საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ოთარ ჩხეიძე - პარლამენტური სამეფო ხელისუფლებისათვის
ოთარ ჩხეიძე

წარმოგიდგენთ ოთარ ჩხეიძის ესეს, რომელიც გამოქვეყნდა 1990 წელს "ლიტერატურული საქართველოში" #40 (2768). 

georoyal.ge


ოთარ ჩხეიძე - პარლამენტური სამეფო ხელისუფლებისათვის

მარქსისტ-თეორეტიკოსებმა ყველა თეორია რო თავდაყირა დააყენეს, იგივე ბედი ეწია სახელმწიფოს თეორიასაცა.
სახელმწიფოს თეორიაც კლასობანას განსაზღვრებიდან გამოიტანეს, _ კლასობანას განსაზღვრებიდანა და ისტორიის ფორმაციებად დაყოფისაგანა.


ჰქონდათ ფეოდალიზმი და ფეოდალური სახელმწიფო, სადაც ვითომ მეტი საქმე თუ მიზანი არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რო მეფე და ფეოდალები ჰყვლეფდნენ ყმა-გლეხებსა.

ჰქონდათ კაპიტალიზმი და ჰქონდათ კაპიტალისტური სახელმწიფო, სადაც ვითომ მეტი საქმე თუ დანიშნულება არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რო კაპიტალისტები ჰყვლეფდნენ პროლეტარებსა.


ჰქონდათ - ჯერ თეორიაში ჰქონდათ, მერე ვითომც რო მოიპოვეს თუ შეჰქმნეს სოციალისტური სახელმწიფო, სადაც ვითომ გაბატონდნენ თვით მშრომელები და აღარავინ აღარავის აღარა სჩაგრავდა, აღარა ჰყვლეფდა ესე იგი; ის, რო გაანადგურეს საუკეთესო ინტელიგენცია, ერისა და ერების განათლებული ნაწილი, სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები, აუცილებლობად გამოაცხადეს, ვითომც ისეთი პროგრესული და ამაღლებული სახელმწიფოსათვისა, სოციალისტური სახელმწიფო რო გახლდათ.

სახელმწიფოს კლასიკურმა თეორიამ ასეთი დაყოფა არ იცის, არც ასეთი განმარტებანი არ იცის.
კლასიკური თეორიის მიხედვით სამი სახელმწიფო სისტემა გამოიყოფა: სამეფო-მონარქისტული, რესპუბლიკურ-დემოკრატიული და დესპოტურ-ტირანული.

შეწყვილებულ განსაზღვრებებს რო თავი დავანებოთ, უფრო ნათლად და უფრო მკაფიოდ ასე გამოითქმის: სამეფო, დემოკრატიული და ტირანული.

სახელმწიფოს სისტემათა ასეთი განმარტება, არ ემთხვევა რა მარქსისტულ ფორმაციებს, არც იქიდან გამომდინარეობს; არც აუცილებელია, რომელიმე ამათგანი ერთადერთი გაბატონებული სისტემა რო იყოს რომელიმე საზოგადოებრივი ფორმაციისათვისა. სამივე ეს სახელმწიფო სისტემა ნიშანდობლივია, როგორც რო მონათმფლობელური, ისე ფეოდალური, ისე კაპიტალისტური, ისე, თუ გნებავთ, სოციალისტური სახელმწიფო წყობილებისათვის. აქ დავეხსნები კრიტიკას ისტორიის ამდაგვარი დაყოფისა, ფორმაციებად დაყოფისა, რადგან ამჟამად, მსჯელობის საგანი სრულიად სხვა გახლავთ. დაე, ეს იყოს, როგორც რო თავში გვაქვს ჩაჭედილი: მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური, სოციალისტური _ კომუნისტური საზოგადოებრივი ფორმაციის კარიბჭესთან რო მიმდგარა, საყოველთაო თავისუფლებისა და ბედნიერების კარიბჭესთანა, მიმდგარა და შეჩერდა თუ არ შეწყდა რაღა თქმა უნდა, _ დაე ასე იყოს. და იმას ვამბობ: სამივე სახელმწიფო სისტემა გამოსცადა ყველა ფორმაციამა ცალცალკე, სამივე გამოსცადა და სამივე გადაიტანა, ზოგმა მალე, ზოგმა ისე დაგვიანებითა თუ ყოვნადობითა თუ გაჭიანურებითა, როგორც რო ჩვენ დაგვემართა. დიდხანს რო გაგვიგრძელდა მესამე სისტემა, სისტემა ტირანიისა;

სამივე გამოსცადა:

თუ ჩავთვლით, რო 905-დან 917 წლის თებერვლამდე უკვე მომწიფებულია სოციალისტური საზოგადოებრივი ფორმაცია და სამეფო-მონარქისტული სახელმწიფო დიდის გაჭირვებით ინარჩუნებს თავსა, თუ ჩავთვლითმეთქი და ჩავთვალოთ, მსჯელობა რო უფრო სახიერი იყოს;

