როდესაც შენს ქვეყანაში, მეტიც - შენსავე ქალაქში ცხოვრობს პოეტი ანა კალანდაძე, მართლაც ,,უნდა დაივიწყო ყველა უიმედო ფიქრი და განთავისუფლდე სინანულის აღმძვრელი შეგნებისგან, რომ დღეს ჩვენ ყველანი უკვე აღარ ვცხოვრობთ პოეზიით ისე და იმდენად, როგორც ჩვენი წინამორბედი თაობები ცხოვრობდნენ’’ (გურამ ასათიანი). საქართველოში პოეტურ სიტყვას არ დაუკარგავს ადრინდელი ფასი. ანა კალანდაძე იმ იშვიათ შემოქმედთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც შეძლო და ჩვენ, სულიერებისგან გაძარცვული საუკუნის შვილებს, მოგვიტანა ,,ციური მადლით დალოცვილი სიტყვა’’, რომელიც სულის საამო ფსალმუნივით გვათბობს, გვალმობიერებს, წყურვილს გვიკლავს, მალამოსავით გვესალბუნება. ეს მაშინ, როცა ,,ყოველი მხრიდან ნაღველს გვთოვებენ’’, ,,სადგური მომეც’’, - ჩაგვაგონებს მაცდური, ,,სულში მდაბალნი იმკვიდრებენ’’ და ზიზღი სიყვარულს წალეკვით ემუქრება. ვკითხულობთ ანა კალანდაძის ლექსებს და გვიახლოვდება პოეზიის ,,ლურჯი სული, ლურჯი ნათელი’’, თვალწინ იშლება მშვენიერი საუფლო, რომელიც სავსეა ლურჯა ცხენებით, ,,მთვარეულ შუქთა მკრთალი მძივებით’’, გარეჯის უდაბნოს მხურვალე მზით, ბეთანიის ლურჯი იებით, ისლების რხევის მუსიკით... ამ დროს ,,ზეცად მხმობელი სიხარული’’ ეუფლება სულს, ,,ფეხქვეშ იკარგება მიწა’’ და ,,თვალები სხვა სხივთ იკრებენ’’. ეს სხივი უხილავი, ,,მადლიანი ბილიკით მოვალს’’ და ,,ლურჯი ტბების თვალებში კრთება’’. მთავარია, გულის თვალი გვქონდეს ღია: ,,დღედაღამ ღია იყოს სახლი საუფლო’’ და ვხმობდეთ: ,,სხივო ნათელო, დეგ ჩემსა ეტლსა’’... ანა კალანდაძის ლექსები რელიგიურ ჰიმნებს ჰგვანან. ,,რამდენი ხმებია, რამდენი მუსიკა, რა უცნაური!..’’ ანდა: ,,ყური დაუგდო ამ ძლიერ მუსიკას ცისა და მიწის, ქვეყანას რომ თავზე ევლება...’’ პირველქმნილი ჰარმონიის, მარადიულობის ანარეკლი ყველა ქმნილებას ჰფენია. ღვთაებრივის ხატი დგას ,,გულსა შიგან’’. მიწასა და ზენას შორის წმინდა კავშირია. ვარსკვლავის სხივი გვაუწყებს, რომ არსებობს სულთა კავშირი, ,,მარადიული და დიდებული’’. უკაცრიელი კლდეების კალთებზე, ბამბის ქულა ღრუბლებში ,,იდუმალებას დაუდგამს სახლი’’. იქ ,,სამარადისოს ჩურჩულებს ვიღაც’’. შენ ოღონდ ,,
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მიუპყარ ყური!..’’ ჰაერში იგრძნობა ჩვენი გარდასული წმინდანების მყოფობა: ,,ისინი ახლა თან შერთვიან მიმქროლ ღრუბლებს მიწით აშლილნი...’’ მათი აჩრდილები თვალს არ გვაშორებენ, ,,ჩვენსკენ აქვთ გული და მზერა’’, ,,გვჭვრეტენ გაღმიდან’’, ხელაპყრობით ,,დგანან მდუმარედ’’ და ლოცულობენ, რომ ,,ქართველობას ისევ მაღალი აზრი მოჰფინონ’’... ,,ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა’’, რადგან მიწიერი და ზეციური საქართველოს განუყოფლობა ,,საუკუნო და მარადისია’’. ღრმა და მრავალფეროვანია ანა კალანდაძის პოეტურ სახეთა სამყარო. პოეზიას სასწაულთმოქმედი, იდუმალი ძალა შესწევს, რადგან ამ მზისა და მთვარის ქვეშეთში ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ ნაზი და სათუთი გრძნობის გადარჩენა შეძლო და რომ ამ ცოდვებით დამძიმებულ ჩვენს ყოფაში: ,,იპოვოს გული წმიდამან ცრემლმან და მეუფება მისი ახაროს!..’’ სწორედ ეს არის ზენაარის მიერ პოეტისათვის დაკისრებული მისია ამქვეყნად. პოეტი ცისა და მიწის საგალობელს აღავლენს და შემოქმედს შესთხოვს: ,,იყავ მტილი ჩემი ვარდით სავსე და მზეთა დგომად, დამძიმებულთა გულთა შვებად და მოსაფონად...’’ პოეტური სიტყვა ღვთისაგან ბოძებული ნიჭია, ხილული სასწაული, რომლის შესახებაც ჩვენი დროის ღვთისმეტყველი, ეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი წერს: ,,ლოცვა - ეს არის სულის თვითგადახსნა, პოეზიაც არის სულის გაფაქიზება, რომელიც ასევე ძლევს მიწიერ შეზღუდულობას. ამიტომ იგი არის ჩუმი სასწაული, აღმოცენებული ჭეშმარიტი პოეტისა და ჭეშმარიტი მკთხველის სიღრმეში. და ეს სასწაული, ანუ წყალობა ღვთისა, ანუ ტალანტი, ანიჭებს პოეტს ძალაუფლებას, რომ ,,ადამიანურ სიტყვათა წყალი აქციოს ღვინოდ’’. რამდენიმე წლის წინ ლიტერატურულ კონკურსზე ,,საბა’’ ქალნატონ ანა კალანდაძეს მიენიჭა პრემია ქართულ ლიტერატურაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის. დღეს, კი გავიხსენოთ ჩვენი დროის უდიდესი ქართველი პოეტთან, მის გარდაცვალებამდე ჩაწერილი ინტერვიუ. - ქალბატონო ანა, რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გარდამავალ ეპოქაში, თუ გნებავთ, გლობალიზაციის ხანაში. საფრთხე ემუქრება ჩვენს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს. რა პოზიცია უნდა დაიკავოს ქართველმ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ა? - ქართველი ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს უნდა იდგეს ეროვნულ და სულიერ ფასეულობათა სადარაჯოზე. ჩვენს შეჭირვებულ ყოფაში სულიერ ფასეულობათა როლი განუსაზღვრელია (და არა მხოლოდ შეჭირვების ჟამს), ამიტომ ჩვენც ამთავითვე უნდა მივხედოთ მათ, უნდა დავიცვათ ჩვენი უმდიდრესი ტრადიციები, სხვაგვარად, როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ჩავეშვებით განურჩევლობის ზღვაში და ჩვენვე შევუწყობთ ხელს ჩვენსავე აღგვას პირისაგან მიწისა! ნუ ავყვებთ უცხოთა ფეხის ხმას! - ქალბატონო ანა, რა მოგცათ თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში გატარებულმა წლებმა? ვინ იყვნენ თქვენი მასწავლებლები და რომელი მოგონება გივსებთ გულს სიხარულით? - ოთხმოციან წლებში თბილისში გაიხსნა (უკეთ, აღდგა) სასულიერო სემინარია და აკადემია. მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამ ღირსსახსოვარ დღეს. სიტყვით გამოსულები თითქმის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ შორეულ წარსულში სასულიერო სემინარიის გაუქმების შემდეგ მისი როლი იკისრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეს ნამდვილად ასე გახლდათ. საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები (კ. კეკელიძე, ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა, ნ. ბერძენიშვილი...) გვიკითხავდნენ ლექციებს, გვაცნობდნენ ჩვენს უდიდეს წარსულს, აღვივებდნენ ჩვენში მამულიშვილობის თესლს და გვამდიდრებდნენ სულიერი ფასეულობებით. ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსიდან გადავედი კავკასიურ ენათა განყოფილებაზე (კავკასიურ ენათა კათედრა 1933 წელს დაარსდა უნივერსიტეტში აკადემიკოს არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). კავკასიურ ენათა ხიბლსა და სურნელს ისიც ემატებოდა, რომ აქ გაძლიერებულად ასწავლიდნენ ძველ ქართულ ენას და იმ დროს, როდესაც ბიბლიისა და სახარების ხსენებაც კი წარმოუდგენელი იყო, ჩვენ, 18-19 წლის ყმაწვილებს, ხელთ გვეპყრა ეს დიდებული წიგნი, ურომლისოდაც შეუძლებელი იყო ძველი ქართული ენის შესწავლა (ბიბლიაც ამ მიზნით იყო ნებადართული, როგორც ჩანს, ამ განყოფილების მესვეურთა უდიდესი ძალისხმევის შედეგად). უნივერსიტეტში სრულად ვეზიარე ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის მადლს, გამიცხოველდა ინტერესი მშობლიური ქვეყნის ისტორიის მიმართ. უმდიდრესმა საენათმეცნიერო და საისტორიო ლიტერატურამ მსოფლიოს უძველესი ხალხების ცხოვრებაში ,,ჩამახედა’’... ჩემი ფიქრები თავს ევლებოდნენ ურარტუს ქვაბებს, ხეთების სამკვიდროს, მითანის სამეფოს და ფეხდაფეხ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მიჰყვებოდნენ პელაზგებს, რომლებიც უკვე მკვიდრდებოდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ძველი ქართული ენისა და უძველესი ყოფის მძაფრი სურნელი თავისებურად ასაზრდოებდა ჩემს პოეტურ წარმოსახვას. ასე შეიქმნა ჩემი სამყარო, ასე იქცა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების თანამგზავრად. - რა როლი შეასრულა თქვენი პოეტური ხედვის, გნებავთ, საზოგადოდ, პიროვნების ჩამოყალიბებაში სარწმუნოებამ? - მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩემი პოეტური შთაგონების ერთ-ერთი ძლიერი მასაზრდოებელი გახდა. - ღვთისაგან ბოძებული შემოქმედების უნარი რა მოვალეობას აკისრებს პოეტსა და მწერალს? - ,,დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულშიო’’, - ბრძანებს ჩვენი უგვირგვინო მეფე... ყოველი შემოქმედის მოვალეობაა, რომ მის სულსა და გულს მარად აჩნდეს ,,ერის წყლული’’. - ერთგან ბრძანებთ: ,,კაცთა შენდობა და პატიება, - უუმაღლესი ქვეყნად სიკეთე..’’ რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის, ადამიანი, მოყვასი... რამდენად დიდი სათნოებაა მიტევების უნარი? - მიტევების უნარი უდიდესი ნიჭია ამ ქვეყანაზე, ამიტომ მას ქრისტიანულ სარწმუნოებაში უპირველესი ადგილი უჭირავს. რა ძნელიც არ უნდა იყოს, ვცადოთ, ვიყოთ მიმტევებლები, რადგანაც მხოლოდ ამას მოჰყვება ურთიერთგაგება ადამიანთა (და ქვეყანათა) შორის და აქედან - საყოველთაო სიმშვიდე. - თქვენს შემოქმდებას მსჭვალავს მძაფრი სწრაფვა წარსულის ტრადიციების გაცოცხლებისკენ, ქართული სულიერების თავისუფლებისკენ... - ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, - ბრძანებს დიდი ილია, - მამული, ენა და სარწმუნოება...’’ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სისხლით დაიცვეს იგი და გადმოგვილოცეს ჩვენ, რათა ჩვენც თვალისჩინივით შეგვენახა იგი და გადმოგვეცა შემდგომი თაობებისთვის... მტერი ყოველთვის ერის ამ ძლიერი საყრდენის მოშლას ცდილობდა. სამწუხაროდ, ეს დღესაც იგრძნობა. ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ამ წმინდა სამების განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა! - იოანე-ზოსიმე იმასაც ბრძანებს, ,,ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არსო’’... თუმცა დღეს ქართულ ენას მართლაც სჭირდება გაფრთხილება, სრულყოფა და განვითარება. რა როლის შესრულება ძალუძს ამ საქმეში პოეტს, მწერალს? - ერთ არაბულ ნათქვამს გავიხსენებ: ,,ყმაწვილს ისევე სჭირდება თვალყურის დევნება, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ რძესო’’. იგივე ითქმის ენაზეც: უმეთვალყურეოდ მიტოვებული ენა მალე ნაგვიანდება. ახლო წარსულში ენის დაცვის საკითხი სამთავრობო დონეზე წყდებოდა. მახსოვს, 90-იან წლებში საქართველოს სახელმწიფო მეთაურთან არსებულ სახელმწიფო ენის მუდმივ კომისიაში 36 კაცი შედიოდა. ამ კომისიის წევრი მეც გახლდით. ,,ჩვენი ენა არა ენას არ დაუვარდება ქვეყანაზედ. ნიჭიერი მწერალიც იმისთვის არის სასარგებლო ენისათვის, რომ თავის თხზულებაში ენის სიმდიდრე გამოაჩინოს ხოლმეო’’, - ბრძანებს ილია ჭავჭავაძე. ქათულმა მწერლობამ უნდა გამოაჩინოს ,,ენის სიმდიდრე’’ და ამით შეუწყოს ხელი მის განვითარებას. - თომას მანი ამბობდა, ,,პოეზია ნატიფი შურისძიებაა უხეში სამყაროს მიმართო’’. თქვენთვის რა არის პოეზია? - ისევ წმინდა ილია მართალს მოვუსმინოთ: ,,ლექსი იმით არა ლექსობს, რომ სიტყვების ბოლოები ერთმანეთისათვის შეუწყვიათ. ლექსი პოეზიის შვილია. რა არის პოეზია, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიცა. პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზემოქმედება ვიცით. ვიცით, რომ იგი გვატკბობს და გვასიამოვნებს ჭირსა და ლხინშიც... ყოველივე ეს ვიცით, და თვითონ პოეზია რა არის - ეს კი არავინ იცისო’’. ეს კითხვა პასუხს არ ითხოვს, - იგი რიტორიკული გახლავთ. - თქვენს არაერთ ლექსში ჟღერს სახარებისეული მოტივები, ჩანან წმინდანები. წმიდა წერილში ასახული ესა თუ ის მოვლენა თვენი სულის პრიზმაშია გატარებული და მხატვრული ხერხებით გაცოცხლებული... - წარმოუდგენლად დიდია წმინდა წიგნების როლი ცხოვრებისეული მოვლენების შეფასებაში. მათი ბრძნული ხედვა ყოველ ჩვენგანს გულზე უნდა ჰქონდეს დაჭდეული. - დაბოლოს, როგორ საქართველოში ირჩევდით ცხოვრებას? - როგორც ცნობილია, არც ერთი წინა ფორმაცია არ ყოფილა მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საუკუნეც არ არის დაზღვეული ნაკლისაგან, ცხოვრებას მაინც დღევანდელ საქართველოში ვირჩევდი.
|