|
კიტა აბაშიძის „ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი“ – (ნაწილი II) გია მამალაძე
მკითხველს ადრე შევთავაზეთ პუბლიკაცია შესანიშნავი ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსის, პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის - კიტა (ივანე) აბაშიძის შესახებ. იქვე გავიხსენეთ მისი ძალიან საინტერესო ესე „ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოის“ I ნაწილი. მაშინ მკითხველს შევპირდით, მალე მეორე ნაწილსაც გავიხსენებდით.
ესეს მეორე ნაწილში კიტა აბაშიძე ეკამათება თავის ოპონენტებს, მათ შორის გრიგოლ რობაქიძეს. შესაძლოა, ჩვენი მკითხველი რამეში არ დაეთანხმოს კიტა აბაშიძეს, მაგრამ, ყველა დარწმუნდება, რომ ესე შესანიშნავია და ავტორი საინტერესოდ ხსნის ილიას „განდეგილის“ გმირის ტრაგედიის მიზეზს და კარგად ადარებს ქართულ და რუსულ ლიტერატურას,
კიტა აბაშიძეზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ რას წერდა მასზე დიდი კონსტანტინე გამსახურდია, რომელსაც უყვარდა ადამიანების დაფასება და რომელიც ძალიან კარგი ხელოვნებათმცოდნე, ესეისტი და კრიტიკოსი გახლდათ თავადაც. დიდი კონსტანტინე წერდა:
„დიდი კიტა აბაშიძის ღვაწლი ქართული მწერლობის ისტორიაში. იგი ამჟამადაც არაა ჯეროვნად შეფასებული.
როგორც კიტა აბაშიძის „ეტიუდები“, ისე სხვა მისი შრომები ორიგინალური იყო ფორმის მხრითაც. იგი იყო არა მარტო შესანიშნავი მწერალი, ასეთივე ორატორი.
მეოცე საუკუნის პირველ ათეულ წლებში ჩვენს მწერლობაში თავი ისახელეს ათ-თორმეტზე მეტმა კრიტიკოსმა, მაგრამ ორი თაობის კრიტიკოსებმა ძვრა ვერ უქნეს კიტა აბაშიძის მიერ დადგენილ სამანებს ქართული მწერლობისა.
უეჭველია, ახალი და ახალი თაობანი ჩვენი მწერლობისა ბევრ რამეს ისწავლიან კიტა აბაშიძის, ამ ბრწყინვალე მამულიშვილის მემკვიდრეობიდან. ქარველი ხალხი არასდროს დაივიწყებს კიტა აბაშიძის ნათელ სახეს“. გაიოზ მამალაძე
კიტა აბაშიძე
ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი
II
22 სექტემბერს, 1911 წელს, ქუთაისში გამართულ სალიტერატურო საღამოზე წაკითხულმა ჩემმა რეფერატმა რეპლიკა გამოიწვია ჯერ თვით თეატრის დარბაზში ბ-ნ გ. რობაქიძის მიერ და მერე გაზეთებშიაც (,,მნათობის» ფურცლებზე).
მე, რასაკვირველია, ვერ გამოვეკამათები ვერავის, მაგრამ მინდა ორიოდე ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველებს და ამით გზადაგზა პასუხი გავსცე ჩემს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს.
,,განდეგილი“ ისეთი დიდებული, ისეთი გასაოცარი ნაწარმოებია, რომ იმის შესახებ ბაასი კაცს არ მოსწყინდება, არც მწერალს წერა, არც მკითხველს კითხვა. ,,განდეგილი“ არათუ უდიდებულესი ნაწარმოებია იმ სალიტერატურო სკოლისა, რომელსაც ილია ეკუთვნოდა, არათუ გამომსახველია მთელის მეცხრამეტე საუკუნის ქართველ საზოგადოების მოწინავე ნაწილის ფიქრისა, აზრისა და სულის კვეთებისა, იგი წინასწარმეტყველურის ტენდენციით არის აღსავსე, იგი გამომხატველია მთელის ქართველის ერის კულტურულის სახისა, იგი გამომეტყველია ქართველის ერის რწმენისა და ფილოსოფიისა.
,,ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო მაღალნიჭიერმა მკვლევარმა აკადემიკოსმა და პროფესორმა მარმა აღნიშნა თავის წიგნაკში შოთას თხზულების ის ცხოველმყოფელი ელლინიზმი, ცხოვრების ფილოსოფია, ცხოვრებისადმი ტრფიალი აზრი, რომლითაც აღსავსეა ეს დიდებული ნაწარმოები, ეს უკვდავი ძეგლი ქართველი ერის გენიოსობისა. ეს საღი წარმართული (პაიენ) შეხედულება ცხოვრებაზე სჩქეფს ჩვენს ლიტერატურაში დაუშრეტელად, მისი მოძრაობა ვერ შესძლო ვერც ბიზანტიურმა ფორმალიზმმა სარწმუნოებაში, ვერც აღმოსავლეთის პესიმისტურმა ფილოსოფიამ, რომლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა მთელი ჩვენი ლიტერატურა საუკუნოების განმავლობაში, ვერც მისტიციზმმა რუსეთის მწერლობისამ, რომლის გავლენის ასის წლის იუბილე უკვე ნადღესასწაულევი აქვს ქართულ მწიგნობრობას.
თუ სადმე შესაძლებელია ითქვას რომელისამე ერის ლიტერატურის მთავარ ტენდენციის შესახებ, მწერლობის ნაციონალურის ხასიათის შესახებ, კულტურის დედაძარღვის შესახებ, ეს უეჭველად ქართულ ლიტერატურის შესახებაც ითქმის და ეს განსაკუთრებული თვისება ქართულის მწერლობისა გამოიხატება იმაში, რომ მარად ჟამს, ყოველს გარემოებასა და ყოველს პირობაში მას არ დაუკარგავს, არ გადაუხვევია ცხოვრების ალღოსათვის, არ უღალატნია მისთვის. ცხოვრების ,,სიტკბო-სიამე“ ყოველთვის ღრმად უგრძვნია, ყოველთვის სატრფიალო საგნად გაუხდია. ჩვენს ლიტერატურას, რასაკვირველია, განუცდია ქრისტიანობის ზედგავლენაც; სასაცილოც იქნებოდა და სატირალიც ეს ძლიერი ძალა მისთვის შეუმჩნეველი და შეუთვისებელი გამხდარიყო. უეჭველად ამჩნევია მას დაღი იმ სარწმუნოებისა, რომლის უმთავრესი იდეალიც მოყვასთათვის თავის დადებაა. ,,უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთვის“ - გაისმოდა საუკუნეების განმავლობაში იესოს ტაძარში და მისი გამოხმობა, მისი გამოძახილი თვით განხორციელებულ სასოწარკვეთილების გენიოსის ნიკო ბარათაშვილის ლექსებში გ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | აისმის.
თუ ერთის მხრით იგი ცხოვრების თაყვანისმცემელია:
,,რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა“,
გვეტყვის ის დაგვიხატავს რა ცხოვრების ძირის სიმწარეს, მეორეს მხრით, ქრისტიანულ მოყვასის სიყვარულს იჩენს, როცა გვეტყვის:
,,და ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“.
მხნედ დაგვძახებს მას შემდეგ, რა ყოველსავე ამსოფლიურს თავისის მერანით გადასთელავს: სიყვარულს, მეგობრობას, თვით საფლავს სამშობლო მხარეში. ამიტომაც არის, რომ ჩვენის ცხოვრების ფილოსოფიას, ,,სააქაოს“ რწმენას, ხორცის სიამეს აღვირახსნილი, ეგოისტური, ბინძური ელფერი კი არა სდევს, სინაზითა და სიმშვენიერითაა შემოსილი. ,,სურვა“, ,,მგრძნობელობა სჯობს ყოველ გრძნობას“, გვეუბნება ალექსანდრე ჭავჭავაძე, მაგრამ მისი მგრძნობელობა სევდიანობითა და თავისუფლებით არის აღსავსე.
შედარებისათვის ავიღოთ რუსული ლიტერატურა:
რუსულის მწერლობის კორიფეები ტოლსტოი და დოსტოევსკი სულ ცხოვრების სიტკბოს წინააღმდეგ არიან ამხედრებულნი, მარტო სული, მარტო საიქიო აინტერესებთ: ტოლსტოი იმ უკიდურესობამდისაც კი მივიდა, რომ დაჰგმო და ანათემის ღირსად გახადა თვით გრძნობა სქესობრივი დასაბამისა, წყარო ცხოვრებისა, ე. ი. მან ერთის კალმის მოსმით მოინდომა მთელის ცხოვრების მოსპობა. რუსული ლიტერატურა ყოველს ხორციელს, ყოველს, რასაც ბუნებრივის სტიქიონის ხასიათი აქვს, უარყოფით ეკიდება, მარტო სული, მარტო გასაცხოვნებელი კაცი - ადამიანი - აი, მისი იდეალი; მშრალი კანონი, მკვდარი დოგმატი - აი, მისი მორალი. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატს გადააბიჯებს, დაისჯება: ანნა კარენინა დაღუპულია იმიტომ, რომ უღალატა საუკუნეების მიერ გაჭედილ მეუღლეობის კავშირს.
ცხოვრების სიდუხჭირე, სიბინძურე, ვით სიმბოლო ცხოვრებისა, შეხარულება, სიცოცხლის უარყოფა აი, რა ამშვენებს ადამიანს. პიერ ბეზუხოვი მკბენართა ემბაზში მოინათლება და მხოლოდ მაშინ იქცევა ტოლსტოის თანამგრძნობ გმირად. ეს არის არათუ ქრისტიანიზმი, არის გადაჭარბებული, წრეს გადასული ფორმალიზმის გაღმერთება. და, როცა უწმინდესი სინოდი ტოლსტოის მოძღვრებას სდევნის, პირდაპირ ადამიანთა შეუგნებლობისა და სისულელის სურათი თვალწინ აღგემართებათ. შესაძლოა, სინოდის წევრები წინააღმდეგნი არიან არსებითად ფორმალიზმის განხორციელებისა. მათ ფორმა, დოგმატი დეკორუმად სჭირიათ, ძალის მოპოვებისათვის გამოსადეგ იარაღად და სრულიადაც არ ეჭაშნიკებათ მათი ცხოვრებაში განხორციელება. ამ შემთხვევაშიაც შორს-მხედველობაა საჭირო თვით უმცირესი, რომ იმ კაცს არ აუმხედრდე, რომელიც ახალის სულით აცხოველებს დახავსებულსა და დამპალს ჩონჩხს.
ვერავითარს მსგავსს ქართულს ლიტერატურაში ვერ იპოვით. არა მგონია, ჩვენოდენი საზოგადოებრივი უბედურება ერს სწვეოდეს. ერთი ილიას მოკვლა რად ღირს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიხარული და ლაღობა, ცხოვრების, საწუთროს, სააქაოს სიყვარული ჩვენს მწერლობას არ დაუგდია. თუ ქვეყნის გეოგრაფიულს მდგომარეობას რაიმე გავლენა აქვს და, უეჭველია, აქვს მწერლობაზე, ერთის მხრით, ამითაც აიხსნება ეს მხიარულების ფონი, ნიადაგი, რომელიც არა შორდება ჩვენს მარჯვენა-ნაკურთხ მწერლებს თვით უაღრესს პესიმისტებსაც კი. ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი“, რომელიც ჩვენმა დიდებულმა მგოსანმა უკვდავჰყო თავისს ერთ საუკეთესო ლექსში, ნიადაგ მხიარული კაშკაშა ცა მზით გაბრწყინვალებული, ნიადაგ ამწვანებული მიდამო თვით უსაშინელესს წამებს უტკბობს სმენამახვილს გენიოსს ქართველის ერის პოეზიისას.
და, აი, თვისება ქართველის მწერლობისა სავსებით გამოიხატა ილიას ,,განდეგილში“.
რაში გამოიხატა ილიას პესიმიზმი, ილიას უარყოფა ცხოვრებისა ამ პოემაში?
სამას სტრიქონზე მეტია ამ საოცნებო ქმნილებაში და ამ სამასი სტრიქონიდან ცხოვრების მწარე მხარის აღწერას დათმობილი აქვს ოცი თუ ოცდახუთი სტრიქონი. შესაძლოა ამასში გამოერიოს ათი სტრიქონი, რომელიც მთელ ნაწარმოებს სჯობდეს, უფრო ძლიერი იყოს, ამისათვის სტატისტიკას და ციფრებს როგორც აქ, ისე, საზოგადოდ, ხელოვნებაში ადგილი არა აქვს. მაგრამ ეს პოემა იმ შედევრს ეკუთვნის, რომელშიაც ერთი წერტილიც არ არის მეტი, რომელშიაც ერთი სტრიქონი მეორესა სჯობს და ეს მეორე პირველს. მეორე თავის ადგილს უფრო ძლიერია პირველით, ხოლო პირველი უმეორეოდაც მშვენიერია და წარმტაცი. მაშ, აქ ამ წმინდა ტექნიკურ მოსაზრებასაცა აქვს მნიშვნელობა.
აი, ის სტრიქონები, სადაც ილიამ შეუდარებლად დაგვიხატა მთელი სიმწარე ცხოვრებისა, ვითა ძველ ებრაელთა წინასწარმეტყველმა მკვეთრად და საოცარის წინაგრძნობით აღგვინუსხა შხამიანი წუთისოფელი:
,,ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს მეუდაბნოე შეჰკედლებია, საიქიოსთვის ეს სააქაო დაუთმია და განშორებია. განშორებია ვით ცოდვის სადგურს, ვით სამეუფოს ბოროტისასა, სა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | დაც მართალი გზას ვერ აუქცევს განსაცდელსა მას ეშმაკისასა; სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ, ვითა მპარავი და მტაცებელი; სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად, მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი, სად რყვნა, წაწყმენდა და ღალატია, სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა, სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის წმინდა სიყვარულს მოყვასისასა. განშორებია ამ წუთისოფელს, სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა, სად თვით სიტურფე და სათნოება ეშმაკის მახე და ცდუნებაა“.
რაგინდ ძლიერი იყოს ეს სურათი, იგი განყენებული სურათია, იგი ლოგიკური აბსტრაქციაა, იგი მსჯელობაა მოშხამულის გონებისა, და, როგორც ასეთი, ისეთს ძლიერს ცხოველმყოფელ შთაბეჭდილებას არ იწვევს, ვითა აღწერა ,,სააქაოს“ ,,ცხოვრების“, ამ წუთისოფლის სიტკბოებისა, რომელიც მგოსანმა უკვდავის მხატვრულის საშუალებით შეგვაგნებინა. ცხოვრება ის მშვენიერი ასულია, რომელიც სენაკში შეეჭრა განდეგილს და ყირამალა დააყენა მთელი მისი ფილოსოფია, ტყუილა ჩაუტარა ის, რომ ,,დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით, ხორცი სულისთვის უწამებია“.
აბა, გადაათვალიერეთ ცხოვრების გაღმერთების სურათი:
,,გასაოცარი რაღაც შვენება განდეგილს თვალწინ წარმოედგინა: ყმაწვილი ქალი სავსე სიცოცხლით, სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით“...
და ეს მშვენიერება მით არის კიდევ საყურადღებო, რომ თვით განდეგილს გააოცებს, სულს დაუწყნარებს, დაუტკბობს და გულში რაღაც უჩვეველ, ანდა გადაჩვეულ სითბოსა და სიტკბოს გაუტარებს.
,,და უცოდველის გულის ტკივილით ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი“.
მაშინ, როდესაც, თუ წარმოვიდგენთ, რომ განდეგილი უნდა იყოს ,,საიქიოს“ წარმომადგენელი, ეს ნამეტანი ,,მწყრალი და გულ-მშრალი“ უნდა ყოფილიყო, რადგან არათუ ვერავითარ წარმტაც და მომხიბვლელ გავლენას ვერ იქონიებს მწყემს-ქალზე, არამედ მთელი მისი არსება პროტესტით აღივსება ასეთის უკუღმართობის წინააღმდეგ, რად განშორებიხარ ქვეყანასაო:
,,განა ქვეყანად შენ არავინ გყავს, ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“
,,წუთისოფელს მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?
,,ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ! მერე იცი კი, რა რიგ ტკბილია: აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე, აქ ჭირია და იქ კი ლხინია მითხარ: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?“
განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის ქვეყანას, ღვთისგანვე დაბადებულსა. ,,ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო ესე ლამაზად წუთისსოფელი?“ და სხვ. ამ მარტივს და თითქმის ბავშვურს მოსაზრებას, თუმც თავისის სიმარტივით უძლეველს და თავისის სიყრმით მომხიბვლელს, ეს ბრძენი და ქვეყნის ავ-კარგის შემგნები მწირი ვერაფერს პასუხს გასცემს, თუ არა მას, რომ ,,ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისაო“, ანადა: ,,ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ე ს ე თ ი მ ე რ გ ო მ ე... უ ბ ე დ უ რ ს ა ო“.
ეს უბედურად თავის მონათვლა უკვე დამარცხებაა მთელის მისის მსოფლმხედველობისა, ის ვერავითარ საბუთს, ვერავითარ საფუძველს ვერ გამოუძებნის თავის რწმენას, თუ არ მას, რომ ღმერთს გადააბრალებს თავის ბედს. დამარცხდა განდეგილი თავის ფილოსოფიურ დისპუტში და დამარცხდა იგი პრაქტიკულადაც.
ეს დამარცხება მაშინ მოხდა, როდესაც მიძინებული ქალის ჯადოსნურ სიმშვენიერეს ვეღარ გაუძლო და, გაპობილ ბაგეთა ლაღის ღიმილით წარტაცებულმა, მოინდომა ბაგეთ შეხება.
ეს სავსებითი დამარცხებაა განდეგილისა, საშინელი და გაუსწორებელი. აქ წინ იშლება მთელი ტრაგედია განდეგილობისა, ასკეტიზმისა, მთელი სისუსტე და სიბეჩავე ამგვარის მიმართულებისა. ,,რომ განდეგილს ის ,,გადაეკოცნა“, ,,ჩახვეოდა“, ,,მასთან ერთად გამოქვაბული მიეტოვებია და საწუთროს უღელის ზიდვას შესდგომოდა“, როგორც ერთ-ერთი ჩემი ოპონენტი ბრძანებს (,,მნათობი“), მაშინ ,,განდეგილი“ ტრაგიზმით აღსავსე პოემა კი არ იქნებოდა, ფარსი იქნებოდა და ისიც დაბალხარისხოვანი.
განდეგილს, რომელსაც ,,განუდევნია გულიდან ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი.., დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით ხორცი სულისთვის უწამებია“, რომლისაც ,,სული აყვავებულა“, ,,და ხორციელი გულისთქმა ყველა“ დაუმარხავს და განუსვენებია, გულში ,,ჯერ არ ცნობილი სიტკბოება“ ესტუმრება და სულისთვის ,,აღთქმულუკვდავებად“ მოეჩვენება. განდეგილი ამ მაცდურებას ვეღარ უძლებს, ,,ძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!“ ეს სრულიად საკმარისია. მან საიქიოს ამით ზურგი შეაქცია და მისი კავშირი საიქიოსთან გასწყდა; იგი ღვთისმშობელს მიმართავს, რომ მის საფარველს ქვეშე ,,წყეული ხორცი დაწყნარდეს“, მაგრამ
,,ზე აიხედა. დედა-ღვთის ხატსა მავედრებელი შეჰმართა თვალი... და ვაი, წმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად თვალთწინ დაუდგა იგივე ქალი“.
დაწყნარების მაგიერ მისი ხორცი აღშფოთდა. მის ბუნებაში კატასტროფა მოხდა, მთელი რევოლუცია მის რწმენაში იგი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ბუნების კანონების ყურმოჭრილი მსხვერპლი და მონა შეიქმნა.
,,პირჯვარი უნდა, ხელი არ ერჩის, ლოცვის თქმა უნდა, ენა ებმება, ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ ქალი წყეული თვალთ ელანდება! ,,აბა სძლიეო!..“ და კვლავ ვიღაცამ გადიხარხარა იმის სენაკში. აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო და როგორც გიჟი გავარდა კარში“.
დიაღ, ვეღარ სძლევს აწ იგი ხორცს, ვეღარ დაუცხრობს სხეულს და მთელი მისი რწმენაც შეირყევა. მისი რწმენის, ასე ვსთქვათ, ნიშანი, სიმბოლო მზის სხივია, რომელიც ლოცვანს იჭერს ეს სიმბოლოა მის წინანდელ ღრმა კავშირისა საიქიოსთან. დღეს კი ძლეული სული ამ აღტაცებამდის ვეღარ მივიდა.
,,მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
ესეც უტყუარი საბუთი მისი დამარცხებისა და შემდეგ კატასტროფა ფინალისა:
,,გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული, ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა და იქავ, სხივქვეშ, უტევა სული“.
დიდად აღსანიშნავია ის ეპილოგიც, რომელიც ავტორს რამდენსამე სტრიქონში აქვს გამოთქმული:
,,აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა მარტო ქარიღა დადის და ქშუის და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის“...
ეს მთლად ,,განდეგილობის“ მოსპობაა, ვინაიდან მიმბაძველიც კი ვეღარ მოუპოვებია მის მაგალითს და მისი სენაკი ნადირთა სამფლობელოდ გამხდარა. ეს არის სრული უარყოფა ასკეტიზმისა, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებამ ზურგი შეაქცია, დაჰგმო და რომელიც არანორმალურ მოვლენად მიაჩნია.
მეტად საყურადღებოა ის ნაწილი პოემისა, სადაც აწერილია ის ადგილი, როცა განდეგილმა, ცოტათი დაწყნარებულმა,
,,კვლავ სასოებით... დედა ღვთისასა მიაპყრა თვალი, კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი მადლით, ნუგეშით გადმომზირალი, არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან“.
ამაში გამოიხატა ერთგვარი რელიგია, თუ გნებავთ თავისებური დეიზმი ჩვენის ტანჯულის მგოსნისა. ხატი დედა-ღვთისა ეს სიმბოლური გამოხატულება რელიგიისა ,,მადლითა და ნუგეშით“ შესცქერის განდეგილს იმიტომ, რომ ღვთაებას არად უნდა ,,ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?“ განა მართლა მისთვის მორთო
,,ესე ლამაზად წუთისოფელი? განა მისთვის, რომ ადამიანმა შეაჩვენოს და აიღოს ხელი?“
ღვთაება ცხოვრების მფარველია, ცხოვრებისაგან განდგომილობას სრულიადაც არ თხოულობს და, თუ სხივი ლოცვანს აღარ დაიჭერს - იმიტომ, რომ დაირღვა თვით განდეგილის სულის სიმტკიცე, მის ექსტაზს ფრთები შეეკვეცა, მის ასკეტიზმს ნიადაგი მოესპო.
