გადმობეჭდილია: https://presa.ge/new/?m=&AID=5688 გია მამალაძე 12:44 31.05.2011ცოტა ხნის წინ პრესა.გე-ს მკითხველს, ზოგს გავახსენეთ, ზოგს გავაცანით, ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი შესანიშნავი ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელთა" საძმოს წევრი, შალვა კარმელი. გამოვაქვეყნეთ მისი რამდენიმე შედევრი, რომლებიც დღეისათვის, სამწუხაროდ, არ არის ისეთი ცნობილი, როგორც საჭიროა. შალვა კარმელს გაცილებით მეტი ეკუთვნის, ვიდრე ერთი სტატიაა, ამიტომ, დღეს გთავაზობთ მისი მეგობრის, ასევე შესანიშნავი პოეტისა და ლიტერატორის, ვალერიან გაფრინდაშვილის ესეს "შალვა კარმელი". ესე დაიწერა 1923 წლის 4 თებერვალს, შალვა კარმელის გარდაცვალებიდან ორიოდე კვირაში. ვალერიან გაფრინდაშვილისა და ცისფერყანწელების უმცროსი მეგობარი, შალვა კარმელი გარდაიცვალა 19 იანვარს. აღნიშნული ესე გამოქვეყნდა გაზეთ “რუბიკონში, № 3, 1923. ის შესულია ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულში, რომელიც 1990 წელს გამოიცა. ასევე, ჩვენს მკითხველს დღეს ვთავაზობთ კიდევ რამდენიმე ლექსს შალვა კარმელის შემოქმედებიდან. შალვა კარმელის ლექსების დიდი ნაწილი დაკარგულია, რაც შემორჩა კი აღტაცებას იწვევს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივუბრუნდით მის პოეზიას. ჯერ წავიკითხოთ ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი "შალვა კარმელი", მერე კი შალვა კარმელის ლექსები, მათ შორის "მასკები კარნავალში", რომელიც მიძღვნილია ვალერიან გაფრინდაშვილისადმი. ჩვენ კიდევ მიუბრუნდებით უდროოდ დაღუპული პოეტების თემას. გ. მ. ვალერიან გაფრინდაშვილი: შალვა კარმელი მართლაც საშინელია პოეტის კარიერა . ერთი წლის განმავლობაში სამი მსხვერპლი ჭლექის და თვითმკვლელობის. საგანელი, ლილი მეუნარგია და შალვა კარმელი. თანდათან მცირდება საბედისწერო ნიამორების რიცხვი. ქართული პოეზიის მითოლოგიას შეემატა კიდევ ერთი უსპეტაკესი სახელი, კიდევ ერთი გმირი. შალვა კარმელი უპირველეს ყოვლისა რითმის კავალერი იყო. არც ერთი ქართველი პოეტი ისეთი დაუღალავი სისწორით არ ანხორციელებდა თავის ლექსებში ფორმულას ქალურ და ვაჟურ რითმების შესახებ, როგორც შალვა კარმელი. თავის ავტოპორტრეტში ის კიდევაც ამაყობს.. “პირველათ რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!” (აქ ვალერიან გაფრინდაშვილს უნებლიე შეცდომა მოსდის, შალვა კარმელს ლექსში უწერია "მდიდარი რითმა" და არა "პირველათ რითმა". გ. მ.) შალვას უყვარდა თავგამეტებით ქართული პოეზია და ის იყო შესანიშნავი მცოდნე მთელი თანამედროვე პოეზიის. ბევრი ახალი რითმები შესძინა შალვამ ქართულ პოეზიას. თავის მტერს – ტუბერკულოზს ის თითქმის არ ეხებოდა თავის ლექსაებში. ალბათ ძნელია ფამილიარობა თუნდაც შემოქმედებით იმ კოშმარულ სენთან – რომლის სახელია თვითმპყრობელი ტუბერკულოზი. მორის როლინა – ბოდლერის მემკვიდრემ, ფრანგული პოეზიის ყველაზე უფრო დიდმა ნევრასტენიკმა, დაახასიათა თავისი შემოქმედება, როგორც “აგონია კიდევ შეგნებული სიგიჟის”. შალვამ ამხილა თავისი სულიერი ტანჯვა, ჭლექით გამოწვეული, სონეტში, რომელშიდაც მიმართავს ორ მგლოვიარე დას – მეფის ქალებს ტრაურებში : კარგი რომ ჩემში ნიღაბებით მამაკაცია, და ვიტან გრიგალს, სასიკვდილოდ გულს რომ აყუჩებს, - თორემ ვიხრჩობი და ვერავის ვერ ვთხოვ ლაყუჩებს. მთელი აგონია შალვა კარმელის, აგონია ფარული და მით უმეტეს წამებული, ჰკივის ამ “ლაყუჩებით”. თითქოს ის გადმოსროლილი იყოს წყლის სტიქიიდან ხმელეთზე და იხრჩობოდა. მისი აქამდის დაუფასებელი შედევრი სანბენიტო“ - ჭლექის ამღერებაა. მას უყვარდა ეგზოტიკური თემებით: ბაბილონი, სარდანაპალი, კართაგენი, სემირამიდის ბაღი, ერანი, იუდეის ასული-სალამბოს ტრირემა. ამ თემების დამუშავებაში ის იყო ნამდვილი პარნასელი, იმავე დროს შალვა კარმელი აფასებდა პოეტებს - სიმვოლისტებს: ბოდლერს, პოლ ვერლენს, გიუსმანსის გმირს - გადაგვარებულ თავადს დეზესენტს. როგორც ნამდვილი პარნასელი ის ამშვენებდა თავის ლექსებს მდიდარი და უეჭველი რითმებით. ასონანსი იშვიათი სტუმარია მისი ლექსების. თითქმის პროვიდენციალურია ეს სტრიქონები ლექსიდან: “ქუთაისი-მკვდარი ბრიუგგე”. “გუშინ ვაგონში ფერმკრთალები შიშობნენ ჭლექზე. ისროდა ველებს სექტორებად უცხო მედისკე, მე კი მათრობდა მხოლოდ ერთი ძვირფასი ლექსი: “მიმქონდა ხსოვნა ელენესი იმერეთისკენ”. მკვდარო ქალაქო, გაიღვიძე! მოვიდენ მტრები და მოახლოვდა შებრძოლება, სითეთრე დილის. დაუტირებლად შენ ცოფიან გრიგალში ქრები, როს ყველა ცრემლი დაუტოვე საყვარელ ტფილისს“ ... ... ... მშობელო მიწავ! ორივენი ვართ ჩვენ წყეული და ვერ ავცდებით დამარცხებას, სირცხვილს, ეშაფოტს. ამავე ლექსში არის ასეთი მოულოდნელი სახეები: “და ღამდებიან ოცნებები როდენბახებათ,“როგორც პრინცესსა მგლოვიარე გვფარავს მოწყენა”. შალვა კარმელმა იცოდა გაბედული თქმა ახალი სიტყვის; ერთ მის ლექსში არის ასეთი რითმა: მორჩილი-დანორჩილი. სიტყვა ნორჩი იმან მოაბრუნა, როგორც დიდმა ოსტატმა და შესძინა ქართულ პოეზიას ახალი რითმა და ახალი სიტყვა. ის ბევრს მუშაობდა ლექსზე: მან სთარგმნა ალბერ სამენის “ვერსალი” და მე შემთხვევით ხელთ ჩამივარდა ოთხი ვარიანტი ამ თარგმნის. პოეზია და ლექსი იყო სტიქია შალვა კარმელის. ის კულტურული იყო ზედმიწევნით და იყო ნიშნები, რომ ის გახდებოდა ქართული პოეზიის ტეოდორ დე-ბანვილი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა რითმა და იმავე დროს ჭეშმარიტ პოეტად ითვლებოდა. შალვა კარმელის ლექსი “არტემიდა”. რომელიც მე ვთარგმნე რუსულ ენაზე, აცოცხლებს მითოლოგიას და გამოხატავს მის პირად აღტაცებას ქალის წინაშე: ჩვენი საღამო სურნელია ხრიზანტემიდან, ვხედავ მთვარიდან გადმოეშვა ცის არტემიდა, მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი. ვიცი შენც წახვალ! გზა გეშლება ვარდის ტევრებათ. დაგედევნება არტემიდას ერთგულ მწევრებათ: - ჩემი სონეტი, ჩემირონდო და მადრიგალი. სონეტის ფორმა ემარჯვებოდა “ბაბილონის” ავტორს და აქაც სჩანს მისი პარნასელობა. მის პატარა წიგნში ათი სონეტია. უფრო ხშირად წარსული საუკუნეები აღვიძებენ მის ფანტაზიას და ყოველდღიურ ცხოვრებასთან მას თითქმის კავშირი არ ჰქონდა. სულ ხშ ირად იგონებდა ის ედგარ პოეს და სიკვდილის ყორანი უკანასკნელად გამოეცხადა მას და ახალგაზრდას, პოეტურ იმედებით სავსეს,მიესალმა ულმობელი სალამით - “Nevermor”. შალვა კარმელის ლექსები: მასკები კარნავალში მხრებზე მოიგდეს აჩრდილებმა წამოსასხამი. ქართულ ჯირითში მოიარეს ყველა ტოტები. კვლავ გარეტებას მთვარეები ღვრიან... ასხამენ... და კვლავ მოქრიან თავგანწირვით დონ-კიხოტები! ჭრელ არლეკინთან კოლომბინამ რომ იცბიეროს, ჩაიცვამს ნიღაბს სარკეებში მისი პროფილი. თეთრ ბალახონით გადაიყვანს მთვარე პიეროს და მეოცნებეს შეუყეფებს მეფისტოფელი. ამ აჯანყებულ საღამოში იმუქრებიან: ძველი ჩონჩხები ჩირაღდნებით გაშლილ მდელოზე... ჩნდებიან ხმლებით ჰამლეტები და კვლავ ქრებიან... და ფიქრებია წელგაფატრულ შავ ოტელოზე!.. აპარებს დანას თავისმკვლელი... ვიღაც მტყუანი... შიში მხიარულ გაგიჟებით და კარნავალი... დაითრევს ქალებს საროსკიპოდ თვით დონ-ჟუანი... ცოცხლებში მკვდარი გაერევა უფრო მრავალი!.. მაგრამ გრიგალი წამოუშენს სტუმრებს რაპირებს. აჩეხილ ნიღაბს ყრუდ ფატრავენ უსახლკარონი. გაშიშვლებულნი ასხდებიან სტიქსის ნაპირებს და უმადურად გადაზიდავს ყველას ხარონი. 1919 წ. სონეტი ნინოს ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი, მაყვლის ფოთლები შენ გიწევდნენ სახლის ყავრობას; საკვირველია, - სარკინეთზე არმაზი მწველი - დასძლია მეფე მირიანის შენ წარმართობა. ქრისტიანობით აგვირგვინებ მისნურ მგზავრობას, გაცსა და გაიმს დაუკარგე დიდება ძველი. შენ ჩააქსოვე ჩვენს წარმართულ სულის სტავრობას ნაზი ლეგენდა, წინაპართა ცრემლებით სველი. ნანა დედოფალს განუკურნე მთვარის სენები, ალბათ, გწყალობდა მზე ბეთლემის, პორფირიანი, სვეტიცხოველში ლოცულობდა თვით მირიანი. თოთხმეტ იანვარს შენი დღეა მოსახსენები. ბოდბის მონასტერს გაუშლიხარ ცისფერ იაში, ასე ახსოვხართ შენ საყვარელ ივერიაში! 1919 წ. ჯეირნები პეიზაჟებში ჩვენ გაგვაშორებს მალე ვერსები, სხვა ქვეყნებისკენ გაგაფრენს გემი. შენს გადაფრენას ვეალერსები და მწუხარეა ალერსი ჩემი. ამაოდ გვსურდა პეიზაჟებში ერთად ნავარდი, როგორც ჯეირნებს... განვმარტოვდები მე აქ ვაჟებში, შენც მთვარე მარტოდ გაგასეირნებს! მე დანანებით ახლა ვრწმუნდები, თუ მქონდა ბედი, - შენთან მელოდა!.. ასე მგონია, არ დაბრუნდები, როცა წამიხვალ საქართველოდან. ო, ვინ გაუძლებს ქარში ნეშოებს, შენს მოლანდებას შიშველ ბეჭებით!.. ამ ცას, ამ ბაღებს, ამ გომბეშოებს, რომ ატარებენ ზურგს მეჭეჭებით! გავყიდი სახლ-კარს ურჩი ტრფიალით ან ავაცეცხლებ ხავსიან ყავრებს... და უპატრონოდ მოხეტიალე, შენთან, ძვირფასო, გავყვები მგზავრებს! 1919 წ. |