საუკუნეების მანძილზე იძარცვებოდა ქართული ეკლესია. ძარცვავდნენ დამპყრობლები, რელიგიური მტრები. თუმცა, ადამიანის გონებისათვის რთული გასაგებია, როგორ შეიძლება მართლმადიდებლური აღმსარებლობის ადამიანმა, მით უმეტეს მღვდელმთავარმა იგივე ჩაიდინოს... არაერთმა რუსმა საეკლესიო ჩინოვნიკმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას. ამიტომ, გთავაზობთ ფაქტებს დიმიტრი ყიფიანის დაპატიმრების, გადასახლების, მკვლელობისა და სხვა დანაშაულობების შესახებ, ცნობილი რუსი პატრიოტის ნ. ნ. დურნოვოს წიგნიდან “ქართული ეკლესიის ბედი”.
ჩვენი განმარტებანი მხოლოდ ფრჩხილებში მოცემული. მაქსიმალურად ვეცადეთ ნ. ნ. დურნოვოს ნაშრომის კომენტარისაგან თავი შეგვეკავებინა და ჩვენი ემოცია არ გამოგვეთქვა საქართველოს ეკლესიის, ქართველი ხალხისა, საერთოდ კაცობრიობისა და მეტიც, ღმერთის წინააღმდეგ ჩადენილ უსაშინლეს დანაშაულებზე. ნ. ნ. დურნოვო გვიამბობს:
“შეიძლებოდა დაგვემთავრებია იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რასაც რუსი ეგზარქოსები დღემდე (1907 წელი. გ. მ.) ჩადიან საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი უკეთური მაინც უნდა ვახსენოთ. ესენი არიან:
გარყვნილი ფეოფილაქტე (მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი, საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წწ. გ. მ), რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს;
ევგენი ბაჟენოვი (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი ევგენი ბაჟენოვი, საქართველოს ეგზარქოსი იყო 1834-1844 წწ. გ. მ.) _ მონასტრებისა და უდაბნოების გამჩანაგებელი; ისიდორე (იგულისხმება მიტროპოლიტი ისიდორე ნიკოლსკი, საქართველოს ეგზარქოსი 1844-1858 წწ. გ. მ), რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამით დასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას;
ევსევი ილინსკი, უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსლებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას.
გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეულობით ათასები ჩაიჯიბა.
მის საეგზარქოსოში (საქართველოში. გ. მ.) დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა... ეგზარქოსი პავლე _ ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში.
თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.
ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.).
ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს (არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა. დიმიტრი ყიფიანი დაკრძალეს მთაწმინდაზე. მას უძღვნა აკაკიმ ლექსი “განთიადი”. რამდენიმე წლის წინ დიმიტრი ყიფიანი ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. გ. მ.).
“ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.” ...”საქართველოში გამწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყურებდნენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვავ მხარეს”.
“გელათის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა (მაშინდელი მილიონები დღევანდელი ასეული მილიონებია, მილიარდებიც კი. გ. მ.): მათ შორის იყო:
1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება”.
“ეს სახარება ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჯამად (1907 წელს. გ. მ.) ეს ძვირფასი ოქროს მოჭედილობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი.
ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს (სავაჭრო ფუნტი ინგლისში უდრიდა 0, 4336 კგ. სუფთა ოქროს. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. თუმცა, ჩვენთვის ის საგანძური შეუფასებელი და წმინდა გახლდათ. გ. მ.).
2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტებით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი...”
“ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე (1453 წ. გ. მ.). იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებულ იქნა გულქანდების დასამზადებლად (რუსული ფუნტი უდრიდა 0.4095 კგ სუფთა ოქროს. გ. მ.).
განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებენ გრაფ პინინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისაგან აიღეს.
ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი და საღვდელმთავრო ამფორებიდან და ბისონებიდან ფუთობით (ფუთი 16 კილოგრამია. გ. მ.) მოხსნილი თვალ-მარგალიტი.
ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა:
ოქროს ჭურჭელი, ჯვრები, და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან...”
ცოტა ხნის წინათ, ეპისკოპოს კირიონის თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. “ისინი ეგზარქოსის ნებართვით წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ; ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები, _ დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული” (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, # 47, გვ. 16).
“იმერეთის კათალიკოსის ... მარგალიტით მოოჭვილი მიტრა დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა. ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა (აქ ვახტანგ გორგასლის ცხოვრების წლები არასწორადაა მოცემული. უფრო სწორი უნდა იყოს 442-502. გ. მ.).
ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოსს მიუძღოდა წინ, მთლიანი ლალისა იყო. ამჟამად სარდიონის ქვისაგანაა შეცვლილი. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ღირდა 50 ათასი მან. მასში ჩაწყობილი იყო წმინდანთა ნაწილები. წმინდა ხატი ცხრაკლიტულში იყო გადამალული. 1891 წელს, ეგზარქოს პალადის დროს (იგულისხმება მთავარეპისკოპოსი პალადი რაევი, ეგზარქოსი 1887-1892 წ. გ. მ.), იგი ნაპოვნი იქნა ამავე ეკლესიის სხვენზე, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა. ეგზარქოს პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირადღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა. საქმე უკეთესად არ იყო ეგზარქოს პალადის დროსაც. მან “თავის საყვარელ მხატვარ სომეხ საბინგუსს, თითქოსდა ახალი მოჭედილობის გასაკეთებლად, ნება დართო სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატების საუკეთესო და ძვირფასი მოკაზმულობა. საბინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო ძვირად ღირებული და ოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები, მანამდე კი გელათის მონასტრის ხატებიდან “აწაპნა” არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქარი.
მონასტრებიდან წამოღებული მთელი განზეულობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა, მან კი ნება მისცა, რომ ყველაფერი ეს გაეყიდა”. ნაწილი მინანქრებისა შეიძინა ცნობილმა სიძველეთა მოყვარულმა გრაფმა ზვენიგოროდსკიმ. ამჟამად (1907 წელს. გ. მ.) საქართველოს საუკეთესო და მდიდრული მანუსკრიპტები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულისმოყვარულ ეგზარქოს ევსევის დროს. სამაგიეროდ თბილისის მუზეუმებში შეიძლება იხილოთ მინიატურებამოჭრილი უამრავი მანუსკრიპტი. ამას აკეთებდა ბევრი რუსი მაღალი წოდების პირი”. |