|
ნიკეის მეორე საეკლესიო კრება იგივე მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება
ნიკეის მეორე საეკლესიო კრება იგივე მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება - მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაიმართა ქალაქ ნიკეაში 787 წელს, მოწვეულ იქნა დედოფალ ირინეს ძალისხმევით, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.
ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე I და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ.
მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმებრძოლეობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.
მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.
კონსტანტინოპოლის მანგანის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი. |
|