გამოვიდა რამაზ შენგელიას შესანიშნავი წიგნი: "ქვაკუთხედი ანუ "ქართლის ცხოვრების მისტერიები". გამოკვლევას წამძღვარებული აქვს ტიციან ტაბიძის მრავლისმეტყველი სტროფები: "და განა ვიცი საიდან მოვედი, რომელი ქვეყნის ცხელი მზე მწვავდა. მე დიდი მყავდა წინამორბედი, წინამორბედი მაცხოვარს ჰგავდა". საიდან მოვედით? ვინ გვყავდა წინამორბედი? ამ თავსატეხ პრობლემაზე ბევრი დაწერილა, ბევრი ვარაუდია გამოთქმული, ბევრი კვლევა ჩატარებულა როგორც ჩვენი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ, ვინაიდან უცილობელი ფაქტია, რომ ქართველების სახით ერთ-ერთ უძველეს ეთნოსთან გვაქვს საქმე. ავტორი შესავალშივე აღნიშნავს ძველი აღთქმის წარმოშობის არაერთი თეორიისა და ჰიპოთეზის არსებობის შესახებ და გამოყოფს სუმერული (შუმერული) კვალის უეჭველ ნიშნებს: "...თვალის ერთი გადავლებითაც შევნიშნავთ სუმერული პანთეონისთვის დამახასიათებელ ონომასტიკონს, ტოპონიმებსა და ეთნონიმებს. "ენ" "ნინ", "ნან", "ურ", "ქი", "ქალ", და მსგავს ფუძიან, სპეციფიკურ სუფიქსიან ("იშ", "ოშ", "ებ", "ურ", "არ" და სხვა) სიტყვებში ადვილია სუმერულის დანახვა. თვითონ ძველი აღთქმის ბოლო ინტერპრეტატორის დამოკიდებულებაც ქალდეასადმი, ურისადმი და საერთოდ, პოსტსუმერული სამყაროსადმი განსაკუთრებულია. ტერმინი პოსტსურულში მე ვგულისხმობ სახელმწიფოებადაკარგულ, მაგრამ ეროვნულ თვითმყოფადობაშენარჩუნებულ ერთობას ადამიანებისა, რომელიც სემიტური წარმოშობისა არ არის და უფრო მეტიც, ბაბილონიდან მოყოლებული ისინი არისტოკრატიას, სამეფო დინასტიებს უყრიან საფუძველს. ახალი სახელმწიფოების წარმოშობას განაპირობებენ და ყველაფერ ამას წინარე ცივილიზაციიდან მიღებული ცოდნით განამტკიცებენ. ეს ცოდნა საკრალურია, ხოლო ის სიტყვები და ტერმინები, რომლითაც ეს ცოდნა ინიღბება - გადმოიცემა - ქართული სამყაროსათვის ფრიად საცნაური და ახლობელია". მე, ცხადია, არა მაქვს პრეტენზია რ. შენგელიას ამ ფრიად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ნაშრომის რეცენზირებისა. ამას ალბათ ამ საკითხების სპეციალისტები გააკეთებენ. მე მხოლოდ მინდა შევეხო "იმ სიტყვებისა და ტერმინების" ქართულ სამყაროსთან სიახლოვის ზოგიერთ ასპექტს, რაც ჩემთვისაც, საცნაური გახდა ჩვენი თუ უცხოელი მკვლევარების აზრთა გაცნობისას და აგრეთვე ჩემი მითოსური რომანის, `იათნანელ ამორძალებზე" - მუშაობის დროს. როგორც ცნობილია, ძველი აღთქმის წიგნები იქმნებოდა ათასწლეულის განმავლობაში. ძვ. წ-აღ-ით V საუკუნეში ეზრამ ხელი მოჰკიდა ბიბლიური წიგნების რედაქტორობას. მან შეადგინა, შეკრიბა და გაასწორა და ერთ კრებულში მოაქცია ძველი აღთქმის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი - მოსეს ხუთი წიგნი ანუ ხუმაში (თორა). ხუთწიგნეულის გარდა ცნობილი იყო მეორე ბიბლიური წინასწარმეტყველთა წიგნები. რაბინთა სინედრიონმა იამნიაში (ახ. წ-ით 90-100 წწ.) ებრაული ბიბლიის შემადგენლობა და ტექსტის ხასიათი საბოლოოდ ვერ დაადგინა და ებრაულ ბიბლიას ერთიანი სახე ვერ მისცა. საბოლოო რედაქცია ბიბლიური ტექსტებისა მოხდა ჩ. წ-აღრიცხვით VII-IX საუკუნეებში. ამ ტექსტს მასორეთულს უწოდებენ (მასორა, როგორც ვარაუდობენ, ებრაულად ტრადიციას, გადმოცემას ნიშნავს ყველაზე ადრეულია 895 წ. გადაწერილი ბიბლია, რომელიც ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. აღსანიშნავია, რომ ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი მასორეთული ბიბლიისა დაცულია პეტერბურგში და მეორე 916-1008 წ. გადაწერილი ე.წ. `ლაილაშის ბიბლია~ ლეჩხუმიდან, - საქართველოში, თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ძველი ბიბლიის ცალკეული ნაწილების თარგმანთა შორის საყურადღებოა. ბერძნულ ენაზე თარგმნილი ტექსტი, რომელიც ცნობილია სეპტუაგინტას სახელწოდებით. მისი უძველესი ნაწილი (მოსეს ხუთწიგნეული) ნათარგმნია ძვ. წ-აღრიცხვით II საუკუნეში ეგვიპტეში, იქ დამკვიდრებული ებრაელი კოლონისტებისათვის. ხუთწიგნეული გვიხატავს სურათს ებრაული კანონმდებლობის ევოლუციისა, რომელიც მიმდინარეობდა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საუკუნეების განმავლობაში, ძვ. აღთქმის წიგნში, მკვლევართა აზრით, ებრაული კანონები ნასესხებია ძველი ხალხების კანონმდებლობებიდან და შესაბამისადაა გადამუშავებელი ხამურაბის ბაბილონური კოდექსები, ხეთური, ასურული, ეგვიპტური `მიცვალებულთა წიგნიდან~, ქანაანურიდან და ა.შ. ათი მცნებაც კი საოცრად ჰგავს `მიცვალებულთა წიგნს~ და შურპუს ბაბილონურ ლიტურგიულ ტექსტს. ბიბლიის შემდგენლებმა აქაც ისარგებლეს მესოპოტამიისა და ეგვიპტის მემკვიდრეობით. ბ-ნ რ. შენგელიას თქმისა არ იყოს მეც არ შევუდგები ძვ. აღთქმის განხილვას, საინტერესო ის გახლავთ, რომ ნ. მარს ძველი აღთქმის პირველი ნაწილი - შესაქმე - პროტოქართველურის ზეგავლენით შექმნილად მიაჩნდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აბრამი შუმერიდან, კერძოდ, მისი დედაქალაქიდან ურ-იდან იყო წამოსული. იგი ღვთის განჩინებით, უნდა გამხდარიყო ახალი ხალხის მამამთავარი, ხოლო ქვეყანა, სადაც ეს ახალი ერი უნდა დამკვიდრებულიყო - ქანაანად იწოდებოდა.1 აბრამს (შემდგომში აბრაამს) კურთხევა უნდა მიეღო ქანაანის მეფისა და მთავარი ქურუმისაგან _ მელქისედეკისაგან. საგულისხმოა, რომ მელქისედეკმა იგი აზიარა ღვინით და პურით, ანუ ამიერიდან აბრაამი ხელდასხმული ზიარებული შეიქნა იმ ქვეყნის სულიერი მოძღვრისაგან, რომლის ქვეყანაშიც უნდა ეცხოვრა ამ ახლად ჩამოყალიბებულ ეთნოსს. ერთი მკვლევარის აზრით, "ისრაელთა ტომები სახელმწიფოში (ანუ ქანაანში) უმცირესობას შეადგენდნენ. ისინი განიცდიდნენ დიდი რელიგიური და კულტურული ტრადიციების მქონე ქანაანელი ტომების ძლიერ გავლენას". 1. შუმერულია ფელეშ-ტუმი, ანუ მენავეთა ტომი იგივე ფალიშ (პალაიკს ტომი _ პალაისტომი ტბაა საქართველოში. ხოლო ქი-ანა (მიწა და ცა შუმერულად) ქვეყნიერების ააღმნიშვნელი ტერმინია მეგრულში). ვინ ცხოვრობდა ქანაანში იქ ებრაელთა გამოჩენამდე? კერძოდ, ვინ იყვნენ ფილისტიმელები, ზღვის პირას რომ ცხოვრობდნენ უპირატესად? მკვლევართა აზრით, ისინი პელაზგური მოდგმისანი იყვნენ ანუ `ზღვის ხალხად~ იწოდებოდნენ. ს ფერის აზრით, კარხემიშის ხატოვან ნაწერებში მთელი ქვეყანა აღნიშნულია იდეოგრამით, რომელიც იხსნება, როგორც `წყალი~, წყლის ანუ ზღვის ხალხის ქვეყანა. ფილისტიმელები თავიანთ საცხოვრისს _ ფელეშტუმს (ანუ პალესტინას) უწოდებდნენ.2 პალესტინის ანუ ქანაანის ტოპონიმებზე არა ერთხელ თქმულა. ბევრი მათგანი იმ ხალხის კუთვნილებადაა მიჩნეული, ებრაელების გამოჩენამდე რომ მკვიდრობდნენ იქ. ასე, მაგალითად, თვით სახელწოდება ქანა-ან-ი, იერიქ-ონ-ი, ხარ-ან-ი, გოზ-ან-ი, სიდ-ონ-ი, აშკელ-ონ-ი, ხებრ-ონ-ი, კედრ-ონ-ი, ქორაზ-ან-ი, ნებ-ონ-ი, ზებულ-ონ-ი, ისახ-ან-ი, ზენდ-ან-ი, ხადრა-ხი, ქარქემ-იში, ლახა-ში, გე-თი, გერ-ატ-ი, დაბ-ირ-ი, ურიფას-ურ-ი, გენესარ-ეთ-ი, გეს-ურ-ი, ტიბერიის ტბა (ტიბ, ტაბ _ ლაზარ-მეგრ. და სვანურად თბილს ნიშნავს), ტვირ-ოს-ი, გალ-იშ-ი, ცარე-ფა-თი, ლაქიშ-ა და ა.შ. ასევე გალილეის მხარეში: ნაზ-არ-ეთ-ი (ქართულად რომ გავშიფროთ: ნა-ზარ _ ზარგამოვლილ, ნაუბედურალ ადგილს ნიშნავს, საიდანაც, როგორც თვით სახარებაშია ნათქვამი _ არ შეიძლებოდა თურმე ვინმე ღირსეული პიროვნება გამოსულიყო), _ მრავალ ევროპელ და ამერიკელ მეცნიერთა აზრით (ა. კრეჩმერი, ს. ფერი, ფ. შახერმეიერი და სხვ) აკი პროტოქართველურმა ტომებებმა მცირე აზიასა და ეგეოსის აუზის (და არა მხოლო ამ ადგილებში!) მოჰფინეს თავისი ენა და კულტურა, ს/ს და ნთ/დ სუფიქსებზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელწოდებანი, ხოლო, რაც შეეხება ონ, უნ, იან, ასევე _ ეთ სუფიქსებს _ მათი საყოველთაო გავრცელება და მრავალვარიანტულობა ქართველურ ენაში, აკად. ნ. ჯანაშიას აზრით, მოწმობს, რომ ისინი ამ ენების საკუთარი მორფოლოგიური ელემენტებია, ხოლო როცა მათ ვხვდებით უცხო ენაში (თუ ტოპონიმებში!) ბუნებრივია, რომ იქ ეს სუფიქსები ქართველურ ენებიდან შენა ენად უნდა მივიჩნიოთ. მოცემული სუფიქსების (ქართველურობისათვის) ასე ვთქვათ, საყურადღებო საბუთია მათი საოცრად სრული ანალოგიები იმავე დანიშნულების მქონე სხვა სუფიქსებთან (ელ-იელი, ერ-იერი, არი, ეთ და სხვა), ხოლო მათი საყოველთაო გავრცელების და მრავალვარიანტიანობის ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი ქართველურ ენებში (შატილი-ონი, მხედრი-ონი, საყდრი-ონი, ხატ-იონი, ბაგრატ-იონი, ბაგრატ-უნი, მამიკონ-იანი, მეგრულ-ჭანური: ილ-ონი, შქერ-ონი, ქვიშ-ონი, გვიმარონი, ქვალ-ონი, ხუხ-უნი (მეგრული გვარი), გაბ-უნ-ია, (ორმაგი სუფიქსით ნაწარმოები გვარი) და უამრავი სხვა. აგრეთვე ტომობრივი ეპონიმები: სვ-ანი, ჭ-ანი, ზ-ანი, ს-ანი და სხვა. იან სუფიქსით ნაწარმოები სვანური გვარები, სხვადასხვა შინაარსის მატარებელი ამ სუფიქსებით ნაწარმოები სიტყვები: გულ-იანი, მზი-იანი, ფრთ-იანი, მთვარი-ანი, წვიმიანი და ა.შ. უნ-ზე: გოგოც-უნა, კაც-უნა, გლახ-უნა, ბიჭ-უნა, წალდ-უნა, ბებრუც-უნა და ა.შ. თა-ზე დაბოლოებული: გურ-იან-თა, ლაგვან-თა, ბიჭვინ-თა, გომარ-თა, ამარან-თა და ა.შ. ში-ზე დაბოლოებული ლაზურ-ჭანურ-სვანური გვარები: ბაღვაში, ჯაში, ტუღუში, მარუში და სხვა. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი არ – ოპოზარი, ფიჭვნარი და ა. შ. ხოლო სუმერებთან, ანუ შუმერებთან პროტოქართველურ ტომთა სიახლოვე და ნათესავობა დღესაც მრავალი ჩვენი თუ უცხოელ მეცნიერთა კვლევის საგანია. აქვე მინდა მოვიტანო ა. სვანიძის მიერ თავის ნაშრომში (Расселение Алародийских племен)1 მითითებულ ტოპონიმებზე მცირე აზიაში: ლორი, სეკარა, კდეკარა, კარამაგარა, საროვანთი, კარისა, კარია, დიდიმა, დინდი, ალანის, არაგვის, კავსა, ერკეთეთი, კამანანი, მელითა, მილეთი, კვერა, მესტია, ეგრი-კალე, ფჯიკ-დაკ (ჯიხა), კუტაია, სორი, ეგრი-დაგ, გუჯი-ბოღაზ - (ქართველთა ხევი) და ა.შ. რაც შეეხება დავითიანთა მოდგმას და მის მესიანურ როლს მსოფლიოში, რასაც ასე საფუძვლიანად იკვლევს ვ. შენგელია, მინდა შევახსენო მკვლევარს ის გარემოებაც, რომ თავად დავით წინასწარმეტყველი ერთ-ერთ თავის ფსალმუნში (119, 120) "გალობაი აღსავალთაი", რომელიც რატომღაც ბევრ გამოცემაში გამოტოვებულია, ამბობს: (5) "ვაი, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან" (6) "დიდხანს მკვიდრობდა სული ჩემი მშვიდობის მოძულეებთან" (7) "მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან"; "უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა" (ფ. 68 ახალი აღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი, 1991 წ.). რუსულ თარგმანში: „Горе мне , что я пребываю у Мосоха , живу у шатров Кидарских. Долго жила душа моя с ненавидящими мир. Я мирен: но только заговорю, они — к войне. რუსული ბიბლიის ენციკლოპედიაში, რომელიც გამოცემულია 1891 წ. მოსკოვში, ასეა განმარტებული მოსოხი: „Мосох – Мешех – означает владения имя двух лиц шестой из сынов Иафета- родоначальника Мосхов, народа обитавшего между Черным и Каспийским морем, производившего торговлю с Тиром, из сынов Арама, сына Симова и называемый в кн. Быт. (X, 23) именем Машех”2 . (ბიბლიურად მეშეხი ანუ ტიბარენები-თუბალები, ასირიულად-ტაბალაი: მუშაკები, ანუ მესხები) რუსული ენციკლოპედია, ცხადია, არ აკონკრეტებს, შავ და კასპიის ზღვებს შორის მცხოვრები მოსოხები ქართველური მოდგმის ხალხი რომ იყო. ბერძენი ჰეკატელის აზრით: "მოსხები კოლხური მოდგმის ხალხია. ცხოვრობენ მატიენელების გვერდით~, სტეფანე ბიზანტიელის აზრითაც ისინი მოსხები არიან. იოსებ ფლავიუსის თქმით, ქალაქ `მესქინი _ მესხოის მიერ აღშენებული - აწ კაპადოკიად იწოდება~ კაპადოკიაში კი სწორედ მესხურ-ჭა ნური მოსახლეობა ცხოვრობდა უძველესი დროიდან. ნ. მარსაც მოსხები ანუ მესხები კოლხურ ტომად მიაჩნია. თავადაც შემთხვევით არ შეუქმნია იაფეტური თეორია და შემთხვევით არ მიუკუთვნებია პროტოქართველები, ანუ იბერიულ-კავკასიური მოდგმა-იაფეტიანთათვის.
 | თ. გომელის აზრით: `მცირე აზია ოდესღაც დასახლებული იყო ხალხებით, რომლებიც ერთ ჯგუფს ქმნიდნენ _ ხეთებთან. ამ ალაროდიულ ოჯახს1 აღმოსავლეთში მიეკუთვნებოდნენ ძველი მცხოვრებნი ურარტუსი, რომელთა შთამომავლად მიიჩნევს ქართებს, მეგრელ-ლაზებს და სვანებს, აგრეთვე პელაზგებს, ეტრუსკებს, ესპანელ-იბერებს (დღევანდელ ბასკებს), რომელნიც არ ითვლებოდნენ არც სემიტებად, და არც ინდო-ევროპულ (არიულ) რასად. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ რავლინსონის მიხედვით, ძველი 1. ალაროდი ანუ არარატი სპარსულად. 2. საყურადღებოა აგრეთვე კართაგენის ტოპონიმი ჩრდილო აფრიკაში, სადაც იბერთა ტომების არსებობაა საგულვებელი. ისტორია იბერიისა იყოფა ხუთ პერიოდად: ხალიბები, (ხალ-მეგ. შეწვა-მოხალვა), ქალდი (ქალდეველები), ქარდუ (ქორთუ-მეგ.), ქორდუ (სირიულად), ქართი-(ქართულად). სხვათა შორის სვანეთში არის სოფელი ხალდე, ანუ ქალდე. ბაგრატოვანთ ალბათ უკეთ ახსოვდათ თავისი წარმომავლობა და ამიტომაც იყო თავის თავს დავით წინასწარმეტყველის მოდგმას მიაკუთვნებდნენ. ანუ: იესო ქრისტეს ნათესავები გახლდნენ დედის ანუ ღვთისმშობლის მხრიდან. დინასტიის მისიის შესახებ რ. შენგელიას წიგნში იმდენი ფაქტი და მასალაა წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია ერთ პატარა წერილში შეაფასო ისინი. საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: როგორც ლეონტი მროველის თხზულებიდან ირკვევა, ქუჯი ერისთავმა, მას შემდეგ, რაც ფარნავაზს დახმარება გაუწია და გაამარჯვებინა მტერზე, პირველობა შესთავაზა და თავისი თავი მის ქვეშევრდომად გამოაცხადა. ეს ფრიად საინტერესო მოვლენა გახლავთ, როცა ნებაყოფლობით ხდება დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება, როცა ჰეგემონობას იღებს ქართლი და მის გარშემო ხდება დანარჩენი კუთხეების თავმოყრა (სხვათა შორის ჭანურ-მეგრულად ქართა ნიშნავს შემოღობილ დიდ სივრცეს რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს გარშემო. დღესაც მეგრულ-ჭანური ტომები თბილისს ქართს ეძახიან, ხოლო ქართლელს ანუ ქართლს _ ქორთუ. ანუ ქარდუხ _ ქარდუხი). სწორედ ქართლმა იკისრა ანტიკური ხანიდან მეწინავეობა იბერიულ-კოლხურ ტომებს შორის და ისიც არ არის შემთხვევითი, ცხადია, რომ ქრისტიანული რელიგიის და კულტურის ცენტრად სწორედ მცხეთა და სვეტიცხოველი მოგვევლინა სრულიად საქართველოსი! რომ სწორედ სვეტიცხოველში ინახება უფლის კვართი და მას მეორე იერუსალიმი ეწოდებოდა. რომ ღვთისმშობლის კვართი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ხობში ინაბებოდა. `ქართული ის კი არ არის, ვინც მარტოოდენ ქართული გვარის მატარებელია, არც ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. ქართული უმალ ქართული ცნობიერებაა, ზოგადეროვნული სულისკვეთების ქონაა. იგი, როგორც ჩვენთან ძველთა უთქვამთ, `სულითა ხოლო საცნაურ არსს~ ქართული ეროვნული სულიერი ენერგია დაუნჯებული არა მხოლოდ ქართულ, არამედ დანარჩენ ქართველურ ენებშიც. ჩვენი ისტორიული წარსული, მისი ფერი და მუსიკა ნამყო დროის დანაშრევები ერთობ ჭარბად შემონახულა სწორედ ამ კილ-კავებში როგორც გადანახული რამ საგანძური წინაპართა საკადრისი შთამომავლობით რომ აღვზარდოთ~ (გრ. აბაშიძე) ქუჯისა სწორედ შეგნება ამ ზოგადეროვნული სულისკვეთებისა ანუ ქართული ცნობიერება განაპირობებდა თუ ბაგრატ III-ის, მარუშიძის და სხვათა ქმედებებს, როცა ასე დაუცხრომლად და თავდადებით იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისათვის. 1. ივ. ჯავახიშვილი ქალდიას ანუ ჭანეთს მიიჩნევს ყველა ქართული ტომის სამშობლოდ. საგულისხმოა, რომ სახარების მოგვები ქალდეველები ანუ ქალდიელები იყვნენ. ქალ-დია ხომ თავისთავად მნიშვნელოვანი სიტყვა გახლავთ. ქართულში. მე მხოლოდ ორიოდე მაგალითი აღვნიშნე და ჩემეული ხედვა გადმოვეცი იმ ტოპონიმებზე, რაც, ჩემი აზრით, მკვლევარს და მკითხველსაც დააინტერესებს და რაც, სხვათა შორის, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არსებობს და რასაც, დარწმუნებული ვარ, მომავალი კვლევები უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს. ისევე როგორც ლაზ-არ-ეს გაშიფვრა, ჩემი აზრით, დაადასტურებს, რომ `ამა ენასა შინა დამარხულ არს საიდუმლოება ქვეყნიერებისა~. ხოლო, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ შედგენილ `ქართლის ცხოვრებისა~ და კერძოდ, ლეონტი მროველისეულ შესავალში საერთოდ არ არის ნახსენები კოლხეთი და იბერია ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ვახტანგ VI კომისიამ ან საჭიროდ არ ჩათვალა მათი მოხსენიება ან შესაძლოა, მავანთა წყალობით, მოხდა უძველესი საბუთების გადასხვაფერება-გადაკეთება, ვინაიდან შეუძლებელია მე-11 საუკუნის განსწავლულ ბერს და ისტორიკოსს არ სცოდნოდა ბერძნულ-რომაულ ბიზანტიური წყაროები, შეუძლებელია ჰაოსის (და საერთოდ, ჰაიკის ტომი) არმენების წინაპრებად მიეჩნია, რასაც, ერთგვარი `კონტამინაციის~ საშუალებით აღწევდნენ, ილიას თქმით, სომეხთა გარკვეული ჯგუფი ე.წ. სწავლულებისა. დიახ, შეუძლებელი იყო ასეთი უგულებელყოფა ძველი წყაროებისა და უცილობელი ფაქტებისა, თუ არა რაღაც მანიპულაციები, რაც როგორც ჩანს, ნებსით თუ უნებლიეთ მოახდინა ამ კომისიამ ან მისმა გადაწყვეტილებამ ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა შემდგომ პერიოდშიც. ანუ უძველესი ქართული საბუთების ალაგ-ალაგ გადაკეთების ანუ სულაც მოსპობის საქმე _ არ ახალია ძველია! ანუ: უძველესი ქართული საბუთების, ხელნაწერების განადგურება მხოლოდ დამპყრობელთა წყალობით არ ხდებოდა, მართალია სხვადასხვა ჯურის ჩინგის-ყაენებს, თემურ-ლენგებს თუ სხვათა და სხვათა აქლემების ქარავნებს დიახაც გაჰქონდათ ყარაყუმსა, ისფაჰანსა, სტამბულსა თუ სხვაგან და სხვაგან ჩვენი საგანძური მათ შორის, წიგნები, ხელნაწერები, ანუ რასაც ადგილზე ვერ სპობდნენ, იმას ეზიდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში მაგრამ არანაკლები ზიანი მიაყენა ამ მხრივ საქართველოს რუსეთის იმპერიამაც. რუსეთის იმპერიამ არა მხოლოდ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, არა მხოლოდ მოსპო ეკლესიის ავტოკეფალობა, არამედ გაანადგურა ქართული საეკლესიო და საერო დოკუმენტები _ ნაწილი გაიტანა რუსეთში, ნაწილი კი რუსი ისტორიკოსის ბრაილის თქმით, მტკვარში ჩაყარა ან ცეცხლს მისცა. „Русские экзархи Являлись в Грузию не для того, чтобы пасти вверенную им церковь, а чтобы грабить и разорять церковные достояние древней Иверии, насыловать язык её жителей, а затем с награбленным церковным имуществом и деныгами возвратится в Россию“. ამ ნაძარცვ ქონებაში დიდი ადგილი ეჭირა სწორედ ისტორიულ დოკუმენტებს, ხელნაწერ წიგნებს... ასევე, ვახტანგ VI-ის კომისიის მიერ ძლივს მოპოვებული, სისხლიანი საუკუნეების ქარტეხილებს გადარჩენილი ბევრი ისტორიული მასალა გამორიცხული არ არის შინაურ შეფარულ თუ შემოხიზნულ მტერ-მოყვარეს, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩუმად მოესპო ან დაემახინჯებინა. თუნდაც ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოს მთავრები სამოკავშირეო ხელშეკრულებაში, ერეკლე მეორესთან რომ დაიდო, თავიანთ თავს მოიხსენიებენ როგორც ივერიის მთავრები, ან თუნდაც ის გარემოება, რომ ი. ჭავჭავაძემ თავის მთავარ გაზეთს `ივერია~ უწოდა _ ბევრს მთქმელია ბევრის მთქმელია აგრეთვე ის გარემოება, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი გიორგი შარვაშიძე თავის თავს ტომით-აფხაზად მიიჩნევს, ხოლო ეროვნებით-ივერიელს უწოდებს! მაშასადამე, ივერია რჩებოდა როგორც ქვეყნის გამაერთიანებელ ცნებად. ეს ჩემი აზრით არ შეიძლება არ სცოდნოდა ვახტანგ VI-ს მიერ შექმნილ კომისიასაც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს და ბადებს მრავალ კითხვას. ახლა რაც შეეხება იმას, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟს _ ტახტის მემკვიდრეს _ `აფხაზურ~ ენაზე ლაშა უწოდა, ეს უკვე ნონსენსია. მემატიანე აღნიშნავს, რომ თამარმა აფსართა ენაზე უწოდა თავის პირმშოს ლაშა, ანუ მანათობელიო, აფხაზური რომ დაეწერა მემატიანეს, ეს აბსურდი იქნებოდა, ვინაიდან აფხაზი ისეთივე ქართველური ტომი იყო, როგორც ყველა დანარჩენი. სამეფო კარის ეს ჟესტი ბერძნიშვილის აზრით, უსათუოდ ჩრ. კავკასიელთა მიმართ პატივისცემის გამოხატულება იყო, ვინაიდან ჩრ. კავკასია მაშინ საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფერო გახლდათ. ამისდა მიუხედავად, შეუძლებელი იყო გაერთიანებული საქართველოს მეფეს თავისი ტიტულატურის ჩამოთვლა ჩრ. კვკასიელს ტომის სახელწოდებით დაიწყო: მეფე აფხაზთა ქართველთა, კახთა, რანთა~ და ა.შ ეს ტიტულატურა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რა დიდი როლი მიუძღოდა ეგრის-აფხაზეთს ამ დიდი გაერთიანების საქმეში, ხოლო იმ დროისთვის აფხაზეთად აღიქმებოდა მთელი დასავლეთ საქართველო, აფხაზები კი, ეთნიკურად ეგრისის ჩრდილოეთში მცხოვრები იგივე მეგრული ტომი ანუ იგივე კოლხები გახლდათ. ეს, ცხადია, არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ლეონი მროველს, მაგრამ ამაზე უკვე ზემოთ ითქვა. რაც შეეხება ბა-ზე და აგრეთვე ბერე-ზე დაბოლოებულ გვარებს, ბა-მეგრ-ლაზურად ნიშნავს _ მცირეს. ასევეა ქართულშიც. ბაია _ პატარას ნიშნავს ისევე, როგორც ბა-ვშვი პირდაპირ მიუთითებს _ ვინ იშვა. სხვათა შორის, საყურადღებოა მეგრული სიტყვა ბა-დიდი, რასაც ღრმა მოხუცებულს უწოდებენ ანუ: დიდი-ბავშვიო. ამდენად შეუძლებელია ბა-ზე დამთავრებული გვარები ადიღურ-ჩერქეზულს მივაკუთვნოთ, ისევე, როგორც მრავალხმიანი მეგრულ-აფხაზური სიმღერები უცხოა ჩრ. კავკასიელი ტომებისთვის. როდის და როგორ მოხდა მეგრული ანუ კოლხური გვარების ჩამორიგება მე-19 საუკუნეებში, აფხაზეთში - მთიდან ჩამოსახლებული ადიღურ-ჩერქეზულ-ყაბარდოელი ტომების წარმომადგენლებისთვის რუსეთის იმპერიის მოხელეების მიერ _ ეს კარგადაა ნაჩვენები ა. შონიას ნაშრომებში: აგრეთვე, კოლექტიური ავტორების წიგნში: აფხაზეთის ლაბირინთი. ეს გარემოება, რასაკვირველია, ზოგადად არ გამორიცხავს ჩრ. კავკასიელების ნათესაობს სამხრეთელებთან. მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე ახლა არ შევჩერდებით, თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი იშველიებს აბაზგთა ტომის (I-II-ში) მოხსენიებას არიანეს ნაშრომში და მიიჩნევს, რომ ისინი დღევანდელი აფხაზების წინაპრები შეიძლება ყოფილიყვნენ. მაგრამ აბაზგები ანუ აბაგზი, პელაზ-გი, სანიგი, ჭანიგი იგივე ჭანივი და სანიკი _ კოლხური ტომები არიან ეს სადავო არ უნდა იყოს. საყურადღებოა აგრეთვე ბას-კი-ს ეტიმოლოგია და საერთოდ, სკი-ს. სკირ-ს, სკუას მნიშვნელობა არა მხოლოდ კოლხურ მეტყველებაში! და ბოლოს რ. შენგელიას წიგნის წაკითხვის შემდეგ გამოწვეული შთაბეჭდილება მინდა დავამთავრო ნ. მარის ფრიად საგულისხმო სიტყვებით: დიახ ორიენტალისტები და მკვლავარები უკვე მიადგნენ კავკასიის კარებს, რომ სწორედ აქ, ამ უძველეს მიწა-წყალზე, მის წიაღში უნდა ეძებონ საჭირო პასუხები თავ-თავის საგნებზე, რომ საკმარისია `ბროსეს მსგავსად საქმეში მუყაითი, ნამდვილი მეცნიერი გაწვრთნილი ვინმე შემოვიდეს ჩვენს მასალებში, კმარა ასეთმა სწავლულმა ერთი ყურადღებით და შეგნებით ჩახედოს მას, რაც უკვე გამორკვეულია, რომ ქართულს და მის მონათესავე ენებს (ჭანურ-მეგრულს, სვანურს) ფართოდ გაეღოს კარები ყოველ უნივერსიტეტში, სადაც კი იკვლევენ ან კაცობრიობის უძველეს ისტორიას, ან საბერძნეთისა და რომის ისტორიას, ან სემურს (შუმერულს), ან ლურსმულ წარწერებს, ან ძველი აღთქმის პირველი წიგნების თავგადასავალს, ან სომხურ ენას, ან საზოგადოდ საყოველთაო ენათმეცნიერებას _ ქართულს და მის მონათესავე ენებს ჩემთვის, ყოველ ეჭვს გარეშეა, ფრიადი პატივისცემა და ჩვენთვის ახლა წარმოუდგენელი დიდება მოელის მეცნიერებაში~ (ხაზგასმა ჩემია!) და შემდეგ: `ვიკადრებ თქმას, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ქართული და მისი მონათესავე ენების შეუსწავლად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობლად, ვერც ერთი საკაცობრიო კულტურის სიძველეთა საკითხი ვერ გადაიჭრება~ (ნ. მანი). ჩემი აზრით, რ. შენგელიას წიგნი `ქვაკუთხედი და `ქართლის ცხოვრების~ მისტერიები~ ერთ-ერთი იმ აგურთაგანი გახლავთ, რომელიც უსათუოდ შეეშველება იმ `მშენებლობას~, რასაც ნ. მარი გულისხმობდა და რაც ჩვენი დღევანდელობის მართლაც ერთ-ერთ ქვაკუთხედად შეიძლება იქცეს. ციალა არდაშელია ჟურნალი "ცისკარი" # 9, 2012 წ. |