1989 წლის 9 აპრილს საქართველოს საუკეთესო შვილებმა გზა გაუკვალეს საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. უკეთესი მომავლის რწმენით ამსხვერპლეს მათ თავი სამშობლოს ბედნიერებას. წმიდა მოწამეთა მიერ დაღვრილმა სისხლმა ახალი ჟამთაღრიცხვა დაიწყო საქართველოში და უკვდავების ნიშნით აღბეჭდილი მათი სახელები კურთხევით მოიხსენიება შთამომავლებში უკუნითი უკუნისამდე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, 9 აპრილსვე დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. ამდენად, 9 აპრილი - ეს არის თავდაპირველად საქართველოს ტრაგიკული დღე - სამშობლოსათვის შეწირული 21 ქართველი მომიტინგის და მათთან ერთად ასწლეულების მანძილზე ქვეყნისთვის თავშეწირული ყველა გმირის ხსოვნის დღე. და 9 აპრილი არის უდიდესი დღესასწაული - რუსეთის ცარისტული და საბჭოთა იმპერიების ორსაუკუნოვანი მონობიდან თავდახსნის დღე. დღე, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით აღიდგინა შეგინებული თვითმყოფადობა, დაიბრუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეროვნული სული ჩაუდგა ეკლესიას. |