| თეიმურაზ ღლონტი | „თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია...“ გაგურული დღიურები (წერილი მეთორმეტე) ლელა ჩხარტიშვილი ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავისგან შეკრული ჯვრით ეზიარა. ამიტომაც არის ვაზისა და ღვინისადმი ქართველის დამოკიდებულება საკრალური. საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზისა და ღვინის უზომოდ მოყვარული. ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყარო იყო ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, ჩვენი წინაპრების ნაშრომ-ნაღვაწის სახსოვარი. "ვენახი ხომ ერთის დღისა და წლის საქმე არ არის. იგია ნაყოფი დიდის ხნის ჯაფისა და შრომისა, იგია თავნი, ნელ-ნელა მოგროვილი მამა-პაპის ოფლის ღვრითა, და თითქმის უტყვი ისტორიაა მთელის ოჯახის ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებისა", - წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). საბედნიეროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ დარგის განსავითარებლად, რათა მევენახეობა-მეღვინეობამ შეინარჩუნოს თავისი ისტორიულ-ტრადიციული იერ-სახე. ადრე ჩავწერე ინტერვიუ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორთან, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერთან, ჟურნალ "ვაზი და ღვინის" მთავარ რედაქტორთან, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრთან, ბატონ თეიმურაზ ღლონტთან, რომელიც ბრძანებს: წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: "ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმისათვის", ხოლო ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი გვაუწყებს: "ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა". ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი შეძლებისდაგვარად ამ წიაღში საქმიანობას მოვანდომე, ჯილდოდ კი სიხარული მხვდა წილად. საქართველოში "პურ-ღვინო" თავად ნიშნავდა ტრაპეზს, სუფრას, ნადიმს, ხოლო მისი გამწევი და თავმდგომი "პურღვინიან" კაცად მოიაზრებოდა. "პურღვინიანობა" იყო ქართველი კაცის არსობის, მისი ცნობიერება-ყოფიერების განმსაზღვრელი, რამეთუ "პურღვინიანი" კაცი ნიშნავდა უფლის მადლით მოსილ გულგაშლილ და ხელგაშლილ, შრომისმოყვარე, ამავე დროს, თავმდაბალ, მაგრამ საკუთარი ღირსების მქონე ადამიანს.“ გთავაზობთ ჩემს ადრინდელ ინტერვიუს ბატონ თეიმურაზთან. „სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო...“ (ჟურნალი: „კარიბჭე“ 15.09.2011). ტრაპეზი, რომელიც, მამათა თქმით, საღვთო ლიტურგიის გაგრძელებაა, ადრე ისეთი არ იყო, როგორიც დღეს არის. სუფრასთან წინათ ერთმანეთის დასალოცად, სიყვარულის გასაზიარებლად იკრიბებოდნენ, დღეს კი ის თრობისა და ნაყროვანების ადგილად ქცეულა. ქართული სუფრა უღვინოდ წარმოუდგენელია. ქართული ღვინო ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა ქრისტიანებისთვის, მით უფრო - ქართველი მართლმადიდებლებისთვის, ღვინო მხოლოდ სასმელი როდია... ქართულ ღვინოზე გვესაუბრება საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "ვაზი და ღვინოს" რედაქტორი თეიმურაზ ღლონტი. - ბატონო თეიმურაზ, რამდენი ვაზის ჯიშია საქართველოში და შემოგვრჩა თუ არა ეს ჯიშები დღემდე? - ქართული ვაზის ჯიშები უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ადგილობრივი წარმოშობისაა და გამოყვანილია ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის გზით. ქართული ვაზის ამპელოგრაფიაში აღწერილია 525 ვაზის ჯიში. საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიისა ათტომეულში კი 414 ჯიში. სამწუხაროდ, ყველა ჯიში კოლექციებში დღემდე არ გაგვაჩნია, ზოგიერთი მათგანი დღესაც მოსაძიებელია. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიადაგურ-კლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ვაზის ჯიშთა გამორჩეულმა ასორტიმენტმა ქართველ მევენახესა და მეღვინეს მისცა ორიგინალური, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული უნიკალური ღვინოების დაყენების საშუალება. ასე შეიქმნა სახელგანთქმული ღვინოები წინანდლური, კარდანახული, ენისელური, ანაგური, ახმეტური, ზნაური, წარაფებისა, გუმბათებისა, მუხრანული, ატენური, მეჯვრისხეული, ხიდისთაური, სვირული, ბაღდადური დიმური, ალადასტური, ხვანჭკარა, თეთრა, უსახელოური, ჩხავერი, ოჯალეში და მრავალი სხვა. საუკუნენახევრის წინ კახეთში უპირატესად ხუთი საუკეთესო საღვინე ვაზის ჯიში იყო გავრცელებული: რქაწითელი საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, კახური მცვივანი, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იძლეოდა. სამწუხაროდ, ამჟამად ხიხვის ჯიშის ვაზი თითქმის გამქრალია, ერთეულ ძირებსღა ითვლის კარდენახისა და რუისპირის მიკროზონებში, კახური მცვივანის ნარგაობა კი არ გაგვაჩნია. იგი კარდაკარ არის საძებარი. შემცირებულია ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშთა ფართობები, როგორიცაა კრახუნა, ჩხავური, ოჯალეში, გორული მწვანე. ვარაუდობენ, რომ უნიკალური ვაზის ჯიში საფერავი ტაო-კლარჯეთში წარმოიშვა, თუმცა დღეს მის სამშობლოდ კახეთი მიიჩნევა. სწორედ აქ წარმოაჩინა ვაზის ამ ჯიშმა თავისი განუმეორებელი თვისებები. იგი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიშებს შორის, რომლის მარცვლის რბილობი წითლად არის შეფერილი. ეს ჯიში ნამდვილი შედევრია. - რა ასაკისაა ქართული ვაზი და ქართული ღვინო? - შულავერის კულტურის არქეოლოგიური გათხრების მონაცემებმა დაადასტურა ბოტანიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველო მარცვლეული კულტურებისა და ვაზის გაკულტურების მთავარი რეგიონია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VII-V ათასწლეულებს) შულავერში აღმოჩნდა ყველა შინაური ცხოველის ნეშტი, ხორბლის ცხრა და ქერის ხუთი სახეობა. შვრიის, ბარდის, ოსპის, ჭვავის ნაშთები, სამიწათმოქმედო იარაღები, თიხის დერგი ვაზის მტევნების ფერადი სტილიზებული გამოსახულებით. თიხის ჭურჭლის ნამტვრევზე პენსილვანიის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში დადასტურდა ღვინის მჟავის ნაშთის არსებობა. აქვე აღმოჩენილია კულტურული ნიშნების მქონე ყურძნის წიპწები, რომლებიც ძვ. წ. VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. შულავერის კულტურის არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელობა სცილდება არქეოლოგიური განძის ფარგლებს, მას ზოგადსაკაცობრიო და ზოგადისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამ მდიდარმა და უძვირფასესმა არქეოლოგიურმა მონაპოვარმა ამხილა მითი სამყაროს ევოლუციური განვითარების შესახებ. როცა ჩვენ ხელთ გვაქვს უტყუარი, თვალხილული დასტური V-VII ათასწლეულში ყველა შინაური ცხოველის, მრავალფეროვანი მარცვლეული კულტურებისა და ვაზის არსებობისა, მითს კაცობრიობის ევოლუციური განვითარების შესახებ ყოველგვარი საფუძველი ეცლება. შულავერის კულტურის არქეოლოგიურმა მასალებმა პირდაპირი მტკიცებულებით დაადასტურა ბიბლიური ჭეშმარიტება სამყაროს ღვთიური წარმოშობის შესახებ. - როგორ იყო გაცნობიერებული ვაზის კულტურა ძველად საქართველოში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ერის ცხოვრებისთვის? - "და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქუეყანისა, და დაასხა ვენახი და ღვინო მისგან და დაითრო" (დაბადება, 8:20-21), - მოგვითხრობს ბიბლია და ამით გვამცნობს, რომ სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო და ეს მოხდა ღვთის ნებით. უზენაესის მიერ ნოესთვის ნაბოძები ვაზი სიცოცხლის აღორძინებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ იქცა. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმიანობისთვის. ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი). ვენახის დამუშავება წმინდა წერილის ანუ ღვთის წერილის შესწავლა და წმინდა მცნებათა აღსრულებაა. ამგვარი გააზრება ვენახისა, როგორც უზენაესი კატეგორიის ცნებისა, ადამის მოდგმას დასაბამიდან მოსდგამს. ამ გარემოებამ განაპირობა ვენახისადმი ადამიანის უფაქიზესი მიმართება. ვენახის მიმართ ამგვარი ზნეობრივ-ფსიქიკური განწყობა კარგად გამოხატა ქართველმა მევენახემ: "ვენახის სათოხნელადა გული დამიწყებს ღიღინსა". როცა მევენახის მძიმე ფიზიკური შრომა ამგვარ ზეამაღლებულ ნეტარებად მოიაზრება. ვენახი ჭეშმარიტად იქცევა წმინდა წიაღად, სადაც მევენახე ღვთის სადიდებლად მუშაობს. ვენახის ცნებაში უნდა მოვიაზროთ ორი საწყისი: სულიერ-ზნეობრივი და ყოფითი, მატერიალური. "ხე-სიცოცხლისა" - ვაზი თავის თავში იმთავითვე მოიცავს ერთსახედ განსრულებულ ამ ორ საწყისს. ქრისტიანობის შემოსვლამ და დამკვიდრებამ საქართველოში კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ქართველი კაცის ყოფიერება-ცნობიერებაზე. თუკი ქრისტიანობის წინა სამყარო ითავსებდა თრობის როგორც რეალური ყოფიერების ელემენტს ("ამით მიერ აკურთხე ღმერთი, რომელმან დაგათრო შენ კეთილთაგან მისთა", - ამბობს სიბრძნე ისო ზირაქისა), ქრისტიანობამ თრობა სიბილწის წყაროდ გამაოცხადა: "და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისგან არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფეს. 5:8). თუმცა ისო ზირაქისეული სიბრძნის მთელი არსი შეუძლებლად მიიჩნევს მენადიმეთა, ისევე როგორც სუფრის წინამძღვრის თრობის, უღირსად მოქცევის და ფსიქიკური წონასწორობის დაკარგვას. - ბატონო თეიმურაზ, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ღრმად ტრადიციული ფესვები აქვს. ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დამკვიდრდა. რა განსაკუთრებული ღირსება აქვს ქართულ ღვინოს და ხსენებულმა სიახლეებმა რა გავლენა მოახდინა ტრადიციულ მეღვინეობაზე - დადებითი თუ უარყოფითი? - ცნობილი რუსი მეცნიერ-ენოლოგი პროფესორი მ. გერასიმოვი მაღალ შეფასებას აძლევდა კახური ტიპის ღვინოს და მისი წარმოების გაფართოებას მოითხოვდა. "კახური ტიპის ღვინოებს სრული უფლება აქვთ არსებობისა საქართველოს სხვა ხარისხოვანი ღვინოების გვერდით. არ არის მართებული ყოფილ საუფლისწულო მამულში გავრცელებული ტენცენცია ღვინის ადგილობრივი წესით დაყენების გაუქმებისა და სანაცვლოდ ევროპული ტიპის ღვინოების დანერგვისა. ყოველმხრივ უნდა მივესალმოთ "სამტრესტის" მისწრაფებას ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კახური ტიპის ღვინის არა მარტოოდენ შენარჩუნებას, არამედ მისი წარმოების გაფართოებას". 2000 წელს ლონდონის ვინოპოლისის მუდმივმოქმედი გამოფენის ღვინის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორმა, ქალბატონმა სოფია კილიეტმა აღნიშნა: "საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დიდი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია. თქვენ ორიგინალური, მაღალი ხარისხის ღვინოები და დიდი ტრადიციები გაქვთ. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ღვინის წარმოება დამყარებულია თქვენს საკუთარ, მაღალ ღირებულებათა მქონე ენდემურ ჯიშებზე, რაც თქვენს მეღვინეობას ორიგინალურ და განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს. ჩვენ გვჯერა ქართული მეღვინეობის დიდი მომავლის". სტივენ სპურიერმა, მეღვინეთა ჟურნალ "დეკანტერის" კონსულტანტ-გამომცემელმა, თქვა: "ქართული ღვნოები არა მარტო სასიამოვნო და გემრიელია, არამედ მდიდარი შემადგენლობის წყალობით დიეტური და კვებითი თვისებებით გამოირჩევა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ქართული ღვინის ადგილობრივ საკვებთან თანაწყობის ფაქტორს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი ღვინოები ისე არ ეთანაწყობა ადგილობრივ საკვებს, როგორც საქართველოში". საფრანგეთის "პერნო-რიკარის" ჯგუფის მეღვინეობის საერთაშორისო განყოფილების დირექტორმა 1993 წელს ამგვარად შეაფასა საქართველოს მეღვინეობა და ტრადიციები: "საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში, ორი ჯიშის ყურძენი დომინირებს: თეთრი რქაწითელი და შესანიშნავი წითელი საფერავი, ღვინის ქარხნებში ძალიან კარგად იციან მეღვინეობა და ღვინის ქიმია. მიკვირს, ასეთ ტექნოლოგიურ ბაზაზე როგორ ამზადებენ შესანიშნავ სუფრის ღვინოებს, ჩვენი აზრით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ადვილი იქნება მუშაობა მეღვინეობის დარგში, რადგან აქ ღვინის დამზადების და სტუმარმასპინძლობის კულტურა საუცხოოა, ქართველი ხალხი აჩვენებს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, რაც დაფუძნებულია ძლიერი ქრისტიანული ოჯახის გავლენაზე". მაინც რაშია საიდუმლო კახური ღვინის ორიგინალურობისა და მაღალი ხარისხისა? კახური ტიპის ღვინის დაყენების ტექნოლოგია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ხალხური სელექციისა და ტექნოლოგიური ოსტატობის მაღალმა დონემ განაპირობა თავისებურად გამორჩეული სამეურნეო-ტექნოლოგიური მ
