საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

უცნობი ავტორის „კონსტანტი კახის წამება“
გია მამალაძე

დღეს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა კოსტანტი კახის ხსენების დღეს, რომელიც არაბებმა წამებით მოკლეს 853 წლის 10 (ახალი სტილით 23 ნოემბერს). კონსტანტი კახი (კახაჲ) გახლდათ ქართლის ერთ-ერთი გავლენიანი დიდებული, წარმოშობით კახი (კახეთიდან), რომელიც, ალბათ, აფხაზთა მეფის ჯართან ერთად, თავისი რაზმით, შეებრძოლა ბუღა თურქის არაბულ არმიას, რისთვისაც, როგორც გვამცნობს ატენის სიონის წარწერა, ის დაატყვევეს 853 წლის 26 აგვისტოს, სახალიფოში გააგზავნეს, შემდეგ მოსთხოვეს სარწმუნოების შეცვლა. ვინაიდან, უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე, აწამეს და თავი მოკვეთეს.

კონსტანტი კახის წამება აღწერა ჩვენთვის უცნობმა პირმა. ავტორის შესახებ არაფერია ცნობილი. ანონიმი ავტორი შესანიშნავად მოგვითხრობს ამბავს. ნაწარმოები უნდა დაწერილიყო 853-856 წლებში, ბიზანტიაში დედოფალ თეოდორას მმართველობის ხანაში, კონსტანტი კახის წამებიდან თეოდორა დედოფლის გარდაცვალებამდე. თეოდორა გარდაიცვალა 856 წელს.

დედოფალი თეოდორა, ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს ქვრივი იყო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 842 წლიდან, შვილის, მიხეილ III-ის მცირეწლოვნობის გამო ბიზანტიის ფაქტობრივი მმართველი გახლდათ. მან მოიწვია საეკლესიო კრება და აღადგენინა ხატთა თაყვანისცემა, რისთვისაც ის წმინდანადაა შერაცხილი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

იმ დროს ტფილისში არსებობდა საამირო, ქართლში მეფობა გაუქმებული იყო (აფხაზეთში,  ტაო-კლარჯეთში და კახეთში არსებობდა ქართული სახელმწიფოები). ტფილისის ამირა განუდგა თავის სუზერენს, ხალიფას. მის დასასჯელად და კავკასიაში არაბთა ბატონობის გასამტკიცებლად ბუღა თურქი 200 000 მეომრით გამოემართა კავკასიისკენ. საჰაკს ეხმარებოდა, უფრო თუ დავაზუსტებთ, ბუღას ებრძოდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინაიდან ეს ვითარება ასუსტებდა ხალიფატს. მათ შორის იყო აფხაზთა მეფე დიმიტრი II და 85 წლის კონსტანტი კახა. ბუღამ დაამარცხა ამირა საჰაკი, 853 წლის 5 აგვისტოს აიღო ტფილისი, გადაწვა ქალაქი და 50 000 ტფილისელი მოკლა. ალბათ, მათ შორის უამრავი ქართველიც იქნებოდა, ტფილისის მოქალაქენი.

თხზულების უცნობი ავტორი საეკლესიო მოღვაწე, შესაძლოა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრებიდან მოშორებით, სადმე მონასტერში მოღვაწე ბერი. მისი აზრით, წმინდანთა ცხოვრების აღწერა აუცილებელი გახდა მის დროსაც, ვინაიდან არ დასცხრა ბოროტის მსახური, ურწმუნო მეფეების სურვილი სხვებს აიძულონ თავიანთ სარწმუნოებაზე მოქცევა, ამისთვის, კვლავ მიმდინარეობს წმინდანების ცხოვრების აღწერა, რაც მაგალითია სხვების, უბრალო ადამიანების განმტკიცებისათვის რწმენაში. ამან გადააწყვეტინა ავტორს აღეწერა კონსტანტი კახის მარტვილობა.

ნაწარმოები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა იმდროინდელი, მეცხრე საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის. ჩანს, რომ მწერალი განათლებული ადამიანია, კარგად იცნობს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას.

„კოსტანტი კახის მარტვილობის“ ხელნაწერები XVIII საუკუნიდან გვხვდება. ტექსტი პირველად გამოაქვეყნა მიხეილ საბინინმა 1882 წელს. 1925 წელს ლათინური თარმანითურთ გამოსცა პაულ პეეტერსმა. 

 მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ უცნობი ავტორის შესანიშნავი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „კონსტანტი კახის წამება“.

წმინდა კონსტანტი კახის ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და საქართველოს!

ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტისი ქართველისაჲ რომელი იწამა ბაბილოვნელთა მეფისა ჯაფარის მიერ.

Ι. საყუარელნო, განცხადებულ არს ყოველთათჳს, ვითარმედ არავინა ყო აღწერაჲ იგი წიგნთაჲ, გარნა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდმან მან მოსე პირველად იწყო აღწერად შესაქმისა ცისა და ქუეყანისა, რომელ არასადა ეხილვა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაჲთა აღწერა იგი, ვითარცა თუალითა ხილული. და მისა შემდგომად აღწერნა სხუანიცა წიგნნი, რომელთა შინა აუწყა გამოსლვაჲ იგი ძეთაჲ ისრაელისათაჲ შემდგომითი-შემდგომად ვიდრე აღსრულებადმდე მისა.

მერმე აღიწერნეს თქუმულნი იგი წინაჲსწარმეტყუელთანი, რომელსა ქადაგებდეს მოსლვისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ჴორციელად ღუაწლისა მისისათჳს. ხოლო შემდგომად მოსლვისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა აღწერნეს ოთხნი ესე ევანგელენი, რომელთაგან ეხარების ნათესავთა მომავალთა მოსლვაჲ იგი უფლისაჲ და განგებულებაჲ მისი ჴორცითა მით, რომელ-იგი მიიხუნა ქალწულისა მარიამისგან წყალობისათჳს ჩუენისა. და ამისა შემდგომად საქმენი მოციქულთანი, ვითარ-იგი მოჰვლიდეს ყოველსა სოფელსა და ახარებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა. და მრავალთა ჰრწმენა მათი და ნათელ-იღებდეს სახელითა მამისაჲათა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.

ხოლო მარადის მტერი იგი და მოშურნჱ არავინ დასცხრა წინააღდგომად ჭეშმარიტებისათჳს და აღაზრზნნა მეფენი მის ჟამისანი და იგინი აიძულებდეს მორწმუნეთა მათ მსახურებად კერპთა თჳსთა, ხოლო რომელნი არა ერჩდეს მათგანნი, მოსწყუედდეს მათ პირითა მახჳლისაჲთა და ცეცხლითა დასწუევდეს.

მაშინ აღ-ვინმე-დგეს კაცნი მორწმუნეთაგანნი. იწყეს აღწერად ცხორებაჲ წმიდათა მოწამეთაჲ და ვითარ სახით არნ აღსასრული ღუაწლისა მათისაჲ სადიდებელად წმიდათა მოწამეთა და აღსაბაძვებელად, რომელთა შური-იგი საღმრთოჲ აქუნდეს.

ამისვე მიზეზისათჳს, მეცა არა ღირსმან, ვინებე მიბაძვებად პირველთა მათ და აღვწერე ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა [მოწამისა კოსტანტისი], რომელი იყო დღეთა ჩუენთა, მეფობასა ღმრთის-მსახურისა თეოდორა დედოფლისა, რომელი-იგი მეუფებდა სამეფოსა ბერძენთასა, ვიდრე-იგი ყრმაღა იყო ძე იგი მისი მიქაელ. ამან ნეტარმან განწმიდა საბერძნეთი ყოველი საცთურისა მისგან, რომელი იყო დღეთა ქმრისა მისისათა ხატისა ურწმუნოებისაჲ, და განამტკიცა ღუაწლი ბერძენთაჲ და მრავალნი ჭალაკნი აღაშჱნნა, რომელნი მოოჴრებულ იყვნეს აგარიანთა მიერ.

ΙΙ. მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა-სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახი სახელად მამულისა მის ქუეყანისა. კაცი ესე იყო წარჩინებულ ფრია

დ და დიდ ყოველსა ქუეყანასა ქართლისასა, ფრიადი სიმდიდრჱ აქუნდა და მრავალი შუებაჲ აქუნდა ამის სოფლისაჲ, და განთქმულ იყო სახელი მისი ქუეყანათა შორიელთა, ვიდრემდის მეფეთაცა მისმენილ იყო მისთჳს.

და ესე ნეტარი შემკობილ იყო ორ-კერძოჲთავე მით საქმითა, ვითარცა ხჱ ფურცლითა და ნაყოფითა. და აქუნდა მას სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ, შეუორგულებელი და უმტკიცჱსი მთათაჲ, და კეთილად აქუნდა ნეტარსა მას სარწმუნოებაჲ მღდელთ-მოძღუართა მიმართ და ყოველთა მოწესეთა ეკლესიისათა, ვითარცა იგი ღირს არს და მართალ. და უყუარდეს მას მონაზონნი და აქუნდა მათა მიმართ სარწმუნოებაჲ და მოსწრაფე იყო მსახურებასა მათსა. და უკუეთუ ვინმე მონაზონთაგანი, გინა ყოვლადვე მოწესეთაგანი მივიდის სახლად მისა, მიეგებვინ იგი სიხარულით, თაყუანის სცის პირსა ზედა ქუეყანისასა და ფრიად განუსუენის მას და მრავლითა ნიჭითა წარგზავნის იგი.

ხოლო სტუმარ-მოყურებისა და გლახაკთ-მოწყალებისა მისისათჳს ვერვის ძალ-უც მითხრობად ღირსად, არამედ მცირედი ოდენ რაჲმე ვთქუათ: ვინ, სადა ვინ მივიდა მისა მშიერი ანუ წყურიელი და არამცა განაძღო იგი, ანუ შიშუელი და არა შემოსა იგი სიხარულით?! მრავალნი მოივლტიედ მისა შორით ქუეყანით ლტოლვილნი თანამდებთა თჳსთაგან, ხოლო მან მხიარულებითა დიდითა გარდაიჴადის თანანადები იგი მათი. ვინ სადა იხილა მან ობოლი და გინა ქურივი და არა მსწრაფლ იღუაწა იგი?! და ამას ყოველსა თანა ფრიად მოღუაწე იყო იგი ნაკლულევანთათჳს სახლისა თჳსისათა, რამეთუ ესმინა თქუმული იგი პავლჱს მოციქულისაჲ, ვითარმედ "უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარუყოფიეს მას და არს იგი ურწმუნოთა უძჳრჱს“. აქუნდა ნეტარსა მას სიმდაბლჱ და თავსდებაჲ უფროჲს ყოველთა კაცთა, რამეთუ ესმინა სიტყუაჲ იგი მჴსნელისა და მაცხოვრისაჲ, ვითარმედ „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ". და შეერაცხა თავი თჳსი უცოდვილჱს ყოველთა კაცთა და ცრემლოინ იგი ცოდვათა თჳსთათჳს და მრავალ-გზის თქჳსცა. ვითარმედ “არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათასა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს”.

ΙΙΙ. გული უთქუმიდა ნეტარსა მას მისლვად იერუსალჱმად და თაყუანის-ცემად წმიდასა გოლგოთასა. სადა-იგი იქმნა განახლებაჲ ჩუენი მარჯუენისაგან მაღლისა და ნათლით-შემოსილისა და ცხორების-მომცემელისა საფლავისა და წმიდისა სოინისა, დედისა ეკლესიათაჲსა, და ყოველთა წმიდათა ადგილთა, რომელთა დადგეს ფერჴნი უფლისანი.

და ვითარცა მიიწია იგი იერუსალჱმად და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და საფასჱ დიდ-ძალი მისცა ეკლესიათა, გლახაკთა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა. და მერმე გამოვიდა იერუსალჱმით და მოვლნა ყოველნი მონასტერნი უდაბნოჲსანი და მკჳდრნი იორდანისანი, და მრავალი განსუენებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ მიჰმადლა მათ. ხოლო მათ მრავლითა ლოცვითა და კურთხევითა წარმოგზავნეს იგი. და ვითარ მოიქცა იგი ქუეყანადვე თჳსა, ცხონდებოდა იგი ბრწყინვალედ მრავლითა ღმრთის-მსახურებითა. და მიერითგან არღარა დააცადებდა იგი სურვიელად კითხვასა იერუსალჱმის მშჳდობისა და აღშჱნებასა გლახაკთასა, რომელნი მყოფ იყვნეს მას შინა, და რაჲ წელიწად, წარსცის ერთსა მსახურთა მისთაგანსა სამი ბევრი ვეცხლი, რომელიმე მისგანი წმიდათა ადგილთათჳს და რომელიმე უდაბნოთათჳს და რომელიმე გლახაკთათჳს, რომელნი მკჳდრ იყვნეს იერუსალჱმს შინა.

რამეთუ ესმინა მცნებაჲ იგი პავლჱსი მოციქულისაჲ, რომელი მიწერა კორინთელთა მიმართ, ვითარმედ "ნამეტნავი ეგე თქუენი იყავნ ნაკლულევანთა მათთჳს, რომელნი არიან იერუსალჱმს, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისათჳს".

და ვითარ მოხუცებულ იყო, იქმნა ნეტარი იგი ოთხმეოცდახუთისა წლისაჲ. ჟამთა ოდენ ჰასაკისა მისისათა აღდგა დევნულებაჲ დიდი ქრისტეანეთა ზედა ყოველსა ქუეყანასა ქართლისასა, და იყვნეს წყობანი დიდნი და [მოისრნეს] მრავალნი ქრისტეანეთაგანნი მათ შინა, რომელნი იღუწიდეს შჯულისათჳს ქრისტჱსისა.

ხოლო ნეტარი იგი შეიპყრეს ჴელად, ვითარცა წინამძღუარი და წარჩინებული ყოველსა ქუეყანასა ქართლისასა და პირ[ველ]ი ნათესავთა მისთაჲ, და შებორკილეს იგი და ეგრჱთ წარიყვანეს ქალაქად ტფილისად და შეაყენეს იგი საპყრობილესა.

ხოლო იგი ყოვლადვე არა შეშინდა, არცა შეძრწუნდა, არამედ სიხარულით შეიწყნარა მოწევნული იგი მის ზედა და ჰმადლობდა იგი უფალსა. ხოლო შეპყრობაჲ იგი ნეტარისა მის კაცისაჲ არათუ თჳნიერ რაჲმე ღმრთისა იყო, არამედ, რომელი-იგი განაგებს ყოველსავე და მისცემს მიზეზთა ცხორებისათა ნათესავსა კაცთასა დაფარულითა განგებულებითა.

ამას ზედაცა ინება სიხარულითი იგი მშჳდობაჲ, რაჲთა სახილველ იყოს ანგელოზთა და კაცთა კეთილი იგი საფუვარი გულს-მოდგინებისა მისისაჲ, რომელი-იგი მან წინაჲსწარვე იცოდა, არამედ არა დააცადა წინა-დაპყრობაჲ მისი, რამეთუ ესვიდა ახოვანსა მას თჳსსა და ვითარცა იგი იყო იობის ზედა და ყოველთა წმიდათა შემდგომითი-შემდგომად.

IV. და ვითარ წარადგინეს ნეტარი იგი ტფილისს შინა წინაშე მძლავრისა მის, რომელსა სახელი ერქუა ბუღა, აყუედრებდა იგი მას და ეტყოდა: „ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ [ვერ] განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელთაგან ჩემთა, რამეთუ არავინ არს განდგომილთაგანი, რომელსაცა არა ვსძლე, და არცა რომელი განემზადების წყობად ჩუენდა და არა ვერეოდეთ, რამეთუ აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა”.

მიუგო მას სანატრელმან კოსტანტი და ჰრქუა: „მეცა უწყი, ვითარმედ ღმერთმან მიგუცნა ჴელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათჳს, არცა საქმეთა თქუენთათჳს კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი. ამისთჳსცა ნათესავითა მით ურჩებისაჲთა განგუკაფნა ჩუენ, რამეთუ მრავალ-გზის იერუსალჱმიცა მისცის უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა, რაჟამს არა ვიდოდიან იგინი გზათა მისთა, ხოლო ჩემდა კეთილ არს, რამეთუ დამამდაბლა მე უფალმან, რაჲთა დავიმარხე მცნებანი მისნი“. და სიმჴნით დაითმენდა იგი უკეთურისა მის მძლავრებათა, რამეთუ ეჴსენა მას სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს: "ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს".

და ვიდრე პყრობილღა იყო მოწამჱ ქრისტჱსი ტფილისს შინა, მიწერა წიგნები ყოველთა მიმართ მეუდაბნოეთა ქალ

აქისათა და მამასახლისთა მონასტრისათა, რომელსა წერილ იყო ესრჱთ: „უწყი მე, რამეთუ გასმიეს თქუენ, რაჲ ესე მოაწია ღმერთმან ჩემ ზედა ცოდვათა ჩემთათჳს, არამედ გევედრები თქუენ, წმიდანო მამანო და ჭეშმარიტნო მოღუაწენო ქრისტჱსნო, რაჲთა მოიჴსენოთ სურვილი ჩემი და სარწმუნოებაჲ თქუენდა მომართ და ინებოთ ჩემთჳს ლოცვისა ყოფაჲ უფლისა მიმართ, არა ხოლო თუ რაჲთამცა მიჴსნა მე ჴელთაგან უსჯულოჲსათა, არამედ რაჲთა მომცეს მე ძალი ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან, წინამდებარისა ამისთჳს საბრჴისა, რომელი დაურწყავს მტერსა ჩემსა, რომელთა ჰნებავს დაბრკოლებაჲ ჩემი გზისა მისგან, რომლისათჳს ჰსურის სულსა ჩემსა“.

V. და შემდგომად მცირედთა [დღეთა] შეკრეს იგი ფიცხლითა საკრველითა რკინისაჲთა და წარსცეს იგი ქუეყანად ბაბილოვნისა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან სამარაჲ. მიჰგუარეს იგი მეფესა მას ისმაიტელთასა, რომელსა სახელი ერქუა ჯაფარ, ძე აბრაჰამისი. ხოლო რაჟამს წარადგინეს მოწამე ქრისტჱსი წინაშე მისსა, ჰრქუა მას: “აჰა ესერა მოცემულ ხარ შენ ჴელთა ჩემთა და მეუფებაჲ მაქუს შენ ზედა ყოფად კეთილისა და ბოროტისა, არამედ ისმინე და მერჩდი მე, აღიღე რჩული ჩუენი და უვარ-ყავ ცთომაჲ. იგი შენი ქრისტჱს ღმრთისათჳს, რამეთუ გონიერად გხედავ შენ, და ვითარ აწ ლიტონსა კაცსა, დედაკაცისაგან შობილსა, ღმრთად აღიარებ? დასცხერ ამიერითგან, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს სიტყუად, ვითარმცა ძჱ ესუა ღმერთსა. ხოლო აწ მოიქეც ცთომილებისაგან შენისა და მიიღო ჩემგან კეთილი და უაღრჱსი პატივი და გყო შენ თანამზრახუელად ჩემდა და უდიდებულჱს ყოველთა მოყუასთა შენთა. და უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკუდილითა მოჰკუდე შენ პირითა მახჳლისაჲთა, და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფრინველთა ცისათა, და ვინ არს, რომელმან განგარინოს შენ ჴელთაგან ჩემთა”.

მიუგო მას წმიდამან მოწამემან ქრისტჱსმან და ჰრქუა: “მეცა უწყი, რამეთუ ჴელმწიფებაჲ გაქუს ჴორცთა ჩემთა ზედა, არამედ არა სულსა, ვითარცა იტყჳს უფალი ჩემი და ღმერთი, ამისთჳსცა არა მეშინის მე მახჳლისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიფებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ჴელმწიფე და მთავარი მშჳდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა, ვითარ წერილ არს. აწ უკუე ვითარ შეურაცხ-ვყო იგი და ვერჩდე ბრძანებასა შენსა და რჩულსა თქუენსა, რომელთა წინაჲსწარმეტყუელი გუაყუედრებს და იტყჳს: „არა ესმის ქანანს, არცა გამოჩნდა თემანს, არცა ძეთა აგარისთა მეფეთა და მეზღაპრეთა გამომეძიებელთა გონიერებისათა ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ არა გულისჴმა ჰყვეს და არცა მოიჴსენნეს ალაგნი მისნი და წარწყმდეს იგინი მსგავსად მისა". აწ რომელსა წინაჲსწარმეტყუელი შეასმენს ესრჱთ და წარწყმედასა აქადებს, ვითარ მათი ვისმინო, არამედ აღასრულე ჩემ ზედა, რაჲ-იგი გეგულების”.

ხოლო ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა მას, აღივსო იგი გულის-წყრომითა დიდითა და რისხვაჲ გულის-წყრომისა მისისაჲ სასტიკებით უფროჲსღა აღატყდებოდა მის ზედა და ბრძანა მიცემაჲ მისი საპყრობილესა ფიცხელსა. და მიავლინა მისა ორნი იგი ერისთავნი, რომელნი ტყუეობითვე მიეყვანნეს სომხითით და უვარისყოფითა ქრისტჱსითა პატივ-ცემულ იყვნეს მის წინაშე. და ვითარ მივიდეს იგინი, ჰრქუეს ნეტარსა მას: „ამას იტყჳს უფალი ჩუენი მეფჱ, ვითარმედ: „ერთ-გზის გამხილებღა უგუნურებასა შენსა, რამეთუ სამ-გზის რჩულდებულ არს ჩუენდა ურწმუნოთა მხილებაჲ. აწ ისმინე ჩუენი, რაჲთა სცხონდე, და ნუ ესავ სასოებასა მაგას არა სასოსა, რამეთუ ღმრთისა მიერ მოცემულ ხარ შენ ჴელთა ჩუენთა და ჩუენცა ესრჱთვე გაზრახებთ შენ: ნუ დადგრომილ ხარ შენ სიფიცხლესა მაგას შინა, ვითარცა უგულისჴმოჲ, რამეთუ გონიერად გიცით შენ. და ჩუენცა ქრისტეანენივე ვიყვენით, არამედ ვერ შეუძლეთ წინააღდგომად ბრძანებასა მეფისასა, ამისთჳსცა მოვიგეთ მისგან პატივი, ხოლო საუკუნესა მას ცხორებასა, ვინ უწყის, რაჲ უმჯობჱს არს“.

მაშინ მიუგო წმიდამან კოსტანტი მოვლინებულთა მათ და ჰრქუა: “ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: [ნუ]ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩუეულებაჲ მეფეთაჲ ბაბილოვნისათაჲ გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაჲ იგი გეგულების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაჲსაღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაჲთა გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი”. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, აღაღო პირი თჳსი წინაშე მათსა და იტყოდა: „გიგალობ შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმან მომეც მე ძალი წინააღდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინაჲსწარ სთქუ, ვითარმედ: „თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი". ღირს მყავ მე ნათელსა პირისა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლტი, ქრისტე, ძეო ღმრთისაო. და აჰა ესერა მოუძლურებულ ვარ მე ყოველთაგან წარმართთა სახელისა შენისათჳს წმიდისა, უფროჲსღა უსჯულოჲსა ამისგან მეფისა. და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შეიწირე მსხუერპლი ესე ჩემი და შეივედრე სული ჩემი ჴელთაგან წარმართთასა და მომმადლე აღთქუმაჲ, რომელ აღუთქუ, ვითარმედ: "რომელთა აღმიარონ მე წინაშე კაცთა, პატივ-სცეს მამამან ჩემმან". და ვითარცა იგი ამასვე ადგილსა ადიდეს წმიდანი იგი ყრმანი, რომელთა აღგიარეს შენ, და მეცა ღირს მყავ მათ თანა, რომელი-ეგე გამოსჩნდი მათ თანა მეოთხედ.

და ვითარცა ესე მე აღგიარებ წინაშე უსჯულოჲსა ამის მეფისა, შენცა, სახიერო უფალო, აღმიარე მე წინაშე ანგელოზთა შენთა. და ვითარცა იგი დღეინდელსა დღესა, ამას დღესა შინა ადიდე ღირსი შენი მოწამე წმიდაჲ გიორგი და შეიწირენ შრომანი მისნი და დათხევაჲ უბიწოჲსა სისხლისა მისისაჲ, შეიწირენ უნდო[ნი]ცა ესე სისხლნი ჩემნი და მომეც მე ნაწილი მის თანა, რაჲთა წილ-მხუდეს რჩეულთა შენთა თანა, რამეთუ სამკჳდრებელი შენი მტკიცე არს ჩემდა”.

და ამას რაჲ იტყოდა წმიდაჲ მოწამე, ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თუალთაგან მისთა ჩუეულებისაებრ მისისა, ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაჲ მისი ვერ დააბრკოლეს გალობად. ხოლო ერისთავნი იგი მოიქცეს და უთხრეს მეფესა მას ყოველი, რაჲცა ეს

მა და იხილეს.

მაშინ უფროჲსღა განრისხნა მეფჱ იგი და წარავლინნა იგინი და უბრძანა მოკუეთაჲ თავისა მისისაჲ, არამედ ამით გამოსცდიდაცა მათ, რამეთუ აქუნდა იჭჳ მათა მიმართ. ხოლო იგინი მივიდეს და სცემდეს მახჳლითა ქედსა მისსა წინაშე დალიჭსა მას და ვერარას ავნებდეს მას. და ვითარ აუწყეს ესე უსჯულოსა მას მეფესა, წარავლინა მან ერთი წინაშე მდგომელთაგანი უცხოთესლი და მან მოკუეთა თავი მისი მახჳლითა, და შეართუა მეფესა თჳსსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლის-მცემელისაჲ ჰეროდეს.

VI. ხოლო გუამი მისი დამოჰკიდეს ძელსა ფრიად მაღალსა. ყოველმან ერმან იხილეს სასწაული დიდი გუამსა მას ზედა. და მივიდა წმიდაჲ იგი მოწამჱ ქრისტჱსი ადგილსა მას განსასუენებელისასა, რომლისაგან განშორებულ არიან ყოველნი სალმობანი, მწუხარებანი და ჭირნი, სადა-იგი ხედავს ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო, სადა-იგი ვერ მისწუთებიან ენანი ძჳრის-მეტყუელთანი, არამედ სიხარული დაუსრულებული არს მუნ და წმიდათა ანგელოზთა თანა მოქალაქობაჲ.

ხოლო აღესრულა იგი კეთილითა აღსარებითა თუესა ნოენბერსა ათსა, დღესასწაულსა წმიდისა გიორგისსა, რომლისაცა თანა ზიარ იქმნა, დღე იყო პარასკევი, დასაბამითგანნი წელიწადნი იყვნეს ექუს ათას ოთხას ორმეოცდაათშჳდმეტ, ხოლო ზედაწერილსა ისმაიტელთასა ორას ოც და ათორმეტსა. და ესე მრავლისაგან მცირედ აღიწერა სიმჴნეთაგანი წმიდისა კოსტანტისი, რაჲთა იყოს თქუმული ესე შემოკლებულ და სრულ, რაჲთა არა იყოს შემაწუხებელ ნაკლულევანებითა, არცა ნამეტნავ განგრძობითა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამჱნ.

VII. და ვითარცა მიესმა პირველმოჴსენებულთა წმიდათა მეფეთა მარტჳლობაჲ წმიდისა კოსტანტისი, განიხარეს სიხარულითა დიდითა და მისწერეს ებისტოლჱ შჳლთა მიმართ მისთა და ნათესავთა სახლისა მისისათა, რამეთუ ფრიად მრავალ იყვნეს იგინი, რომელსა წერილ იყო ესრჱთ:

„რამეთუ, რომელნი-იგი პირველად სიტყუანი მოიწეოდეს სასმენელთა ჩუენთა, რომელ-იგი იქმნებოდა თქუენ მიერ სიმართლისათჳს და იქადაგებოდა, ხოლო აწ საქმენი თქუენნი, რომელთა იქმოდეთ, მოწამე არიან თქუენდა და თქუმული იგი დაემტკიცა ფრიად და დაენერგა კეთილად შჯულიერობაჲ თქუენი. და ჭეშმარიტად გულს-მოდგინებისა თქუენისა საქმჱ, რამეთუ მცირითა მით მიზეზითა, რომელი იყო დამტკიცებულ გულთა თქუენთა სარწმუნოებაჲ, გამოაცხადეთ იგი უღმრთოთა ზედა და ვითარცა სრულნი ქრისტეანენი, ყოველნი ერთბამად ერთ-სიტყუა იქმნენით, და ვითარცა ერთსა შჯულსა შინა იყვენით, და უფალსა პირის-პირ თქუენსა ყოველსა ჟამსა ხედევდით, შეურყეველნი ურთიერთას დაადგერით სასოებითა ქრისტჱსითა მტერთა ზედა ჯუარისათა და ქრისტჱს თანა მოსწრაფებით მამაკაც იქმენით და პირნი მათნი გინებითა აღავსენით და ძლევით-შემოსილთა შეერთებულთა სივლტოლაჲ იგი მათი განუცხადეთ.

და ესე იქმნა ძალითა ღმრთისაჲთა საქმჱ განსრულებული და სიქადული მამათა თქუენთაჲ. და რაჲთა დავატკბნეთ სიტყუანი ჩუენთჳს და თქუენთჳს, ჯერ არს [მოჴსენებად ღუაწლი] ნეტარისა ამის მოწამისა კოსტანტისი და წინააღდგომაჲ სიმჴნისა მისისაჲ მტერთა მიმართ უხილავთა.

და გიჩუენო თქუენ, საყუარელთა ჩუენთა, რომელნი-ეგე ხართ ჭეშმარიტად შვილნი მისნი და ხატნი ჴორციელებისა მისისანი, ვითარმედ რაჟამს ჰბრძოდა იგი ეშმაკთა, შიშითა ღმრთისაჲთა ჴორჱნი თჳსნი წინადაუპყრნა, არათუ სიჴშოთა ამით საქმითა ჴორციელებისაჲთა მიმხედველ იყო, არცაღა ბრწყინვალე უჩნდა მას ნათელი მზისა ამის წარმავალისაჲ, არცაღა ტკბილ უჩნდა მას სიმცხინვარჱ მზის-თუალისაჲ განქარვებადი და გულისწყრომითა ნათლისა მის მომავალისაჲთა ღრუბლად ჰხედვიდა მზესა ამას აღმომავალსა და სიყუარულითა ქრისტჱსითა ყოველნი გემონი სოფლისანი, ვითარცა სისხლი კბილთაჲ, ეგრეთ წარმოჰნერწყუა სურვილითა დიდისა მის გულის-სათქუმელისაჲთა და სიბრძნითა ზრახვისა მისისაჲთა ძმაცულებისა მიმართ.

ამისთჳსცა ყოველი დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, ვითარცა ნაგევი, ეგრეთ შეჰრაცხა, რაჲთა ქრისტე ოდენ შეიძინოს, და აწ ამისთჳსცა მისნი არიან ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რამეთუ ყოველივე დაუტევა და ღმრთისა ოდენ იქადოდა, რომელი - იგი ქებულ არს ღმრთისა მიერ და ანგელოზთა მისთა და საქმეთა მისთაგან უკუნისამდე იქების.

აწ არა გჳჴმს ჩუენ ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი მისთჳს, ვინაჲთგან იგი არს ნუგეშინის-მცემელი და მეოხი ჩუენი და თქუენი წინაშე ქრისტესა, არამედ დაუტეოთ აწ არადატეობილი ესე და თქუენდა მოვიქცეთ სიტყუად, შეწყნარებულთა ღმრთისათა და ჩუენთა, და სადგურისა თქუენისა პატიოსნებაჲ ჩუენ წინაშე წარსრულისა მის პატივითა სიტყჳთ და საქმით გაუწყო თქუენ, რაჲთა გულ-პყრობილ იყვნეთ ჩუენდა მომართ და დაეფარნეთ ქუეშე ფრთეთა მეუფებისა ჩუენისათა, რამეთუ ნებასა შჯულისასა მხედველ ხართ და ყოველი, რომელი მას წინააღუდგების, განაგდებს ქრისტესა, თქუენ შორის მეტყუელსა. მოსწრაფებით ისმინეთ და მის მიერ ცხებულთა თავნი თქუენნი დაუმდაბლენით და უღელსა ჩუენსა ქუეშე ქრისტჱს-მიერსა ქედნი თქუენნი წარუპყრენით და სუბუქისა ტჳრთისა ჩუენისა აღკიდებაჲ მჴართა თჳსთა ზედა არა გარე-წარიცოდეთ.

თქუენ ხართ ჭეშმარიტნი მინდობილნი უფლისანი და მთასა სიონსა ემსგავსენით და გოდოლ-ძლიერებისაჲ პირსა მტრისასა ეჩუენენით. თქუენ საქმეთაგან გამოაცხადეთ, ვითარმედ კუალსა ღმრთისა[სა] და კაცთა მიერ საკჳრველისა მის მამისა თქუენისა კახაჲსა [სათნოებასა] მოსწრაფებით შეუდეგით, სტუმართ-მოყუარებითა და გზათა-მამშჳდებელობითა, მონაზონთა და შორიელთა შეწყნარებითა. აწ ამას ზედა დაადგერით და სრულ ყავთ მოქალაქობაჲ ნეტარისა მის, რამეთუ საფარველმან მეფობისა ჩუენისამან იღუაწოს თქუენთჳს და მთამან სიდიდისა ჩუენისამან ქრისტჱს-მიერმან აღადგინოს დაბრკოლებაჲ თქუენი, და აწ ამას ზედა იქმოდეთ და მით გულპყრობილ იყვენით.

ამას არათუ თქუენ ოდენ გიბრძანებთ, არამედ ყოველთა, რომელნი ჩუენ-კერძო და ჴელთა ქუეშე ჩუენსა არიან ქართველნი, რამეთუ ყოველთავე ქრისტჱს-მოყუარეთა და მეფობისა ჩუენისა ღმრთისა-მიერთა და ვითარცა შვილთა საკუთართა თქუენთა თანა შევჰრაცხ, არამედ კუალად აღდეგით და განძლიერდით უფლისა მიერ. და სიდიდითა ძალისა მისისაჲთა ლახუარნი თქუენნი მტერთა ზედა განაბრწყინვენით და ნუვის სცემ მათგანსა თქუენ შორის სამკჳდრებელსა, რაჲთა მიიღოთ კეთილი ჩუენი და აღთქუმული იგი კეთილის-მოქმედთათჳს უფლისა მიერ მოიღოთ”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq