გადმობეჭდილია: https://www.presa.ge/new/?m=&AID=18000
გია მამალაძე 09:00 30.07.20121849 წლის 31 ივლისს, ტრანსილვანიაში, ევროპის ჟანდარმის - რუსეთის იმპერიის ულმობელი ფელდმარშლის, პასკევიჩის არმიის კაზაკების წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღუპა უნგრეთის ეროვნული გმირი, დიდი პოეტი შანდორ პეტეფი (Sándor Petőfi). მაშინ გმირი პოეტი მხოლოდ 26 წლისა იყო... დიდი პოეტი დაიბადა 1823 წლის 1 იანვარს. ბავშვობა პატარა შანდორს უზრუნველი ჰქონდა, მამა, მშრომელი კაცი იყო. 12 წლისას უნგრულის გარდა სცოდნია ლათინური, გერმანული, ფრანგული და სლოვაკური. ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო მომავალი პოეტი, ოჯახის საქმე ცუდად რომ წაუვიდათ. მამამისი, იშტვან პეტროვიჩი გაკოტრდა, მერე კი მათი სახლი ადიდებულმა დუნაიმ წაიღო. ოჯახი 1838 წლიდან სიღატაკეში ცხოვრობდა, ამიტომ მომავალმა პოეტმა სწავლას თავი დაანება. ძალიან უყვარდა თეატრი, სახლიდან გაიპარა და უნგრეთის „ეროვნულ თეატრში“ მოეწყო. მამამ ძალით დაატოვებინა იქაურობა. 1839 წელს ჯარისკაცი გახდა, ჯანმრთლობის გაუარესების გამო 1841 წელს არმიიდან გამოუშვეს. იყო მოხეტიალე დასის მსახიობიც... ლუკმაპურის ძიებაში მთელი უნგრეთი შემოიარა. შანდორ პეტეფის პირველი ლექსი 1842 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლები მის ნიჭს ვერ ამჩნევდნენ. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაი ვერეშმარტის დახმარებით მოახრხა პირველი წიგნის გამოცემა. წიგნმა წარმატება და სახელი მოუტანა. მუშაობა დაიწყო მოდების ჟურნალში. იყო რედაქტორის თანაშემწე, კორექტორი, დამკაბადონებელი... მცირე ანაზღაურება ჰქონდა, ლექსებისათვისაც ძალიან მცირე ჰონორარს იღებდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა. მარტო 1844 წელს 135 ლექსი და ორი პოემა დაწერა, 21 წლის მგოსანმა... 1844-1849 წლები უნგრული პოეზიისათვის უმნიშვნელოვანესია, იმ დროს შეიქმნა ბრწყინვალე პოეზია შანდორ პეტეფისა. მან უარი თქვა იმ დროს გაბატონებულ „მაღალ სტილზე“ და ხალხური მეტყველებით გაამდიდრა უნგრული პოეზია. წერდა სამშობლოზე, უბრალო ხალხზე, ჯარისკაცებზე, უმღეროდა თავისუფლებას... უნგრეთის დიდი პატრიოტი 1847 წელს სათავეში ჩაუდგა „ახალგაზრდა უნგრეთის“ ორგანიზაციას. მან შექმნა ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი „ათეულის საზოგადოება“, რომელიც ლიტერატურის დემოკრატიზაციისათვის იბრძოდა. მონაწილეობდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის „12 პუნქტის“ შემუშავებაში. იყო ბუდასა და პეშტის 1848 წლის 15 მარტის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საერთოდ, 1848-1849 წლების რევოლუციური და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იბრძოდა უნგრეთის დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებისათვის. მისი ლექსები აღაფრთოვანებდა ხალხს როგორც ვთქვით, 1849 წლის 29 ივლისს გენერალ პასკევიჩის კაზაკურ ურდოსთან შეტაკებაში დაიღუპა შანდორ პეტეფი. მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ლექსს, რომლებიც თარგმნილია გრიგოლ აბაშიძის მიერ. მათ შორის ლექსს „ ჩემი საფლავი“, სადაც პოეტი წერს, რომ ჯავრი, რომელიც გულს უჩხვლეტდა ეკლით, ცივ ქვად რომ იქცეს, პირამიდებზე მაღალი ძეგლი დაიდგმებოდაო. დღეს უნგრეთის თავისუფლებას პირამიდებზე მაღალი ძეგლი უდგას, რომელიც ცად ატორცნილი ჰკვეთს სივრცეს - ესაა დიდი უნგრელი ხალხის ამაყი სახელმწიფო და დიდებული კულტურა, რომელსაც ოქროს ასოებით აწერია შანდორ პეტეფის დიდი სახელი და მისი ბრწყინვალე ლექსები, რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხებს, მათ შორის, ჩვენც, ქართველებს! არა მარტო უნგრელმა ხალხმა, მთელმა კულტრულმა და შეგნებულმა მსოფლიომ დიდი ძეგლი დაუდგა დიდი შანდორ პეტეფს დიდი სიყვარულის სახით. მისი ლექსები უამრავ ენაზეა ამეტყველებული. უნგრეთში, შანდორ პეტეფის მშობლიურ ქალაქ კიშკოროშშიკი მდებარე სახლ–მუზეუმის ეზოში ძეგლი დაუდგეს ყველას, ვინც თარგმნა დიდი პოეტის ლექსები. იქ ე. წ. პოეტების გალერეაში დგას ჩვენ ი დიდი პოეტის, გრიგოლა აბაშიძის ძეგლიც. გრიგოლ აბაშიძემ ბრწყინვალედ თარგმნა უნგრეთის ეროვნული გმირის ლექსები ქართულად.
ჩემი საფლავი (თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ) როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ, ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი. ძვლივს დაინახავს პატარა დაფას, ზედ წაწერილი ჩემი სახელით. მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს, ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით. ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს, პირამიდებზე მაღალი ძეგლი...
სამშობლოში (თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ) აი, ჩემი სამშობლო, ეს ალფელდის ტრამალი, სადაც ჩემი ოცნება აფრენილა ფრთამალი. სადაც მიწას ატყვია ჩემი ნატერფალები ბავშვობის მოგონებას აქ ვერ დავემალები. ისევ მღერის, შორს მღერის ჩემი კარგი გადია: „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. მე აქედან წავედი, ბალღი ვიყავ პატარა, ახლა კაცი ვბრუნდები, ბედმა სად არ მატარა! ოცი წელი გავიდა სიხარულის, ნაღველის, ოც წელს არა ვყოფილვარ ამ მიდამოს მნახველი. ოცი წელი რა არი, ერთი წამის დარია! „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. სად ხართ ჩემი ტოლები, ჩემი სოფლის ბიჭები, ჩემთან შესაგებებლად, რად არ გამოიჭრებით! აღარ გვითამაშია, რაც დაგშორდით მას აქით, მოდით, ისევ ვიცელქოთ, დავივიწყოთ ასაკი. ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია... „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. როგორც ტოტზე ტოტიდან დაფრინავენ ჩიტები, ფრენენ ჩემი ფიქრებიც, რომელს გავეკიდები?! როგორც მინდვრის ყვავილებს თავს ეხვევა ფუტკარი, მოგონება მეხვევა სხვისი და საკუთარი. რომელ ერთზე შევჩერდე, თითქოს მთელი ჯარია! „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. აი, პაწაწინა ვარ, მინდორში ვართ ყველანი, ტირიფის ჯოხს მოვახტი, გავაქროლე მერანი, მიჰქრის ცხენი, არა აქვს, არც ფაფარი, არც ძუა, წყლის დალევა მოუნდა გახურებულ აჩუას, გავაქანე წყაროსკენ, წყალი ბლომად დალია. „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“. მწუხრზე ზარის დარეკვა მესმის ძიძის ძახილად, მომყავს ცხენი დაღლილი, ცხენოსანიც დაღლილა. ძიძა მუხლზე დამისვამს, ლექსი იცის რამდენი! ძილისპირულს დამმღერის ჩემი კარგი გამდელი. ვუსმენ, მაგრამ არც ვუსმენ, ნახევრად სიზმარია: „ფრინდი, ფრინდი, მარია, ხვალ თუ კარგი დარია“.
ჩემი სიმღერები (თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ) ხშირად ოცნება მიმაფრენს ცაში, და მე არ ვიცი რას ვფიქრობ მაშინ. სამშობლოს თავზე დაფრინავს ფიქრი, სამყაროს თავზე ჩიტივით მივქრი. სიმღერა ამ დროს, რომ ვმღერი წყნარად, ნაზია მთვარის სხივების დარად. ოცნებას ფუჭს და უსაგნო ფიქრებს, მომავლისათვის ზრუნვა სჯობს იქნებ, მაგრამ მომავალს ღმერთს ანდობს ყველა, მივანდოთ, იყოს სიმღერა შველა. სიმღერა სავსე იის სურნელით, ჩიტივით ლაღი და უზრუნველი. როდესაც ლამაზ გოგონას ვხვდები, მეცხრე ცაზე ვარ, მესხმება ფრთები. მის ცისფერ თვალებს ჩავყურებ ხარბად, ასე ვარსკვლავი ტბას ჩასცქერს, ალბათ, სიმღერა ამ დროს რომ იბადება, სულში იშლება ტრფობის ვარდებად. ვუყვარვარ სატრფოს? მაშ მოდი, ლხინო, თუ არ ვუყვარვარ, დარდით ვსვათ ღვინო, როცა ვსვამ ღვინოს, როცა ვარ მთვრალი, რატომღაც მაშინ ჭრელდება თვალი, სიმღერაც, როცა მთვრალი ვიმღერი, ვით ცისარტყელა არის შვიდფერი. ხელთა გვაქვს ჭიქა, ღვინით ვხურდებით! სამშობლოს ხელს კი არის ხუნდები, ბროლის ჭიქების წკრიალს ორწილი ჩხრიალი ფარავს რკინის ბორკილის. და ვმღერი ამ დროს სავსე ნაღველით სამშობლოს სევდის გამომსახველი. მაგრამ რად ითმენს ბორკილებს ერი. აღსდგეს, მტარვალებს ადინოს მტვერი, თუ იმედი აქვს მძინარეს ბანგით, რომ ბორკილს შესჭამს ოდესმე ჟანგი?! ამ დროს ვერ ვუცქერ ჩემს ხალხს გულგრილად, სიმღერას ვაქცევ ჭექა-ქუხილად. |