| ეს სურათი იშვიათად გამოქვეყნებულა | შემოქმედებმაც არა ერთხელ უპასუხეს მკითველის კითხვას, თუმცა პასუხი მაინც ამომწურავი არ არის, და ვერც იქნება, იმიტომ, რომ... ალბათ მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ, ძალიან საინტერესოა წავიკითხოთ მწერლების მიერ თავისი შემოქმედების შესახებ ნაამბობი. გავიხსენოთ კონსტანტინე გამსახურდიას წერილი "რიგორ ვწერ" (1933). როგორც დიდი კონსტანტინე აღნიშნავს: "ეს წერილი დაიწერა ქუთათური ლიტ. გაზეთის "სიტყვა და საქმის" შეკითხვის გამო" (კონსტანტინე გამსახურდია, რვატომეული, ტ. VI, გვ. 517-526, თბილისი, 1963). წინამდებარე წერილი მრავალმხრივ საინტერესოა, მასში კონსტანტინე გამსახურდია ბევრ საინტერესოს გვიამბობს თავის შემოქმედებაზე, ქართულ ასოებს სხვადასხვა საგნებს ადარებს, თავის ოცნებებს გვამცნობს, ლიტერატურის თეორიასაც წვდება, რჩევას აძლევს დამწყებ მწერლებს, ძველი ქართულის მნიშვნელობაზე გველაპარაკება და სხვა. რელიგიასთან დაკავშირებით მისი სიტყვები პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაშინ ცენზურა ბატონობდა ყველაფერზე. თუ დავინტერესდებით დიდი კონსტანტინეს ქრისტიანობასთან დამოკიდებულების შესახებ, პასუხიც აქვეა: „უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს გამოცემებს” - წერს დიდი ოსტატი და მერე უმატებს დროის ცენზურის მოსაგერიებლად: - "ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მასალის ძებნაში”. სინამდვილეში ეს ჭეშმარიტების ძიებისათვის კეთდებოდა დიდი მწერლის მიერ. თორემ, გერმანულსა და ფრანგულს რა სიტყვიერი მარაგი უნდა მოეცა ქართველი მწერლისათვის? და ერთი კიდევ. მეიგავე ხშირად მისტიკოსია, რომელიც ზეციურ ჭეშმარიტებას ქადაგებს. ასე რომ, გამგებმა კარგად უნდა გაიგოს. მაშ შევუდგეთ კითხვას და გავიგოთ-გავიხსენოთ როგორ წერდა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინე გამსახურდია როგორ ვწერ? ჰმ! ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?.. ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიგნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზია კიდევ სულ სხვა. სამწუხაროა, დარვინისებური სელექციის კანონი ადამიანს რომ ვერ მიუყენეს. ვეცდები ნაწილობრივად მაინც გიპასუხოთ. მე შემიძლია შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება. საერთოდ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით თუ როგორ ხდება ეს, როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად გაჩენილ დედას - ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ. ანი ნამგლისათვის მიუმსგავსებია ქართველ ხალხს, ბანი ყელმოღერებულ ქართულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს, განი ლაგვინებს და ქვევრებს ჰგავს. კბილოანი ასოები ღ, ყ, ლ, დ, რაღაც ქვეწარმავალს მაგონებს, ზოგიც ხერხებს, სათლელ, სახლეჩ ან სატეხ ხელსაწყოებს. ძალიან მახარებენ ღერიანი ასოები, ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით წამოვლენ. განების, ყარების, დონების, ენების, ვინების ფეხები ხრმლებს, წერაქცულებს და წათებს მიაგვანან. ინები ცხენების ნალებს. ვინ იცის, ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიის ხრიოკებიდან ომითა და ზათქით წამოსულს. ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას. როცა წერით დავიღლები, თვალს შევავლებ ხოლმე ასოებს, გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას. * * * ვწუხვარ: მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918 - 19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და, პრუსსიის გენშტაბის აკადემია მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო - რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წ. ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში, და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარადა წარიმართა... სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს. ბოლოს შევეთვისე ცხენს. მერმე ის იყო ისევ მწერლობას დავუბრუნდი. „დიონისოს ღიმილის" ტიპები, სახეები და პასსაჟები მრავალი წლის განმავლობაში თან მიტარებია. ცალკეული ფრაგმენტები სხვადასხვა დროს დამიწერია, მაგრამ ჩემი აბობოქრებული ახალგაზრდული ცხოვრების კორიანტელში დავკარგე. 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი ჟურნალ “კავკასიონში” გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შესწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა მქონდა ფული. საქართველოს პოლიგრაფტრესტი მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი, ზოგიერთი თავი მონოლიტურად ჩამოისხმებოდა ხოლმე, ამან გამათამამა. როცა პირველი ხალისი მომექანცა, შევდრკი, მომვარდებოდა სტამბის გამგე მანასე გოგვაძე: - მოიტა გაგრძელება, თორემ ანაწყობს დავშლი, ასონიშნები მჭირია. - ისევ ჩავიკეტებოდი, დავწერდი, გადავწერდი, კიდევ გადავწერდი, კიდევ და კიდევ... ხან რომელიმე თავი არ მომეწონებოდა, ერთ ორ დღეს ისევ დავემალებოდი მანასეს, ერთ ორჯერ ისევ გადავწერდი სტერლინგისებურ ტკიცინა ქაღალდზე. იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო. საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერს დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად "შემომაკვდებიან” ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ. ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნების და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის. თუ ხელს ლაღად უნავარდნია და ასოებიც ვაჟკაცურად მოჯარულან, კარგია. კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. პოლიგრაფიული წამლების სუნი განუზომლად მიყვარს. ასოთამწყობებში ძველი ძმაკაცები მყავს. რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. კორექტურაში ძლიერ ვჭირვეულობ. ახლები ხანდახან ამეშლებიან, ძველებმა იციან "ცოდვილი კაცი" ვარ და მუდამ ამხანაგურის თავაზით მშველიან. მე მუდამ ვაფასებდი ასოთამწყობისა და სტამბის სხვა მუშაკის ამაგს, ამიტომაც ეს მე შემოვიღე პირველად 1917 წელს (ჟურნ. "პრომეთეში") სტამბის მუშების სახელისა და გვარის წიგნის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან. დედანს საშინელი სისწრაფით ვწერ. შავში სასვენ ნიშნებს უნდა გადავახტე (მე მგონია: როცა ჩვენი მკითხველები კითხვასა და ნაწერის გაგებაში უკეთ გაიწაფებიან, სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ. ეს დიდ დროს გვართმევს. ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ, მაინც კარგად წერდნენ. პირადად მე არა მგონია ასეთ რამეს რომ მოვესწრო). არც ერთ ჩემს ნოველლას მეორე ვარიანტი არ ჰქონია. სწრაფად ვწერ, მაგრამ დიდხანს ვინახავ ხელნაწერს, გამოხდება ხანი, წავიკითხავ, გავქლიბავ და ისევ შევინახავ. მე უმეტესად ნაშუაღამევს ვწერ, ნაწერს დილაობით გადავიკითხავ ხოლმე. ხანდახან ფული მჭირია, მაგრამ ნაადრევად დაბეჭდვას თარგმანს ვარჩევ, თუმცა თარგმნამ თავი მომაბეზრა. დიდი პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის. ენერგიის გარდა უამრავი ახალი სიტყვები იხარჯება, მაგრამ რას იზამ, წყალწყალა ხალტურის ბეჭდვას შედევრების თარგმნა სჯობია. მე ადრე დავრწმუნდი: ვერავითარი პირობები ვერ შეისყიდის იმ დროს, რომელიც დიდის გემოვნებით შესრულებულს ნაწარმოებს დასჭირდება. ვინც სისტემატიურად კითხულობს, იგი სულ მალე წერას იწყებს და მერე არც მკითხველად ვარგა და არც მწერლად. გუტენბერგის გენიოსურმა გამოგონებამ, ერთის მხრივ, ავნო კიდევაც ნამდვილ კულტურას, ხელნაწერების იოლმა მულტიპლიკაციამ წიგნი კომერციულ ნაწარმოებად აქცია და ფულისთვის აღტკინებულ საშუალოებას კალამი ააღებინა ხელში. გონებადაჩლუნგულ, უგემურ ბურჟუაზიას ევროპისას იოლად გასაგები და მისი უხამსი გემოვნებისათვის ხელმისაწვდომი წიგნი მოუნდა და აქ კი ბულვარის მწერლები დაფაცურდნენ. ამიტომაც ზეიმობს ამჟამად ევროპაში ხალტურა და ბულვარის მწერლობა. ეს ასეა, მაგრამ ნამდვილი ხელოვნება თავის საკუთარ ეტლს უნდა მიჰყვებოდეს. ამითვე აიხსნება დღეს ევროპაში უდიდესი სიტყვის ოსტატები უაღრეს მატერიალურ გაჭირვებას რომ განიცდიან, ხოლო ზუდერმანის ტიპის ბულვარის მწერლები საკუთარ ვილებში ნეტარობენ. კრიზისებიო? ხანდახან მაქვს, ხელი შეიჩერდება, წერაზე გული ამეყრება, წავალ, ცხენზე შევჯდები, ვინადირებ, ან სპორტით გავერთობი. ხანაც ლამაზმანებს ავიყოლიებ და კონცერტს მოვისმენ სადმე. მომიგროვდება ენერგია, შეწყვეტილ ხელნაწერს ისევ გადმოვიღებ, მივადგები კატასტროფის ადგილს და სამშვიდობოს გავალ. როცა შემოქმედებითი მუშაობით გართული ვარ, ქალთა სიახლოეს გავურბივარ (გავოცდი, როცა სვანმა მონადირეებმა მიამბეს ერთხელ: ჯიხვზე სანადიროდ წასვლის წინ მთელი კვირა ქალს არ მივეკარებითო). ამ დროს ვცდილობ საზოგადოებაში ყოფნას და ღვინის სმას თავი ავარიდო. ახალგაზრდებს ვურჩევ; კალამსა და ჭკუას ძალას ნუ დაატანენ მაინც და მაინც. თამაშით სწერონ, თამაშითა და ბრძოლით. ეს ნათქვამი ირიბულად უნდა გაიგონ. ამ ქვეყნად არავის ისე არ ესაჭიროება სრულყოფისათვის ბრძოლა და შრომა, როგორც მწერალს. ამიტომაც ადრე იღუპებიან სიტყვის დიდოსტატები. კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთ კალმიდან ქაღალდზე მოხდენილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ, რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა. ლევ ტოლსტოი და ფლობერი, ვაჟა და ჰიუგო, რუსთაველი და გოეტე, ალბათ, სატანური ნებისკაცები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენს საუკუნეში ისეთი ძლიერი დოღია გამართული, თუ მთელი შენი ენერგია და მოცალეობა არ შეალია მწერლობას, არარა შეგრჩება ხელში. ის ქმნილება, რომელიც შენს სისხლსა და ხორცს ვერ შეისხამს, უთუოდ წამოდგება ქაღალდიდან. პირად მაგალითს უნდა დავუბრუნდე. 1914-23 წლებში საგანგებოდ მიმოგზაურია საფრანგეთსა, იტალიასა და გერმანიაში, რადგანაც ისეთი რომანი მინდოდა დამეწერა, რომლის არენად, საქართველოს გარდა, ეს სამი დიდი კულტურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო. მე არა მწამს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ფანტაზიისაგან გამოკვებილი ხელოვნება. ან ისეთი, მარტოოდენ იმაჟინირებულ ტიპაჟს რომ ემყარება. მუდამ სინამდვილისაგან ამიღია ჩემი შემოქმედების პოეტური ანდაზა. არც ერთი ლანდშაფტი, არც ერთი ტიპი, არცერთი სახე მხოლოდ ფანტაზიით არ მომიგონია. პოეტური გამოგონება ყოველთვის უსისხლო და უსხეულო გამოვა, თუ მას მიწიერების ნელსურნელება არ გადაჰკრავს (მხოლოდ ესაა: ქვესკნელში ჯერაც არ ვყოფილვარ, თუმცა სავარსამისძის ჯოჯოხეთად ჩასვლა მაინც აღვწერე). ახლა ტიპაჟის შესახებაც მოგახსენებთ. ჯენეტ ხანუმისა და სავარსამიძის პროტოტიპები ევროპაში შემხვედრია 1914-16 წლებში, ასევე ბრაჰმინის, აბსენტუგისა, თადა ლანდიასი, დოქტორ ფატენპურის, ნოიჰაუზის, ხალილ ბეის, ფარვიზის, საქართველოში კი ტაია შელიას, ქოსა გახუს, ექიმ შარუხიას და ლილის, ტაგუ სამუგიასი და სხვათა (რა თქმა უნდა, სახელსა და გვარს ვცვლიდი მუდამ). “დიონისოში” ძველი რომაული სახლის აღწერა დამჭირდა, სპეციალურად შემისწავლია რომაული სახლის გეგმები, მუზეუმებსა და ფილოლოგიურ ნაშრომებში. რომაული ლარესის კულტს რომიდან ინდოეთამდის მივსდიე. ტაია შელიას გველების ამბავი ზოგი ჩემს ბავშვობაში გამიგონია, ზოგიც ქართული მითოლოგიიდან ამოვკრიფე. ასევე პატიოსანი თვლების მნიშვნელოვანი სახელები ძველი ქართული წყაროებიდან ვისესხე. ბრაჰმანის, აბსენტუგისა და სავარსამისძის დიალოგებისათვის ძველი ჰინდური მითოლოგიისა და სიბრძნის გადათვალიერება დამჭირდა. დიონისოს კოლექციები თავათ მაქვს ნახული: ათინაში, რომში, პარიზში, ლონდონში, დრეზდენში, მიუნხენსა და ბერლინში. ენისა და სტილის ამბავიც ერთგვარი ალქიმიაა, აქაც დიდი შრომის გაწევა დამჭირვებია. მას შემდე, რაც განსწავლისა და მოგზაურობის წლები მოვათავე, მთელი ჩემი ენერგია ძველი და ხალხური ქართულის შესწავლისაკენ მივმართე. ცხადია, რომ არც ერთ დიდოსტატს ენისას ჩვეულებრივი მოქალაქისა და თუნდაც ლიტერატორის ლექსიკა, არც უკვე ცნობილი სიტყვების მარაგი არ ეყოფა. ამ შეგნებამ ძველქართულსა და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გადამაგდო. ამის შემდეგ საჭიროდ დავინახე ქართული ენის ალოგიური ბუნებიდანაც ამეღო ხარკი. ბუნებრივად ძველი კარაბადინებისა და შელოცვების შესწავლა დამჭირდა (ზოგიერთებს ეგონათ მე თავათ მრწამდა თითქოს ეს შელოცვები). სიტყვებიც ისევე სცვდებიან, როგორც ფოლადის რელსები, მანქანების ფირფიტები, მაქოები და რიკები. სცვდებიან პოეტური სახეებიც, ამიტომაც მუდამ ვერიდები ათასგზის ნახმარ სიტყვათა კომბინაციებისა და სახეების გამოყენებას. ჩემი ნოველა "ტაბუ” ასე დავწერე: ერთ საღამოს მეგობრისას შევიარე. ჩემი მასპინძელი ფრიად საამური მოუბარი იყო და ძველი საქართველოს ყოფის კარგი მცოდნე. ბერიკაცს საუბრის დროს სიტყვა "ზანდაროზი" წამოსცდა. ამ სიტყვას მე საბასგანაც ვიცნობდი, მაგრამ წინათ ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის. იმ ხანებში ერთი ინგლისელი მოგზაურის დღიურს ვკითხულობდი და მე მას ვუამბე: აფრიკელ ველურებს ზოგიერთი ცხოველის სახელის ხსენება ეკრძალებათ და ისევე როგორც ჩვენში, მათაც ტაბუ ჰქონიათ-მეთქი. ნაშუაღამევამდის ვისაუბრეთ ძველი აზნაურების გარყვნილებასა და ნადირობათა გამო. მე დიდი ხნიდან გუმანი მქონდა სულ სხვა ასპექტით გამეშუქებინა ქართული ბატონყმობა, ვიდრე ეს ილიას და ტეტიათ მოტრფიალეებს სჩვეოდათ. იმავე ღამეს შინმოსულმა ელექტრო ავანთე და ანაზდეულად ხელში მოხვედრილ ქაღალდის ნაჭერზე დავწერე: "ტაბუ. ზანდაროზ აღებული