წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო. არამის მეფეს შესანიშნავი სარდალი ჰყავდა, სახელად ნაყამანი. ის სახელგანთქმული და პატივდებული კაცი იყო, მაგრამ საშინელი ავადმყოფობა სჭირდა - კეთრი. ერთ-ერთ ბრძოლაში არამელებმა ტყვედ წაიყვანეს ისრაელი გოგონა, რომელიც მხევლად მისცეს ნაყამანის მეუღლეს. ამ გოგონას სწამდა ცოცხალი ღმერთი და იცოდა იმ სასწაულთა შესახებ, რომლებსაც უფალი ახდენდა ელისეს ხელით. ერთხელ მან თავის ქალბატონს უთხრა: ”ნეტავ მოსულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან”. ნაყამანმა ეს რომ გაიგო, მივიდა თავის მეფესთან და შეატყობინა, რაცა თქვა ისრაელმა ტყვე გოგონამ. მაშინ არამის მეფემ უთხრა ნაყამანს: ”წადი, წერილს გაგატან ისრაელიანთა მეფესთან”. ნაყამანი გამოემშვიდობა ცოლს და ისრაელისაკენ გაეშურა. როდესაც ნაყამა ნი ისრაელიანთა მეფესთან მივიდა, წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: ”ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისაგან”. წერილი მეფემ წაიკითხა, ტანსაცმელი დაიხია და იყვირა: ”ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის კეთრისაგან განმიკურნე ეს კაციო? იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს”. როცა ეს ამბავი ელისემ გაიგო, მსახური გაუგზავნა მეფეს და შეუთვალა: რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”. ნაყამანი ეტლით მივიდა ელისეს სახლთან და ჭიშკართან გაჩერდა. ელისემ მსახური გაუგზავნა და დააბარა: ”წადი, შვიდგზის დაიბანე ტანი იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და განწმედილი იქნები”. ნაყამანმა ეს რომ მოისმინა, განრისხდა: ”აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისაგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარენი აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არა სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები?” გატრიალდა ის და წავიდა ბრაზმორეული. მაშინ მასთან მივიდნენ მისი მონები და უთხრეს: ”ჩვენო მამავ, საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო”. ამის შემდეგ დათანხმდა ნაყამანი წინასწარმეტყველის სიტყვის მიხედვით მოქცეულიყო: წავიდა მდინარე იორდანეზე, შვიდჯერ გაებანა და განიწმიდა მისი სხეული და პატარა ბავშვის სხეულს დაემსგავსა”. ნაყამანი დაბრუნდა ღვთის კაცთან და უთხრა: ”აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელ ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა მიიღე საჩუქარი შენი მსახურისაგან”. მაგრამ ელისემ უარი თქვა მის საჩუქარზე. წასვლის წინ ნაყამანმა აღუთქვა ელისეს, რომ ამიერიდან იგი სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა მსხვერპლს, გარდა უფლისა. სამაგიეროდ, ელისეს მსახურმა ისარგებლა მისი სახელით და ნეემანს ორი ტალანტი ვერცხლი და ორი ბრწყინვალე სამოსელი გამოსთხოვა, რისთვისაც სასტიკად დაისაჯა - ნეემანის კეთრი მასზე გადავიდა. არამისა და ისრაელიანთა ომის დროს ელისე ატყობინებდა ისრაელიანთა მეფეს არამის ჯარების განლაგების ადგილ-სამყოფელს, რადგან უფალი უცხადებდა ამას, ამიტომაც ისრაელიანები გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. არამის მეფე ძლიერ იყო შეძრწუნებული, იგი ფიქრობდა, რომ მის მებრძოლთა შორის ერია გამცემი, რომელიც ისრაელიანთ ატყობინებდა მათ სამხედრო საიდუმლოებას. მაგრამ ერთა მისმა მსახურმა უთხრა: ”არავინ არის გამცემი ჩვენს შორის, მეფე-ბატონო, ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი ატყობინებს ისრაელიანთა მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ”. მეფემ ბრძანა გაეგოთ, რომელ ქალაქში ცხოვრობდა ელისე, რათა ტყვედ წამოეყვანათ იგი. დიდძალი ჯარი გაგზავნა იქ, ღამით მივიდა და ქალაქს ალყა შემოარტყა. როცა არამელნი მიადგნენ ელისეს, მან უფლის მიმართ ლოცვა აღავლინა და შესთხოვა: ”დააბრმავე ეს ხალხი”. და მანაც დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვით. ელისემ დაბრმავებული არამელნი იქიდან წაიყვანა და ქალაქ სამარიას მიაყენა, რომელიც მაშინ ჩრდილოეთ ისრაელის დედაქალაქი იყო. როცა ისინი სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: ”უფალო! აუხილე თვალნი ამათ, რათა დაინახონ”. აუხილა უფალმა მათ თვალები და დაინახეს, რომ შუა სამარიაში არიან. და უთხრა ისრაელიანთა მეფემ ელისეს, როცა ისინი დაინახა: ”დავხოცო ისინი, მამაო?” ელისემ კი უთხრა; ”არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ”. და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან ისრაელიანთა ქვეყანაში არამელები. ღვთის სიტყვა გვასწავლის არა შურისძიებას, არამედ კეთილის ქნას და მტრების სიყვარულს: ”თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი”. ”გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით”. ”სძლიე ბოროტს კეთილით”. |