საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

რუსული ოკუპაცია - 1921 - 1924 წლები
ზურა ოდილავაძე

,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ”.

                                                                                           მილან კუნდერა

 

I. რუსული აგრესია

 

 1921 წლის 15-16 თებერვალიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე.

 თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში.

 იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი იერიშის მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ...

 ...1921 წლის 23 თებერვალს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 თებერვალი ჯარის მიერ დატოვებული თბილისისთვის წითლად გათენდებოდა.

 

II. სამხედრო ოკუპაცია

 

 ქართული არმიის თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარები თბილისში შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ასე დაიწყო საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი, სისხლიანი ისტორია, რომელმაც 650 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასიათასობით უდანაშაულო მამულიშვილი კი დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა ხალხთა საბჭოთა საპყრობილეში - ,,გულაგში“.

 წითელმა არმიამ 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა.

 

 1921 წლიდან, მძლავრი ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობა გაიშალა სვანეთში, კახეთში, ხევსურეთში, გურიაში. მათგან აღსანიშნავია 1922 წელს დაარსებული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,,შეფიცულთა რაზმი” აღმოსავლეთ საქართველოში. ამ რაზმის წევრებისთვის სურსათის მოწოდებისთვისაც კი, საბჭოთა ჩეკა რიგით მოქალაქეებს დახვრეტით სჯიდა, აწიოკებდა მათ ოჯახებს. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩოლოყაშვილის რაზმთან კავშირისთვის დახვრიტა ათობით ქართველი სამხედრო პირი და პოლიტიკური მოღვაწე.

 1922 წლის აგვისტო-სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით ხევსურეთში მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები გააჩაღა. პირველ რიგში დამსჯელმა რაზმებმა დაანგრიეს და გადაწვეს აჯანყების მონაწილე ხევსურეთის სოფლები. მაგალითად, არ დაინდეს და ცოცხლად, სახლთან ერთად დაწვეს დავდრომილი მოქალაქე, გაგა გოგოჭური.

 1923 წელს გურიაში პარტიზანული მოძრა

ობის გასანადგურებლად გაგზავნილმა სადამსჯელო ექსპედიციამ მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი, დაწვა პარტიზანული რაზმის მეთაურის, მანწკავას ძმის სახლი. სადამსჯელო რაზმის მეთაურმა ალექსანდრე (საშა) ობოლაძემ ცეცხლში ჩააგდო და ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 15 წლის ვაჟი. იგივე სადამსჯელო ექსპედიციამ ცეცხლს მისცა გურიის მთელი რიგი სოფლები.

 რეპრესიები მიმდინარეობდა თბილისშიც. 1923 წლის თებერვლის მხოლოდ ერთ ღამეში ციხიდან გამოიყვანეს და გაუსამართლებლად დახვრიტეს 92 ადამიანი. 1923 წლის 16 თებერვალს, ქართველი საზოგადოებრიობის თხოვნის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი, ლევან რაზიკაშვილი.

 1923 წლის მარტში ჩეკამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მოახერხა საქართველოს გათავისუფლების მიზნით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის - ,,სამხედრო ცენტრის” ხელმძღვანელების, 15 ცნობილი ქართველი გენერლისა და სხვადასხვა ჩინის ოფიცრის დაპატიმრება. ესენი იყვნენ: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე, ილია ჭავჭავაძის დისწული, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, გენერლები - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები - როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, დიმიტრი ჩრდილელი, გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრები - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენატი ლევან კლიმიაშვილი, სამხედრო მოხელე მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ელიზბარ გულისაშვილი. ყველა მათგანი 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ქალაქგარეთ, დღევანდელი ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს.

 ,,სამხედრო ცენტრის” წევრების გარდა, ასევე დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის (,,დამკომი”) წევრები, მისი თავჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე, აგრეთვე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცკ-ის უმრავლესობა. 1923 წლის 9 ნოემბერს ჩეკისტებმა დააპატიმრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, რომელიც საქართველოში არალეგალურად იყო ჩამოსული აჯანყების მოსამზადებლად. 1924 წლის 28 იანვარს დააპატიმრეს ,,დამკომის” კიდევ ერთი წევრი გიორგი წინამძღვრიშვილი. 6 აგვისტოს ჩეკამ დააპატიმრა ეროვნული გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი. იმავე დღეებში დააპატიმრეს გენერლები ფურცელაძე და ყარალაშვილი.

 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში კვლავ იფეთქა ანტისაბჭოთა აჯანყებამ. განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო გამოსვლები ჭიათურაში, შორაპანში, გურიაში, სამეგრელოში, გარეკახეთში, სვანეთში. საბჭოთა ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში აჯანყება ჩაახშო. საქართველოს საბჭოთა ტერორის უმაგალითო ტალღამ გადაუარა. აჯანყების პირველივე დღეს თბილისის სატუსაღოებიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს 24 პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც რამდენიმე თვით ადრე იყვნენ დაპატიმრებულები და აჯანყებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

9 აგვისტოს ღამით დააპატიმრეს კახეთის აჯანყებულთა ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ისინი მაშინვე დახვრიტეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ჭიათურისა და საჩხერის აჯანყებულები შეირიგა, იარაღაყრილი ხალხი, დაახლოებით 150 კაცი, თბილისში გასაგზავნად ოთხ საბარგო ვაგონში ჩაკეტა. ვაგონებში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გზაში, კერძოდ ზესტაფონის სადგურში, არგვეთის ჩიხში, მატარებელი გააჩერეს და დაკეტილ ვაგონებში ხალხი ტყვიამფრქვევებით დახოცეს. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა სისასტიკით განთქმული საბჭოთა ჩეკისტი ილარიონ (ვალიკო) ტალახაძე.

 სხვადასხვა ისტორიულ

ი წყაროს მიხედვით, 1924 წლის აჯანყების მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობად მიჩნეულია 4-დან 7 ათასამდე ადამიანი. განსაკუთრებით დაზარალდა ქართველი თავდაზნაურობა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციის ძირითად მამოძრავებელ ძალად რაცხდა და მის განადგურებას მთავარ ამოცანად მიიჩნევდა. ჩეკას საპატიმროებში, არადამიანურ პირობებში გამოამწყვდიეს ათასობით ქართველი პატრიოტი. ასობით დაპატიმრებული რუსეთში გადაასახლეს. გაუსამართლებლად დახვრიტეს ათასობით მოქალაქე. წამებით მოკლეს ასობით პოლიტიკური პატიმარი.

 

II. ერთმორწუნე მტერი

 

 „დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, - წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს ვ.მოლოტოვს.

 ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით აიტაცებდნენ ამ წერილს, თავის გამოჩენის მიზნით, ქართველი კომუნისტები და შეუდგებოდნენ უკვე დადგენილების სახით მის შესრულებას. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.

 1922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.

 ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. დანარჩენებს კი 3-4 წლით პატიმრობა განუწესეს. 1925 წლის 8 მარტს, საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.

 XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. მათი სახელები დღესაც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო კავთისხეველი მოძღვარი, დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი. 1924 წლის სახალხო ამბოხის საპასუხო წითელმა ტერორმა კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია უდანაშაულო გლეხობას.

ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს სოფლის გლეხობის რჩეული ნაწილი ჩეკისტებმა გორში, ვითომდა მტყუან-მართლის გასარჩევად, წინ გაირეკეს. სინამდვილეში განზრახული იყო მათი ფიზიკური ლიკვიდაცია სოფლიდან მოშორებით. მამა პანტელეიმონს ციება სტანჯავდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ეს ამბავი რომ შეიტ

ყო, ტანსაცმლით შეიმოსა და გადაწყვიტა, თანასოფლელთა კვალს ასდევნებოდა. რამდენს არ ევედრნენ, - „იმათ არაფერი ეშველებათ, შენ კი ხიფათს გადაეყრებიო”, - დეკანოზმა არ დაიშალა და დატყვევებულ თანასოფლელებს სოფლიდან მოშორებით წამოეწია. მოძღვარი მიხვდა, რასაც უპირებდნენ ხალხს. ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: „მაგათ თუ რამე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და, როგორც ამათი მოძღვარი, მე დამსაჯეთ”.

დაღამებისთანავე გლეხები ჩაამწკრივეს და მათ დასახვრეტად მოემზადნენ. გაოგნებული მამა პანტელეიმონი წინ გამოიჭრა და პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა. ბადრაგის მეთაურმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა.

 დაუნდობელ რეპრესიებს შეეწირა ათასობით სასულიერო პირი. „კონტრრევოლუციური საქმიანობის” ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, ძმები ანდრია და პეტრე კარბელაშვილები, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.

 1924 წლის 11 სექტემბერს საზარელი ტრაგედია დატრიალდა გორის მაზრაში. ბოლშევიკებმა აჯანყებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის იყვნენ როგორც ინტელიგენციის წარმომადგენლები – მესხიშვილები, ამილახვრები, ერისთავები,– ასევე მღვდელმსახურები. წითელარმიელებმა ,,ხალხის მტრებად“ შერაცხილები ერთმანეთთან ხელფეხშებორკილი გაუყენეს გორის გზას, თითქოსდა მათი გორის ციხეში გამომწყვდევა ჰქონოდათ განზრახული.

დაპატიმრებულები გორამდე არ ჩაუყვანიათ, ისინი კასპსა და გორს შორის, ტირიფონის ველზე ჯერ ბარბაროსულად აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს და მათი სხეულები იქვე გათხრილ ორმოში ჩაყარეს. მახლობელ სოფლებში მცხოვრებთ დიდხანს ახსოვდათ სასიკვდილოდ განწირულთა შეძახილები, საერთო სასაფლაოდან კი დახვრეტილთა სამოსის ნაგლეჯები მოჩანდა. იმასაც ამბობდნენ, რომ წითელარმიელებმა სასულიერო პირებს ცოცხლად ჯერ წვერ-ულვაში დააგლიჯეს და მხოლოდ შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს.

ისიც ითქვა, რომ სადამსჯელო რაზმის წევრებმა ცოცხალ-მკვდარი ადამიანები დამარხეს და სამარხზე დაყრილი მიწა კარგა ხანს ტორტმანებდა. იმ ადგილს კარგა ხანს მცველები იცავდნენ, რომ ჭირისუფალს ცხედრების წაღების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

 ტირიფონის ველზე დახვრიტეს ძმები პეტრე და ანდრია კარბელაშვილები. მათ კიდევ ორი ძმა ჰყავდათ – პოლიექვტოსი და ვასილი. ოთხივენი საგალობლების შესანიშნავი შემსრულებლები და პოპულარიზატორები იყვნენ. ძმებიდან ერთ-ერთი, ვასილ კარბელაშვილი ქართლ-კახური საეკლესიო საგალობლების კრებულის ავტორი გახლდათ.

 მართალია ,,ჩეკამ“ პეტრე და ანდია დახვრიტა, მაგრამ რეპრესიები ღვთის სამსახურში მყოფი ოჯახისთვის ამით არ დასრულებულა. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და დახვრიტა პოლიექვტოსის ვაჟი, დოცენტი დავითი, ასევე დახვრიტეს ვასილის ორი ვაჟი - შალვა და ელიზბარი...

 საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა.

 კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პა

რტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

P.S. არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო.

 ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან.

 თუ გადავხედავთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანეს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გრძელდება ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა - აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) და ბედიის მონასტრის (Xს) ,,ხახვებიანი“ გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: გვაძლევს კი რაიმე ოპტიმიზმის საფუძველს იმპერიასთან თუნდაც მხოლოდ სარწმუნოებრივი თანაცხოვრების ამგვარი გამოცდილება?

ასეთივე გაუგებარი შეუპოვრობით იმპერია აფეთქებდა ბაგრატსა და ნარიყალას. ეს თითქოს აუხსნელი სისასტიკე კვლავ რუსული იმპერიული ხასიათიდან გამომდინარეობს. მათი ირაციონალური, დამპყრობლური ბუნება, რომელიც მიმართულია სხვა ერის კვალის წაშლაზე, არსად გამქრალა. პუტინს და მის თანამოაზრეებს ქართველების ბიოლოგიური ზიზღი ამოძრავებთ. სწორედ ტაძრების ნგრევა მეტყველებს მათ უმწეობაზე. იმპერიას მთელი საქართველო ჰქონდა დაპყრობილი, გადათეთრებული, წირვა-ლოცვა ყველგან რუსულ ენაზე აღევლინებოდა, მაგრამ დღეს ეს უბრალოდ ცუდი მოგონებაა. ასევე წავლენ აფხაზეთიდანაც. დღეს უკვე 500 მდე უძველესი ეკლესია მონასტერი შეკეთდა, ასე განახლდება ,,ბედია” და ,,ილორიც”.

 ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იმპერიის უცვლელად აგრესიულ სახეს. მისი პოლიტელიტის ძირითად საზრუნავს დღესაც საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა: ,,ბოროტების იმპერიის” კლანჭებიდან თავის დაღწევა და დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში დროული ინტეგრაცია”. არსებული მდგომარეობა გვკარნახობს, აღვიქვათ რუსეთი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი! პრაგმატულად შევხედოთ საკითხს: რუსეთთან ,,ცხელ” თუ ,,ცივ” ომში გამარჯვების გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება - ასეთია მკაცრი რეალობა და ის ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითავისოს.

 

ზურაბ ოდილავაძე. 2012, თებერვალი, ჟურნალ „ტაბულას“ ბლოგი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq