საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

პატრიოტიზმი საკუთარი კუთხის სიყვარულიდან იწყება („სწორედ გურულები არიან პირველი დესპანები ამერიკაში...“)
ლელა ჩხარტიშვილი


ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  

ნონა იმნაძე მოგვითხრობს:

თუ ლანჩხუთის წარსულის გაცნობა გვინდა, მოდით,  ისტორიულ მუზეუმს ვეწვიოთ.

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი  დაარსდა 1978 წელს. 1998 წელს კი პირველად გაიხსნა ექსპოზიცია. მუზეუმში გახსნილია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ისტორიული წარსულის ამსახველი ექსპოზიცია.

მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან ახ. წ. შუა საუკუნეებამდე (მათ შორისაა: ქვისა და ბრინჯაოს ხანის ცულები, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ძვ. წ. IV ს.-ით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი, შუბის პირები და სხვ.), ნუმიზმატიკური მასალა, ეთნოგრაფიული მასალა და XIX-XX სს. დასაწყისის ხელნაწერები (სიგელები, საეკლესიო წიგნები).

მუზეუმის ფონდში განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, მე-4 საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, მე-11 საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები, ნოე ჟორდანიის პირადი ნივთები და სხვ.

არქეოლოგიის განყოფილებაში გამოფენილია სოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები, საფხეკები, IV ათასწლეულის მეორე ნახევრის ჭოლიპას ნამოსახლარში მოპოვებული მასალა; კოლხური კულტურის პერიოდის (II ათასწლეულის II ნახევარი და I ათასწლეული) იარაღები, კოლხური ცულები შუხუთიდან, კოლხური კერამიკა სუფსიდან, VI-IV საუკუნეების იმპორტული შავლაკიანი თიხის ჭურჭელი, სინოპური ამფორები.

მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია ფეოდალური ხანის ნივთები. განსაკუთრებით აღსანიშნავია VI ს-ის ბრინჯაოს ჯვარი და ბოლნური ჯვრის გამოსახულების ფილა, რომელიც სოფელ ღრმაღელის ეკლესიის გაწმენდისას აღმოჩნდა. მუზეუმში წარმოდგენილია გვიანფეოდალური ხანის სოფელ ჯიხანჯირში „ნასტეფნარის“ გორაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა: XVI-XVII საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და XVII-XIX საუკუნეების თიხის ჩიბუხები.

მუზეუმში ინახება ასევე მე-5 საუკუნის აქემენიდური ირანის ბრინჯაოს ლაგამი, კენტავრებით გაფორმებული, რომელსაც,  საქართველოში მოპოვებულ ბრინჯაოს ლაგმებს შორის, ანალოგი არ მოეპოვება. ეს უნიკალური  ლაგამია და ის შემთხვევითი მონაპოვარია სოფელ ჩიბათში.

მუზეუმში ინახება ლაპიდარული წარწერა ქვაზე სოფელ ეწერიდან. ქვა წარწერით „ქრისტე შეიწყალე იოანე ბერი“ 1960-იან წლებში აღმოჩნდა სოფელ ეწერში. წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით, რომელშიც ნუსხურიც ურევია.

მუზეუმი მდიდარია ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალით.

აქვე ინახება უნიკალური მე-19 საუკუნის კარაბადინი (კლაპიტონაშვილის მიერ გადაწერილი). ეს კარაბადინი  გურიიდან ერთადერთია, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ფონდის მიერ გამოცემულ კატალოგში შევიდა. აქ არის დაცული აგრეთვე  უძველესი სიგელ-გუჯრები.

ეთნოგრაფიის დარბაზში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები, მარნის მოწყობილობა და სხვ.

მუზეუმში აგრეთვე წარმოდგენილია გურულ თავად-აზნაურთა ფოტო-გამოფენა: გურიელები, თავდგირიძეები, მაჭუტაძეები, შალიკაშვილები, ტუსკიები, ჭყონიები, ჟორდანიები, ბაჟუნაიშვილები, გუგუნავები, თავართქილაძეები, გიგინეიშვილები და სხვ. ასევე გამოფენილია გურული ცხენოსნების მოგზაურობის ამსახველი ფოტო-მასალა ევროპასა და ამერიკაში. წარმოდგენილია მწერლების ეგნატე ნინოშვილისა და საფო მგელაძის ფოტო-მასალა და ნაწარმოებები.

