13 (26) მაისი - ექვთიმე ათონელის ხსენების დღე ღირსმა მამამ, იოანემ, რომელსაც საერო მოღვაწეობის ჟამს მეფის ერთგული მრჩეველისა და სწორუპოვარი მხედართმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ქრისტეს სიყვარულით მიატოვა წუთისოფელი და სამშობლოდან დაშორებით, ათონის წმიდა მთაზე სათნოებით მსახურებდა ღმერთს. უფლის განგებით იოანემ, ათონის მთაზე მოიყვანა თავისი ვაჟიც, მანამდე ბიზანტიის იმპერატორის კარზე მძევლობაგამოვლილი ექვთიმეც. მაგრამ ყრმა ექვთიმე ათონზე მძაფრმა სენმა შეიპყრო და სიკვდილს მიეახლა, ისე, რომ აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება. ღირსმა იოანემ დაკარგა მისი გადარჩენის იმედი, ჩავიდა ტაძარში და მხურვალე ცრემლებით ევედრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. შემდეგ უხმო მღვდელს, რათა ამოსულიყო და ეზიარებინა მომაკვდავი, და თვითონაც სასწრაფოდ შვილის სენაკს მიაშურა. „გავაღე სენაკის კარი – იხსენებდა შემდგომში ბერი იოანე – და შევიგრძენი საკვირველი კეთილსურნელება, რამეთუ მოხედა სნეულს ღვთისმშობელმა და ვიხილე, ექვთიმე მისი მადლით იჯდა საწოლზე მრთელი და უვნებელი. შეკრთა ჩემი გონება და ვკითხე მას: –რა არის ეს შვილო? მან მომიგო: – ახლახან წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მითხრა ქართული ენით: – რა არის, რა გტკივა, ექვთიმე? ხოლო მე ვუთხარი: – ვკვდები, დედოფალო! ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, მომკიდა ხელი და მითხრა: –არავითარი ვნება შენთან აღარ იქნება, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად უნაკლოდ ილაპარაკე! ჰოდა, როგორც მხედავ, სრულებით არაფერი მტკივა”. ამბობდა ხოლმე ნეტარი იოანე, რომ ამ ჟამამდე დიდხანს უცხოობაში ნამყოფი ექვთიმე ძნელად საუბრობდა ქართულად და ფრიად სწუხდა ამის გამო, ხოლო ამ დღის შემდეგ შეუწყვეტლივ, როგორც წყარო, ამოდის მისი პირიდან ქართული სიტყვა, ყველა ქართველზე უფრო წმიდად. მამამ აკურთხა საკუთარი ძე, შედგომოდა საღმრთო წიგნების ბერძნული ენიდან ქართულზე თარგმნას: „–შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაი დიდად ნაკლულოვან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან და ვხედავ, რომ ღმერთსა მოუმადლებია შენთვის. იღვაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან! და ექვთიმეც, ქებული მამის ღირსეული შვილი, ვითარცა იყო ყოველსავე ზედა მორჩილ, მოსწრაფედ შეუდგა ბრძანებასა მისსა და იწყო თარგმნად“. ექვთიმე გრძნობდა ბიბლიის თითოეულ სიტყვას, როგორც ცოცხალ არსებას და ხედავდა მას სხვადასხვა სულიერ განზომილებაში, რადგანაც თვით ღვთისმშობლისაგან ჩანერგილი ღვთაებრივი ქართული ენით თარგმნიდა. ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“. |