|
ახალგაზრდა ქართველი მედროშის - ბექა წიკლაურის ტრაგიკული დაღუპვა გია მამალაძე
რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თუ არ ვცდები, 2013 წლის 21 მარტს, ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა ახალგაზრდა ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მანამდე მოფერებით თუ სიმბოლურად მედოშე შეარქვეს სოციალურ ქსელებში, რადგან ქართული ინტერესების დამცველ ყველა აქციას ესწრებოდა და განუყრელად ხელში ეკავა ქართული დროშა.
მახსოვს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფეისბუკზე ერთმა პატრიოტმა ადამიანმა მისი სურათის ქვეშ ასეთი კომენტარი მიაწერა:
- "ჩვენს მედროშეს სევდიანი თვალები აქვსო".
ამ ფრაზის ავტორი შეიძლება იმას გულისხმობდა, რომ ახლა ქართული ინტერესები უგულებელყოფილია ყველა ნაბიჯზე, ყველა მიმართულებით, დამარცხებულია ეროვნული მოძრაობა და ამიტომ, ეს გამოიხატება ბექას თვალებშიო... თუმცა ძალიან კარგად კი შეამჩნია სიმართლე, უფრო სწორად სევდა, თუ რაღაც არაამქვეყნიურობა, რომელიც იმ ლამაზი ქართველი ახალგაზრდა მამულიშვილის ლამაზ თვალებში გამოკრთოდა... თუმცა ეს მე და ალბათ სხვებმაც, რომლებიც მას მხოლოდ შორიდან ვიცნობდით, მისი გარდაცველების მერე დავინახეთ.
მართლაც, არ ვიცნობდი მას თითქმის, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, მისნაირი ვაჟკაცი ყველა მშობლისთვის საამაყოა, ქვეყნისთვის საამაყოა...
თითქოს საგანგებოდ იყო მოვლენილი ღვთის მიერ რომ რაღაცა ეთქვა ჩვენთვის - ის ხომ ობოლი ყოფილა მამით და დედისერთა...
ქართულ წარმოდგენაში ობოლი ბიჭი განსაკუთრებულია, ასევე უძმო, უმამისძმო და უმეშველო... ამგვარები ღვთის მოვლენილები არიან რაღაც მისიისათვის... ბექას შემთხვევაში ეს მისია მოკლედროიანი ჩანს, მაგრამ, ალბათ, მნიშვნელოვანი... კიდევ ერთი მედროშე დაეცა, კიდევ ერთი ობოლი და დედისერთა დაიღუპა სამშობლოს ინტერესებისათვის...
იგი პირდაპირი გზით შეუერთდა ზეციური საქართველოს მეომრებს, ხერხეულიძეებს და სხვა მედროშეებს... უფალმა ცოტა ხნით გამოაგზავნა და წაიყვანა თავისთან, ღვთისშვილებთან...
არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ, როგორც მახსოვს 21 მარტს გაზაფხულის ბუნიაობაა... რაღაც ახალი იწყება, რაღაც წონასწორობა მყარდება... ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასეა... ესეც შემთხვევითი არ უნდა იყოს...
21 წლის იყო მხოლოდ ბექა... 29 ნოემბერს დაბადებული...
მის მეგობრებს, ეროვნული ფრონტიდან თუ სხვა ნაციონალისტებს კიდევ ერთი საფიცარი ჰყავთ, მათივე ძმა... მისი საფლავი ნაციონალისტებისათვის კიდევ ერთი საფიცარი და ძალის მომცემი ადგილია! მისი მაგალითით სიძნელე გზისა გაუადვილდება მის თაობას! ალბათ, მოვა დრო და მის საფლავზე სამშობლოსადმი ერთგულების ფიცს დადებან ახალგაზრდა მამულიშვილები!
ღმერთმა აცხონოს ბექას სული!
|
|