მუზეუმში დაცულია ვახტანგ გურიელის ნაქონი ავეჯი, რომელიც გაჭირვების ჟამს ერთი ურმის შეშის ფასად მიუყიდია თანასოფლელ ძმებ გურგენაძეებისათვის, ასევე შემორჩენილია გურიელთა ფოტოები.

მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრ ემიგრანტთა, ნოე ჟორდანიასა და ნოე ცინცაძის ფოტო-მასალა და ნივთები. ასევე ლანჩუთიდან მეორე მსოფლიო ომში წასულთა პირადი ნივთები და სამკუთხა ბარათები.

მუზეუმის თანამშრომელთა რიცხვი  მცირეა. მათი ფუნქციაა ექსპედიციების მოწყობა  ლანჩხუთის სოფლებსა თუ მეზობელ რაიონებში; ექსპონატების მოძიება, მოპოვება, შესწავლა, დაცვა, საზოგადოებისთვის გაცნობა.  ამ კოლექტივის დამსახურებაა ლანჩხუთის შესახებ უამრავი ისტორიული მასალის თავმოყრა. ეს ადამიანები მიზერულ ხელფასზე მუშაობენ და,  რაც შეუძლიათ, თავიანთი მწირი სახსრებითა და შესაძლებლობებით თავგანწირულად ემსახურებიან მუზეუმს... ამდიდრებენ ფონდს... სანთლით ეძებენ გვერდში მდგომებს, შემომწირველებს... ქართული კულტურის ქომაგებს, ვისაც ასე თუ ისე, ჯერ კიდევ აღელვებს ისტორიული საგანძურის ბედი, რომ როგორმე გადაარჩინონ ის, რაც აქამდე შენარჩუნდა ამ მუზეუმის კედლებში წვით და დაგვით... დიდ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან ჩუმად, უხმაუროდ, უდრტვინველად... პატრიოტიზმი საკუთარი კუთხის სიყვარულიდან იწყება... აი, ასეთი შემართების და სულისკვეთების ადამიანებზე დგას, ჯერ კიდევ, ეს მუზეუმიც და ზოგადად, ჩვენი ქვეყანა...

გვესაუბრება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი ნონა იმნაძე, რომელიც ამ მუზეუმში დაარსების დღიდან მუშაობს.

 

ქალბატონო ნონა, როგორ დაარსდა ეს მუზეუმი?

- მე და  ფონდის გამგე, ქალბატონი თინათინ კალანდარიშვილი, ამ მუზეუმში დაარსების დღიდან ვმუშაობთ. ჩვენთან  ერთად მუშაობდა ასევე, ჩვენი ყოფილი დირექტორი ლამარა გულორდავა, რომელიც  ამჟამად აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო  მუზეუმში  ბუნების განყოფილების გამგე გახლავთ. ჩვენი მუზეუმის გახსნამდე,  200-მდე ექსპონატი  საზოგადოებრივ საწყისებზე  არსებობდა ჯერ სკოლაში,  შემდეგ კი - თეატრში.   შემდეგ შუხუთის კულტურის სახლში გამოგვიყვეს  ბინა.  დღესდღეობით უკვე ცხრა ათასამდე ექსპონატია მუზეუმში დაცული.  ამ ექსპონატების უმრავლესობა  შემოწირულობების სახით გვაქვს შემოტანილი მუზეუმში. თითქმის ყოველდღე გავდიოდით სოფლებში.  კომუნისტურ პერიოდში ტრანსპორტი ყოველდღე გვემსახურებოდა. დავდიოდით ექსპედიციებში სოფელ-სოფელ და მართლაც უნიკალური ექსპონატებით გავამდიდრეთ მუზეუმი.  1998 წელს მოვახერხეთ  და, ძირითადად,  სპონსორების მეშვეობით  მუზეუმში გავხსენით: ბუნების, არქეოლოგიის,  ეთნოგრაფიისა და ისტორიული წარსულის ამსახველი ექსპოზიციები. გარდა ამისა, გვაქვს მოძრავი გამოფენის დარბაზი, რომელშიც ვატარებთ  სხვადასხვა ღონისძიებებს და პერიოდულ გამოფენებს. ახლა, ამჟამად, ლანჩხუთელი ნიჭიერი  მხატვრისა და  ღირსეული პიროვნების, აწ გარდაცვლილ  თენგიზ დარჩიას გამოფენაა წარმოდგენილი მუზეუმში.

- ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის ხელშეწყობით, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ოკუპაციის მუზეუმმა დაიდო ბინა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა განთავსდა... ვის ეკუთვნოდა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა?

- ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა  ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას ეკუთვნოდა. როდესაც  ეს წოდება  მიიღო, პრეზიდენტთან შეხვედრის  დროს გაჟღერდა  თემა ოკუპაციის მუზეუმის შესახებ.  პრეზიდენტი იძლეოდა გრანტს და ლადო აფხაზავამ  იცოდა, ჩვენს მუზეუმში ოკუპაციასთან დაკავშირებული ბევრი ძალიან საინტერესო ექსპონატის არსებობის შესახებ. მით უმეტეს,  რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ნოე ჟორდანია ლანჩხუთელი გახლდათ და თავისი მოსაზრებაც გაუზიარა  პრეზიდენტს. მერე ჩვენ შეგვითანხმდა,  თუ რას გავაკეთებდით ამასთან დაკავშირებით.  ჩვენ კი ასეთ  შესაძლებლობას არასდროს  ვუშვებთ ხელიდან.

მოკლედ, ოკუპაციის მუზეუმი ჩვენთან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გაიხსნა - პროექტის „ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში“ ფარგლებში.

ეს პროექტი, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებდა, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებდა. პროექტის მიზანი გახლდათ  ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის ხელის შეწყობა.  ჩვენს მუზეუმში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ოკუპაციის მუზეუმის გახსნას ლანჩხუთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან აუცილებელია ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ოკუპაციის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, არასოდეს შეწყდეს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ.

ოკუპაციის თემაზე ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი რეკვიზიტი უკვე მუზეუმში გვაქვს. ამ  გამოფენას აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი. მაგალითად, ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტია საშრობი, რომლის დაშლის შემდეგ მის შუაგულში, პარიზის ერთ-ერთი სახლის მისამართი აღმოჩნდა, სადაც 1921 წლის დროინდელი მთავრობა ცხოვრობდა. ასე გასაიდუმლოებული იყო მისამართი, რომელმაც უკვე  ჩვენს  მუზეუმში დაიდო  ბინა. ოკუპაციის მუზეუმის  გამოფენის მხატვრული გადაწყვეტის ნაწილია ფანჯრები და მათ მიღმა ეროვნული გმირების (ოკუპაციის მსხვერპლთა) ფოტოები. ამ ფანჯრებიდან კარგა ხანია არავის გაუხედავს. ის იმ ოჯახებიდანაა, სადაც ოდესღაც საქართველოსთვის შეწირული ბიჭები იხედებოდნენ. დიდი ხანია, დადგა დრო,  ახლა ჩვენ ჩავიხედოთ და ამ ადამიანების ცხოვრება სწორედ ამ ფანჯრებიდან წავიკითხოთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი   დაგვპირდა კიდევ, რომ  არქეოლოგიის დარბაზების  რემონტსაც მოგვიგვარებდა.  ჩვენ გავაკეთეთ პროექტი,  გავაგზავნეთ და ვნახოთ, რა გამოვა. აგრეთვე, პირველ სართულზე ოკუპაციის მუზეუმის   გასწვრივ განთავსებულია ფართი, რომელიც   ისეთივე  ჯურღმულია, როგორსაც მანამდე ეს მუზეუმი  წარმოადგენდა. იქნებ როგორმე ესეც გაგვირემონტონ.  ასევე გვაქვს დაწერილი  ძალიან საინტერესო პროექტი. გვინდა ლანჩხუთელი მეწარმეების მიერ შექმნილი ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის  სალონის გაკეთება,  თან გამოფენაც მოეწყობა და  ეს შემოსავლის წყარო იქნება  როგორც მუზეუმისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ამ  ხალხისთვისაც. მოძიებული  გვაქვს  სოფლებიდან ყველას მისამართი. დავუკავშირდებით  მათ და შემოვა აქ  მათი ნაწარმი.  ამ გამოფენა-გაყიდვით, ვფიქრობთ,  უცხოელი ტურისტებიც დაინტერესდებიან. მე მგონი, კარგი საქმე იქნება.

- ცოტა ხნის წინ მოეწყო, ასევე, თქვენი მუზეუმის ექსპედიცია ჭანჭათში. რას მიაკვლიეთ?

- სოფელ ჭანჭათში, ე. წ. ზეგნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, დაახლოებით 5 კმ-ში, მაღალ გორაკზე აღმოჩნდა წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა. სიმაღლე 2,50მ. სიგანე-1,60 მ. ვფიქრობთ ეს ულამაზესი ტყე, ამ მნიშვნელოვანი ძეგლით, საინტერესო იქნება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ეკოტურიზმის მოყვარულთათვის, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ.

ჭანჭათში 10 კილომეტრი მანძილი,  წვიმიან ამინდში,  ტყეში ვიარეთ. გაზეთებშიც ეწერა ამის შესახებ. ჩვენთან ყველა თანამშრომელი თავისი საქმის პროფესიონალი და უზომოდ მოყვარულია. მცირე ხელფასი კი არა, საერთოდ რომ არ გვქონდეს ანაზღაურება, ეს ისეთი საინტერესო საქმეა, ადვილად  ვერ შეელევი.   თანაც, სიყვარული რომ არ გქონდეს, ამ საქმეს ვერ გააკეთებ და ინტერესი, თუ  სად მივდიოდით და რა უნდა გვენახა იმ ადგილზე. მართლაც საოცარი რაღაც აღმოვაჩინეთ და ველოდებით არქეოლოგებს. იმ ქედზე, სადაც ეს სტელა აღმოჩნდა,   შეფენილი იყო მოსახლეობა. ქვევით კი იყო ჭაობი, რომელიც  მერე დაშრა და ჩამოიწია ქვემოთ. გასწვრივ არის ნაციხვარები.   მუზეუმში არსებული მუზარადი და ლაგამიც სწორედ  აქ არის ნაპოვნი. ეტყობა, ეს იყო გზა. ამის დასტურია ეს ყველაფერი. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გურიის არქეოლოგიური  ექსპედიცია ძალიან სუსტია. ეტყობა, თანხების უქონლობის გამო,  გურია და,  მით უმეტეს, ლანჩხუთი  ძალიან ნაკლებად არის შესწავლილი არქეოლოგიური თვალსაზრისით.  ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ ინტერესის გაღვიძებას.  პროფესორი ვახტანგ  ლიჩელიც გვყავდა ჩამოყვანილი, რომელმაც დაზვერა ეს ტერიტორიები. საფუძვლიანად შეისწავლა იგივე  ეს ლაგამი. გერმანელ მეცნიერებთან ერთად,  მთელი ერთი კვირა მუშაობდნენ ჩვენს მუზეუმში და  აღფრთოვანებული  დარჩნენ ჩვენი არქეოლოგიური ექსპონატებით. ჩვენთან მოდიან მოსწავლეები და მასწავლებლები (ძირითადად, ადგილობრივი სკოლის), სტუდენტები (მათ შორის უცხოელები) და თითოეულ ნიმუშზე ამუშავებენ სხვადასხვა თემებს. მაგალითად, შარშან ზაფხულში იტალიელი სტუდენტები  მუშაობდნენ აქ. ისინი ჩვენთან,  ბატონ ვახტანგ ლიჩელის რეკომენდაციით,  მოვიდნენ და აქ დაამუშავეს თემები  ჩვენს არქეოლოგიურ ექსპონატებზე.

- რამდენადაც ცნობილია, თქვენი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია გურული კულტურის მკვლევარი და ქომაგი, არაერთი წიგნის ავტორიფილმისგურულები ამერიკაშირეჟისორი ირაკლი მახარაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მუზეუმს  საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა: ახალი აბრა, გურული მოჯირითის ლოგოთი

- მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ამისათვის ბატონ  ირაკლი მახარაძეს იმ შ

რომისა და ერთგულებისათვის, რაც მან ჩვენი მუზეუმის საქმეში ჩადო.  მოგეხსენებათ, გურიიდან ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში წასულ ცხენოსნებს შორის ყველაზე მეტნი  ლანჩხუთელები იყვნენ.  ბატონი ირაკლი თვითონ ოზურგეთელია წარმოშობით, მაგრამ მან ნახა,  რომ ბევრი ექსპონატი  გვქონდა მოძიებული და მოტანილი მუზეუმში მოჯირითეებთან დაკავშირებით.   ძალიან ბევრი  ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ ბატონ ირაკლისთან ერთად.  ჩვენს მუზეუმშია გადაღებული მისი საინტერესო ფილმი: „უალდ ვესტის მხედრები“, რომელიც გურულ ცხენოსნებს ეძღვნება.  მას ხელი მიუწვდება ამერიკის არქივებსა და  მუზეუმებზე. ხშირად ჩადის ამერიკაში და იქედან  ჩამოტანილი ექსპონატებით გაამდიდრა ჩვენი მუზეუმი.

გურული მხედრების ამერიკული ოდისეადან 125 წელი გავიდა. 125 წლის წინ გურულებმა პირველად დაადგეს ფეხი ამერიკის შეერთებული შტატების მიწა წყალს  და უნებლიედ ბაფალო ბილ ქოუდისთან ერთად შოუ-ბიზნესის ჩამოყალიბებაში საკუთარი პატარა წვლილიც შეიტანეს. ამ დღესთან დაკავშირებით  ჩვენს მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ლანჩხუთელი მოჯირითეების შთამომავლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე ირაკლი მახარაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ისტორიული ცნობები გურული მოჯირითეების ამერიკასა და ევროპაში მოგზაურობის შესახებ და ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიული ფოტო მასალები.  ბატონმა ირაკლიმ  გაიხსენა ასევე, თუ  როგორ მოხვდნენ გურულები ამერიკაში. ისაუბრა იმ წლებზე, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეექმნათ.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი დარჩა იქ  რეპრესიების შიშით. პირველი ჯგუფი 1892 წელს გავიდა და შემდეგ გასაბჭოებამდე  150-მდე გურულმა მხედარმა იმოგზაურა  ამ წლებში. მართლაც საოცარია დილით ჩადიოდნენ საფრანგეთში და იქედან  გადადიოდნენ ამერიკაში. ინგლისშიც ჯირითობდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ დედოფალი  ვიქტორია მოხიბლული იყო მათი ჯირითით. სხვათა შორის,  ბებიაჩემის მამა, ილარიონ ებრალიძე,  ორჯერ თუ სამჯერ იყო  ამერიკაში. მისი ჩამონატანი ნივთებიც კი შევწირე მუზეუმს.  ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ამის შესახებ არაფერი უთქვამს. შიშით არ ახსენებდნენ,  სურათსაც არ აჩენდნენ. თურმე სახლში არსებობდა  ჩოხაში გამოწყობილი ბაბუას სურათი  და ეს არ ვიცოდი.  მის მიერ ჩამოტანილი  ნივთები ახლაც მაქვს  სახლში: ზინგერის მანაქანა, ავეჯი. ძალიან ბევრი ისტორია  ტრაგიკულად დასრულდა. მაგალითად, ვიცით, რომ  ქანთარიები გადაასახლეს ყაზახეთში და ა.შ. ნათესავებსაც და ეჭვმიტანილებსაც საშინლად უსწორდებოდნენ. აქ არსებული  მასალა  როგორღაც შევაგროვეთ.  ჩუმ-ჩუმად ინახავდნენ ოჯახები.

სხვათა შორის, მუზეუმის ახალი ექსპონატია - გურული ცხენოსნის დამბაჩა, რომელიც აგარაკის სასაფლაოს გახსნისას იქნა აღმოჩენილი და მუზეუმს გადმოსცა მამა მირიანმა.

დამბაჩის რესტავრაცია უსასყიდლოდ გაკეთდა სამხატვრო აკადემიის ლაბორატორიაში, რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ  ნანა კუპრაშვილს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა სპონსორს და გულშემატკივარს. რომ არა ეს გამოფენა, ვერასდროს ვერ ვნახავდით ჩვენი  გულადი წინაპრების  უცნობ ფოტოებს.

- როგორც ცნობილია, მუზეუმში ჩატარებულ ღონისძიებაზე  იმყოფებოდნენ ამერიკელი სტუმრები, გურული ცხენოსნების შთამომავლებიროგორი იყო ეს შეხვედრა?

- დიახ, ჩვენს მუზეუმს ესტუმრნენ გურული ცხენოსნის, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანის შთამომავლები:  რიჩარდ ჯორჯიანი, მისი უფროსი და ჯოლა ჯორჯიან-ბერჩი, ძმისშვილი მარტინ ჯორჯიანი, სიძე ბილ ბერჩი. ამ ვიზიტის შესახებ ჩვენ რამდენიმე თვით ადრე გაგვაგებინა  ირაკლი მახარაძემ და ჩვენც სათანადოდ მოვემზადეთ. გავაფრთხილეთ გურული ცხენოსნების შთამომავლები, ვისთანაც სურდა შეხვედრა რიჩარდ ჯორჯიანს, ასევე ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები. სტუმრებმა, პირველ რიგში, მოინახულეს ცხენოსნის, ლუკა ჩხარტიშვილის საფლავი გვიმბალაურში და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მათ მეგზურობას უწევდა ლუკას შთამომავალი ლევან ზენაიშვილი.

ძალიან ამაღელვებელი იყო ამერიკელი სტუმრების შეხვედრა გურული მხედრების შთამომავლებთან. რიჩარდ ჯორჯიანმა მათ თავიანთი წინაპრების ამერიკაში მოღვაწეობის ამსახველი სურათები დაურიგა და დაიწყო მისი წიგნის „ქართველ მხედართა მატიანეს“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე სლაიდების მიხედვით დეტალურად იყო წარმოდგენილი გურული ცხენოსნების მიერ განვლილი გზა 1892 წლიდან ევროპასა და აშშ-ში. წარმოდგენილი იყო ის მასალა, რომელიც აშშ-ს არქივებსა და მუზეუმებში იყო დაცული და რაც 16 წლიანი კვლევის შედეგად მოიძია ავტორმა. „წიგნი 150-ზე მეტი ქართველი მხედრის შესახებაა, მასზე მრავალი წელი ვმუშაობდი და მთელ ამერიკაში ვეძებდი მასალებს. წიგნის დაწერა მამაჩემმა მთხოვა, მას სურდა ბაბუაჩემის შესახებ მეც და სხვებსაც უფრო მეტი ინფორმაცია გვქონოდა“ - განაცხადა რიჩარდ ჯორჯიანმა. ეს ყველაფერი ისეთი ოსტატობით იყო აღწერილი და გადმოცემული, რომ ყველას ის განცდა დარჩა, თითქოს საუკუნის წინანდელი მოგზაურობის თანამონაწილენი ვიყავით.

რიჩარდ ჯორჯიანმა იქაურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებიც გაგვაცნო და ერთი ასეთი ფაქტიც გვითხრა: როგორც ცნობილია ჩვენს მხედარ ქალებს კაბა-შარვლები ეცვათ, ეს ძალიან მოსწონებიათ ამერიკელ ქალებს და შემდგომ საფუძვლად დაედო ამ მოდის დამკვიდრებას ამერიკაში. ჩვენ ხუმრობით ვიკითხეთ, ხომ არ შეიძლებოდა საუკუნის შემდგომ მოგვეთხოვა პატენტი ამის გამო, რაზეც მან სიცილით გვიპასუხა - არ ვიციო.

რიჩარდ ჯორჯიანმა ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს. ჩვენს მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა თავისი წიგნი „ქართველ მხედართა მატიანე“ და საინტერესო ფოტო-დოკუმენტური მასალები.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს შემდეგ ამერიკელი სტუმრები ოზურგეთს ეწვივნენ იგივე ღონისძიებით. მიუხედავად იმისა, რომ გურულ მხედართა სამშობლოდ ლანჩხუთი ითვლება და დაძმობილებულიც კი არის ლანჩხუთი და აშშ-ს ვაიომინგის შტატის ქალაქი  ქოუდი ერთმანეთთან, ოზურგეთის მუზეუმში ეს ღონისძიება მასშტაბურად ჩატარდა, მას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი.

საღამოს 8 საათზე კი მუზეუმში „ღამე მუზეუმში“ დაიწყო. ამ ღონისძიებისთვის მუზეუმელებმა საინტერესო ექსპოზიცია „მუსიკალური საკრავებისა და ფოლკლორული მასალების“ გამოფენა მოვაწყვეთ. აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორს მაია გოგიჩაიშვილს, რომელმაც უკვე მესამედ დაგვიმზადა ძვირადღირებული ფოტოები.

„ღამით მუზეუმში“ ჟღერდა ცოცხალი მუსიკა ადგილობრივი ანსამბლების შესრულებით და ღონისძიებას ფონად გასდევდა აკეთის „შვიდკაცას“ უნიკალური ჩანაწერები. გვსტუმრობდა ლანჩხუთელთა სიძე, მსახიობი კოტე მჟავია მეუღლესთან ერთად, რომლის წარმოთქმულმა სადღეგრძელოებმა აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება.

გვიან ღამემდე გაგრძელდა მუზეუმში ეს ლამაზი ღონისძიება და ამით დასრულდა მუზეუმების კვირეულის აღნიშვნა ჩვენს მუზეუმში.

- როგორია საზოგადოების ინტერესი თქვენი მუზეუმის მიმართ?

- ძირითადად დაინტერესებულნი არიან სკოლები. ტარდება სასკოლო პროექტები.  სკოლებიდან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები  მოდიან და ჩვენ ვთავაზობთ მათ, ჩვენს მიერ შემუშავებულ,  შესაბამის საგანმანათლებლო პროექტებს.  უნიკალური საისტორიო ძეგლების დათვალიერებისა და გაცნობის  გარდა, მუზეუმში ტარდება  ღია და თავისუფალი  გაკვეთილები, შეხვედრები, საჯარო ლექციები, სხვადასხვა ინტელექტუალურ-შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო  აქტივობები.

 

ჩვენ გვაქვს გაკეთებული არაჩვეულებრივი და საინტერესო პროექტები. გვინდა მოვაწყოთ  შესანიშნავი ეთნოგრაფიული ეზო. საამისოდ შესაბამისი  ფართი და  თვითონ ექსპონატებიც გვაქვს, რომელიც დაიდება ამ ეზოში. გარდა ამისა,  აგრეთვე გვინდა იმიტაციის გაკეთება.   გეგმაში გვაქვს,  არქეოლოგიის ველი  მოვაწყოთ ბავშვებისთვის. ვასწავლოთ, თუ  როგორ ხდება მიწიდან  არქეოლოგიური ნივთების ამოღება. ეს პრაქტიკა სხვა მუზეუმებში უკვე არის დამკვიდრებული. მაგალითად,  ვიყავით და ვისწავლეთ, თუ  როგორ ხდება ეს აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში.  იგივე და უფრო დიდი ფართიც კი არსებობს აქ და ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. მაგრამ ყველაფერს სახსრები სჭირდება, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. უბრალოდ, მუზეუმის შემოღობვაც კი  ვერ მოვახერხეთ.  არადა, სანახევროდ ეს მასალა  უკვე მოგვეპოვება მუზეუმში და დიდ კოლოსალურ თანხებთანაც არ არის დაკავშირებული.

- რა პრობლემების წინაშე დგას მუზეუმი?

- მუზეუმი უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ჯერ ერთი,   შესაბამისი ტემპერატურის რეჟიმი არ გვაქვს.  ზოგიერთი ისეთი ნივთია, მაგალითად, გურული ემიგრანტების   ევროპიდან გამოგზავნილი  100 წლის წინანდელი წერილები, რომელთაც რესტავრირება სჭირდებათ.  ამ წერილებს რესტავრაცია გაუკეთა კინოსა და მუსიკის მუზეუმის დირექტორმა,  გიორგი კალანდიამ. ჩვენ ვმეგობრობთ ამ მუზეუმთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გვაქვს  გაფორმებული. ბატონმა გიორგიმ  ამ წერილებს  უსასყიდლოდ  ჩაუტარა  საკმაოდ  ძვირადღირებული რესტავრაცია  და ახლა  ისინი ფონდში სათანადოდ გვაქვს დაცული. გარდა ამისა, არ შეიძლება ეს უნიკალური, არქეოლოგიური მასალა  ასე,  ყველასთვის ხელმისაწვდომად, იყოს წარმოდგენილი.  ყველა უცხოელ ტურისტს, რომელიც ჩვენთან მოდის, უკვირს,  რომ ეს უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ექსპონატები, ტემპერატურის რეჟიმს რომ თავი დავანებოთ, ასე ღიად და შეუმინავად  გვიდევს. ეს არაფრით არ შეიძლება. ეს უკვე,  მე თუ მკითხავთ, დანაშაულია.  ტურისტები რომ მოდიან,   ბოდიშების მოხდას ვერ ავუდივარ. ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ  რა უნდა ვქნათ, ჩვენს მთავრობას უჭირს და  ვერ გვეხმარება-მეთქი. ამაზე გვაქვს უკმაყოფილება ხელისუფლებასთან. თითქმის უამრავი რამ სპონსორების მიერ  არის გაკეთებული ჩვენს მუზეუმში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ  ჩვენს შთამომავლებს შევუნახოთ, რაც აქამდე მოტანილა მუზეუმში წვით და დაგვით  და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. თანამშრომლებს სამუზეუმო საქმიანობაში გულის სისხლი გვაქვს ჩადებული, ყოველდღიურად ახალ ექსპონატებს ვეძებთ, შემოგვაქვს, ღონისძიებებს ვაწყობთ, პერიოდულ  თუ საკავშირო პრესაში  არაფერს ვაკლდებით, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ჩვენს ძალებს აღემატება. თუ მეტი ყურადღება  არ გამოიჩინა ადგილობრივმა  ხელისუფლებამ,  მარტო ჩვენი ენთუზიაზმის  იმედზე საქმე ვერ გაკეთდება.

