდის ობერ-პროკურორი, თავადი გოლიცინი, რომელმაც მიიღო საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ტორმასოვის მოხსენებითი ბარათი საეკლესიო ქონების შესახებ (## 94 და 99), ისარგებლა ამ საბუთით და შევიდა იმპერატორთან შესაბამისი მოხსენებით, შემდეგ კი (1810 წლის 28 სექტემბერს) წერდა ტორმასოვს: “იმპერატორმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ უწმინდეს სინოდს არა აქვს არც გავლენა და არც ცნობები საქართველოს სამღვდელოების საქმეებში, და ამ დადგენილებათა შესახებ საუკეთესო მოსაზრების გამოსატანად თქვენს მაღალაღმატებულებას დაავალა, დაუკავშირდეთ საქართველოში მყოფ მთავარეპისკოპოს ვარლაამს (ყოფილ ახტალის ეპისკოპოსს, თავად ერისთავთა შთამომავალს) და შეადგინოთ დასკვნა ადგილობრივ გარემოებათა შესაბამისად: რა სახით და რა საფუძველზე უნდა შედგეს ქართველი სამღვდელოების მართვა ისე, რომ ის დამოკიდებული იყოს უწმინდეს სინოდზე (კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შეგროვილი აქტები, IV ტომი, გვ. 157, 158 და 161).

გენერალმა ტორმასოვმა, რომელმაც უკვე თავად გოლიცინის მითითებათა გარეშე დაიწყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევა (1809 წლის 6 ივნისიდან) და 1810 წლის 3 ნოემბერს გადაასახლა საქარველოდან რუსეთში კათოლიკოსი ანტონ II, 1811 წლის 18 თებერვალს თავად გოლიცინს წარუდგინა საქართველოს ეკლესიის მართვის პროექტი # 28, რომელიც ერთობლივად შეადგინეს თვით ტორმასოვმა და პატივმოყვარე მთავარეპისკოპოსმა ვარლაამმა. ამ პროექტით საქართველოს ეკლესიის სათავეში უნდა დამდგარიყო “მცხეთისა და ქართლის მთავარეპისკოპოსი, ვითარცა წინამძღოლი ქართველი სამღვდელოებისა, მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტისა და საქართველოს სინოდალური ეგზარქოსის წოდებით, რომელიც უნდა ყოფილიყო უწმინდესი სინოდის ქვეშევრდომი და მისდამი ანგრიშვალდებული მნიშვნელოვან და გადასაწყვეტად აუცილებელ საქმეებში, ხოლო უწმინდესი სინოდის მიერ დავალებულ საკითხებზე დაევალებოდა პატაკების წარდგენა” (იქვე, გვ. 162).
ამ პროექტის განხილვა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა უწმინდეს სინოდს 1811 წლის აპრილში და ამ უწმინდესმა სინოდმა, რომელიც ამ განჩინებით თითქოს იძულებული გახდა “ჩარეულიყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში” (დეკ. ტ. ი. ბუტკევიჩი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხისათვის, გვ. 19 და 23), მოამზადა უმორჩილესი მოხსენება ხსენებულ საკითხზე და წარუდგინა ხელმწიფეს 1811 წლის 21 ივნისს, ხელმწიფემ კი დააბრუნა მოხსენება საკუთარი ხელით დაწერილი რეზოლუციით: “იყოს ამგვარად” (აქტები, ტ. IV, გვ. 166-169).

ამგვარად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არის არა “ერთმორწმუნე რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთება”, არამედ “საერო ხელისუფალთა” წარმომადგენლების საქმე. ამასთან ერთად, შენმა უწმინდესობამ მშვენივრად იცის, რომ საერო ხელისუფალთა ჩარევას საეკლესიო საქმეებში არ ურიგდება საღვთო კანონები (მოციქულთა წესები, 30; IV მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 12; VII მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, 3), ისინი მხოლოდ შეიწყნარებს ამგვარ ჩარევას სამეფო ხელისუფლების მიერ “ჭეშმარიტი მიტროპოლიტის” კუთვნილი ოლქის შემცირებაში “ახალი ქალაქის” დაარსებით, თანაც თუ ეს ყოველივე “უძველესი მიტროპოლიის შევიწროების გარეშე” ხდება. მაგრამ ეს შემწყნარებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ კანონშემოქმედ მამებს “არ ჰქონიათ მეფის ხელისუფლების წინაღმდგომი საშუალება” (IV მსოფლიო კრების დადგენილება 12 და 17; VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება 38; ზონარას კომენტარი IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-17 დადგენილებაზე). ხოლო უწმინდეს სინოდს, რომელსაც თითქოს “ეშინოდა” საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობა, ექცეოდა მას “რუსეთის ეკლესიის ისტორიკოსისათვის გაუგებარი დელიკატურობით” და ამ ურთიერთობებიდან არ მოელოდა არაფერს “უსიამოვნებათა გარდა” (ბუტკევიჩი, გვ. 16 და 19), მიუხედავად ამისა, სიტყვაც არ დაუძრავს საქართველოს ეკლესიის საქმეებში საერო ხელისუფალთა, კერძოდ, გენერალ ტორმასოვის ჩარევის წინააღმდეგ — პირიქით, ისარგებლა შემთხვევით, რომ მისი მეშვეობით მიეღო საქართველოს ეკლესიაში საეპისკოპოსო ძალაუფლება და ამით დაერღვია შემდეგ კანონთა მოთხოვნები: 1) “არც ერთმა ეპისკოპოსმა არ გაბედოს ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლა, არც ვინმეს დაყენება მის ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის, არც სხვათა მოყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას მოიწვევენ სიგელებით მიტროპოლიტი და მასთან მყოფი ეპისკოპოსები, რომელთა სამმართველოში შედის. მაგრამ თუ არავის მოუწვევია და წესის დარღვევით წავა მღვდელთა ხელდასასხმელად და იმ საეკლესიო საქმეთა განსაკარგავად, რაც არ ეკუთვნის, იყოს ყოველივე მის მიერ ქმნილი ცნობილი ბათილად, თვით მას კი უწესობისა და უგუნურებისათვის დაეკისროს შესაფერი სასჯელი წმინდა კრებულის მიერ სამღვდელო ხარისხიდან დაუყოვნებელი განკვეთით” (ანტიოქიის კრების წესი 13).

2) “ადგილობრივი ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ძალაუფლებას მათ ეპარქიათა გარეთ მყოფ ეკლესიებზე და ნუ აღრევენ ეკლესიებს… თუ არ იქნებიან მოწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთი ეპარქიის საზღვრებს გარეთ მღვდელთა დასაყენებლად ან სხვა რაიმე საეკლესიო განჩინებისათვის. საეკლესიო ეპარქიათა ზემოხსენებული წესის შენარჩუნებისას კი აშკარაა, რომ ყოველი ეპარქიის საქმეებს კეთილად უნდა განაგებდეს ამავე ეპარქიის კრებული, როგორც დადგინდა ნიკეაში” (II მსოფლიო საეკლესიო კრება, 2).
[...]


