ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე შუშანიკი სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული იყო. როდესაც მისმა ქმარმა, საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა, უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა და გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში. შუშანიკი გარდაიცვალა ციხეში ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა). წმიდა შუშანიკი მეტეხის ტაძარშია დაკრძალული. |