თუ არ ჩავთვლით და ნება თქვენია, ოღონდ ეს მაინც უცილობელია: ამ ჩვენს წყევლა-კრულვით აღსავსე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ _ იმპერიამ _ სამი სახელმწიფო სისტემა გამოსცადა, ანთუ სამივე გადაიტანა: სამეფოცა, დემოკრატიულიცა და ტირანულიცა, სამივე გადაიტანა და სამივეს შედარების საშუალებაც მოგვეპოება ასე უშუალოდა, ასე პირისპირა: პირველი _ საუკუნის დასაწყისიდანვე 917 წლის თებერვლამდისა, მეორე _ 917 წლის თებერვლიდან 917 წლის ოქტომბრამდისა, მესამე 917 წლის ოქტომბრიდან 985 წლამდისა: მართალია ტირანის კლასიკური სახე უფრო ადრე გამოამჟღავნეს და დაჰგმეს, მაგრამ მემკვიდრენი მისნი ისევ იმავე კლასიკური ტირანიზმის პრინციპებს ემყარებოდნენ თუ ებღაუჭებოდნენ. ამ მხრით არაფერი არ შეცვლილა 985 წლამდისა.

ჩვენმა ბედისწერამ ჩვენც ამ იმპერიაში ჩაგვრთო, ჩაგვითრია. მოგვაქცია იმავე ბრუნვაში. მხოლოდ იმ განსხვავებითა, რო დემოკრატიული წყობილება ჩვენში ცოტა უფრო მეტხანს გაგრძელდა: 917-დან 921-მდისა და ტირანიზმიც გაგრძელდა 989 წლის 9 აპრილამდისა.

სახელმწიფო სახელმწიფოა. სახელმწიფოში გაერთიანებული საზოგადოება უთუოდ რაღაცას ჰკარგავს, _ რაღა რაღაცასა: ბუნებრივ თავისუფლებასა ჰკარგავს, მაგრამ საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე ვერ იარსებებს და იძულებულია რაღაც დაჰკარგოს, დაჰკარგოს თუნდაც ყველაზე დიდი რამ _ ბუნებრივი თავისუფლება დაჰკარგოს, რო იცხოვროს საზოგადოებრივი ცხოვრებითა, სხვაგვარად ცხოვრება რო შეუძლებელია.

სახელმწიფო სახელმწიფოა და დღიდან მისი ჩამოყალიბებისა კაცობრიობა ეძიებს უკეთეს სისტემას სახელმწიფოსი. უფრო ნაკლები რო დაჰკარგოს და უფრო მეტი რო მოიპოვოს. ეძიებს და ეძიებს, მაგრამ აქამომდე ამ სამი სისტემის მეტი ვერაფერი მოუპოვებია. თუმცაღა არის, როგორცა ბრძანებენ. გარვეული სხვაობანიცა თვით ამ სამივე სისტემაში, უფრო რესპუბლიკურ-დემოკრატიულ სისტემაში, მაგრამ სხვაობა მაინც სხვაობაა და არც ისეთი სხვაობაა, თვით სისტემიდან რო გამოირჩეს. და აწყდება კაცობრიობა ერთიდან მეორესა, მეორედან მესამესა, ისევ პირველს უბრუნდება, ისევ თავდაყირა დგება ყველაფერი.
სახელმწიფო სახელმწიფოა, სახელმწიფოსაგან თავდაღწევა არა ხერხდება. სახელმწიფო მკაცრია, მეტნაკლებად მკაცრი.
სახელმწიფოს კლასიკური თეორია ამ სამი სისტემიდან შედარებით უფრო ჰუმანურად სამეფო ხელისუფლებას მიიჩნევს.
ამ თეორიის მიხედვით:

სამეფო ხელისუფლება კანონიერი ხელისუფლებაა, აქვს კანონები და კანონებს იცავს. კანონის დაცვა მისი ღირსებაა. ღირსება მისი სიმტკიცის საფუძველია. ზომიერებაც ღირსების შედეგია, სამართლიანობაცა.

დემოკრატიული ხელისუფლებისათვის კანონი ცვალებადია, მერყევია, გარდამავალია. დაჯგუფებათა დაპირისპირებანი კანონიერებას არღვევს. ძნელდება დაცვა ზომიერებისა. დაჯგუფებათა ბელადები ვნებათა ტყვეობაში ექცევიან, ხალხი ითიშება, იბნევა, შეიძლება რო ყველაფერი გადაჰლეკოს, შეიძლება რო ინერტულ მასადაც გადაიქცეს. უფრო ხშირად ვნებანი აიწყვეტენ და ტირანული ხელისუფლებისათვისაც გზა გახსნილია. ცივილიზებულმა ქვეყნებმა ამგვარ დაბნეულობას დააღწიეს თავი. წინააღმდეგობებს აგვარებენ უფრო ზომიერი საშუალებებითა, მაგრამ ჯერ ყველა ერს ვერ მიუღწევია თანამედროვე ცივილიზაციის დონემდისა და ბევრი ისევ იმავე საფრთხის წინაშე დგას, ტირანიის საფრთხისა.

ტირანულმა ხელისუფლებამ კანონი არ იცის. კანონები ცალკეა. ხელისუფლება ცალკე. ტირანულ ხელისუფლებას მართავს შიში, შიში და გუნება-განწყობა ტირანისა. შიში, დესპოტიზმი მონად აქცევს ადამიანსა და ეცემა მორალი, პარტახდება ყოველივე ღირებული. ადამიანური ღირსება ნადგურდება. სადაც მონობაა, აღარც ადგილი აქვს ღირსებასა. მონას აღარც შერჩება პატიოსნების ნიშან-კვალი. როგორც არისტოტელე შენიშნავს.

ჩვენმა ბედისწერამ ჩვენ რო ამ ყოფაში ჩაგვაგდო, ანთუ ვერც რო ავცდებოდით, უფრო უარესი ხვედრიც განგვიმზადა.
ყოველი ეს სახელმწიფო სისტემათა ცვალებადობა ეს ორი საუკუნეა, ორასი წელიწადია, ორასი, ჩვენს ნებისად არა ყოფილა, სხვის ნებად იყო და სხვის ჭკუაზე ვიყავით დამოკიდებული. იქ მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები ჩვენთვის არ იყო ბუნებრივი. თავსმოხვეული გახლდათ და მით უფრო მძიმედ განიცდებოდა ჩვენში. ამასთან: თვითეული ეს სისტემა ბევრად უფრო ძნელ ყოფას უქმნიდა ჩვენს ხალხსა, ვიდრე თავისასა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ან თუ რად უნდა დავანებოთ თავი!.. მაინც აქ მაგალითად რო ვთქვათ: ასიმილაციის საშინელებას. ამ შემზარაობას მაინც არ განიცდიდა იმისი ხალხი. ოღონდ ისიცა ვთქვათ: თუნდაც მხოლოდ ამ შემზარაობის მიხედვით რო შევადაროთ სამეფო ხელისუფლება და ტირანული ხელისუფლება, დავინახავთ, რო ცარიზმი, ის საშინელი ცარიზმი, მართლაც საშინელი ჩვენთვისა რაღა თქმა უნდა, უფრო შემწყნარებლური, უფრო ჰუმანური გამოჩნდება, ვიდრე ტირანული; ცარიზმს დადგენილება მაინც არ მიუღია, ამიერიდან რუსული ენა უნდა იქცეს თქვენს მშობლიურ ენადაო, _ ტირანიამ მიიღო ამ 70-ათიან წლებში და მთელის სისასტიკით ახორციელებდა. ცარიზმმა მხოლოდ ჩვენი ზედაფენა გადააგვარა, ანთუ ლამობდა რო გადაეგვარებინა, მშრომელთ არ ერჩოდა ამ მხრით ბევრს არაფერსა, აშრომებდა და ძარცვავდა, ლაპარაკით ილაპარაკეთ რა ენაზედაც გენებოთო. შრომისათვის რუსული ენა არც იყო აუცილებელი, ძარცვისათვის კმაროდა. ზედაფენის გადაგვარება აუცილებლად მიაჩნდა, ბევრნაირადა სჭირდებოდა. ტირანიამ ერის სრულიად გადაგვარება მოიწადინა, დიდიან პატარიანადა, აკვნიდან დაიწყო, მერე უკვე დედის მუცლიდანა, ერისა და ერებისა, მოინდომა და დაისახა უპირველეს მიზნადა, უპირველეს პოლიტიკადა: კომუნიზმში უამისოდ ვერ შევალთო. პოლიტიკურ დანაშაულადაც ეს ითვლებოდა: თუ შენი ენის, მშობლიური ენის დაცვას მოინდომებდი, და ივსებოდა ციხეები, ანთუ როდის იცლებოდა?!
ისიც რო ვთქვათ:
პიროვნულადაც რო შევადაროთ ერთმანეთსა მეფე და ტირანი. იგივე კოლონიური პოლიტიკის თვალსაზრისითა:
მეფეს, რუსეთისასა რაღა თქმა უნდა, ქართული ჩაის პირველი ნიმუშები რო წარუდგინეს, საქართველოში ჩაის მრეწველობის განვითარების პერსპექტივა რო დაუსახეს წაქეზებულმა კარისკაცებმა, მეფემა ბრძანა, მეფე-იმპერატორმა: ჩაის მოყვანა სამძიმო საქმეა. ქართველები ისედაც მცირენი არიან, ჩაიც არ არის მაინცდამაინც ისეთი ხარისხისა, დავეხსნათ. ისევ ინდოეთიდან შემოვიტანოთო. ხოლო ტირანმა სრულიად საბჭოეთის დაკმაყოფილება მოინდომა ქართული ჩაითა, მოინდომა და აიძულა, და რო თითქმის დააკმაყოფილეს, მერე იმაზე გაგულისდა, რატომ უმაღლესი ხარისხისა არ არისო, გაგულისდა და ბრძანა: ბევრი და უმაღლესი, ბევრი და ბრწყინვალეო. ბუნებას არა აქვს ასეთი ლოგიკა, არც კაცთა ლოგიკას ექვემდებარება: ბევრი და ბრწყინვალე!.. ბევრი ბევრია, ბრწყინვალე ცოტაა, ბნუებაშიც ასევე გახლავთ, კაცთა დასკვნებიც ამდაგვარია. ტირანისათვის ლოგიკა არ არსებობს, არც ბუნების კანონები არსებობს, კანონზომიერება არ არსებობს., ყველაფერი უნდა გარდაქმნას, ბუნებაცა, ადამიანიცა თუ ისე არ არის, როგორც რო ნებავს. ტირანი ბრძანებს, ტირანი ანადგურებს ბრძანების შეუსრულებლობისათვისა.
მეფეცა სჯის, სჯის სამეფო ხელისუფლების მოსისხლე მტრებსა, კანონითა სჯის, კანონი აქვს. კანონითა სჯის, სასამართლოთი სჯის. ტირანს არა აქვს კანონი, სასამართლო არა აქვს. თუ აქვს მხოდოდ მოსაჩვენებლადა. თვითონვე რო სძულს და თვითონვე რო აპამპულებს. ტირანი ბრძანებითა სჯის, აწყობს მასობრივ მკვლელობებსა, მასობრივ გადასახლებებსა. თუნდაც რო მხოლოდ შიშის დასანერგადა, _ შიშისა, შიშისა, რომლის გარეშე არსებობას ვერ შეინარჩუნებს ტირანი, ტირანია.
მეფეს აფიქრებს გადასახლებულთა ბედი და იგივე მეფე, მეფე-იმპერატორი აფრთხილებდა დამსჯელ ორგანოებსა, საკატორღო ბანაკებს ციმბირის ისეთ მივარდნილ კუთხეებში ნუ გამართავთ, ადამიანისათვის გაუსაძლისი რო არისო. ტირანი სწორედ იქ აწყობს საკატორღო ბანაკებსა. უამრავსა და უამრავსა, იქ ერეკება განუსჯელსა და უდანაშაულო ხალხსა, ერეკება და ერეკება, ხან რა მიზეზითა და ხან რა მიზეზითა, მიზეზებიც რო არ დაელევა: წყალს ნუ მიმღვრევო.
მაგალითი უამრავია შედარებისათვისა, უახლოესი მაგალითი შორეულსაც რო არ გადავწვდეთ; მაგალითი უამრავია და ყველა მაგალითი დაადასტურებს კლასიკური თეორიის თვალსაზრისსა: სამეფო ხელისუფლება ტირანულ ხელისუფლებასთან შედარებით, ბევრად უკეთესი რო ყოფილა, ბევრად ჰუმანური რო ყოფილა.
აქ შედარებისათვის დემოკრატიულ ხელისუფლებას არ ვეხები, თუნდაც იმიტომ, ტირანულ-დესპოტური ხელისუფლების საშიშროება რო ჩაბუდებულა მასში.
ამ საშიშროებას პარლამენტი არეგულირებს, ეკონომიკურად წელგამართული ქვეყნების პარლამენტი, დიდი პოლიტიკური გამოცდილების პარლამენტი.
სამეცნიერ-ტექნიკურმა პროგრესმა, ეკონომიკური პრობლემების წარმატებით გადაწყვეტის საშუალებებმა, პოლიტიკური წონასწორობაც განსაზღვრა, მორალის დონეც ასწია და გაამყარა.
მორალი პოლიტიკური სისტემის საფუძველი გახლავთ. დაცემული მორალის, დაცემული, ჩამორჩენილი სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებებით, გაძარცული, გატყავებული ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწენი წარმოუდგენელ სირთულეთა წინაშე დგებიან და ამასთან ერთად თუ ერს სახელმწიფო ტრადიციები დაუკარგავს ორასი წლის წინათა _ ორასისა _ ლამის ისღა თუ დარჩენიათ მხოლოდ ღმერთის, მხოლოდ სასწაულის იმედს რო მიენდონ, ლამისამეთქი, _ ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა სხვა იმედი რო გადაიწუროს.
ორასი წელიწადი, დაცემისა და განიადაგების ორასი წელიწადი...
სათქმელად ადვილია.
სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, არაბებიც რო ორასი წელიწადი ბატონობდნენ ჩვენში და რუსობაც ალბათ მეტხანს ვეღარ გასტანს.
არაბობას წამოუდგა ქართველი ხალხი, ისახება იმედები, წამოუდგება რუსობასაცა. ისახება, მხოლოდ ისახება.
ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება მაშინ შეწყდა, როცა დაიბადა სამეფო ხელისუფლების საპარლამენტო სამეფო ხელისუფლებად გარდაქმნის აზრი. ეს იყო პროგრესული პოლიტიკური მრწამსი იმ დროისათვისა და ალბათ საქართველოს სახელმწიფოებრივი გადარჩენის საშუალებაც ეს იყო. მაგრამ `მფარველობის ტრაქტატმა~ ყველაფერთან ერთად ესეც წაშალა, სახელმწიფოებრივი ცხოვრებაც შეწყდა, პოლიტიკური აზროვნებაც გაქარწყლდა, თანდათანობითა, ბრძოლითა, წინააღმდეგობითა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მაინც გაქარწყლდა.
და მგონია: სადაც რო შეწყდა, იქიდანვე უნდა გაგრძელდეს.
ეს უნდა იყოს ლოგიკური და შესაფერისიც უნდა იყოს ჩვენი დროისა. ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისათვისა.
არც მოძველებულად ითქმის. სწორედ ამგვარ პოლიტიკურ საფუძვლებს ემყარება თუნდაც ინგლისის, იაპონიის, ესპანეთის, ბელგიის სახელმწიფოებრიობა და ვერავინ იტყვის, ჩამორჩენილ სახელმწიფოებად რო ითვლებოდნენ ეს ქვეყნები, ანთუ პოლიტიკურადა, ანთუ ეკონომიკურადა, ანთუ კულტურის თვალსაზრისითა. ვერავინ იტყვის.
ქართველი ერის აღმავლობისა და ძლიერების პერიოდები სამეფო ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. დაცემის ხანაც ამავე ხელისუფლებას უკავშირდება რაღა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო შედეგი უფრო ხანგრძლივი და უთანასწორო ბრძოლებისა გარეშე მტრებთანა, უძლიერეს მტრებთანა, და არა შინაგანი პოლიტიკური უწესივრობის შედეგი. ბოლოს, როცა ეს უწესივრობაც იგრძნეს, მისი მოწესრიგების საშუალებანიც დაისახეს მიზნადა, ისევ სამეფო კარმა, სამეფო წრეებმა, ბატონიშვილებმა დაისახეს მიზნადა. ესაა რო აღარ დასცალდათ. და მერე, ბედისწერამ ისე განაგო, რო მთელი თავიანთი ნიჭი, განათლება, ენერგია და საუკუნოებრივი გამოცდილებანი რუსთა სამხედრო, სამეცნიერო, პოლიტიკურსა და კულტურულ აღმავლობას შეალიეს. ამით ერთი რამ მაინც მოახერხეს: საპატიო სახელი მოუხვეჭეს ქართველ ხალხსა. ტირანიის პერიოდამდის, ამ ღირსებითაც მოაღწია, მოაღწია და დაჰკარგა ტირანიის პირობებში. იმგვარად დაჰკარგა, რო ახლა რუსეთის შოვინისტურმა წრეებმა თავიანთ საბრძოლო მოწოდებად გაიხადეს: `დასცხეთ ებრაელებს და ქართელებიც არ დაგავიწყდეთ!~ ეს უბედურებაა. ესაა მონაპოვარი ამ ორასწლოვანი მონობისა, იმ ორასწლოვან მონობაში აქამდის არ მიგვიღწევია. მემატიანეები ჩამოსთვლიან უამრავ უბედურობას, თავს რო დაგვატყდა არაბთაგანა, ზნეობრივ დაცემას, არაბთა ბატონობას რო მოჰყვა ჩვენშია, ოღონდ ასეთი მრისხანე, ასეთი ულმობელი არაფერი არ ჩაუწერიათ. დრონი იცვლებიან, მტარვალობის ვნებანი არა.
შოვინისტური სისასტიკე ერის ბუნებიდან გამომდინარეობს რაღა თქმა უნდა. ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი ამ სისასტიკესა, თუ არ გვინდა, რო გავნადგურდეთ საბოლოოდა. უნდა დავაღწიოთ თავი, _ ეს უკვე გარდაუვალია. და თავდაღწევის ერთ-ერთ და ალბათ სხვაზე ნათელ საშუალებად ისახება სწორედ სამეფო ხელისუფლების აღდგენა საქართველოში; ოღონდ, დღეს იქნება პარლამენტური სამეფო ხელისუფლება, რაც რო გაითვალისწინეს თავის დროზევე და თავისდროზევე ოცნებობდნენ. ახლაც ის დროა. მსოფლიომ გაგვისწრო. ჩვენ ისევ იქა ვართ შეჩერებულნი. მორალურად იქაც აღარა ვართ.
უცებ, დაუფიქრებლად ნურავინ შეშინდება. ნურავინ იფიქრებს, თითქოს ეს ფეოდალიზმის აღდგენასა გულისხმობდეს. ის მორჩა, მოთავდა, აღარ განმეორდება. ისე კაცმა რო თქვას, არც ისეთი მოვლენა ყოფილა ეს ეგრეთწოდებული ფეოდალიზმი, მარქსისტებმა როგორც რო გაუტეხეს სახელი. ყოველივე წმინდას, ყოველივე ადამიანურს, ყოველივე კეთილშობილს გაუტეხეს სახელი. ოღონდ, აქ მაინც სხვა რამის თქმა მინდა: ნურავის ეგონება კევრში შეგვაბამენ და ტყვეების ბაზარს გაგვიხსნიანო. კევრი რაზნოჩინელების ზღაპრებია, ხოლო ტყვეების სყიდვას სამეფო ხელისუფლება ებრძოდა, რაც შეეძლო ებრძოდა, მაგრამ თავსზევით ძალა აღარ გააჩნდა, რადგან მას იცავდა მაშინდელი დამპყრობელი ჩვენი, ჩვენზე ძლიერი და არანაკლებ სასტიკი სხვა დამპყრობლებზედა.
მეფე ვერ აღადგენს ვერც წოდებებს, ვერც მიწებს გასცემს. კანონმდებლობა პარლამენტის ხელთ იქნება. პარტიაც აღარ იქნება ამდენი. მოწესრიგებულ სახელმწიფოში მრავალპარტიულობა ორიოდე პარტიასა ნიშნავს. ახლანდელი მრავალპარტიულობა მართლაც მრავალია და ბუნებრივია გარდამავალი პერიოდისათვისა, თუნდაც რო ითქვას დემოკრატიული წყობილებისათვისა, ოღონდ არა ისეთი დემოკრატიულისა, შეერთებულ შტატებში რო დამყარებულა, არა _ ქაოტური დემოკრატიული წყობილებისათვისა, ეგრეთწოდებული განვითარებადი ქვეყნებისთვის როა დამახასიათებელი.
პარლამენტურ სამეფოში მეფე პარლამენტის უნებურს ვერაფერს ვერ მოინდომებს, თუნდაც მოინდომოს, პარლამენტმაც რო ნება დართოს, ბევრს ვერაფერს ვერ გასცემს. მოწოდება: ფაბრიკა-ქარხნები მუშებს, მიწა გლეხებს! დემაგოგიური მოწოდება გახლდათ. არც ფაბრიკა-ქარხნები იყო ჩვენში, არც მუშები, არც გასაცემი გახლდათ, არც მიმღები. ყველაზე დიდ საწარმოდ თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნო ითქმოდა და იმასაც სახელოსნო ერქვა და არა ქარხანა; ხოლო მიწებს რაც შეეხება, ვინც საქმეში ჩახედულია, ანთუ ჩაიხედავს, დარწმუნდება: უკვე რევოლუციამდე ჩვენი სავარგულების უმეტესმა ნაწილმა, ლამის 70-75 პროცენტმა გლეხობის ხელში მოიყარა თავი. მიწა გლეხობამ დაჰკარგა. მიწა დაჰკარგა და `კოლხოზი~ მოიპოვა.
თვით მეფეს მაინც დასჭირდება მამულები, სამეფო კარს დასჭირდება. ტრადიციულად არ შეიძლება მეფე უმამულო იყოს. ამასაც პარლამენტი გადასწყვეტს. პარლამენტი გადასწყვეტს და მთავრობა განაგებს. სამეფო მამულები სიმბოლურიც იქნება და პრაქტიკულ დანიშნულებასაც გასწვდება: შეინახავს სამეფო კარსა. სამეფო კარის ლაზათი და ბრწყინვალება აუცილებელი იქნება, საერთაშორისო-დიპლომატიური შეხვედრებისთვისა, ეგრეთწოდებული უმაღლესი დონის შეხვედრებისთვისა, ზეიმებისთვისა, მრავალი რამ თავგამოსადები ღონისძიებისათვისა, ჩვეულებრივი რო გახლავთ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში და ყოველგვარი პოლიტიკური სისტემისათვისა. მამულის მომვლელნი სახელმწიფო მოსამსახურენი იქნებიან. ნურავის ეგონება: არიქა, დამიჭერენ და ეგვიპტის სულთანად დამსვამენო, ანთუ სადმე საფაშოს მაინც გამოვიკრავო. ნურავის ეგონება, ნურც ჰარამხანებისა თუ სერალების ზმანებებს ნურავინ მიეცემა, შიშს ნუ მიეცემა ნურავინა ერთისიტყვითა. პარლამენტი თავდები იქნება ყველაფრისა.
თუ რაიმე უშველის საქართველოსა, საღი, ამაღლებული ტრადიციების აღდგენა უშველის. ტრადიციები ისტორიაა, ისტორია ცხოვრებაა ერისა. ერის სიცოცხლე ტრადიციების სიცოცხლეა. ამიტომაც დაერივნენ ყველაზე თვისობრივ ტრადიციებსა, საერთოდაცა და განსაკუთრებით ამ გასულსა თუ თავგასულ 70-იან წლებში, საბოლოოდ რომ მოესპოთ ერები. ქართული ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ქართველი ხალხის უმაღლესი ტრადიციაა, _ ორივე ერთადა, ერთად შემტკიცებული. ეკლესია აღორძინების გზას დაადგა, ოღონდ, ცალკე მაინც, მარტოდმარტო მაინც გაუჭირდება იტვირთოს უმძიმესი მოვალეობა: აღადგინოს პატიოსნება და შრომის უნარიანობა. რაც რო დაჰკარგა ხალხმა ამ ხანგრძლივი მონობის მანძილზე. ტვირთებით იტვირთა, ოღონდ ძალიან გაუჭირდება. მეფეა აქ აუცილებელი, ის დიდი რომანტიკაა აუცილებელი, რაც ჯერ კიდევ რო შემორჩენილა ჩვენს ხალხში და რაც სამეფო საქართველოს უკავშირდება. ამ რომანტიკის გაღვივება აუცილებელია. ზნეობის ამაღლებას იდეალები სჭირდება.
არ უნდა დაგვაეჭვოს: ამერიკის შეერთებული შტატებიც შეინარჩუნებდა მეფობასა. არ გააჩნდა ამისი ტრადიციები, ვერც შეინარჩუნებდა რაღა თქმა უნედა. სამაგიეროდ სხვა ტრადიციები შეჰქმნა, შეეძლო ძლიერ ქვეყანასა და შეჰქმნა. ჩვენ არ მოგვიხერხდება სხვა ტრადიციების არც შექმნა და არც მორგება. ყველაზე სუსტად გამოვიყურებით და ამასთან დღეს მსოფლიოში არ უნდა იყოს მეორე ისეთი ერი, ჩვენზე რთული პრობლემების წინაშე რო იდგეს, რთული თუ ლამის გადაულახავი პრობლემების წინაშე.
ერთი პრობლემის მოხსნა მაინც მოგვიხერხდება ამთავითვე: მეფობის აღდგენა გაგვათავისუფლებს სანაცვლო სახელისუფლო ინსტიტუტის შექმნისაგანა, რის გამოცდილებაც არ გაგვაჩნია და რაც უთუოდ დიდ შეხლაშემოხლას, დიდ გაწამაწიას გამოიწვევს. ხალხი დაიბნევა, უთუოდ დაიბნევა, დაბნეული ხალხი ბრბოა. ეყო ბრბოობა ჩვენს ხალხსა. ეყო. საკმარისია. ან უნდა ავიშოროთ საფრთხე ბრბოდ გადაქცევისა, ან გამოსავალს ვეღარ მივაგნებთ. ერი ხალხია. ბრბო _ აღარც ხალხია და აღარც ერი. ბრბოს მეფეც ვეღარას წაადგება. ბრბოში ტირანია წამოიმართება. ეს წინასწარმეტყველება არავის არ ეგონოს, ეს ისტორიაა.
საფრანგეთის რევოლუციამ დააშავა, მეფეს რო მოჰკვეთა თავი, ცუდი ნიმუში გადაიღო და ცუდი ვნებები გააღვივა. რევოლუციებმა ამითაც გაიტეხეს სახელი, საფრანგეთმა ისევ მოიწვია ბურბონები, ოღონდ ვეღარ შეინარჩუნა. საფრანგეთი საფრანგეთია. საფრანგეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და აღორძინებული ქვეყანაა, დიდი ქვეყანაა, დიდი ერია. ჩვენ მცირენი ვართ, გატანჯულნი ვართ, გაჭირვებულნი ვართ. ამასთან: ვნახოთ, რას მოგვიტანს, ვნახოთ ის, რაც გამოგვიცდია, განახლებული რაღა თქმა უნდა: პარლამენტური სამეფო ხელისუფლება.
ბუნებრივია: საქართველოს სამეფო ვეღარ მოთავსდება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ვეღარც რო კავშირში, ვერც ფედერაციასა და ვერც კონფედერაციაში, საბჭოეთში ვეღარ მოთავსდება. ჩვეულებრივ ეს თავისთავადაც უნდა გადაწყდეს. მაგრამ ჩვენ ჩვეულებრიობისა და სამართლიანობის წინაშე არა ვდგავართ. მარტოდმარტოც გახლავართ. არც არავინ მხარს არ გვიჭერს და არც არავისი იმედი არ მოსჩანს. ოღონდ ვინ უწყის მოვლენები კიდევ თუ როგორ განვითარდება, და საქართველოს სამეფოს სულ სხვა უფლებები ექნება საერთაშორისო ასპარეზზედა, საქართველოს სსრ-ს სულ სხვა გააჩნია რაღა თქმა უნდა, ანთუ არავითარი უფლებებიც არ გააჩნია სსრ კავშირის გარეშე. არც ფედერაცია მოუტანს მეტ უფლებებსა, კონფედერაციაც არაფერს არ შესძენს. ამერიკის რომელიმე შტატის უფლებებს ვერ გასცილდება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითა. ჩვენზე უფრო დიდი ტერიტორიული გაერთიანებაც, ვთქვათ, ყაზახეთიც ვერ გასცილდება, ანთუ ყაზახეთი რაღა მაგალითია, როცა თვით რუსეთის სსრ-ც ვერ გამორკვეულა აქნობამდისა. მონაკოს სამეფო სახელმწიფოა.
საქართველოს სამეფო სხვა იქნება რაღა თქმა უნდა და სულ სხვა ხელშეკრულებებს დასდებს თვით საბჭოთა კავშირთანა, შეერთებულ შტატებთანა, სხვასთანა და სხვასთანა. ამ ხელშეკრულებათა ძირითადი საფუძვლები ის უნდა იყოს, მშვიდად რო იყოლიოს ჩვენი ძვირფასი სამხრეთელი მეზობლები.
რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა მრავალი ხელშეკრულება დასდო საქართველოს მაგივრადა და საქართველოს საზიანოდა. რომელიმე სისტემა ხელისუფლებისა: თუნდაც დემოკრატიული, თუნდაც ტირანული, შესძლებს თუ არა გააბათილოს ეს ხელშეკრულებანი? _ საეჭვოა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ტირანული ხელისუფლება მხოლოდ შინაგანი ტირანიით შემოიფარგლება, გარეთ ვერ გასწვდება და თუ შიგნითაც გაუჭირდა, გარეშე ძალებს მოიწვევს. მხოლოდ სამეფო ხელისუფლება იქნება უფლებამოსილი, რახან რო ტახტს აღიდგენს, მის გარეშე და მისი მოძალადეებისაგან დადებული ხელშეკრულებანი უსაფუძვლოდა სცნოს.


ძირითადად ასე ისახება საქართველოს სამეფო ხელისუფლების შესაძლებლობანი, _ საპარლამენტო სამეფოსი რაღა თქმა უნდა, - შესაძლებლობანი და უპირატესობანი სხვა სახელმწიფოს სისტემებთან შედარებითა, ასე ისახება და ასე ჩამოყალიბდება დასკვნების სახითა:

პარლამენტური სამეფო ხელისუფლება:

ა _ აღადგენს დიდსა და საამაყო ტრადიციებს საქართველოს სახელმწიფოებრივობისა;

ბ _ შეჰქმნის სამართლებრივ საფუძვლებს დამოუკიდებლობისა და უშიშროებისა;

გ _ გაათავისუფლებს ხალხს იმ წინააღმდეგობებისაგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ბრძოლას მეფის სანაცვლო სახელისუფლო თანამდებობისათვის;

დ _ სულიერად აღამაღლებს ორასწლოვანი მონობისაგან დაბეჩავებულ ადამიანებს;

ე _ დროულად გამოიყვანს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს დაწინაურებული ქვეყნებისა, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული შესაძლებლობებითა.


მე არც ისე გულუბრყვილო უნდა ვიყვე, რო მეგონოს: ამ მოსაზრებას თითქოს ყველა ადვილად აჰყვება. რთული ცხოვრება გამოვიარეთ და სიფრთხილეს მაინც ისწავლიდა ხალხი. დაფიქრება გვმართებს. თუმცა ბევრი რამ ისეთი ხდება, გეგონებათ, ხალხი მაინც არა ფიქრობსო. დაფიქრება გვმართებს. ოღონდ რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, ერთი რამ უკვე ცხადია: დემოკრატიულმა წყობილებამ გაიმარჯვა, ტირანული წყობილება დამარცხდა, _ დემოკრატიას რო ტირანია მოსდევს, ტირანიასაც მოსდევს დემოკრატიული წყობილება, ესეც შენიშნულია სახელმწიფოს კლასიკურ თეორიაში, ისტორიაშიც შენიშნულია; აქაც არ მომხდარა ახალი არაფერი და ისევ შეიძლება რო ტირანიის წინაშე ვიდგეთ, ისეთი ქაოტურია ჩვენი დემოკრატია, ისე აღრეული და იმდენი მუქარა გაისმის, არ შეიძლება რო არ შეწუხდეს ადამიანი. ჯერ ეს მუქარა, ყველა ეს მუქარა, უმწეოა. შესაძლოა, რო საშიშიც გახდეს. ჯერ იმპერია ისევ ძლევამოსილია და ძალით ვერავინ ვერაფერს გააწყობს. დაფიქრება გვმართებს. დინჯი გონება და დინჯი ფიქრია აქ საჭირო, დინჯი, დინჯი, ვნებების გარეშე, დინჯი, ოღონდ არა ხანგრძლივი. დრო უცნაურია: დგას, დგას და უეცრად გადაბრუნდება. დიდხანს ფიქრსაც ვეღარ მოითმენს.

ჩემი ეს წერილიც ჩემი ფიქრია, ჭკუის სწავლებად ნურავინ ჩამითვლის.

"ლიტერატურული საქართველო" #40 (2768), 
5 ოქტომბერი 1990 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq