26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ჩვენ დედა პარასკევასთან ერთად ვსხედვართ მამა გაბრიელის საფლავთან და მისი რედაქტორობით გამოცემული წიგნიდან ერთად ვკითხულობთ მამა გაბრიელის ციტატებს საქართველოს მომავალზე: ”ბოლო ჟამია. თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით” წერია წიგნში. დედა პარასკევა გვიდასტურებს: - არათუ საზოგადოდ ამბობდა, პიროვნულადაც უთქვამს მონაზვნებისათვის - შენ ბოლო ჟამს მოესწრებიო, - ეუბნებოდა ერთს; - შენ ბოლო ჟამის იღუმენია იქნებიო - ეუბნებოდა მეორეს. თავისი მოძღვრებითა და რჩევა-დარიგებებით გვამზადებდა ამ დღეებისათვის. ”1992 წლის ავადმოსაგონარ დღეებამდე ბევრად ადრე ემცნო მას თბილისში ძმათამკვლელი ომის შესახებ - შუაღამისას უფლისმიერი ხილვისაგან გამოფხიზლებულ შეძრწუნებულ მამა გაბრიელს გულისშემძვრელად შეუძახნია: „ზარები დაარისხეთ - ძმა ძმის სისხლს დაღვრის მალე და დაბნელდება საქართველოს ზეცა!“ ბოროტების მახეში გაბმულთა ზეობისას მამა გაბრიელს არაერთხელ უთქვამს: „თბილისს საშინელი განსაცდელი ელის, დაირღვევა მისაფუძვლამდე“, - „თუმცა იქვე დაუმატებია: „და მაინც ღვთისმშობელი დაიხსნის თავის წილხვედრ ივერიას სრული მოსპობისაგანო“ -ასეც ამბობდა - იგონებს დედა პარასკევა - ვინც ზვიადს უმტრო, იმან ეკლესიის წესით უნდა შეინანოსო - ის იყოო თავისი სამშობლოს ჭეშმარიტად მოყვარული ერთგული შვილი. ”ლაზარე ყარდა და საქართველოც სულ დაიშლებაო, მაგრამ უფალმა ლაზარე რომ აღადგინა, რომელიმე ნეკნი აკლდაო? ასევე იქნება საქართველო ნიკოფსიისდან დარუბანდამდეო”... -დიახ, - დასძენს დედა პარასკევა - ასე სწამდა მამა გაბრიელს, რომ საქართველოში სიკეთე ისევ დაბრუნდება, მშვიდობიანობა დაბრუნდება, საქართველო გადარჩება... ამავე დროს, ქვეყნის გადარჩენასთან ერთად პირად გადარჩენაზე - ცხონებაზეც ბევრს გველაპარაკებოდა: -- გიყვარდეს ყველა და ეცადე იპოვო სასუფეველი, სიყვარული ყველა სათნოების დედაო; თქვენმა გაკეთებულმა სიკეთემ უნდა გადაგარჩინოთო! ”მონასტერს ბაგრატიონთა შთამომავლების სამეფო შტო ესტუმრა. გაბრიელ ბერი მოინახულეს და ლოცვა-კურთხევა სთხოვეს. რუსეთის ტახტის მემკვიდრე დედოფალმა ლეონიდამ თავისი შვილიშვილი გაბრიელ ბერის წინ დააყენა და სთხოვა - თუ მოვესწრებით ტახტის დაბრუნებას რუსეთშიო. შენ ვერა, მაგრამ შენი შვილიშვილი მეფე იქნებაო, უთხრა და დალოცა. ეს ფაქტი ემთხვევა პელაგია რიაზანელის წიანსწარმეტყველებას, რომ რუსეთში მეფე იქნება და საქართველოს მეფესთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნებაო”. - დიახ, - გვიმარტავს დედა პარასკევა - სწორედ ასე ფიქრობდა მამა გაბრიელი, რომ რუსეთთან ჭეშმარიტი კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა სწორედ ბაგრატიონების და რომანოვების დანათესავებულ დინასტიათა აღდგენის მეოხებით იქნება შესაძლებელი! მამა გაბრიელს ღრმად სწამდა, რომ საქართველოს მეფე უნდა ჰყოლოდა და ქვეყანა ვერ აღორძინდებოდა, ვიდრე სამეფო ხელისუფლება არ აღდგებოდა საქართველოში - დედა პარასკევა სათანადო ადგილზე მიგვითითებს წიგნიდან: ”ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა. თავისი და მეფის ჯვარიც მაგას მიაქვსო. სანამ მეფე არ იქნება, საქართველოს არაფერი ეშველება. როგორ? სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? ამოვთხაროთ საფლავიდან თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი - მაშინ არ ყოფილან ისინი საჭირო!” |