- ბატონო პროფესორო, როდის დაინტერესდით საქართველოს ისტორიით, და საერთოდ, რით აიხსნება თქვენი ეს ინტერესი? - კავკასიის ისტორიით ჯერ კიდევ ომამდე დავინტერესდი, როცა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქეთის ისტორიის განყოფილების სტუდენტი ვიყავი. ჩემზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველთა გმირულმა ბრძოლამ თურქეთის წინააღმდეგ. ისევე როგორც ბევრ სხვა პოლონელს, მეც მესიმპათიურებოდა საქართველო. კავკასიაში მცხოვრებ პოლონელთა დახმარებით მოვაგროვე მასალები პირველ მსოფლიო ომამდელ საქართველოს ცხოვრების შესახებ. ბედად ეს მასალები ფაშისტებს გადაურჩა, და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩემს შვილთან ქშიშტოფთან ერთად (ისიც საქართველოს ისტორიაზე მუშაობს) დავწერე წიგნი ,,პოლონელები კავკასიის გზებზე’’. - ყველაზე მეტად საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდი გიზიდავთ? - საქართველოს მთელი ისტორია იმდენად საინტერესოა, ძნელია რომელიმე პერიოდი გამოარჩიო. და მაინც, ჩემთვის ყველაზე ახლობელია XVIII-XIX საუკუნეები. გარდა ამისა, მიყვარს დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, საინტერესოა მისი დამოკიდებულება პოლონეთისადმი. ამის თაობაზე საქართველომ ჯერაც არა იცის რა, მე კი უკვე ჩაფიქრებული მაქვს ახალი ნაშრომი ,,გიორგი სააკაძე და პოლონეთი თურქების წინააღმდეგ’’. გიორგის დროს შეებრძოლნენ ქართველები და პოლონელები თურქებს ბახჩისარაიში. გვქონდა აგრეთვე გაცხოველებული აღებ-მიცემობა. - თქვენს ნაშრომში რამეს თუ იტყვით იმ ქართველებზე, რომლებიც პოლონურ ჯარში მსახურობდნენ XX საუკუნის 20-იან წლებში? - შეიძლება დავწერო რამე. სტუდენტობისას ბევრი ქართველი მეგობარი მყოლია, ყველანი ემიგრანტები იყვნენ და ჩემთან ერთად სწავლობდნენ. პოლონურ ჯარშიც ბევრი ქართველი ოფიცერი იყო, ჩვენთან ერთად რომ ებრძოდა ჰიტლერს. როცა ტყვედ ჩავარდებოდნენ ხოლმე, გერმანულ არმიაში შესვლას სთავაზობდნენ თანამდებობის შენარჩუნებით. მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე დათანხმებულიყოს. მათ საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოხდათ სული. გმირობა გამოიჩინა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეპისკოპოსმა გჟეგოჟ (გრიგოლ) ფერაძემ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა პოლონელის - დიდი ოჯახის მამის გადასარჩენად. - მაშინ, ალბათ, ქართველთა და პოლონელთა ხასიათშიც უნდა იყოს რაღაც საერთო ნიშნები: იქნებ, ამითაც აიხსნებოდეს მათი სიმპათიები ერთმანეთისადმი? - მე მგონია, პოლონეთი და საქართველო ერთადერთი ქვეყნებია მსოფლიოში, სადაც წვრილი თავადაზნაურობა დიდმნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოში. ცნობილია, რომ პოლონეთში, მისი გაყოფის წინ, თავადაზნაურობა მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ფენა მეტი იყო, საქართველოა - 12 პროცენტი. სწორედ აქედან მომდინარეობს ქართველთა რაინდული კულტურა, დახვეწილობა, გულახდილობა და უბადლო სტუმართმოყვარეობა. საქართველო, ისევე როგორც პოლონეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ესეც გვაკავშირებს და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა დღემდე გრძელდება. სურათზე: ილია ჭავჭავაძე „მეფე დიმიტრი თავდადებული“ მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი |