1879 წლის 18 (ახალი სტილით 30) აპრილს დაიბადა დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, კორნელი კეკელიძე. დღევანდელი საქართველო და განსაკუთრებით, ჩვენი მომავალი, რომელიც უსათუოდ ნათელი და ლამაზი გვექნება, ჩვენი ხალხის უძველესი კულტურიდან იღებს მაცოცხლებელ ენერგიას. ძველი ქართული ლიტერატურა არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო, საკაცობრიო კულტურისა. მისი შესწავლით და პოპულარიზაციით ქართველ ხალხს დიდი სტიმული ეძლევა, ხოლო მსოფლიო რწმუნდება ჩვენს მნიშვნელობაში და უფლებებში, როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის კორნელი კეკელიძეს. მომავალი მეცნიერი დაიბადა სოფელ ტობანიერში (ახლანდელი ვანის რაიონი), სამსონ კეკელიძის მრავარიცხოვან ოჯახში. კეკელიძეები მდინარე გუბაზოულის აუზის სოფლებიდან არიან. მისი წინაპარი სოფელ ზოტიდან გადასახლებულა ტობანიერში. მამა მედავითნე იყო. დედას თებრონე რქმევია. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. მამას უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა. სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, დახმარებით მომავალი აკადემიკოსი უფასოდ ჩარიცხეს სასწავლებლის ინტერნატში. შემდეგ, კორნელი კეკელიძე შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. კეთილი ადამიანის, სემინარიის ინსპექტორის იოანიკის დახმარებით მოაწყვეს სემინარიის პანსიონში, თორემ სამსონ კეკელიძე შვილს თბილისში ვერ შეინახავდა. 1896 წელს დედა გარდაეცვალა, ორი წლის მერე მამა. ოჯახს უფროსი და და სიძე, ამფილოქე ცინცაძე ეხმარებოდნენ. სემინარიის დახმარებით, როგორც წარჩინებულ კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა მისცეს "სახელმწიფოს ხარჯზე" ესწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა. მოეწყო სიტყვიერების ფაკულტეტზე. ნიკო მარისა და მიხეილ ჯავახიშვილის სამეცნიერო მოგზაურობის შედეგებმა დიდი ინტერესი აღძრა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებისადმი ევროპაში. კორნელი კეკელიძე მერე წერდა: „ჩვენი მდიდარი კულტურის შესწავლა, ჰარნაკის (გერმანელი მეცნიერი. გ. მ.) აზრით, მხოლოდ გერმანელი მეცნიერებისაგან იყო მოსალოდნელი. მე კი ვფიქრობდი, ჯერ კიდევ მაშინ, რომ ეს საქმე პირველ ყოვლისა უნდა თვით ქართველებმა იკისრონ; რომ თუ ვისმე
| შეუძლია ეს, პირველ რიგში ქართველ მეცნიერებს. ამისათვის საჭირო არაა, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი სწერდა ერთხელ აკად. მ. ბროსეს, ევროპელებს ველოდოთ. ამ გარემოებამაც წარმართა ჩემი სამეცნიერო ინტერესები, მე განვიზრახე ჩემი წვლილიც შემეტანა ამ დიდს, თავისთავად საჭირო და აუცილებელ საქმეში." კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. იგი ყველა საქმის შუაგულში ტრიალებდა, რომელიც მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „Литургические грзинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значуние“ („ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“). 1905-1906 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისში, მერე თბილისში. მონაწილეობას იღებდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1907 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია, იმავე თემაზე, რომელიც საკმაოდ განავრცო. ეს ყოფილა პირველი შემთხვევა რუსეთის იმპერიაში, როცა აკადემიაში ქართველი ქართულ თემაზე იცავდა დისერტაციას. მის მასწავლებელი სარეცენზიო წერილში წერდა: ნაშრომს „აღბეჭდილი აქვს ის პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა, რომლის აუცილებელი გავლენის ქვეშ იმყოფება ახალგაზრდა ავტორი - თავისი მშვენიერი, მაგრამ უბედური სამშობლოს კანონიერი შვილი. აღზრდითაც და სამსახურეობრივი მდგომარეობითაც კი იგი იმყოფება თანამედროვე ცხოვრებისა და ლიტერატურის ნაციონალისტურ მოძრაობათა შუაგულში“. კორნელი კეკელიძემ უარი თქვა კიევის აკადემიაში კათედრა ჩაებარებინა და სამშობლოში დაბრუნდა, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა მისნაირი შვილები. თედო ჟორდანია, მისი პედაგოგი სემინარიიდან, კორნელი კეკელიძეს სწერდა: “მივიღე ძვირფასი საჩუქარი-თქვენი ახალი წიგნი „Иурусалимский Канонар“ (რომელმაც დაიმსახურა მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია. გ. მ.) თვალი გადავავლე და მადლობა შევწირე ღმერთს, რომელმაც აღმისრულა მე ჩემი წადილი: როგორც იყო ამ ბოლო ჟამს მოგვივლინა ქართველებს გამჭრიახი, საქმიანი და მცოდნე გამომძიებელი ქართული ხელნაწერებისა... აქამდის თუ პატივსა გცემდით, ახლა ძმაზე უძმესი ხართ ჩემთვის... თქვენი მეცადინეობა, ახალგაზრდობა, ნიჭი, ცოდნა, სიყვარული მეცნიერებისადმი ჭეშმა რიტს, უმწიკვლოს მოჰფენს დიდებულს ისტორიას... …თქვენი უკანასკნელი შრომა არის გვირგვინი თქვენი ნაშრომებისა, ღირსი სამეცნიერო დოქტორობის ხარისხისა (დაუცველად). თქვენი ყოფილი მასწავლებელი დღეს თქვენ ათასჯერ მეტად გაფასებთ, ვიდრე დღემდი. დამიჯერე, ჩემს ძმასთან უძმესო კორნელი, რომ ჩვენ უნდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენის მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ“. 1912—1917 წლებში თანამშრომლობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოსთან, „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926—1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1942—1949 წლებში ხელმძღვანელობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს და სხვა. შეუფასებელია ის ღვაწლი და თავდადებული, ტიტანური ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა კორნელი კეკელიძემ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის საქმეში. როგორც ვთქვით, თვითონ ეძებდა და პოულობდა მუზეუმებში, ფონდებში, კერძო კოლექციებში ქართული ლიტერატურის ძეგლებს. შეისწავლიდა და სამეცნიერო გამოცემებს ამზადებდა. კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია" დღესაც ისწავლება უნივერსიტეტში და დღესაც ზრდის ქართული ლიტერატურის ისტორიით დაინტერესებულ სტუდენტებს თუ მომავალ სპეციალისტებს. ძველი ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა საკითხზე და პრობლემაზე აქვს ნაშრომი დიდ ქართველ მეცნიერს კორნელი კეკელიძეს. ასევე ძველი ქართული ლიტერატურის მიმართების შესახებ თანამედროვე მსოფლიო (ბიზანტიურ და სპარსულ) ლიტერატურასთან და სხვა. კორნელი კეკელიძე იცავდა საქართველოს ეკლესიის ინტერესებს და ამტკიცებდა ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას. მისი შრომები, მისი კვლევები ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთი საფუძველია, როგორც იმ დროინდელი, ისე მომავალი პერიოდების ეროვნული მოძრაობისათვის. დაუფასებელია კორნელი კეკელიძის ამაგი საქართველოსადმი. ნაწყვეტი კორნელი კეკელიძის სიტვიდან მისი დაბადების 80 და სამეცნიერო მოღვაწეობის 55 წლისთავის აღსანიშნავიუბილეზე. ..."ჩვენს თვალწინ შეიქმნა ახალი, წინათ გაუგონარი სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც ქართველოლოგია ეწოდება და რომელიც მძლავრ ნაკადად ერთვის მსოფლიო მეცნიერების ოკეანეს. ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ არცერთი საკითხი ძველი კულტურის და მწერლობის ისტორიიდან არ შეიძლება ამომწურავად გადაწყდეს, თუ ანგარიში არ გაეწია მდიდარ ქართულ მასალებსაც… … ქართველოლოგიის მიერ ასეთი ყურადღების მოპოვების საქმეში პატარა, უმნიშვნელო როლი მეც მითამაშია… … 55 წლის განმავლობაში მე არ მამოძრავებდა არც „სახელის მოპოვების“ არც „სენსაციების“ გამოწვევის სურვილი, მე ვემსახურებოდი მხოლოდ ისტორიულ-ლიტერატურული ჭეშამრიტების გამოვლინებას და შემდეგი პრინციპებით ვხელმძღვანელობდი: ა) ისტორიული ჭეშმარიტების გამოვლინება უნდა ემყარებოდეს არა უნიადაგო ჰიპოთეზებსა და მოსაზრებებს, არამედ მყარ და შემოწმებულ ისტორიულ ფაქტებს. ბ) ნამდვილი ისტორია არ საჭიროებს შეკეთება-შელამაზებას, რა მოსაზრებითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული (უფრო ხშირად ეს ხდება ყალბად გაგებული „პატრიოტიზმის“ ქურქში). გ) მეცნიერულ მუშაობაში საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კრიტიკად არ უნდა საღდებოდეს ინსინუაციები და ლანძღვა-გინება, დ) საჭიროა პოლემიკაც, მაგრამ არა ისეთ ადამიანთან. რომელიც შეუპყრია წინასწარ აკვიატებულ აზრს და არა ჭეშმარიტების მოპოვების სურვილს. ე) მზად უნდა იყო შეცდომის გამოსწორებისათვის; ის ადამიანი, რომელსაც ეშინია ან რცხვენია თავისი შეცდომების გამოსწორებისა და ამიტომ „უცილობლობს ვითა ჯორი“, მეცნიერად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასეა თუ ისე, ჩემი ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული მუშაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ჩვენ ხალხს შეეგნო და შეეცნო – რას წარმოადგენდა ის კულტურულად შორეულ წარსულში. რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით, ამაზე სხვებმა იმსჯელონ. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, გაუმარჯოს ჩვენს მეცნიერებას, ვუსურვოთ მას წინსვლა და წარმატება. მადლობა, დიდი მადლობა ყურადღებისა და პატივისცემისათვის, ჩემი პატარა დამსახურების ასეთი დიდი შეფასებისათვის. მართალია მოვხუცდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამკარგვია უნარი და სურვილი ხალხსა და სამშობლოს ვემსახურო.” ასეთი კაცი იყო კორნელი კეკელიძე |