საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ლოვარდ ტუხაშვილი – პაპა ბებურიშვილი და დავით ბოსტაშვილი
ლოვარდ ტუხაშვილი



სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენილ ფერწერულ ტილოზე, ჩოხაში გამოწყობილი მეომარი ცხენს უთმობს ერეკლე II-ს, იქვე კი იჯგიმება ამხედრებული თავადი. მხატვრის მიზანდასახულობა ნათელია: გალაღებული ფეოდალი რთულ სიტუაციაში ორგული აღმოჩნდა, გლეხი კი ერთგული. ექსკურსიამძღოლი გატაცებით ჰყვება: ერთ-ერთ ბრძოლაში მეფე ერეკლემ ცხენი დაკარგა. მხლებელმა თავადმა მიაძახა: ჩქარა მეფეო, უკან შემომიჯექიო. იწყინა მეფემ, ქვეითად განაგრძო გზა. მასთან მოირბინა ქიზიყელმა მხედარმა, მიართვა ცხენი, - ,,ინებეთ მეფეო, ჩემი ცხენიც და თავიც თქვენთვის დამითმიაო“.

ამ გადმოცემას ქიზიყში ხშირად უამბობენ სტუმრებს, საზეიმო-ოფიციალურ შეხვედრებზეც კი. ყველა თქმულებას საფუძველი აქვს, - ან ლიტერატურული, ან ისტორიული. მაგალითად, ამბავი თამარის პირველი მეუღლის - გიორგი რუსის, იგივე იური რიურიკოვიჩის პრასიანში სიკვდილის შესახებ გავრცელდა შალვა დადიანის რომანის - ,,გიორგი რუსის“ გამოქვეყნების შემდეგ. სინამდვილეში რუსი უფლისწული არ მოუკლავთ, XII საუკუნეში არც ტოპონიმი პრასიანი არსებობდა. რეალური მხოლოდ ისაა, რომ განჯის მხრიდან შემოჭრილი რუსი სასტიკად დაამარცხეს 1187 წელს ,,შიდა მინდორში“ ხორნაბუჯის ერისთავის - საღირ მახატლისძის სარდლობით კამბეჩოვანელებმა. უფრო კონკრეტული ცნობა არა გვაქვს. ეს ფაქტი გამოიყენა მწერალმა, რომანი კი ახალი ვერსიის წყაროდ იქცა. განსხვავებული ვერსიაც გვაქვს, ზოგჯერ განგებ ჰქმნიან ხოლმე რაიმე ისტორიული ამბის ახლებურ რედაქციას. ისტორია თანამედროვეთათვის ჭკუის მომხმობი მეცნიერებაა. ,,ისტორია ცხოვრების მასწავლებელია“, - ამბობდნენ ძველი რომაელები, წარსულის გაკვეთილები გამოსაყენებელია ახალი თაობის აღზრდისათვის. იაკობ გოგებაშვილმა სახელმძღვანელოში შეიტანა მოთხრობა ,,ერეკლე II და ინგილო ქალი“. აქ აღწერილი შემთხვევა ქიზიყში, სოფელ ვაქირში მოხდა. დიდმა პედაგოგმა ქიზიყელი ქალი ინგილოთი შეცვალა. რატომ? საინგილო საქართველოს ღვიძლი შვილია, ქართველს ბავშვობიდანვე უნდა ჩაენერგოს მისი სიყვარული. ინგილო ქალის პატრიოტიზმი, სიყვარული ქართული ქუდისადმი (ალბათ გახსოვთ, მოთხრობაში ინგილო ქალმა ერეკლე II-ს ქლიავი გადააყარა ირანული ქუდის ტარების გამო), აღძრავს მეტად სასიამოვნო ასოციაციას, თვითონ ინგილოებს გვაყვარებს.

იაკობ გოგებაშვილმა მრავალი ხალხური ლექსიც გადააკეთა. რა თქმა უნდა, მეცნიერულად ეს გაუმართლებელია. მიზნის კეთილშობილება მაინც ხშირად ნებას გვრთავს დავარღვიოთ ეს წესი.

ავიღოთ ლექსი: ,,ბიჭო, ვისი ხარ მალხაზო, დაურჩი დედაშენსაო, საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდი ჩვენსაო, გადგიშლი წიგნსა, პატარავ, მეც მოგიჯდები გვერდსაო, გასწავლი წერა-კითხვასა, არაკებს გეტყვი ბევრსაო“.

ტექსტი ამ სახით არ არსებულა, მეორე სტროფი ასე იმღერებოდა: ,,დაგიდგავ წითელ ნუნუას, მეც მოგიჯდები გვერდსაო, გაჭმევ და დაგალევინებ, სიმღერებს გეტყვი ბევრსაო“. ,,ნუნუა“ შეცვალა წიგნით და მივიღეთ ბრწყინვალე სხვა მორალური ჟღერადობის საყმაწვილო ლექსი.

ზოგჯერ ხელოვნური ჩარევა გაპირობებულია იდეოლოგური დანიშნულებითაც. ათეისტური პროპაგანდის დროს ებრძოდნენ მღვდელხუცესთა გავლენას. ასეთ ვითარებაში უხერხულად მიაჩნდათ სასულიერო პირების ისტორიული ღვაწლის გამომზეურება. დავიწყებულ იქნა ისტორიული პროცესის დინამიკაში განხილვის აუცილებლობა. ებრძოდნენ რა რეაქციულ არისტოკრატიასა და კლერიკალურ წრეებს, მახვილი წარსულისკენაც შეაბრუნეს. საილუსტრაციოდ გამოდგება თევდორე მღვდლის ,,კაზუსი“.

1609 წელს ქართლის სამეფოს მოულოდნელად შემოესივნენ ყირიმელი თათრები. მტერმა შეიპყრო მღვდელი თევდორე, წამების მუქარით მოსთხოვა ეჩვენებინა ცხირეთის ციხე. ცხირეთის ციხეში მცირე ამალით ისვენებდა ჭაბუკი მეფე ლუარსაბ II. პატრიოტმა მღვდელმა სხვაგან გაიტყუა, თურქ-ყირიმელები მეფეს გაარიდა. თევდორე დაიღუპა. ქართულმა ეკლესიამ ნაწამები ხუცესი წმინდანად შერაცხა. გავიდა სამასი წელი და გმირი თევდორე ერთგვარად ,,რეპრესირებული“ იქნა. ზოგიერთმა ვაი ისტორიკოსმა მას ხუცესობა ,,ჩამოართვა“. ყველგან იწერებოდა არა მღვდელი, არამედ გლეხი თევდორე. ასეთ ტენდენციას აქვს თავისი ახსნა. ნელ-ნელა სწორდება ყველაფერი, მაგრამ ცალკეული რეციდივები ინერციით განაგრძობს არსებობას.

საზოგადოებაში ყოველთვის მიდიოდა მძაფრი კლასობრივი ბრძოლა, სოციალური ასპექტი ხშირად არღვევდა ეროვნულ ზღუდეებს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, თითქოს არისტოკრატია ყოველთვის მოღალატე იყო. არაერთი მაგალითი ვიცით, როგორ ეწირებოდნენ ფეოდალები სამშობლოსათვის. ცოტნე დადიანი დიდი მთავარი იყო, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ქსნის ერისთავები - თავადები. დიდი თავადი იყო ქიზიყის სახალხო გმირი თამაზ ანდრონიკაშვილიც, თამაზ ქიზიყელად წოდებული. რასაკვირველია, ისტორიის ნამდვილი შემოქმედი ხალხია, თუმცა უბრალო ადამიანების წრიდანაც გამოსულან გამცემნი. თავად-აზნაურობისა და გლეხობის ურთიერთდაპირისპირება რენეგატებად და პატრიოტებად ფართოდ აისახა ერეკლე II-სთან მიმართებაშიც.

ლიტერატურაში დამკვიდრდა პატარა კახი, ვითარცა ,,გლეხთა მეფე“, სულმოკლე წარჩინებულებით გარშემორტყმული. ხშირად ავიწყდებათ, რომ ერეკლე II თვითონაც ფეოდალი იყო, თანაც ყველაზე უპირველესი. მან სხვადასხვა დროს დალაშქრა აჯანყებული გლეხები არაგვზე, ფშავ-ხევსურეთში, ქიზიყში, ქსანზე... გმირი მეფის საერთო-სახალხო სიყვარულს სხვა საყრდენი აქვს. ერეკლე II-მ გააერთიანა ქართლი და კახეთი, თბილისი გაათავისუფლა ირანელთაგან, 200 წლის ტყვეობის შემდეგ იქ ქართული გარნიზონი ჩააყენა. სხვათა შორის, მეტეხში ჩასხა ქიზიყელები. მოიგო 60-ზე მეტი ბრძოლა. იგი პოპულარული იყო მთელ აღმოსავლეთში. გლეხთა ვალდებულების გაუქმება არც უფიქრია. პირიქით, მან სცადა 1773 წელს ქიზიყი გაეცა ფეოდალებზე, ამიტომაც შეეჯახა ადგილობრივ მოსახლეობას. ქიზიყელები პაატა ბაღაშვილის ბელადობით ერთიანად გამოვიდნენ საყვარელი მეფის წინააღმდეგ.

მეფის შეფასებისას არც კლასობრივი პოზიცია უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. თუმცა აქაც საჭიროა ზომიერება. ფეოდალიზმის ეპოქაში მეფე წესრიგია უწესრიგობაში; როდესაც არ არსებობენ აქტიური საზოგადოებრივი ძალები, მაშინ მეფე პროგრესის მატარებელია; დიდებულები ეწინააღმდეგებიან რა ცენტრალიზაციას, ემსახურებიან რეაქციას სოციალური განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვისას, მეფეც, დიდებული თავადაზნაურობაც და მშრომელი მასებიც საერთო ნიადაგზე დგანან. კლასობრივი ბრძოლა სრულიადაც არ ნიშნავს კლასობრივ დაშლას. კლასობრივი დაშლა რომ ყოფილიყო, მაშინ განა გაუძლებდა საქართველო ამდენი მომხვდურის დარტყმებს? თვით ქიზიყელები ესოდენ დაუნდობლად რომ იბრძოდნენ თავადების წინააღმდეგ და სოფლიდან კეტებით ერეკებოდნენ, ირანელ-თურქთა შემოსევების დროს კბილებით იცავდნენ საკუთარ სარდლებს (იმავე თავადებს, რადგან ყველა სარდალი თავადი ან აზნაური იყო). მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, აბსოლუტურად მცდარია გადმოცემა, თითქოს რომელიღაც თავადმა ერეკლე II-ს ცხენი არ დაუთმო. ეს გამოგონილია, შექმნილია გვიან; გამომხატველია ქიზიყელთა სიძულვილისა თავადების მიმართ, მაგრამ ეს მტკიცება არ ექვემდებარება ლოგიკას. თავადის ასეთი ქმედება გაუგონარი იყო. მაშინდელ საზოგადოებაში ომი, მხედრული შემართება, რაინდული ზრდილობა თავად-აზნაურთა პრეროგატივას შეადგენდა. დავით ბოსტაშვილს იმიტომ ჩაეთვალა დიდ გმირობად მეფისათვის ცხენის დათმობა, რომ იგი თავისუფალი გლეხი იყო და არავინ უსაყვედურებდა თავის გადარჩენაზე ზრუნვას. მაგრამ სჯობს უფრო კონკრეტულად განვმარტოთ მომხდარი ფაქტი.

1751 წლის 10 იანვარს თეიმურაზ II ქართლის და ერეკლე II კახეთის ლაშქრით შეიჭრნენ ჭარ-ბელაქანში. ქართველები დაბანაკდნენ ფარადში. გასდვეს სახელდახელო ხიდი მდ. ალაზანზე და გავიდნენ გაღმა. ეს შეტევა დიდი ხნის შემზადებული იყო. 1727-1751 წლებში ერეკლე II-ემ არაერთგზისი დარტყმა მიაყენა დაღესტნელ ფეოდალებს. ამ დროს ქართლ-კახეთი კავკასიის ჰეგემონი გახდა. მამა-შვილმა მეფეებმა გადაწყვიტეს, გადაეჭრათ დიდი ხნის ოცნება - დაებრუნებინათ საინგილო. ისინი შეუთანხმდნენ ნუხის (იგივე შექის) ხანს ჰაჯი-ჩალაბს. როდესაც ქართველებმა დაიწყეს ჭარ-ბელაქნისა (დღევანდელი ბელაქნისა და ზაქათლის რაიონების) და კაკ-ენისელის სასულთნოს (დღევანდელი კახის რაიონის) დაკავება, გამოამჟღავნეს ჰაჯი-ჩალაბის ღალატი. ნუხის სახანოც აღმოცენებული იყო ძველთაძველ ქართულ ტერიტორიაზე. ძალზე ბევრი იყო ქართული და უდინური ქრისტიანული მოსახლეობა (თვით ჰაჯი-ჩალაბიც წარმოშობით უდინი უნდა ყოფილიყო). ნუხის ხანს შეეშინდა, თუ ქართველები დაიკავებდნენ გაღმა მხარეს, მაშინ მომავალში მოისურვებდნენ მათი სამფლობელოს შეერთებასაც. ჰაჯი-ჩალაბის პოზიციამ გაართულა საქმე. თეიმურაზ II და ერეკლე II გააშმაგა ღალატმა. მათ ლაშქარი დაძრეს ნუხის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეეჯახნენ მდინარე აგრისწყალზე (დღევანდელი აგრი-ჩაი). სხვათა შორის, მდინარეს ჰქვია აგრის წყალი და ეგრის წყალიც. არსებობს ვარაუდიც, რომ ეს ტოპონიმი დასავლეთ საქართველოდან გადმოიტანეს XII საუკუნის I მეოთხედში, როდესც დავით აღმაშენებელმა გურიიდან და სამეგრელოდან მოსახლეობის ერთი ნაწილი დაასახლა ჰერეთში.

აგრისწყლის ბრძოლა გაიმართა თებერვლის 11-ში, ორშაბათ დღეს. მოწინავე ჯარს სარდლობდა ერეკლე II. ამ ჯარში იყვნენ არაგვისა და ქსნის რაზმები. თეიმურაზ II ზურგში დადგა. არაგველებმა და ქსნელებმა ადვილად შემუსრეს ჰაჯი-ჩალაბის დაცვის ხაზი და წინ გაიჭრნენ, მაგრამ ქართველები ხაფანგში მოექცნენ. მთის ორივე საერისთავოს ლაშქარს ზურგში გამოუხდნენ ჩასაფრებული ქვეითი დაღესტნელები. ქართველთა მეორე ხაზი ეკვეთა ბორჩალოელ ცხენოსნებს, მაგრამ უკუიქცა. პანიკა მოედო არაგველებს და ქსნელებს. ავანგარდის უწესრიგო უკანდახევამ მთლიანად მოშალა ყველა ფლანგი. ქართველებმა მძიმე მარცხი განიცადეს. დიდ განსაცდელში ჩავარდა ერეკლე II, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 31 წლის კაცი, ძალზე გაჭირდა ალაზანზე გადმოსვლაც. ერეკლეს ცხენს 7-8 კაცი მოეჭიდა. იმარჯვა თავადმა პაპა ბებურიშვილმა, ხმლით ჩამოაშორა ისინი მეფეს. ერეკლე II-მ და პაპამ მოაღწიეს ალაზნის მარჯვენა ნაპირს, მაგრამ ფლატიანი, ციცაბო კლდეების გამო ვერ ამოვიდნენ ზევით, მოუარეს ქვევიდან. ცხენს ახლა ქართველები მოეჭიდნენ. მათ ცურვა არ იცოდნენ და მეფის ცხენის მეშვეობით აპირებდნენ გადარჩენას. მეფე ისევ განსაცდელში ჩავარდა. პაპა ბებურიშვილმა კვლავ დაატრიალა ხმალი, მეფემაც და თავადმაც ცხენები დაკარგეს, თუმცა აქეთ ნაპირზე უვნებელნი ამოვიდნენ.

პაპა ბებურიშვილი განთქმული რაინდი იყო, შეუპოვარი, მამაცი, უშიშარი, ერთგული. მან მოგვიანებით თავი გამოჩინა 1755 წელს ყვარლის ალყის გარღვევის დროსაც. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 200 კაციან რაზმს (97 ქართველ თავად-აზნაურს და 103 ქიზიყელ გლეხს პაატა ბაღაშვილის მეთაურობით), რომელმაც ყვარელს შემომდგარი ნურსალ-ბეგის 20000 კაციანი ლაშქარი ხმლით გაარღვია და ალყაში მოქცეულებს მიეშველა. 1750 წლის 17 იანვარს ერეკლე II-მ ასეთი სიგელი მისცა პაპა ბებურიშვილს:

,,ქ. წყალობით ღუთისათა ჩვენ... მეფემან მეორემან ირაკლიმ ესე წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა ვაჩნაძეს, ბებურიშვილსა პაპას და ძმასა შენსა გრიგოლს, სვიმონს, ადამს და შვილთა და მომავალსა სახლისა თქვენისას ასე და ამა პირსა ზედანა, რა შენს ოჯახში გამოიზარდე, მუდამ ამის მცდელი იყავი ჩვენ წინ სასიკვდილოდ თავი არ დაგიზოგავთ ორთავ ძმათ, ციხის უკუდგომაში თუ მრავლის ყიზილბაშთა თუ დაღესტნის ომის ჯარებში, მრავალჯერ მტრის თავები მოგვართვით. აგრიზე რომ დავმარცხდით და გამოვბრუნდით ერთ უფონო ადგილას ალაზნის წყალში შემოვცვივდით, შენ პაპა ახლო შეგვრჩი. შიგ წყალში შვიდი-რვა კაცი ჩვენს ცხენს და ჩვენ მოგვეჭიდა. წყალმა რომ ცხენი და ჩვენ ჩაგვწია იმ დროს მოგვეშველე, ის კაცი ხმლით მოგვაშორე და ღმერთს გარდა იმ დღეს შენ გვიხსენ სიკვდილისაგან და მოვრჩით. მას უკან ხუნძახის ბატონი ნუცალი დაღესტნის ჯარით, ჰაჯი ჩალაბის შუილი და ჭარელნიდა იმ ძირობის კაცნი ყუარელის ციხეს შემოადგნენ. ციხეს რომ საქმე გაუჭირეს და აღებაზედ მიწურეს, იმ დროს შენ და სოლომონ მდივნიშვილი კახეთიდან, ქართლიდან სამი-ოთხი საპატიოს კაცის შვილები და აზნაურიშვილი ქიზიყიდან ას სამი კაცი და კახეთიდან და ქართლიდან ოთხმოცდაჩვიდმეტი გლეხი კაცით, ამ ორასის კაცით და მრავლის ტყვია წამლით მივაშველეთ. ჯერ ღვთის სიყვარულისთვის და მერე ჩვენისა და ჩვენის ქვეყნის ერთგულებისათვის და სარწმუნოებისათვის თქვენი თავი სასიკვდილოდ გადადევით იმ დღეს და არ დაზოგეთ არც შენ და არც ამ თავადთა და გლეხთა, წახვედით ღუთით და ჩვენის ბრძანებით, დიდათ შემოსაფრული იყო ის ციხე, ხმალდახმალ შეხვედით, ღუთის მოწყალებამ და თქვენმა შესვლამ შეამაგრა შესვლაში და შიგნით ციხიდან მრავალი კაცი მოკალით და ლომსავით გაისარჯენით, თვითონ შენ შიგ დაიჭერ. მას უკან ხმალდახმალ გამოუხდით და ბევრი კაცი მოუკალით. ოცდამესამე დღეს გაქცეულნი, გაწბილებულნი, პირშავნი, უკეთურნი წავიდნენ. ახლა ამ ყვარელში ციხეში შესვლის და ასე გარჯისათვის გიბოძებთ თქვენივე ნაყმევ კარდანახს. მარტაშვილი ჯერანა ამისი შვილი გიორგი და ძმისწული დათო, ღვედაშვილი პატარკული, ჭუნი ტეტია, ურუმაშვილი გოგია და ივანე, მარტაშვილი დემეტრე და ხიხო თავისი მამულით, სასახლითა, სანახავითა, შესავლითა და გასავლითა, მთითა, ბარითა“.

როგორც ვხედავთ, აგარისწყალზე ერეკლე II გადაარჩინა თავადმა პაპა ბებურიშვილმა (იგივე ვაჩნაძემ), სოფელ კარდენახის ერთ-ერთმა მემამულემ. ეს სრულიადაც არ ამცირებს ქიზიყელი თავისუფალი გლეხის - დავით (დათუნა) ბოსტაშვილის მოქმედებას. საერთო არეულობის დროს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენისათვის სხვები მეფესაც კი არ ინდობდნენ, მაჩხაანელმა ვაჟკაცმა გასწირა თავი და დაუთმო ერეკლე II-ს ბედაური. ხალხში დარჩენილი გადმოცემით, ჭაბუკმა დათუნამ უკუქცეულ მეფეს ფეხით ჩამოასწრო ქიზიყში.

დავით ბოსტაშვილის გმირული საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იგი უხვად დააჯილდოვეს თემურაზ II-მ და ერეკლე II-ის მეუღლემ, უბოძეს მას აზნაურობაც. ცნობისათვის: აზნაურობა ქიზიყში ბევრს არაფერს ნიშნავდა. ხალხი არავის აძლევდა ნებას, საკუთარი ყმები ჰყოლოდა. მაგალითად, აზნაურები იყვნენ ნაცვლიშვილები, ნასიძეები, ყოსაშვილები, ზალდასტანიშვილები და ა.შ. მათ არცერთი ყმა არ ჰყავდათ. არც დავით ბოსტაშვილი გამხდარა ტახტის აზნაური, მას ეს წოდება მხოლოდ სამკაულად შერჩა. ასეთ პირებს ქიზიყში ეძახდნენ ,,აზატთგან კიდევ უფრო აზატს“. ე.ი. თავისუფალთაგან უფრო თავისუფალს. ფაქტობრივად დავით ბოსტაშვილი ისევ გლეხად დარჩა, თუმცა სამეფო სიგელით მას მემკვიდრეობით აზნაურობა ებოძა.

ქიზიყელებმა დავით ბოსტაშვილის შემთხვევის გამო შექმნეს რამდენიმე ლექსი. ერთ-ერთი მათგანი ჩაწერილ იქნა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში სოფელ ჯუგაანს. აქ ერთგვარი იუმორითაა აღწერილი აგრისწყლის მარცხი და დათუნა ბოსტაშვილის ქმედება:

,,ერეკლე ჩვენმა ბატონმა, შეჰყარა დიდი ჯარია,

ორ პირ აივსო ქიზიყი, ხელთ მისცა წინამხარია,

ალაზანს გასდო ჯაშირი, ზედ გადის ჩვენი ჯარია,

ალაზნის გაღმა გავედით, პატარა ნაბაღჩარია,

შიგ იმაში დამალულა ჭარ-ბელაქნელთა ჯარია.

მივედით, გამოგვაქციეს, როგორც ნადირმა ცხვარია.

ბატონსა ცხენი მოუკლეს, ფერდში კრეს ზარბაზანია,

ქვეითად მოჩანჩალებდა ჩვენი ერეკლე ხანია.

ეს ბოსტაშვილი დათუნა ცით ჩამოსული ხარია,

ბატონსა ცხენი მიართვა, ოთხითაც დაჭედილია.

ცხენზედ შებრძანდი, ბატონო, თუ გიყვარს ჩემი თავია.

ცხენზედ შებრძანდა ბატონი, ქვეშ უქრის ნიავქარია.

ერთი მათრახიც გადაჰკრა, ქიზიყს ამოჰყვა თავია,

დათუნი ქალაქს ჩამოდი, თუ გინდა საჩუქარია,

ქალაქს ჩავიდა დათუნა, ეხვევა დედოფალია,

შენი ჭირიმე დათუნი,

შენ მომირჩინე ქმარია,

აზნაურობა უბოძა,

მამული საკუთარია!“

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq