(ბოლოსიტყვაობა წერილისათვის „ბრიტანული პროექტის შესახებ“) თავის დროზე (01.04.09) ამ წერილის ავტორმა “ჩეჩენპრესში“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ბრიტანული პროექტი გამოჩენილ თანამემამულეთა შესახებ საქართველოს ტელევიზიაში“. საიტის რედაქციამ არა მხოლოდ დაბეჭდა ეს წერილი, როგორც ჩანს, მას საგანგებო მნიშვნელობაც მიანიჭა, რაც თუნდ იმაში გამოვლინდა, რომ საკუთარი ინიციატივით დაურთო ქვესათაური: „ხალხმა აჩვენა, ვინ არის მისთვის ძვირფასი“. არც გასაკვირია, წერილში მოთხრობილი იყო საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის შედეგების შესახებ და იგი კავკასიელ და, უპირველეს ყოვლისა, ჩეჩენ და ინგუშ თანამოძმეებს განეკუთვნებოდა, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან ქართველებისაგან პირველი და ერთადერთი ღირსეული პრეზიდენტის მიმართ პატივის მიგების ყველა სახის გამოვლინებას. ავტორი კავკასიელ მკითხველს, საკუთარი ერის ღირსების სრული შეგნებით, აუწყებდა, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, რომლებსაც მიმართავდნენ პროექტის ქართულად დუბლირების მესვეურები, რათა არ დაეშვათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოწინავე ადგილზე ყოფნა ნომინანტთა შორის, ქართველმა ერმა მაინც შეძლო თავისი დიდი თანამედროვისათვის ღირსეული ადგილის მინიჭება – მადლიერმა თანამემამულეებმა ღირსეულ შვილთა ათეულის პირველ სამეულში – მეფე დავითისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით დაუმკვიდრა ადგილი. ხალხის არჩევანი სავსებით ლოგიკურ ისტორიულ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა და იგი სრული შესატყვისობით პასუხობდა ცნობილი ქართველი პოეტის მიერ ჯერ კიდევ 1972 წელს დაწერილ ლექსს – „მკითხე და გეტყვი“: მკითხე და გეტყვი: რისი თამარი! – ქართლის ცხოვრების რა ვიცი მეტი! დავითი იყო ჩვენთვის მთავარი, დავითი იყო პირველი სვეტი! მკითხე და გეტყვი, რის ვაჟა, მენდე, ერის მეობით და თვისი მეთი, არც თვითონ შოთა! – დავითის მერე ილია იყო მეორე სვეტი! გაზნექილია ქარში ალვისხე, აწეწილია სამშობლოს ხედი… ღმერთო, გვაღირსე, ღმერთო, გვაღირსე, ღმერთო, გვაღირსე მესამე სვეტი! იქვე განსაკუთრებული გულისტკივილით იყო აღნიშნული, რომ პოეტმა, ვინც საქართველოს ორი „სვეტის“ შემდეგ მესამეზე ოცნებობდა და მას წინასწარმეტყველებდა, როდესაც უფალმა მოუვლინა იგი საქართველოს, არათუ ვერ იცნო იგი, არამედ ცდუნდა და სწორედ ამ „მესამე სვეტის“ დამაქცევართა რიგებში ჩაეწერა. მაგრამ არ შემცდარა ზვიად გამსახურდიას მშობელი ერი, რომელმაც ზუსტად შეაფასა მისი დამსახურება საკუთარი ხალხის წინაშე და ღირსეულად აღმართა იგი მესამე სვეტად საქართველოს თავისუფლების დიდ ციტადელში! ამ წერილში, რომელიც გამოქვეყნებული იყო 1 აპრილს, გამოთქმული იყო იმედი, რომ: „პროექტის დასრულების წინ (დარჩა მხოლოდ ერთი ტური, პროექტი დასრულდება 3 აპრილს) უკვე ნათლად წარმოჩინდება სურათი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია მხოლოდ ცენზურის უხეში ჩარევით”. ხოლო, აი, როგორი იყო ეს სურათი 1 აპრილისათვის და პირველი ათეულიდან ვის რამდენი ხმა ჰქონდა მოგროვილი: „დავით აღმაშენებელი – 16 226, ილია ჭავჭავაძე – 14 962, ზვიად გამსახურდია – 13 287, ვაჟა–ფშაველა – 11 141, თამარ მეფე – 10 555, შოთა რუსთაველი – 9 480, ექვთიმე თაყაიშვილი – 8 977, გიორგი ბრწყინვალე – 8 005, იაკობ გოგებაშვილი – 7 676 და უცნობი გმირი – 7 669“. მაგრამ, როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელჰყო, ბოლო ორ დღეში მოხდა ცენზურის სწორედ ის უხეში ჩარევა, რასაც თვით მრავლისმხილველი წერილის ავტორიც კი ვერ წარმოიდგენდა, და, ამდენად, „ჩეჩენპრესში“ დაბეჭდილ მასალას თან უნდა ხლებოდა ბოლოსიტყვაობაც, რაც საგანგებოდ შემდეგ ქართული საიტისათვის - „იბერიანასთვის“ იქნა მოწოდებული, რადგან მასში გადმოცემული ვაერაუდის გამხელა ავტორმა მოსარიდებლად მიიჩნია ვაინახი მკითხველისათვის. თუმცა, მანამდე - ერთი არალირიკული გადახვევა: გასული საუკუნის დამლევს ფრანგებმა ორგზის სცადეს საკუთარი ნების გაცხადება ორ სხვადასხვა არჩევნებში, რაც ერთობ ოდიოზური შედეგებით დაბოლოვდა. პირველად მათ 90–იანი წლების დამდეგს წინააღმდეგობა გაუწიეს მაასტრიხტის უნიფიცირებული ხელშეკრულების რატიფიკაციას და ხელშეკრულების მომხრე ძალების მხრიდან ძლეულ იქნენ ხმათა 1%–ით, ხოლო 1995 წლის დამლევს – კანადიდან კვებეკის ტერიტორიის გამოყოფის მოსურნეთ სულ ნახევარი პროცენტი დააკლდათ მიზნის სისრულეში მოსაყვანად. ამრიგად, ევროპული ინტეგრაციული ძალები და უნიტარული ამერიკა აღმოჩნდნენ დამაბრკოლებელნი ფრანგული ეროვნული ცნობიერების განვითარების გზაზე. ახლა პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ და ვნახოთ, რა მოჰყვა ორდღიან შუალედს „ჩეჩენპრესში“ დაბეჭდილი წერილიდან ბრიტანული პროექტის ბოლო ტურამდე: ილია ჭავჭავაძემ, რომელიც 1 264 ხმას აგებდა დავით აღმაშენებელთან, უეცრად ერთ დღეში, ხმათა არნახული რაოდენობა მოიპოვა და საბოლოოდ, დამთვლელი კომისიის შედეგებით, 1 ხმით გაუსწრო დავით აღმაშენებელს! სწორედ ამ ერთმა ხმამ გაგვახსენა საფრანგეთის თავისთავადობის აღმკვეთთა 1 და კვებეკის თავისუფლების მოწინააღმდეგეთა ½ პროცენტები. მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებს ალალად მინდობილი ფრანგი ხალხისათვის ეროვნული მისწრაფებების ეს დამარცხებები ალბათ ეთნიკური თვითშეგნების სამწუხარო ხარვეზებად იქნებოდა აღქმული, ჩვენ კი, საბჭოურ ტოტალიტარულ სახელმწიფოებრიობაგამოვლილ ქართველობას, რომელსაც პოსტსაბჭოური შევარდნაძის მმართველობაც დაებედა – არ გვესწავლება არჩევნების გაყალბების სტალინური ფორმები და მეთოდები („მთავარი ის კი არ არის, ვინ აძლევს ხმას, მთავარია – ვინ ითვლის“). თუკი ხალხის ეროვნული მისწრაფებანი არ მოდის უნისონში მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებთან, მაშინ დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ყოველი მცდელობა დამარცხებისათვის არის გაწირული – ამ კანონზომიერებას შეეწირა დავით აღმაშენებელიც! შედეგების გამოცხადების შემდეგ არანაირი ეჭვი არ გასჩენია ქართველობას. ყველამ ბუნებრივად მიიღო ილია ჭავჭავაძის გამარჯვება – ოღონდაც, ერისთვის შეწირული წმინდანისთვის პირველობა ვის დაენანებოდა! ცხადია, აღნიშნული მოვლენა არც არავის გაუპროტესტებია და არც არავის გახსენებია ნომინანტთა ორი დღის წინანდელი რეიტინგები. მართლაც, რიგითი ქართველისათვის განა რა სხვაობაა, ილია ჭავჭავაძე გაიმარჯვებს, თუ დავით აღმაშენებელი! მაგრამ, თუ მოვლენას განვიხილავთ საქართველოს მსოფლიო პროცესებში ჩართულობის პოზიციიდან, იოლად მივხვდებით, რომ ამ ადგილმონაცვლეობას გადაცემის მესვეურებისა თუ მეოხებისთვის ჰქონდა მნიშვნელობა – ვისთვისაც სულაც არ არის სულ ერთი, ილია ჭავჭავაძე გაიმარჯვებს თუ დავით აღმაშენებელი. ბრიტანული პროექტის შედეგებს ხომ მთელი მსოფლიო იხილავს – საქართველოში პროექტის დამთავრების დროისთვის უკვე ცნობილი იყო გამარჯვებულები რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, რომელთა სახელების მიხედვით სულ იოლი გახლდათ ამ ქვეყნების ეროვნული მრწამსისა და იდეალების დადგენა. ამ დროს საქართველოში უეცრად იმარჯვებს მეფე და ისიც მე–12 საუკუნისა! ესე იგი, რა გამოდის განათლებული მსოფლიოს წინაშე: ერთი, რომ ამ ახლადგამოჩეკილ ამერიკული ჯორჯიის მოსახელეს თურმე ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში ჰქონია სახელმწიფო, თან მეფეც ჰყოლია და მეორეც – ამ მეფეს დღემდე სამაგალითოდ ისახავს ქართველობა! რას ჰგავს ეს? რაგვარად შეეფერება გლობალიზაციის საყოველთაო კანონზომიერებებთან ფეხშეწყობილი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს? ზემოთ აღვნიშნეთ, არჩევნების შედეგების კორექტირების საშუალებები ძლიერთა ამა ქვეყნისათა ნება–სურვილზეა დიდწილად დამოკიდებული, და წარსული დროისაგან განსხვავებით, დღეისათვის უხეში გაყალბება სულაც არ არის საჭირო – საჭიროების შემთხვევაში, დროის სულ მოკლე შუალედში, ზუსტად შეიძლება ტელეფონის ზარების, SMS-ების თუ ინტერნეტ–გამოკითხვის მეოხებით რაოდენობრივად ზუსტად ერთი ხმით გაამარჯვებინო შენს ფავორიტს! ხოლო ეს ერთი ხმა სჭირდებოდა მათ, ვინც თავისი განაზრახით საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნებას ცდილობდა, რათა ქართველები, საკუთარი მეფის სახელ–დიდების გამო, კონსერვატიულ ერად არ დაესახა მსოფლიოს! მართლაც, აბა დახეთ – არალობიოური დემოკრატიისა და ვარდების რევოლუციის შემოქმედი ხალხი შორეულ მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე მონარქის აღიარებით ხომ გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა მსოფლიოს წინაშე დაგდებულ სახელს! სამაგიეროდ, ილია ჭავჭავაძის გამარჯვება ერთობ დამამშვენებელი უნდა ყოფილიყო პროექტის ფინალისათვის – ეს მე და თქვენ ვიცით, ძვირფასო მკითხველო, რომ ილია ჭავჭავაძე იყო ერის მამა, საქართველოს უგვირგვინო მეფე, იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის წინამძღოლი – მაგრამ რას ეტყოდა ეს სახელი მსოფლიო საზოგადოებრიობას, როდესაც ზემოხსენებული ეპითეტების ნაცვლად დაიწერებოდა ოდენ: „XIX საუკუნის ქართველი დემოკრატი მწერალი“? მორჩა და გათავდა! ეს იქნებოდა ის, რისი დემონსტრირებაც აძლევდათ ხელს ბრიტანული პროექტის ჩვენებურ მესვეურებს! –აჰა, ზვიად გამსახურდია არ იკმარა და ახლა დავით აღმაშენებელს დასდგომიაო ქომაგად – იტყვის შეცბუნებული მკითხველი – თანაც ვის წინააღმდეგ, დიდი ილია ჭავჭავაძისა?! მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ, როგორც გამოჩნდა, დავით აღმაშენებელსაც სჭირვებია ქომაგობა და მერე როგორ სჭირვებია; დაცვა მათგან, ვინც დღეს დემოკრატიის ნიღაბქვეშ ცდილობს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების თავის საკუთარ თარგზე მოჭრას. თავს ნურავინ მოიტყუებს – ეს პროექტი ცალკეული ქვეყნების შინაური პროცესებისა და ისტორიულ–კულტუროლოგიური საკითხების გასარკვევად არ შექმნილა – მისი უმთავრესი დანიშნულება გახლდათ, ერებსა და ხალხებს მსოფლიო ჭრილში წარმოედგინათ საკუთარი ეროვნული პრიორიტეტები. უნდა ითქვას, რომ ყველა ერი უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტს – სადაც ამის საჭიროება არსებობდა, მას სათანადო ახსნა–განმარტებებსაც უტარებდნენ. რუსეთში, მაგალითად, ჯერ კიდევ მიტროპოლიტის რანგში მყოფი კირილ გუნდიაევი საგანგებოდ მოძღვრავდა ხალხს, თუ რატომ უნდა აერჩიათ ალექსანდრე ნეველი და რატომ არ უნდა აერჩიათ სტალინი და ივანე მრისხანე. და ამ შეგონებას რუსმა ხალხმა მორჩილად უგდო ყური. ქართველ ხალხს მსგავსი შეგონებები არ სჭირდება – მან თავად უწყის შესანიშნავად, თუ ვის და რატომ უნდა მისცეს ხმა – ოღონდ, მთავარია, მას ეს ხმა არ წაართვან, არ გაუყალბონ და თვით ილია ჭავჭავაძესაც კი არ დააკისრონ ერის მხსნელის ოდინდელ მისიასთან შეუსაბამო დღევანდელი მისია – მსოფლიოს წინაშე ერის არასათანადოდ წარდგომის თვალსაზრისით! საბა იბერი პირველი პუბლიკაცია - საიტი „იბერიანა“, 4 დეკემბერი, 2009 (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება) |