იაპონია სამეფო ქვეყანაა. იაპონიას ჰყავს თავისი იმპერატორი - აკიჰიტო. იაპონელთა რწმენით მათი სამეფო დინასტია - საღვთო განგებულებითაა ბეჭედდასმული. საქართველომ სამეფო ტახტი ორი საუკუნის წინ დაჰკარგა - მას ეს ტახტი და სამეფო გვირგვინი დააკარგვინა ერთმორწმუნე ქვეყნის ვერაგობამ და მოძალადეობამ. დარჩა საქართველო უმეფოდ, უგვირგვინოდ, თავისუფლებადაკარგული. უკანასკნელი ქართველი ტახტის მემკვიდრე - ბატონიშვილი ირაკლი, გარიდებული ბოლშევიზმის ექსპანსიას - ესპანეთს მკვიდრობდა თავისი ოჯახით. და მაშინ, როდესაც მის მრავალ თანამემამულეს თავისუფლებაზე წარმოდგენაც კი გადავიწყებული ჰქონდა, როდესაც ქართველთ საკუთარი სამეფოს აღდგენაზე ფიქრი და ოცნებაც კი არ შეეძლოთ - მას თანამდგომად და ქვეშევრდომად გამოეცხადა იაპონელი კაცი, სამურაების შთამომავალი და მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა - მასთან ერთად ეიმედებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მასთან ერთად სასოებდა საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენას! თავდაპირველად ამ იაპონელის შესახებ, რომელსაც ტარიელ მოციზუკი ჰქვია, მანანა ხომერიკის მცირე ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთ "სახალხო განათლებაში" 1990 წლის 24 იანვარს, სადაც მცირე მოცულობის წერილს თან ახლდა ირაკლი ბატონიშვილის ფოტოსურათი და თვით იაპონელის მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ხატი. აი, ამ წერილის შინაარსი: "იაპონელი ტარიელის ღვთისმშობელი" "ღვთისმშობლის ეს არატრადიციული ხატი ირაკლი ბაგრატიონმა თავისი გარდაცვალების (1978 წ.) წინ გამოგზავნა ესპანეთიდან. იგი ეკუთვნის იაპონელ მხატვარს მოციზუკის, რომელსაც ქრისტიანობის მიღებამდე სულთა გადასახლების სწამდა. ერთხელ მხატვარს უცნაური სიზმარი უნახავს. უხილავი არსების ხმამ გამოაღვიძა. გაჰყვა თავის სიზმარს იქ, სადაც ქართველ მეფეთა შთამომავალი ეგულებიდა, ირაკლი ბაგრატიონთან ჩავიდა ესპანეთში, ერთგულება გამოუცხდა მას და მონათვლა სთხოვა. ბატონმა ირაკლიმ სიამოვნებით მიიღო ეს თხოვნა. იაპონელ მხატვარს ნათლობისას ტარიელი უწოდა. მას შემდეგ ტარიელი ესპანეთში ცხოვრობს, აქვე დახატა ეს პატარა ხატი (1976 წ.), რომელშიც ღვთისმშობლის შარავანდედი მზეს მოგვაგონებს. ასე ესახება ღვთისმშობელი მარიამი ამომავალი მზის ქვეყნის შვილს". რაგვარად მოხვდა ტარიელ მოციზუკის შექმნილი ხატი საქართველოში, ისტორიკოსისა და პუბლიცისტის, მანანა ხომერიკის ოჯახში? საქმე ის გახლავთ, რომ მისი ვაჟი, პატარა ლადო, ბატონიშვილი ირაკლის დას, მარიამს ჰყავდა მონათლული და ამდენად, ირაკლი ბაგრატიონმა თავისი დის ნათლულის დედას გამოუგზავნა საკუთარი ნათლულის მიერ შესრულებული ხატწერული ნამუშევარი. მოგვიანებით, იმავე 1990 წლის ნოემბერში, ქალბატონ მანანას საშუალება მიეცა, პირადად გასცნობოდა ტარიელს, როდესაც იგი მარიამ ბატონიშვილთან ერთად სტუმრობდა მადრიდს. ტარიელმა მაშინ ქართულად გადაუხადა მადლობა საგაზეთო წერილის გამო. და თუმცა, მას შემდეგ აღარ შეხვედრიან ერთმანეთს, დღემდე ინარჩუნებენ კეთილმეგობრულ ურთიერთობას, რისი დასტურიცაა ტარიელის მიერ ქალბატონ მანანასთვის ქართულ ენაზე გამოგზავნილი 2004 წლის თებერვლით დათარიღებული მოკითხვის ბარათი. 1991 წელს ქართულ პრესაში ვრცელი ინტერვიუც გამოქვეყნდა ტარიელ მოციზუკისთან. ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან (ინტერვიუ მერაბ რატიშვილის ავტორობით დაიბეჭდა გაზეთ "7 დღეში" - ¹19, 4.11.1991 წ.): "ბავშვობიდანვე მქონდა ე.წ. "შინაგანი ხმა", რომელიც მიბიძგებდა ისეთი გეოგრაფიული რეგიონისაკენ, სადაც მაღალი მთები და ზღვა იქნებოდა. წარმოდგენაც კი არ მქონდა ასეთ ქვეყანაზე. მაგრამ ეს ხმა კვლავ მკარნახობდა და შემდგომში თავადაც მივხვდი, რომ ეს ადგილი კავკასია იყო. ცხადია, ამის შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოგროვება კავკასიაზე. იქ მრავალი ხალხი სახლობს, ხოლო მე ერთისთვის უნდა მიმეგნო. ამასობაში ხმამ კვლავ მიკარნახა, რომ ჩემთვის სასურველი ქვეყანა ქრისტიანული უნდა ყოფილიყო. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა მე ამერიკაში გავემგზავრე. მაშინ ამ გამგზავრებას ჩვეულებრივ ამბად ვთვლიდი, ხოლო ახლა კი ვხვდები, რომ ეს იყო შინაგანი ბიძგი, რომელმაც პირველად დამაახლოვა სავარაუდო ქვეყანასთან. ამერიკაში სწავლის დამთავრებისთანავე დავიწყე საბუთების შეგროვება ესპანეთში მუშაობის დაწყებისათვის. აი, აქ დადგა გადამწყვეტი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად გამგზავრების წინ შევიტყვე, რომ ესპანეთში, კერძოდ, მადრიდში ცხოვრობს ქართველ მეფეთა შთამომავალი ირაკლი ბაგრატიონი. ამ ამბის შეტყობისთანავე მივხვდი, რომ ის ქვეყანა და და ის ხალხი, რომლისკენაც მე მივილტვოდი, საქართველო და ქართველები იყვნენ. - როგორ მოიქეცით შემდგომში? - პირველ რიგში მივწერე ირაკლი ბატონიშვილს, არ ვიცი, რა ძალამ მიმაწერინა, მაგრამ, თქვენ მას აგერ ხედავთ (მაჩვენებს ბატონიშვილთან მიწერილ წერილს - მ.რ.). ბატონიშვილს თავი წარვუდგინე და მიღება ვთხოვე. ამის შემდეგ კი მადრიდს გამოვემგზავრე. - ბატონიშვილის საპასუხო წერილის მიღებისთანავე მივხვდი, რომ იგი მელოდა, - განაგრძობს ტარიელი, - მაგრამ, მას ცოტა მოგვიანებით შევხვდი. ეს 1965 წელს მოხდა. მე ვუამბე მას მთელი ჩემი თავგადასავალი და ბოლოს დავძინე, რომ შინაგანად მზად ვარ სამსახური გავუწიო ქართველ მეფეთა შთამომავალს. ვატყობდი, ბატონიშვილი გაკვირვებული იყო, მაგრამ, მე არ მაგრძნობინა და მეგობრობა შემომთავაზა. ამასთანავე, დამავალა კარგად შემესწავლა საქართველოს ისტორია და ქართული ადათ-წესები, ერთი სიტყვით მან ერთგვარი გამოსაცდელი ვადა დამიწესა. - თქვენ როგორ შეხვდით ამ წინადადებებს? - რაღა თქმა უნდა, დიდი აღფრთოვანებით. გულდასმით შევუდექი საქართველოსა და მართლმადიდედბლური ეკლესიის ისტორიისა და ადათ-წესების შესწავლას. ყოველდღე ვხვდებოდი ბატონიშვილს, ვსაუბრობდი მასთან, რაც დიდ ბედნიერებას და, რაც მთავარია, სულიერ სრულყოფას მანიჭებდა. 12 წლის შემდეგ 1977 წლის 22 ოქტომბერს მადრიდის მართლმადიდებელთა ეკლესიაში მოვინათლე. ჩემი ნათლია ირაკლი ბატონიშვილი გახლდათ. იმ დროიდან ჭეშმარიტი ქრისტიანი გავხდი. - უცნაურია თქვენი სახელიც... - მართალი ბრძანდებით. ჩემი სახელი იაპონიაში არავის ჰქვია. ტარიელი ბატონიშვილმა მიწოდა მონათვლის შემდეგ, "ვეფხისტყაოსნის" გმირის პატივსაცემად. ამჟამად ჩემს ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ახალ სახელს ვწერ. - რაში გამოიხატებოდა ბატონიშვილისადმი თქვენი სამსახური? - სამსახურს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. ეს არ გახლდათ წიგნებში წაკითხული მსახურისა და ბატონის "კლასიკური" ურთიერთობა, რაც ტანსაცმლის მორთმევითა და ცხენის შეკაზმვით შემოიფარგლებოდა. უბრალიდ, შინაგანად ვიყავი ბატონიშვილის მსახური. სვათა შორის, ეს ფენომენი დამახასიათებელია იაპონელისთვის. ჭეშმარიტი იაპონელი რაინდი, ანუ სამურაი, აუცილებლად ვინმეს უნდა ემსახუროს: ღმერთს, მეფეს, ან სამშობლოს... ღვთის წყალობით, ბატონიშვილის თავს არავითარი ინციდენტი და საშინელება არ მომხდარა, რათა მე პრაქტიკულად გამომეხატა ჩემი სამსახური. ისე კი, მზად ვიყავი მისთვის თავი გამეწირა. - რა მოგცათ ბატონვიშვილთან ურთიერთობამ? - უპირველესად ყოვლისა, მასში ვპოვე ჩემი სულიერი ბატონი. სამურაების კანონების მიხედვით ბატონიშვილი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მე ვემსახურე. ამას გარდა, ვიპოვე ის ხალხი, რომლის ნაწილსაც წარმოვადგენ. გავეცანი ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, ვეზიარე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ორიოდე სიტყვას ბატონიშვილზეც მოგახსენებთ. იგი ძალიან დინჯი, კეთილი გულისა და ხელგაშლილი კაცი იყო. მას ცუდ ადამიანშიც არ შეეძლო უარყოფითი თვისებების დანახვა. ამასთანავე, იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო. მე მას ვახლდი სამხრეთ ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში მოგზაურობისას. ერთად მოვინახულეთ იქაური ეკლესია-მონასტრები და არ მახსოვს შემთხვევა, ბატონიშვილი ერთხელ მაინც დამჯდარიყო რომელიმე ეკლესიაში. იგი ამბობდა - ღმერთის წინაშე ადამიანი ყოველთვის ფეხზე უნდა იდგესო. - ბატონიშვილთან თუ გქონიათ საქართველოში მონარქიის აღდგენაზე საუბარი? - ბატონიშვილი ოპტიმისტი გახლდათ. მისი მთელი ცხოვრება მონარქიის აღდგენის იმედით მიმდინარეობდა და დარწმუნებული იყო, რომ ეს ფაქტი ადრე თუ გვიან მოხდებოდა. მას ერთი სურვილიც ჰქონდა და ხშირად უთქვამს კიდეც ჩემთვის, როცა დავბერდები, პოლიტიკური მდგომარეობისა და სახელმწიფოებრივი წყობის მიუხედავად, საქართველოში დავბრუნდები და დარჩენილ ცხოვრებას ერთ-ერთ მონასტერში დავასრულებო. სამწუხაროდ, ბატონიშვილის ამ ოცნებას ასრულება არ ეწერა, რადგან, ჩემი მონათვლიდან ერთი თვის შემდგომ, 1977 წლიოს 30 ნოემბერს, 68 წლისა, ბატონიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ამბავმა თავზარი დამცა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი უბედურება იყო. მაგრამ, ჩემი ცხოვრების მიზანი ამით არ დასრულებულა. მე კვლავ ვასრულებ სამურაის ვალს - ვემსახურები ბაგრატიონთა გვარს. კერძოდ, ბატონიშვილის შვილებს და სიცოცხლის დასასრულამდე მათ გვერდში ვიქნები. - ზემოთ ბატონიშვილის ოპტიმიზმი ახსენეთ. თქვენ თუ ხართ ოპტიმისტი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით? - დიახ, ვარ და ეს ოპტიმიზმი ბატონიშვილისაგან გადმომედო. იცით, ამერიკაში ასტროლოგია შევისწავლე. შემიძლია ვარსკვლავების მიხედვით განვსაზღვრო ცალკეული პიროვნებისა და ქვეყნის ბედი. მაგრამ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ, რადგანაც დარწმუნებული ვარ - საქართველო მალე მოიპოვებს ბედნიერებას. ამ ჩემს ვარაუდს ბოლო ხანს მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ადასტურებს. საბჭოთა იმპერიას უჭირს, მას აღარ შეუძლია ძალაუფლების შენარჩუნება. ამის პირველი მაუწყებელი სოციალისტური ქვეყნების ბანაკის დაშლა გახლდათ, ხოლო მეორე - მოკავშირე რესპუბლიკების გამოფხიზლება. ყველაფერ ამას მშვიდად ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ ეს ასე უნდა იყოს. - საქართველოში ჩამოსვლაზე არ გიფიქრიათ? - როგორ არა. ყოველთვის მქონდა სურვილი მომენახულებინა ჩემი სულიერი სამშობლო, მაგრამ, ეს დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და ვერ გავართვი მას თავი. თავს კი ვიმშვიდებ, რომ ბატონიშვილის სახით მე საქართველოს ვხედავდი და საქართველოსთან უხილავი ძაფები მაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, იქ ჩასვლისთანავე ჩემთვის ყველაფერი ახლობელი და ბუნებრივი იქნება. - ქართულ და იაპონურ ხასიათებს შორის რა სიახლოვეს ხედავთ? - რაინდულ სულს. ორივე ქვეყანაში ძალიან ძლიერად იყო განვითარებული რაინდობის ინსტიტუტი, რაც ხასიათებს შორის მსგავსების დამადასტურებელია. სიახლოვეს ვხედავ, აგრეთვე, ქართველ რაინდებსა და იაპონელ სამურაებს შორის. ზემოთაც აღვნიშნე, რომ რაინდი და სამურაი აუცილებლად მეფეს ან სამშობლოს უნდა ემსახუროს. ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანი მსგავსებაა. - როგორ შეხვდნენ თქვენი მშობლები იაპონიიდან თქვენი გადმოხვეწის და "გაქართველების" ამბავს? - ჩემმა მშობლებმა ეს ამბავი სავსებით ნორმალურად მიიღეს. მე ეს არ მიკვირს, რადგანაც მათ კარგად უწყიან: იაპონელი ვერასდროს ვერ იქნება ორი ბატონის მსახური. ასე რომ, იაპონიიდან ჩემი თვითმოკვეთა მათთვისაც და ჩემთვისაც სავსებით გამართლებულია. - ბევრს, ალბათ, არც კი სჯერა თქვენი თავგადასავალი... - იცით, მე სპეციალურად არავის არ ვუამბობ ჩემს ამბავს. მიმაჩნია, რომ ლაპარაკს საქმის ჩუმად კეთება სჯობია და ამ პრინციპისთვის არასოდეს მიღალატია. მე ღირსეულად მოვიხადე ვალი - ერთგულად ვემსახურე ჩემი ხალხის მეფეთა შთამომავალს - ირაკლი ბატონიშვილს. ასეთი გახლავთ ირაკლი ბაგრატიონის სამურაის - ტარიელ მოციზუკის ამბავი. იგი მართლაც ზღაპარს ჰგავს, ოღონდ საკმაოდ სერიოზულს. რამ უბიძგა იაპონელ კაცს ასეთი ცვლილებებისაკენ? რამ განაპირობა მისი ასეთი მეტამორფოზა? რა ხმამ უკარნახა ტარიელს, რომ იგი ქართველია? გაურკვეველია. ამას თავად ტარიელიც ვერ ხსნის. იგი ამბობს: "ჩემი ცხოვრების არსის ახსნას, ალბათ, ჩემი სიკვდილის შემდეგ თუ შევძლებო". |