მიმინო”... გავიდა ორი კვირა. აქ ერთი ამბავი ფრიად საგულისხმოა: როცა ხელოვნებაში რაიმე სერიოზულის თქმას ლამობთ, არასოდეს სერიოზული ტონით არ უნდა დაიწყოთ, არამედ თქვენი იდუმალი ტენდენცია და ზრახვათამაშისა და სიცელქის საფარველით უნდა შებურვოთ, თორემ იცოდეთ, ხელოვნური ქმნილების ნაცვლად მშრალი ქადაგება გამოგივათ, ან მოსაწყენი ტრაქტატი. რუსთაველი ნადირობით იწყებს თავისი პოემის უდიდეს დრამას და შექსპირს ოხუნჯების და ტაკიმასხარების მთელი ლეგიონი იმისთვის სჭირია, რომ ტრაგიკული გმირების პირიდან გადმონთხეული სატირა და სიბრძნე შეამსუბუქოს. მეც ისე მოვიქეცი: მყისვე როდი დავატაკე მკითხველს ტაბუში განცხადებული ბატონყმობის ყოფის ბარბაროსობა, აზნაურთა სიბრიყვე და მცონარობა, ეკლესიური მისტიკისაგან დაბანგული ხალხის უმეცრების საშინელება, არამე ჯერ ცალყბა ხუმრობით და შელოცვებით მიმინოს ამბები მოვუყევი და მხოლოდ შემდეგ გავხსენი ბნელი საუკუნის ღამეული სახე. ზოგიერთნი აღშფოთდნენ, მიმინოს წასწვდნენ და ლამის არ იყო მთელი ქვეყანა არ დააჯერეს, რომ მე მიმინოები შინა მყავდეს თითქოს. აჰ, მე ისინი ძლიერ მაგონებენ იმ ბალღებს, პარიზში ჩასვლისას ცხენჯოხიან ჭრელ კარუსელებს რომ შენიშნავენ მყისვე და ლუვრსა და სორბონს რომ ვეღარ ამჩნევენ. მე არ ვმალავ, სხვა მწერლების დარად, მეც განსაკუთრებული ყურადღება და სიყვარული გამომიმჟღავნებია ზოგიერთ ცხოველის ან ფრინველის მიმართ. მერმე რა არის აქ გასაქირდავი?.. მე ბაყაყებსაც ვუმღერე "ტაბუში”. ძველი საბერძნეთის, რომის და ევროპის პოეტებიც უმღეროდნენ ბაყაყებს. განა ბაყაყი არ შეიძლება პოეზიის ტემა იყოს, ისე როგორც თუნდაც ბულბული? ცხოველთა სამეფოდან მე ორი სულიერი მყავს სიმბოლოდ აღებული - მიმინო და გველი (არც ერთი მათგანი შინ არა მყავს). მაგრამ პირველი აღმაფრენის ფარეშია ჩემი, ხოლო მეორე სიბრძნისა. სად არის აქ ქრისტიანიზმი, ან კლერიკალიზმი? ქრისტეს არასოდეს დაუსვამს ხელზე მიმინო და ქრისტიანობას მუდამ სძაგდა გველი. ვისაც "დიონისოს ღიმილი" ყურადღებით წაულითხავს, მას ეცოდინება, რომ ჩემს კოსმოსოფიას ქრისტიანიზმთან არაფერი აქვს საერთო. ხელს რა მიშლიდა? უმეცართა სულმოკლეობა და მეშურნეთა სისინი. ზოგიერთ მწერლებსა და ლამაზ ქალებს ერთნაირი უბედურება სჭირთ: ვინც მათ ვერ მისწვდება, ყველა აგინებს. ერთმა გონებამახვილმა ფრანგმა კარგად იხუმრა: როცა ადამიანი რაიმე დიდსა და შესანიშნავს შექმნის, სხვანი უთუოდ ეცდებიან, მან ეს "მზაკვრული საქციელი" არაოდეს გაიმეოროსო. მე მგონია: ქრისტე არავითარი ღმერთი არა ყოფილა. ალბათ, იგი უბრალო მეიგავე ებრაელი იყო. მის დროს სხვებიც ამბობდნენ იგავებს, მაგრამ ზოგს არ გამოუდიოდა. მერმე ის იყო ცუდი, მეიგავეებიო ამბოხდნენ და ისე მოაწყვეს, რომ იესოს იგავების გამოთქმა შეაწყვეტინეს. ამგვარმა ცუდმა მეიგავეებმა მომიშხამეს სიცოცხლე და შემოქმედების ისედაც მძემე ტვირთი გამიათკეცეს. ამ ამბებმა დიდი მწუხარება შემახვედრა, მაგრამ მტრებიც საჭირო ყოფილან თურმე. მწუხარებამაც ბევრჯერ ამაღებინა ხელში კალამი. დედაჩემის გარდაცვალებამ დამსხვერული ჩონგური დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა - ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე ზარები გრიგალში. ვწერდი და ვტიროდი. ჩვენში ბევრს ჰგონია: პატარა ნოველლა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველლა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი. აქ თავათ თემა მოითხოვს ინტიმობის გამომჟღავნებას. პირადი უბედურების გამო იშვიათად ვტირი, მაგრამ ჩემივე გმირების უბედურებას ავუტირებივარ (ცოტა არ იყოს მეჩოთირება კიდევაც ამის გამხელა, რადგან გულჩვილი ვაჟკაცი არ მომწონს). თითქმის ორი წლის განმავლობაში ვწერდი ნოველლას "დიდი იოსები”. ამ ნოველლის პროტოტიპად მყავდა ჩვენს ეზოში მცხოვრები მეკურტნე, შემდეგ კი მეეზოვე იოსებ სხირტლაძე. ეს მოხუცი ფრიად გულალალი, უთვისტომო და ლოთობისაგან სრულიად დაავადებული კაცი იყო. ლაპარაკში არ ბორძიკობდა, მაგრამ ენაარეულად მეტყველებდა. ხანდახან ჰალუცინაციებიცა ჰქონდა. ელანდებოდა: თითქოს ვიღაცეები ხმალში შემოაკვდა. სადღაც დიდი განძი იპოვა, ხანაც „ბოლშევიკობდა”. როცა დარწმუნდა, რომ ბოლშევიკობა სახელმწიფო ქონების დატაცებას არ ნიშნავს, "ოპოზიციაში” ჩაუდგა ბოლშევიკებს თავის ჭკუაში და "მენშევიკობა” დაიწყო. ასეთივე იდეეფიქსიც ჰქონდა აჩემებული: თითქოს ის სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი იმ დროს, მისთვის ეჩუქნოს საბჭოთა მთავრობას. * * * უდიდესი ბედნიერებაა შემოქმედება, ამავე დროს უდიდესი სიმძიმილის მომგვრელიც. რომანის წერის პროცესსში შემოქმედს პერმანენტული აღტყინების გადატანა უხდება, ამ ხანგრძლივი ჭვრეტის პროცესსში ცხოვრების ამბები მირაჟებად გეჩვენებიან. ენერგიის უდიდესი დაძაბვაა საჭირო, ზმანებული, ხილული, ნანახი და განაგონი რომ არსებულ, ხელშესახებ და დინამიურ სამყაროდ აქციო, იქმენ უბრძანო არ ყოფილს და არარსებულს, ადექ და იარეო, რომ შესძახო ლანდს და სული ჩაუდგა მას. თავისთავად ყოველი ადამიანი მშვენივრად და იოლად გრძნობს, ოცნებობს და ფიქრობს. მაგრამ ნაგრძნობის, ნაოცნებარის და ზმანებულის ფიქსირებას სატანური ნებისყოფა სჭირია და ეს მოითხოვს საშინელს ბრძოლას ენის ინსტრუმენტთან. საუკუნეების განმავლობაში ყოველი საგნისთვის, ცხოველისა და არსებისათვის საკუთარი სახელი მიუნიჭებია ერს. ყოველი დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელი ენის ფორმაცია ხომ მრავალი ათასი წლის მანძილზეა მომხდარი და ამიტომაც მარტოოდენ ენის შესწავლას არ ყოფნის ერთი სიცოცხლე. აქ ისევ ალქიმია იწყება და მე მეშინია სიტყვა გამიგრძელდეს. ახლა ცოტა რამ სიტყვიერი მასალის მოხვეჭისათვის. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს გამოცემებს. ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მასალის ძებნაში. პარალელურად ვმგზავრობდი მთელს საქართველოში, ვნადირობდი და ვთევზაობდი, რათა უშუალოდ გავცნობოდი ხალხის მეტყველებას. ამგვარად შედგენილი მაქვს საკუთარი იშვიათ სიტყვათა ლექსიკონი. დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვის ხმარებას ვერიდები (თუ გმირს არ ვალაპარაკებ). ვიდრე რომელიმე სარწმუნო ძეგლთან შევაწამებ. ცუდი ქართულით მოუბართ შეძლებისამებრ ყურს ვარიდებ. ცუდი ქართულით დაწერილ ლიტერატურას არ, ან ვერ ვკითხულობ. როგორც უცხო ენებზე, ისე ქართულ დიალექტებზე ხანგრძლივად ლაპარაკს გავურბივარ, რადგნაც ვიცი: ეს ქართულ აქცენტს შემირყვნის უთუოდ. მარტოობის ჟამს ხმამაღლა ვკითხულობ რომელიმე შერჩეულ ძეგლს ძველი ქართული მწერლობისას. დაძინებისას ძველ ქართულ შედევრებს ვათვალიერებ, რათა ქვეშეცნებაში განმიმკვიდრდეს თავისთავადი ენის კულტურის ნელსურნელება. ასე და ამგვარად დღე და ღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე ღმერთს. 1933 წელი |