ცნობილი ქართველთმოძულის, მიხეილ ლეონტიევის რედაქტორობით მომუშავე საიტ ”odnako.org”-ზე გამოქვეყნდა პამფლეტი სახელწოდებით: ”მაიდნის საინფორმაციო ომის შესახებ: დრამისა და კომედიის უკრაინულ-ქართული თეატრი”. წერილის ავტორი დიმიტრი სტეშინი აღწერს კიევში მიმდინარე მოვლენებს და ბრალს სდებს ჟურნალისტებსა და მიმომხილველებს მათ არასწორ გაშუქებაში. თავისი ”მხილების” მახვილს ის მიმართავს ამერიკული სააგენტო ”რეიტერის” კორესპონდენტის - გლებ გარანიჩის მისამართით და მის ფოტოსურათს - იმის ამსახველს, თუ როგორ უსწორდებოდა: სისხლს ადენდა და ასახიჩრებდა ჟურნალისტებს უკრაინული სპეცრაზმი - უწოდებს ნაყალბევს; ხოლო მსგავსი სიყალბის ნიმუშად მოჰყავს იმავე ავტორის გორში გადაღებული ფოტოები 2008 წელს: ”ამ კაცმა საკუთარი ტალანტით გადაარჩინა საქართველო ოკუპაციას, - წერს მიმოხილვის ავტორი - კრიტიკული მომენტი იდგა: დაიწყო ქართული არმიის გამოძევება ცხინვალიდან და დაისახა რუსული არმიის თბილისზე მარშის არაილუზორული ვარაუდი... დასავლეთის ხელისუფლებები დუმდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ უნდა მოეხდინათ რეაგირება...და აი, საინფორამციო საშუალებებში გამოჩნდა შოკის მომგვრელი კადრები, როგორ ბომბავენ რუსული თვითმფრინავები ქართულ ქალაქებს”. ნათქვამის დასადასტურებლად ავტორს მოჰყავს ფრაგმენტები ”newsland.com” -ზე 2008 წლის 13 აგვისტოს (http://newsland.com/news/detail/id/286512/ ) გამოქვეყნებული ფოტოჟურნალისტის გამოგონილი ინტერვიუდან ”ეხო მოსკვის” რედაქტორ ვენედიქტოვთან, სადაც ის ვითომცდა ჰყვება, როგორ დადგეს სცენები გორში საომარი მოქმედების გადასაღებად და ”ავიწყდება”, თუ როგორ უარყო მოგვიანებით ”ეხო მოსკვის” რედაქტორმა ”ria.ru”-ზე ამ ინტერვიუს რეალობა. (http://ria.ru/osetia/20080813/150349961.html#13870201832753&message=resize&relto=register&action=addClass&value=registration). ლეონტიევის ” odnako.org”--ი რუსეთის ინტერნეტ-მკითხველს შთაუნერგავს, რომ გასისხლიანებული ჟურნალისტის ფოტო კიევის ”ევრომაიდნიდან” ისეთივე ნაყალბევია, როგორიც იყო გორში გადაღებული ფოტო, სადაც ძმის სიკვდილით გამოწვეული რაზმაძეების ოჯახის ტრაგედიაა ასახული. აი, ასეთი სიმართლით ცხოვრობს დღეს რუსეთი, ამ სიმართლით აცხოვრებს საკუთარ მოსახლეობას და ამ სიმართლით სურს ახალი ”საბაჟო კავშირისა” და ”ევრაზიული კავშირის” შექმნა. მას, სამწუხაროდ, ჰყავს ერთგული ყურმოჭრილი მონები უკრაინაში, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედნის მიტინგის პარალელურად მართავდნენ ალტერნატიულ მიტინგს კიევის ”ევროპის” მოედანზე. მაგრამ უკრაინაში ჰყავდეს, რა გასაკვირია, როდესაც თვით რუსეთისაგან ოკუპირებულ და იავარქმნილ საქართველოშიც უხვად მოეპოვება მხარდამჭერები - მერედა სად? საქართველოს პარლამენტში! როგორც ცნობილია, უმ ცირესობისა და უმრავლესობის გახმაურებული დავის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დარჩნენ მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგელები. არა აქვს მნიშვნელობა - უმცირესობის ჯიბრით იყო, თუ ჭეშმარიტებაზე თვალის ახელის შედეგად, სწორედ ამ უმრავლესობამ მისცა ხმა უკრაინისადმი თანადგომის რეზოლუციას. დიდება მათ საქციელს! და, მიუხედავად ამისა, მაინც მათ შორის 31-მა დეპუტატმა უარი თქვა უკრაინაში ევრომაიდანზე მომიტინგეების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაზე. ინტერნეტ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა და სალომე ზურაბიშვილმა ”სამარცხვინო” უწოდა იმ დეპუტატების სიას, რომლებმაც ხმა არ მისცეს უკრაინის თავისუფლებას. ხოლო, რამდენადაც მძიმეა გასამხელად, იმდენადვე რეალურად აქვს მნიშვნელობა ინტერნეტ-პორტალის მიერ დაფიქსირებულ ამ 31-ის ვინაობას, რადგან განეკუთვნებიან 150-კაციანი პარლამენტის იმ 1/5-ს, რომელიც გაცხადებულად შეადგენს მე-5 კოლონას. ხოლო მსგავს ადამიანთა ფარულად არსებობას, რასღა თქმა უნდა, სჯობს გაცხადებულად ცოდნა, თუ ვინ შეეგებება დროშებითა და ფიანდაზებით პუტინის სადამსჯელო ექსპედიციას, თუ ის ისევე მოგვადგება ჩვენც ხვალ საქართველოში, როგორც დღეს ადგას თავსს უკრაინას. უკრაინამ კი იოლად გამოააშკარავა მსგავსი პიროვნებები უკანასკნელი კვირების ძნელბედობის დღეებში. რა გასაკვირია, რომ მათ შორის არაერთი ცნობილი სახეც მ ოხვდა. მოგეხსენებათ, სპორტსმენები კუნთმაგარი, ჯანმაგარი და ფიზიკური კონდიციებით გამორჩეული ხალხია. არიან მათ შორის სულიერად ამაღლებული და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები და ისინი საჭიროების ჟამს ქვეყნის საუკეთესო ძალებსაც წინამძღვრობენ ხოლმე. ასეთი გამორჩეული პიროვნება მოუვლინა უკრაინას განგებამ ვიტალი კლიჩკოს სახით. მაგრამ მისსავე გვერდით არის ინტერნაციონალური საბჭოური სულისკვეთებით აღზრდილი საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი. უკრაინის უდიდეს მოედანზე ვეჩეს გამართვისა და ამ საერთო ეროვნული საბრძოლო ვითარების პირობებში ბლოხინს საყვედური გამოუთქვამს იმის გამო, რომ ეს საჯარო თავყრილობა საშუალებას არ აძლევს მას ბავშვები გაასეირნოს ნაძვის ხესთან! პარასკევს, 13 დეკემბერს, ევრომაიდანზე შეკრებილმა ხალხმა გამოყო დელეგატები, რომლებიც ესტუმრნენ კიევის ”დინამოს” სტადიონს, რომლებმაც გადასცეს კიევის ”დინამოელთა” მწვრთნელს ნაძვის ხე, რომელზეც დაკიდებული იყო ფირფიტა წარწერით: ”ოლეგ ვლადიმეროვიჩ, პატიებას ვითხოვთ დროებითი შემაფერხებელი გარემოებების გამო”. თუმცა, ძალიან საეჭვოა, ბლოხინი მიხვდეს თანამემამულეთა ირონიასა და გულისტკივილს - ვისაც არ მიეცა ასეთსი ნიჭი დაბადებიდან, იმას აღზრდაც კი ვერ უშველის... |