13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას. 70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა, აეგო ახალი ტაძარი, მაცხოვრის ხსოვნასთან დაკავშირებული ადგილები წარმართული საკულტო ნაგებობებისგან გაეწმინდა და ხელახლა ეკურთხებინა. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმიდეების განახლების საქმისთვის. წმიდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა. იესო ქრისტეს ჯვრის მოძიების სურვილით ანთებულმა ელენემ დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა. იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს, რომლის მახლობლადაც სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. ამ ჯვრებში სასწაულებრივ გამოარჩიეს ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ სხვა სასულიერო პირთა თანხლებით აამაღლა შემოკრებილი ურიცხვი ხალხის დასანახად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი). წმიდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა (ინ. 19,41-42). აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმიდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო. იერუსალიმში ყოფნისას კეთილმსახურმა დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას. მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად „მარტირიონად“ სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ სატფურებას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა. |