ელემენტარულად, შემოღობილიც არ არის მუზეუმი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

შენობის ფასადიდან ფილები ცვივა და საშიშროებას უქმნის ადამიანებს. მუზეუმის სახურავი კი იმდენად საჭიროებს რესტავრირებას, რომ შენობაში წვიმს.

დიდთოვლობის დროს სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა უნიკალური ექსპონატები დააზიანა. ერთ დღეს,  სამსახურში მოსულ  თანამშრომლებს საშინელი სიტუაცია დაგვხვდა.  ჭერიდან ჩამოსული წყალით სავსე იყო დარბაზი და ექსპონატები წყალში ცურავდა.  არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. თითქმის 40  წელია აქ ვმუშაობ და ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ ჩვენი სახსრებით რაღაც შევძინოთ მუზეუმს. ყველაზე მიზერული ხელფასებია ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ხელფასის გულისთვის არ ვმუშაობთ, არამედ ჩვენი საქმის  უსაზღვრო და უანგარო სიყვარული გვამოძრავებს და გვმატებს ძალას.

-   სამომავლოდ რა სურვილები გაქვთ? რა შეგნების განვითარებაა  საჭირო ჩვენს საზოგადოებაში, სათანადო სტრუქტურებშირომ მუზეუმის სფეროში არსებულ პრობლემებს უფრო გულისხმიერად მოეკიდონ?

-  თავდაპირველად, საჭიროა  განვუმარტოთ მათ, ვისაც მუზეუმების არსი და დანიშნულება არ ესმით, რომ მუზეუმი წარმოადგენს კულტსაგანმანათლებლო ორგანიზაციას, სადაც მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შენახვა, დაცვა და ექსპონირება.  აქვე ხაზგასასმელია, რომ სწორედ მუზეუმები წარმოადგენენ რეგიონის თუ მუნიციპალიტეტის სახეს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ეკონომიკის და ა.შ. თვალსაზრისით; ანუ ქმნიან შთაბეჭდილებას, თუ რამდენად მყარ ეროვნულ ნიადაგზე ვდგავართ. და კოლოსალური ენერგიის ხარჯვისა და მცირე ანაზღაურების ფასად, რუდუნებით მოკვლეულ ამ უნიკალურ მასალას (ექსპონატებს) განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. მაშინ როდესაც, მხარეთმცოდნეობის უნიკალური ექსპონატები ნადგურდება, მთავარი აქცენტები გამახვილებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.  ახლა რომ ამდენს ვლაპარაკობთ  ტურიზმის აღორძინებაზე, ტურისტი (და არა მარტო ტურისტი, არამედ  უბრალოდ ჩამოსული სტუმარი) ლანჩხუთში რომ ჩამოვა, რა უნდა აჩვენო, თუ არა მუზეუმი, რომელიც ინახავს ამ კუთხის ისტორიას? აქედან უნდა დაიწყო, ამით უნდა იამაყო. არადა, საამაყოდ ნამდვილად გვაქვს საქმე ჩვენი ისტორიის პატრონებს. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა  მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოწყობა, შეღობვა, მოსასვლელის, შენობის ფასადის გამშვენება  და სხვა.

ძალიან გვინდა და ეკუთვნის  კიდეც ეს ამ რაიონს, ლანჩხუთი იწოდებოდეს  გურული ცხენოსნების სამშობლოდ. მაგალითად, ამერიკაში  არის,  თითქმის, ლანჩხუთისხელა ქალაქი ქოუდი, რომელიც ცხოვრობს ამ შოუს მონაწილეების  მუზეუმებით. სხვათა შორის, დაუსწრებლად, ლანჩხუთი და ეს ქალაქი დამეგობრებულები არიან. არავის ეს  ამბავი არ აინტერესებს  (არადა ამის შესახებ  უცხოურ პრესაშიც დაიბეჭდა).  სწორედ გურულები არიან  პირველი დესპანები ამერიკაში. ეს პატარა საქმე  არაა. ჩვენ  თუ ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობა  და მისი მხარდაჭერა  გვინდა, ამ საკითხს უფრო მეტი ინტერესით უნდა მოვეკიდოთ. მით უმეტეს,  ასეთი საგანძური და უამრავი მზა მასალა გვაქვს და  არსებობს გზა,  რომელიც ჩვენმა  წინაპრებმა გაკვალეს. ცოტა  გამოვფხიზლდეთ.  ყველამ ერთად მივხედოთ ამ დიდ ეროვნულ  საქმეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq