1850 წლის 1 ივლისს სოფელ გარდატენში, ატენის ხეობაში, დაიბადა ქართველი პოეტი იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი. იოსებ დავითაშვილი დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ისედაც ღარიბი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. სწავლას მოწყურებული თვითგანვითარებას მისდევდა. როცა მომავალი პოეტი წამოიზარდა, დურგლობა შეისწავლა და თბილისში დასახლდა. ჯერ რუბცოვის სადურგლო ქარხანაში მუშაობდა, მერე კერძო შეკვეთებს ასრულებდა. სამუშაოს მუდმივ ძიებაში შემოიარა მთელი საქართველო, თან ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებდა. 1876 წელს იოსებ დავითაშვილმა დაიწყო მუშაობა ზეიცერის სადურგლო ქარხანაში. თუმცა 1878 წელს ქარხნის მუშების გაფიცვაში მონაწილეობისათვის სამუშაო დაკარგა. 1886 წელს გადავიდა თელავში საცხოვრებლად. მისი პირველი ლექსების კრებული "სტვირი" დაიბეჭდა 1880 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ყმა გლეხის შვილი იყო, ობოლი და ღატაკი, თვითნასწავლმა გლეხმა შეძლო და ბევრს აჯობა, მდიდრებისა და წარჩინებულების შვილებს, განათლებითაც, ნიჭითაც და პატრიოტიზმითაც. თანაც, ეს ყველაფერი მოახერხა თავისი საკმაოდ მოკლე ცხოვრების მანძილზე - იოსებ დავითაშვილის გარდაიცვალა 1887 წლის 13 მარტს, 37 წლის ასაკში. 1941 წელს პოეტის ნეშტი გადაასვენეს თელავის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. მისი შემოქმედება გამსჭვალულია პატრიოტიზმით და უბრალო, ჩაგრული ადამიანების ბედისა და ინტერესების წარმოჩენით. პოეტის უშუალო და გულწრფელმა შემოქმედებამ მის სიცოცხლეშივე მიიპყრო განათლებული და შეგნებული საზოგადოების ყურადღება. ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო"; "მუშის სიმღერა"; "ბედის წყარო" და სხვა). ძალიან საინტერესოა, რომ მისი პირველი ბიოგრაფი თვით დიდი ილია იყო. დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობ გავიხსენოთ იოსებ დავითაშვილის რამდენიმე ლექსი. ჯეჯილი (ვუძღვნი პაწია ლევანს) იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო: იკურთხოს იმის მარჯვენა, ვინც გთესა, მოგიყვანაო! დაპური , ჩემო ნუგეშო, იზარდე თანდათანაო; ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი, მზემ შუქი გფინოს თანაო.ქარმა გაღელვოს ზღვასავით, მწყერმა მოგძახოს ნანაო; იზარდე, გაახარევი ყმაწვილი ჩემისთანაო. შრომის შვილი ვარ ყარიბი, არავინ გამიტანაო: ვისაც კი ძმურად მივენდე, მან გულს დამასვა დანაო. ნეტავი აქ არ მამყოფა, ქალაქში ჩამიყვანაო: მასწავლა რამე ხელობა, მასწავლა ანა-ბანაო. ამაღლდი, თავი დაისხი ჯეჯილო, ნორჩო ყანაო; იმისი საზრდო შეიქენ, ვინც გთესა, მოგიყვანაო. ნამგლებით გარსა გეხვივნენ ბიჭები ჩემისთანაო: პეტრე, გიორგი, თევდორე, ბესო და ალმასხანაო. ჯერს უმზადებდეს თინია, ა იმ ბერ კაკლებთანაო: სოსოს ხელადა მოჰქონდეს, ცივცივი წყაროდანაო. თამარ დედოფლის ლექსი საქართველოს დედოფალი, დედა-ქართლისა - თამარი, სიმშვენიერით მოსილი, ამომავალი მზის დარი. დავით სოსლანის მეუღლე, რომელს უმშვენა მან მხარი; დიდუბეში იქორწილა, სადაც რომ საყდარი არი. ნადიმობა გაუმართა, მოიწვია თავის ჯარი; ასი სული ცხვარი დაკლა და ორასი ნიშა ხარი. ლურჯი სუფრა გაუშალა, იქნებოდა ასი მხარი; ქვრივ-ობლებსა უწყალობა ოქრო, ვერცხლი დიდი ძალი. სიმშვენიერით მოსილი, დედა-ქართლისა - თამარი, საქართველოს დაეკარგა ოქროს ქსოვილი ქამარი. სიბრძნით, სიუხვით ქებული, დიდის ცისკარის სადარი! ის მნათობი - ქვეყნიერი, მკვდარიც ვერ ვპოვეთ სად არი! სამშობლო სამშობლო, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო; ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ, გთხოვ მწარე რამე არ მასო. მშვენიერი გაქვს ბუნება, სხვებიც ამბობენ ამასო; მაგ შენმა დაღონებამა გული დარდებით აღავსო. სამშობლო ყველას გიყვარდეთ, ვისაც რო ღმერთი კი გწამსო; სამშობლოს დამვიწყებელი, მაღალმა ღმერთმა დაამსო. ვის დედაენა არ მოსწონს, მას ეშმაკები ახლავსო, ცოცხალ იქნება დევნილი, მკვდარსაც მატყლები დახრავსო. |