ორი დღის წინ ევროპარლამენტის წინაშე მოხსენებით ”ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ” წარსდგა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, პროფესორი დენი ტეპსი. საერთო კავკასიურ პრობლემებთან ერთად, მის მოხსენებაში გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი საქართველოს. ქვემოთ გთავაზობთ დენი ტეპსის სიტყვის თარგმანს უმნიშვნელო შემოკლებებით: ”რუსეთი სამხედრო სფეროში, მათ შორის ბირთვული შეიარაღების საკითხებში, თანამშრომლობს აღმოსავლეთის დიქტატორულ რეჟიმებთან და გამუდმებით და დაუსჯელად არღვევს ადამიანთა უფლებებს, აფართოებს კორუფციის ველს და ამით საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს... უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე კავკასია გადაიქცა რუსეთისაგან დასავლეთისადმი რევანშის აპრობაციის ტაქტიკისა და სტრატეგიის ტიპიურ პოლიგონად. რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების მომზადება მსოფლიო ლიდერობისათვის საბრძოლველად. აქედან გამომდინარე, რუსეთში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია და კლერიკალიზაცია არამარტო ყველა სახის სახელმწიფო სამსახურების - არამედ საშუალო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების და მთელი რუსული საზოგადოების ცნობიერების რადიკალიზაცია... ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების ”დიდსულოვნებამ” რეჟიმს მოუტანა სანუკვარი ინდულგენცია არა მხოლოდ რუსულ-ჩეჩნური ომის გაგრძელებისთვის, არამედ სხვა სამხედრო დანაშაულებათა ჩადენისთვისაც. შედეგად, რუსეთის აგრესიამ ”ისლამურ ტერორიზმთან” ბრძოლის ლოზუნგით არაღიარებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბუმერანგის პრინციპით მიგვიყვანა უკვე გაეროს წევრად ცნობილ და ნატოს პრეტენდენტად აღიარებულ ქრისტიანულ საქართველოსთან ომამდე... ფრიად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის გულგრილობით შეიარაღებული კონფლიქტები კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში გაფართოვდება და გადაიზრდება გლობალურ საერთაშორისო პრობლემაში. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ დ. ფურმანს იმაში, რომ: ”რუსეთი ”განვითარებას გამოკიდებული” ქვეყანაა, რომელიც XXI საუკუნეში განიცდის იმ პროცესებს, რომლებიც სხვა ქვეყნებმა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში გაიარეს. რუსეთის ფედერაცია არც რეალური დემოკრატიაა და არც ეროვნული რუსული სახელმწიფო. ეს არის რუსული და საბჭოთა იმპერიების მონარჩენი, ”ნასუფრალი”, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება ახდენს დემოკრატიის იმიტაციას”. რუსეთმა, როგორიც ჰქონდა XVIII საუკუნეში, ისეთივენაირად შეინარჩუნა ХХI საუკუნეშიც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში თავისი პრიორიტეტული მიმართულებანი - პირველ ყოვლისა ტერიტორიულად ახლომდებარე ქვეყნების მიმართ, ან ერთობლივი ინტერესების მქონე სახელმწიფოებთან. ცხადა, განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მიმდებარე ქვეყნებს, რომლებიც განლაგებულნი არიან რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე - კურილიის კუნძულებიდან შავ ზღვამდე. ერთი ქვეყნები განიხილებიან რუსეთის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორენი - შესაძლო ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლიანობის პერსპექტივით, სხვები კი ტერიტორიული დაპატრონებისთვის -კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ყველა ისინი კი ერთიანი ჯაჭვით წარმოადგენენ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესს. რუსი პოლიტიკოსები, რუსეთის ფინანსური შესაძლებლობების და, შესაბამისად, სამხედრო რესურსების ზრდასთან ერთად ახლა ცდილობენ საზღვრის ცნების გაფართოებული კონცეფციის შექმნას, რის თანახმადაც კურილებიდან სამხრეთ კავკასიამდე რუსეთის ოფიციალური საზღვარი არათუ მხოლოდ დემარკაციული ზოლია, არამედ - რუსული ექსპანსიის პოტენციური ”დაკანონებული” ზონა. მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ყოველგვარი პრობლემისა და სინდისის ქენჯნის გარეშე, საერთაშორისო აზრის გაუთვალისწინებლად შეუძლია ამ აზრს გადააბიჯოს. თავისი იმპერიული შეჭრით ჩეჩნეთსა და საქართველოში რუსეთმა არაორაზროვნად გასცა ფილოსოფიური პასუხი დასავლეთის პოლიტიკოსთა ჯერ კიდევ არსებულ იჭვნეულ კითხვებს: რა არის რუსეთი? როგორია მისი ნაციონალური ინტერესები? როგორია მისი კანონიერი საზღვრები? ჩეჩნეთის რესპუბლიკა აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი პოლიგონი იმპერიის შენების ტაქტიკისა და სტრატეგიის აპრობირებისათვის. რომ არ ყოფილიყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა, იგი უნდა გამოეგონებინათ... ასეთი სასტიკი ომები მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - რუსეთის არმიამ, სხვადასხვა მონაცემებით, ფიზიკურად გაანადგურა მილიონიანი ერის 300 ათასი ადამიანი! არავინ არ მოელოდა რუსეთის დაამრცხებას 1994-96 წლების რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა მხოლოდ ჩეჩნეთი. მაგრამ პარადოქსულად, წლინახევრის ვადაში ამბოხებულმა ჩეჩნეთმა დაამარცხა ”დიადი” და ”დაუმარცხებელი” რუსეთი. პირველად მოხდა, რომ პატარა კავკასიური ქვეყნის - ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, იმ ჩეჩნეთმა, რუკაზეც კი რომ არ ჩანს, ხელი მოაწერა თანასწორუფლებრივ სამშვიდობო შეთანხმებას მსოფლიო ლიდერობის პრეტენდენტ ძლევამოსილ სახელმწიფოსთან 1997 წლის 12 მაისს. ...ამ დამარცხებამ რუსული თავმოყვარეობა შელახა არანაკლებად, ვიდრე ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთისაკენ. დღეისათვის ეროვნული სიამაყის რეაბილიტაცია და ორმაგი რევანში - ჩეჩნეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ - მიდის ”გამარჯვების მარშით” - უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლით ჩეჩენი ხალხის მხრიდან და პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაკარგვით დასავლეთის მხრიდან, მასობრივი სამხედრო დანაშაულით კაცობრიობის წინაშე და ნამდვილი გენოციდით. ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაული საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გაერჩია, დასავლეთს ამის გაბედულება რომ გამოეჩინა. არადა, დასავლეთის თვალის ასახვევად ოფიციალური რუსული პროპაგანდა ავრცელებს მითს, ვითომცდა კავკასიაში რეალიზდება ცივილიზებული ქრისტიანული დასავლეთის ომის სცენარი ტერორისტულ მუსულმანურ აღმოსავლეთთან. და რუსეთი დგას ავანგარდში. სინამდვილეში კი რუსეთის პერმანენტული ომი ჩეჩნეთთან ამ მითს კი არ ადასტურებს, არამედ გვარწმუნებს, რომ რუსეთს კი არ დაუწყია ომი აზიასთან ან ”ჩეჩნურ სეპარატიზმთან” ან ”ისლამურ ტერორიზმთან”, არამედ თვით რუსეთი ებრძვის აზიური აღმოსავლეთის სახით ევროპულ დასავლეთს მსოფლიოს გადანაწილებისთვის. ომი ჩეჩნებთან და ყველა კავკასიელთან - ეს არ არის მიზანი. ჩეჩნები და ყველა კავკასიელები მხოლოდ პირველი სამიზნეა ევრაზიული იმპერიის შენების გზაზე. სინამდვილეში ჩეჩნები რუსული იმპერიალიზმის ყელში გაჩხერილი ძვალია, რომელიც ვერ გადაუყლაპავს... დასავლეთის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მხარდაჭერამ კი აღუდგინა ჯანმრთელობა ამ ”მონსტრ-კოლოსს” ყველასდა საუბედუროდ. ამჟამად რუსეთში შენდება ახალი მესამე იმპერია ძველი სტალინური ჰიმნის ხმაზე და დასავლელი ფსევდოდემოკრატების აპლოდისმენტების ქვეშ, რომლებმაც მასთან ”მეორე მიუნჰენის შეთანხმება”გააფორმეს. ახლა რუსეთის სამხედრო დოქტრინა პირდაპირ გასასვლელს ეძებს ხმელთაშუა ზღვაში, რათა ეფექტურად დაუპირისპირდეს ნატოს. ...”ტერორიზმთან ბრძოლის” აბრით მიმდინარეობს საჯარისო შენაერთების მასობრივი გადასროლა ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთი ამზადებს ძალოვან უწყებებს ამ რეგიონის შემდგომი მილიტარიზაციისათვის. რეორგანიზაცის ფარგლები ისეთია და ისეთი მასშტაბის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელთა მსგავსი აქამდე არ გამართულა. რუსეთი აწყობდა სამხედრო სწავლებებს ”კავკასიის” სახელწოდებით 2006 წლის შემოდგომიდან, რომელთაც მიზნად ჰქონდათ საქართველოში შეჭრა, რაც განახორციელეს კიდეც 2008 წელს. მას შემდეგ ამოცანა შეიცვალა და ძირითადი მოწინააღმდეგეც, აგრეთვე ”კავკასიის” სწავლებაც უფრო მასშტაბური გახდა. რუსეთი ხარისხობრივად ზრდის ძალებსა და საშუალებებს, რომელთაც შეეძლებათ შეაჩერონ აშშ-ის შესაძლო ჩარევა ამიერკავკასიელ მოკავშირეთა მხარდასაჭერად. სანაპიროზე - ნოვოროსიისკიდან სოჭამდე განლაგებულია სანაპირო დაცვის მე-11 ბრიგადა ახალი ხომალდსაწინააღმდეგო შორსმტყორცნ კომპლექს ”ბასტიონით”. რეგიონში გადასროლილია უახლესი ბომბდამშენი ვერტმფრენები, ”ისკანდერ”-ის კომპლექსები და სხვა ტექნიკა... სოჭში და ნალჩიკში ცალკეულ ბატალიონთა ბაზაზე შეიქმნა ორი პოლკი. დამატებითი საჯარისო ნაწილებია გადასროლილი კრასნოდარის მხარეში, დაღესტანში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და ყალმუხეთში. ამ რეგიონებში შეიქმნება ოპერატიული მართვის ჯგუფები (ГРОУ). მათ დაქვემდებარებაში იქნებიან თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, შინაგანი ჯარის ნაწილები, ყველა საჯარისო ნაწილების სპეცდანაყოფები. ბამუტში, ვედენოში, შატოიში მოქმედებენ სამხედრო სპეცსამსახურის ქვედანაყოფები. ჩეჩნეთის დასახლებულ პუნქტ ბორზოიში ჩამოყალიბდა სამთო მოტომსროლელი ბრიგადა, როგორც ბოტლიხში - ჩეჩნეთისა და საქართველოს საზღვართან და ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ჩრდილო-კავკასიის ოლქის სამხედრო დაჯგუფება ყველაზე დიდია მთელ რუსეთში. რუსეთის ხელისუფლება აქ დისლოცირებულ ჯარზე ხარჯავს რამდენიმეჯერ მეტ თანხებს, ვიდრე სხვა რეგიონებში. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე რეგიონში ჩატარდა 30-ზე მეტი სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო სწავლება, რაც ორჯერ მეტია ერთად აღებულ ციმბირისა და შორეულ აღმოსავლეთის სწავლებებთან შედარებით . ამდენად, რუსეთის ხელისუფლება არამარტო არ ამცირებს სამხედრო აქტივობას რეგიონში, არამედ გამალებით ქმნის დამრტყმელსა და სარეზერვო ბაზებს. მათი ფორმალური დანიშნულებაა საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვებიდან - ”სამხრეთის მიმართულებიდან მომდინარე აგრესიის” მოგერიება. ეს არის მხოლოდ გამხელილი ინფორმაცია, ხოლო რა იმალება ”საიდუმლოს” გრიფით, არავინ უწყის”. სწორედ ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად იყო პატარა ჩეჩნეთში გადასროლილი მთელი სამხედრო არსენალი და - გამოყენებული მთელი პროპაგანდისტული პოტენციალი, რომელიც დაგროვდა სსრკ-ის ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. რუსეთი, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ბირთვული ძალა, ახდენს საზოგადოების მობილიზებას, ატარებს «blitzkrieg»-ს ”პატარა სუსტ” მოწინააღმდეგესთან, ნაბიჯ-ნაბიჯ აგებს მესამე რუსული იმპერიის ახალ სამხედრო მანქანას, რომელსაც უნარი ექნება მსოფლიოზე ბატონობისთვის შეჯიბრში გამოიწვიოს ევროპა და სხვადასხვა კონფლიქტებში (ერაყი, ავღანეთი) გაბმული აშშ. ამ პროექტის რეალიზებაში თავდაჯერებულობას მათ ანიჭებს ნატოს ქვეყნების მოქმედება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, როდესაც მსოფლიო გახდა აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების დაბნეულობის მოწმე, რომლებიც, თავიანთი დიპლომატიური უსუსურობის დემონსტრირებით უმწეოდ ასავსავებდნენ ხელებს და არ იცოდნენ, როგორ აეხსნათ მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის თავიანთი დამარცხება და რით დაემალათ საკუთარი უძლურება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დასავლეთის თვითდაჯერებულობას და მათ რუსებთან პარტრნიორობის პოლიტიკის მცდარობას და იმ უცილობელ ჭეშმარიტებას, რომ მშვიდობისათვის ყველაზე უფრო დიდი საფრთხე მოდის ხოლმე კრემლიდან. გამალებულმა შეიარაღებამ, რომელიც დაიწყო 1994 წელს, მიაღწია კოსმიურ სიმაღლეებს. რუსეთმა აიღო კურსი სამხედრო ძლიერებისაკენ, რითაც მას სურს ძალის სხვა ფაქტორების დანაკარგთა კომპენსირება. რუსეთის რეჟიმი ცდილობს კორუფციულ შეღწევას დასავლეთის სამყაროში ურთიერთხელსაყრელი მეორე პროგრამით, სახელწოდებით ”ნავთობი და გაზი დემოკრატიის წილ”; პირველი კი იყო ”პარტნიორობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში”, ჩეჩნეთში ჩადენილი გენოციდის ფაქტების წინაშე გაჩუმების წილ. ის უკვე წარმატებით განხორციელდა. ამჟამინდელი მიზანია დასავლეთის დემოკრატიის მოსყიდვა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ფინანსები რუსებს მოეპოვებათ საამისოდ. თუმცა, ევროკავშირი მოთმინებით ელოდება მეგობრულ პასუხს ისე, რომ არც კი ცდილობს შეიმუშავოს რუსეთთან და კავკასიის რეგიონთან ურთიერთობის საკუთარი სტრატეგია. ამჯობინებს მკაცრად მიჰყვეს რუსეთთან ”გადატვირთვის”ამერიკულ პროგრამას, მიუხედავად ამ პროგრამის სრული უმაქნისობისა. ”სირაქლემას” პოლიტიკა დამახასიათებელია მრავალი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსისათვის, რომლებიც ხშირად მეტისმეტად შორს დგანან რუსული რეჟიმის მიზნების, კავკასიის რეგიონის რეალური პრობლემების და ევროპისათვის შედეგების გაგებისაგან. რუსეთის რევანშისტული პოლიტიკისათვის თავის ქნევით ევროკავშირმა და აშშ-მა კუთხეში მიიმწყვდიეს თავიანთი თავები. თუ აშშ-ს შეუძლია არ წუხდეს საკუთარი უსაფრთხოებისათვის, საეჭვოა, ევროკავშირს ჰქონდეს სიმშვიდის ფუფუნება - უნდა თუ არა, ის რუსული ინტერესების ფარვატერში რჩება. ჩვენი აზრით ევროკავშირი არ უნდა გადგეს გვერდზე, კავკასიური პრობლემების მიღმა. თუმცა ევროკავშირში თანდათან ხვდებიან სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაციის და რეგიონალური კონფლიქტების საკითხებში ჩარევის აუცილებლობას, მაგრამ იმას ვერ გულისხმაჰყოფენ, რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემის გადაჭრის გარეშე - რადგან ეს ერთიანი ორგანიზმია და ფუნქციონირებს ზიარი ჭურჭლის კანონით. ევროკავშირს მოეთხოვება შეიმუშავოს ერთიანი კავკასიური სტრატეგია; სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე. ეროვნებათაშორისი კონფლიქტების დასაძლევად და ყოველი მხრიდან მოჯარული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად კავკასიას სჭირდება სხვაგვარი ინტეგრალური თეორია. ამჟამად ისლამის გარდა არ არსებობს სხვა გამაერთიანებელი იდეოლოგია კავკასიაში. დასავლელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ რუსების ნაცვლად კავკასიაში მოვლენ ისლამისტები და გაჩნდება ახალი ავღანეთი. ეს ვარიანტი სწორედ რომ მაშინ არის შესაძლებელი, თუ დასავლეთი კოლაბორაციას მოახდენს რუსეთთან. სწორედ დასავლეთის გულგრილობა რუსეთის მიმართ იწვევს კავკასიის რადიკალური ისლამისტების ფორპოსტად ქცევას. იმიტომ, რომ საერო ხელისუფლების მომხრები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეომრები დაიხოცნენ. შედეგად, რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ მანქანასთან წინააღმდეგობის სხვა ფორმისა და იდეოლოგიის არარსებობის გამო, ისლამისტები დარჩნენ ერთადერთნი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის კავკასიის ოკუპაციის წინააღმდეგ. რუსული რეჟიმი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპული ინტეგრაციის მომხრეებს და ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლთ რადიკალურ ისლამიზმში უკრავს თავს, რათა საზოგადოების წინაშე გაამართლოს თავისი რეპრესიული პოლიტიკა. რეჟიმი გეგმაზომიერად აჩაღებს რელიგიურ მტრობას კავკასიის ხალხებს შორის, რომელთაც შთაუნერგავენ უცხოსა და აგრესიულ რელიგიურ იდეოლოგიურ შეხედულებებს; ხდება უძველესი კავკასიური ტრადიციების გაყალბება და გადაგვარება, იშლება მათი თვითიდენტიფიკაცია. კიდევ მეტი, კავკასიის ხალხები მიზანმიმართულად ზომბირდებიან ”ტრადიციული” ფსევდორელიგიური მითოლოგიით. კავკასიას უნდა ეჭიროს და შეეძლებოდა კიდეც დაეჭირა მნიშვნელოვანი ადგილი ევროპის საგარეო პოლიტიკაში, რადგან ეს პირდაპირ ახდენს გავლენას ევროპული კავშირის უსაფრთხოებაზე. კავკასია - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია არ არის, ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, რომელიც შედის ევროპის საბჭოს მოქმედების გეოგრაფიულ არეალში. სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების გადაწყვეტაში მიონაწილეობა ევროკავშირისათვის ხელსაყრელია სამი სტრატეგიული პოზიციიდან. ჯერ-ერთი ეს გამოავლენდა ევროკავშირის, როგორც ალტერნატიული ძალის ქმედითუნარიანობას რუსული და ახლოაღმოსავლური აგრესიული ინტერესების წინააღმდეგ, რითაც მიიღებდა პოლიტიკურ დივიდენდებს და მოახდენდა მათ კონვერტირებას კავკასიასთან ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებით; მეორე - უზრუნველყოფდა საჭირო კონტროლს დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდებისას; მესამე - მოხდებოდა კონსოლიდირება კავკასიის ჰუმანიტარული ფასეულობების დაცვის საქმეში, რაც შეავიწროებდა რუსეთისათვის სივრცეს მანევრირებისათვის. დასავლეთმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიგნოს, რომ თანამედროვე ეთნოკონფლიქტებისა და პოლიტიკური კონფლიქტების საფუძველში ძევს ისტორიული მიზეზები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი არც ”არაბულ გაზაფხულზე”, არც ”ევროპულ შემოდგომაზე” და არც ”რუსულ ზამთარზე” - თუმცა, მათ გარკვეული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ პროცესებზე და მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ მომავალი განვითარების ვექტორის არჩევისას. ერთი კია ნათელი - უკვე 20 წელია დგას ”კავკასიის პასიონარული ზაფხული”. ამჟამად კავკასიის საზოგადოება იმყოფება ეთნოსოციალური და პოლიტიკური აღმავლობის ხანაში. დღეისათვის ყველაზე მტკივნეული საკითხია კავკასიისთვის - რომელი გზით წავა, კავკასიურ-ევროპულით თუ არაბულ-ისლამურით? პასიონარული აღტყინება კავკასიაში რუსეთმა ვერ შეაჩერა ვერც აგრესიით, ვერც პასიონარული ლიდერების მკვლელობებით. დღეს ის დეზორიენტირებულია, დეზორგანიზებულია და კამუფლირებულია. მაგრამ ის ორგანიზდება და თავს გამოიჩენს. ოღონდ, საკითხავია, როგორ ფორმებში? კავკასიელები სულ უფრო დანამიურები და შეუპოვრები ხდებიან, შუა გზაზე ისინი უკვე აღარ გაჩერდებიან. კავკასია მენტალურად უკვე აღარ არის რუსეთში, მისი დამოუკიდებლობის ცნობა - მხოლოდ დროის საკითხიღაა. ყველა ომში ხდება ქვენა ინსტინქტების გამონთავისუფლება. უკვე დღეს, მთელ რუსეთში მიმდინარე დაჭერები და შეხლა-შემოხლა ეროვნულ ნიადაგზე არ იწვევს არავითარ უკმაყოფილებასა და პროტესტებს. რუსეთი იძირება რასიზმში. თანამედროვე პოლიტიკური არასტაბილურობა, ეთნიკური კონფლიქტების ზრდა, კავკასიის ხალხთა რადიკალური ისლამიზაცია - ყოველივე ეს არის რუსეთის რეჟიმის კავკასიური პოლიტიკის შედეგი...”ლევედა-ცენტრის” მონაცემებით, რუსეთის მცხოვრებთა 80% შეპყრობილია ქსენოფობიით. თვით ლოზუნგებს: ”კმარა კავკასიის კვება” და ”რუსეთი რუსებისათვის” 70% უჭერს მხარს. ეს კი გულისხმობს რუსების თანხმობას ახალ სახელმწიფოებრიობაზე ჩრდილოეთ კავკასიის გარეშე. რუსეთი ემზადება დიდი ეროვნებათაშორისი კონფლიქტისათვის და შეუძლია სსრკ-ის ბედის გაზიარება. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს შეუძლია გამოიწვიოს გაცილებით დიდი მასშტაბური ომი კავკასიაში, საკითხის ღირებულების მასშტაბის მიუხედავად - იქნება ეს კავკასიის პყრობა თუ მსოფლიოზე ბატონობა. ზემოთქმულის რეზიუმე: სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, სტრატეგიის გამოსამუშავებლად და არსებული სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების ჩასაცხრობად კავკასიის ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი წინადადებას იძლევა: 1. უახლოეს ხანში მოეწყოს კონფერენცია კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით - ევროპარლამენტის პატრონაჟით; 2. შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო: ”კავკასიის საბჭო” - ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სისტემაში. ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი დენი ტეპსი |