საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„სიცილი გამოსავალს ყოველთვის გვაპოვნინებს“... გაგურული დღიურები (წერილი მეთვრამეტე)
ლელა ჩხარტიშვილი

კურიოზები

„იუმორი ტრაგიკულ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა. მხოლოდ მას ძალუძს ქმნა შეუძლებლის. იგი თავს უყრის და საკუთარი სხივებით აცისკროვნებს ადამიანური ბუნების ყველა კუთხე-კუნჭულს. იუმორის წყალობით შეიძლება ცხოვრობდე ქვეყნად, მაგრამ შენად არ იგულვებდე ქვეყანას, პატივს სცემდე კანონს და მაინც მასზე მაღლა იდგე, მფლობელი გერქვას, არადა  „ცარიელ-ტარიელი“  იყო.“

(ჰერმან ჰესე: ,,ტრამალის მგელი").

საკითხს ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ადამიანი რომ სამყაროს სიღრმეს ჩასწვდება და ტრაგიზმის სულს იხილავს, რა გასაკვირია, სიცილის უნარიც წაერთვას.

მაგრამ მაინც...აუცილებელია ღრმად შევისუნთქოთ ხალისი, რადგანაც უხალისო ცხოვრება გმობაა. „იუმორი მახვილგონიერებაა ღრმა გრძნობისა“  და სიცილის უნარი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც „ირონიაა აუცილებელი საკმაზი ყოველგვარი პათეტიკისთვის.“

„წუთისოფლის ცხარე თონე

თუ ჩაგიწვავს ყველა გუნდას,

შენ სიცილი მოიგონე,  -

ცრემლს რა მოგონება უნდა?!“

(მანანა ჩიტიშვილი).

ხალხური სისადავე,  მახვილი იუმორი და  ბრძნული უბრალოება გურულებს არ აკლიათ. პირიქით, მოჭარბებულადაც კი აქვთ.

რუსებს აქვთ გამოთქმა: „კარგად იცინის ადამიანი? - ესე იგი, კარგი ადამიანია“. გურულად კი, ცნობილი ფილოსოფიური სენტენცია ასე ჟღერს:  "კარქათ იგი იკრიჭება, ვინცხა ბოლოში გეიკრიჭება" .

უბრალოდ, გურულებმა კარგად იციან მარტივი ჭეშმარიტებები და არა მარტო იციან, ცხოვრების წესადაც აქვთ ქცეული. მაგალითად ის, რომ„ცხოვრება საკაიფო რამეა -ხან ჩვენ ვეკაიფებით, ხან ის გვეკაიფება.“

„ბოლო ყოველთვის კეთილია: ასე რომ, თუ რამე ცუდადაა, ეს მხოლოდ დასაწყისია.“

„ორ რამეზე არ უნდა ინერვიულო: -რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება.“

გურულად გაფორმებული სოლომონის სიბრძნე: „აიც ისოვლე გეიარს!“.

 „მხიარული, ფხიზელი და ჭკვიანი ერთდროულად ვერ იქნები.“

გურულების უმეტესობა ცდილობს ყველაფერს მარტივად უყუროს. ეს კი, მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია. ასე რომ, გურულობა პაწა ამბავი არაა.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში გურიაობა ახსნილია შემდეგი სიტყვებით: „მიდევნება არევით“. ანუ აქ ის აზრია გამოთქმული, რომ გურია, რომლის მკვიდრთა თვისებას, სხვათა შორის, შეადგენს გურიაობა, ნიშნავს დაუცხრომელთა სამყოფელს.

თედო სახოკიას სიტყვებით:  „სხაპა-სხუპით ლაპარაკი, მარდი მიხვრა-მოხვრა - აქ სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. აქ მძიმე და ჯმუხ ხალხს იშვიათად შეხვდებით. გურულები სწრაფები არიან ქცევაში, ლაპარაკში,  აზროვნებაში.“

ცნობილი ანეგდოტია: „მე გურული ვარ, მაგრამ ვმკურნალობო“  ან კიდევ,  კაცი გაგიჟდება და გურიაში არ ჩაგვასწროს, თორემ რას ვიპოვითო?!“

ნიკო სამადაშვილი კი წერდა: „რამდენი კაციც ცხოვრობს მიწაზე,

ქვეყნად იმდენი საგიჟეთია“.

მაგრამ გურულების შემთხვევა ნამეტანია...

ამ თემაზე ანეგდოტებს რა დალევს?!

„დედა თბილისში გათხოვილ ქალიშვილს ურეკავს გურიიდან.

-ნენა, გიალოს ბათუმელი გოგო შეუყვარდა, კაი გოგოა, კაი ოჯახიშვილი, მარა ფსიქიატრია და სა უნდა ნახოს მაგან აქანესამუშაო?

- დედა, ფსიქიატრი თუა, მაგას გურიაში სამუშაოს  რა გამოულევს - დაამშვიდა ქალიშვილმა.“

ესეც ანეგდოტად დადის, რომ ამერიკელი ფსიქოლოგი გურულ პაციენტთან საუბრის შემდეგ  თავის ფსიქოლოგთან ჩაეწერა.

ანეკდოტის მოყოლა კარგია. მოსმენაც კარგია. ხოლო  მასში მონაწილეობა - უკვე ვის როგორ?

ნათქვამია, გურულებს ანეგდოტები რაღად უნდათ, თვითონ ანეგდოტები არიანო. მართლაც ეგრეა. მე და ჩემი ქმარი ოზურგეთიდან მომავალ ავტობუსს ველოდებოდით და გზად ერთი მოხუცი კაცი შეგვხდა. ნამდვილი გურული ყაძახი. მკვირცხლი, ლაღი, სახეღიმილიანი; საქმიანად მიცუხცუხებდა, მარჯვედ: - კაი გამარჯობა თქვენიო, - გულიანად მოგვესალმა. -რაფერ ხარ ბაბუაო, როგორ მიდის ცხოვრებაო? - ჰკითხა ჩემმა ქმარმა, - რა გითხრა ბაბუ, კაი ლამაზად ვარ მოტეხილიო, 89-ს მივუკაკუნე, მარა აფერს არ ვუჩივი, ოღონდ ეგაა..(ამ მანდილოსანთან ბოდიში მომითხოვია, - ჩემზე მიუთითა) ქალებთან აღარაფერი გამომდის და აია ცხოვრებაო?!

ამაზე ის ანეგდოტი გამახსენდა. - შენ აქ ცხოვრობ ილიკოო? და -არაო..- აბა, ამ სახლზე რომ მიმითითესო?.. - ამ სახლში ქე ვცხოვრობ, მარა ამას ჰქვია ცხოვრებაო?!..:

ნათქვამია, სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის,ზოგთან კი ასაკი მარტო მოდისო.

გურულებთან საქმე ამგვარადაა:ასაკთან ერთად სიბრძნე შეიძლება მოდის, მაგრამ, რაც მთავარია, სისულელე არსად არ მიდის. სისულელე კი შესანიშნავი საკმაზია ადამიანის ცხოვრების. „რა სისულელეებსაც კაცი ახალგაზრდობაში მიჰყვებოდა, არც სიბერეში უნდა გადაჰყაროს, პირიქით, უნდა ჭკუა იხმაროს და ის სისულელეები ახლიდან უნდა შეიყვაროს“ (ბესიკ ხარანაული). მაგრამ, იმ სისულელეების გამეორებას ენერგიაც ხომუნდა? და კიდევ, რაღაცნაირი ბავშვური ბუნება...(რემარკის მიხედვით...„ჩვენ მაშინ ვბერდებით, როცა სისულეების ჩადენის თავი აღარ გვაქვსო“)

ადამიანები, რომლებიც ხშირად ხუმრობენ, ნამეტანი ცნობისმოყვარეობითა და ანცობით გამოირჩევიან...  დროის შეუჩერებელ სრბოლას  მეტ-ნაკლებად ყველანი ვემორჩილებით, მაგრამ  მხიარულ ადამიანებს დროის ფლანგვა უყვართ. მეტისმეტი სერიოზულობით დიდად არაფერს ეკიდებიან... „სერიოზულობა დროის ატრიბუტია და   მას დროის გადაჭარბებული შეფასება იწვევს.“ მარადისობაში კი დრო არ არსებობს. მარადისობა მხოლოდ და მხოლოდ წამია, ერთხელ წასაოხუნჯებლად რომ ეყოფა კაცს.“(ჰერმან ჰესე)...

გურულებს სულ მუდამ იზიდავთ მარადიული თამაშის  ბავშვური სამყარო.

ისევ ბავშვობას ვიხსენებ. ბავშვობის მერე იშვიათად მიგემია იმ ნეტარი გრძნობით ტკბობა,  როცა არც დრო არსებობს, არც გეჩქარება სადმე და არც სამუშაო გაქვს. ბავშვობა ხომ ეს ის დროა, როცა დალევის გარეშეც მხიარული ხარ.   გურულებს აქვთ ერთი შესანიშნავი სიტყვა: „გუშხამ“, რომელიც აღნიშნავს   განუსაზღვრელ წარსულს. როდესაც ამბობენ: „გუშხამ“, - ეს  შეიძლება იყოს 100 წლის წინაც და 3 დღის წინაც.

ანდა კიდევ ბავშვობის დროს... როდესაც ბავშვობისდროინდელ კურიოზებს ვიხსენებ, მეხსიერებაში სულ ტივტივებს სოფლის კლუბი და იქ გათამაშებული მიზანსცენები ცხოვრების დიდ თეატრში...მღვდელი გელასი აროშვილი იგონებს:

„ზოგის ცხოვრება რომანია, ზოგის ნოველა, ვიღაცის ინდური კინო, მავანის იაპონური აკვარელი. საბჭოთა კავშირი ერთი დიდი ტრაგი-კომიკური ინდური კინო იყო, ამიტომაც უყვარდათ საბჭოთა მოქალაქეებს განსაკუთრებულად ინდური კინო. ქალაქად თუ სოფლად, კინოთეატრები გადავსებული იყო ინდურ კინოზე, განსაკუთრებულ ინტერესს კი შუა ხნის ქალბატონები იჩენდნენ. ამასთან დაკავშირებით მინდა, ჩემი ერთი ბავშვობის დროინდელი ამბავი მოგიყვეთ. ზაფხულის უმეტეს ნაწილს სოფელში ვატარებდი. დიდი სოფელი იყო, და შესაბამისად სოფლის კლუბიც კაი დიდი ჰქონდათ. ხალხიც ბევრი იკრიბებოდა კინოსეანსებზე, ცხადია, განსაკუთრებულ ინტერესს ინდური კინო იწვევდა ხოლმე. კლუბი საკმაოდ შორს იყო ჩვენი სახლიდან, უკან დაბრუნებაც სოფლის ჩაბნელებულ ორღობეებში ავი ძაღლების ყეფის ფონზე გვიწევდა. მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ, როცა მთავარი სენტიმენტალური საზრდო იყო შემოთავაზებული დიდ ეკრანზე. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, ვნატრულობდი ნეტა კიდევ ინდური კინო არ მოიტანონ და ჩემთვის სრულიად უინტერესო და მოსაწყენ ღამის მსხემობაში არ მომიწიოს წასვლა-თქო. საქმის არსი კი შედეგში იყო, - ინდური ფილმები, როგორც წესი, რუსულად იყო გახმოვანებული, ჩემს დეიდებს, ბიცოლებს და სხვა ნათესავებს კი რუსული ძალიან ცუდად ესმოდათ და ეხერხებოდათ.  შესაბამისად, სჭირდებოდათ თარჯიმანი, რომელიც თითქმის სინქრონულად უთარგმნიდათ ტექსტს. ჰოდა, მცირეოდენი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ასეთი მთარგმნელ-სუფლიორი ჩემში აღმოაჩინეს. და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ტყე-ღრეში, სოფლის ნახევრად ველურ ტარზან-მაუგლი თანატოლებთან, მთელი დღის ნარბენსა და დაღლილ-დაქანცულს, დაღამებისთანავე სოფლის კლუბისკენ მიმავალ აღმართს გამიყენებდნენ ხოლმე კულტურული მისიის შესასრულებლად. ახლა თავად მისიის შესახებ: გადაჭედილ კლუბში საუკეთესო ადგილი ჩემი იყო, გარშემო ნათესაობა და მეზობლები. დაიწყებოდა ფილმი და მეც ვიწყებდი ამ თავისთავად სასაცილო, მაგრამ დარბაზისთვის უაღრესად შთამბეჭდავი ტრაგედიების მოყოლას. კულმინაციურ მომენტებში ქალები ტიროდნენ, კაცები მოსთქვამდნენ, პუბლიკა საკუთარ ემოციებსა და შეფასებებს ხმამაღლა, საჯაროდ გამოთქვამდა. ეს იყო, რაღაც უცნაური, მეტად თავისებური, პროფანირებული კულტურული აქტი-მისტერია. ფილმის დამთავრებისთანავე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მთელი გზა სახლამდე კი გარჩევა და ანალიზი, რომელშიც ისევ ჩემს ჩარევასა და ჩართვას ითხოვდა მაყურებელი დეტალების და დიალოგების დასაზუსტებლად. მოკლედ,  დავიწყე ფიქრი, როგორ დამეღწია თავი ამ როლისგან. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთადერთი, რასაც მივაღწიე ის იყო, რომ ამ საზოგადოებრივი დატვირთვიდან გარკვეული მერკანტილური სარგებელი მივიღე. კერძოდ კი ექსკლუზიური უფლება, - ბიცოლაჩემის  საოცნებო სარდაფში შესვლისა და ნებისმიერი კომპოტის ლამის რიტუალური გახსნისა. განსაკუთრებელი ტროფეი კი, ცხადია, სამ ლიტრიან ქილაში ჩაწყობილი მთლიანი ატმების კომპოტი იყო, და ეს კი ისეთი საოცრება გახლდათ, რომ ნამდვილად ღირდა ღამის კულტურული ტანჯვის სატისფაქციად.“

ინდური კინოები და გასართობები  არც ჩვენ გვაკლდა...მთლად ატმის კომპოტები ვერა, მაგრამ  მთარგმნელებს არ აკლდათ მოფერების სიტყვები: „შენ გაგახაროს გამჩენელმა“, „შენ გუუმრავლდი შენ დედას“, „ჩემო სადგამურო და სათესურო“, „შენი ხახალიკი არ მოშლოდეს ბებიაშენს“, „შენ გენაცვალოს ყოლიკაცი“, „შენი გულის ჭირიმე!“...

ზაფხულობით, გვალვების შემდეგ წვიმა რომ დაიწყებოდა, მიწიდან ოხშივარი რომ წამოიწეოდა და აგრილების პირას მისული ბუნება რომ გაყუჩდებოდა. დაღამებისას,  თხრიშინა წვიმა რომ შემოგვეპარებოდა სოფელში, გაძლიერდებოდა, გაძლიერდებოდა და კარგა გემოზე  გაწვიმდებოდა.  აგრილდებოდა, ნიავი დაიძვრებოდა, ფარდები ამოძრავდებოდნენ. მოითქვამდა  სულს გამომხმარი მიწა და ამოვისუნთქებდით ჩვენც. გავუყვებოდით გზას სოფლის კლუბისკენ. გუბეების ზედაპირები ლივლივებდნენ ნიავზე; წვეთების ნაზი ხმაწკრიალი და გუბეებში ყვაჭიჭების ყიყინი ეხლაც  საამოდ ჩამესმის ყურებში...შუუდგით ლახანკა მდინარეს,   თვარა წეიღებს ამ ღამე ტვინსო! - ხუმრობდნენ თანასოფლელები.

ერთი დიდი რიტუალი იყო ფილმების ყურება თანასოფლელთა კომენტარების ფონზე...

მაშინ სად იყო ჯერ იზაურა და კასანდრა, ან „პროსტა მარია“?!...სამაგიეროდ, გვაჩვენეს: „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა“.  ჯერ ერთი,  ვერაფრით დაიმახსოვრეს ეს სახელი. მარგარიტას ეძახდნენ. ენაგაშარშხალებული  (ენამწარე) გურული ქალები ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ ემოციებსა და აზრებს...

- „ვაი, უბედურო მარგარიტავ, ქეც გაგლახენ, ქეც დაგდაღენო.“

მარგარიტას“ ავისმოსურნეებს და მტრებს ასეთი სიტყვებით ამკობდნენ:

- „თქვენ გნახეთ ერთ დღეს სორომ-გორომად ქცეული ნენაა...ვოოი..“

- „თქვენ მეისპეთ და მეიდუგეთ ერთ დღეს, რავაც ქათამს ვდგუნავ, როიცხა გაპუტვა მინდა.“

- „ერთ დღეს მიგაწყვეთ ერთმანეთის გვერდით კეფალი თებზებივით თქვე მოსასპობლებო.“

ერთ-ერთს ცენაში ხომალდი მიაპობდა ტალღებს და მონები ამოძრავებდნენ ნიჩბებს ვაი-ვაგლახით, სიქა ძვრებოდათ. ზედამხედველი კი ულმობლად შოლტსუტყლაშუნებდა მათ. თან ესსცენა მხოლოდ ფონი იყო მთავარი ამბის გადმოსაცემად...

გავიხედოთ და ჩემი მეზობელი ენაგაპარტყალებული, გულშემჭირვნე  ქალი ცხარე ცრემლებით  ქვითინებს, კურცხალს აღვარღვარებს  და მოსთქვამს:

- „დამეწვა გული...შენ გნახე მოტაფული  და მოლესილი (წყევლა ეძღვნებოდა შოლტის მრტყმელს), მოსორომ-გორომებული, დაგოზილი და მომღრალი (ანუ დამჭკნარი), ჭაჭებგადმოცვენილი, ნენაა.“

წყევლა-კრულვის შეთვლა  არც ჟოფრეის დაჰკლებია:

- „არ გუუჩთი არეკაცს!  რას კუხკურეხობ შეკაცო  (ანუ რას იგრიხებიო)..

შენი პენტური დეიღუპა საცხა. შენ არ იარე წაღმა (ისედაც, მოგეხსენებათ,  კოჭლობდა)...შენ წაი კურმუხეთში (ისედაც არ აკლდა გადახვეწა)..“

ამ პერსონაჟის ალქიმიკოსობაზე  გურულებს თავისი აზრი ჰქონდათ:

- „კაცო, ჯღაი (რქები) რომ ამოგდის, დაგენებებია  მაგ ოქრობიესთვის და წუწურაქობიესთვის თავი, რომ ხარშავდი სოუზივითო.“

- „შენ ჭამე სნება და არ მეინელე ქვის უმბილესიო.“

სხვას სხვა აზრი ჰქონდა, მაგრამ გადაიფიქრა. უეცრად დაეთანხმა წინა „დასკვნას“:

_ „ქი ვიფიქრე, მარა, რას ვიფიქრებდიო“....

ზოგი იმედგაცრუებული და გაწბილებულიც კი რჩებოდა „მარგარიტას“ პატიოსნებით. ინდური კინოს პერსონაჟებისგან განსხვავებით „რავა საგარიო თვალებით იყურება. მაი მთლად ფთხუი  (უკარება) ქალი არ ყოფილაო“.

ან კი როგორ იქნებოდა „ფთხუი“?...საბედისწერო სილამაზის მქონე ფრანგი ქალი?!

ასე მთავრდებოდა კინო. როგორც ბესიკ ხარანაული იტყოდა:  „ფილმის დამთავრებისთანავე ადამიანები ზანტად წამოიშლებოდნენ ხოლმე, უდიერად სცილდებოდნენ სკამებს, ამდენმა ჯდომამაც დიდი არაფერი შესძინათ, ისევ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდნენ.“

კინოში უფრო მჭახე ფერები იყო. მძაფრი განცდებისა და შთაბეჭდილებების  თავბრუდამხვევი გამა. რომელთან შედარებითაც სინამდვილე ღარიბი და უფერული მოჩანდა. რადგან...„არცერთი ამბავი, არცერთი თავგადასავალი სინამდვილეში მხატვრულად არ ხდება. ბუნებაში არ არსებობს მხატვრული პროცესები. ყველა საგანი, ყველა მოქმედება სინამდვილისა დაცლილია მხატვრულობისგან“. ადამიანებს კი შთაბეჭდილებები უფრო გვიზიდავს, ვიდრე ცხოვრებისეული სინამდვილე.

ცხოვრებაში  ბევრი რამ იცვლებოდა. „ირგვლივ ყოველივე აღგვილიყო ჟამთაგან მიუნდობლისა ამის საწუთროსათა“. დღეს აღარ არსებობენ ის სოფლის კლუბები. აღარ არიან ჩვენი ბავშვობის ადამიანები. „წინაპართაგან წავიდა ყველა...“ და დღემდე არ ვიცით,  რომელმა „ბინდმა შეიტყუეს, რომელმა სიზმრებმა?“ ვინ არ დამეთანხმება, რომ ბავშვობა ყველაზე ტკბილი და ხანმოკლე სიზმარია ადამიანის ცხოვრებაში. როგორიც არ უნდა იყოს, ის მაინც ყველას ყოველთვის გვენატრება. მაშინ ჯერ კიდევ ვერვხვდებოდით,  რაოდენ ძვირფას წლებს ვეთხოვებოდით. წლებს, როცა სამყაროში ყველაფერი ლამაზად და კეთილად გვეჩვენება.

გადის ხანი და შორიდან ვეფერებით  ბავშვობის წმინდა საუფლოს, როგორც ნეტარსა და მიუწვდომელს.

დროს ვერ შეაჩერებ. არადა ყველა პოეტი ოცნებობდა ბავშვობის დროის შეჩერებაზე.

„ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა.“ (ლადო ასათიანი).

„გაფრინდა ბავშვობის დღეები,

მინდვრები, ჭალები,ტყეები,

უეცრად მოვიდა შავებით

სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან,

მწუხარე ფერხულში ჩავებით

და თვალი ცრემლებმა დაბინდა.

ბალახი, მდინარე, ხეები,

დღეები, ბავშვობის დღეები!“

(გალაკტიონი).

სიცოცხლის როგორი სიყვარული და შეუქცევადის, დაუბრუნებელის როგორი მონატრება და მოსაკლისებაა, თუნდაც,  ამ ლექსში:

„წავიდა და წავიდა,

აღარ მოვა თავიდან...

ეს დღე ოქროსფოთლება

აღარ განმეორდება.

ეს მზე ცისფერბლონდება

არვის მოაგონდება.

არვის ემახსოვრება

ქვეყნად ჩვენი ცხოვრება...“

(თამაზ ჩხენკელი).

„გადაირბინა ამ ბონდის ხიდით,

გადაირბინა ჩემმა ბავშვობამ

და მოგონებებს, ტანზე რომ ვიხდი,

არ უწერია მზეზე გაშრობა.

ო, ბონდის ხიდო,

აქედან ვხედავ

გავლილი გზების სიგრძე-სიგანეს…

რომ დავბერდები, ამოვალ შენთან

და ბავშვობაში გადამიყვანე.“

(შოთა ნიშნიანიძე).

მართლაც რომ „გადაირბინა ბავშვობამ“ ..ხიდზე გადმოვედით... მერე მოვიდა „ბნელი და ცივი 90-იანები“  და ცხოვრების ყველაზე ნათელი დრო იმ სიბნელეში გავატარეთ.  სოფელში განსაკუთრებით ჭირდა...ყველგან იყო შიში და ფიქრი, როგორ გადაეგორებინათ შავი, მოწყენილი ღამეები.

და რით გადაიტანდნენ იმ ყველაფერს, თუნდაც ყინულოვანი სუნთქვით სავსე შემოდგომის ღამეებს, თუ არა ცხელ-ცხელი იუმორით?!...

სიკვდილსაც ეხუმრებიან გურულები. ამ თემაზე ბევრი  ანეგდოტი არსებობს:

„გურულს შეხვდა მესაფლავე:

-თედოია, ბიჯო, ცოცხალი ხარ შენ?

-რავა, მნახე რომელიმე ქვაზე დახატული, თუ რეიზა მეკითხები?“

თუმცა ქვაზე დახატვაც, გურიაში, ჯერ კიდევ  არ ნიშნავს გარდაცვალებას.

გურულების დიალოგიდან:

„ბებიაჩემმა წინასწარ მიახატა საფლავის ქვაზე მისი სურათი. ხოდა აღდგომა დღეა. გავედით სასაფლაოზე.  რაღა თქმა უნდა, გავიტანეთ პურ-მარილი.

სუფრა რო გეიშალა, მოგვადგა  ერთი  წლის უნახავი მეზობელი.  თან კაი მთვრალია.

- დამისხით ერი ჭიქა, უნდა მევიგონიო ჩემი ტკბილი ხალხიო.

დავუსხით,  რათქმაუნდა. შევიდა საფლავთან, ჯერ ბაბუაჩემის სურათის ქვეშ წაუქცია ჭიქა და მერე ბებიაჩემის სურათს რო მიადგა,  გაჩერდა. მერე ამოგვხედა და გვითხრა:

- აი, ლიანე წეღანვნახე ჭიშკარში, იცინოდა და ახლა მე გავაბდლდი, თუ თქვენ.  აი ქალი აქანე როა მიხატულიო?!“

_ „სურათი და „პამიატნიკი“ კი არა, მეზობელმა კაცმა სასაფლაო გაიკეთა  წინასწარ. სამშენებლო ბლოკით ამოიშენა ჩასასვენებელი ადგილი და ორმოციც გაიკეთა წინასწარ, ვინც მაშინ ეხმარებოდა, იგენი დაპატიჟა და მე კი თამადობა მხვდა წილად: რა უნდა მეთქვა, პირველი ჭიქა, ავდექი და მაგ სასაფლაოზე გემრიელად გეძინოს მთელი იქაური ცხოვრება-მეთქი, მერე მივყევი, როგორც საქმე ითხოვდა ისე. ნაღდი ამბავია, ყველაფერს გეფიცებით“.

„ოჰ,  ჩემს დიდ ბებიას ახალგაზრდა დეეღუპა ქმარი, ტუღუშის ქალი იყო ნატანებელი ნენა და მასაც მასე ჰქონდა კაი კოხტა სურათი საფლავზე ქმრის გვერდით, ხოდა იმას გიჩიოდით, მთელი ჩემი ღრმა ბაღნობა ვეკითხებოდი დედაჩემს: -სასაფლაოზე ყველა ასლაზე ბებიე იქინეც და აქანეც რაფერაა-მეთქი,სულ მეგონა,  რომ საიქიოშიც იყო და სააქაოშიც.“

_ „გურიაში ჭორიკანა ქალი გარდაიცვალა. მეზობლები დასტირიან:  - ადე ცა ზეზე, რაფერ გვტოვებ ინფორმაციულ ვაკუუმშიო?“

_ „ბებიაჩემი ეუბნება გაბრაზებული ხმით მეზობელს,  რომელიც, ამავდროულად, მესაფლავეცაა:

-თამაზია, შენ რავა დაგამარხიებ ჩემ თავს ასი წლის მერე...

-რაია შე ქალო, ვინმე იქიდან ჩემზე პრეტენზიით დაბრუნდა: -გლახათ დამმარხაო?“

გურიაში ასეთი სადღეგრძელოც არსებობს:

„მოდით, ვიცხოვროთ ისე, რომ მესაფლავესაც დაწყდეს გული, როდესაც გარდავიცვლებითო.“

გურულებს ყოველთვის უჭირდათ ეკონომიურად. ახლაც,  სიდუხჭირეში ცხოვრობენ უმეტესად, მაგრამ სიცილის და ტკვარცალის ხასიათზე მაინც სულ არიან  („უზნოურ“ ანუ უხასიათო ადამიანს აქ ძნელად იპოვით), რადგან სწამთ, რომ  „არაფერია მუდმივი, გარდა დროებითი უფულობისა.“ სულ ახალგაზრდა ჰგონიათ თავი. ერთმა ჩემმა მეზობელმა იცოდა თქმა: „მე მუდამ 20 წლის ვარ. დანარჩენი  სტაჟიაო.“ გურულებს გამოარჩევთ  არასერიოზულობა, ანუ „აბდლობა“, რომელიც საკმაოდ „სერიოზული“ ამბავია. ბესიკ ხარანაული  ამ ფენომენს ასე განმარტავს: „არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ... არასერიოზულობა, როგორც ადამიანის სერიოზული დამოკიდებულების ძალ აარსებობის სიმძიმის მიმართ...“

გურულებს არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ყველაფრისადმი, მათ შორის,  ისეთი სერიოზული ამბის მიმართ, როგორიცაა, თუნდაც, რელიგია ანდა პოლიტიკა...

აი, მაგალითად:

 

„გურული ეკლესიაში შედის და ღმერთსსთხოვს:

-რომ ხარ, ქე ვიცი, რაცხა მინდა, ხომ იცი და აწი, აბა, შენ  იცი.“

„გურული ეკლესიაში მოძღვარს სთხოვს:

-ზეთისცხება გვინდა...

-მარხულობთ?

-არა, არ ვმარხულობ.

-მონათლული ხართ?

-არა, მამაო. არც მონათლული ვარ.

-აბა, ზეთისცხება რეიზა გინდა, ჭრაჭუნობ?“

„წმინდა გიორგის ეკლესიის ტანმაღალ მოძღვართან გურულები მივიდნენ:

-მამაო, თქვენთან სათხოვარი გვაქვს..

-აბა, გისმენთ.

-რაია, დაა...ჩამოწიე მაი ხატი დაბლა, თვარა მოვკტით გველეშაპის კოცნით.“

„არაერთგზის ნასამართლევმა და „ნაციხვარმა“  გენოიამ კაი მოყოლა ფული იშონა და სოფელში ეკლესიის აშენება დაიწყო. ერთ დღეს ყანიდან მეზობელმა გამოიარა, მიათვალიერ-მოათვალიერა მშენებლობა და გენოიას უთხრა: -გენოია, ძამა, შენ იმისთანები გაქ გაკეთებული, სამოთხეში მაინც არ შეგიშობენ  და აი ეშმაკიც ტყუილა  არ მეინდურო და არ გადარიო.“

მოგეხსენებათ, გურია იყო საქართველოს ყველაზე პოლიტიზირებული მხარე.  ბევრი მინისტრი და მთავრობის ორივე მეთაური გურული იყო.

„ერთი გურული ეუბნება მეორეს:

-ძამა, არ გინდა რევოლუცია მუაწყოთ?

-მაი რავა არმინდა, ძამა, მარა, მერე რა ვქნათ, რომ გევიმარჯვოთ და ისევლე ჩვენ რომ მევიდეთ მთავრობაში?!“

„ერთი ჭკუასაკითხავი გურული სოფლის ავტობუსში ძლივს ასულა, კართან მიკუჭული მეზობელს შეუნიშნავს და უკანა სალონიდან შეხმაურებია:

-რაფერ ხარ, ნოდარია, თუ იცი, რა ხდებამთავრობაში?

-მთავრობაშიზუსტად იგი ხდება, რაც ამ ავტობუსში  -ადგილები ცოტაა, მარა ტ...ია ბევრი და ყოლიკაცი დაჯდომას ელისო!“

 

გურია იყო და არის ყველაზე შეურიგებელი კუთხე.დაუმორჩილებლობის სული აქ ზეობს. ანარქია და რევოლუცია გურულების მოგონილია. მარინა ბერიძე იხსენებს:

„გურული „ჩაკრულოს“ ღიღინებდა:

- „ხიდისთავს შევკრა

თ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა.

და უცებ გაჩერდა და თქვა:

-რად უნდათ ამდენი ამბავი! სანამ აგენი ამ სიმღერას ჩაამთავრებდნენ, გურულებს უკვე ცხრაი ბატონი ჰყავდათ მოკლული.“

როგორც უკვე ვთქვით, ცხოვრებას ამშვენებს სახალისო ამბები და კურიოზები. „კურიოზები ცხოვრების ჰაერს წმენდს და აზრს სძენს ამაოებას.“

მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელ გაგურში. ფლოდნენ სიცილის ნიჭს, კარგად ხუმრობდნენ, დასცინოდნენ წუთისოფელს, მის ამაოებას...მის ტრაგიზმზე მაღლა დგებოდნენ, რადგან ჩარლი ჩაპლინის არ იყოს: „ცხოვრება ახლო ხედიდან ტრაგედიაა, შორის ხედიდან კი - კომედიაო.“ესენიც ცხოვრებას აღიქვამდნენ, როგორც შოუს...ბედისგან განებივრებულები არც ესენი იყვნენ... არ უღიმოდათ ბედი, ზოგჯერ მწარედ დასცინოდა კიდეც...  მაგრამ ესენიც, თავის მხრივ, დასცინოდნენ ბედისწერას, არ ეპუებოდნენ...„ბედმა ჩამწიხლა და ფეხი მოიტეხაო.“

 

გაგურის მკვიდრი, ირინა ბაჟუნაიშვილი იგონებს:

„მთელ გურიაში ჩემი გვარის წარმომადგენლები მარტო ჩვენ ვართ.  აჭარიდან მოსულები ვართ ჩვენ,  ზოგადად, ქობულეთიდან. სამი საუკუნის უკანგამოვექეცით გამაჰმადიანებას.  ეს ის დროა, როცა ოთხი საუკუნის უკან, ქობულეთი და ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა და არავითარი აჭარა ის არ იყო. აჭარა იყო მარტო ქედა, ხულო და ზემო აჭარის ტერიტორია. ქობულეთი და ბათუმი იყო დასავლეთ გურია და ჩვენი  საზღვრები გადიოდა აქეთ,  ფოთამდე. იმერეთისკენ  საჯავახო  და ა. შ. გურიას ეკუთვნოდა. მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა.  ფაშამ წაიღო ქობულეთი და ბათუმი. მამუკა  თავდგირიძე რომ გამოიქცა გურიაში,  მისი სახლეულის ნაწილი ქობულეთში  დარჩა, ნაწილი კი წამოიყვანა.  თავდგირიძეს გამოჰყვნენ: ბაჟუნაიშვილები, დათუნაიშვილები, ნაცვალაძეები, ჯაყელები და ა. შ. სუფსის პირამდე იყო ჩვენი, ბაჟუნაიშვილების ტერიტორია,  რომელიც თავდგირიძემ გვიბოძა. ისტორიის ჩარხი  ისე დატრიალდა, რომ     ამ გვარის დიდება დასრულდა. ის კი არადა გადაშენების პირამდეც მივიდა.  და დავრჩით  მარტო ჩვენ.  ეს სამი სახლი გაგურში დგას და    საკმაოდ ცნობილია რაიონში. ბაჟუნაიშვილებს ჰქონდათ საკუთარი სასაფლაო, რომელიც  დღესაც არის შემორჩენილი. ჩვენი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი,    მეფის არმიის ოფიცერი ამ სასაფლაოზე განისვენებს.  საკმოდ ცნობილი იყო ჩვენი გვარისა და  ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიკო ბაჟუნაიშვილი, განათლებით ეკონომისტი, დოცენტი, რომელიც 60-იან წლებში უნივერსიტეტის პრორექტორიც   გახლდათ და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა უნივერსიტეტის კედლებში.

სასაცილო ისტორიები და ამბები ჩემი გვარის წარმომადგენლებზეც არის ცნობილი. მაგალითად, ნამეტანი მოქეიფე ყოფილა მამაჩემის ბაბუა (ჩემიდიდი ბაბუა). „დარმაიდი“ და ხუმარა. კირილე მიმინოშვილის პრინციპს მისდევდა: „ორი დღე ვიცოცხლო და ისიც ვიმწუხაროო?!“  საკმაოდ ხმაურიანი და მოუსვენარი კაცი იყო, დახვეწილი იუმორი ჰქონდა, მთელი მისი ცხოვრება იუმორი და კეთილი ირონია გახლდათ. სოფლის ორგანული ნაწილი იყო, ყველას იცნობდა, ყველა იცნობდა. ყველას სახლის კარები მისთვის ღია იყო (და არა მარტო სახლის). თავადი ლევან ფანტიაშვილივით ფანტავდა დროს, მთელ თავის არსებას უნაშთოდ ფლანგავდა და რაში? ქეიფსა და ოხუნჯობაში. შრომას არ იყო ჩვეული. ეს ანეგდოტი უყვარდა... ოფლში გაღვათქული მეზობელი ეზოში მუშაობდა.  ხოდა, ვიღაც გახუმრებია თურმე: -  შრომამ შექმნა ადამიანიო. - „მაგას ნუ მასწავლი, კი ვიცი,  რამაც შექმნა ადამიანიო, - მიაძახა.“ ქეიფობის გულობიზა  ბევრ რაღაცაზე მიდიოდა. სულ შეზარხოშებული დაიარებოდა.  არადა, რომ გეკითხათ, გეტყოდათ: „სულ ორი ჭიქა დავლიე - პირველი და რამდენიმე მეორეო“. ვეღარც ითვლიდა. „ყველაფერი, რაც კარგია ცხოვრებაში, ან უკანონოა, ან ამორალურია ან კიდევ  ასუქებს. ხოდა ამ ცხოვრების დედაცო,  ჯეკ.“ მოკლედ, ამ ცხოვრებას ანგარიშს  კომიზმით უსწორებდა.

ერთხელაც  სოფელში წისქვილის გამკეთებლები დადიოდნენ  და კლიენტს ეძებდნენ. ბაბუაჩემიც იქვე იყო, სოფლის ცენტრში  და ეძებდა გართობას, სახუმარო, დროის გასაყვან ამბებს. ანუ, თავის ჩვეულ ამპლუაში გახლდათ.   ამ დროს გამოუვლიათ ამ მეწისქვილეებს. - წისქვილს გაგიკეთებთ, თუ  ისურვებთო.. - კიო, კაცო, მობრძანდით  ჩემს სახლში,  გამიკეთეთო. წამოიყვანა ეს ხალხი აქეთ. - აქანე უნდა დამიდგათ წისქვილიო. დენი სა იყო მაშინ?! 60-ან წლებამდე იყო ეს ამბავი. -  კი მაგრამ წყალი სადაა აქო? -  მიიხედ-მოუხედავთ და  უკითხავთ. ცხადია,  წყლის წისქვილი ჰქონდათ მხედველობაში.  - კი, მაგრამწისქვილს წყალი უნდაო? -  კითხვაზე კითხვითვე მიუგია  ჩემს ბაბუას. გაუსულელებია  თავი.

საქმე იმაში გახლდათ, რომ არავითარი წისქვილი არ აღელვებდა ბაბუაჩემს. ეს ხალხი ამოიყვანა უბრალოდ, რომ ექეიფათ. დაუძახა ცოლს. და სუფრა გააშლევინა. ცოლის მოყვანაზეც თავისი აზრი ჰქონდა. „ცოლი საჭიროა, იმიტომ რომ ყველაფერს მთავრობას ვერ დააბრალებო“, - ხუმრობდა ხოლმე. კარგი ქალი იყო ბებიაჩემი. ასეთ ქმარს გაძლება არ უნდოდა?! ეტყოდა ხოლმე, რა თქმა უნდა, ხუმრობით: - „მე შენი თავი ღმერთმა მომცა, მაგრამ რა ცოდვებისთვის, ეგ აღარ ვიციო.“

საქეიფო გარემო კი ნამდვილად ჰქონდათ. მამიდაჩემი ამბობდა: -  მე რომ მომიყვანეს, ეს იყო  უზარმაზარი და ულამაზესი, არაჩვეულებრივი  ეზოო, ამაყად აღმართული დიდგულა  ხეებით, მწვანე ხავერდივით საამურად  მობიბინე მინდვრით, კოხტა  და მოვლილი ოდა-სახლებით.  განსაკუთრებით გაზაფხულობითაქ, ამ ეზოში უნდა გენახათ „ქვეყნად ამოსვლა მწვანისა“. ბევრი ახსოვს ამ ეზოს  სხივუხვი მზითა და  კუდმაკრატელა, მარდი და კეთილი  მერცხლების ჭიკჭიკით სავსე დღეები. ეს ხეები მოსაჭრელად არავის გაუმეტებია და ვერც გაიმეტებს. ამ ხეთა ჩრდილში  იშლებოდა მაგიდა, რომელზეც გადაფარებული იყო თეთრი, ქათქათა, უნაკეცოდ დაუთავებული   სუფრა,  რომელსაც  ამშვენებდა: ქვის კეცის დაბრაწული  ხაჭაპური, მსუყე, მსუქან ნაჭრებად დაჭრილი ყველი, პიტნიანი ნადუღი, გვიანა ვარდისფერი პამიდორი, ცვრიანი ოხრახუში, მოხარშული ხაპი და ჭყინტი სიმინდი; მუხის კასრში ჩაძველებული არაყი, ქარვისფერი კომშები და ჩახჩახა ბროწეულები; სიმწიფისგან გადამსკდარი გუდა ლეღვი შიგნიდან წითლად ღადღადებდა.

სუფრას ამშვენებდა ასევე მშვენიერი გურული სიმღერა, კრიმანჭულებით შემკობილი. მერე ტკბილი მუსიაფი, ოხუნჯობა, მოსწრებული სიტყვები.

ბაბუაჩემს უყვარდა სიმღერა. უჭირდა თუ ულხინდა, სულკარგ ხასიათზე იყო: „როცა ცუდად ვარ, ვმღერი. მარტო მე რატომ უნდა ვიყო ცუდადო?“

სხვა ამბავსაც მოგიყვებით. გაგურში, სადღაც სამტრედიის მხრიდან ამოსულა ეტლი. ეძებდნენ თურმე გასათხოვარ ქალს. ბაბუაჩემის ცნობისმოყვარეობამ და გართობის სიყვარულმა აქაც თავი იჩინა.  დაიჩემა: -გინდა თუ არა,  მე  ვიცნობ ასეთ მზეთუნახავ ქალსო. ქალების მეტი რა არისო?!. კარგი ქალი მყავს გასათხოვარი, ახლობელიო. წამოუყვანია ესენი. ამოგრიალებულა  ეტლებით. თანაც ერთ ეტლში რომ თვითონ მჯდარა, მეორეში ქუდი ედო თურმე; ჩამოვიდნენ.  ქალები დახვდნენ წინ. ბაბუაჩემს ბიძაშვილს ცოლი ჰყოლია  თურმე ძალიან ლამაზი,  ხუთი შვილის დედა. - ეს ქალი თუ მოგწონთო? - უკითხავს ბაბუაჩემს. - კი, საუკეთესო  ქალიაო. - აბა, ამ ქალს გაგატანთ, გასათხოვარიაო. ჩვეულებისამებრ, ცაცხვის ძირში გააშლევინა სუფრა. ამათ უთხრა: -  ამ ქალს ასე ნუ უყურებთ, სახვეწარიაო,  ასე იოლად არ გათხოვდებაო. ფრთხილად და დელიკატურად აათვალიერეთ და ჩაათვალიერეთო. აქ სტრატეგია იხმარა. ფიქრობდა, სასიძოს მეტი ცეცხლი მოედება, ადუღდება და აენთებაო. მეტი სეირი იქნებაო(„ჭადი და სეირი“ - მისი კრედოც ეგ იყო). თან აწყობინებდა ამ ქალს სუფრას და გულუხვად სთავაზობდა სტუმრებს ლამაზი ქალის მიერ მორთმეულ ახალ თხილსა თუ წითელტუჩება ლეღვს. ყველით გაბესკნილ, მუცელზე კვერცხის გულწასმულ კეცის ხაჭაპურს, - აბა, როგორ მოგწონთო ნახელავი?! -  ისე აუდუღდა სისხლი სასიძოს, რომ სპილენძის თუნგით მორთმეულმა   ჭის ცივმა  წყალმაც ვერ გაუნელა ის ცეცხლი, ამ ქალის სილამაზემ და სტუმართმოყვარეობამ (კულინარიულმა ოსტატობამაც) რომ აღძრა მის გულში. ქეიფი რომ  დასრულდა  და ბაბუაჩემმა გააცილა ეს ხალხი, - როდის მოვიდეთო? - უკითხავს სასიძოს სულსწრაფად. - ერთ კვირაში მოით და გაგაყოლებთ ქალსო.  გავიდა ერთი კვირა. მოადგნენ  ეზოს და ატეხეს არიქაობა: -არიქა, გამეიხედეთ,  ქალის წასაყვანად მოვსულვართო. ბაბუა არ დახვდათ სახლში. დანარჩენებმა კი  ამ ოინის შესახებ არაფერი იცოდნენ. - კი მაგრამ,  ვინ მიგყავთო? ამათ უთხრეს: - ასეთი და ასეთი ქალიო. აღუწერეს დეტალურად. მასპინძლები რომ მიხვედრილან, ვისზეც იყო საუბარი, სასწრაფოდ შეუთვლიათ: -  მოშორდით ახლა აქაურობას დროზე, გაქრით აქედან. მოგატყუათ იმ კაცმა, ეს ქალი გათხოვილია და  ქმარმა არ გაიგოს, თორემ დაგხოცავთ სუყველასო. ესენიც გაგიჟებულან და წასულან.  კიდევ კარგი, რომ გურულები არ იყვნენ. თორემ ეს ამბავი ასე მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა. რადგან, მოგეხსენებათ, გურული კაცი ფიცხია, „გულმწყრალია“.  ვახუშტისა არ იყოს,  თუ ჰგონია, რომ ოდნავადაც არის, შეურაცხყავით, არ დაგინდობთ. თავი ცოცხალი არ უნდა, თუ სამაგიერო არ გადაგიხადათ. ასე რომ, ჩემი დიდი ბაბუა ამჯერად უმტკივნულოდ გადაურჩა ამ, მის მიერ  გამასახარავებულ ხალხს.

ყველაფრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დიდი ბაბუა ღიმილს ტოვებდა ყველგან, იმავდროულად შეუცნობელ მარტოობას და უცნაურ სევდას ატარებდა. სამწუხაროა, რომ ასეთები თითქმის აღარ არიან, ის დასი თითქოს ცხოვრების სცენიდან ჩამოვიდა და მათ მაგივრად აჩრდილები დარჩნენ. ეს ქვეყანა უდაბნოს ემსგავსება, კულტურულად დაცარიელებულა თითქოს.“

ცნობილი ამბავია, რომ ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა.ცოცხალი ურთიერთობები გააფერმკრთალა.გურულებმა იციან ხუმრობა: „როცა ინტერნეტიგამეთიშა, სახლში აღმოვაჩინე ტელევიზორი, ცოლი და ბევრი უცნაური ნივთიო.“

ამ გულგაციებულ დროებაში მეზობელი მეზობელს აღარ სცნობს...არადა რა ჯობია მეზობელს?! ამაზე გამახსენდა:

სამყაროს კეთილად განმგებელი ღმერთი თუ ბედი, შემთხვევითობა, ანუ „გაუცნობიერებელი აუცილებლობა“  (ჰეგელისა არ იყოს) თუ რა ვიცი კიდევ, რა დავარქვა, უხილავი ხელი, ყველაფერს რომ აბალანსებს ამ ცისქვეშეთში...რას მოვაყოლე ახლა ეს? ერთ უბანში, ერთ კორპუსში, ერთ სართულზე შეგვყარა განგებამ ორი ურთიერთგანსხვავებული მეზობელი. მე, მარად უკმაყოფილო არსებული რეალობით და მოწყენილობის ღმერთებისადმი მსხვერპლის შემწირველი... გულ და კარჩაკეტილი. კარზე აბრით, რომელზეც ეწერა: „გთხოვთ, ნუ მესტუმრებით!“ (ესეც ჰესეს გავლენით).  სამაგიეროდ, ეს ჩემი მეზობელი, მხიარულების და კმაყოფილების ღმერთებისადმი მსხვერპლის აღმვლენელი. გულ და კარგაღებული, კარზე აბრით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ ჩემს სახლში ქუდი რომ შემოგეგდო, არავინ შემოიხედავდა. იქ კი მიეშურებოდნენ დიდი აღტყინებით და ენთუზიაზმით. ის კი არა და...ოჯახების შექმნასაც დაედო სათავე ამ ჩემი მეზობლის სახლში. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი, ასეთი ორი ფენომენი, ორი სხვადასხვა სამყარო, დროთა განმავლობაში დავმეგობრდით. ერთმანეთსშევეთვისეთ, შევხმატკბილდით, დავემსგავსეთ კიდეც (ჩვენდა უნებურადაც) ერთმანეთს და გავცვალ-გამოვცვალეთ შეხედულებები, გადაგვედო კიდეც ერთმანეთის ზნეებიცა და ღირებულებებიც. ერთი, მეზობლების დღეც უნდა დაწესდეს...კარგი გამოგონებაა მეზობელი. მთავარია ოკუპაციას და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი!..

ანეგდოტია ასეთი:

„გურული ბაზარში ლობიოს ყიდის. კლიენტი ეკითხება:

-აი, ლობიო გურულია?

-კი, ძამა!

-რავა, დავიჯერო?

-თუ გინდა, დაიჯერე, თუ არა შენი გულობიზა ვერც კრიმანჭულს იმღერებს და ვერც ყაბალახს დავახურავ.“

ყაბალახზე სხვა ანეკდოტიც არსებობს:

„გურიაში კაცი გარდაიცვალა. შეიკრიბა საახლობლო და დაიწყეს მსჯელობა, ჩააყოლონ თუ არა მიცვალებულს ყაბალახი. ვერ გადაწყვიტეს და ბოლოს ერთმა თქვა:

_ ძამა, გაგანია ზაფხულია და რად უნდა ახლა მაგას ყაბალახი?

ახლობლები აყაყანდნენ:

-უყურე შენ ამას! ზამთარი რომ მოვა, რა, შენ წოუღებ?!“

გურულ ყაძახს რომ ვახსენებთ, მაშინვე თვალწინ დაგვიდგება თავზე ყაბალახწაკრული ილიკო ან ილარიონი. მართლაც, გურიის თითქმის ყველა სოფელში ცხოვრობსილიკოც, ილარიონიც, ზურიკელაც, მურადაც და ოლღა ბებიაც.

ერთ ულვაშებგაპიწკინებულ, ყაბალახიან გაგურელ კაცზე მინდა გიამბოთ.

 

მთხრობელი თამარ ჯოხაძე (ჭეიშვილისა):

გაგურში, საცივის ამოსახვევში ცხოვრობდა შალიკო  გაბრიელის ძე ჭეიშვილი, რომელიც ჩემი მეუღლის, ლადო ჭეიშვილის ბიძა გახლდათ. 1969 წლის ნოემბერში გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. მართალია,  შვილებიც ჰყავდა  და შვილიშვილებიც, მაგრამ მარტოობას განიცდიდა ნამეტნავად.  სამწუხაროდ,  როცა მიხვდა, რომ ცოლზე უკეთესს ვერავის იპოვიდა, უკვე ცოლის პოვნა გაუჭირდა. წავიდა ჩოხატაურში. ვინცხა  ქალი  შეპირდა თურმე, გამოგყვებიო.   მაყრად წაიყვანა  სიძე, რამინი  გუდავაძე. ატყდა ერთი სამზადისი, მეფე-დედოფალს  სათანადოდ  რომ  დახვედროდნენ. შეიკრიბა მთელი საგვარეულო, სანათესაო და საახლობლო. ძმისშვილები: ალფესი, ბიჭიკო,  ლადო ჭეიშვილები.  ბიძაშვილი:  პეტრე ჭეიშვილი,  ძმიშვილი: შუქრი ჭეიშვილი, დისშვილები: გურამი  და  ზაირა მორჩილაძეები.  შვილები: დოდო, რუსიკო, კამანდო ჭეიშვილები. კამანდოს ცოლი ლილი, თავისი შვილიშვილებით და მონაგარით...  ყველანი დაფაცურდნენ საქორწილო პურ-მარილის მოსამზადებლად.  დაიკლა გოჭი, რომელიც ჩვენ „კუხნაში“  შუა ცეცხლზე შეიწვა  შამფურზე. გამოაცხენ ხაჭაპურები.  არაჩვეულებრივი, ზღაპრული  სუფრა  გააწყვენ  თავის საცივით და ყველაფრით.  სუფრას ლაზათს სძენდა მაყვლის წვენში ჩადებული მოხარშული დედალი, სუფსაში დაჭერილი "თებზი", ნიგვზით შეტიტყნილი ბადრიჯანი თუ ბროლის „გრაფინკებში“ ჩასხმული მოცვის „ნალივკები“ მანდილოსნებისთვის. მამაკაცებისთვის კი საუკეთესო „ადესა“ ყურძნისგან დამზადებული   ღვინო. საჭმელს აკეთებდა  თავი ქალი გოგოლა ჭეიშვილი. ამ დროს რაჭიდან  სტუმრად ჩამოვიდა  მამაჩემი: პარმენ ჯოხაძე. ელოდებიან მეფე-დედოფალს. მოაბიჯებს სასიძო, შალიკო, აცვია გალიფის შარვალი,  „აზიაცკები“ და  ზემოდან  სპეციალური  კიტელი. თავზე, ტრადიციულად თეთრი ყაბალახი ჰქონდა წაკრული.  მისი  სიძე, რამინიც მასთან ერთად ამოდის ქვემოდან სიმღერით:  „ქალი მოგვყავს ლამაზია, დაგვიცალეთ დარბაზია.“  დამხვდურებიც  შეეგებნენ   „მუზიკით“, დოლ-გარმონით და ამბებით.შემოაბიჯენ ჭიშკარში, ნოხებდაგებულ ეზოში და  რას ვხედავთ?  პატარძალი არ არის. ქალს გადაუფიქრებია და არ გამოჰყოლია. ამიტომ შემოსულებმა დასძახეს: „უპატარძლო ქორწილია, დაუკარითო!“. ეს იყო რაღაც სასწაული ამბავი. ერთდროულად, სამწუხაროც და სასაცილოც. თამადად იყო ალფესი ჭეიშვილი. ეს საზეიმო, უპატარძლო ქორწილი ჩატარდა არაჩვეულებრივად,  ძალიან მხიარულად.  და ეს არის დიდი სამახსოვრო მოვლენა  ჩვენს კუთხეში. იმხანად ახალი რძალი ვიყავი  და ჩემთვის ეს სასწაული იყო. ასევე მამაჩემისთვისაც. მამაჩემი მომღერალი კაცი  იყო. სიმღერა არ მოკლებია იმ უპატარძლო ქორწილს და ცეკვა-თამაში. იმდენი იყო  პურ-მარილი, რომ სამი დღე იქეიფენ.

ახლა თქვენ იკითხავთ: რა ეცეკვებოდა და ემღერებოდა, ანუ ელოტბარებოდა  კაცს,  რომელიც საცოლემ გააწბილაო? მაგრამ შალიკო ჭეიშვილი ის კაცი იყო, რომელიც ცხოვრობდა პრინციპით: „საუკეთესო გზა საკუთარი თავის გამხნევებისთვის სხვისი გამხნევებაა.“ ეს კაციც იმ პლეადას ეკუთვნოდა, იმ „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელი გახლდათ, რომელზედაც შეიძლება ითქვას:

„ასეა წუთისოფელი,

მზე ჩავა, მთვარე ამოვა.

განა სუყველა კაცია,

ათასში ერთი გამოვა.“

 

ესეც კურიოზი ამბავია:

 

„გურული დედაბერი ვარდო ყვება გათხოვების ამბავს: -მიმიყვანენ ახლად დახურულ მიწურში,  ნოხებით იყო მოფენილი იი ერთი ოთახი, ძვირფასი ნიშანი დამადუეს. ქორწილის მესამე დღეს ერთი ნოხი გაქრა, შემდეგ მეორე. ამას მიყუავაზები, ბოლო ნოხიც რომ გაშპა, მევიხსენი აგი ჩემი ძვირფასი ბეჭდები და მივეცი ჩემ პარმენას: -სანამ ამაზეც მოგვაკითხავენ, დუუბრუნეთ პატრონს-მეთქი.“

გაგურის მკვიდრი ლაშა ჭეიშვილი ყვება:

„ისტორია, რომელიც გადახდა მამაჩემს, ლადო ჭეიშვილს და   მის ბიძაშვილს, შუქრი ჭეიშვილს,  ასე მოხდა:   ეს იყო სადღაც   70-იანი წლების დასაწყისში. შუქრი ჭეიშვილმა გვიან მოიყვანა ცოლი.  მის  ოჯახში ბოლო ვაჟი ეგ იყო და აწუხებდათ მისი მარტოობის ამბავი. იყო ერთი  გარიგება, მაშვლობა  და ამბები. მტკიცედ იდგა.  იყო შეძახილები ხან აქედან, ხან იქედან. მიტუასი არ იყოს, „შეირთავ, ინანებო, არ შეირთავ და მაინც ინანებო. ხოდა თუ მაინც და მაინც უნდა ინანო, ადექი შენც და შეირთეო.“ სხვები შეაგონებდნენ: „ცოლი თუნდაც იმიტომ უნდა მეიყვანო, რომ მიხდე, რეიზა არ უნდა მეიყვანო ცოლიო.“  შუქრის წიგნების კითხვა უყვარდა და სჩვეოდა ხაზგასმები ამა თუ იმ ფრაზებისა, რომელთაც, როგორც ჩანს, თავადაც ეთანხმებოდა ანდა მოსწონდა. მაგალითად, ერთხელ მათხოვა შექსპირის „ტრაგედიები“ და ხაზგასმული ჰქონდა „იულიოს კეისრიდან“ პოეტ ცინას მიერ წარმოთქმული ფრაზა(იხ. მოქმედება მესამე, სურათი მესამე):  „თქვენა მკითხავთ, რა მქვიან, სად მივდივარ, სად ვცხოვრობ, ცოლიანი ვარ, თუ უცოლო, და გინდათ ყველას პირდაპირი, მოკლე, ჭკვიანური და სწორე პასუხი მოგცეთ? მაშ, კარგი, გეტყვით: როგორც ჭკვიანი კაცი, მე უცოლო ვარ.“ რამდენი ასეთი, საბედისწეროდ  ამოკითხული ფრაზა ილექება ჩვენს ცნობიერსა  თუ ქვეცნობიერში და გინდა არ გინდა მუშაობს, თავისებურად ახდენს გავლენას. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც ცვლის და წარმართავს...

მოკლედ, ერთ დღეს შუქრი ჭეიშვილის დედა, ქალბატონი გოგუცა  გახდა  ავად  და ურჩიეს, თხის რძეა მაგ სნეულებისთვის რეკომენდირებულიო. ამათ  თხა არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს, რომ ჩოხატაურის ბაზარში წასულიყვნენ დაეყიდათ კარგი მეწველი თხა.  მამაჩემი წაჰყვა თან.  მივიდნენ ბაზარში.  ჭიშკრიდან  შემოდიან თხები. ესენი დგანან და ათვალიერებენ. ამ დროს ვიღაც კაცი  შეხვდათ, ჩვენი გარე ნათესავი და შუქრის  ეკითხება: -  ცოლი თუ გყავს. თუ მეიყვანე, შუქრიაო? -  არაო. - რას შვრები მერე რას აპირებო? მოკლედ,  ამ კაცმა გადაწყვიტა, ერთი თავისი სოფლელი, ჩოხატაურელი  გოგოს გარიგება შუქრიესთვის. უქებს ამ გოგოს, ასე ვთქვათ, რეკლამას უკეთებს: - იმფერი და ამფერი გოგოაო, ექთანიაო, ახატული, ჩახატულიო. მაღალ ფეხებზეა შემდგარი და  კარგი გულ-მკერდის პატრონიაო. ამასობაში შუქრი თხებს ათვალიერებს,  თავის სტიქიაშია, სულ არ ანაღვლებს საცოლის ღირსებები, შემოტრიალდა და ეკითხება ამ კაცს: - რამდენს იწველებაო?  იმას  ჰგონებია თურმე, თხას მიქებს, რომ შევიძინოო. - თხა კი არა, ქალზე გელაპარაკები, შე  აბდალოო -გამწყრალა უადგილო მაშვალი. ამტყდარა ერთი  ხორხოცი. ისე, თხისა  და ქალის   ჭკუას  არც თუ იშვიათად  ადარებენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ გურულ ქალს ამას ვინ გოუბედავს? ამ თემაზე ანეგდოტიც კი  აქვთ გურულებს:

„-ქალის ჭკუა თხამ ბარდზე მიაჭამა, -უსაყვედურა ქმარმა ცოლს.

-უუფ, რას ჩივი, რას. აბა, კაცს ჭკუა მიზდღემჩი არ ქონდა და რას მიაჭამდა?

-ხოო, შენ რომ პირველად გნახე, კაკ რას, მაშინ ახალშეხვედრილი ვიყაი თხასთან, თვარა რავა მოგიყვანდი?“

მოკლედ, იყიდენ მერე ეს თხა და წამეიყვანენ ტაქსით. ფანჯარაში თავგადაყოფილი  „ოცდაერთით“, - პატივით მოაბრძანეს თხა სახლში.

გავიდა ხანი.  როგორც იქნა მოვიდა სიყვარული შუქრია ჭეიშვილის ცხოვრებაში და შეირთო ცოლი, ქალბატონი ლამარა, რომელიც  ძალიან კარგი მეუღლე, დედა  და დიასახლისი გამოდგა. ორმოცდაათი კაციც  რო მიეყვანა ქმარს სახლში, არ შეარცხვენდა და ისე გაუმასპინძლდებოდა ყველას, ვითომ მართლა  ბევრი ჰქონოდა რამე. თვითონ მოიკლებდა და პირს არ შეირცხვენდა.

 

p.s.  გურული ანეგდოტების უმრავლესობას ეროტიული შინაარსი აქვს. აქაც ჩანს გურულების ეთნოფსიქიკა...დაუოკებელი, საზღვრებგადალახული ტემპერამენტი. ამავე დროს, გურული იუმორი სხარტია, ლაკონური, ფიცხი და კიდევ, პოლიტიკური.

 

როგორც აღვნიშნეთ, გურულებს, ძირითადად,  მხიარული, უდარდელი ხასიათი აქვთ, არასდროს იბოღმებიან და ცდილობენ პოზიტიური განწყობა შეუქმნან ირგვლივმყოფებს.  ხუმრობენ და ცდილობენ, მარტივად უყურონ ცხოვრებას და სხვებსაც ასეთივე თვალით შეახედონ (უფრო სწორად, ეს გადამდებია).  იუმორი გურულისთვის საკუთარი თავის დაცვის და გაფრთხილების საშუალებაცაა. მარკ ტვენისა არ იყოს:  „ბრაზი არის შხამი, რომელიც გაცილებით მეტად ვნებს ჭურჭელს, რომელშიც ის არის მოთავსებული, ვიდრე მას, რაზეც გადმოიღვრება.“ „გაათრიეთ თქვენი ფიქრები პრობლემებისგან… ყურებით, ქუსლებით, რითიც მოახერხებთ.“

ასე რომ, გურულებისთვის გულიან სიცილს  წინ ვერაფერი დაუდგება. „ცისა და მიწის ყდებზე ნაქარგი“ სამყაროც ხომ  ისეთია, როგორსაც ჩვენ  თვითონ ვქმნით... გავუღიმებთ და გაგვიღიმებს...და „ოცნებას, რომელსაც ადამიანი ვერ ჰპოვებს ცხოვრებაში, ჰპოვებს მის მიერ შექმნილში“, თუნდაც, იუმორში...

ასე რომ, არ დავკარგოთ ჯანსაღი იუმორის გრძნობა, სიცილის უნარი...გავიცინოთ და სამყაროც ჩვენთან ერთად გაიცინებს...და როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს: „სიცილი გამოსავალს ყოველთვის გვაპოვნინებს“.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq