|
მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)
კონსტანტინე (მელიქიძე) (დ. 19 თებერვალი, 1925 — გ. 20 ივლისი, 2000) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.
მიტროპოლიტი კონსტანტინე, ერისკაცობაში დიმიტრი სიმონის ძე მელიქიძე, დაიბადა 1925 წლის 19 თებერვალს ბორჯომის რაიონის სოფელ ბალანთაში. 1961–1966 წლებში სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. 1972 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს დიაკვნად, 1973 წლის 21 ოქტომბერს კი მღვდლად და დაინიშნა ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1974–1978 წლებში მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 20 ოქტომბერს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, 22 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტ კონსტანტინეს ეპისკოპოსად ხელდასხმა შესრულდა 1978 წლის 29 ოქტომბერს. 1980 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1984 წელს ებოძა მიტროპოლიტობა. 1984 წლის 19 სექტემბრიდან ვიდრე 1992 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველია. 1992 წლიდან 2000 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით, მინიჭებული ჰქონდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების, მეორე პანაღიის ტარების უფლება. მეუფე კონსტანტინე გარდაიცვალა 2000 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. |
|