შეიძლება ორგვარად დაასაბუთოს და დაამტკიცოს მწერალმა და ყოველმა ადამიანმა ყოველივე აზრი. ცხოვრების ბრძოლა, ცხოვრებაში აუცილებლად ყოფნა, ცხოვრებისთვის თავის დადება და ცხოვრების უღლის წევა, რაც უნდა ,,ბოროტის სამეუფო იყოს“ იგი აუცილებელია. ანდა იგივე წინადადებაში კაცმა სხვაგვარად დაგარწმუნოთ და განახოთ, რომ ის, ვინც ცხოვრებას გაუდგება, ზურგს შეაქცევს, ვით ერთს ,,რასმე ჭირიანს“ და ვაგლახს, ის, ვინც სააქაოს პირს უბრუნებს, ვინც ხორცს დაჰგმობს, იგი უსათუოდ დაიღუპება, ვით განდეგილი, რაც უნდა იგი ,,სულით გაწმენდილ და განბანილი“ იყოს, რაც უნდა აწამოს ხორცი სულისათვის და თუ გინდ კიდევაც ეგონოს, რომ
,,აქ სული მისი აყვავებულა და ხორციელი გულისთქმა ყველა დამარხულა და განსვენებულა“
იმიტომ, რომ ეგრეთი ლტოლვა ცხოვრებიდან, ეგრეთი გადალახვა ბუნებრივის კანონებისა, ეგრეთი აბუჩად აგდება ,,ცხოვრების“ სიტკბოებისა შეუძლებელია, მოუხერხებელი ისეთ მტკიცე ხასიათისა და სულით მაღალ ადამიანისათვისაც კი, როგორიც განდეგილი იყო.
განდეგილი რომ მწყემს ქალს პირველის დანახვისათანავე ჩაჰკონებოდა, როგორც ეს ,,მნათობის“ რეცენზენტს ჰნებავდა, მაშინ მხოლოდ იმას დავინახავდით, რომ ეს ილიას განდეგილი გამოდგა სულით სუსტი და მეტისმეტად ცეტი, თორემ ზოგიერთს ღრმად მორწმუნეს აფიქრებინებდა, ასე არ მოიქცევოდა მტკიცე ხასიათის ადამიანიო. მით არის ეს პოემა ღრმა და უცილობლად დამარწმუნებელი, რომ განდეგილი მტკიცე და შეუდრეკელის ძლიერის ხასიათისა და მაღალის რწმენის კაცია, მაგრამ იგიც სძლია ბუნებამ და ცხოვრებამ, სძლია და მით კატასტროფა მოახდინა მთელს მის არსებაში.
ბ-ნი გრ. რობაქიძე არ დამეთანხმა, როგორც გავიგე, იმაში, რომ მე განდეგილის ,,საიქიოს“, რომელიც ბ-ნ რობაქიძის ტერმინით ,,სამარადისო“ არის, რომ ამ ,,საიქიოს ძებნას მის მარადისობამდის“ მიდრეკილებას ვაუგებ. ეგ სწორედ ესეა, და არათუ მე, თვით ზეციდან მადლით ცხებული მგოსანი სჯის განდეგილს ამ მისწრაფებისათვის. განდეგილი კი მარტო ცხოვრების მყრალსა და ყოველდღიურ წარმავალ და გულის ამრევ სინამდვილეს კი არ ჰყოფდა უარს, იგი ებრძოდა ხორციელებას, იგი ებრძოდა მთლად ერთიანად ცხოვრებას და სულის სამეუფოს დამკვიდრებას ეტანებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მისი ცდა სრულის გაკოტრებითა და დამარცხებით გათავდა. |
|