1952 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე (1932-1952 წწ.) - ქართული ეკლესიის ერთ-ერთი რჩეული მეთაური, რომელსაც საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ხანაში მოუხდა მღვდელმთავრობა, მაშინ, როცა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში სასულიერო მოღვაწეობა გმირობის ტოლფასი იყო. ის დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 1886 წლის 24 მაისს თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა: „წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს“. ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძროლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს. სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა. 1889-1892 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლისას მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში, 1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. მამა კალისტრატე კარგად ხედავდა რუსი ეგზარქოსების ანტიქართული პოლიტიკის მიზნებსა და საქმიანობას (1898-1917წწ.), რამაც ხალხსა და მწყემსმთავრებს შორის სრული გაუცხოება გამოიწვია. უწმიდესის მოგონებებიდან ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში მოვლენილი ეგზარქოსები გამოირჩეოდნენ ანტიქართული სულისკვეთებით, რომელნიც ფეხქვეშ თელავდნენ ივერიის უძველესი სამოციქულო ეკლესიის კანონიერ უფლებებს, აბუჩად იგდებდნენ ქართველ ხალხს და დაჟინებით ცდილობდნენ მათ გარუსებას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. კალისტრატე ცინცაძე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია. 1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლა პარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა. 1925 წლის 31 ოქტომებრს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი კალისტრატე აიყვანეს ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში. უწმიდესმა ამბროსიმ ამ სიტყვებით მიმართა მას: “დღეს შენ მიიღე უმაღლესი ღირსება და ხარისხი, გუშინ კი მიეცი ღმერთს აღთქმა, რომ იშრომო და იმოღვაწეო ამ ხარისხში თავგანწირულად, მოგილოცავ ამ ხარისხს და გისურვებ, ზიდო იგი აღთქმისებრ ღირსეულად, მოგეტანოს ჩვენი დედაეკლესიისათვის ის სარგებლობა, რომელსაც ის მოელის შენგან. ამის გარანტია გვაქვს ჩვენ წარსულს შენ საქმიანობაში. შენი მოღვაწეობა დაიწყო ჩვენი ეკლესიის მონობის დროს, მაშინ, როდესაც იმის ბედ-იღბალს განაგებდნენ რუსეთის სინოდი და მისგან დაყენებულნი, ქართული ენის არმცოდნე ეგზარქოსები. შენ იმ მონობის დროს ემსახურებოდი ეკლესიურ ავტოკეფალური უფლებების აღდგენას, წერდი ავტოკეფალიის შესახებ წერილებსა და წიგნებს. მივაღწიეთ ეკლესიის თავისუფლებას… ამ დღიდან შენი შრომა და ღვაწლი ეკლესიის საკეთილდღეოდ ყველამ კარგად იცის…“ 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ პატრიარქობის პირველ წლებშივე თავისი საქმიანობა ოთხი მიმართულებით წარმართა: 1. ეკლესია-მონასტრების დახურვის, ნგრევის და ძარცვა-რბევის პროცესის შეჩერება, 2. საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალური კურსის შენარჩუნება, 3. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული საეკლესიო პირების სულისშეხუთველი საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერიზაციისათვის ბრძოლა, 4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიათა მიერ აღიარების მიღწევა. 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1917 წლის 12 (25) მარტს გამოცხადებული ტერიტორიალური ავტოკეფალია, რასაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. "1945 წლის მარტში საქართველოს საკათალიკოსოში ამოქმედდა 29 ეკლესია, რომელშიც მოღვაწეობდა 5 მღვდელმთავარი, 41 შტატიანი მღვდელი, ორი პროტოდიაკონი, 3 მედავითნე სულ საკათალიკოზოში ირიცხებოდა 135 ეკლესიის მსახური". 1946-47 წლებში ქართულ და სომხურ პრესაში გაჩნდა ცნობები ტაო-კლარჯეთის და ანატოლიის სომხეთის ისტორიული კუთვნილების შესახებ. ასეთ ფონზე შემთხვევითი არ იყო სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის წერილი "საქართველოს საკათალიკოზოს ზემო ქართლის ეპარქიებისათვის". ამ წერილში პატრიარქი წერდა: "დღეს დემოკრატიული მსოფლიოს საზოგადოებრივი აზროვნება მიმართულია ძველ თუ ახალ მოძალადეთა მიერ ამა თუ იმ ერის გათიშულ, ჩამოშორებულ, თუ დაქსაქსულ ნაწილების შეერთებისათვის, რათა სისხლითა და ხორცით შეკავშირებულმა ადამიანებმა მოიყარონ თავი მშობლიურ მიწა-წყალზე და შეერთებული ძალით ჩაებან მშვიდობიანობის და უშიშროების დამამყარებელ ერთა კრებულის ფერხულში. ასეთი შეერთების მოლოდინშია ჩვენი სამშობლოს ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საკათალიკოზოს ეკლესიის ეპარქიებს შეადგენს: ვალაშკეტის, ანჩის, ბანას, დადაშეთის, ერუშეთის, იშხნის, ტბეთის, წურწყაბის, წყაროსთავის. ეს ის მხარეა, სადაც დაირწა ქართული კულტურის აკვანი. სადაც ყველაზე ადრე შეიგნეს საჭიროება და აუცილებლობა პოლიტიკურად გაერთიანებისა. ცალ-ცალკე სამთავროებად დაყოფილი საქართველოსი. ამჟამად ეს შესანიშნავი მხარე ჩვენი ქვეყნისა ჩამოშორებულია საქართველოს და თუ რაიმე მოგვაგონებს იმ ქართველობას, ეს დიდებულ ტაძართა ნანგრევებია... ოსმალეთის პრესის ზოგიერთი წარმომადგენელნი ავრცელებენ ხმას, ვითომც მუსლიმან ქართველთა გაერთიანება საქართველოსთან გამოიწვევს საბჭოთა ხელისუფლებისაგან სარწმუნოების დევნას და შევიწროებას, ხოლო საქართველოს ეკლესიის მხრივ გაქრისტიანების ცდასო. ჩვენ აღთქმას ვდებთ - აცხადებდა უწმიდესი კალისტრატე - გაბრიყვებით, მზაკვრობით და ცდუნებით არცერთი მუსლიმანი არ იქნება გაქრისტიანებული, რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას ის სარწმუნოების საკითხში არ ერევა, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება“. ხელისუფლების მხრიდან ლოილობის გამომჟღავნებისთანავე დაიწყო ბრძოლა რეპრესირებული სამღვდელოების უფლებების დასაცავად. 1946-1951 წლებში გაიხსნა ალავერდის, ხონის წმ.გიორგის, საგარეჯოს, აწყურის, სოხუმის რაიონის სოფ.კონსტანტინოვკის, ორბეთის, სუჯუნის წმ.გიორგის, გუდაუთის რაიონ სოფ. ბომბორას, ქარელის რაიონ სოფ. ატოცის ეკლესიები. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლების წინაშე დააყენა საკითხი ეკლესია-მონასტრებიდან გატანილი და მუზეუმებში დაცული საეკლესიო ნივთების კვლავ ეკლესიისათვის დაბრუნების შესახებ. (ბათუმში, თელავში, ქუთაისში). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საერო ხელისუფლების წინაშე სვამდა საკითხს მცირე შემოსავლიანი ეკლესიებისათვის მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ, რათა თავი შეინახოს ტაძრის კრებულმაც და ეკლესიებიც შესაბამისად იყვნენ დაცულნი. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატე ცინცაძემ ხელისუფლებას 1947 წელს ოფიციალურად მოსთხოვა ქუთაისის მუზეუმში დაცული არგვეთის ერისმთავრების წმ. დავითის და წმ. კონსტანტინე მხეიძეთა წმიდა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნება მისი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი უფრო კატეგორიული გახდა. 1952 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). ბრწყინვალე მწყემსმთავრის გარდაცვალება იყო დიდი დანაკლისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე იყო გამორჩეული სასულიერო მოღვაწე იმ დროს, როცა ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში საქართველო ს მართლმადიდებელი ეკლესია იდევნებოდა, როცა ანტირელიგიური კამპანიის, უღმერთოთა კავშირის, ფინსაკომის საგადასახადო პოლიტიკის წყალობით მოქმედი ეკლესიების, სასულიერო პირების ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, უწმიდესმა კალისტრატემ ხელისუფლებასთან გონივრული კომპრომისების პოლიტიკის წყალობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნა. როგორც ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ს. ვარდოსანიძე მიუთითებს, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს დამსახურება იყო: 1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო სინოდსა და მრევლს შორის წარმოშობილი დაპირისპირებების აღმოფხვრა (დაპირისპირებანი გამოწვეული იყო ახალი სტილის, ეკლესიასა და ხელისუფლების ურთიერთობის და საკათალიკოზო საბჭოს საქმიანობის შეფასების საკითხებზე). 2. უწმიდესი კალისტრატეს დროს შენელდა ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევა, საეკლესიო ნივთების დატაცება. მან საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტთან თანამშრომლობით არა ერთი ეკლესია-მონასტერი გადაარჩინა; უფრო მეტიც - იქ მყოფი სასულიერო პირები გაათავისუფლა სულისშემხუთველი გადასახადებისაგან და "მატერიალური კულტურის ძეგლების" მცველებად გააფორმა და ეკონომიკური სიდუხჭირის ჟამს მათ საარსებო მინიმუმი შეუქმნა სახელმწიფოსგან ხელფასის სახით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო სინოდსა და მრევლს შორის წარმოშობილი დაპირისპირებების აღმოფხვრა (დაპირისპირებანი გამოწვეული იყო ახალი სტილის, ეკლესიასა და ხელისუფლების ურთიერთობის და საკათალიკოზო საბჭოს საქმიანობის შეფასების საკითხებზე). 2. უწმიდესი კალისტრატეს დროს შენელდა ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევა, საეკლესიო ნივთების დატაცება. მან საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტთან თანამშრომლობით არა ერთი ეკლესია-მონასტერი გადაარჩინა; უფრო მეტიც - იქ მყოფი სასულიერო პირები გაათავისუფლა სულისშემხუთველი გადასახადებისაგან და "მატერიალური კულტურის ძეგლების" მცველებად გააფორმა და ეკონომიკური სიდუხჭირის ჟამს მათ საარსებო მინიმუმი შეუქმნა სახელმწიფოსგან ხელფასის სახით. 3. უწმიდესი კალისტრატეს დამსახურება განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. მისი შედგენილი იყო უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოზ-პატრიარქ ლეონიდის პასუხი რუსეთის პატრიარქ ტიხონის ეპისტოლეზე, რომელშიც დასაბუთებელი იყო ტიხონის მოთხოვნათა უსაფუძვლობა და საქართველოს ეკლესიის ტერიტორიალური ავტკეფალიის კანონიერება. კალისტრატე აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ მოლაპარაკებებისა, რომელნიც მიმდინარეობდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხებზე, რაც 1943 წელს წარმატებით დაგვირგვინდა. 4. უწმიდესი კალისტრატეს დამსახურება იყო საქართველოში მცხოვრები არაქართველი მართლმადიდებლების (რუსები, ბერძნები, აფხაზების, ოსების ნაწილი) მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემოსვლა. 5. უწმიდესმა კალისტრატემ ხელისუფლებასთან კონსტუქციული ურთიერთობით მოახერხა სასულიერო წიგნების დაბეჭდვა. („orthodoxy.ge“-ს, „ambioni.ge“-ს, „library.church.ge“-ს მასალების მიხედვით) |