წმინდა ევდემოზი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო მაჰმადიანი მეფის როსტომ-ხანის დროს. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილადაც ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს ,,იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანააღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყვის სყიდვა თავადებისაგან'', აღზევდნენ ,,მეძავნი და ბილწების მოქმედნი''. მეფის ფუფუნებისა და ცოდვისმოყვარობა თანდათანობით გადაედო ერს. ,,თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა... მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე''. ,,სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მარიდალნი'', უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს. გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეყურებინა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშარობითა და თავდადებით: მან არაერთგზის შეკრიბა ქართველი ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით ცალკეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამფლობელოებს იცავდნენ მუსლიმანური ზეგავლენისაგან. კათალიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებულ გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას, არც მეფის მხილებას ერიდებოდა – სადაც კი შეხვდებოდა, ეუბნებოდა: ,,მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანების მამინაცვალიო''. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული მარიამი. კათოლიკოს ევდემოზის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ნელ-ნელა მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება. როსტომ-ხანმა კარგად იცოდა კათოლიკოსის ორიენტაციისა და ავტორიტეტის შესახებ – ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად. 1642 წელს როსტომ-ხანმა შეიპყრო წმინდანი, მაგრამ ვერაფრით გატეხა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით ანთებული კათოლიკოსი; ევდემოზი კიდევ უფრო მწვავედ ამხელდა მეფის უსჯულოებას და ხალხს მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. როსტომ-ხანმა საპყრობილეში მოაშთობინა წმინდანი, მისი გვამი კი შეურაცხყოფის მიზნით ნარიყალის ციხიდან გადააგდებინა აბანოების მხარეს. ქრისტიანობისათვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დღეისათვის ანჩისხატის ტაძარში წმინდა კათოლიკოსის ღირსი პატივით არის შემკული წამებული მამულიშვილის მარადიული განსასვენებელი. |