II.
შენი სიკეთე ირწმუნება: “საქართველოსა და რუსეთის შეერთებას ერთი საეკლესიო ძალაუ
პატრიარქები: მარცხნიდან ლეონიდე (ოქროპირიძე) და კირიონ II (საძაგლიშვილი)
ფლების ქვეშ მთელი საუკუნის განმავლობაში არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”, “პირიქით, უწმინდესი სინოდის განკარგულებაში არსებობს მრავალი დოკუმენტური მონაცემი, რომლებიც ქართველი ხალხისგანაც მომდინარეობს და ამტკიცებს ამიერკავკასიის ეპარქიებში სინოდის მმართველობის კეთილნაყოფიერებას. თვით ქართველმა სამღვდელოებამაც, მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით, რომელიც ამჟამად საქართველოს კათოლიკოსია, თავის “XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიაში” დაამოწმა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება იქცა საქართველოსთვის დაცემული საეკლესიო ცხოვრების აღდგინების წყაროდ”. უწმინდესო მეუფეო! მხოლოდ არასაღვთო სულს (1 იოანე, 4; 1) შეეძლო შენს ყურამდე მიეწვდინა, რომ “მთელი საუკუნის მანძილზე ამ შეერთებას არ გამოუწვევია არავითარი საყვედური”! განა ცნობილი არ არის შენთვის, რომ “საქართველოს მცხოვრებნი არ ურიგდებოდნენ მათი ეკლესიის დამოუკიდებლობის განადგურებასა და უწმინდესი სინოდისადმი მორჩილებას”, რომ ეგზარქოს თეოფილაქტეს სიტყვით, “საქართველოს ეკლესიებში მაშინ მხოლოდ ღვთისმსახურებისას იხსენიებდნენ უწმინდეს სინოდს, თუკი ტაძარში რუს მოხელეებს შენიშნავდნენ” და რომ საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაში “იმალებოდა ამ მხარეში მომხდარი ყველა პერიოდული ამბოხების მიზეზი”? (ქრისტიანული საკითხავი, 1905 წელი, ტომი 2, გვ. 543).

განა შენი სიკეთისათვის უცნობია იმერეთის ერისა და სამღვდელოების “საყვედური” ქუთათელი მიტროპოლიტ დიონისესა და გაენათელი მიტროპოლიტ ექვთიმეს ხელმძღვანელობით, რომლებსაც ამ “საყვედურის” გამო საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხი დააბრალეს, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დააპატიმრეს და ძლიერი ბადრაგით გადაგზავნეს თბილისში, შემდეგ კი რუსეთში? რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ ხსენებულ მღვდელმთავართა “საყვედური”, ჩანს იმ სისასტიკიდან, რომელიც მართლმადიდებელი რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ამ ქართველი იერარქების წინააღმდეგ. — “ტყვეები რომ მშვიდად იყვნენ, — წერს გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს პოლკოვნიკი პუზირევსკი, — ვერ გაიქცნენ, ვერ იცნონ ერთმანეთი და გადაყვანის დროს ვერ იცნოს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მე ჩამოვაცმევ მათ თავზე ტილოს ტომრებს პირის მხარეს ხვრელით, ხოლო კისრისა და წელის სიმაღლეზე ტომრებს თოკით შევკრავ. უკიდურეს შემთხვევაში კი ვვარაუდობ მათ დახოცვასა და გვამების მდინარეში ჩაყრას”. (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 579). “მოსაყვედურეთა” მიმართ ასეთი ღონისძიება გენერალ ველიამინოვს არასაკმარისად ფრთხილი ეჩვენა, ამიტომაც ურჩია თავის ხელქვეითს: “… ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხოდეთ მიტროპოლიტების დახოცვას, რადგან მათი სიკვდილი ძლიერ ააღელვებს ხალხს, რომელსაც სამღვდელოება და თავადები უბიძგებენ ჩვენ წინააღმდეგ. ამის გარდა ეს არცთუ კეთილ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენს ჯარისკაცებზეც, რომლებიც თავიანთი სარწმუნოებისამებრ მოვალენი არიან მოწიწება ჰქონდეთ სამღვდელოების მიმართ…” მაგრამ თუ აუცილებელი გახდება მოხუც მღვდელმთავართა დახოცვა (რაც გენერალმა 1810 წლის 23 თებერვალს ბრძანა), “არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ არც ერთი გვამი იმერეთში, არ დამარხოთ მიწაში და არ ჩააგდოთ მდინარეში, რადგან მდინარეთა სწრაფი დინების გამო დაღმა ჩატანილი გვამი შეიძლება გამოირიყოს და ცრუმორწმუნე ხალხის წინაშე სიმართლე გაიხსნას. ყოველი ასეთი გვამი ჩატანილ უნდა იქნას მოზდოკში ან კაიშაურში მაინც, სადაც მისი დამარხვა იქნება შესაძლებელი” (იქვე, გვ. 582). უფროსის ბრძანება ზუსტად შესრულდა და “საყვედურის” ერთ-ერთი გამომთქმელი, ქუთათელი მიტროპოლიტი გაგუდეს ტომარაში “სურამიდან გორისკენ გზაზე”. დიდხანს არ იცოდნენ, რა ეყოთ მოწამე მღვდელმთავრის გვამისთვის, თვით ანანურამდე უმალავდნენ მას ბადრაგის ჯარისკაცებს, სადაც, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სინოდალური ეგზარქოსისგან მიიღეს ბრძანება, დაეკრძალათ წმინდა მღვდელმთავარი “ყოველგვარი საზეიმო ცერემონიის გარეშე” (ვ. ცოტო, “კავკასიის ომი”, ტომი II, გვ. 699. შდრ. აქტები VI, I, 586).

დარწმუნებული ვარ, წმინდაო მეუფეო, რომ ოფიციალური წყაროების ეს ამონაწერი საკმაო სიცხადით მოწმობს იმ “საყვედურის” ძალას, რომელსაც შენი უწმინდესობა არ იცნობს სინოდალური პერიოდის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. არ მსურს შენი ძმათამოყვარეობა შევაშფოთო სხვა “საყვედურების” წვრილად ჩამოთვლით და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რუსეთის მთავრობა ამ “საყვედურებს” იმდენად საშიშად მიიჩნევდა, რომ ღიად გამოთქვამდა შემდეგს: “დრო მოვიდა, ბოლო მოეღოს იმერეთის სამღვდელოების განსაკუთრებულ გავლენას ხალხის გონება-განწყობაზე” (აქტები, ტ. VI, ნაწ. I., გვ. 574). ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობდნენ ამ გავლენის გასანადგურებლად ყველა იმათი რუსეთში გადასახლებით, ვინც კი წინააღმდეგი იყო საქართველოში სინოდალური მმართველობისა (იქვე, გვ. 575, 576, 578, 586). ქართველი თავადები, აზნაურები და გლეხები, იმის დანახვაზე, თუ როგორ უსწორდებოდნენ საეკლესიო დამოუკიდებლობის ხელდასხმულ მომხრეებს, ამგვარი მწუხარე სიტყვებით გამოხატავენ თავიანთ “საყვედურს”: საქართველოში საეკლესიო დამოუკიდებლობის ძალმომრეობით გაუქმების შედეგად “მრავალი წმინდა საყდარი დაინგრევა, პატიოსანი და კურთხეული ხატები და ჯვრები წაერთმევა, მათში აღზრდილი და მათზე მლოცველი მღვდლები მოაკლდება, და მღვდელმთავართა კურთხევა განშორდება”. ამიტომაც სვამდნენ ისინი კითხვებს: “თუკი ხელშეუხებელია დაბრმავებულ ებრაელთა სარწმუნოება, სომეხთა და კათოლიკეთა რწმენა, ჩვენ რატომღა უნდა ვიყოთ გამონაკლისი? თუ იმ დროს, როცა აგარიანთა ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით, ისინი ჩვენს სარწმუნოებას არ ეხებოდნენ და ეგზომ მწუხარებას არ გვაყენებდნენ, ახლა რაღა დავაშავეთ, რომ წაგვართვეს ჩვეული მღვდელმთავრები, ეკლესიები და მღვდლები”? (აქტები, ტ. VI, I, 391).
ხსენებულმა ღონისძიებებმა “მოსაყვედურეთა” წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთი თვით გენერალ ტორმასოვის სიტყვებითაც კი რუსეთის ერთგული იყო, რაც დაამტკიცა კიდეც “მრავალი გამოცდილებით” (აქტები IV, 230, 232, 350, 366, 368), ქრისტეს ეკლესიის წევრნი და მსახურნი დააშინა, ამიტომაც საყვედურების ღიად გამოხატვას იშვიათად თუ ბედავდა ვინმე. მაგრამ ყრუ უკმაყოფილება საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში დამკვიდრებული ანტიკანონისტური ვითარების წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა და ეს ჩანდა როგორც ლიტერატურაში, ასევე ძალაუფლების მპყრობელებთან კერძო საუბრებშიც. ამის საბუთი მრავლად მოიპოვება, მაგრამ შენს უწმინდესობას სხვას მოვახსენებ: 1841 წლის 8 ნოემბერს, სინოდის მოხსენებაზე საქართველოში ქორეპოსკოპოსის დანიშვნის შესახებ, იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა მიაწერა: “ვეთანხმები, მაგრამ ადგილობრივი ენის ცოდნა იქ თითქმის აუცილებელია, რათა შენარჩუნებულ იქნას ხალხზე სათანადო გავლენა, რის გამოც სასურველია იმის შერჩევა, ვინც ენა იცის, თუნდაც ისეთი განათლებული არ იყოს, როგორიც აქ საჭიროა” (სინოდალური სამმართველოს საქმე # 6240, 1841 წ.). განა რუსეთის იმპერატორის ასეთი მზრუნველობა ქართველ სამწყსოზე არ არის იმ “საყვედურთა” შედეგი, რომელთა შესახებ ცნობა ნიკოლოზ პავლეს ძის ყურამდეც მიაღწია? აღარაფერს ვამბობ იმერეთის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი გაბრიელის გამოსვლებზე ეგზარქოს ევსებისა და სამოქალაქო პირთა (კ. პ. იანოვსკის, მ. რ. ზავადსკის, კერსკისა და სხვათა) წინააღმდეგ გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში, სადაც გაკიცხული იყო ეკლესიის რუსიფიკატორულ სწრაფვათა შესასრულებელ იარაღად გადაქცევის პოლიტიკა, როცა ქართველებს სდევნიდნენ სასულიერო სასწავლებლებში, ძარცვავდნენ წმინდა ადგილებს, მღვდელმთავრებად ნიშნავდნენ სამწყსოს ენის, ზნე-ჩვეულებათა და მიდრეკილებათა არმცოდნე რუსებს. ან თუნდაც გავიხსენოთ პრესასა და საზოგადოებაში გამოთქმული უკმაყოფილება ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, დრანდის, მოქვის, საფარის, ახტალის ტაძართა და მონასტერთა ჩამორთმევის გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოდბისა, სადაც წმინდა ნინოს, საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნაწილები განისვენებს, — განა ეს ყველაფერი “საყვედური” არ არის საქართველოში რუსეთის უზენაესი საეკლესიო ხელისუფლებისა და მისი ადეპტების მიმართ?
თვით სინოდის ეგზარქოსებმა იცოდნენ ამ “საყვედურთა” შესახებ, თავისი ყურით ისმენდნენ მათ, მაგრამ ყოველივე ამას ხსნიდნენ იმით, თითქოს ქართველ ხალხს “მსჯელობის უნარი” არ გააჩნდა, “გონებაჩლუნგი” იყო და “სიცოფე” და “მკვლელობისადმი მიდრეკილება” ახასიათებდა. ასე განმარტავდა ქართველთა “საყვედურებს” რუსული ეკლესიის გამოჩენილი იერარქი, უწმინდესი სინოდის ხელმძღვანელი მღვდელმთავარი და საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი, მაღალყოვლად უსამღვდელოესი იოანიკე (უწმინდესი მმართველი სინოდის წევრის, ხერსონის მთავარეპისკოპოსის, ნიკანორის ჩანაწერები, 35-36). ხოლო ყოვლადუსამღვდელოესი იოანიკეს მომდევნო ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი პავლე თავის წერილში ტვერელი ეპისკოპოს საბასადმი (ტ. 8,
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
102) საკუთარ სამწყსოს ახასიათებს როგორც “ველურებს”, თავისი ხელით დაწერილ წერილში კი (იქვე, 349) საქართველოს უწოდებს “ველურ, მხეცურ მხარეს”. და რაოდენ გონებაჩლუნგები, ცოფიანები, ველურები და მხეცები არიან ქართველები, შენმა უწმინდესობამ შეიძლება იმსჯელოს თუნდაც ბოლო ორი წლის — საყოველთაო ნგრევისა და გაპარტახების ეპოქის მიხედვით: საქართველო ყოფილი იმპერიის ერთადერთი კუთხეა, სადაც ელინნი და იუდეველნი, სკვითნი და ბარბაროსნი მშვიდად ცხოვრობენ და არ ეშინიათ სიცოცხლის ან სარწმუნოების გამო.

