| 26 მარტს (8 აპრილს)არის ხსენება IV საუკუნეში მცხოვრები წმინდანის - მალქოს (მალქოზ) ასურისა. მალქოს ასური ანტიოქიის სიახლოვეს ცხოვრობდა, პატარა დაბაში. იგი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. როდესაც მისი დაქორწინების დრო მოვიდა, მშობლებმა საპატარძლოს ძებნა დაიწყეს, მაგრამ მალქოსს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ცხოვრება ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. მან დატოვა თავისი სახლ–კარი, მამული და შორეულ მონასტერში შეუდგა მორჩილის მსახურებას. გამოხდა ხანი და ერთხელაც მალქოსმა შეიტყო, რომ მამა გარდაცვლოდა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა მემკვიდრეობა ჩაებარებინა და ქონება ღარიბ–ღატაკთათვის, ზოგი – მონასტრისათვის, ზოგიც საკუთარი საჭიროებისათვის მოეხმარებინა. მონასტრის წინამძღვარი ბევრს ეცადა გადაეთქმევინებინა განაზრახი; არწმუნებდა, რომ მისი მოწადინება, კეთილი საქმის კეთების სურვილს ამოფარებული, ეშმაკის საცდური იყო ოდენ, მაგრამ ვერ შეასმინა. როდესაც უღონო იქმნა იღუმენი, თვალცრემლიანმა გააცილა მალქოსი. იმ გზაზე, რომელიც მალქოსს უნდა გაევლო, მოგზაურებს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები; ამიტომ, ისინი, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მგზავრობა, ერთ ჯგუფად ერთიანდებოდნენ, რათა სარკინოზების თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დაცვა შეძლებოდათ. მალქოსიც ერთ ასეთ ჯგუფს მიეკედლა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. მაგრამ, წინასწარი ზომების მიუხედავად, თავდასხმას და ტყვეობას ვერ გადაურჩა. ერთ ქალთან ერთად, რომელიც საკუთარ ქმარს დააცილეს, ვინმე არაბის კუთვნილება შეიქნა, რომელმაც ისინი აქლემზე შესვა და თავის სახლში წაიყვანა (ამასობაში იმ ქალის ქმარი სხვა სარკინოზს ერგო ტყვედ). დიდ სინანულში ჩავარდა მალქოსი, იღუმენს რომ არ დაუჯერა, მაგრამ რაღას იზამდა! მშობლების სამემკვიდრეოს მფლობელობის ნაცვლად ახლა ის თვით აღმოჩნდა სარკინოზის მფლობელობაში. მოძალადე მეპატრონის აქლემით მთელი არაბეთის უდაბნო გადაიარეს და მის ქვეყანაში მოხვდნენ. სარკინოზმა თავისი ტყვეები მოჯამაგირედ და მოახლედ დაიყენა და ოჯახში ყველაზე მძიმე საქმეებს აკეთებინებდა. მოგვიანებით მან მალქოსს უდაბნოში თავისი ცხვრის ფარის მწყემსობა დაავალა. მალქოსს ნუგეშად ისღა დარჩენოდა, რომ თავისი მწყემსობით იაკობისა და მოსეს მსგავს ცხოვრებისეულ ვითარებაში ეგრძნო თავი და ფსალმუნების გალობით მიეღო შვება. მაგრამ ეშმაკის ხვანჯები ტყვეობაშიც არ ასცდა მალქოსს. როდესაც სარკინოზმა დაინახა, რომ მალქოსი მას გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ფარაც გაუმრავლა, გადაწყვიტა, სიკეთითვე მიეგო მისთვის და ცოლად შესთავაზა ქალი, რომელიც მასთან ერთად წამოიყვანა აქლემით. მალქოსმა უპასუხა, რომ ის ქრისტიანია და ქრისტიანთა კანონით არ შეიძლება ქორწინება ქალზე, რომელსაც ქმარი ცოცხალი ჰყავს. გაშმაგებულმა სარკინოზმა მახვილი იშიშვლა მალქოსის მოსაკლავად და მალქოსიც ქალს მოეხვია, ვითომ თანხმობის ნიშნად, რათა სარკინოზის რისხვა დაეცხრო. მერე კი ქალი თავისთან წაიყვანა და ფიქრებს მიეცა: „ნუთუ იმიტომ დავიმარხე ქალწულება, რომ სიჭარმაგეში სხვისი ცოლის ქმარი გავმხდარიყავი? ნუთუ იმიტომ დავტოვე სიჭაბუკეში სახლ–კარი და ღმერთის სამსახურისთვის უარი ვთქვი ქორწინებაზე, რომ ჩამედინა ის, რაც თავიდან აღვიკვეთე? არა, სჯობს დაიღუპოს ჩემი სხეული, ვიდრე სული დავღუპო საუკუნოდ! დაე, აქ დარჩეს ჩემი წამებული სხეული – თავად გავხდები სკუთარი თავის მწამებელიც და წამებულიც!“ ამგვარ ფიქრებში მყოფი, გამოერკვა თუ არა, მიმართა ქალს: – იყავი მშვიდად, დედაკაცო; შენთვის უმჯობესი იქნება ვიყო მკვდარი წამებული, ვიდრე გექმრო ცოცხალი ქმრის პატრონს! – იშიშვლა ხმალი და წვერით გულზე მიიბჯინა. ქალი ფეხებში ჩაუვარდა და იესო ქრისტეს სახელით სთხოვა – არ დაეღვარა საკუთარი სისხლი. ხოლო თუ სიკვდილს ეძიებდა, ჯერ იგი მოეკლა და მერე საკუთარი თავი. ქალმა ისიც გაუმხილა – კიდეც რომ დაბრუნებოდა საკუთარ ქმარს, მტკიცედ გადაეწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე უბიწოდ გაეტარებინა. ამიტომ მან ფარული შეთანხმება შესთავაზა მალქოსს: დაე, ჩვენმა მტარვალმა ჩაგვთვალოს ცოლ–ქმრად, ხოლო ჩვენ ვიყოთ უმანკონი ერთმანეთის მიმართ და ქრისტე ღმერთს ხომ ეცოდინება, რომ შენ სულიერი ძმა ხარ! ჩვენი ბატონებიც უფრო მოგვენდობიან, როდესაც ცოლ–ქმრად ჩაგვთვლიან. მალქოსი აღაფრთოვანა ქალის ასეთმა წმინდა განზრახვამ და დათანხმდა მის სიტყვებს. ასე იცხოვრეს მათ გარკვეული დროის მანძილზე და პატრონის სრული ნდობა და კეთილგანწყობილება მოიპოვეს. ზოგჯერ მალქოსი თვეობით არ იყო ხოლმე სახლში, როგორც მისი ფარის ერთგული მწყემსი. ერთხელ, დატყვევებიდან უკვე საკმაო დროის გასვლის შემდეგ, ღირს მალქოსს, ბუნებაში განმარტოებულს, მოეძალა ფიქრები თავის მონასტერზე – გაახსენდა იღუმენი, ვისთანაც საღმრთო წერილში და ბერულ ცხოვრებაში განისწავლე
 | ბოდა; გაიხსენა ის დარიგებაც, რომელიც მისგან მიიღო და არ დაემორჩილა და ამ დროს თავის შორიახლოს შენიშნა ჭიანჭველები. პატარა, ვიწრო ალაგზე მიმოდიოდნენ ეს პაწაწკინტელა მწერები და საკუთარ თავზე გაცილებით მძიმე ტვირთი დაჰქონდათ: ერთნი თესლს დაატარებდნენ, სხვები მიწას ზიდავდნენ ჭიანჭველების ბუდის შიგნიდან, – საფარს იკეთებდნენ წვიმისაგან დასაცავად, მესამენი – ზამთრისათვის საკვებს იმარაგებდნენ და ნესტრით აქუცმაცებდნენ მარცვლებს, სხვებს თავიანთი მკვდრების ცხედრები გამოჰქონდათ და, რაც ყველაზე გასაკვირი იყო, – მათი ასეთი სიმრავლის მიუხედავად, საბუდარიდან გამოძრომისას და შეძრომისას ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ; პირიქით, როცა დაინახავდნენ, რომ რომელიმეს დიდი სიმძიმე მოაქვს, იმწამსვე მიაშურებდნენ ხოლმე დასახმარებლად. ამ სურათის შემყურე მალქოსს სოლომონის სიტყვები გაახსენდა: „მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას“ (იგ.სოლ. 6, 6–8). გუნებაში იმ აზრმაც გაუელვა, რომ მისი ცხოვრება მონასტერში ამ ჭიანჭველების ფუსფუსს ჰგავდა – სადაც ყველანი მუშაობენ და საკუთარი არავის არაფერი აქვს, ყველაფერი საერთოა, და კიდევ უფრო დაამწუხრა საკუთარმა ტყვეობამ და თავისი მონასტერი და კერა მოანატრა. როდესაც მისმა ქრისტესმიერმა დამ მოწყენით ნახა, მიზეზი ჰკითხა და, მისდა გასაკვირად, ქალმა იგი გასაქცევად განაზრახა; ოღონდ სთხოვა – თუ დაუსხლტებოდნენ თავიანთ ამჟამინდელ პატრონებს, არ მიეტოვებინა და ქალთა მონასტერში განემწესებინა. მართლაც, დიდი ბჭობის შემდეგ, მათ გაქცევის გეგმები დააწყეს და ერთ მშვენიერ დღეს ახსენეს ღმერთი და გზას გაუდგნენ. ისინი მეტწილად ღამით გადაადგილდებოდნენ, რაც სარკინოზების და გამთანგავი მზის შიშით იყო გამოწვეული. ასე იარეს ორი დღის მანძილზე, მრავალი დაბრკოლება გადალახეს და მესამე დღეს, ერთ ბექობთან შეყოვნდნენ, უკან მოიხედეს და დაინახეს ორი სარკინოზი, რომლებშიც მდევარი – ყოფილი პატრონი და მისი მოჯამაგირე შეიცნეს, რომლებიც აქლემებით გამოჰკიდებოდნენ. საწყლები შიშისაგან გაშეშდნენ, მაგრამ დიდ არს უფალი – უეცრად თავიანთ სიახლოვეს ღრმა გამოქვაბული შენიშნეს. დადგნენ არჩევანის წინ: ელოდათ ან მხეცისა თუ გველისაგან მოგვრილი საფრთხე, რომლებიც ამგვარ გამოქვაბულებში ბინადრობენ ხოლმე, ან უეჭველი სიკვდილი ბარბაროსებისაგან. მათ გადაწყვიტეს: „თუ ღმერთი გვიშველის, სიკვდილს განგვარიდებს, ხოლო თუ მიგვატოვებს ჩვენ, როგორც ცოდვილთ, ეს გამოქვაბული ჩვენი საცხედრე გახდება“. მალქოსმა და ქალმა პირჯვარი გადაისახეს და გამოქვაბულის სიბნელეს მისცეს თავი, შესასვლელთან ახლოს კედელს აეკრნენ და გაიტრუნენ. მკვდრებივით იყვნენ – მხოლოდ იმის ძალა შერჩენოდათ, ქრისტეს სახელი წარმოეთქვათ. სარკინოზებმა, რომლებმაც, რა თქმა უნდა დაინახეს, როგორ დაიმალნენ ისინი გამოქვაბიულში, საზარელი ხმით დაიღრიალეს: „გამოდით გარეთ, ბოროტმოქმედნო!“ მაგრამ, როდესაც პასუხი ვერ მიიღეს, მუქარითა და ლანძღვით მიიჭრნენ გამოქვაბულთან; ბატონი ამოღებული ხმლით დადგა შესასვლელთან, ხოლო მისი თანმხლები შევარდა გამოქვაბულში და გასცდა კიდევაც ლტოლვილთ, რადგან მზის სინათლიდან სიბნელეში შესულს ადამიანების გარჩევა უჭირდა... უეცრად გამოქვაბულის სიღრმიდან გამოვარდა ძუ ლომი, ჩაავლო პირი, ყელი გამოღადრა და თავის ბუნაგში წაათრია გამოქვაბულის სიღრმისაკენ. მალქოსი და ქალი ჩურჩულით ლოცულობდნენ და პირჯვარს იწერდნენ... ბატონმა გასძახა მოჯამაგირეს და, როდესაც პასუხი ვერ მიიღო, იფიქრა, რომ ის მისმა ნატყვევარებმა მოაშთეს და გაცეცხლებული, კბილების ღრჭენით შევარდა გამოქვაბულში; მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა, რომ მასაც იგივე ბედი ეწია – ძუ ლომმა ისიც დაგლიჯა. ამის შემდეგ ლომმა ბუნაგიდან პირით გამოიყვანა თავისი ბოკვერი, უნდილი მზერით შეათვალიერა კედელს აკრული ადამიანები მშვიდად გამოვიდა გამოქვაბულიდან. მალქოსი და ქალი კარგა ხანს იყვნენ გარინდებულნი. მერე, როცა დარწმუნდნენ, რომ ლომი უკვე შორს იქნებოდა, გამოვიდნენ სამალავიდან. გარეთ მათ, იქვე მდგომი, სარკინოზების აქლემები დაინახეს – საკვებისა და წყლის მარაგით. მშიერ–მწყურვალი ქალი და მამაკაცი მომაგრდნენ, შესხდნენ აქლემებზე და გაუდგნენ გზას. ათი დღის შემდეგ მათ უკან მოიტოვეს უდაბნო და სამშვიდობოს გააღწიეს. მალქოსმა თავისი სულიერი და დედათა მონასტერს მიაბარა, ხოლო თვითონ თავის მონასტერს დაუბრუნდა. შემდეგში იგი ხშირად იგონებდა თავისი სავანის საძმოს წინაშე წინამძღვრისადმი საკუთარი დაუჯერებლობის სავალალო შედეგს და მოძღვრისადმი მორჩილებისა და თვით ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც უფლისადმი მტკიცე სასოებისაკენ მოუწოდებდა მათ! |