| ნოდარ ჩხარტიშვილი | ახასიათებლების მქონე ტექნოლოგიის ჩამოყალიბება. ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოკრძალებით გამსჭვალულმა ქართველმა მევენახემ ღვთის ნებით შეძლო ამოეცნო დიდი საიდუმლო - ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია მოექცია მიწის გულში ღრმად ჩაფლულ თიხის ქვევრში და სასწაულმოქმედი ხელებით ვაზის პოტენცია მაკურნებელ ღვინოდ გარდაექმნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ღვინო ცისა და მიწის ორგანული კავშირის ნაყოფია. რაც შეეხება ევროპულ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ სიახლეებს, საქართველოში მათ შემოტანასა და დანერგვას დიდი სიფთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს სიახლეები არ არის მორგებული და გათვალისწინებული ქართული ღვინოების ტექნოლოგიებისთვოს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა კახური ტიპის ღვინოს აღარ აყენებენ. ან კი სად უნდა დააყენონ, როცა ქვევრები მიწით ამოავსეს, და ეს ვანდალური აქტი აღსრულდა ქართველთა ხელით. - რას იტყოდით ტრადიციულ ქართულ სუფრაზე? - ძველი და ახალი აღთქმისეული პრინციპები ვენახის, ვაზის, ღვინის სიმბოლური გააზრების, დანიშნულებისა და როლის შესახებ ქართულმა სამყარომ აღმატებულად შეითვისა და გაითავისა. ამის უპირველესი დასტურია ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული სუფრა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრის განრიგება ფორმითაც და შინაარსითაც ბიბლიური პრინციპების განახლებაა ყოფით სფეროში. ტრადიციული ქართული სუფრა ოთხგვარია: ყოველდღიური, საქორწინო, კალენდარული და რელიგიური დღეობებისა, თალხი ანუ ჭირისა (სამგლოვიარო). ტრადიციული ქართული სუფრის ეს ოთხი სახე შეიძლება პირობითად ორგვარად: ლხინისა და ჭირის სუფრად დავახასიათოთ. ჭირი და ლხინი ხომ კაცთა ცხოვრების მუდმივად ურთიერთმონაცვლე მოვლენებია, რომელთა მიმდინარეობა სუფრის გარეშე არ არსებობს, მათი ურთიერთგანმასხვავებელი ნიშანი რიტუალის მხოლოდ შინაარსობრივ თავისებურებებში მჟღავნდება, რაც განსაზღვრავს მის გარეგნულ ფორმასაც, წესი და თადარიგი ჭირისა და ლხინის სუფრებისა მკაცრად რეგლამენტირებული და დახვეწილია, თანამეინახეთა სულიერ-ზნეობრივი განწყობის ადეკვატურად გამომხატველი. თალხი ანუ ჭირის სუფრა გარეგნული ფორმით სადა, მკაცრი, ერთგვარად დაუნჯებული და მოთოკილია, შინაგანი არსით კი მეტად დაყურსული. თალხი სუფრა მადლია ფერისცვალებისა, ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასული კაცისადმი გაცემული, ღვინით დამბალი პური კი მისი სულისა და ხორცის გარდასული ერთიანობის გასიმბოლოებული შეგრძნებაა. ბუნებრივია, თალხი სუფრა ითხოვს სადღეგრძელოთა შემჭიდროებულ რიგს, ლაკონურობასა და სიბრძნეს, ეს კი როგორც თამადის, ისე სუფრის თითოეული წევრისგან ემოციურ-ფსიქოლოგიურსა და ზნეობრივ სიმდიდრეს მოითხოვს. რელიგიური რწმენის შებღალვამ და დაკნინებამ ადამიანის ზნეობრივ სამყაროს საფუძვლები შეურყია. თანდათანობით დაიკარგა გაცნობიერება თალხი სუფრის დანიშნულებისა, აირია ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის სუფრების თადარიგი, დაკნინდა მათი არსი. ჭირისუფალთა მანუგეშებელი და გამამხნევებელი რიტუალი მათ შემაწუხებელ და შეურაცხმყოფელ მოვლენად იქცა. ჭირის სუფრაზე შვიდი, იშვიათად ცხრა სადღეგრძელო ისმებოდა, დროცა და სასმელიც ზომიერად იხარჯებოდა. ასევე შეზღუდული იყო წრე იმ ადამიანებისა, ვინც ჭირის სუფრაზე იკრიბებოდა - ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, ახლო ნათესაობა, ოჯახთან დაახლოებული ხალხი. ქართული სუფრა ტრადიცულად ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი იწყება. მას მოსდევს მშვიდობის სადღეგრძელო (განსაკუთრებით - გურიასა და ბასკეთში), საზოგადოდ, ქართული სუფა გაჟღენთილია "კაცთა შორის სათნოებით", ყოველი სადღეგრძელო სუფრის თანამეინახეთა ურთიერთმიმართებას ამჟღავნებს და სათნოებით არის აღბეჭდილი. ის, ფაქტობრივად, საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობას ემთხვევა: უფლის დიდება, ცოცხლების დღეგრძელობა, გარდაცვლილთა გახსენება, ურთიერთის მოსიყვარულება, გურიაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი სადღეგრძელო ხელისუფლებისა (ძველ დროში უფლისა და საქართველოს შემდეგ, ადღეგრძელებენ მეფე-დედოფალს), დაბოლოს, სუფრის დამაგვირგვინებელი სადრეგრძელო. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სხვაგვარად - საყოვლადწმინდო. გავიხსენოთ ლოცვა, რომლითაც მთავრდება დილისა და ძილად მისვლის ლოცვები: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმინდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ". ცხადზე ცხადია, ეკლესიური ცხოვრების წესმა, ქრისტიანულმა ცნობიერებამ ქართული სუფრაც ამაღლებულ სულიერ-ზნეობრივ ყალიბში მოაქცია. სუფრის დაწყება ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი და სუფრის დამთავრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა სადღეგრძელოთი ამის უტყუარი დასტურია. ამიტომაც არის, რომ ღვინოს, ამ ღვთიურ სითხეს, რომელიც "ახარებს გულსა კაცისასა" და "აღავსებს სულითა", განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანთა ურთიერთობაში. ნადიმის სუფრაც ხომ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროა, მხოლოდ არა ჩვეულებრივი, ყოფითი, არამედ ამაღლებული, სულიერ-ზნეობრივი მუხტით აღბეჭდილი, რომელიც ადამიანში აღვიძებს და აძლიერებს ღვთისთვის სათნო აზრებსა და გრძნობებს. ღვინოს ადამიანის სულში შეაქვს დიდი ღვთიური მადლი, ამიტომაც მასთან მიახლოება და ხმევა დიდი კდემით და თავმდაბლობით უნდა ხდებოდეს; ამიტომაც გვმოძღვრავს წმინდა პავლე მოციქული: "და ნუ დაითვრებით ღვინითა", სვით, იხმიეთ ზომიერად, რათა "აივსოთ სულითაო". მარად გვახსოვდეს ბრძენი სულხან-საბას შეგონებაც: "განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალეს უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა. სტუმარი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვნო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად. მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ბოროტსა". - როგორი იყო ღვინის მოხმარების კულტურა ძველად და როგორია ის დღეს? - ღვინის ზომიერი სმა უმთავრესი ნიშანი იყო ქართული სუფრისა. თრობა და "ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა. იგი თავისი არსით არ ესადაგება ტრადიციული ქართული ლხინის რიტუალს. აკაკი წერეთელი ასე გადმოგვცემს ძველი ქართული ლხინის, ნადიმის მახასიათებელ თვისებებს: თურმე ძველმა ქართველებმა "მთვრალობა და სადღეგრძელო სათვითოო არ იცოდენ". ეს ორი ნიშანი ქართული ლხინისა უპირველეს ყოვლისა ქართველი კაცის ცნობიერი, სულიერ-ზნეობრივი იერსახის გამოხატულებაა. რას უნდა ნიშნავდეს "სადღეგრძელო სათვითოო"? ეს არის ის, რასაც დღეს პირად სადღეგრძელოს ვუწოდებთ. რატომ არ იყო მიღებული ძველად ქართულ ყოფაში "სათვითოო სადღეგრძელოების" თქმა და საიდან დამკვიდრდა ეს ჩვეულება ჩვენს ყოფაში? კარგად თუ ჩავუკვირდებით, "სათვითოო სადღეგრძელოების" მიუღებლობა ერთ-ერთი ძირითადი ქრისტიანული თვისების - თავმდაბლობის გამოხატულება უნდა იყოს. "ნუ მაღლოინ, კაცო!" - დავით წინასწარმეტყველის ეს მცნება იყო ამოსავალი ყოველი ქრისტიანისთვის და ქართველი კაცი, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, მას ზედმიწევნით იცავდა. XIX საუკუნეში სურათი უკვე მკვეთრად შეცვლილია. იმდენად, რომ აკაკი გულისტკივით წარმოთქვამს: ძველ ქართველებს "ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდენო". როცა დიდი აკაკი გულისტკივილით ჩივის XIX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შესამჩნევ ზნეობრივ გადახრაზე, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, დღევანდელ ე.წ. "ლხინის სუფრების" შემყურეთ? ტრადიციული ქართული სუფრა ქრისტიანული ზნეობით იყო გაჟღენთილი. კვლავ აკაკის მოვუსმინოთ: თურმე ძველად "პირველ სმაზე ახსენებდენ საქართველოს და უფალსა დღეგრძელობით თაყვანს სცემდნენ მეფესა და დედოფალსა". ქართული სუფრის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სადღეგრძელო გახლავთ. ის თამადისა და თანამეინახეთა შორის ურთიერთობის წარმმართველი, ლხინისთვის შინაარსისა და მიმართულების მომცემი, თანამეინახეთა შემოქმედებითი პოტენციის გამჟღავნების უპირველესი ფაქტორია. სადღეგრძელოს მარტოოდენ გარეგნული მჭევრმეტყველებითი ეფექტი არ უნდა ახასიათებდეს. იგი უპირველესად აზრობრივი სიღრმით უნდა იყოს დატვირთული. სადღეგრძელო თავისი არსით რთული ფენომენია. შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ის ღვინით შევსებული სასმისის გარეშე არ წარმოითქმება. სადღეგრძელო და ღვინო ერთი მთლიანობაა, რამეთუ უღვინოდ სადღეგრძელო არ ითქმის. ღვინო ანიჭებს სადღეგრძელოს ღვთიურ ძალას, სადღეგრძელოს წარმომთქმელს - დალოცვის უნარს. სადღეგრძელო ხომ ღვთისადმი მიმართული ლოცვაა სიკეთის, სიუხვის, მშვიდობის, გამრავლების, სიყვარულის დასამკვიდრებლად და გასამრავლებლად ადამიანთა შორის. ასევე გთავაზობთ ჩემს ინტერვიუს, ჩვენი დროის დიდ მეცნიერთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსთან, მევენახეთა და მეღვინეთა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთან, ბატონ ნოდარ ჩხარტიშვილთან, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად ბატონი ნოდარი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. მისი აღზრდილია ღირსეული თაობები სწავლულებისა და სპეციალისტებისა. „თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია...“ (ჟურნალი: „კარიბჭე“ 07.08.2008). ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში ვაზს დასაბამიდანვე ეკავა გამორჩეული ადგილი ქართველმა დიდი გარჯისა და ოფლის ფასად უპატრონა და გადმოგვილოცა ვაზის უნიკალური ჯიშები: რქაწითელი, ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა, უსახელოური... მან დაგვიტოვა "მართალი ღვინის" დაყენების რეცეპტი. სვეტიცხოვლის კედელზე მან გამოსახა "სიცოცხლის ხე", რომელიც ვაზის მტევნებით შეამკო და ამით ვაზი და ღვინო სიცოცხლეს, გადარჩენას დაუკავშირა. მან შეიცნო, რომ ღვინო ქრისტეს სისხლის წინასახეა. ის თვით უფალმა გამოირჩია, გააკეთილშობილა და გვიკურთხა, სულისა და ხორცის საკურნებლად დაგვიდგინა. მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების დონე ყოველთვის განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ მრავალსაუკუნოვანი დარგის განვითარების საქმეს წარმართავს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, რომელიც წამყვანი სამეცნიერო ცენტრი გახლავთ ჩვენს ქვეყანაში. ინსტიტუტის შექმნას დასაბამი მისცა 1890 წელს სოფელ საქარაში მევენახეობის საცდელი სადგურის ჩამოყალიბებამ. 1930 წელს აკადემიკოს ს. ჩოლოყაშვილის თაოსნობით დაარსდა მევენახეობა-მებაღეობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1937 წელს გარდაიქმნა საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტად. 1956 წელს კი მას შეუერთდა მეხილეობის საცდელი სადგური და ეწოდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის მთავარი და უპირველესი საზრუნავი საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დღევანდელი დღე და უკეთესი მომავალია. გვესაუბრება ბატონი ნოდარ ჩხარტიშვილი, რომელიც მორწმუნე ადამიანია, უაღრესად თბილი, სპეტაკი, თავმდაბალი, კეთილი, ყურადღებიანი. - ბატონო ნოდარ, უცხო ერის წარმომადგენლებს ყოველთვის აღელვებდათ ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება, ღვთაებრივი სიყვარული ვაზისადმი. მაინც რით შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი? - ამის ახსნა რელიგიურ და ფილოსოფიურ სფეროს მიეკუთვნება. ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავის ჯვრით ეზიარა. თითქოსდა, მოულოდნელია ჯვრის ვაზისგან გაკეთება - წმინდა ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცნობდნენ ვაზის ძალას. ამიტომ ვაზის ჯვარს უფრო ირწმუნებდნენ. ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვენახი, ვაზი და ღვინო არაერთხელაა მოხსენიებული წმინდა წერილში, ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. ძველ აღთქმაში ღმერთი მევენახ
| კოტე ჩოლოყაშვილი | ედ იწოდება, მისი რჩეული ერი კი - ვენახად. ღვთისადმი დაუმორჩილებელი ერი შედარებულია ველურ და უცხო ვენახთან, რომელიც მავნე და შხამიან ნაყოფს იძლევა. ვენახის დამუშავება, სულიერი მნიშვნელობით, იმ სათნოებებზე მიგვანიშნებს, რისი მეოხებითაც შესაძლებელი ხდება საკუთარი სულის სრულყოფა და გადარჩენა. სახარების იგავებში უფალი ვენახის პატრონად გვევლინება, ჩვენ კი მისი მევენახეები ვართ, ვენახის მოქმედნი. რამდენიმე იგავში ვენახის პატრონი უზენაესი შემოქმედია, რომელმაც ჩაყარა ვაზი - შექმნა სამყარო და დასამუშავებლად მისცა ადამიანს, ერს, კაცობრიობას. მევენახე კი თავად უფალი იესო ქრისტეა, ჩვენი შუამდგომელი და შემწე, რომელიც ვაზის მოვლა-პატრონობაში გვეხმარება. გავიხსენოთ - სწორედ ღვინოს უკავშირდება ქრისტეს პირველი სასწაული: გალილეის კანაში უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. იოანეს სახარებაში უფალი გვამცნობს: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი". ქრისტეში ყოფნა და მასთან ზიარება ვაზის ნაყოფით - ქრისტეს წმინდა სისხლით, ასევე ქრისტეს პატიოსანი ხორცითაა შემტკიცებული. სულიწმინდის ძალით პური და ღვინო საიდუმლოდ, უხილავად გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად. ვაზი და ღვინო სულის ცხონებასა და გადარჩენას უკავშირდება. ქართული ვაზის ამბავი საქართველოს უტყვი ისტორიაა. ქართველი ერის და ვაზის ბედის განუყოფლობა ისტორიამ დაადასტურა. მტერმა იცოდა, რომ ქართული ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას ემუქრებოდა საფრთხე. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხდნენ ვაზს, ვენახს ნავენახარად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ქართველ კაცს, საბედისწერო პირობებშიც კი, ბედის ანაბარა არასოდეს მიუტოვებია ვაზი. ომებით იავარქმნილი ამოისუნთქებდა თუ არა, ვაზის გაშენებას იწყებდა. ვაზი წმინდა კულტურა იყო. საქართველოში არც ერთი ტაძარი არ აშენდებოდა ისე, რომ მის დეკორში, არქიტექტურულ ნაწილში არ ყოფილიყო გამოყენებული ვაზის ფოთოლი, მტევანი, ყლორტი, საეკლესიო მამულებში ვაზი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უწმინდესი მცენარე. საბედნიეროდ, დღეს, ჩვენი მეწარმეების დიდი ნაწილი მორწმუნეა. ისინი ღვთის ძალითა და შეწევნით აღწევენ წარმატებებს. უფლის შემწეობით საქართველოში მევენახეობის დარგი კვლავ დაადგა აღორძინების გზას. ტრადიცია აღდგა: ვენახებსა და ქარხნებს ღვთისმსახურნი აკურთხებენ. ვაზისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება აირეკლა ხელოვნებაში, პოეზიაში, მუსიკაში... გავიხსენოთ თუნდაც ფილმი "ჯარისკაცის მამა". კახელი გლეხისთვის ვაზის გადათელვა ისეთივე შემზარავი მოვლენაა, როგორიც ბავშვის მოკვლა. ხალხური ლექსი გვეუბნება: "ვაზო, შვილივით ნაზარდოო". სხვა ერებში ვერ იპოვით ასეთ დამოკიდებულებას ვაზისადმი. დემეტრე I ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელში ღვთისმშობელს ვაზს ადარებს: "შენ ხარ ვენახი ახლად აღყუავებული..." I კურსის სტუდენტებს ვაზისა და ღვინის ისტორიის კურსს ვუკითხავ. ლექციებს თეიმურაზ II-ის "ხილთა ქებით" ვიწყებ. აქ ხილთა გაბაასებაში წარმოჩენილია ვაზის უპირატესობა. ასე რომ, ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყაროა ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, საფიცარი და სალოცავი. - ქართველმა კაცმა 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გამოიყვანა. ამ პატარა ქვეყანაში ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება ნაწილობრივ, ალბათ, ვაზისადმი ქართველი კაცის საკრალურმა დამოკიდებულებამაც განაპირობა. - ივანე ჯავახიშვილმა 524 ჯიშის ნუსხა დაგვიტოვა და დართული აქვს საქართველოს ამპელოგრაფიას, რომლის ავტორებიც არიან ნიკო კეცხოველი, დ. აბაშიძე, მაქსიმე რამიშვილი... მევენახეობის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, 40-იან წლებში დაიწყო მუშაობა მათ პოვნაზე. სოლომონ ჩოლოყაშვილისა და მაქსიმე რამიშვილის ძალისხმევით საკოლექციო ნაკვეთებში შეგროვდა 425-ზე მეტი ჯიში. დანარჩენი მოსაძებნია. ამ ადამიანებმა ანდერძად დაგვიტოვეს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, თაკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ძეგლების მშენებლობაზე... ჩვენი ვალია, დავიცვათ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ისინი" (მაქსიმე რამიშვილი). ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება განაპირობა, ჯერ ერთი, ადგილობრივმა ბუნებრივმა პირობებმა: მზემ, ნიადაგმა, კლიმატმა და, რა თქმა უნდა, ქართველი კაცის დამოკიდებულებამ ვაზის მიმართ. ეს ჯიშები ხალხური სელექციის შედეგიცაა. კახელი კაცის გონიერებას უკავშირდება საუკეთესო ჯიშების გამორჩევა. ქართველმა კაცმა ტყიდან სხვა მრავალ სასარგებლო მცენარესთან ერთად ვაზიც გამოიტანა, კარ-მიდამოში გააშენა და მის მოვლა-პატრონობას შეუდგა. ამას, რა თქმა უნდა, კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად მოიპოვება მსოფლიოში ისეთი შეზავებული, ზომიერი კლიმატი, ოაზისი, როგორიც საქართველოშია. სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ უსახსრობის გამო აგრარული უნივერსიტეტის საკოლექციო ნაკვეთებს, სადაც ბატონმა მაქსიმე რამიშვილმა თავი მოუყარა 425 ჯიშს, არ გაუფრთხილდნენ (მისი მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი) და ეს ჯიშები, ფაქტობრივად, განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2000 წლის დასაწყისში კოლეგების დახმარებით შევაგროვეთ და იტალიაში გავაგზავნეთ ვაზის 150 ქართული ჯიში. მათი დიდი ნაწილის აღწერილობა შევიდა სქელტანიან ნაშრომში, რომელიც ჩემი თანაავტორობით გამოსცა მილანის უნივერსიტეტმა. ამ წიგნში წარმოდგენილ რუკაზე საქართველო მიჩნეულია კულტურული ვაზის ფორმათა წარმოშობის ერთ-ერთ პირველად კერად, საიდანაც ის გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. შევძელით, ამ რთულ პირობებში 400-მდე ჯიშისთვის მოგვეყარა თავი, მევენახეობის ინსტიტუტის ტერიტორიაზე გაგვეშენებინა და ასე გადაგვერჩინა. ამას დიდი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. - რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ბუნებრივი, ძველი ქართული წესით დაყენების ტექნოლოგიას? - წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის რა, გარდა ყურძნის წვენისა". ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს უმატებდა, არაფერს ბღალავდა. "ბუნებრივი" წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგია. სწორედ ასეთი, "ხელთუქმნელი" ღვინოა მარგებელი, მაკურნებელი თვისებისა, მხოლოდ იგი "ახარებს გულსა კაცისასა", როგორც ბრძანებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი. ქართული ღვინისადმი უცხოელების ინტერესს განსაზღვრავს მისი ღირსებები, რომელიც უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ ვინმეს მისი გაყალბების საშუალება. საქართველოში შექმნილია ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგიები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, კახური ღვინო სამკურნალოა. თავისი თვისებებით იგი უთანაბრდება წითელ ღვინოს, რომელიც ასე მიღებულია ბაზრისთვის. კახური წესით დაყენებულ ღვინოში მოიპოვება სწორედ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას. ეს ნივთიერებები ნაკლებად გვხვდება იმავე ჯიშისაგან დაყენებულ ევროპულ ღვინოში. ძველი ტექნოლოგიით ღვინის დაყენება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მასზე ხელის აღება არ შეიძლება. ახლა ვმუშაობთ ტექნოლოგიის შედარებით გაადვილებაზე, რაც ხელს შეუწყობს მის შენარჩუნებას. - როგორია მევენახეობის განვითარების პერსპექტივა? - ამ დარგის განვითარების დონე ანარეკლია ქვეყნის პოლიტიკური და სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის ეკონომიკური საფუძველი, არსებობის წყარო იყო და დღესაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად რჩება. ჩვენმა ინსტიტუტმა შეიმუშავა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კონცეფციური პროგრამა. ასე რომ, კანონმდებლობა, დამცავი მექანიზმი ვაზის კულტურასა და ღვინოს აქვს. ჩვენ შევძელით და პარლამენტში შევიტანეთ კანონი, რომლის პრეამბულაში დაფიქსირებულია ის, რომ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობა პრიორიტეტული დარგია. ამ აღიარებამ ხელი შეუწყო ამ დარგისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას. ამ კონცეფციაში ჩამოყალიბებულია სწორედ პერსპექტივა - რა გზით უნდა წარიმართოს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება. ისტორიულად საქართველო ხარისხოვანი ღვინის ქვეყანაა და ეს შენარჩუნებული უნდა იქნეს. შემდეგ განსაზღვრულია სხვა მიმართულებებიც: სანედლეულო ბაზის გაფართოება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება-შენახვა, ნერგის წარმოების ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია - უვირუსო, ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით ქვეყნის უზრუნველყოფა, ტრადიციული ტექნოლოგიების სრულყოფით კონკურენტუნარიანი ღვინოების მიღება, ჯიშური თავისებურებებისა და კვებითი ღირებულების შენარჩუნება და სხვა. ქართველი მეცენატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობითა და თანადგომით პირველი სანერგე საგურამოში ჩაიყარა. კონცეფცია რეალობად იქცა. მოგვეცა საშუალება, კვლავ მოვაშენოთ ვაზის უნიკალური ჯიშები და დავიცვათ ქართული გენოფონდი. კიდევ გავიმეორებ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა არის ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელი დარგი. საკმარისია აღინიშნოს, რომ უახლოეს წარსულში - გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მევენახეობიდან მიღებული შემოსავალი ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18-20%-ს შეადგენდა; ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში ამ დარგის წილად 25%-ზე მეტი მოდიოდა. ამ დარგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სფეროში თავისი წვლილი რომ შეიტანოს, საქართველოს უნდა ჰქონდეს 80-90 ათასი ჰექტარი ვენახი. უნდა აღდგეს უნიკალური ჯიშები უნიკალურ ზონებში. სარგავ მასალასთან ერთად აუცილებელია უნიკალური ჯიშებისთვის უნიკალური პირობების, გეოგრაფიული საზღვრების დადგენა. ამ საქმეს ინსტიტუტი უდგას სათავეში. ასე რომ, პერსპექტივა ამ დარგს კვლავ უდიდესი აქვს. ქართველმა ორიგინალურმა ღვინოებმა მსოფლიო ბაზარზე უნდა დაიმკვიდროს მყარი ადგილი. საქართველოში არც ერთი ტაძარი არ აშენდებოდა ისე, რომ მის არქიტექტურულ ნაწილში არ ყოფილიყო გამოყენებული ვაზის ფოთოლი, მტევანი, ყლორტი დაბოლოს გთავაზობთ ჩემს ძველ ინტერვიუს ქართული სუფრის უბადლო თამადასთან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელთან, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლთან, ბატონ კოტე ჩოლოყაშვილთან. "ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან" (ჟურნალი: „კარიბჭე“16.06.2006). ვინ იცის, რამდენი შესანიშნავი სადღეგრძელო წარმოთქმულა ქართულ სუფრაზე და კვლავაც წარმოითქმება... ძველად საქართველოში სადღეგრძელოების წარმოთქმას თავისი წესი ჰქონდა: ,,პირველ სმაზედ ახსენებდნენ საქართველოს და უფალსა; დღეგრძელობით თაყვანს სცემდნენ მეფესა და დედოფალსა, ბოლოს გმირებს იგონებდნენ, მამულისთვის ომში მკვდარსა და მღვდელმთავრის კურთხევითა სვამდნენ მათ შესანდობარსა’’ (აკაკი წერეთელი) როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ქართველ ხალხს - ეკლესიაში სიარული, სასულიერო პირებს კი მღვდელმსახურება აუკრძალეს, ქართულმა სუფრამ ადრინდელზე მეტი დატვირთვა შეიძინა - ის თითქმის წმინდა ტრაპეზად იქცა, სადაც ქართველებს დაუფარავად შეეძლოთ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულის გამოხატვა, ხოლო სადღეგრძელო - ლოცვად. ქართული სუფრის უბადლო თამადის, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის კოტე ჩოლოყაშვილის სადღეგრძელოებს ჩვენი ქვეყნის მრავალი სტუმარი მოუხიბლავს. ერთხელ ბატონმა კოტემ ასე წარმოთქვა ღვინის სადღეგრძელო: ,,ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მოჰქონდა ვაზის ჯვარი, ვაზის ორი ტოტი, შეკრული თავისი თმით. როდესაც მუსლიმანები გვიპყრობდნენ, პირველ ყოვლისა ვენახებს ჩეხავდნენ, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლებს, ღვინო დაგვეხმარა ქართული სულის შენარჩუნებაში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... ოქტომბერს ჩვენ ღვინობისთვეს ვეძახით. ჩვენ ღვინით ვემშვიდობებით გარდაცვლილს და ვესალმებით ახალშობილს. ჩვენ ღ
| ვინით ვუხსნით სიყვარულს. გაუმარჯოს ღვინოს!’’ - ბატონო კოტე, ვაზის, ღვინის მიმართ ქართველს ოდითგანვე საკრალური დამოკიდებულება ჰქონდა... - აღარ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის ჯვრით არის ნაკურთხი... გაქრისტიანების შემდეგ ვაზმა ქართველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. ის მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყარო კი არ იყო ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, მამა-პაპათა ნაშრომ-ნაღვაწის ნაშთი და სახსოვარი. ,,ვენახი ხომ ერთის დღისა და წლის საქმე არ არის. იგია ნაყოფი დიდის ხნის ჯაფისა და შრომისა, იგია თავნი, ნელ-ნელა მოგროვილი მამა-პაპის ოფლის ღვრითა და თითქმის უტყვი ისტორიაა მთელის ოჯახის ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებისა’’, - წერს წმინდა ილია მართალი. ქართული ვაზის ამბავი მართლაც „უტყვი ისტორიაა“, ისეთივე სევდიანი, როგორიც თვით საქართველოს მატიანე. მტერმა იცოდა, რომ ვაზის ამოძირკვით ჩვენს სულიერებას, ქართველობას უქადდა საფრთხეს. ამიტომაც დაუნდობლად გვიჩეხდნენ ვაზს, ვენახებს ნავენახარებად გვიქცევდნენ, ფუძეს გვიშლიდნენ. ეს ყოველივე ქართულ ხალხურ პოეზიაშიც არის ასახული: ,,ახმეტას სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძვირსაო, ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ ჩავასახლებთ ელსაო’’. თავისი მადლიანი მარჯვენით მოყვანილი ღვინითა და პურით ცხოვრობდა ქართველი კაცი: ,,არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმა მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლიდან წლამდის გამყოლია’’. ქართველი ქართველს ასე დალოცავდა: ,,თქვენი კიდობანი ყოფილა სავსე წმინდა ფქვილითა, თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე წითელი ღვინითა’’. პურზე ღვინოს ასხამდნენ და მიცვალებულს ასე იგონებდნენ. ზიარებაც ხომ პურითა და ღვინით ხდება - სულიწმინდის ძალით პური და ღვინო საიდუმლოდ, უხილავად გარდაისახება იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად. სხვათა შორის, სიტყვა ,,პურ-მარილი’’ რუსულის კალკია - ,,хлеб-соль’’. ჩვენში ,,პურ-ღვინოს’’ იტყოდნენ. - ზემოთ წმინდა ილია მართალი დაიმოწმეთ. მე კი მის ამ სიტყვებს შევახსენებ მკითხველს: ,,ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის რა გარდა ყურძნის წვენისა’’. მართლა ასეა? როგორ უვლიდნენ ჩვენში ვაზსა და ღვინოს? - ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს დაუმატებდა, არაფრით შებღალავდა, ,,ბუნებური’’ წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია. სწორედ ასეთ ,,ხელთუქმნელ’’ ღვინოს აქვს მარგებელი, მაკურნებელი თვისება, მხოლოდ იგი ,,ახარებს გულსა კაცისასა’’, როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს. ჩვენ, გეორგიანელები, მიწათმოქმედი ხალხი ვართ. ქართველმა გლეხმა დიდი გარჯისა და ოფლის ღვრის ფასად შემოგვინახა 500-მდე ვაზის ჯიში და დაგვიტოვა ,,მართალი ღვინის’’ დაყენების რეცეპტი. ქართული მიწისა და ბუნების ბარაქა გამოჰყოლია სახელებს, ჩვენს წინაპარს რომ შეურჩევია ვაზის ჯიშებისთვის: თაკვერი, თითა, საფერავი, მუხა მწვანე, ხარისთვალა, დანახარული, ჩიტისკვერცხა, მელიკუდა, ჭროღა, საბატონო, ცხენისძუა, ჯვარი, რქაწითელი, ნაფარეული, ოჯალეში, ალადასტური, ხვანჭკარა, მუკუზანი, გურჯაანი, თელიანი, უსახელოური... ამ ჯიშებისგან დაწურული ქართული ღვინო იყო ,,კეთილი’’, ,,კარგი’’, ,,სასმელად მშვენი’’, ,,შემრგო’’, ,,ქებული ყოველთა შინა’’, ,,ძალიანი’’, ,,წარჩინებული’’ (ვახუშტი ბატონიშვილი). ღვინოს, მოგეხსენებათ, ქვევრში ინახავენ. დასავლეთ საქართველოში ქვევრები ეზოში აქვთ, აღმოსავლეთ საქართველოში კი საგანგები ნაგებობაში - მარანში. როცა სტუმრის საგანგებო პატივისცემა სურდათ, მარანში შეიპატიჟებდნენ და სუფრას იქ გაუშლიდნენ. ვაზის მოვლა ძნელია. აღმოსავლეთ საქართველოში ზამთრისპირზე ვაზს მიწაში მარხავდნენ. დასავლეთ საქართველო კი, მოგეხსენებათ, უფრო ნესტიანია და ვაზს, რომ არ დაჩაგრულიყო, ხეზე უშვებდნენ. ყურძენს საგანგებო გიდელებით კრეფდნენ. კარგა ხანს ცდილობდნენ, ქართული ვაზი ევროპიდან შემოსული ჯიშებით შეეცვალათ. მიაღწიეს კიდეც საწადელს: დასავლეთ საქართველოს ქებული ალადასტური, ოჯალეში და უსახელოური ამერიკულმა ჰიბრიდმა იზაბელამ გამოდევნა; საფერავს, კახურ წინანდალს, გურჯაანსა და ნაფარეულს გემო უცვალეს, ქართული ქვევრები მიწით ამოავსეს, ახლა კი ღვინოს გვიწუნებენ, ფალსიფიცირებულიაო. როცა კაცს შარის მოდება უნდა, მიზეზი არ დაელევა. - ქართული ეროვნული ფსიქოლოგია ქრისტიანობით არის ნასაზრდოები. ჩვენს სუფრულ ტრადიციებზე თუ აისახება ეს? - რაც ქართველ კაცს სუფრების შლაში ხარჯი გაუწევია, ალბათ, მეორე საქართველო აშენდებოდა. მაგრამ იქნებოდა კი ამის გარეშე საქართველო საქართველო ან ქართველი - ქართველი?! ქართველთა ხასიათი, ტემპერამენტი, ცხოვრების ნირი, ქცევის ნორმები მართლაც დიდწილად განსაზღვრა ქრისტიანულმა სიბრძნემ. ქართულ ეროვნულ მოდელს კარგად მოერგო ქრისტიანობა. სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულია სამოთხისეული ,,სიცოცხლის ხე’’, რომელიც ქართველმა კაცმა ვაზის მტევნებით შეამკო და ამგვარად ვაზი და ღვინო უკვდავებას დაუკავშირა. დამოუკიდებლობა რომ დავკარგეთ და წირვა-ლოცვებზე ხელი აგვაღებინეს, ქართულმა სუფრამ გადაარჩინა ეროვნული ფასეულობები. ისხდნენ, გულს იოხებდნენ, კარგს აქებდნენ, ავს გმობდნენ, გარდასულ დიდებას იხსენებდნენ, ილოცებოდნენ. დალოცვას სუფრაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოდაც, რაც უფრო მეტი ხალხი გადღეგრძელებს და დაგლოცავს, მით უფრო გემატება ძალა და მხნეობა. ჯერ ღირსეულ კაცს შეაქებდნენ და დალოცავდნენ. სუფრაზე მყოფი ახალგაზრდა უსმენდა და მის გულში მკვიდრდებოდა ის ფასეულობები, რასაც სხვას უქებდნენ. ფიქრობდა, მოდი, მივბაძავ, მეც ასე ვიცხოვრებ, რომ მასავით დამლოცონ და მადღეგრძელონო. ასე რომ, სადღეგრძელოს აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ნაკლს სუფრაზე არ წამოგაძახებდნენ. რა თქმა უნდა, უნაკლო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ სუფრაზე მხოლოდ კარგის წარმოჩენა ხდებოდა. დიდი-დიდი, მსუბუქად გაეკენწლათ, ნაკლი იუმორით ეგრძნობინებინათ. თუ კაცი ვინმეზე ნაწყენი იყო, სუფრას მასთან ერთად არ მიუჯდებოდა და თუ მიუჯდებოდა, აუცილებლად უნდა შერიგებოდა. თუკი პური ერთად გაგვიტეხია და ღვინოც დაგვილევია, ესე იგი, უკვე ახლობლები ვართ. ასეთი ტრადიციის გამოძახილი დავით წინასწარმეტყველთანაც გვხვდება: ,,რომელმაც ჰყვის ზაკვა, მის თანა პური არა ვჭამო’’; ,,ხოლო შენ, კაცო, მოყვასო ჩემო, რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადი’’... და სხვა. - უამრავ სუფრაზე გითამადიათ. რის მიხედვით ირჩევენ თამადას და რა მოეთხოვება მას? - თამადობა ოდითგანვე ძალზე საპატიო მოვალეობა იყო. სუფრას უმთავრესად ოჯახის უფროსები უძღვებოდნენ, მაგრამ იყვნენ ცნობილი თამადებიც. შესანიშნავი თამადობა სცოდნიათ გოგლა ლეონიძეს, ნიკო მუსხელიშვილს, აკაკი შანიძეს, შალვა ნუცუბიძეს, პეტრე ბოკერიას, პედაგოგ სიმონ სხირტლაძეს, დოდო აბაშიძეს. ოჯახისთვის სახელი იყო, როცა მათ სუფრას ასეთი ადამიანი უთამადებდა. პეტრე ბოკერია სულ ლექსებით ამბობდა სადღეგრძელოებს. ხან ილიას ლექსებზე აგებდა სადღეგრძელოებს, ხან - აკაკისაზე, ხან - ,,ვეფხისტყაოსანზე’’. დალოცვილი ღვინოც თვითონ გკარნახობს, როგორ მოიქცე. ერთხელ თბილისში სტუმრად გახლდათ საბჭოთა კავშირის მარშალი გრეჩკო. პეტრე ბოკერიამ სუფრაზე ესენინის, ბლოკის, პუშკინის ლექსები წარმოთქვა. გრეჩკო მოიხიბლა და უთხრა: Тамада, подойдите, хочу вас поцеловать! პეტრემ უპასუხა: Я Тамада, вы должны подойти! არ შეიძლება, თამადამ ფეხი მოიცვალოს თავისი ადგილიდან. ამასაც თავისი წესი აქვს. სუფრასთან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის უფრო ადრე ადღეგრძელებს თამადა. აქ დიპლომატიისა და ტაქტის გარეშე ვერაფერს გახდები. წესად ჰქონდათ, თალხი სუფრა უთუოდ კენტი სადღეგრძელოთი დაემთავრებინათ, რადგან ერთი კაცის გამო იყო ეს სუფრა გაშლილი, მისი მოსაგონარი გახლდათ. თამადას ერთი სადღეგრძელოც არ უნდა გამორჩენოდა. ერთხელ გოგლა ლეონიძეს უთამადია სუფრაზე, ღვინო მოჰკიდებია და ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადღეგრძელოს წარმოთქმა დავიწყებია. სოფლიდან სოფელში მიმავალს გახსენებია, მობრუნებულა, დაცარიელებულ სუფრაზე მაინც შეუსვამს საყოვლადწმინდო და ისე წასულა შინ. თამადამ ღვინო კარგად უნდა აიტანოს, თორემ თუ დათვრა, ეს ნიშნავს, რომ სუფრა უნდა აიშალოს, რადგან სხვა ვეღარ გაუძღვება. ქართული სუფრა იყო სკოლა ვაჟკაცობის, მამულის სიყვარულის, წესიერების. როგორც არ უნდა დაგელია, თავი არ უნდა დაგეკარგა. ღვინო კი არ უნდა მოგრეოდა, შენ უნდა მორეოდი ღვინოს. წაბარბაცება სირცხვილად ითვლებოდა. - სამწუხაროდ, დღეს ტრადიციების ერთგულებით სხვადასხვა მანკიერება ინიღბება. იბღალება ქართული სუფრის ადათი და ის ღრეობად, ლოთობის, ნაყროვანების ასპარეზად იქცევა ხოლმე, რომელიც არცთუ იშვიათად ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება... - მართალი ბრძანდებით, ტრადიციების შერყვნა აღმაშფოთებელია. ჩვენი წინაპრები ამ მხრივ ქრისტიანული ზომიერებითა და მაღალი კულტურით გამოირჩეოდნენ. ქართველმა კაცმა ყოველთვის იცოდა, სად და ვისთან ერთად დაელია, როდის, როგორ და რამდენი. სუფრა თავისას მოითხოვს: დაუშვებელი იყო ბილწი სიტყვების ხმარება, მით უმეტეს - თუ სუფრასთან მანდილოსნებიც ისხდნენ. ნასვამი კაცი საგანგებოდ უფრთხოდა ჩხუბს, იმიტომ, რომ, რა მართალიც უნდა ყოფილიყო, რაკი ნასვამმა იჩხუბა, მაინც მას დასდებდნენ ბრალს. დათრობა სამარცხვინოდ ითვლებოდა. ღვინოშია ჭეშმარიტებაო, - ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ. მთვრალი კაცი თავის ნამდვილ ბუნებას ავლენს. ამიტომაც იტყოდნენ ხოლმე: მე მაგ კაცს არ ვიცნობ, მაგასთან პური არ მიჭამიაო. - ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო... - ქართველი მარტო არასოდეს მიუჯდებოდა სუფრას. სულ უცხოც რომ ყოფილიყო, მიიპატიჟებდა, შეიამხანაგებდა. - ღვინის ფერს თუ აქვს მნიშვნელობა? - შავი ღვინო მძიმედ ასატანია. მას უმთავრესად სამკურნალო დანიშნულებით იღებენ. მაგალითად, უმადობისას შავი ღვინო სასარგებლოა - კაცს მადას უხსნის. თეთრი ღვინო შედარებით ადვილად ასატანია, ამიტომ როცა დიდი ლხინია, მას სვამენ. - რა დატვირთვა აქცს სასმისებს? - ღვინის სასმისი უამრავია: ყანწი, მარანი, აზარფეშა... სხვადასხვა სასმისით სხვადასხვა სადღეგრძელოს სვამდნენ. ასეთი სასმისიც იყო: ვერცხლის ფიალა, რომელსაც შუაში თევზი ჰქონდა. ღვინის სმის დროს თევზი ბრუნავდა. სვამ, თან თევზი ბრუნავს და უფრო მეტად გათრობს. ყანწი ოჯახის სამკაული, რელიკვია გახლდათ. მასთან იყო დაკავშირებული ოჯახის ისტორია, საუკეთესო ტრადიციები და მოგონებები. - დიდებული გვარის წარმომადგენელი ბრძანდებით. თქვენს წინაპრებზე რას გვეტყოდით? - ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ირუბაქს ჰყოლია ორი ვაჟი - მაყა და ჩოლოყა. ამის კვალობაზე, მაყაშვილები და ჩოლოყაშვილები ირუბაქიძეთა ორი შტოა. ვახუშტი იმასაც წერს, ჩოლოყაშვილებს იმდენი სიკეთე გაუკეთებიათ, იმდენი დამსახურება მიუძღვით ერის წინაშე, რომ რაც არ უნდა დააშავონ, არავის აქვს უფლება, მათ მარჯვენა ხელის ცერის მოჭრაზე დიდი სასჯელი დაადოსო. მამაჩემი ქაქუცას რაზმელი იყო, 1922 წელს დახვრიტეს. ერთხელ ხევსურეთში ეთნოგრაფიულ მასალას ვაგროვებდი. ერთმა მოხუცმა მითხა: იცი, მე ვინა ვარო? ვინა ხარ-მეთქი? ქაქუცას ვიცნობდიო. ძალიან ფაქიზი იყო სმა-ჭამაშიო, ცოტას ჭამდა და ისიც - შერჩევითო. ქაქუცას საქციელს არ გავუკვირვებივარ, ის უფრო გამიკვირდა, მისი ჩვევა ამ ხევსურმა რომ შეამჩნია. არადა, ერთი ნაჯაფარი გლეხი კაცი იყო, გაცვეთილტანისამოსიანი... - დღეს მრავალი ქართული ტრადიცია, მათ შორის - ქართული სუფრაც, გადაგვარების საფრთხის წინაშე დგას. თქვენი აზრით რისი ბრალია ეს? - კაპიტალიზმი თავისი ტლანქი ხელებით ყოველგვარ სულიერ ფასეულობას სპობს. ტრადიციებისათვის აღარავის სცალია. ზოგჯერ, მივალ სუფრაზე, ვისთანაც საქმე მაქვს, ვესაუბრები, საქმეს მოვაგვარებ და ისე წავალ, შეიძლება სხვები ვერც კი მოვიკითხო. ესეც ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმა, ,,საქმიანი ცხოვრების’’ რიტმმა მოიტანა. თამადის ინსტიტუტიც თითქმის მოიშალა. არადა, სუფრა იყო ნამდვილი აკადემია მჭევრმეტყველების, სიტყვაკაზმულობის, აზრის ჭიდილის. დროა, გავიხსენოთ წარსულის ტრადიციები, სათანადოდ შევისწავლოთ, დავაფასოთ ისინი, მუდამ გვახსოვდეს, რომ ვაზის ჯვრით დამკვიდრდა ჩვენში ქრისტიანობა და ვინ იცის, ამიტომაც არის ასე ძლიერი.
|