და თუმცა ეგზომ უსაფუძვლოა შენი მტკიცება, ღირსპატივსაცემო მეუფეო, თითქოს საქართველოს სინოდისადმი დამორჩილებას საუკუნის განმავლობაში არავითარი საყვედური არ გამოუწვევია, მე მაინც მჯერა შენი, რომ სინოდის განკარგულებაში არსებობს ქართველთაგან მოსული მონაცემები საქართველოში სინოდალური მმართველობის კეთილნაყოფიერების შესახებ. მაგრამ შენც დამიჯერე, რომ ეს მონაცემები ეკუთვნით რითამე დაინტერესებულ პირებს და ისეთივე ღირსებებით გამოირჩევა, როგორითაც შენ მიერ მოყვანილი ციტატა მარადის მოსახსენებელი კათოლიკოს კირიონის თხზულებებიდან, რომელი ციტატაც მაღალ ავტორს მრავალჯერ უარუყვია (კრების წინარე სხდომათა ჟურნალი, 1906 წ. ტ. 8, ნაწ. 2. გვ. 35): ჩვენი ცხოვრების პირობები იმგვარი იყო, რომ სიმართლის დაწერა თითქმის არ შეიძლებოდა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ “თვით ქართველი სამღვდელოება მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირიონის სახით” არასოდეს მოიაზრებოდა და არც შეიძლებოდა მისი ასე მოაზრება, რადგან ნეტარხსენებული ავტორის ეს სიტყვები ყოველთვის გაკიცხული იყო ქართველი სამღვდელოების მიერ. თვით საქართველოს ეგზარქოსებიც არ იზიარებდნენ ხსენებული ავტორის ამ აზრს: მთავარეპისკოპოსმა პლატონმა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ უწოდა მას ტრაგიზმით აღსავსე, თვით ეკლესია კი დაახასიათა როგორც “კრახის გზაზე მდგომი” (საეკლესიო უწყებათა დამატება, 1916 წ., #21, გვ. 502). ერთ-ერთი ყველაზე განათლებული რუსი იერარქის ეს სიტყვები ფრიად ნიშანდობლივია: უკანასკნელმა ეგზარქოსმა შეაფასა საქართველოს კათედრაზე მისივე წინამორბედთა მოღვაწეობა ჩვენში სინოდალური მმართველობის ბატონობის განმავლობაში.

მთავარეპისკოპოს პლატონის მიერ სინოდალური ეგზარქოსების საქართველოში მოღვაწეობისათვის გამოტანილი ასეთი განაჩენის შემდეგ იმედი მაქვს, შენი უწმინდესობა აღარ აღიარებს ჭეშმარიტად მტკიცებას, რომ საქართველოში სინოდალური მმართველობა კეთილნაყოფიერი იყო.

III.
როდესაც “1905 წელს აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”, — წერ შენ, უწმინდესო, — “სინოდმა 1906 წელს დაადგინა, გადაეცათ აღნიშნული საკითხი განსახილველად რუსეთის ეკლესიის მომავალი კრებისათვის”, რომელი კრების “განსასჯელად” უნდა გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და სწრაფვები საეკლესიო მიმართულებით და “დავლოდებოდით მის გადაწყვეტილებას”.

წინა, მეორე რუბრიკაში მოყვანილი ფაქტებიდან შენს უწმინდესობას უნდა გაეგო, რატომ მოხდა, რომ მხოლოდ “1905 წლიდან გამომჟღავნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცდები”. სწორედ ამ წელს დართეს სიმართლის თქმის ოფიციალური ნება და ჩვენც ვთქვით სიმართლე. განა მხოლოდ ჩვენში “გამჟღავნდა” კანონიკური წესრიგის აღდგენის ცდები 1905 წელს? განა თვით რუსეთის ეკლესია, რომელიც ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ემონებოდა “ფრაკიან და მუნდირიან პატრიარქებს”, “ურწმუნო” და “სარწმუნოებისაგან აშკარად განდგომილ” ადამიანებს (“რუსეთის საეკლესიო მაცნე”, 1917, # 156, საეკლესიო კრების აქტები, 25 ოქტომბერი), სწორედ იმავე 1905 წელს არ ალაპარაკდა პატრიარქობის აღდგენაზე? შენს უწმინდესობას ალბათ არ დავიწყნია, კ. ი. პობედონოსცევის რა მრისხანე შეძახილი შეხვდა რუსეთის ეკლესიის საუკეთესო მღვდელმთავრების პირველ ცდას, აღედგინათ რუსეთის საეკლესიო მმართველობაში ნორმალური წყობა და რაოდენ დიდი იყო მღვდელმთავართა გაოცება და შეშფოთება ყოვლისშემძლე კარისკაცის ამ შეძახილის შემდეგ. გარდა ამისა, შენი უწმინდესობა სხვაგანაც სცოდავს ჭეშმარიტების წინააღმდეგ: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საეკლესიო კრების განსახილველად წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კი არა, იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ნებით გადაეცა პასუხად ქართველი ეპისკოპოსების ვედრებისა, რომ საქართველოს ეკლესია აღდგენილ ყოფილიყო თავისი ავტოკეფალური უფლებით. წმინდა სინოდს კი უბრალო განჩინებაც კი არ გამოუტანია, რომ ეს უზენაესი ნება გამოქვეყნებულიყო მის ოფიციალურ ორგანოში “საეკლესიო უწყებანი” და ეს ნება გამოეცხადა ქართველ ეპისკოპოსებს კავკასიაში იმპერატორის ნაცვლის მეშვეობით. არსებითად კი 1906 წლის ეს დადგენილება თუ ნებართვა საქართველოს ეკლესიას კიდევ უფრო უარეს მდგომარეობას უმზადებდა. საქმე ისაა, რომ მომავალი კრება ვერ შეძლებდა მისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის მართებულ გადაწყვეტას — ამას ამტკიცებენ მისი სრულუფლებიანი წევრობისათვის განწესებულ საეპარქიო მღვდელმთავართა “გამოხმაურებები”: ყოვლადუსამღვდელოესი მეუფენი ამ “გამოხმაურებებში” ან სრულიად არ ეხებოდნენ ამ საკითხს, ან უარყოფითად წყვეტდნენ მას, ზოგმა კი ჩვენი დასასჯელად გადაცემა მოითხოვა (ლავრენტი ტულელი, — საეპარქიო მღვდელმთავართა გამოხმაურებები, ნაწ. 3, 387).

არცთუ უკეთესი მიმართულება მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა კრების წინამორბედ სხდომებზე. ეს საკითხი სხდომამ უარყოფითად გადაწყვიტა და შემდეგ შეუდგა ამიერკავკასიაში საეკლესიო საქმის კეთილმოწყობას პროტოპრესვიტერ ი. ვოსტორგოვის მიერ შემოთავაზებული ორი პროექტიდან ერთ-ერთის მოწონებით, თუმცა ეს პროექტები პროფ. ნ. გლუბოკოვსკის აზრითაც “კანონიკური თვალსაზრისით არცთუ ძალიან გამართული იყო”, რადგან ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ივარაუდებოდა “ორი ერთმანეთთან კონკურენციის მდგომარეობაში მყოფი და, შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სხვადასხვა საეკლესიო ხელისუფლების შექმნა” (კრების წინამორბედი სხდომების ოქმების ჟურნალი, ტ. III, ნაწ. 2, გვ. 277). მომავალი კრების წევრთა და მათ თანაშემწეთა ასეთი განწყობის პირობებში განა შესაძლებელი იქნებოდა, გამოგვეტანა ჩვენი სურვილები და მისწრაფებები სრულიად რუსეთის საეკლესიო კრების სამსჯავროზე?
ან იქნებ შენი უწმინდესობა ფიქრობს, რომ “დამოუკიდებლობის ჩვენი სურვილი” სამართლებრივი თვალსაზრისით იპოვიდა დამცველებს საქართველოს ეკლესიის უახლოეს მმართველებში 1906 წლის უზენაესი განჩინების შემდეგ?
დიდად ვწუხვართ, რომ არ გაგვაჩნია საკმაო ოფიციალური მონაცემი იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებდნენ ამ საკითხს საქართველოს ეგზარქოსები უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების წინაშე, მაგრამ ისიც, რაც ხელთა გვაქვს, საკმარისად ცხადად ახასიათებს ეგრეთ წოდებულ ეგზარქოსებს საქართველოში. უზენაესი განჩინების შემდეგ მოსული პირველივე ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ნიკონი, ასე სწერდა 1908 წლის 20 იანვარს წმ. სინოდის პირველ წევრს, მიტროპოლიტ ანტონის: “საქართველოს სამღვდელოებამ დაადგინა სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების სწავლება ქართულ ენაზე, მაგრამ ეს უპირობოდ დაუშვებელია… მათ ღვთისმეტყველებაში ქართულად ვარჯიშის უფლება რომ მიეცეს, მაშინ უფრო შორს უნდა წავიდეთ, რათა არ დავშორდეთ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ამას ვწერ წმ. სინოდისადმი ჩემს მოხსენებაში, სემინარიას, როგორც ეროვნულ ენაზე მსწავლელს, ჩამოერთვას სახელმწიფო ხაზინის დახმარება და უფლებები, რომლებსაც ის ანიჭებდა თავის მოწაფეებს მანამ, სანამ სრულიად რუსული იყო. მაშინ ჩადენილის სინანულითა და შეწყალების ცრემლიანი ვედრებით ქართველები უარყოფენ თავიანთ ეროვნულ მისწრაფებებს და შეგვეხვეწებიან იმის დაბრუნებას, რაც ჰქონდათ. რა საჭიროა მათთან ლოლიავი?” (ამიერკავკასია, 1917 წლის 16 აპრილი). განა შესაძლებელი იყო, სანატრელო ძმაო, გვქონოდა იმედი, რომ ამ სიტყვების ავტორი დადებითად გადაწყვეტდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენას?

მთავარეპისკოპოს ნიკონის მემკვიდრემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ინოკენტიმ, როცა იმერეთის სამღვდელოების ყრილობამ მიულოცა ეგზარქოსად დანიშვნა და გამოთქვა იმედი, რომ იბერიის ეკლესიის საკითხი კეთილად გადაწყდებოდა, განაცხადა, რომ იგი მხოლოდ რუსეთის ეკლესიას სცნობს და არ აღიარებს საქართველოს ეკლესიას. ასევე ეგზარქოს ინოკენტის მემკვიდრემ, მთავარეპისკოპოსი ალექსი მეორე, იმპერატორისადმი თავის მიმართვაში 1913 წლის 7 დეკემბერს ამბობს, რომ ქართველთა სურვილი, აღადგინონ საეკლესიო დამოუკიდებლობა, არის “ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტთა ფანტასტიკური ბოდვა” (უწმინდესი სინოდის განჩინება # 6167, 1914 წლის 11 აპრილი). ხოლო მთავარეპისკოპოსმა პლატონმა ჩამოართვა საქართველოს სამღვდელოების ყრილობას შუამდგომლობა დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის, წინაშე ავ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ტოკეფალიის აღდგენისათვის, დაჰპირდა დეპუტატებს, რომ მიაწოდებს ამ საბუთს საიმპერატორო ნაცვალს, მაგრამ სინამდვილეში წერილი თვითონ დაიტოვა და დაარწმუნა სამღვდელოება, რომ ის უკვე დანიშნულების მიხედვითაა გადაცემული.

ნათქვამი საკმარისია, უწმინდესო მეუფეო, იმის გასაგებად, თუ როგორ ამზადებდნენ რუსეთის ეკლესიის კრებას საქართველოს საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხის გადასაწყვეტად და რა დადგენილების გამოტანა შეეძლო კრებას ამ საკითხზე. ავტოკეფალიის საკითხის უარყოფით გადაწყვეტას კი შეეძლო გამოეწვია რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის მტრობა და კონფლიქტი, რაც ჩვენ არასოდეს გვსურდა და არ გვსურს. ამიტომ საეკლესიო საქმისათვის გულშემატკივარი ქართველები ღიად აცხადებდნენ, რომ რუსეთის საეკლესიო კრება არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს საკითხი 1906 წლის 11 აგვისტოს უზენაესი განჩინების შემდეგაც კი და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ სრულიად რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას “არ დაეწყო მისთვის განსახილველად გადაცემულ საკითხზე მსჯელობა” (“თბილისი”, # 16, 1906 წლის 12 ოქტომბერი, “სამღვდელოთა ჯგუფის თვალსაზრისი”).

ამის შემდეგ ან უნდა დავრჩენილიყავით წმ. სინოდის ძალაუფლების ქვეშ და მიგვეღწია მისგან ნაწილობრივი სამმართველო რეფორმებისათვის ისე, რომ არ შევხებოდით ავტოკეფალიის საკითხს ან დავლოდებოდით ხელსაყრელ გარემოებებს, როცა თვით საქართველოს ეკლესია აღადგენდა საკუთარ თავს თვითმმართველი ეკლესიის ხარისხში. უფალმა ღმერთმა ინება ისეთი პირობების შექმნა, როცა საქართველოს ეკლესიამ შეძლო მეორე გზის არჩევა და შედეგად მივიღეთ თვითგამორკვევის დიდი აქტი 1917 წლის 12 მარტს. და ამისათვის გვკიცხავ შენ, სიყვარულით აღსავსევ?!


IV.
მაგრამ შენ, უნეტარესო, განაგრძობ ჩვენს მხილებას და ამბობ, რომ ჩვენ “მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ (1917 წლის 12 მარტის აქტით) კანონიკური ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, იმწამსვე გამოვსთხოვეთ დროებით მთავრობას 27 მარტის დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”.

უწმინდესო მეუფეო, საღვთო განგებამ ინება იმის მოწყობა, რამაც დააბრკოლა რუსეთის ეკლესიის კრების მოწვევა 1917 წლამდე და ის, რამაც გაანადგურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია — თვითმპყრობელი ძალაუფლება შეიცვალა სახალხო წარმომადგენლობით. ამ ცვლილების გამო საქართველოს ეპისკოპოსებმა და სამღვდელოებისა და ერის წარმომადგენლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შეკრებილიყვნენ 1917 წლის 12 მარტს თორმეტი მოციქულის სახელობის მცხეთის საკათოლიკოსო ტაძარში და ერთხმად და ერთსულოვნად დაადგინეს: იმ მომენტიდან მიიჩნიოთ აღდგენილად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობა და აუწყონ ამის შესახებ დროებით მთავრობას, რომელმაც შეცვალა ამ მმართველობის 1811 წელს მომსპობი და 1906 წელს მისი აღდგინების მოთხოვნის მიმღები ხელისუფლება. დროებითმა მთავრობამ არა საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსთა რაიმე მეცადინეობის შედეგად, როგორც მცდარად მიიჩნევს შენი უწმინდესობა, არამედ ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად მიიღო “დადგენილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ” (დროებითი მთავრობის მაცნე, 1917 წ. # 18, შდრ. საეკლესიო უწყებანი, # 9, 1917 წ.). ამ დადგენილებაში დროებითმა მთავრობამ აღნიშნა, რომ არ ეხება საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკურ მხარეს, მაგრამ სწორედ რომ შეეხო მას და საკითხიც ანტიკანონიკურად გადაწყვიტა, რადგან აღიარა “საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეროვნული, ქართული ხასიათი”, არ შეუზღუდია ის, როგორც ამას კანონები მოითხოვს, გარკვეული ტერიტორიით და ამავე კანონების საწინააღმდეგოდ დატოვა “ყველა რუსული და სხვა არაქართული სამრევლოები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამგებლობაში”. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, რომელიც საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ანტიკანონიკურად მიიჩნევდა, დადგენილების ტელეგრაფით მიღების დღესვე გააპროტესტა ის შემდეგი სიტყვებით: “საქართველოს ეკლესიის ნაციონალური და არა ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებას არა აქვს პრეცედენტი ისტორიაში და ეს სრულიად ეწინააღმდეგება ყოველთა მართლმადიდებელთათვის აუცილებელ საეკლესიო კანონებს… საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებულ უნდა იქნას ტერიტორიულ საფუძველზე ძველი ქართული საკათოლიკოსოს ფარგლებში”. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ თავისი პროტესტი გამოხატა პროექტში “საქართველოს ეკლესიის რუსეთის სახელმწიფოში სამართლებრივი მდგომარეობის ძირითადი საწყისები”, რომელსაც ხელი მოაწერეს მისმა წევრებმა და დროებითი მთავრობის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს ეკლესიის საქმეებში, პროფ. ვ. ნ. ბენეშევიჩმა. მაგრამ დროებითი მთავრობა უარყოფითად განეწყო ამ სამართლიანი პროტესტის მიმართ და არ მიიჩნია შესაძლებლად, ანგარიში გაეწია საეკლესიო კანონებისადმი, რითაც დააკანონა ეკლესიის მიერ დაგმობილი ფილეტიზმი. ამის გამო, როგორც კი მიღებულ იქნა დროებითი მთავრობის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ეკლესიის რუსეთის სახელმწიფოში სამართლებრივი მდგომარეობის დროებითი წესები” (იხ. დროებითი მთავრობის უწყებანი # 140 (186), 1917 წ.), საქართველოს ეკლესიისა და მისი ყველა საეპარქიო განყოფილების დროებითი მმართველობის საგანგებო კრებამ ა. ვ. კარტაშოვს 1917 წლის 12 აგვისტოს გაუგზავნა მკვეთრად გამოხატული პროტესტი.

ნათქვამიდან შენი უწმინდესობისათვის აშკარა უნდა იყოს, რომ რადგან წმ. სინოდი XIX საუკუნის დასაწყისში არა თავისი ინიციატივით ჩაერია საქართველოს ეკლესიის საქმეებში, არამედ ზემოდან წამოსული იძულების შედეგად (ბუტკევიჩი, გვ. 16, 19), საქართველოს ეკლესიას ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მისი წმ. სინოდის სახით 1917 წელს სიხარულით შეხვდებოდა გათავისუფლებას მისთვის თავსმოხვეული ზრუნვისაგან საქართველოს ეკლესიაზე და გამოასწორებდა დროებითი მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომას. მაგრამ ეს არ მომხდარა: წმ. სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი პლატონი, მას შემდეგ, რაც მიიღო ჩვენი ოფიციალური უწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისთვის ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსისა და საქართველოს ეგზარქოსის წოდების ბუნებრივად გამომდინარე ჩამორთმევის შესახებ, იმის მაგიერ, რომ ძმურად მოელოცა ჩვენთვის, რუსი ჯარისკაცების ხიშტებით დაგვემუქრა. წმინდა სინოდი კი სასწრაფოდ შეუერთდა ბულგარელთა თვალსაზრისს, რომელსაც შენი უწმინდესობა სამართლიანად უწოდებს სქიზმატურს, და 1917 წლის 14 ივლისს გამოსცა “კავკასიაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის დროებითი წესები” (საეკლესიო უწყებანი, 1917, # 30) და დააწესა რუსი მიტროპოლიტის კათედრა იქ, სადაც უკვე V საუკუნიდან არსებობს ქართველი თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რითაც დაარღვია I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი: “ნუ იქნება ორი ეპისკოპოსი ერთ ქალაქში”.

აქ გადმოცემულის შედეგად იმედი მაქვს, შენი უწმინდესობა “გონების სიღრმეში” შეძლებს თქვას, რომ საქართველოს ეპისკოპოსები მთელი ამ ხნის განმავლობაში იცავდნენ კანონიკურ წესრიგს, მაშინ, როცა ისინი, რომლებიც თავიანთ თავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებად მოიხსენიებდნენ, საღვთო კანონების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.


V.
შენი უწმინდესობა ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის ერთიანობის დარღვევას და მასთან “ყოველგვარი კანონიკური წესების საწინააღმდეგოდ ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტასაც” გვსაყვედურობს. მაგრამ ეს საყვედურიც არ დაგვიმსახურებია და ამიტომ უსაფუძვლოა. მართლაც, 1917 წლის 12 და განსაკუთრებით კი 27 მარტის შემდეგ ჩვენ აღარ ვაღიარებდით ჩვენს თავზე სინოდის სრულიად არაკანონიკურ ძალაუფლებას, მაგრამ სულაც არ გვიფიქრია “რუსეთის ეკლესიასთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეთ” ყოფნა. საბუთში, რომელიც 1917 წლის 14 მარტს გადავეცით მიტროპოლიტ პლატონს, ცხადად იყო ნათქვამი, რომ მას ჩამოერთმევა “მმართველობის უფლება” მხოლოდ ქართულ ეპარქიებსა და სამრევლოებში, სასულიერო სასწავლებლებსა და საეგზარქოსოს საეკლესიო დაწესებულებებში საქართველოს საკათოლიკოსოს ფარგლებში, როგორიც არ უნდა იყოს ტომობრივი შემადგენლობა როგორც საკათოლიკოსოში, ასევე საქართველოს ყოფილი საეგზარქოსოს სხვა ნაწილებში. ასეთი კანონიკური მოთხოვნა დაუშვებლად ეჩვენა მიტროპოლიტ პლატონის გარშემო ჩამოყალიბებულ ქალაქ თბილისის რუსი სამღვდელოებისა და ერისკაცთა კომიტეტს, რომელიც, ძირითადად, დეკანოზ ვოსტორგოვის ყოფილი თანამოსაგრეებისაგან შედგებოდა და რომელმაც 27 მარტს დაადგინა, მოეხსენებინა წმ. სინოდისათვის შემდეგი: “ვაღიარებთ რა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკვე აღსრულებულ ფაქტად და არ მივიჩნევთ ჩვენთვის შესაძლებლად საქართველოს საკათოლიკოსოს შემადგენლობაში შესვლას, ვთხოვთ წმ. სინოდს, შექმნას წმ. სინოდს დაქვემდებარებული ამიერკავკასიის საეგზარქოსო, რომლის შემადგენლობაში შევა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ყველა რუსული სამრევლო და სხვა ეროვნების მართლმადიდებლებიც, თუ მოისურვებენ”.

ამ მომენტიდან ქალაქ თბილისის რუსი სამღვდელოებისა და ერისკაცთა კომიტეტს ორი ეკლესიის ურთიერთობაში არაკანონიკური ელემენტი შეჰყავს, მაგრამ თბილისის კომიტეტის ამ ქმედებას ჩვენ განვიხილავდით როგორც საკათოლიკოსოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ რუსეთის ეკლესიის სულიერ შვილებზე ძალადობას და ყოველთვის ვაღიარებდით მიტროპოლიტ პლატონსა და ვაღიარებთ მის მოადგილეს რუსეთის ეკლესიის იერარქებად საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის მიღმა კავკასიაში.

იმას, რომ ჩვენ არ გვსურდა და არ გვსურს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან სარწმუნოებისა და სიყვარულის ერთიანობის დარღვევა და მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, შენი უწმინდესობა დაინახავს შემდეგი ფაქტებიდან. როცა ქალაქ თბილისში 1917 წლის მაისში გაიხსნა კავკასიის რუსთა საეკლესიო კრება, მის წევრთა მისალმებისათვის ჩვენ წარვგზავნეთ ერთი იერარქი და საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ერთი წევრი. ხოლო 1917 წლის ივნისში ჩვენ საგანგებო დელეგაცია გავგზავნეთ წმ. სინოდისადმი ძმური მისალმებისათვის. 28 ივნისს დელეგაციამ წერილობით მიმართა ობერ-პროკურორს, ვ. ნ. ლვოვს, რათა ეთხოვა წმ. სინოდისათვის მიღების ნებართვა და მიღების დღედ წმ. სინოდმა 1917 წლის 1-ლი აგვისტოს დანიშვნა ინება. წმ. სინოდმა თავისი სრული შემადგენლობით მიიღო დელეგაცია, თანაც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ანტონიმ, წმ. სინოდს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თვენო უწმინდესობავ, ღვთივგაბრძნობილნო მღვდელმთავარნო და მამანო! მართლმადიდებელი ივერიის შვილებმა, რომლებიც ჯერ კიდევ წმინდა და მოციქულთა სწორი ნინოს დროს დაეუფლნენ ფასდაუდებელ მარგალიტს — მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მისი შენარჩუნებისათვის სისხლს ათხევდნენ მრავალი საუკუნის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლოს გადაწყვიტეს დაეფარათ უმანკო მტრედი რუსული სახელმწიფოს საფარველის ქვეშ. ერთმორწმუნე რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ ჩვენი თავისუფალი და თვითმმართველი დედა, ივერიის ეკლესია იშუშებდა ჭრილობებს და ვითარცა კრუხი ფრთების ქვეშ იკრებდა თავის სულიერ შვილებს, მაგრამ საქართველოში თვითმპყრობელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაჟინებით მას თავი მოჰკვეთეს და ძალმომრეობით დაუმორჩილეს უმცროს დას, სრულიად რუსეთის ეკლესიას, ხოლო უდანაშაულო ტყვის ვედრება გათავისუფლებისა ჩაახშეს და აღკვეთეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამა წლის 3 მარტიდან რუსეთში სამოქალაქო თავისუფლება გამოცხადდა, საქართველოს ეკლესიურმა ერმა ისურვა და 12 მარტს აღადგინა თავისი მშობლიური ეკლესიის ავტოკეფალური უფლებები. ეს თვითგამორკვევის აქტი კი დამტკიცებულია ჩვენი დროებითი მთავრობის მიერ 27 მარტს და 25 ივლისს აღიარებულია როგორც დიადი. ამას აუწყებს ივერიის მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია თავის ქრისტეს მიერ საყვარელ დას, რუსეთის მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას თქვენი უწმინდესობის სახით და უგზავნის გულწრფელსა და მხურვალე ამბორს მთელ ძმურ რუს ხალხს, რომელიც თავისი მართლმადიდებელი ეკლესიის ზღუდეში იმყოფება. ქრისტესმიერი სიყვარულის ამ ცოცხალი გრძნობით იხსენებს საქართველოს ჯვრისმტვირთველი მართლმადიდებელი ეკლესია, რომ საუკუნეთა განმავლობაში თანხმობით ვიცავდით მართლმადიდებელი სარწმუნოების წმინდა დოგმატებს და გამოხატავს მტკიცე რწმენას, რომ დღეიდან სარწმუნოებითა და სულისკვეთებით მონათესავე ორი ეკლესია კეთილი თანხმობით, მჭიდრო ერთობითა და ურთიერთსიყვარულით იცხოვრებს, რათა ერთი გულით, თუმც კი სხვადასხვა ენაზე, ადიდონ მამის, ძისა და სულის წმინდის უპატიოსნესი და მშვენიერი სახელი. იყოს ქრისტე ჩვენ შორის!”
ჩვენი დელეგაციის მისალმებას წმინდა სინოდის სახელით უპასუხა სინოდის თავმჯდომარემ, ფინეთის მთავარეპისკოპოსმა სერგიმ შემდეგი სიტყვებით: “წმინდა სინოდი ვედრებს ღმერთს (და ამის მტკიცე სასოებაც აქვს), რათა ჩვენმა ერთმორწმუნე ქართველმა ერმა მისი რელიგიურ-პოლიტიკური არსებობის ახალ პირობებში იპოვოს თავისი სულიერი ძალების ზრდისა და ქრისტესმიერი ჭეშმარიტების უცვლელი შენარჩუნების ახალი წყარო. თქვენ არ გჭირდებათ იმის გახსენება, რომ რუსული საეკლესიო ცნობიერებისათვის არასოდეს ყოფილა უცხო აზრი, რომ საქართველოს ეკლესიას მისი ძველი მოწყობა უნდა დაბრუნებოდა. და თუ ეს აზრი ჯერ არ ხორციელდებოდა, ამას განსაკუთრებული და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები აქვს. საერთო გამათავისუფლებელი გაზაფხულის დღეებში მით უფრო დიდი სიხარულით ესალმება რუსული საეკლესიო ცნობიერება თქვენი დიდი ხნის ოცნების აღსრულებას. და უწმინდესი სინოდიც მთელი სულითა და გულით შეუერთდებოდა ამ მისალმებას. სამწუხაროდ, ყველაფერმა ძალიან უცნაურად ჩაიარა და სინოდის გვერდის აქცევით… მაგრამ ჩვენ ვესავთ, რომ ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ მოაწყობს და ამ საქმეში არსებული მახვილი კუთხეები დაბლაგვდება, რომ მომავალ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე ჩვენ ერთმანეთს ძმურად შევხვდებით და შევძლებთ ურთიერთგაგების გზის გაკვლევას, რათა მომავალში ჩვენი ერთმორწმუნე ერები ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთობის სულისკვეთებით გამსჭვალულნი და საეკლესიო განჩინებათა ერთგულნი იცხოვრებენ მშვიდობით და გვერდი-გვერდ და ყოველი მათგანი შეასრულებს თავის მოწოდებას ჩვენი საერთო ცხოვნებისათვის ღვთის სადიდებლად” (“პეტროგრადსკიე ვედომოსტი”, 1917 # 103).

ჩვენ ახლაც გვაქვს იმედი, უწმინდესო მეუფეო, რომ “ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ მოაწყობს და ამ საქმეში არსებული მახვილი კუთხეები დაბლაგვდება”, ხოლო თუ არ მოგვიხდა ძმური შეხვედრა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე, ამაში, წმინდა მეუფეო, ჩვენი ბრალი არ არის — ამ ძმურ კრებაზე ჩვენ, მიუხედავად ობერპროკურორ ა. ვ. კარტაშოვის დაპირებისა, არავის მივუწვევივართ, როგორც მიიწვიეს კონსტანტინოპოლის, ელადის, სერბეთისა და სხვა ეკლესიათა წარმომადგენლები. მაგრამ რუსეთის ეკლესიის კრებაზე ჩვენს არყოფნას შენი უწმინდესობა ვერ შეაფასებს როგორც სურვილს, “ვიყოთ რუსეთის ეკლესიასთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე”, რადგან ჩვენ მივესალმეთ კრების მოქმედების დაწყებას დეპეშით, რომელიც კრებამ 1917 წლის 19 აგვისტოს მოისმინა, და ვთხოვეთ სინოდის ობერპროკურორს, დროებითი მთავრობის წევრს, კარტაშოვს, გადაეცა კრებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან ძმური ქრისტესმიერი მოკითხვა და სურვილი, რომ მისი დიდი შემოქმედებითი შრომა ნაყოფიერი ყოფილიყო (სრულიად რუსეთის საეკლესიო და საზოგადოებრივი მაცნე, # 99, 1917 წელი).

ყოველივე თქმულის შემდგომად, შენი უწმინდესობის მოწვევა, რომ გამოვცხადდეთ სრულიად რუსეთის წმინდა კრებაზე და ვაღიაროთ საკუთარი ცდომილება, უადგილო და უმიზნოა: ჩვენს ქმედებებში ცდომილებები არ არის. და რომც აღმოჩნდეს, ყოველ ეკლესიას აქვს მათი აღმოსაფხვრელი საშუალება, რომელიც შენი უწმინდესობისათვისაც ცნობილია: სულის წმინდის უშრეტი მადლი, “რომლის გამოისობით სიმართლე გონიერადაა განჭვრეტილი და მტკიცედაა შენახული ქრისტეს სამღვდელოების მიერ”. ამიტომ, ნუ ისურვებ, ძმაო, მავანთა თხოვნით სრულიად რუსეთის კრების სასამართლოზე ჩვენს მოწვევას, ნუ გამოცხადდები წმინდა ეკლესიის წინაშე ისე, რომ “შემოიტანო ამა სოფლის ბუნდოვანი ქედმაღლობა ქრისტეს ეკლესიაში, რომელსაც ღვთის ჭვრეტის მსურველთათვის მოაქვს სიმარტივის ნათელი და კეთილკრძალულების დღე” (აფრიკელ ეპისკოპოსთა კრების ეპისტოლე რომის პაპისადმი).

რაც შეეხება “მახვილ კუთხეებს”, რომლებზედაც ლაპარაკობდა წმინდა სინოდის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი, და რომლებსაც ადგილი ჰქონდა თქვენთანაც და ჩვენთანაც, გამოწვეულია საერო ხელისუფალთა ჩარევით ეკლესიის საქმეებში ას წელზე მეტი ხნის წინათ და საერო ხელისუფალთა მიერ დაყენებული წმინდა სინოდის სურვილით, დაემორჩილებინა საქართველოს ეკლესია. მაგრამ შენ, უნეტარესო, იცი, რომ ყოველივე ეს მოხდა “არა საეკლესიო წესის, არამედ კაცთა სხვაგვარი სურვილის მიხედვით”, ამიტომაც, აღვადგინოთ კანონიკური წესრიგი საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებში და დავიცვათ ის მტკიცედ, “რათა შემდგომში არაფერი მსგავსი არ იქნას” (I მსოფლიო საეკლესიო კრება, წესი 2). და ეს მით უფრო შესაძლებელი და აუცილებელია, რომ ღვთის წყალობით ძველმა ჩაიარა და ახლა ყოველივე ახალია (2 კორინთელთა, 5, 17). განახლებული საეკლესიო და სახელმწიფო წყობილების პირობებში ერთმანეთის მიმართ ჩვენი გრძნობებიც უნდა განახლდეს, რათა “მომავალში ჩვენი ერთმორწმუნე ერები ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთობის სულისკვეთებით გამსჭვალულნი და საეკლესიო განჩინებათა ერთგულნი ცხოვრობდნენ მშვიდობით და გვერდი-გვერდ და ყოველმა მათგანმა შეასრულოს თავისი მოწოდება ჩვენი საერთო ცხოვნებისათვის ღვთის სადიდებლად”.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს ჩვენ ყოველთა თანა. ამინ.

მდაბალი ლეონიდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq